Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია (მღვდელი როდიონი)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მღვდელი როდიონი

ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია
ეკლესიის დამოკიდებულება ცრუ-მკურნალებისადმი


ბოლო დროს მრავალ ადამიანში წარმოჩინდა უჩვეულო მონაცემები: ბიოველით მკურნალობა, ტელეპატია, ტელეკანები, ნათელმხილველობა თუ წინასწარჭვრეტა და სხვანი. ეს ყოველივე თანამედროვე ცხოვრების მოვლენებია და ამიტომაც ითხოვენ რელიგიურ გააზრებას, ნათელ და მკაფიო განმარტებას.

როგორ უნდა შევაფასოთ ამ უჩვეულო მოვლენათა გაჩენა - დადებითად თუ უარყოფითად? მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ასეთი უნარის მქონე ადამიანს შეიძლება თუ არა მიმართოს დახმარებისათვის? შევეცადოთ ვუპასუხოთ ამ კითხვებს. ჯერ მივმართოთ წარსულს - წმინდა ღვთივსულიერი მამათა გამოცდილებას. „საქმე წმიდათა მოციქულთა“, რომელიც ეძღვნება წმ. მოციქულთა მოღვაწეობას იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ, გვიამბობს ვინმე სიმონ მოგვზე, რომელიც „ჰგრძნებდა და განაკვირვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა, რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირეთაგან ვიდრე დიდადმდე და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი“ (საქმე 8,9-11).

წმ. მოწამე იუსტინე ამ ადგილს ასეთ კომენტარს უკეთებს: „სიმონი იყო მოგვი და გრძნებით თავისკენ იზიდავდა უმეცარ ხალხს, რომელიც მასში დიდ ღვთიურ ძალას ხედავდა“. რა სასწაულებით აცდუნებდა სიმონ მოგვი ხალხს? იმით, რითაც თანამედროვე ექსტრასენსები - კურნებით, ტელეპატიით, ტელეკინებით, ნათელმხილველობით, ლევიტაციით, ჰაერში ამაღლებით, გარდა ამისა, წმ. თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით, სიმონი „ათვინიერებდა ეშმაკეულთ“, ანუ მაგიური საშუალებებით „დაიყოლიებდა“ ეშმაკს, რომ გარკვეული დროით მიეცა მოსვნება შეპყრობილისათვის, რაც განკურნების ილუზიას ქმნიდა. შემდგომში შეპყრობილობა კვლავ იჩენდა თავს (მსგავსი „სასწაულის“ მოწმენი გახდნენ ტელემაყურებლები, რომლებმაც „მეხუთე ბორბლის“ 1990 წლის ერთ-ერთ გადაცემაში ნახეს, თუ როგორ განდევნა ჯადოქარმა ეშმაკი ერთ-ერთი შეპყრობილი დედაკაცისაგან).

სიმონ მოგვს გულწრფელად სწამდა, რომ მოციქულებიც, ისევე როგორც ის, რაღაც მაგიური ხელოვნებით სარგებლობდნენ. მაგრამ აი, ის შეხვდა მოციქულ ფილიპეს, რომელმაც თავისი განსაცვიფრებელი ქადაგებისა და სასწაულების ძალით მოაქცია არამარტო ხალხი, არამედ სიმონ მოგვიც. სიმონის ბრმა რწმენა უძლური აღმოჩნდა ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის წინაშე. მოინათლა ხალხი და სიმონიც მოინათლა. მოგვი უძლური აღმოჩნდა სულიწმინდის მადლით მოქმედი მოციქულის წინაშე (მსგავსად ეგვიპტელი მოგვებისა, რომლებიც ჯადოქრული საშუალებებით წინ აღუდგნენ მოსეს, მაგრამ ღვთის ძალით დამარცხებულ იქმნენ (გამოს. 7-8).

იგივე „საქმე წმიდათა მოციქულთა“ მოგვითხრობს: „მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა (საქმე 16,16-18).

ნახეთ, როგორია პავლე მოციქულის დამოკიდებულება ბოროტი სულის მიმართ: მიუხედავად იმისა, რომ ქალის პირით იგი ჭეშმარიტებას ღაღადებდა, მოციქულმა ეშმაკის არაწმინდა ბაგეთაგან ჭეშმარიტების მოსმენაც კი არ ისურვა და ამით მოგვცა ნათელი მაგალითი არაწმინდა სულებთან დამოკიდებულებისა მაშინაც კი, როცა ისინი სიმართლეს გვაუწყებენ, რამეთუ ამ ჭეშმარიტების მიღმა იმალება მხოლოდ ერთი სურვილი - შეგიტყუონ მათთან ერთიერთობაში ნდობის მოპოვების მიზნით, რათა შემდეგ წარგვწყმიდონ.

კიევ-პეჩორის პატერიკში ვკითხულობთ მონაზონ ნიკიტას, მომავალი ეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედის შესახებ. ამპარტავნებისა და მედიდურობის გამო ვადაზე ადრე დაყუდებული, იგი ცდუნებულ იქნა დემონისაგან, რომლისგანაც მიეცა წინასწარმეტყველების უნარი და მთელი ძველი აღთქმის ზეპირი ცოდნა. ასე რომ „...მასთან მისულს დიდხანს ესაუბრებოდა სულის გადარჩენის შესახებ წმ. წერილის მიხედვით. მან დაიწყო წინასწარმეტყველება, მისი დიდების შესახებ ყველამ გაიგო, ყველა განცვიფრებული იყო მისი წინასწარმეტყველური უნარით. როდესაც კიევ-პეჩორის ლავრის წმ. მამათა ლოცვით მისგან ეშმაკი განდევნილ იქნა, აღმოჩნდა, რომ მას არაფერი ახსოვდა, კითხვაც კი დავიწყებოდა...

კიევ-პეჩორის იმავე პატერიკში, ღირსი ლავრენტი დაყუდებულის ცხოვრებიდან ვგებულობთ ვინმე ეშმაკეულის შესახებ, რომელიც ბოროტი სულის ზეგავლენით ლაპარაკობდა ებრაულად, ლათინურად, ბერძნულად და მსოფლიოს ყველა ენაზე, რომლებზეც ადრე არაფერი ესმოდა. იგი წინასწარმეტყველებდა მისთვის მანამდე უცნობ ადამიანებსა და მოვლენებზე.

წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მოგვად მყოფობისას მან „...შეისწავლა ეშმაკის ყველა მანქანება, დაეუფლა დემონურ ქცევებს (ჰაერში ფრენა, წყალზე სიარული და სხვ.), ისწავლა ჰაერის შემადგენლობის შეცვლა, გრიგალის წარმოშობა, ჭექა-ქუხილის გაჩენა, ზღვის აღელვება, ბაღ-ვენახებისა და მინდვრების დაზიანება, ადამიანთა დაწყლულება და დასნეულება, ერთი სიტყვით, ემშაკის შემწეობით შეიძინა განადგურებისა და ბოროტმოქმედების უჩვეულო უნარი. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ დასკვნა ნათელია: დემონურ ძალებს შეუძლიათ მიანიჭონ და ანიჭებენ კიდეც ზოგიერთ ადამიანს უჩვეულო ექსტრასენსულ მონაცემებს.

წმ. მამები ექსტრასენსების შესახებ. წინასწარჭვრეტის სამი სახე


ახლა ვნახოთ, რას მოგვითხრობენ ეკლესიის წმინდა მამების ექსტრასენსულ თვისებებზე. მივმართოთ ღირს მამა სილუანს. მისი აზრით, არსებობს წინასწარჭვრეტის სამი სახე: „...პირველი თავს იჩენს ზოგიერთი ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინტუიციის ძალით, რომელიც მარხვით მოიპოვება, მეორე - დემონური ზემოქმედებით და მესამე სულიწმიდის მადლით“. წინასწარჭვრეტის რომელ სახეს განეკუთვნება ექსტრასენსთა ნათელხილვა? მხოლოდ პირველ ორს, ვინაიდან მესამე - მხოლოდ რჩეულთ ენიჭებათ ღვთისგან წმინდა ცხოვრებით, მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოპოვებული სულიწმინდის მადლის წყალობით. ამპარტავანთ ეს მადლი არასოდეს ეძლევათ.

უფრო ყურადღებით განვიხილოთ პირველი ორი სახეობა.

წინასწარმეტყველების პირველი სახე, ბერი სილუანის აზრით, „პატიოსანმა და თავმდაბალმა ადამიანმა შეიძლება კეთილად და სასარგებლოდ გამოიყენოს, რამეთუ ხელს შეუწყობს მოყვასს ახლობლებთან ურთიერთობაში უფრო ფაქიზად აღასრულოს ქრისტეს მცნებები. ამპარტავანსა და ვნებებით დატვირთულ ადამიანს იგი ზიანს მიაყენებს, რადგან ვნებებს განუმრავლებს და წარმოუჩენს დიდ შესაძლებლობებს მათს დასაკმაყოფილებლად.

მეორე სახე მეტისმეტად საშიშია მათთვის, ვინც მას ღებულობს, რადგან ადრე თუ გვიან ამას ადამიანის სულისა და სამშინველის მტკივნეული რღვევა, მისი გარეგნული დამახინჯებაც კი მოჰყვება. ამ სახის წინასწარმეტყელების დროს, თუნდაც სხვათა აზრების წაკითხვის უნარი აღმოაჩნდეს, შინაგანად ძლიერი პიროვნების აზრებს მაინც ვერ ჩაწვდება...

რამდენადმე მეტი უტყუარობის წყალობით იგი ზოგჯერ თავს იჩენს იმ მოვლენებთან მიმართებაში, რომელთაც გარეგნული ხასიათი აქვთ. მათ, ვისაც ეს უნარი ენიჭება, იგი აძლევს შესაძლებლობებს ამპარტავნებით დატკბეს. ... და საერთოდ, დემონურ ქმედებათა დამანგრეველი, გამხრწნელი თვისებების გამო მას მხოლოდ ზიანი მოაქვს თავის მფლობელისათვის. ეს მხოლოდ დიდი ხნის გავლის შემდეგ ხდება ნათელი“.

მრავალ ადამიანს ექსტრასენსული თვისებები იოგასა და სხვა აღმოსავლურ რელიგიებში გაცნობიერების შედეგად აღმოაჩნდებათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია სნობი ჩეხი ექსტრასენსის ფრანტიშეკ ფიერდის მოღვაწეობა. მოსკოვში, პოპოვის სახელობის საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ფრანტიშეკი სწორ დიაგნოზს უსვამდა დიდ მანძილზე მყოფ ავადმყოფებს და მათი დაავადებისა თუ ცხოვრების ისტორიასაც ჰყვებოდა, აკადემიკოს გ. სპირკინის შეკითხვაზე, თუ როგორ მიაღწია მან ამას, ფიერდმა უპასუხა: „ამის შესაძლებლობას იძლევა ხანგრძლივი იოგური ვარჯიში, რის შედეგადაც ადამიანს შეუძლია გამოთიშოს გონება და ინტელექტი, ინფორმაციის ნაკადი კი მიიღოს ქვეცნობიერის დონეზე“.

აქ ექსტრასენსული მონაცემის წყარო სავსებით ნათელია, სპეციალური დიეტით, ჰათჰა-იოგას გარკვეული ვარჯიშების შესრულებით, იოგას ფილოსოფიურ სწავლებაში ჩაღრმავებითა და ხშირი მედიტაციით ადამიანი იხსნება გარკვეული კოსმოსური ძალების მხრიდან პირდაპირი ზემოქმედებისათვის, ჩაერთვის მათს „იერარქიაში“, ღებულობს ქაჯურ ცოდნას და „ნიჭებს“. იოგაში გამომუშავებულია მკვეთრი მეთოდიკა: გააკეთე ესა და ეს და შეიძენ ზებუნებრივ ძალას, და, მართლაც, შეიძენ. მაგრამ საიდან და რის ხარჯზე? ამაზე აღმოსავლელ მასწავლებლებს არ უყვართ საუბარი და, როგორც წესი, მიუთითებენ უსახურ კოსმოსურ ენერგიასა და ადამიანის შინაგან პოტენციალზე. (მე თავად საკუთარი ძალებით შემიძლია ყველაფერი, ან, უფრო მარტივად - მე ვარ ღმერთი). სწორედ ასეთი აზრის გამო დაეცა ნათლის ანგელოზი ზეციდან და გახდა სატანა (ისაია 14,14). ზებუნებრივ ძალთა შეძენის სხვა საშუალება არის ცოდნის შეძენა უშუალო დემონურ იერარქიაში ჩართული მასწავლებლისაგან. თუკი ადამიანმა ირწმუნა და მიენდო იოგას, ჯადოქარსა თუ ექსტრასენსს, იგი თავადაც სატანით შეპყრობილი ხდება ისევე, როგორც ავადმყოფთან ხშირ კონტაქტში მყოფ ჯანმრთელ ადამიანს მძიმე სენი გადაედება. ზებუნებრივ „ნიჭთა“ ზრდა-განვითარება მასწავლებლის ცდასა და მოსწავლის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული.

ამასთანავე, განდობა შეიძლება მოხდეს მოსწავლის ნების გარეშეც. ამისათვის ზოგჯერ მხოლოდ დაჟინებული ინტერესი და ნდობა კმარა.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ტრანსცენდენტალური მედიტაცია (ტმ), რომელმაც განვითარება ჰპოვა აშშ-ში, ჩვენი საუკნის 70-იან წლებში. ტმ-ში ვარჯიშის შედეგად, მათი დამაარსებლების რეკლამის თანახმად, ადამიანი აღიჭურვება მძლავრი სასიცოცხლო ძალებით, მუდმივი სიხარულით, სიმშვიდითა და ჯანმრთელობით. ამ კურის გავლის მსურველებმა გურუს (მასწავლებლის) განდობის სპეციალურ ოთახში უნდა მიართვან კალათით ყვავილები და ხილი. ეს ძღვენი იდგმება უკვე მეორე გურუს პორტრეტთან, რომელიც აღარ არის ცოცხალი და რომლისგანაც პირველმა გურუმ ეს ცოდნა მიიღო. აქვე აინთება სანთელი, აბოლებენ, პორტერტის წინ რიტუალი გრძელდება ნახევარ საათს. ცერემონიალში შედის წყნარი სიმღერა სანსკრიტზე (რომლის აზრი მოსწავლეთათვის არ არის ცნობილი) და სიმღერა იოგას ადრინდელ მასწავლებელთა სახელების მოხსენიებით.

ცერემონიის დასასრულს განდობილს მიეცემა მანტრა (საიდუმლო საკნსკრიტული სიტყვა), რომელიც მან მედიტაციის დროს განუწყვეტლივ უნდა იმეოროს. განდობილს არასოდეს არ გააცნობენ ამ ცერემონიალის შინაარსს, ის მხოლოდ მასწავლებლისთვისაა ცნობილი.

სხვათა შორის, ეს რიტუალი სხვა არაფერია, თუ არა თაყვანისცემა ინდური ღმერთის „ფუჯასი“ და გაღმერთებული გურუ მახარიშისა. ასე რომ თანამედროვე ურელიგიო ადამიანი ჩათრეული აღმოჩნდება პრაქტიკულ ცრუ-რელიგიურ რიტუალებში ისე, რომ ეჭვადაც არა აქვს, თუ რასა იქმს. მას სრულიად გაუაზრებლად აკეთებინებენ იმას, რისგან გადასარჩენადაც მისი ქრისტიანი წინაპრები ტანჯვითა და წამებით სიკვდილს არჩევდნენ. იგი მსხვერპლს სწირავს წარმართულ კერპებს. სულიერ სფეროში შესაძლოა ეს ცოდვა მეტად განაპირობებდეს ტმ-ის არნახულ წარმატებას, ვიდრე მისი დაუფლების ფსიქიკურ მეთოდიკას. მოცემული მანტრის მუდმივი გამეორება ადამიანს სავსებით გადართავს გარკვეულ ტალღაზე (ვიბრაციაზე) და აკავშირებს მას, ასე ვთქვათ, ვიბრაციის გენერატორთან. და, თუ უმთავრესი ინდუისტური მანტრა („უმ“), როგორც ამას ზოგიერთი მონაცემები გვაუწყებენ, თვით სატანის ვიბრაციას წარმოადგენს, ხოლო „ბჰაგავატ-გოტას“ მანტრა „ჰარი-კრიშნა“ თარგმანში ნიშნავს „შავ მადლს“, სავსებით გასაგებია, საით მივყვართ ამ გზას. თუმცა დემონურ ძალებთან კავშირი უკვალოდ არ ქრება. მისი შედეგი მსწრაფლ იჩენს თავს.

დღიდან დაცემისა დემონები მოკლებულნი არიან აღმშენებლობით უნარს. ისინი დამანგრეველად მოქმედებენ ყველაზე, ვინც კი მათ მიენდობა. ამერიკელი მღვდელ-მონაზვნის სერაფიმ როუზის წიგნში მოცემულია ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ დაეწყოთ ოკულტიზმით გატაცებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გონებრივი და ემოციური დარღვევები, როგორ იმატა მათ შორის თვითმკვლელობამ, მკვლელობამ, ეშმაკით შეპყრობილობამ და სხვ.

 ენერგიის მიღებისა და გადაცემის ექსტრასენსული მეთოდები

მრავალი ახლადგამოჩენილი მკურნალი გვთავაზობს ბიოველით მკურნალობას. ისინი არწმუნებენ თავიანთ პაციენტებს, რომ საკუთარ ენერგიას გადასცემენ მათ. აღმოსავლური რეფლექსოთერაპიის მონაცემებით თითოეული ადამიანი ფლობს სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ მარაგს, რომელიც მსგავსია სისხლძარღვებში განუწყვეტლივ გამდინარე სისხლისა, ცირკულირებს ერთმანეთთან დაკავშირებული ენერგეტიკული მერიდიანებით, რომლებიც ასევე დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. თუკი რომელიმე მერიდიანში წარმოიქმნება ენერგეტიკული საცობი, ან ენერგიის უკმარისობა, მაშინ ამ მერიდიანის შესაბამისი ორგანო (ღვიძლი, გული, ფილტვი და ა.შ.) ავადდება. ნემსთერაპია და წერტილოვანი მასაჟი ამ ენერგიის ნორმალური ცირკულაციის აღდგენისა და მისი სწორი გადაადგილებისაკენ არის მიმართული. აკადემიკოს ა.გ.სპირკინის ლაბორატორიის მონაცემებით, „სენსიტივი (ექსტრასენსი) თითქოსდა ხელს უწყობს ენერგიის გადანაწილებას ჯანსაღიდან დაზიანებული ორგანოსაკენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მას თავისი ენერგიის გარკვეული ნაწილის ავადმყოფისათვის გადაცემაც შეუძლია. მაგრამ ეს ენერგია არ არის უსახო, იგი თავისი მფლობელის მთელ ინფორმაციას ატარებს. გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ ეს შეეხება ბებიაქალის მიერ „შელოცვილ... ექსტრასენსის ან ჯადოქრის მიერ მონუსხულ ნივთებსაც. აი, ამავე ლაბორატორიის დასკვნებიც: „ავადმყოფს, მაგალითად შიზოფრენიკს, სხვათა კურნების არანაირი უფლება არა აქვს. მისი ავადმყოფური ინფორმაცია, შეიძლება, ჯანსაღ ადამიანს გადაეცეს“. ამგვარად, ექსტრასენსის „მე“-ს ნაწილაკი გადაეცემა პერპეციენტს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. თუ ექსტრასენსი ვნებიანი ადამიანია, „ეს ვნებები ამა თუ იმ რაოდენობით გადადის ისევე, როგორც ინფორმაცია იმ ავადმყოფობათა შესახებ, რომლებითაც ექსტრასენსი იყო დაავადებული. მიმდინარეობს უკუპროცესიც - ყველა ავადმყოფობა, რომელსაც ექსტრასენსი კურნავს, რამდენამდე შესუსტებული სახით მასზეც გადადის და, თუ ის ასე თუ ისე მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, თვითონაც ავადდება. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ენერგიით სხვებს მკურნალობენ, როგორც წესი, ბოლოს და ბოლოს ძალზე მძიმედ ავადდებიან. მრავალნი ახალგაზრდობის წლებშივე დასნეულებულან უკურნებელი დამბლით. ის ადამიანიც, რომელსაც ისინი კურნავდნენ, თუკი ავადმყოფობის მიზეზი არ ისპობოდა, კვლავ ავადდებოდა.

ენერგიის მიღების სხვა ხერხი, მათივე თქმით, არის კოსმოსი.

კოსმოსი აბსტარაქტული ცნებაა და სურვილის შემთხვევაში ძალზე მოსახერხებელია მის მიღმა „საკვირველმოქმედ ძალთა“ ნამდვილი წყაროების მიჩქმალვა. ვცადოთ, გავერკვეთ მათში.

ექსტრასენსებთან მრავალრიცხოვანი საუბრის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მუშაობის დროს მათზე გადმოდის მათკენ მომდინარე ენერგიის დიდი ნაკადი და ისინიც იყენებენ მას. საიდანაა ეს ენეგონავტი, მათ არ იციან ან, შესაძლოა, გამხელა არ უნდათ. თუკი ენერგია გამომდინარეა, მაშინ არსებობს ვიღაც, ვისგანაც იგი მოედინება.

ვინ არის ის?

როგორც მათეს სახარებაშია ნათქვამი, „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 1,23). იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: „...ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად... ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ნდომად გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და ნუ სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქყეყანისაჲ მშვინვიერი და საეშმაკოჲ“ (იაკობ 3,12,14-15).

ზემოთქმულს კარგად ადასტურებს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები. იგი წერს: „სწრაფვა სასწაულების მოხდენისაკენ სასტიკადაა დაგმობილი წმ. მამათა მიერ. ასეთი სწრაფვით მჟღავნდება რომ სულში ცოცხლობს ხიბლი, რომელიც დიდებისმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზეა... სასწაულებით დაფუძნებული. ეს სურვილი უჩნდებათ ხორცის განხურვებით მოჭარბებული ვნებების გამო, შესაძლოა მას ჰგონია კიდეც, რომ საღმრთო შურით არის აღძრული. ასევე ხიბლის და განხურვების მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც სასწაულების ხილვა სწყურია“. მაშ ასე, თუკი ექსტრასენსული უნარის მქონე ადამიანი პატივმოყვარე, ამპარტავანი, დიდებისმოყვარე და შურიანია და, თუ გააჩნია მიდრეკილებები გახრწნილებისა და ვერცხლისმოყვარეობისაკენ, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ბინძური ვნებებითაა აღსავსე, ნათელია, რომ ეს უნარი დემონური ხასიათისაა. ძალა, რომლითაც ის მოქმედებს, ეშმაკისეულია, იგი ანადგურებს როგორც ექსტრასენსს, ასევე მის პაციენტსაც.

კიეველი მეცნიერის რეშეტნიკოვას მონაცემებით, რომელმაც ადამიანის სისხლზე ექსტრასენსთა ზემოქმედების შედეგები გამოიკვლია, დადგენილია, რომ მაგნიუმისა და რკინის შემცველობა სისხლში ოპერატორის ზემოქმედების შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ან შემცირდა. რეშეტნიკოვა ეფუძნებოდა ფრანგი მეცნიერის ლუი კერვარანის გამოკვლევას, რომელმაც დაამტკიცა, რომ არსებობს ისეთი ფიზიკური პროცესი, როგორიცაა ტრანსმუტაცია (ელემენტების გარდაქმნა).

ექსტრასენსთა ზეგავლენით პერციპიენტის ორაგანიზმში, კერძოდ კი სისხლში ელემენტთა ტრანსმუტაციის შედეგად ხდება ქიმიური ბალანსის ცვლილება, რაც, მეცნიერთა მონაცემებით, იწვევს კიბოს, და შესაძლოა, შიდსსაც კი.

ადამიანები, რომლებიც მკურნალობდნენ ექსტრასენსებთან და დროებით შეუმსუბუქდათ ტკივილები, კვლავ და კვლავ ეძიებენ ენერგიის ახალი მარაგით შევსების შესაძლებლობას. ნაწილობრივ ხდებიან ტელეპატომანები (ანუ მოუთმენლად ელოდებიან ტელევიზიით ექსტრასენსთა გამოსვლას და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ე.ი. კარგავენ საკუთარ ნებას), რამეთუ დარღვეულია შინაგანი ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც მათ უცხო ზემოქმედებისაგან იცავდა. ისინი ადვილად ექცევიან ნებისმიერი, კერძოდ ბოროტი ნების ადამიანისაგან დემონური ზემოქმედების ქვეშ, მათი სული ეძიებს მსგავს ზეგავლენას, იწყება სხვა ექსტრასენსთა ძებნა, დაუყოვნებლივ მოდის შესაბამისი ინფორმაციაც და ადამიანი იწყებს ცხოვრებას მკაცრად განსაზღვრული გზით. ცხადია, არა ქრისტეს გზით. ვშიშობ, რომ ქრისტესთან მისვლას ისინი ძნელად შეძლებენ!

გარდა ამისა, ექსტრასენს-სატანისტები საელისა და ფულის მოხვეჭისათვის იყენებენ ორგანიზმში ენერგიის გადანაწილების ბარბაროსულ მეთოდს, რის შედეგადაც ავადმყოფი ორგანო ღებულობს ჯანმრთელისაგან ენერგიის ნაკადს და იკურნება, ჯანსაღი კი ავადდება. ასე მაგალითად, იკურნებიან წყლულისაგან, მაგრამ მალე ინფარქტით კვდებიან. სეანსის დროს მათ მიერ გამოიყენება პაციენტისაგან ენერგიის ამოტუმბვის პრაქტიკა. ავადმყოფთან მყარდება ხანგრძლივი ენერგეტიკული კავშირი და ამ არხით მისგან ენერგიას მომავალშიც ამოტუმბავენ. მათ, ვითომც სხვათა ავადმყოფობა თავიანთ თავზე გადააქვთ, ხოლო თავიანთ ჯანმრთელობას მათ გადასცემენ, რათა განკურნონ ისინი. ცხადია, ეს სულაც არ არის ასე. კეთილშობილური სწრაფვა შეიძლება ჰქონდეთ დამწყებ, ასე ვთქვათ, გამოუცდელ ექსტრასენსებს, რომლებიც მალე ან თავად ავადდებიან და წყვეტენ სხვათა მკურნალობას, ან მიმართავენ ენერგიის მიღები ძირითად მეთოდს (დემონური ძალებისაგან). მკურნალობის პროცესში ექსტრასენსის ძალისხმევა უმეტესწილად იქითკენ არის მიმართული, რომ შექმნას ბარიერი ავადმყოფობისაგან თავის დასაცავად. რადგან ავადმყოფობის წარმოშობის ონტოლოგიური მიზეზის მოსპობა მათ არ შეუძლიათ (ეს მხოლოდ ღვთის ხელშია), ამიტომ ექსტრასენსებს ავადმყოფობა გადააქვთ ან სხვა ორგანოზე, ან კიდევ სხვა ადამიანზე. ცხადია, ძნელია ამ მეთოდს კეთილშობილური ვუწოდოთ.

მაშ ასე, ერთ შემთხვევაში ექსტრასენსი გასცემს ენერგიას, სხვა შემთხვევაში კი ითვისებს. წინააღმდეგობაა? სულაც არა. თუ, დავუშვათ, ისინი ენერგიის 70%-ს ითვისებენ, უკან მხოლოდ 10%-ს გასცემენ. ასე მუშაობს ჯუნა, კაშპიროვსკი, რუცკო, ჩუმაკი და მრავალი სხვა.

აი, რას წერს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა.კ.სპირკინი ჯუნას შესახებ: „რა მაინტერესებს მე, როგორც მეცნიერს? თუნდაც ის, რომ ჯუნა საღამოხანს 3-4 საათის განმავლობაში 120-მდე პაციენტს ღებულობდა, როცა იგი მოსკოვში სასტუმროში ცხოვრობდა. თუ მასთან დილით მიხვიდოდით - ის მოთენთილი და გაცრეცილი იყო (სამწუხაროდ, კიდეც ეწევა). მივედით მასთან ბინაში, სადაც ის მსურველებს ღებულობს. მოდის 10 ადამიანი, მე-20, 70-ე და ჯუნა მოთამაშეს ემსგავსება, წაისულელებს, აზარტულად იქცევა, ანუ ემოციური აღმავლობის მდგომარეობაში იმყოფება. საღამოს კვლავ რესტორანში ცეკვავს, იწვის და დუღს თავისი ენერგიის ცეცხლით. სასტუმროში გვიან ღამით ბრუნდება“. ამ მონათხრობის კარგი დამატება მოიპოვებს სტატიაში, რომელიც 1987 წ. ჟურნალ „ბულგარეთის ცეცხლში“ გამოქვეყნდა. მასში ჯუნას ნაცნობი ჟურნალისტი წერს, რომ არ არსებობს ადამიანი, მასთან ემკურნალოს და ხელახლა არ დაავადებულიყოს.

განა ეს აშკარა ენერგეტიკული ვამპირიზმი არ არის? სიმთვრალე, სიგარეტი და ღამის გასართობები ფიტავენ ორგანიზმს, რაზეც ჯუნას აპათია და მოღვენთილი სახე მეტყველებს. ავადმყოფთა მიღების დროს, რომელთაგან ასე ადვილია ენერგიის მიღება, მას კვლავ უბრუნდება ძალა და მხნეობა. მექანიზმი გასაგებია. ბუნებრივია, რომ ავადმყოფობებიც კვლავ მალე იჩენენ თავს. კარგია, თუ ეს საშინელებები ავადმყოფთათვის საბედისწერო არ აღმოჩნდა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა კაშპიროვსკის ტელესეანსების დროს.

ეს უკანასკნელი, სხვა ექსტრასენსთა თქმით, ასე მოქმედებს: თუ ადამიანი ყურადღებით უყურებს, ან ისმენს კაშპიროვსკის ტელესეანსს, მაშინ მათ შორის უმალვე მყარდება უხილავი ენერგეტიკული კავშირი. ყურადღებას რაიმე ობიექტზე რომ აფიქსირებს, ადამიანი თავისი ბიოველით მასთან კონტაქტში შედის.

ასეთია ჩვენი ბუნება. აფიქსირებს რა თავის ყურადღებას რაიმე საგანზე ადამიანი, თავისი ბიოველით მიიზიდება საგნისაკენ და შედის მასთან კონტაქტში. მაგალითად, როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენ უხილავად ვამყარებთ კავშირს მის ავტორთან (თუნდაც ავტორი გარდაცვლილი იყოს) და სულის იმ მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდა მწერალი თავისი ნაწარმოების შექმნის მომენტში. მკითხველში ჩნდება იგივი გრძნობები და აზრები, ხოლო განსაკუთრებით ფაქიზად მგრძნობიარე ადამიანებში - იმავე შეგრძნებათა განცდაც. ადამიანის ბუნების სწორედ ამ თვისების გამო გვირჩევენ წმ. მამები სახარებისა და წმ. წერილის კითხვას. ამ დროს მკითხველი უკავშირდება ღმერთსა და წმინდანებს, და მათს აზრებსა და გრძნობებში შესვლით სულიერად თავადაც მდიდრდება და იზრდება. გარდა ამისა, წმინდანები გრძნობენ, როცა მათ შრომებს კითხულობენ და ლოცულობენ მკითხველის სულის საოხად.

ბინძური ვნებებით აღსავსე ადამიანთა მიერ შექმნილი, მით უფრო დემონური (იოგას სწავლებათა და სხვ.) ლიტერატურის კითხვა მათგან სწორედ იმიტომ არის საზიანო, რომ შეიძლება მათი ვნებები გადაგვედოს. მსგავსი ტექსტების კითხვისას მკითხველი იხსნება უწმინდურ სულთა ზემოქმედებისათვის. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ეშმაკის ყველა გამოვლინებას ის საერთო თვისება აქვს, რომ მის მიმართ გამოვლენილი სულ მცირე ყურადღებაც კი საშიშია. ერთი ასეთი ყურადღება, თუნდაც ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე გამოვლენილი, უდიდეს დაღს ასვამს ადამიანს, უმძიმეს განსაცდელს განუმზადებს მას.

კაშპიროვსკის სეანსის მონაწილეებმა (თუნდაც ისინი უბრალო ტელემაყურებლები იყვნენ) უმალვე განიცადეს მისი ზემოქმედება. ჩვენს მიერ გამოკითხულმა ექსტრასენსებმა, რომლებიც კაშპიროვსკის მუშაობას აკვირდებოდნენ, დაადასტურეს, რომ ხედავდნენ, თუ როგორ მოედინებოდა დარბაზისაკენ მისგან გამომავალი ენერგეტიკული ძაფები. ამ უხილავი „გამტარებით“, რომლებივ დარბაზში მყოფთა წარბებსა და ხელის მტევნის არეში შეიჭრნენ, უმალვე დაიწყო ენერგიის ამოტუმბვა.

„კი, მაგრამ ზოგიერთები რატომღა იკურნებიან?“ - იკითხავთ თქვენ. პასუხი მარტივია. წარმოიდგინეთ გაჭუჭყიანებული წყლის მილები, რომლებშიც წყალი არ გადის იმის გამო, რომ ისინი სიბინძურით არიან გამოტენილნი. მაგრამ აი, რთავენ ტუმბოს, არღვევენ ჭუჭყის საცობებს და წყალი იწყებს დენას მძლავრი ნაკადით. იგივე სურათი იქმნება სეანსის დროს. აი, რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანში ენერგიის ამ სახით აღდგენა განკურნებას იწვევს, ხოლო სხვები, განსაკუთრებით სუსტები, სიკვდილამდე მიჰყავს.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ გამოკითხული ზოგიერთი ექსტრასენსი, რომლებიც კაშპიროვსკისა და რუცკოს სეანსებს აკვირდებოდნენ, ამჩნევდნენ, როგორ ამოტუმბავდნენ ისინი ენერგიას დარბაზში მყოფთაგან, შემდეგ კი ენერგიის უმნიშვნელო ნაწილს უბრუნებდნენ ზოგიერთს შერჩევით. ასე კურნავდნენ ისინი ზოგიერთს, ასე ახდენდნენ ამ ბედნიერ გამონაკლისთა დემონსტრირებას.

ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდი ნდობისა და დიდების შარავანდედის მოპოვებას ისახავდა მიზნად.

შევაჯამოთ ზემოთქმული. უპირველესად ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ ექსტრასენსები თავიანთი ენერგიით, როგორც წესი, არ კურნავენ. მეორეც, მათ მიერ ჩატარებული მკურნალობის დროს გამოიყენება პაციენტისათვის საზიანო ენერგეტიკული ვამპირიზმი. და, ბოლოს, ისინი იყენებენ დემონურ ენერგიას, რომელსაც ასევე, მხოლოდ ზიანი მოაქვს პაციენტისათვის.

მოვიყავნ დამახასიათებელ მაგალითს, ჩემი ნაცნობი ქრისტიანის, პროფესიით ანტიკვართა რესტავრატორის, მონათხრობს: „ერთხელ მე შევიარე ჩემს ნაცნობ ანტიკვარების კოლექციონერთან. ადრე მისგან მრავალი დაკვეთა მიმიღია, მაგრამ შემდეგ ჩამოვშორდი, რადგან გადავწყვიტე სამუშაო მხოლოდ ეკლესიისათვის შემესრულებინა. სუსტად ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამის შესახებ ვუთხარი ბინის პატრონს, რომელიც ექსტრასენსი აღმოჩნდა. მან დამაწვინა დივანზე და ათი წუთის განმავლობაში მიტარებდა პასების სეანსს. თავის ტკივილმა გამიარა, მაგრამ კარგად მაინც არ ვიყავი. მალე გამოვემშვიდობე და ჩქარა წამოვედი მისგან. სახლში მისვლისას ენერგიის საოცარი მოზღვავება გივრძენი. ღამის სამ საათამდე ვმუშაობდი საკოლექციო საგნების რესტავრაციაზე, რომლებსაც ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. შემდეგაც რამოდენიმე კვირის განმავლობაში უწყვეტლივ ვმუშაობდი, მაგრამ არა ეკლესიისათვის, საეკლესიო ნივთების ხელში აღება, უბრალოდ, აღარ შემეძლო. ეკლესიაში სიარულს თავი დავანებე, ლოცვაც შევწყვიტე, განიჩნდა ფულის კეთების წყურვილი, აღმიდგან კოლექციონერებთან ურთიერთობის მივიწყებული სურვილი. გამუდმებით ვგრძნობდი, რომ საკუთარ ტყავში ვეღარ ვეტეოდი. მხოლოდ ნებისყოფის დიდი დაძაბვით შევძელი მონასტერში წასვლა. წრფელი აღსარების, ზიარებისა და ერთკვირიანი იქ მყოფობის შემდეგ (ამ ხნის განმავლობაში ბერები საგანგებო ლოცვებს მიკითხავდნენ) მე კვლავ დავუბრუნდი ეკლესიისათვის საქმიანობას“. აი, როგორ მოქმედებს ადამიანზე ექსტრასენსისაგან შესული დემონური ენერგია. მან იგი ეკლესიას ჩამოაცილა და მისი ცხოვრება თავისი გეგმის შესაბამისად წარმართა. მხოლოდ ღვთის ძალამ იხსნა ეს ადამიანი დაღუპვისაგან.


გაგრძელება...

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო