Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ბერი ჰაჯი-გიორგი ათონელი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მღვდელმონაზონი ანტონი მთაწმინდელი
ბერი ჰაჯი-გიორგი (+1886)


მამა გიორგი, ზედმეტ სახელად „ჰაჯი-გიორგი“, დაიბადა 1809 წელს, თურქეთში, კაპადოკიის მიტროპოლიაში, სოფელ ქერმილში. მისი მშობლები, იორდანე და მარიამი, შეძლებულნი იყვნენ. ნათლისღებით ახალშობილს გაბრიელი უწოდეს. ყრმობის ასაკს რომ მიაღწია, მშობლებმა სკოლაში მიაბარეს, მაგრამ მას სწავლა უჭირდა და ოთხი წლის მანძილზე არა თუ კითხვა ვერ ისწავლა, ანბანიც ძლივს დაიმახსოვრა. ამის გამო სკოლაში მასწავლებელი და სახლში მშობლები სჯიდნენ. სკოლაში სიარულის და სახლში მისვლის ეშინოდა და სოფლის იქით გარბოდა, სადაც თითქმის მთელ თვეს და უფრო მეტ ხანს ატარებდა მღვიმეებში, რომლებიც მრავლად არის იმ მხარეში ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან, იქ იმალებოდა, ვიდრე რომელიმე ოჯახის წევრი იპოვიდა. ნათესავი მონაზვნისგან, რომელთანაც მიდოდა ხოლმე მონასტერში, შეიტყო, რომ არსებობენ წმიდა ადამიანები, განდეგილი მამები, ისინი დაუცხრომელად მარხულობენ და ლოცულობენ. მასაც შეუხდა სურვილი: შეფარებოდა მღვიმეს, ემარხულა და ელოცა ღმერთის მიმართ, ხშირად და ხანგრძლივად იწყო იქ განმარტოება, მრავალ მეტანიას აღასრულებდა, სამი და ოთხი დღე უზმოდ იყო; ხოლო როდესაც დაუძლურდებოდა, ბოსტნეულსა და ველურ ნაყოფებს იხმევდა ტყეში, პურს კი თვეობით თვალითაც ვერ ნახულობდა. იმას კი მუდმივად განიცდიდა, სწავლა რომ არ შეეძლო. მშობლები, როდესაც დამწუხრებულს ნახავდნენ, ეუბნებოდნენ: „გაბრიელ, წადი ტაძარში, ევედრე ღმრთისმშობელ დედას და ის შეგეწევა!“ 

მათი სოფლის ეკლესიაში არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. გაბრიელი 3 დღის მარხვისა და 1000 მეტანიის აღსრულების შემდეგ, ეკლესიაში წავიდა. ოჯახის წევრებს რომ არ შეენიშნათ, ღამეული დრო აირჩია. ტაძრის კარის წინ მუხლი მოიყარა და ცრემლით შეევედრა ღმრთისმშობელ დედას: „შემეწიე დედაო ღმრთისა, სწავლაში!“ უეცრად რკინის კარი გაიღო: გამოჩნდა კეთილსახოვანი დედაკაცი, ხელი მოკიდა, მაცხოვრის ხატთან მიიყვანა და წარმოთქვა: „ძეო ჩემო, შეეწიე ყრმა გაბრიელს სწავლაში“. ამ სიტყვებით აკურთხა იგი და ხელი გაუწოდა სამთხვევად. „შენ ამიერიდან შეძლებ სწავლას!“ - უთხრა და ჩრდილოეთის კარით საკურთხეველში შევიდა. დიდხანს რომ აღარ გამოჩნდა, გაბრიელიც შევიდა საკურთხეველში, მაგრამ იქ აღარავინ დახვდა. ტაძრის გარშემოც შემოიარა, მაგრამ დედაკაცი ვერსად ნახა. ღმრთისმსახურების დრო რომ დადგა, მნათე მოვიდა, კარი გახსნა და გაბრიელი რომ დაინახა, გაოცებულმა ჰკითხა: „როგორ შეხვედი?“ გაბრიელმა ყოველივე მოუთხრო. მნათე მონათხრობის ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო, წიგნი მიაწოდა და უთხრა: „აჰა, წაიკითხე, ვნახოთ თუ შეძლებ წაკითხვას მისი სიტყვისაებრ?“ გაბრიელმა კარგად და მკაფიოდ წაიკითხა, მაშინ მნათემ უთხრა: „ეს თვით ღმრთისმშობელი დედა იყო და არა ლიტონი დედაკაცი!“

ამის შემდეგ ოჯახის წევრები მას პატივისცემით ეპყრობოდნენ და მასაც უშიშრად მიჰყავდა თავისი მეგობრები მღვიმეებში. იქ მათ „მონასტერი“ მოაწყვეს და გაბრიელი იღუმენად აირჩიეს. მაშინ იგი 14 წლის იყო და მალე თანასოფლელებთან ერთად კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.

გზაზე, ერთ წყნარ და განმარტოებულ ადგილას გაიფიქრა, რომ ამ ტყეში ალბათ განდეგილები ცხოვრობენ! მიატოვა თანამგზავრები და მათ საძებნელად წავიდა. სამწუხაროდ ვერავინ იპოვა და გზაც დაებნა ტყეში. გაბრიელს შეეშინდა და შეწევნისთვის თავის თანამემამულეს, დიდმოწამე გიორგის მოუწოდა. უეცრად, შორს, თეთრ ცხენზე მჯდარი მხედარი გამოჩნდა. გაბრიელს რომ მოუახლოვდა, უთხრა: „გზა აგებნა?“ - „დიახ, ამებნა“ - უპასუხა გაბრიელმა. მხედარს არაჩვეულებრივი სამხედრო შესამოსელი ემოსა და გაბრიელი ვერ ბედავდა მასთან კადნიერად საუბარს. „გამომყევი“ - უთხრა მან და გზაზე გაიყვანა, სადაც თავისი თანამგზავრები დაინახა და წამოეწია. კონსტანტინოპოლში ჩასვლისას გაბრიელმა უპირველესად თავისი ბიძა მოინახულა, რომელსაც ერთერთი მაღალი თანამდებობა ჰქონდა სულთან მაჰმუდ II-ის კარზე (1803-39). იგი სურსათით ამარაგებდა თურქეთის ჯარს. შურიანმა სომხებმა დაასმინეს იგი. ცილისწამებამ მიზანს მიაღწია და ის კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს. სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა მაჰმადიანობა მიეღო. ამის შემდეგ კვლავ მოიპოვა სულთნის ნდობა და პატივი. მისი ერთერთი უახლოესი პირი შეიქნა და ხშირად იყო ხოლმე სასახლეში.

გაბრიელს დიდი სურვილი ჰქონდა ბიძა ამ უფსკრულიდან ამოეყვანა და ღმერთიც შეეწია. და არა მარტო ბიძა, არამედ ერთი მღვდელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მაჰმადიანობა ჰქონდათ მიღებული, დაუბრუნა ქრისტეს სარწმუნოებას. ყოველი მათგანი ფარული ქრისტიანი გახდა, მაგრამ რამდენიმე ხანს კიდევ მსახურობდნენ ძველ თანამდებობებზე.

გაბრიელი მთელი წელი ცხოვრობდა სულთნის სასახლეში ბიძასთან ერთად. სულთანმა შენიშნა ის და მის შესახებ ბიძას გამოკითხა. შემდეგ სულთანი მაჰმუდი პირადად ესაუბრა მას და ძალიან შეიყვარა. სასახლეში გაბრიელს არ იზიდავდა მდიდრული ცხოვრება: მისი დღიური საზრდელი იყო ერთი პეშვი მოხარშული ქერი. სულთანმა უწყოდა ეს და აგრეთვე ისიც, რომ დღეში 500 მეტანიას აღასრულებდა. იგი თავის დაახლოებულ პირებს ეუბნებოდა: „ვინ ასწავლა ესოდენ ახალგაზრდა კაცს ასეთი ლოცვა და მარხვა?“

ამ სულთანზე, რომელიც ფრიად წყალობდა ქრისტიანებს, ამბობდნენ, რომ ფარული ქრისტიანი იყო. მამა ჰაჯი-გიორგი ესრეთ იგონებს მას: „სულთანი მაჰმუდი ქრისტიანი იყო! ქრისტინობის წინაშე მისი უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ მის გამეფამდე შეუძლებელი იყო ძველი ტაძრის აღდგენაც და ახლის აშენებაც. მან 2000-მდე ფირმანი გასცა ახალი ტაძრების ასაშენებლად. 1821 წელს, ბალუკლიაში პატარა ტაძრის დანგრევის შემდეგ, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წყაროზე იყო აგებული, ძველი, ულამაზესი ტაძრის ადგილზე, სულთანმა მაჰმუდმა პატრიარქ კონსტანტინე I-ის შუამდგომლობით, ქრისტიანებს ტაძრის განახლების ნება დართო. ტაძარი სახსრების უქონლობის გამო მცირე მოცულობის ააგეს, თუმცა მის ასაგებად ცნობილმა ქველმოქმედმა, რუსმა გრაფინიამ - ანა ორლოვა-ჩესმინსკაიამ საკმაო თანხა შეწირა. სულთანმა მაჰმუდმა ბრძანებაც კი გასცა გაეუქმებინათ იქვე მდებარე მაჰმადიანური სასაფლაო და საფლავის ქვები ტაძრის ასაგებად გადასცა. აგრეთვე შეწირა ორი დიდი ხატი: წმ. იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართ დიდი კრძალვა ჰქონდა და ნათლისმცემლის მამისა - წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასი, აგრეთვე ვერცხლის ქორკანდელი. ამის გარდა გამოიჩინა დიდი ქველმოქმედება იერუსალიმის საპატრიარქოს მიმართ. მას მდიდარი ებრაელების 36000 ოქროს ლირა ემართა. სულთანმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მოითხოვა ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. განხილვისას აღმოჩნდა, რომ უამრავი პროცენტი იყო გადახდილი. დოკუმენტები გაანადგურა და მკაცრად უბრძანა ებრაელებს, ეს ვალი აღარ ეხსენებინათ.

(ბერ პართენის ჩანაწერებიდან). რუსეთთან ომის შემდეგ სულთანი მაჰმუდი კეთილად განეწყო ქრისტიანების მიმართ და ფრიად წყალობდა მათ: გაათავისუფლა მრავალი ტყვე ქრისტიანი, კონსტანტინოპოლში საკუთარი სახსრებით ააგო ბალუკლიის ტაძარი. დიდხანს საუბრობდა ხოლმე პატრიარქთან. ქრისტიანები მას თავიანთ მამად მიიჩნევდნენ, ხოლო თურქებს სძულდათ, მოღალატეს და ქრისტიანს უწოდებდნენ და ჩვენ გვეუბნებოდნენ: „მოესწარით თქვენს მეფეს, სულთანი თქვენი ქრისტიანია!“ მან მრავალი თურქული ჩვეულება შეცვალა. როგორც ამბობენ, მისი სიკვდილი ნაძალადევი იყო: წინა საღამოს სრულიად ჯანმრთელი იყო, ხომალდითაც იმგზავრა, ხოლო დილით განაცხადეს, რომ მოკვდა. შეიცნო რა ამ სოფლის ამაო დიდება და პატივი და რომ მასთან ბრძოლა ძნელია, გაბრიელი დედა ღმრთისას ევედრებოდა ეჩვენებინა მისთვის ცხონების გზა. ერთხელ, საპარტიარქო ტაძარში წირვაზე მყოფი გაბრიელი ცრემლით ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკური ხატის წინაშე, რომელიც პატრიარქის კათედრის სიახლოვეს მდებარეობს. წირვის დასრულების შემდეგ ის ლოცვისთვის დარჩა ტაძარში, სურდა პასუხი მიეღო ღმერთისგან. დედა ღმრთისმშობელმა, როგორც შემდეგ ბერი მოგვითხრობდა, შეისმინა მისი ვედრება: მას მოეჩვენა, რომ იგი ხატიდან გადმოვიდა თეთრად შემოსილი და ჰკითხა: „რა გინდა?“ - „ცხონება მსურს!“ - უპასუხა გაბრიელმა. დედა ღმრთისმშობელმა უთხრა: „ტაძრიდან რომ გახვალ, წადი ნავსადგურში, იქ მონაზონს ნახავ და მასთან ერთად გაემგზავრე ათონზე!“ ამის თქმის შემდეგ, ის კვლავ ხატზე დაბრუნდა.

გაბრიელმა ნავსადგურისკენ ისწრაფა და მართლაც დაინახა ხმელხმელი, ჭაღარა და გრძელწვერა ბერი. ეს იყო წმ. გრიგოლის მონასტრის იღუმენი მამა გრიგოლი. გაბრიელი ფეხებში ჩაუვარდა მას და შეევედრა ათონზე წაეყვანა. იღუმენმა უთხრა: „წმ. მამებისა და პატრიარქების განწესების თანახმად ათონზე აკრძალულია უწვერულთა მიღება, ხანდაზმულნიც რომ იყონ. ამგვარად, ამის შესახებ საუბარიც არ ღირს -ათონზე ვერ მოხვდები სრულწლოვანებამდე!“ შეწუხებულმა გაბრიელმა მოუთხრო, როგორ გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომ ბერი ამგვარად მაინც დაერწმუნებინა. ის ჩაფიქრდა, მაგრამ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კვლავ უთხრა: „არა, არ შემიძლია შენი წაყვანა!“

მათი საუბარი ათონზე მიმავალი ხომალდის კაპიტანს ესმოდა. იხილა რა ყმაწვილის ესოდენ დიდი სურვილი ათონზე გამგზავრებულიეო, შეეცოდა და უთხრა: „გემი მალე გაემგზავრება. ადი და დაიმალე, შემდეგ, როდესაც ზღვაში ვიქნებით, გამოეცხადე იღუმენს და ძალაუნებურად უარს ვეღარ გეტყვის!“ გაბრიელი ასეც მოიქცა. გემი მალე გავიდა ზღვაში. გაბრიელმა მოგზაურობისას ვერ გაბედა ბერთან გამოჩენა და მხოლოდ მაშინ დაენახა, როდესაც ათონს უახლოვდებოდნენ. მიუახლოვდა ბერს და ფეხებში ჩაუვარდა. იღუმენი დუმდა. გაბრიელმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მხოლოდ ამას იზრახავდა: „დედა ღმრთისმშობელმა წარმგზავნა ათონზე!“

მთაწმინდაზე წმ. გრიგოლის ნავსადგურში გადმოვიდა და მონასტერში შევიდა. ეს მოხდა 1825 წელს. იღუმენს არ სურდა მისი მიღება. გაბრიელმა თავისი წუხილი ზოგიერთ ძმას გაუმხილა. ძმებმა თხოვეს იღუმენს, მიეღო ყმაწვილი და ისიც დათანხმდა. იგი სატრაპეზოში განაწესეს. წმ. გრიგოლის მონასტერში, მისი დამკვიდრებისას, როგორც შემდეგ თვითონ იგონებდა, წმ. ნიკოლოზის დღესასწაულზე უამინდობის გამო თევზი ვერ დაიჭირეს ტრაპეზისთვის. უეცრად რამდენიმე დიდი თევზი გამორიყა ზღვის ტალღებმა მონასტრის ახლოს, ნაპირზე. ძმებმა მოაგროვეს სასწაულებრივად მორთმეული თევზი, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ტრაპეზისთვის. გაბრიელის გამგზავრების შემდეგ, ბიძამისმა მიიღო ქრისტიანობა, უპოვრის სამოსით სმირნაში ჩავიდა, ერთ ტაძარს მიეკედლა, სადაც ფარგალიტისა და მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. 8 წელი სინანულში გაატარა და მშვიდობით აღესრულა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე.

გაბრიელს წმ. გრიგოლის მონასტერში დიდხანს არ უცხოვრია. შეიტყო, რომ კავსოკალივიის სავანეში მისი თანამემამულე, გამოცდილი ბერი, მამა ნეოფიტე კარამანლისი ცხოვრობს და წმ. დიდმოწამე გიორგის სენაკში მოსაგრეობს. გადაწყვიტა მასთან მისულიყო და დამორჩილებოდა.

მამა ნეოფიტემ მიიღო იგი. ბერძენთა აჯანყების გამო მთაწმინდა თურქებით გაივსო, მონაზონთა უმრავლესობამ დატოვა ათონის მთა და სავანეშიც ცოტანი დარჩნენ. მამა ნეოფიტე ხშირად მიდიოდა ღირსი ნიფონტის მღვიმეში. ახლაც სურდა არ დაერღვია პატრიარქთა და წმიდა მამათა განწესების ძირითადი დებულება, რომელიც კრძალავს უწვერული ყმაწვილების მიღებას მონასტერში, და იმის გამოც, რომ გაბრიელის დაცვა სურდა თურქების თავდასხმებისგან, ის ღირსი ნიფონტის მღვიმის სიახლოვეს სხვა მღვიმეში დაასახლა. იქ იგი ყველასგან ფარულად ოთხი წელი იღვწოდა.

როდესაც მშვიდობა დამყარდა, მამა ნეოფიტემ წმ. მოციქულთა სენაკი შეიძინა კერასაში. იქ მათ 3-4 წელი იცხოვრეს, იმ დროს ბერს ჰქონდა ხილვა, რის შედეგადაც გადაწყვიტა თავისთვის და მოწაფეებისთვის სრული მარხვა დაეწესებინა, რაც ნიშნავს - არასოდეს, არანაირი მიზეზით არ ეხმიათ ყველი, კვერცხი, რძე, თევზი, ერბო, ღვინო. ხოლო რაც არასამარხო ებადათ, ბერმა ლავრაში გაგზავნა. შემდეგ მან სხვა, წმ. დიდმოწამე დიმიტრის სენაკი შეიძინა 400 ლევად. აქ მან გაბრიელს სქემა შემოსა გიორგის სახელით. თუმცა სენაკის ომოლოგიაში მამა გიორგი ბერად იყო ჩაწერილი, მაგრამ ვიდრე თვითონ ბერი ცოცხალი იყო, ის ითვლებოდა სენაკის განმგებლად და ხელმძღვანელად.

თავისი ქვეყნის კანონის მიხედვით, მამა გიორგის უფლება არ ჰქონდა ესწავლა ბერძნული და მხოლოდ თურქული იცოდა. მამა ნეოფიტემ ბერძნული ათონზე ისწავლა. ამ მიზეზის გამო, ბერის გარდა მამა გიორგი დიდხანს ვერავის ესაუბრებოდაა. ამიტომ იძულებით სრულ მდუმარებაში იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მამა ნეოფიტე უფლებას არ აძლევდა ტაძარში შესულიყო, მხოლოდ სტოვაში იდგა და იქიდან ისმენდა ღმრთისმსახურებას. კეთილკრძალულ და გულუბრალო მამა გიორგის მტკიცედ სჯეროდა, რომ ბერი ანგელოზებთან ერთად მსახურებს და ამის გამო არ უშვებს ტაძარში. თორმეტი წლის განმავლობაში მამა გიორგი მოძღვრის ბრძანებით, ყოველ დღე ადიოდა ათონის მწვერვალზე, გარდა ზამთრისა, რათა მაცხოვრის ფერისცვალების მცირე ტაძარში კანდელები აენთო ხატების წინაშე.

ერთხელ მამა გიორგი სასტიკმა ხორციელმა ვნებამ შეიპყრო. მან მარხვა დაიწყო, რათა ეს ვნება დაეძლია - 12 დღე და ღამე უზმოდ იყო. მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა. გადაწყვიტა 40 დღე ემარხულა. მაგრამ ესმა ხმა: „ორჯერ ორმოცი დღეც რომ იმარხულო, ბრძოლა არ დაგეხსნება, ვიდრე თავს არ დაიმდაბლებ!“ იმ ჟამად ის ბერების საწინააღმდეგოდ რაღაცას იზრახავდა. მყისვე წავიდა ბერთან, მეტანია აღასრულა და უთხრა: „ძმაო, შემინდე!“ - და როდესაც მან აკურთხა და თავზე ხელით შეეხო, ბრძოლა მყისვე შეწყდა.

ერთხელ ჰაჯი-გიორგი, ეშმაკის მანქანებით, ბერისგან წავიდა, მაშინ ეშმაკები ქებას შეასხამდნენ და ანგელოზთა სახით თითქოს ადიოდნენ ზეცად და კვლავ ეშვებოდნენ ძირს. ჰაჯი-გიორგიმ მათ მოძრაობაში ერთგვარი შფოთი და აჩქარება შენიშნა. ისინი თხოვდნენ თაყვანი ეცა მათთვის და სული წმიდის მადლის მინიჭებას ჰპირდებოდნენ. მაგრამ, როდესაც ჰაჯი-გიორგიმ ლოცვით თავის ბერს მოუწოდა, ყოველივე განქარდა.

სხვა დროს, როდესაც ჰაჯი-გიორგი ჯერ კიდევ ბერთან ცხოვრობდა, ეშმაკი ახალგაზრდა ჭაბუკის სახით გამოეცხადა, რომელიც სახედარზე იჯდა და თავისთან იწვევდა, თან პირდებოდა, რომ თუ ის და მისი მეგობრები მას დაემოწაფებოდნენ, მასთან ერთად კარგად იცხოვრებდნენ. მაგრამ ჰაჯი-გიორგიმ შეიცნო ეშმაკის მანქანება და თავისი თვალით იხილა, ეშმაკი სახედართან ერთად როგორ ამაღლდა ჰაერში და გაქრა.

ერთ ხანს მამა გიორგი მოწამეობის ძლიერმა, მხურვალე და დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო. სამოცი დღე ფეხზე მდგომი ევედრებოდა ღმერთს, მხოლოდ მცირე ხნით ეყრდნობოდა კვერთხს დასასვენებლად, კვირაში ერთხელ იხმევდა და უდიდესი ღვაწლისთვის განემზადებოდა. სამოცდღიანი ლოცვის დასრულების შემდეგ, დიდ ბერთან, ილარიონ ქართველთან წავიდა რჩევისა და კურთხევის მისაღებად. მამა ილარიონშა უთხრა: „ეკლესიისგან ჯერ კიდევ არ მიმიღია ხელმწიფება რჩევა მივცე მსგავს საკითხებზე!“ მაგრამ ჰაჯი-გიორგი ცრემლით ევედრებოდა გადაჭრით ეთქვა: სათნოა თუ არა მისი გადაწყვეტილება ღმერთისთვის. ბოლოს მამა ილარიონმა უთხრა: თუკი პასუხის მოსმენა გსურს, მაშინ წადი მამა ბენედიქტე ქართველთან. როდესაც მიხვალ მასთან სენაკში, ამა და ამ ადგილას კედელში თოკის ნასკვს დაინახავ. სამჯერ მოქაჩე და ბერი გამოვა, იფიქრებს, რომ მე ვარ. მაშინ ჩაუვარდი მას ფეხებში, აუხსენი შენი მდგომარეობა და რჩევა თხოვე. რასაც გეტყვის ის, იმგვარად მოიქეცი, რამეთუ მის მიერ გამოთქმული სათნოა ღმერთისათვის და შენთვის სარგებლობის მომტანი იქნება!“ ჰაჯი-გიორგიმ ნათქვამი აღასრულა და როდესაც მამა ბენედიქტე გამოვიდა, მიიღო მისგან კურთხევა და მოუთხრო, რომ მოწამეობა სურდა, რისთვისაც 60 დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა ღმერთის მიმართ. მამა ბენედიქტემ, მიხვდა რა, რომ ის მამა ილარიონმა გამოგზავნა, პასუხის გაცემის ნაცვლად საკუთარი თავის ყვედრება იწყო: „აჰა, შენ, ბენედიქტე, ესოდენი ხანია აქ ცხოვრობ, მაგრამ არა გაქვს მსგავსი ღვაწლი. დამწყებთაც კი შენზე აღმატებული ღვაწლი აქვთ. ოდესმე მღვიძარებდი ესრეთ, რომ ლოცვაზე მდგარიყავ ესოდენი დრო? ოდესმე გიმარხულია ესრეთ, როგორც ეს ღმრთის მონა მარხულობდა?“ ამ სიტყვებით ის საკუთარ თავს კი არ საყვედურობდა, არამედ ჰაჯი-გიორგის განსწავლიდა, რომ მას ამ ღვაწლის მეოხებით ოცნებით არ ეზრახა საკუთარ თავზე. მამა ბენედიქტემ უწყოდა, რომ არც გარდამეტებული მარხვა, არც ხანგრძლივი ლოცვა არ მოიტანს სარგებელს, თუკი მათ არ ერწყმის უდიდესი სიმდაბლე და სიყვარული.

ჰაჯი-გიორგიმ ეს სიტყვები გაკიცხავად მიიღო და ცრემლით ევედრებოდა ბერს რჩევას, თუ როგორ მოქცეულიყო, რამეთუ გამოცდილი ბერის რჩევის გარეშე ვერ კადნიერდებოდა ამგვარი საქმე აღესრულებინა. მამა ბენედიქტემ უპასუხა: „რომც გითხრა, მაინც არ მერწმუნები და დაიწყებ ძიებას, რომ შენი სურვილი აღასრულო. შეგიძლია თავს იდო მოწამეობა, ოღონდ ეს არ იქნება სრული მოწამეობა, მრავალი რამის დათმენა მოგიწევს. ჭეშმარიტი მოწამეობა კი თავისით მოგიხილავს შემდგომში იმ ძმებისგან, რომლებიც შენთან შეიკრიბებიან!“

მამა ბენედიქტეს სიტყვები ზედმიწევნით აღსრულდა; ჰაჯი-გიორგი თურქეთის ერთ ქალაქში გაემგზავრა და უფრო მეტად რომ განფიცხებულიყვნენ მის წინააღმდეგ თურქები, ბიჭუნები შეკრიბა და ქრისტიანობასა და პირჯვრის გამოსახვას ასწავლიდა. ამის გამო თურქები თავს დაესხნენ. დიდხანს და დიდი მონდომებით სცემდნენ, შემდეგ კი გააძევეს ქალაქიდან. ის შემდეგშიც მრავალგზის, მაგრამ წარუმატებლად ცდილობდა იმდენად განეფიცხებინა თურქები, რომ თავი მოეკვეთათ მისთვის. იძულებული გახდა ნაცემი და მოწყლული დაბრუნებულიყო ათონზე. ამგვარად აღსრულდა მამა ბენედიქტეს სიტყვის პირველი ნაწილი. შემდგომში კი აღსრულდა მეორეც: მან მრავალი რამ დაითმინა ძმათაგან.

(მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან. 1870 წელს მან რამდენჯერმე მოინახულა მამა ჰაჯი-გიორგი). მამა ჰაჯი-გიორგი კერასაში, წმ. დიდ მოწამე დიმიტრის სენაკში ცხოვრობს. ჰყავს 30 მოწაფე, ბერძნები და რუსები. მას მთელი ათონი და თითქმის ყველა მომლოცველი იცნობს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ათონის მწვერვალს მოილოცავს, რადგანაც მწვერვალისკენ მიმავალი გზა მის სენაკთან იწყება. მწვერვალიდან დაბრუნების შემდეგ ყველანი მამა გიორგის სტუმრობენ და ამიტომ მას ყველა იცნობს აბრაამის მსგავსი სტუმართმოყვარეობის გამო. ყოველ მოსულს ის უსასყიდლოდ უმასპინძლდება, ამის გამო არ წუხს და არ ბრკოლდება. მას სახედრები ჰყავს და დიდ დახმარებას უწევს იქაურ რუს კელიოტებს. „ჰაჯიმ“ დიდი წისქვილი ააგო, რომელშიც ძვირი ფასი გადაიხადა და მრავალი უსიამოვნების მიზეზი შეიქნა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი სამსახური გაუწია იქ მცხოვრებთ. მას ცოტაოდენი ფუტკარი ჰყავს და საკუთარი კაიუკიც (ხომალდი), რომლითაც სხვადასხვა ადგილებიდან თავისი და სხვების ნივთები გადმოაქვს ნავსადგურამდე. ფული გადანახული არასოდეს აქვს, ხშირად ვალებიც კი აქვს, მაგრამ უფალი უხილავად უგზავნის მისაგებელს სტუმართმოყვარეობისათვის. მისი მოწაფეები - ნამდვილი ანგელოზები არიან. ბერი მათი ცხონების საქმეს ძალიან მკაცრად წარმართავს. ისინი უპირატესად ახალგაზრდები არიან, და მათივე სარგებლობისა და მომსვლელთა მოურიდებელი მზერისაგან დასაცავად აიძულებს მური წაისვან სახეზე. როდესაც ლავრაში შეტყვეს ამის შესახებ, უბრძანეს დაეტევებინა ეს უცნაურობა, თუმცა ბერმა კეთილი მიზნით მოისაზრა. ასევე, ხიბლის თავიდან ასაცლებლად, აღკვეცილთაგან არავის აქვს გრძელი თმა. მოწაფეთა შორის მრავალნი არიან ღირსეულნი, მაგრამ მღვდელ-მონაზონი მინა განსაკუთრებით გამოირჩევა წმიდა ცხოვრებით. ის ისევე მორჩილებს ბერს, როგორც ახალმოსულნი.

ყოველი საქმის დაწყების წინ, მწუხრზე, ძილის წინ ყველანი კურთხევას იღებენ ბერისგან და მდუმარედ მიდიან თავ-თავიანთ სენაკებში. თვით ჰაჯი-გიორგის ვერავინ არჩევს არათუ მოწაფეთაგან, რომლებიც მუდამ შეუხედავ და დაბებკილ სამოსში არიან, არამედ უბრალო მსახურისგანაც: ესრეთ უბრალოებით ცხოვრობს ის. მას სენაკს არავინ ულაგებს, რწყილებისა და ბაღლინჯოებისგან არავინ ასუფთავებს. მხოლოდ უკიდურესად დაღლილი ადამიანი თუ დაიძინებს მის სენაკში.

ისინი სრულებით არ იხმევენ ერბოს, თევზს, ყველსა და კვერცხს, მწირი საზრდელით კმაყოფილდებიან. საოცრად ბევრს შრომობენ. ძალიან მომეწონა ბერის მიერ შემოღებული ერთი წესი: როგორც საერთო მორჩილების აღსრულებისას, ასევე რამდენიმე ადამიანის ერთობლივი მუშაობისას, თუნდაც ორი კაცი მუშაობდეს, ერთი ხმამაღლა კითხულობს იესოს ლოცვას ამაოდმეტყველების თავიდან ასაცილებლად.

მათი ხელსაქმე არის ხატწერა, ძმების უმრავლესობა კი მძიმე სამუშაოს ასრულებს. აქაური კლიმატი ყველაზე უფრო ჯანსაღია მთელ ათონის მთაზე. ეს, ჯერ კიდევ წარმართ მწერლებს შეუნიშნავთ, რადგანაც ყოფილი ქალაქის აკროაფოსის მცხოვრებლები ხანგრძლივად ცოცხლობდნენ. ჰაჯი-გიორგის ძალიან ხშირად უკვდება ახალგაზრდა მორჩილები. ყველანი ამტკიცებენ, რომ უდროო სიკვდილის მიზეზი არის მკაცრი თავშეკავება საზრდელისაგან და უმძიმესი შრომა. ყველაზე ხშირად ხატმწერები კვდებიან. ბერი ხედავს ამას, მაგრამ სრული მარხვის განწესებას არ ცვლის, თუმცა მისთვის არაერთხელ უთხოვიათ შეემსუბუქებინა ეს წესი და უკიდურეს შემთხვევაში ზეთის მიღების უფლება მაინც მიეცა მორჩილთათვის. მაგრამ ბერი არ დაეთანხმა. მაშინ თხოვეს მხოლოდ ღვინო დაეშვა, მაგრამ ბერი არც აქ დანებდა. ზოგჯერ, ზოგიერთნი მოსულთაგან, იმდენად აშფოთებდნენ მოწაფეებს ბერის მოუდრეკლობის შესახებ ჩივილებით, რომ მასზე ზემოქმედების მოსახდენად, რამდენიმე მოწაფე ერთდროულად მიდიოდა ხოლმე მისგან, განსაკუთრებით ხატმწერები, მაგრამ ბერი ამ შემთხვევაშიც ქედმოუხრელი რჩებოდა.

ბოლოს აღშფოთებამ სრული მარხვითი განწესების წინააღმდეგ იმდენად საერთო ხასიათი მიიღო, რომ ბერის წინააღმდეგ ლავრა გამოვიდა და მოწაფეების მხარე დაიჭირა. მაშინ ბერი დამორჩილდა, - და რაში? უძლურთათვის მოაწყო საფუტკრე, გააშენა ვენახი და აღარ ყიდდა კაკალს, დანაყილ ნიგოზს ურევდა შეჭამანდში, ხოლო ყურძენსა და თაფლს მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში აძლევდნენ ძმებს.

მართალია, ხატმწერთაგან მხოლოდ ერთი, მღვდელმონაზონი მინა წერს კარგად ხატებს, მაგრამ რამდენადაც ისინი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობენ, რუსეთიდან ბევრი შეკვეთები აქვთ.

ბერს სრულიად უბირი გარეგნობა აქვს, მაგრამ გასაუბრებისას ცხადდება მისი სიბრძნე, გამოცდილება და განათლება. ყოველგვარი მწუხარებისა და უგულისხმობის ჟამს მას მოეპოვება სანუგეშო სიტყვა (აქამდე მამა პანტელეიმონის მონათხრობს გადმოგცემდით). ერთხელ, მამა ჰაჯი-გიორგის ერთ ადამიანში შერისხულმა ეშმაკმა უთხრა, რომ არაფერს ისე ძლიერ არ ესწრაფვის, როგორც იმას, რომ დაარღვიოს მოწაფის მორჩილება მოძღვრის მიმართ და რომ ამის შემდეგ მოწაფე მის ხელქვეით იქნება. ამას ეშმაკი ძალიან უხალისოდ ამბობდა, ქრისტეს ძალის მეოხებით.

როდესაც ჰაჯი-გიორგი სხვათა ხელმძღვანელი შეიქნა, მას ჰქონდა გამოცხადება - მორჩილი მონაზვნების სიახლოვეს იდგა ანგელოზი, ის ყოველივე სასარგებლოს ჩააგონებდა მათ და აღძრავდა და განამტკიცებდა ლოცვაში, ხოლო ურჩებს ეშმაკი ყოველგვარ უმსგავსს ასწავლიდა და გონებას უმღვრევდა.

ერთხელ, ჰაჯი-გიორგისთან სარწმუნოება შეცვლილი თურქი მოიყვანეს, - ის შეპყრობილი იყო, ბერის ლოცვით გამოხსნილ იქნა ეშმაკის მონებისაგან და ბერძნულად იწყო ლაპარაკი, რაც მანამდე არ იცოდა. სამი წელი მოსაგრეობდა ბერთან და აღსასრულის წინ უფლის გამოცხადების ღირსი შეიქნა. 

გაგრძელება... 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო