Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ათონის მთის ბოლო პერიოდის ქართველი მოღვაწეები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ათონის მთის ბოლო პერიოდის ქართველი მოღვაწეები


1919 წლის 9 მარტს, ათონის მთის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის 18 ქართველი ბერი და რამდენიმე მორჩილი ბერძენ ბერებთან უთანხმოების გამო ძალადობით გამოიდევნენ მონასტრიდან და სამუდამოდ აეკრძალათ იქ დაბრუნება. ქართველი ბერების მცირე ჯგუფი, რომელთა შორის იყო წმიდა იოანე აღმსარებელი (მაისურაძე), სამშობლოში დაბრუნდა. 9 ბერი პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსული მონასტრის კუთვნილ წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში დაბინავდა. დანარჩენი მოღვაწეები კი ათონის წმიდა მთის სხვადასხვა მონასტრებს შეეკედლნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ გაწყდა ყოველგვარი კავშირი საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან. ათონზე დარჩენილი ბერების ნათესავებს ამ დროიდან აღარ მოეწოდებოდათ ცნობები საბერძნეთიდან. „წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოდ დარჩნენ ისინი“ - წერს მამა იოანე ბეთანელი თავის ერთ-ერთ მოგონებაში.

1935 წელს ათონი მოილოცა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლმა (ფერაძე). მან მოინახულა ათონელი ქართველები და თავის ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოკლედ აღწერა მათი ყოფა. სწორედ წმიდა გრიგოლის სტატიიდან შევიტყვეთ 1932 წელს წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის სენაკში მომხდარი საზარელი ხანძრის შესახებ. ცეცხლმა შეიწირა დიდსქემოსანი ბერის - ბართლომეს სიცოცხლე, ასევე მდიდარი ბიბლიოთეკა და არქივი. გადარჩენილი წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ქართველი ბერების თხოვნით, მამა გრიგოლმა წაიღო თან. ხსენებულ სტატიაში იგი მკითხველს ჰპირდება ამ მოგზაურობის ამსახველ ვრცელ პუბლიკაციას, მაგრამ შემდგომ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა შეუძლებელი გახადა ამ პირობის აღსრულება.

1966 წელს ათონის მთა მოინახულა ქართველმა რეჟისორმა გურამ პატარაიამ. მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი ათონის ივერთა მონასტერზე. ფილმში შესულია მცირე ცნობა ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერის, ტიხონის შესახებ, რომელიც 1950-იანი წლების მიწურულს აღესრულა.

2001 წელს მქონდა ბედნიერება ორ მეგობართან ერთად მომელოცა ათონის წმიდა მთა. სიწმიდეების თაყვანისცემასთან ერთად, მიზნად გვქონდა ქართველი ბერების ცხოვრების ამსახველი ცნობების მოძიება. წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლის (ფერაძე) სტატია განსაკუთრებით შეგვეწია. დიდი ძიების შემდგომ მოვინახულეთ წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა. საბედნიეროდ, სენაკის ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში მივაკვლიეთ ქართველი ბერების მოსახსენებელს, რამაც აღუწერელი სიხარული განგვაცდევინა. წმიდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსული მონასტრის მოლოცვის დროს დიდი დახმარება გაგვიწია მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის მცველმა, მღვდელმონაზონმა მაქსიმემ. მან გვაჩვენა მღვდელსექმმონაზონ ფლეგონტის ქრონოლოგიური ხელნაწერი ალბომები, სადაც, უამრავ ისტორიულ მასალასთან ერთად, აღწერილია იოანე ღვთისმეტყველის სავანიდან ქართველ ბერთა გამოდევნა და ხანძარი სტეფანე პირველმოწამის სენაკში. საბედნიეროდ, იქვე დაცულია ხუთი ქართველი მოღვაწის: დიდსქემოსანი ბერების - ტიხონ შერადაშვილის, ძმების - მათე და ათანასე გვაზავების, მღვდელსქემმონაზონ სიმონ ბაღდავაძისა და ხანძრის დროს გარდაცვლილი ბერი ბართლომეს ფოტოსურათები. ათონის მთიდან დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ მივიღეთ პანტელეიმონის მონასტრიდან მღვდელმონაზონ მაქსიმეს გამოგზავნილი დოკუმენტები. ამჯერად დაგროვდა გარკვეული, თუმცა არცთუ მდიდარი მასალა, რამაც გადაგვაწყვეტინა, გამოგვექვეყნებინა ცნობები მათი ცხოვრების შესახებ.

 

დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე)
(1857-1942)


მღვდელსქემმონაზონი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონი) დაიბადა 1857 წელს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, ივანე ბადავაძის ოჯახში. რამდენიმე წლის შემდგომ ადიდებულმა რიონმა საშინლად წალეკა სოფელი ჭყვიში. დაზარალებული ოჯახები გადმოსახლდნენ სამტრედიის მახლობლად. ახლად დასახლებულ ადგილს „ქოსნათი“ (ამჟამად „ახალსოფელი“) ეწოდა. ყმაწვილი სოლომონი ყურადღებას იჩენდა ღვთისმსახურებისადმი, ხშირად სტუმრობდა გელათისა და მოწამეთას მონასტრებს. თანატოლებისაგან გამოირჩეოდა ნიჭითა და სწავლის სურვილით. მოწიფულ ასაკში იგი დაოჯახდა, მაგრამ მალევე ეწვია დიდი განსაცდელი - მისი მეუღლე მშობიარობისას გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. დაქვრივებული სოლომონი რწმენით შეხვდა მწუხარებას და ბერად შედგომა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება ერთმა გარემოებამ შეაფერხა, უეცრად გარდაეცვალა ერთადერთი ძმა, რომელსაც დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი - ივანე. ობოლი ძმისშვილის აღზრდა სოლომონმა იტვირთა. წლების მანძილზე ზრუნავდა იგი ყმაწვილის კეთილდღეობაზე. სოლომონმა მახლობელი სოფლებიდან შემოკრიბა სწავლას მოწყურებული პატარები და დააარსა საშინაო სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას, არითმეტიკას, გეოგრაფიასა და სხვა საგნებს. ამასთანავე, დიდ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ აღზრდას, ზრდილობას, უფროსისადმი პატივისცემასა და ქართული სუფრისა და მოლხენის სათანადო წესრიგს. ის პატარები, რომლებიც შორეული სოფლებიდან იყვნენ, ხშირად სოლომონის სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდნენ მშობლებთან. გონების გაწვრთნასთან ერთად, სოლომონი ბავშვებს შრომისადმი სიყვარულს უნერგავდა. მეცადინეობის შემდგომ ყველა შრომობდა, ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგს წყალი მოჰქონდა, საქონელს უვლიდა, მიწას ამუშავებდა. სოლომონი დიდი სიყვარულითა და ზომიერი სიმკაცრით გამოირჩეოდა, არ უყვარდა უშნო ცელქობა და ღლაბუცი. ყოველდღიურ საზრუნავში გადიოდა დრო, ყმაწვილები გაიზარდნენ. ბევრმა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“. ბიჭებმა დაასრულეს სწავლა და ოჯახებს მოეკიდნენ. სოლომონმა ძმისშვილი დავაჟკაცებულად სცნო და ასე უთხრა: - „შენთან აწი, როგორც სტუმარი, ისე მოვალ. შენ უკვე ვაჟკაცი ხარ და თანაც, მე რომ მინდოდა, ისეთი დადექიო“.

მას შემდეგ, რაც სოლომონმა პირნათლად აღასრულა ვალი ოჯახის წინაშე, გელათის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად. ახლადდაქორწინებულ ძმისშვილს გადაუფორმა თავისი კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება. 1890-იანი წლების ბოლოს იგი ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მცირე ხანში აკურთხეს მღვდელმონაზვნად. 1901 წელს მამა სიმონმა გადაწყვიტა იერუსალიმში წმიდა ადგილების მოლოცვა და შემდგომ ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრება. წასვლის წინ მოინახულა თავისი გაზრდილი ივანე, რომელსაც უკვე ორი თვის გოგონა ჰყავდა. გამომშვიდობებისას პატარა აკვანში ატირებულა და როდესაც დედას დამშვიდება დაუწყია, მამა სიმონს უთქვამს - „იტიროს ბავშვმა, გამყვეს ივანეს ბავშვის ხმაო“.

ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები უპირველესად იერუსალიმს მოილოცავდნენ. მამა სიმონმა აისრულა სანუკვარი ოცნება და მოინახულა პალესტინის უწმიდესი ადგილები. შემდეგ გემით გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ. რამდენიმე დღეში გემმა ათონის მთას მიაღწია. მამა სიმონმა კითხვა-კითხვით მიაგნო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეს, რომელიც ივერთა მონასტრის შორი-ახლოს მდებარეობდა. ქართველთა სავანეში ნებისმიერი თანამემამულის ხილვა დიდ სიხარულს იწვევდა, მაგრამ საძმო განსაკუთრებით გაახარა მღვდელმონაზვნის შემომატებამ. ათონზე იმ დროისთვის ქართველ ძმათა რიცხვი 50-ს აღწევდა. ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტების მხრიდან შევიწროების მიუხედავად, ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ყოველდღე აღესრულებოდა ლიტურგია, ღამისთევის მსახურება ძველი ქართული რვა ხმათა გალობით სრულდებოდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის გამგებელი მღვდელსქემმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე იყო მწირველი. საძმოს სულიერ მოძღვრობას უწევდა იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი მამა, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი - ღირსი მამის ალექსი შუშანიას სულიერი მოძღვარი) - აღზრდილი და განსწავლული გელათის მონასტერში.

მღვდელსექმმონაზონი ათანასეს (ალექსი ბაქრაძე) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული უძველეს ხელნაწერთა ასლები. მამა სიმონს ძირითად მორჩილებად მზარეულობა განუწესეს. პერიოდულად იგი იყო მწირველი სავანის ეკლესიაში. 

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის არსებობა ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდათ. ერთი მხრივ, სინდისი ამხილებდათ, როდესაც ქართველებს ქართულ მონასტერში არ უშვებდნენ, მეორე მხრივ, მონასტრის მმართველობისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ყოველივე ამას ხელს უწყობდა თავად მონასტრის გადაგვარებული შინაგანაწესი. ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმიდა მამათა მიერ განწესებული ტიპიკონი უკანონოდ იყო შეცვლილი ახალი განაწესით ე.წ. იდიორითმით. მონასტერს აღარ ჰყავდა წინამძღვარი, მის ნაცვლად რამდენიმე არქიმანდრიტი-„ეპიტროპოსი“ რიგრიგობით განაგებდნენ მონასტრის საქმეებს. ასევე ერთმანეთში ინაწილებდნენ მდიდარ შემოსავალს. იმ დროისათვის მონასტრის საძმო 150 კაცს ითვლიდა, რომელთა უმეტესობა თავისი სურვილისამებრ ცხოვრობდა. იმის გამო, რომ აღარ იმართებოდა საზოგადო ტრაპეზი, ყველა თავის სენაკში იმზადებდა საჭმელს. არსებობდა უკიდურესად უპოვარიც და ასევე ფუფუნებაში მცხოვრები ბერები. ზოგიერთ არქიმანდრიტს მოსამსახურეებიც კი ჰყავდა. ხშირი იყო უთანხმოებანი დაპირისპირებული ბერების ჯგუფებს შორის. ერთსულოვანნი მხოლოდ ქართველთა წინააღმდეგ იყვნენ. ბერძნებთან მორიგებას აფერხებდა ქართველი ბერების მოთხოვნა: აღმდგარიყო ივერთა მონასტრის დამაარსებელი წმიდა მამების წესი. რადგან ქართველ მამებს აშინებდათ წმიდა მამათა შეჩვენება მათი განწესებულის დამრღვევისადმი. ეს მოთხოვნა ბერძენი არქიმანდრიტებისათვის წარმოსადგენადაც ძნელი იყო. რომ არა რუსეთის იმპერიის შიში, რომლის მოქალაქეებადაც ითვლებოდნენ ქართველი ბერები, დაუყოვნებლივ მოიშორებდნენ აბეზარ ქართველებს. მანამდე კი შესაფერის ვითარებას ელოდნენ. მათ განრისხებას ზრდიდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის მთავრობამ საქმის მოგვარებამდე, მცირე ნაწილი რუსეთიდან შემავალი შემოსავლისა ქართველთა სავანეს მიაკუთვნა.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტე ბარკალაიამ ეს სენაკი 1860-იან წლებში დროებით თავშესაფრად შეიძინა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ქართველებს, ნამდვილ ივერიელებს, ივერთა მონასტერში არ შეუშვებდნენ და ეს სამარცხვინო დავა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო, დედა მონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა, ან, თუნდაც, რაიმე შენობის აგება მკაცრად ეკრძალებოდათ. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიე გუმბათი, არ აძლევდნენ ზარის დარეკვის ნებას. სასმელი წყლის მილებით გაყვანას და შეშით სარგებლობას უკრძალავდნენ. თავს იმით იმართლებდნენ, რომ იცავდნენ ათონის მთის განაწესს, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულად ავიწყდებოდათ. ქართველ ბერებს აკვირვებდათ ამგვარი სისასტიკე, მაგრამ ითმენდნენ უკეთესი მომავლის იმედით.

გადიოდა წლები. მამა სიმონი ყოველდღიური მსახურებით იყო დაკავებული. პერიოდულად ლოცვა-კურთხევით აღსავსე წერილებს უგზავნიდა ძმისშვილ ივანეს (სამწუხაროდ, ამ წერილებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია). ახარებდა მისი ოჯახის გამრავლება. მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისივე დახმარებით აშენდა ეკლესია, რომელსაც ძმისშვილი ივანე პატრონობდა, ეხმარებოდა მოძღვარს და უვლიდა ეკლესიას. შემდგომ წლებში მამა სიმონმა ეკლესიას გამოუგზავნა ულამაზესი, ცისფერი მღვდლის სრული შესამოსელი, ასევე ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისათვის საჭირო სხვა ნივთები.

1905 წლის მაისში ღვთივგანისვენა მღვდელსქემმონაზონმა თეოდოსიმ (ერისთავი), რაც განსაკუთრებული დანაკლისი იყო როგორც მამა სიმონისათვის, ასევე მთელი საძმოსათვის. იმავე წლის ოქტომბერში მამა სიმონი ათონის მთაზე მომხდარ არნახულ მიწისძვრას შეესწრო, რომლის შედეგად ძლიერ დაზიანდა ათონის მონასტრები, მათ შორის, განსაკუთრებით ივერთა მონასტერი. ნახევრად დაინგრა ათსაუკუნოვანი წმიდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები, თითქმის ბოლომდე დაინგრა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, კარის ღვთისმშობლის ეკლესიას გუმბათი მოერღვა. საკვირველად გადარჩა ქართველთა სავანე. მღვდელსქემმონაზონმა იონამ მძიმე მარხვა განუწესა საძმოს. მწარე დღეების გარდა, ხშირი იყო სამახსოვრო დღეებიც. ათონს ხშირად სტუმრობდნენ მოღვაწეები საქართველოდან, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები. საქართველოდან იგზავნებოდა სასულიერო და საერო შინაარსის ჟურნალ-გაზეთები.

ბერძენი ბერების უსამართლობით განაწამები ქართველები თავის დასაცავ გზებს ეძებდნენ. ივერთა მონასტრის არქიმანდრიტები ყოველ ოთხ წელიწადში ცვლიდნენ მოსკოვის მეტოქის მმართველს. სწორედ ამ მეტოქიდან შემოსდიოდათ უზარმაზარი შემოწირულობანი. ყოველი ახალი მმართველი უნდა დაემტკიცებინა სულთანს და რუსეთის საელჩოს (ქალკედონის ნახევერკუნძული, სადაც მდებარეობს ათონის მთა, 1913 წლამდე ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა).

როდესაც მოაწევდა ეს დროს მღვდელსქემმონაზონი იონა ჩადიოდა კონსტანტინეპოლში და რუსეთის ელჩსა და კონსულს სთხოვდა შუამდგომლობას. ამ თხოვნებმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ბერძენი ბერები ქრთამით იკაფავდნენ გზას. სამაგიეროდ, ქართველებზე გაბოროტებულებმა 1911 წელს საჩივარი შეიტანეს ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში - პროტატში: - „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ და განდევნეთო“. ქართველი ბერები გამოდევნისგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძე) იხსნა. იგი დაუკავშირდა სულთანის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს გვარად ირემაძეებს და მათი საშუალებით გაიგზავნა ათონზე მოთხოვნა - თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის. საბედნიეროდ, ივერთა მონასტერში არსებობდნენ ბერძნები ბერები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ დევნილ ქართველებს. მაგალითად, ბერი გრიგოლი და ბერი პართენი, რომელთაც სამასი ოქრო ასესხეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველ ბერებს.

შემდგომ წლებში, პოლიტიკური ვითარება ბალკანეთში მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ჯერ ბალკანეთის, ხოლო შემდეგ პირველი მსოფლიო ომები. ევროპა სისხლისღვრამ მოიცვა. ათონის მთაზე ვითარებას ისიც ძაბავდა, რომ მრავალეროვანი ათონის მაცხოვრებლების მშობლიური ქვეყნები ომში დაპირისპირებული აღმოჩნდა. რუსეთის 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულობანი, რომელზეც მთელი ათონის მთა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. მსოფლიო ომის გამო, გაუარესდა ეკონომიკური ვითარება, ჩამოვარდა შიმშილობა. 1918 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობის ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია, მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ. საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა არიქმანდრიტებმა ათონელ ქართველებზე იყარეს ჯავრი. 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონი იოანს (ხოშტარიას) გარდაცვალების შემდეგ ქართველებს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვება მოსთხოვეს. მამა სიმონი ძმობამ გამოირჩია ქართველი ბერების დროებით მმართველად. დიდი სადარდებელი და საფიქრალი დაეკისრა მამა სიმონს. მრავალჯერ ეახლა იგი, მღვდელმონაზვნებთან - იოანე (მაისურაძე) და მელეტისთან (თოფურია) ერთად, ივერთა მონასტრის არქიმანდრიტებს, მრავალჯერ ევედრა ქართველი ძმების სახელით, მაგრამ ბერძნებს ქართველთა მოშორება მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. 1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას. ქართველ ბერებს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება, სურსათის მარაგის ჩათვლით, მიითვისეს. ქართველები დარჩნენ უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი. მამა სიმონი გაეშურა წმიდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვართან - არქიმანდრიტ მისაილთან თავშესაფრის სათხოვნელად. რუს ბერებთანაც გართულებულიყო ურთიერთობა, რადგან ზოგიერთი რუსი ბერი 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენას „რასკოლს“ უწოდებდა. არქიმანდრიტმა მისაელმა ქართველ ბერებს შესთავაზა სტეფანე პირველმოწამის სკიტში დაბინავება. ეს სენაკი ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილზე მდებარეობდა. რამდენიმე ბერმა უარი განაცხადა იქ ცხოვრებაზე, მაგრამ არჩევანი არ იყო. ქართველი ბერების ნაწილმა გადაწყვიტა ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მძიმე და ცრემლიანი იყო განშორება, მამები თითქოს გრძნობდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს.

1920 წელს 9 ქართველი ბერი მღვდელსქემმონაზონ სიმონის წინამძღვრობით დასახლდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში. მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდნენ მოღვაწეები საარსებო საკვების მოპოვებას. ცხრა ბერიდან სამი ღრმადმოხუცი იყო და, ბუნებრივია, ფიზიკური შრომა აღარ შეეძლოთ. შრომას ნაჩვევი მამა სიმონი გაორმაგებული ძალით იღვწოდა. ბერები თიბავდნენ ბალახს, აგროვებდნენ კაკალს, შემდგომ ყიდდნენ და ასე, წვალებით ცხოვრობდნენ. მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონი დააავადა. 1926 წელს იგი შეუძლოდ შეიქნა და იძულებული გახდა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა. მამა სიმონი უკვე 69 წლის იყო, ამიტომაც აღარ მოსდევდა ჩვეული ჯანმრთელობა. პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა მამა სიმონს დარჩენა შესთავაზეს, რადგან სტეფანე პირველმოწამის სავანეში დაბრუნება მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. ქართველმა ძმებმაც სთხოვეს საავადმყოფოში დარჩენილიყო და დაჰპირდნენ, რომ ხშირად ინახულებდნენ მას. რამდენიმე თვეში მამა სიმონი მომჯობინდა და უკვე შეძლო პანტელეიმონის მონასტრის სატრაპეზოში წამუშავება. რუსმა ბერებმა სენაკიც დაუთმეს სატრაპეზოსთან ახლოს. ყველამ შეიყვარა კეთილი, სათნო, მლოცველი და დარდიანი მოხუცი ტრაპეზარი. წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში მომხდარმა 1932 წლის ხანძარმა და ბერი ბართლომეს დაღუპვამ გული მოუკლა მოხუცს. ბოლო წლებში სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა. 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში მშვიდობით მიაბარა სული უფალს მღვდელსქემმონაზონმა სიმონმა.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს იგი და კეთილად შეახვედროს თავის მოძმეებს ზეციურ სამშობლოში.


მოამზადა ლუარსაბ ტოგონიძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №29 2005 წ. 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო