Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

„ვილოცოთ მათთვის და ამ ღირს დედათა სახით შევიძინოთ ჩვენნი მეოხნი ღვთის წინაშე“ (XX საუკუნის ქართველი მონაზვნები)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ვილოცოთ მათთვის და ამ ღირს დედათა სახით
შევიძინოთ ჩვენნი მეოხნი ღვთის წინაშე



XX საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა იდევნებოდა და მრავალნი რწმენაში ირყეოდნენ. ჩვენს ქვეყანაში ადგილ-ადგილ შემორჩენილ მონასტრებში მოღვაწე ღვთის ერთგული დედები თავიანთი წმინდა ლოცვით აკავებდნენ ჩვენზე გარდამომავალ უფლის რისხვას. სამწუხაროდ, ძალზე მცირე რამ ვიცით იმ დროის ქართველ დედებზე. ამიტომაც, ბატონ ლუარსაბ ტოგონიძის რჩევით და მის მიერვე მოწოდებული მასალებით, პირველ რიგში მათხოჯის დედათა მონასტერს და მის უკანასკნელ იღუმენიას, ელენე წივწივაძეს, გავიხსენებთ.

XIX ს-ის 80-იან წლებამდე საქართველოში შემორჩენილი იყო ე.წ. უკურთხებელი მონაზვნობის ტრადიცია. ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს ცხოვრობდნენ და ლამის მთელ სიცოცხლეს ღვთის სახლის მსახურებაში ატარებდნენ „მონაზვნები“, რომლებიც არ იყვნენ ნაკურთხნი (ანუ აღკვეცილნი). 80-იანი წლებიდან სასულიერო მთავრობამ „უკურთხებელი მონაზვნობა“ აკრძალა და მოსთხოვა დედებს, ან ოფიციალურ მონასტერში გაერთიანებულიყვნენ, ანდა ერს დაბრუნებოდნენ. ამ განკარგულებამ ხელი შეუწყო დიდი და ძლიერი თეკლათის, ჯიხეთის და მათხოჯის დედათა სავანეების დაარსებას.

1893 წელს იმერეთის ეპისოკპოსის წმინდა გაბრიელის კურთხევით, სოფელ მათხოჯში დაარსდა დედათა სავანე. გადმოცემით, წმინდა მღვდელმთავარი თურმე ჯერ თავს იკავებდა აქ მონასტრის აშენებისგან - უწყლო და უმიწო ადგილიაო, ბოლოს, მაინც ნება დაურთავს და იქ შეკრებილ 45 დას დაუწყია სავანის მშენებლობა. ჯერ საცხოვრებელი ხის სეკანები ააშენეს, ერთ-ერთი სენაკი საშინაო ტაძრად ჰქონდათ გადაქცეული. 1895 წლიდან ამ სავანის ბლაღოჩინად სასულიერო მთავრობამ დანიშნა დეკანოზი დავით ღამბაშიძე, ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი. 1898 წლის მაისიდან ყოვლადსამღვდელო ბესარიონის ლოცვა-კურთხევით დაიწყეს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობა სავანის ეზოში. იმ ადგილას XIII ს-ში ჩინებული ეკლესია მდგარა. ნანაგრევები იმ დრომდე შემორჩენილი ყოფილა. მამა დავითმა „მწყემსის“ მკითხველებს სთხოვა, დამხარებოდნენ ეკლესიის მშენებლობაში. გამოჩენილან შემომწირველნი. 1901 წლის 4 ნოემბერს ტაძარი უკურთხებია იმერეთის მაშინდელ ეპისკოპოსს ლეონიდე ოქროპირიძეს. ჟურნალი „მწყემსი“ დაწვრილებით მოგვითხრობს ამ მოვლენას: - მეუფე ლეონიდე მათხოჯში 3 ნოემბერს დილით წაბრძანებულა. გუბისწყალზე, ხიდთან, გზა გაფუჭებული დახვედრია და სვლა ქვეითად გაუგრძელებია. სავანეში 5 საათზეღა მისულა. ზარის რეკვით შეხვედრიან დედები წმინდა მეუფეს. აღუვლენიათ მწუხრ-ცისკრის ლოცვა. მეორე დღეს ეპისკოპოს ლეონიდეს უკურთხებია ტაძარი, შეუწირავს უსისხლო მსხვერპლი. წირვაზე გალობდნენ სავანის დები და მეუფის მგალობლები. წირვის შემდგომ ეპისკოპოს ლეონიდეს „მგრძნობიერი სიტყვა“ წარმოუთქვამს. მეუფე აღნიშნავდა იმ სიხარულსა და სიამოვნებას, რომელიც აღიძვრება ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში, როცა ხედავს, რომ საქართველოს ღვთის სადიდებელი კიდევ ერთი ტაძარი მოემატა. ისაუბრა აგრეთვე ბერ-მონაზვნობის წარმოშობაზე, „განმარტა ის დიდი მნიშვნელობა და სამსახური, რომელსაც ყოველ დროში იღებდა მათგან სახელმწიფო, მამული და ეკლესია“. შემდეგ კი სავანის დებს უთხრა, მზად ყოფილიყვნენ, მოთმინებით აეტანათ ყოველი გაჭირვება და განსაცდელი, რომელიც ხშირად მოსდევს „სოფლის განშორებიდან განცალკევებულ ცხოვრებას“. ბოლოს ისინიც შეავედრა ღმერთს, ითხოვა რათა უფალს მიენიჭებინა მათთვის მადლი და კურთხევა, რომ ამ სავანეში ყოველ მლოცველს მიეღო სულიერი შვება და ნუგეში, ხოლო მას შინა მსახურთ მოეპოვებინათ ის პატივი და დიდება, რომლითაც ასე შესანიშნავი იყვნენ ძველად ჩვენს მონასტრებში მოღვაწენიო. წირვის შემდეგ ეპისკოპოსი ლეონიდე და მისი კრებული სადილად მიიწვია სავანის რჩევის თავმჯდომარემ დედა პარასკევა ჩხიკვიშვილმა. საღამოს 6 საათზე მისი მეუფება უკან გამომგზავრებულა. ეპისკოპოს ლეონიდეს წარდგენით 1901 წელს უწმინდეს სინოდს მათხოჯის დედათა სავანე უშტატო მონასტრად დაუმტკიცებია. ამიერიდან იმდენი დის ყოლა შეეძლოთ, რამდენის შენახვასაც სავანე შეძლებდა. შტატიანი მონასტრის სტატუსი კი 1914 წელს მიუციათ. მისი წინამძღვრისთვის, მონაზონ ანასტასიასთვის, 1916 წლის 6 მაისს იღუმენიობა უბოძებიათ. მაგრამ მალე საქართველოში კომუნისტები გაბატონდნენ. მათი მსახვრალი ხელი მათხოჯის მონასტერსაც შეეხო. წმინდა ბასილის ცნობილი ხატი ხელისუფლებას, სავარაუდოდ „უღმერთობის მუზეუმში“ ჩაუბარებია, მონასტრის ქონება მიუთვისებია. ძნელი იყო რწმენის შენარჩუნება და თავის გატანა იმ ავბედით წლებში, მაგრამ ეს სუსტი დედები ღირსეულად წინაღუდგებოდნენ განსაცდელებს. ამ საყოველთაო გაჭირვებისას დედები თავს საბნების კერვით ირჩენდნენ. განთქმული იყო მათხოჯის მონასტრის საბნები, ამბობენ, ეს საბნები დღესაც კი შემორჩენილიო. დედებს პატარა მეურნეობაც ჰქონდათ, ძროხები და ქათმები ჰყავდათ, ბოსტანსაც ამუშავებდნენ. სამკურნალო მცენარეებისგან ათასგვარ წამალს ამზადებდნენ და ამითაც შეეწეოდნენ მოყვასს. დიდი შესაწირი გაუღია მონასტერს II მსოფლიო ომის დროს. 1943 წლის 27 დეკემბერს მათხოჯის დედათა მონასტრის იღუმენია ქეთევანი კათოლიკოს-პატრიარქს წერილობით ატყობინებდა, რომ წმინდა ნიონს მონასტრის მონაზონთა საერთო საცხოვრებელს (36 ოთახს) კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა, რისთვისაც ითხოვდა, ნაღდ ანგარიშზე მათხოჯის ხე-ტყის კანტორას მათთვის 25 კუბური მეტრი ფიცარი მიეცა. აგრეთვე ატყობინებდა, რომ მონასტრის დედები ეწეოდნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას: ქსოვნდნე წინდებს და ხელთათმანებს, ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს, კერავდნენ ტანსაცმელსა და საბნებს, ეხმარებოდნენ მეომრებს და მათ ოჯახებს, ევედრებოდნენ ღმერთს, „რათა სახელოვან საბჭოთა არმიას დაეთრგუნა შემოსეული სატანის ურდოები“. პატრიარქს დედათა სავანის მოთხოვნა ხელისუფლების წინაშე დაუყენებია და დაბეჯითებით მოუთხოვია, გადაერჩინათ დანგრევა-განადგურებისაგან „სახალხო (ყოფილი მონასტრის) ქონება და სიცივით სიკვდილისაგან საქვეყნო საქმისთვის თავდადებით მშრომელი მოხუცებული მანდილოსნები“. ხელისუფლებას ეს მოთხოვნა მაშინვე დაუკმაყოფილებია.

ასეთი იყო გარეგნული სახე მათი ცხოვრებისა. გაჭირვებამ და განსაცდელებმა მონასტრის დედათა სული დაამდაბლა და მთელი არსებით ღმერთს მიაჯაჭვა. მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას წლების მანძილზე მამა დავით ჯინჭარაძე წარმართავდა. მამა დავითი გახლდათ ცნობილი მგალობელი, ათონზე გაზრდილი, ანტონ დუმბაძის მოწაფე. ის თავის დროზე ცოლიანი მღვდელი იყო. შემდეგ ცოლ-ქმარი შეთანხმდა და დავითი ბერად აღიკვეცა, მისი მეუღლე ნინო - მონაზვნად. მამა დავითი ჯერ აკენში მსახურობდა. როცა იქ ეკლესია-მონასტრები დახურეს და დაანგრიეს, მათხოჯში დასახლდა. ამ საოცარ, დიდად განათლებულ ადამიანს ჯერ კიდევ აკენში მსახურებისას ჰყავდა დაყენებული დიდი გუნდი, მათხოჯშიც ისე გაწვრთნა გალობაში მონაზვნები, რომ იქაურებს დღესაც ახსოვთ და ენატრებათ მათი ტკბილხმოვანი გალობა. აბა, ასეთ მოძღვარს ვინ მოასვენებდა, ლამის ყოველ პარასკევ საღამოს იჭერდნენ და ორშაბათს უშვებდნენ, რათა ეკლესიაში არ ეწირა. მიუხედავად დიდი დევნისა და ათეისტური პროპაგანდისა, ხალხი მაინც დადიოდა ტაძარში, რასაც კომუნისტები ვერ მოითმენდნენ. გავიდა წლები. მოხუცი, ავადმყოფი იღუმენი დავითი ისევ გურიაში დაბრუნებულა. იგი ჯიხეთის დედათა მონასტერთი დაუკრძალავთ. შემდეგ მათხოჯის სავანის პატრონობა და მწირველობა ილორის მონასტრის არქიმანდრიტს, იოაკიმე შენგელიას, უკისრია. ილორის მონასტერში ღვთისმსახურება 1945 წელს განახლდა პატრიარქ კალისტრატეს დიდი ძალისხმევით და ლავრენტი ბერიას დედის ჩარევით. სწორედ მაშინ აუყვანიათ არქიმანდრიტის ხარისხში მამა იოაკიმე. ილორი აფხაზეთისა და სამეგრლოს მოსახლეობის სათაყვანებელი ადგილი იყო, დიდი შემოსავალიც ჰქონდა და ამ ფულით მამა იოაკიმე ლამის მთელ საქართველოში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს ეხმარებოდა. ამის გარდა, სულიერადაც შეეწეოდა - მათხოჯელ მონაზვნებთან ჩადიოდა ხოლმე და უწირავდა. უკვე მოხუცი, ავადმყოფი მონაზვნების მდგომარობა რთული იყო, არ იცოდნენ, როდის გავიდოდნენ ამ ქვეყნიდან. მათ კი ხანდახან თვეობით, თვით აღდგომასაც კი, აღსარების თქმა და ზიარება არ შეეძლოთ. მამა იოაკიმეს ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა უკანასკნელ იღუმენია ელენე წივწივაძესთან. დედა ელენე 1889 წელს იყო დაბადებული. თავის დროზე ულამაზესი ქალიშვილი 21 წლისა დაქვრივებულა. ქმრის სიკვდილი ძალზე განუცდია და დასნეულებულა კიდეც. ექიმს ურჩევია: წადი მათხოჯის მონასტერში, იქაური ჰაერი მოგიხდებაო. მონასტრში მისვლისთანავე სასწაული გადახდა - ხუცური კითხვა ძილში ისწავლა. გაღვიძებისთანავე მისულა მღვდელთან, ხუცური წიგნი მოუთხოვია და თავისუფლად წაუკითხავს. ამ სასწაულის გარდა სხვა ხილვებიც ჰქონდა, რომელთაც გადააწყვეტინეს მონასტერში დარჩენა. 1922 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ქრისტიანთა დათხეული სისხლის მდინარეების მოედინებოდა, აღკვეცილა იგი მონაზვნად. ჰქონდა დიდი რწმენა, ღვთისმოშიშება და ბავშვური მორჩილება. ამ თვისებების გამო გამოირჩიეს მონასტრის დებმა იღუმენიად. დედა ელენეს სიტყვას დიდი ძალა და გასავალი ჰქონდა. დედა იღუმენია ადვილად აგვარებდა სავანეში წარმოქმნილ ყველა უთანხმოებას. ურთიერთობაში უაღრესად ნაზი და რბილი ადამიანი, გამკაცრდებოდა, როცა ვინმე მის თვალწინ ღვთის არსებობაში დაეჭვდებოდა და გამომწვევად იქცეოდა. ერთხელ ვიღაცას უთქვამს: იქნებ მართლა არ არსებობს ღმერთი, შენ და მონაზვნები ამაოდ შრომობთო. გაბრაზებულ იღუმენიას იატაკის ჯოხის მოღერებით გამოუგდია მონასტრიდან ის კაცი.

1954 წლის სექტემბერში მამა იოაკიმე მოულოდნელად გარდაიცვალა. ფილტვების ანთება ჰქონდა თურმე, მაგრამ მომაკვდავის საზიარებლად მაინც გაჰყოლია ავადმყოფის ნათესავებს. კოკისპირულ წვიმებს ხიდი წაეღო. მამა იოაკიმე შესულა გაყინულ წყალში, გადაულახავს, უზიარებია მომაკვდავი. უკან დაბრუნებული ჩაწოლილა და მეტად ვეღარ წამომდგარა.

ღირსი მამის გარდაცვალების შემდეგ მათხოჯის მონასტერში საწირავად რამდენჯერმა მოსულან ის განდეგილი, მეუდაბნოე ქართველი მამები, რომელთაც მამა იოაკიმე უვლიდა ხოლმე. მათი წმინდა სახელები მხოლოდ ღმერთმა იცის. მათ ერთ-ერთ სტუმრობას შეესწრო მონასტერში ნათესავთან მისული პატარა გოგონა, რომელიც წლების შემდეგ ჰყვებოდა: საღამოხანი იყო. მონასტერს სამი გრძელწვერა, საწყლად ჩაცმული კაცი მოადგა. ერთ მათგანს ფეხსაცმელების ნაცვლად ნაბადი ჰქონდა შემოხვეული. თავიდან გლეხკაცები მეგონენ და ძალიან გამიკვირდა, როცა მონასტრის მცველი ავი ძაღლი მათ კუდის ქიცინით შეეგება.

დედა იღუმენიამ მუხლი მოიდრიკა მათ წინაშე და კურთხევა ითხოვა, დიდი პატივით მიესალმნენ მათ სხვა დედებიც. ერთი მათგანი მივიდა ეკლესიის კართან, ჯვარი გადასახა და ის თავისით გაიღო, არადა დაკეტილი იყო და მისი გასაღები მე მქონდა. შევიდნენ ეკლესიაში და ათონიდან მათხოჯში გამოგზავნილი „ღირს არსის“ ხატი მოილოცეს. შემდეგ ერთი მათგანი უსიტყვოდ შევიდა საკურთხეველში, შეიმოსა სამღვდელოდ და მწუხრ-ცისკრის ლოცვა დაიწყო. დაღამდა. ჩამობნელდა. სასწაული ის იყო, რომ თუმცა ერთი სანთელიც არ აგვინთია, ტაძარი კაშკაშებდა. მწუხრ-ცისკარს წირვა მოჰყვა. რა თქმა უნდა, დედებიც აზიარეს. როცა ის სამღვდელოდ შემოსილი გამოვიდა ბარძიმით დიდი გამოსვლისას და მოხსენიება დაიწყო, დანარჩენ ორს ამბიონის წინ მუხლი მოედრიკათ და ხელაპყრობილნი ღაღადებდნენ: „ღმერთო, უშველე საქართველოს, ღმერთო, მოხედე საქართველოსო“.

ამ მეუდაბნოე უცნობ ქართველ მამებს, როგორც ვთქვით, მამა იოაკიმე აკითხავდა ხოლმე. მათკენ სავალი გზა გასაიდუმლოებული იყო. ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოსულა. მამა იოაკიმეს უფიქრია, აბა, ახლა ვინ მიხედავს იმ ბერებსო. შეუგროვებია ნობათი და გასდგომია გზას საიუდმლო გამოქვებულისკენ. მიარღვევს თურმე გაჭირვებით წელამდე თოვლს. ამ დროს ტყიდან მისკენ დათვი წამოსულა. „გავშეშდი, - უთქვამს მამა იოაკიმეს, - დავხუჭე თვალები, ვიფიქრე, ალბათ ეს არის ჩემი აღსასრული-მეთქი. ახლოს მოვიდა, ცხლად შემომასუნთქა და წავიდა. ცოტა ხანში გავახილე თვალები და რას ვხედავ, დათვი ოთხზე დამდგარა და გზას ტკეპნის. ველოდე, ველოდე და რომ არ დავიძარი, მომხედა, თითქოს მითხრა, - რას შვრები, რატომ არ მოდიხარო. მივხვდი, რომ ეს ღვთისაგან იყო და გავყევი. როცა გამოქვაბული გამოჩნდა, დათვი ლაწალუწით ქვემოთ დაეშვა. შევედი ბერებთან. ფერი არ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - მკითხეს ღიმილით.

ერთხელ მამა იოაკიმეს ერთმა მორწმუნემ, სახელად თამარმა, მეუდაბნოე მამებთან ნობათი და მოსახსენიებელი გაატანა. მიაწოდა ბერებს მოსახსენიებელი, მათაც ლოცვებში მოიხსენიეს. უკან რომ დაუბრუნეს, თამარი ცოცხლების სიიდან ამოეშალათ და მიცვალებულებში ჩაეწერათ. ილორში დაბრუნებულ მოძღვარს თამარი გარდაცვლილი დახვდა.

მამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და მილიციის უფროსს მიჰგვარეს. ბიჭები დუმდნენ. უფროსმა მათი დაპატიმრება ბრძანა. იმავე ღამეს მილიციის უფროსს მოულოდნელად საშინელმა ტკივილმა შეუტია და ლოგინად ჩააგდო. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარი სადღაც მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო, - ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით და ვლოცულობთო, - უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი! ხომ არ გაგიჟდით. სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ: - თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო მაგ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გამოუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირესებიო. მართლაც, გონს მოსვლისთანავე უბრძანებია დაჭერილთა გაშვება და მყისვე განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო...

ისევ მათხოჯის მონასტერს დავუბრუნდეთ. ეტყობა, ფარულმა ბერებმა ამ მონასტრის პატრონობა ვერ შეძლეს და ეს მისია სვეტიცხოვლის იღუმენს, მამა პართენ აფციაურს, უკისრია. მამა პართენიც ახლოს იყო დედა ელენესთან, დროდადრო ჩადიოდა მონასტერში და მსახურობდა. სვეტიცხოველს დიდი შემოსავალი ჰქონდა და მამა პართენიც საქართველოს ყველა მონასტერს პატრონობდა. მონასტერს ბოლო წლებში ძალიან გაუჭირდა, მათხოჯის მონასტრის დედები ნელ-ნელა გარდაიცვალნენ, იქ ახალგაზრდა არავინ მიდიოდა, დარჩენილი დედებიც ძალზე მოხუცდნენ და დაუძლურდნენ. მღვდელიც არავინ გამოჩნდა, რომ მათხოჯში დასახლებულიყო. ზოგიერთი მონაზონი ნათესავებმა წაიყვანეს. ბოლოს სამნი დარჩენილან. დედა ელენემ იგრძნო, რომ მონასტერი იშლებოდა. იქირავა მანქანა, შიგ ჩატვირთა მონასტრის სიწმინდეები და პატრიარქ ეფრემს ჩაუტანა. მათხოჯის მონასტრის „ღირს არსის“ ხატი წლების განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხონის ეპარქიის აღდგენის შემდეგ ჯერ ხონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, მერე აღდგენილ მათხოჯის მონასტერს დაუბრუნდა...

გულისტკივილით ტოვებდნენ მონასტერს ღირსი დედები. 80 წელს გადაცილებულ მონაზონს, ევპრაქსია დვალს, უთქვამს, - მონასტრის გარეშე ვერ ვიცოცხლებო. მართლაც, როცა თავისიანებმა ქუთაისში წაიყვანეს, იქ წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულა, დაუჩოქებია ხატების წინ და სული ჩაუბარებია უფლისათვის. დედა ელენესაც დიდხანს აღარ უცოცხლია მონასტრის გარეშე.

ასე გასრულდა ერთი ეტაპი მათხოჯის დედათა მონასტრის ცხოვრებისა.

ილია II-მ ერთხელ მორწმუნეებს დაგვავალა, ამოგვეწერა გარდაცვლილ ქართველთა სახელები და ლოცვაში მოგვეხსენიებინა - ღვთის წინაშე გამართლებული ქართველნი აქეთ ილოცებენ ჩვენთვისო. ამიტომაც, მკითხველო, გვსურს გაგაცნოთ მათხოჯის მონასტრის ბოლო ჟამს მოღვაწე დედათა სახელები. ვილოცოთ მათთვის და ამ ღირს დედათა სახით შევიძინოთ ჩვენი მეოხნი ღვთის წინაშე. ბოლო წლებში სავანეში მოღვაწეობდნენ: იღუმენია ელენე წივწივაძე, დედანი: ქრისტინე გოდერიძე, ეკატერინე ყურაშვილი, ანასტასია ბარაბიძე, ელისაბედ ივანიძე, მანასეა ფანცულაია, ევპრაქსია დვალი, მარიამ შალამბერიძე. შენდობას ვითხოვთ მათ წინაშე, ვისი სახელებიც ჩვენთვის უცნობია.


მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 19, 2006 წ
.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო