Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

არ არსებობს ქრისტეანობა უეკლესიოდ (გამოკრებილი არქიმანდრიტ ილარიონ ტროიცკის თხზულებიდან )

ელფოსტა ბეჭდვა PDF

არსებობს ქრისტეანობა უეკლესიოდ

„ეკლესია ღმრთისა ცხოველისა,
სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“
(1 ტიმოთეს მიმართ 3,15)

ჭეშმარიტება და ხსნა მინიჭებული აქვს ერთი მხოლოდ ეკლესიას - ასეთია ეკლესიის შეგრძნება და აღიარება. ლათინებმა, განდგნენ რა ეკლესიისგან, უღალატეს ამ აღიარებას და გამოაცხადეს: ჭეშმარიტება ბოძებული აქვს პაპის კერძო პიროვნებას, დე მხოლოდ ერთი პაპს, მაგრამ მაინც ცალკე პიროვნებას ეკლესიის გარეშე, - და ყველას ხსნას პაპი განაგებს. პროტესტანტიზმი მხოლოდ შეედავა: რატომ მარტოოდენ პაპსა აქვს ჭეშმარიტება? - და დაუმატა: ჭეშმარიტება და ხსნა განცხადებული აქვს თითოეულ ცალკე პიროვნებას ეკლესიისაგან დამოუკიდებლად. თითოეული ცალკე პიროვნება გამოცხადებულ იქნა უცოდველ პაპად. ამით პროტესტანტიზმმა სავსებით მოსპო ეკლესიის იდეა და რწმენა ცალკეული ადამიანის გონებით შეცვალა, ხოლო ხსნა ქრისტეს ეკლესიაში - მეოცნების თვითდაჯერებულობით, რომ ცხონება შეიძლება ქრისტეს მიერ უეკლესიოდ. პროტესტანტიზმისათვის ჭეშმარიტება მხოლოდ ისაა, რაც მას მოსწონს და რასაც ის სთვლის ჭეშმარიტებად. 

ადამიანები გაამაყდნენ საკუთარი წარმატებებით, შეიყვარეს საკუთარი თავი ღმერთისა და მოყვასის დავიწყებამდე... როგორ მიიღებს ამაყი ადამიანი სწავლებას ეკლესიაზე, რადგან ვიდრე მიიღებდეს ამ სწავლებას, უპირველეს ყოვლისა უნდა განთავისუფლდეს ეგოისტური სიყვარულისა და თავნებობისაგან, დაემორჩილოს ეკლესიას და ისწავლოს ადამიანის სიყვარული, თავმდაბლობით დააყენოს საკუთარი თავი სხვებზე დაბლა?

ეკლესიის ჭეშმარიტება დიდად იქნა დამახინჯებული დასავლეთ ევროპაში რომის ეკლესიიდან განდგომით და სასუფეველი ღვთისა იქ მიწიერ სამეფოს დაემსგავსა. ლათინობა მას ცვლის მიწიერი კეთილი საქმეებით, ღვთისადმი დაქირავებულის დამოკიდებულებით. თავისი გაყალბებული ხსნით თვისი წევრების შეგნებაში ამახინჯებს ეკლესიის ქრისტიანული ხსნის იდეას.

პროტესტანტიზმმა გამოუცხადა რა პაპისტურ რომს პროტესტი, არ აღადგინა ძველი ქრისტეანობა, არამედ ერთი დამახინჯება ქრისტეანობისა შეცვალა მეორით და ახალი სიცრუე უწინდელზე მწარე იყო, თუმცა ადამიანურ თავმოყვარეობასა და თავნებობას ეს გულზე მოხვდა. თავმოყვარეობასა და თავნებობაში პროტესტანტიზმმა თითქოს ერთგვარი დალოცვა და კურთხევა მიიღო, რაც პირველ ყოვლისა, თვით პროტესტანტობის დაუსრულებელ დაყოფასა და დაქუცმაცებაში გამომჟღავნდა. სწორედ პროტესტანტობამ გამოაცხადა ეს უდიდესი სიცრუე: შეიძლება იყო ქრისტეანი, - ისე რომ არანაირად არ სცნობდე ეკლესიას.

პროტესტანტული ცრუმოძღვრებისაგან დამოუკიდებლადაც მრავალი მიდის ეკლესიის უარყოფამდე, ითვისებს რა დასავლეთევროპულ მსოფლმხედველობას, რომელიც ეკლესიის გარეთ ჩამოყალიბდა და სრულიად უცხოა ეკლესიის სულისკვეთებისადმი და მტრულიც კი.

სულ უფრო და უფრო გვეძალება დასავლური ეგოიზმი, ე.წ. „კეთილშობილური სიამაყე“, თუმცა ეკლესიის მამათა სწავლებით არ არსებობს სიამაყე და ეგოიზმი გარდა სატანურისა.

თანდათანობით უცხო ხდებოდა ადამიანებისათვის ეკლესიური აზროვნება, ვიდრე სავსებით არ გაუქრათ შეხედულება ეკლესიაზე, როგორც ახალ ქრისტესმიერ ცხოვრებაზე. ქრისტე თვითონ ამბობდა, რომ აღაშენებს ეკლესიას, მაგრამ დღეს განა ვინმე ლაპარაკობს ეკლესიაზე? არა, ახლა ამჯობინებენ ილაპარაკონ ქრისტეანობაზე და ამასთან ქრისტეანობას განიხილავენ როგორც რომელიღაც ფილოსოფიურ ან ზნეობრივ სწავლებას. ეს ყალბი მინაშენი ქრისტეანობისა ეკლესიაზე, ამჯერად, როგორც შხამი, თვით საეკლესიო მრევლის ცნობიერებაში შედის ნელ-ნელა. იგი - შეფარული შხამია, რამეთუ იმალება ხმამაღალ გამოსვლებში, როგორც ფერად გარსში „ისტორიული ქრისტეანობის“, ანუ ეკლესიის ნაკლოვანებათა შესახებ, თითქოს იგი არ შეესაბამებოდეს რომელიღაც „წმინდა“ „სახარებისეულ“ ქრისტეანობას. სახარებასა და ქრისტეს უპირისპირებენ ეკლესიას, რომელსაც, რატომღაც, „ისტორიულს“ უწოდებენ, თითქოს არსებობდეს სხვა „არაისტორიული“ ეკლესია! ჭეშმარიტად, აქ სატანამ სინათლის ანგელოსის სახე მიიღო.

სარწმუნოების საკითხებზე იმის გამო იწყებენ ადამიანები ასეთ თვითდაჯერებულ მსჯელობას, რადგან უშვებენ რომელიღაც ქრისტეანობის არსებობის შესაძლებლობას, რომელიც არა მხოლოდ დამოუკიდებელია ეკლესიისაგან, არამედ მტრულიც კი მის მიმართ. ვარაუდობენ რომ შეიძლება ქრისტეანი იყო და იმავ დროს მტრობდე ქრისტეს ეკლესიას. ბევრი ჩვენი თანამედროვის გონებაში თავსდება პატივისცემა ქრისტეანობისადმი და უგულებელსყოფა ეკლესიისა.

ცილისწამება ყოველივე საეკლესიოზე დღეს ზოგიერთისათვის უბრალოდ სარფიან საქმედ იქცა. ეკლესია მათთვის ერთგვარ მტრად იქცა, რომელზეც რაიმე ცუდის გაგონება ყოველთვის ასე სასიამოვნოა ცოდვილი ადამიანებისათვის.

პირველ საუკუნეებში მტრობა ეკლესიის მიმართ ითვლებოდა მტრობად, იმავ დროს, ქრისტეანობის წინააღმდეგ. დღეს საეკლესიო საქმეებზე იგებენ ეკლესიის რენეგატებისაგან, ან საერთოდ გაბოროტებული და თავხედი გამკიცხავებისაგან (2 პეტრე 3.3), მათგან, ვისაც არანაირი ურთიერთობა არა აქვთ ეკლესიასთან, გარდა მტრობისა.

დღევანდელ ეკლესიაში, შეიძლება ითქვას, არანაირი დისციპლინა არაა: ყველაფერი არასავალდებულო გახდა ინტელიგენტი ერისკაცებისათვის - ღვთისმსახურებაზე დასწრებაც, აღსარებაცა და ზიარებაც. რის გამოც ეკლესიას, როგორც ხილულ საზოგადოებას, აღარა აქვს ცხადი და გარკვეული საზღვრები, რომელიც მას გამოყოფდა „გარეშეთაგან“.

ქრისტე თვითონ ამბობდა, რომ აღაშენებს ეკლესიას (მათე 16.18). ეს ადამიანთა ახალი საზოგადოებაა, რომელიც თვით მაცხოვრის აზრით, განსხვავდება ადამიანთა ნებისმიერი სხვა საზოგადოებისაგან და საკრებულოთაგან. ქრისტე, არცთუ იშვიათად, უწოდებდა ეკლესიას ღვთის სასუფეველს და ამბობდა რომ ეკლესია არა ამ სოფლისაგანაა (იოანე 14.27; 15.19; 17.14,16; 18.36), ანუ მისი ხასიათი არაამქვეყნიურია, იგი არ ჰგავს პოლიტიკურ, მიწიერ სამეფოს.

მიზანი სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფოსი ისაა, რომ დააკმაყოფილოს მისი წევრების ეგოიზმი ისე, რომ შელახული არ იქნას სხვისი ინტერესები. ეს კი შესაძლებელია, თუკი რამდენადმე შეიკვეცება საზოგადოების ზოგიერთი წევრის ეგოიზმი... ბაბილონის გოდოლის ბედი - ბედია სამართლებრივი სახელმწიფოსი. ასეთ სახელმწიფოში სამართლებრივი წყობა, არცთუ იშვიათად, შემაძრწუნებელი უწესრიგობით იცვლება.

უფალი იესუ ქრისტე კი ეკლესიას აფუძნებს არა ადამიანური თავმოყვარეობის დასაცავად, არამედ ეგოიზმის სავსებით მოსასპობად (განსხვავებით სამართლებრივი სახელმწიფოსაგან). ეკლესიური ერთიანობის საფუძველში ჩადებულია არა ეგოიზმის დამცველი სამართლებრივი საწყისი, არამედ ეგოიზმის საწინააღმდეგო, მისი აღმომფხვრელი - სიყვარული. მაგრამ ერთი მხოლოდ ამ მცნების მიცემა „იყვარებოდით ურთიერთას“, ცხადია არ იყო საკმარისი ჩვენი ცხონებისათვის, რადგან ადამიანი თავის თავში ვერ პოულობდა ძალებს ამ მცნებით ეცხოვრა. ეს ძალები, პირველ ყოვლისა, მოგვეცა იმით, რომ ძე ღვთისა განკაცდა და ადამიანი მჭიდროდ დაუკავშირა ღმერთს... რაში მდგომარეობს ეს ერთიანობა? ზიარების საიდუმლოება - აი, სად არის გაერთიანება ქრისტესთან და მაშასადამე - წყარო სულიერი ცხოვრებისა. ზიარების საიდუმლოება ადამიანებს აერთიანებს ღმერთთან და ამით აერთიანებს ერთმანეთთანაც. აი, რატომაა წმ. ზიარება წყარო სწორედ ეკლესიური ცხოვრებისა უპირატესად. აზრი ზიარების საიდუმლოებისა - მის ეკლესიურობაშია. ეკლესიური ერთიანობის გარეშე არ არსებობს არც ზიარება. აი, რას წერს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი: ეპისკოპოსის გარეშე ნურავინ იქმს ნურაფერს, რაც ეკლესიას ეხება. მხოლოდ ის ევქრისტია შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტად, რომელსაც ეპისკოპოსი აღასრულებს, ან ის, ვისაც იგი ამას არწმუნებს. სადაც ეპისკოპოსი იქნება, იქ უნდა იყოს ხალხიც, ისევე როგორც, სადაც იესუ ქრისტეა, იქვეა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესია (სმირნელთა მიმართ, თავი VIII). სხვა წმ. მამა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: ქრისტეში, რომელიც ზეციური პურია, ჩვენ ვხედავთ ერთ სხეულს, რომელშიც შეკავშირებული და გაერთიანებულია ჩვენი სიმრავლე (წერილი 63, ციცილიას).

ვითვლებით რა განსაკუთრებულ პიროვნებებად, საკუთარი სულებით და საკუთარი სხეულებით, ვერთიანდებით ერთ სხეულში, ქრისტეს სხეულში, ზიარების საიდუმლოების გზით და ამგვარად უფალი თანამოსხეულედ გვხდის როგორც საკუთარ თავთან, ასევე ერთმანეთთან. რამდენადაც „ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (1 კორინთელთა მიმართ 10.17), ამდენად ერთ სხეულსაც შევადგენთ (წმ. კირილე ალექსანდრიელის მიხედვით), რამეთუ ქრისტე არ შეიძლება იქმნეს განყოფილ. ამიტომაც იწოდება ეკლესია ქრისტეს სხეულად, ხოლო ჩვენ - ცალკეული ასონი ვართ პავლე მოციქულის სწავლებით (1 კორინთელთა მიმართ 12.27).

ჭეშმარიტი ცხოვნება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტესთან მჭიდრო ბუნებრივ კავშირში, ანუ, როგორც დღეს ამბობენ, ქრისტესთან რეალურ ერთიანობაში ევქარისტიის საიდუმლოების გზით, მაგრამ ეს ერთიანობა ქრისტესთან აერთიანებს ადამიანებსაც, ანუ ქმნის ეკლესიის ერთიან სხეულს. მაშასადამე, ქრისტიანული ცხოვრება თავისი არსით ეკლესიურია.

არის სხვა წყაროც კაცობრიობის ახალი ცხოვრებისა, სახელდობრ ეკლესიური ცხოვრებისა - სული წმიდა. თვით ქრისტე ამბობდა, რომ ვინც არ იშვება წყლითა და სულით, ვერ შევა ღვთის სასუფეველში (იოანე 3.5) - აუცილებელია იშვა სულისაგან (იოანე 3.6,8) და როდესაც პავლე მოციქული ეკლესიაში ადამიანების ერთიანობაზე ლაპარაკობს, ყოველთვის ახსენებს სული წმიდას, როგორც ამ ერთიანობის წყაროს.

სული ღვთისა, რომელიც განმსჭვალავს ეკლესიის მთელ სხეულს, ეკლესიის თითოეულ წევრს აერთიანებს სწორედ იმით, რომ მათ გულებში გარდამოავლენს და მოჰფენს სიყვარულს. ღმერთმა გვიხსნა ჩვენ „განახლებითა სულისა წმიდისათა, რომელი იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა“ (ტიტესადმი 3.5-6).

ადამიანურმა ამპარტავნებამ „ენები აურია“ ბაბილონის გოდოლთან, ანუ გათიშა და ერთმანეთს დააშორა ადამიანები, ხოლო ღმერთი, მოჰფინა რა ცეცხლის ენები (სული წმიდის ნიჭები), ქრისტე იესუს მიერ შეჰკრავს და აერთიანებს ადამიანებს და ითვლება რა სულთმოფენობა ეკლესიის დაარსების ისტორიულ დღედ, მაშასადამე, თავის ეკლესიაში აერთიანებს კაცთა მოდგმას.

ქრისტეს საქმე არაა ერთი მხოლოდ სწავლება. მისი საქმეა ასევე „ახალი ქმნილება“, ანუ ეკლესიის შექმნა. სული ღვთისა, რომელიც ჰგიეს ეკლესიაში, ცხოვრებაში ქრისტეანული მოძღვრების გატარების ძალებს გვაძლევს, ხოლო რამდენადაც ეს სწავლება სწავლებაა სიყვარულზე, მისი განხორციელება კვლავ - ერთხელ ჰქმნის ერთიანობას (რამეთუ სიყვარული შემაკავშირებელი საწყისია და არა გამთიშავი). ეკლესიის ზრდა, ზრდაა იმავ დროს მისი ცალკეული წევრებისა.

თუ გაწყდება ეკლესიის სხეულთან კავშირი, მაშინ ცალკეული პიროვნება, განცალკევებული და ჩაკეტილი თავის თავმოყვარეობაში, მოაკლდება სული წმიდის მადლიან ზემოქმედებას, რომელიც ეკლესიაშია.

ძველი ქრისტეანები თავის თავს, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიად შეიგრძნობდნენ და ქრისტეანული საზოგადოება ყველა სხვა სახელთან შედარებით ამჯობინებდა საკუთარი თავისთვის ეწოდებინა ეკლესია. სიტყვა „ეკლესია“ უკვე „ახალ აღთქმაში“ მეორდება 110-ჯერ. ეწრმუნებინათ ქრისტე, გამხდარიყვნენ ქრისტეანები, - ნიშნავდა შესულიყვნენ ეკლესიაში, შეერთებოდნენ მას, როგორც ამას ვკითხულობთ „საქმე წმიდათა მოციქულთა“-ში: უფალი შესძენდა ცხონებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა (საქმე 2.47; 5.13-14). უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ დააარსა ერთი წმინდა საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, რომელსაც დღეს სხვაგვარად მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდება, და არანაირი ე.წ. რომაულ-კათოლიკური, პროტესტანტული და სხვ. რაზედაც ჩინებულად იტყვის წმ. ათანასე დიდი: იესუ ქრისტეს არ დაუთმენია სიკვდილი არც იოანე ნათლისმცემელისა - თავის მოკვეთით და არც ესაია წინასწარმეტყველის სიკვდილი - გადახერხვით, რათა მისი სიკვდილის შემდეგაც მისი სხეული ერთიანი და დაუნაწევრებელი დარჩენილიყო, რათა ამ გზით წაერთმია საბაბი მათთვის, ვინც გაკადნიერდებოდნენ მისი წმიდა ეკლესია დაენაწილებინათ (ეკლესია კი, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, ქრისტეს მისტიური სხეულია).

უფლისათვის მოსაწონი იყო თავისი ეკლესიისათვის მიენიჭებინა სწორედ იერარქიული ორგანიზაცია. ეკლესიის იერარქიული წყობა დაარსებული იყო ჯერ კიდევ მოციქულთა მიერ. პროტესტანტული სამყარო ბევრს კამათობს ამ საეკლესიო ჭეშმარიტებასთან და იერარქიის მოციქულებრივი წარმოშობის უარსაყოფად იძულებული ხდება უარყოს მოციქულ პავლეს სამოძღვრო ეპისტოლეთა (ტიმოთესა და ტიტესადმი) უტყუარობა, რითაც იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის, რადგან ეჭვი შეაქვს წმ. წერილის ავტორიტეტში. საკმარისია წაიკითხოთ „საქმე წმიდათა მოციქულთა“ და პავლეს ეპისტოლეები ტიმოთესა და ტიტესადმი, რათა დარწმუნდეთ საეკლესიო იერარქიის მოციქულებრივი წარმოშობის უტყუარობაში. იგივეზე მეტყველებენ ქრისტეს მოწაფეთა და მოწამეთა კლიმენტი რომაელისა და ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეები. საეკლესიო იერარქიის მოღვაწეობა გამოიხატებოდა მადლმოსილ მღვდელმოქმედებათა აღსრულებასა, სარწმუნოებრივ სწავლებასა და საეკლესიო დისციპლინაში.

კვიპრიანე კართაგენელის მსჯელობით, იყო ქრისტეანი ნიშნავს ეკუთვნოდე ხილულ ეკლესიას და ემორჩილებოდე ღვთისგან მასში დადგენილ იერარქიას. ეკლესია არის ქრისტესმიერი სიყვარულის განხორციელება და ყოველგვარი გამოყოფა ეკლესიიდან არის სწორედ ამ სიყვარულის დარღვევა.

ერთია ჭეშმარიტება, ისევე როგორც ერთია ეკლესია. მასზე, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, არ შეიძლება ითქვას რომ ინარჩუნებს სარწმუნოებას. ეკლესიის გარეთ შეუძლებელია როგორც ქრისტეანული ცხოვრება, ასევე ქრისტეანული სწავლება. - „არ შეიძლება ღმერთი მამად ჰყავდეს მას, ვისაც დედად არ ჰყავს ეკლესია“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). კვიპრიანე „ქრისტეანს“ არ უწოდებდა მათ, ვინც ეკლესიის გარეთ იდგა. იგი ეკლესიიდან განდგომილ ნოვატიანელებსაც ნათლავდა და არა გადანათლავდა, სთვლიდა რა, რომ „ისინი (ეკლესიის გარეთ) არ იღებენ არაფერს იქ, სადაც არაფერია“. ეს წმ. მამა ასწავლიდა: ნათლობა ეკლესიის გარეთ მხოლოდ „არაფრისმომცემი და არაწმინდა შთაფლვაა (წყალში)“. „იქ (მწვალებლებთან) კი არ განიბანებიან (ცოდვათაგან) კაცნი, არამედ კიდევ უფრო შეიმწიკვლებიან. არ განიწმინდება ცოდვა, არამედ უფრო ღრმავდება. ასეთი ნათლობა აღმოუშობს შვილებს არა ღმერთს, არამედ ეშმას“. „მწვალებლები უნდა მოინათლონ ეკლესიის ერთადერთი ნათლობით, რათა ისინი მოწინააღმდეგეთაგან მეგობრებად იქცნენ და ანტიქრისტეთაგან - ქრისტეანებად“.

ეკლესიიდან განდგომილი აღარ არის უკვე ქრისტეანი, იგი განძარცულია სული წმიდის მადლისაგან და ამიტომ აღარც უნდა ჰქონდეს ცხონების იმედი. რაც შეეხება იმას, რომ ისინი თითქოს სახარებით სარგებლობენ, ამას შესანიშნავად ამხილებს ერთი ანდაზური სიბრძნე - ოქრო ავაზაკის ხელშიც ოქროდ რჩება, მაგრამ ბოროტ მიზნებს ემსახურება, ან სხვაგვარად რომ ვსთქვათ: კაიაფაც წინასწარმეტყველებდა, მაგრამ წარწყმდა. უფრო მარტივად რომ გამოვთქვათ იგივე, - სახარებას თხა და გიგოსავით უკუღმა კითხულობენ.

სიყვარული შესაძლოა შენარჩუნებულ იქნას მხოლოდ ეკლესიასთან ერთობაში, რამეთუ სული წმიდა ერთი მხოლოდ ეკლესიის სხეულს განაცხოველებს. ვინც განუდგა ეკლესიას, მას არა აქვს სული წმიდა, ისევე როგორც სხეულიდან მოკვეთილ რომელიმე ასოს არა აქვს სული სიცოცხლისა, თუმცა ერთხანს ინარჩუნებს უწინდელ ფორმას. ამის გამოც, ყველა, ვინც განკვეთილია ეკლესიიდან, ვიდრე ეწინააღმდეგება მას, კეთილი ვერ იქნება, თუნდაც მათი საქციელი საქებრად სჩანდეს - თვით მათი განკვეთა ეკლესიიდან ბოროტს ხდის მათ.

ადამიანებს აცხოვნებს მათი სიყვარული, რომელიც ახალი აღთქმის მადლია. ეკლესიის გარეთ სიყვარულის შენარჩუნება შეუძლებელია, რამეთუ იქ შეუძლებელია სული წმიდის მიღებაც.

ვინც გაყვება განდგომილების შემომტანს, იგი ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს (ეგნატე ღმერთშემოსილი - ფილადელფიელთა მიმართ).

მწვალებლები რასაც არ მოისურვებენ, ყველაფრის დასტურს პოულობენ სახარებაში. ისინი თხზავენ რაღაც ახალ „ქრისტეანობას“ და ამ სახელწოდებით ასაღებენ საკუთარ მცდარ შეხედულებებს. განა არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეკლესიიდან განდგომილნი, ყველა როგორც ერთი, ლაპარაკობენ წმ. წერილის პატივისცემაზე, მაგრამ ძალზედ მალე გადადიან თვით წმ. წერილის წიგნების დამახინჯებაზე! როგორც კი ტოვებენ ადამიანები ეკლესიას, მაშინვე იწყებენ წმ. წერილის თავისებურად განმარტებას და თითოეული განმარტავს განსხვავებულად. ქრისტე ყველა მასში მორწმუნის ერთიანობაზე ევედრებოდა მამას, მოციქულებიც შეაგონებდნენ ერთნაირად ეაზროვნათ და ერთიანი რწმენა ჰქონოდათ. ეკლესიის გარეშე, სჩანს, არანაირ ერთობაზე არ შეიძლება ლაპარაკი. კვლავ ბაბილონის „ენათა აღრევა“ უნდა მოხდეს. რწმენა ეკლესიაში ათასწლეულების მანძილზე რჩება ერთი და იგივე, ხოლო ეკლესიიდან განდგომილებთან იცვლება თითქმის ყოველდღიურად. სულ ახალი და ახალი ერეტიკოსები ჩნდებიან და ყველა ამ შემთხვევაში თითოეული თავისებურად ასწავლის. აშკარაა, რომ ეკლესიის გარეშე იკარგება, პირველ ყოვლისა, ქრისტესმიერი სწავლება და მას ცვლიან ხანმოკლე ადამიანური ბრძნობით.

ეკლესიის გარეთ ქრისტეანობის ეკლესიაზე მიმსგავსებას მოსდევს, უეჭველად, ამაზე უფრო საშინელი სიყალბე - ქრისტე ღმერთკაცის ნაზარეთელი იესო ადამიანით შეცვლა. - თუმცა მოვიგონოთ უფლის ნათქვამი პეტრეს მიმართ (მათე 16.16-18). ძე ღვთისა ძე კაცისა გახდა, რათა ძენი კაცთანი ძენი ღმრთისანი გამხდარიყვნენ. თუ ძე ქმნილება იქნებოდა, მაშინ ადამიანი კვლავაც მოკვდავად დარჩებოდა, არ შეუერთდებოდა რა ღმერთს (წმ. ათანასე დიდი).

მართლმადიდებელი ეკლესია - თავის თავში მატარებელი იდეის, ადამიანის ხსნისა, სრული აღორძინებისა, განახლებისა და განღმრთობისა, რასაც საკუთრი ძალით ვერ შესძლებს ადამიანი, რამდენსაც არ უნდა ბრძნობდეს იგი.

თუ თქვენში გაჩნდება აზრი: რა მოიტანა ახალი თავისი მოსვლით უფალმა, მაშ იცოდეთ, რომ მან ყოველივე ახალი მოიტანა, რამეთუ მოიტანა საკუთარი თავი და ამით განაახლა და განაცხოველა ადამიანი (წმ. ირინეოს ლიონელი).

განკაცებულმა ძე ღმრთისამ განაახლა ადამიანური ბუნება, დააფუძნა ეკლესია, გარდამოგვივლინა სული წმიდა და ამით დასაბამი მისცა ახალ ცხოვრებას, რისი გაკეთებაც არ შეეძლო არანაირ ბრძენს კაცთა შორის (1 იოანე 4.9; შეად. 4.13).

ყველა, ვინც ქრისტეანობას აშორებს ეკლესიას, ადრე თუ გვიან ღვთისგმობამდის მიდის. ქრისტე ღმერთკაცის უარყოფამდე სწორედ იმიტომ მიდიან, რომ ეკლესიის უარყოფის შემდეგ ქრისტეს ღმერთკაცობა მათთვის უსარგებლო ხდება (როგორც ეს დაემართათ, ვთქვათ, ე.წ. იეღოველებს).

თუ ქრისტეანობას დავაცილებთ ეკლესიას, მაშინ არავითრი საჭიროება აღარაა აღარც ქრისტეს ღმერთკაცობისა და აღარც სული წმიდისა. ხოლო ყოველივე ამის გარეშე იესუ ნაზარეველის სწავლება ისეთივე უმნიშვნელო და არაქმედითი ხდება ცხოვნებისათვის, როგორც ნებისმიერი სხვა მოძღვრება.

ერთადერთი, რასაც უეკლესიო პროტესტანტობამ მიაღწია - გათიშვაა და იგი განუწყვეტლივ იშლება სექტებად და ერთადერთი, რაც საერთო აქვთ სექტებს, ესაა სრული თავნებობა.

დღეს ადამიანები იმდენად არიან ჩაკირულნი თავიანთ ეგოიზმში, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის იდეალი მათ ეჩვენებათ პიროვნებაზე ზეწოლად, გაუგებარ და უსარგებლო დესპოტიზმად. მართლმადიდებელი ეკლესია მათგან ითხოვს თავგანწირვას, ჭეშმარიტების მორჩილებას, საერთოდ სიყვარულს, რის გამოც ჩვენი თანამედროვის სიყვარულისაგან განძარცული გულისთვის, რომლისთვისაც უფრო ძვირფასია მისი ცოდვიანი თავმოყვარეობა, ეს იდეალი ძნელად სატარებელი სჩანს.

დავასრულებდით II საუკუნის ეკლესიის მამის ირინეოს ლიონელის სიტყვებით: არ უნდა ეძებო ჭეშმარიტება სხვებთან, როდესაც ადვილია მიიღო იგი ეკლესიაში, რამეთუ მოციქულებმა როგორც იგავისეულმა მდიდარმა საუნჯეში, ყოველივე შეკრიბეს, რაც შეეხება ჭეშმარიტებას; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან სიცოცხლის წყალს. იგია, სწორედ, კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი ქურდი და მპარავია.


თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
(გამოკრებილია, მცირედი დამატებებით,
არქიმანდრიტ ილარიონ ტროიცკის თხზულებიდან
„არ არსებობს ქრისტეანობა უეკლესიოდ“)

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო