Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

„სვეტიცხოვლის ფრესკის ზოდიაქოს ნიშნები სამკითხაოდ არ გამოგადგებათ“ (ინტერვიუ მამა ბიძინა გუნიასთან)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სვეტიცხოვლის ფრესკის ზოდიაქოს ნიშნები სამკითხაოდ არ გამოგადგებათ

მართმადიდებლობა ზოდიაქოს ნიშნებს ისევე არ უარყოფს, 
როგორც ყავას, რომელზე მკითხაობა დიდი ცოდვაა


დღეს საქართველოში, ისევე, როგორც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში გაბატონებული ათეიზმის ეპოქა შეცვალა გაბატონებული ასტროლოგიის ეპოქამ. მედიის თითქმის ყველა საშუალებაში დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა ჰოროსკოპებს. მეტიც - პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს 12 ნიშანი მიმანიშნებელია იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აღიარებდა ვარსკვლავთმრიცხველობასა და ჰოროსკოპებს. თითქოს მაცხოვარმა ამ ნიშნების მიხედვით შეარჩია თავისი მოწაფეები (მოციქულები).

ამ და სხვა ასტროლოგიურ საკითხებზე „ახალ ვერსიას“ ესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიის პედაგოგი, სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი მედავითნე ბიძინა გუნია. იგი, აგრეთვე, ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსს.

- დღეს მოდაში შემოვიდა ზოდიაქოს ნიშნებით ადამიანის ბედის განსაზღვრა და ამისათვის ხშირად მიმართავენ ე.წ. აღმოსავლურ თუ ევროპულ ჰოროსკოპებს. როგორ უყურებს მართლმადიდებელი ქრისტიანობა ამას?

- ასტროლოგები ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. ისინი თავიანთ სწავლებას მართლმადიდებლობასთან თანხმიერებაში წარმოადგენენ და ამბობენ, რომ ასტროლოგიას თურმე არ უარყოფს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ეს სიცრუეა.

ჰოროსკოპების მიმართ არსებობს ცალმხრივი დამოკიდებულება - ის აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის. ვარსკვლავებით მკითხაობას ეკლესიამ დიდი ხანია პასუხი გასცა. სჯულის კანონშიც მკაფიოდ არის ამ საკითხზე პასუხი გაცემული. ნებისმიერი მკითხაობა მიუღებელი და შეუწყნარებელია მართლმადიდებლობისთვის. ის ადამიანთა ცნობიერებას არასწორი მიმართულებით წარმართავს. ასტროლოგია ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა ამტკიცებს, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია ვარსკვლავებთან, ზოდიაქოებთან, მთვარისა და მზის მოძრაობებთან.

სოტყვა „ზოდიაქო“ მოდის ბერძნული სიტყვიდან „ზოო“ (ცხოველი). ეს იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველესი დროიდანვე უმთავრესად ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება ზოდიაქოს აღსანიშნავად ძველ ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: ცხოველთა სახილველი, ანუ ცხოველთა სახილავი, ბურჯი და ეტლი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმოვაჩინო ის საკითხები, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებელი ცნობიერებისთვის საერთოდ ზოდიაქოს თანავარსკვლავედთა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. მოვუსმინოთ წმიდა იოანე დამასკელს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურთიერთმიახლოვებით, ურთიერთგანლაგებით წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან: ჩვენ ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მან მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონები ჩვენი საქმეების.

თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ე.ი. აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით, უფრო მეტიც - თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა... ამდენად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვარსკვლავები ამქვეყნად აღსრულებული არც ერთი საქმის, არც ერთი მოვლენის მიზეზნი არ არიან. არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა. მავანმა შეიძლება ისიც თქვას, რომ რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერამენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადმიანებში, მაგრამ ჩვევები ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება“.

- თავად მაცხოვრის შობისას ხომ ამობრწყინდა ახალი ვარსკვლავი, რომელიც ვარსკვლავთმრიცხველებმა და მოგვებმა დაინახეს და ის მათი გზის მკვლეველად იქცა, რათა თაყვანი ეცათ ყრმისთვის?

- დიახ, ხშირად ამბობენ, მოგვებმა ხომ იწინასწარმეტყველეს მაცხოვრის შობა და თუ ასტროლოგია მიუღებელია, მაშინ როგორ მოახერხეს ესო. უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომ ასტროლოგები თავიანთ ცრუ სწავლებას უკავშირებენ ხილულ ცას, ვარსკვლავიურ ზეცას. მათგან განსხვავებით ბეთლემის ვარსკვლავი არც ერთ ასტროლოგებისათვის მეტად თუ ნაკლებად ცნობილ ვარსკვლავს არ მიეკუთვნება. მეორე მხრივ კი, ასტროლოგები ვარსკვლავთა მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობენ. წმინდა წერილში მოხსენიებულმა მოგვებმა კი განა მაცხოვრის ბედი ან მისი ამქვეყნიური ცხოვრება იწინასწარმეტყველეს? და მესამეც, მეტი სიცხადისათვის წმიდა მამას, გრიგოლ ღვთისმეტყველს მოვუსმინოთ. მის მეხუთე სიტყვაში განგებულების შესახებ ასტროლოგიით დაინტერესებულთა მიმართ იგი გვმოძღვრავს: „ნუ მახსენებთ მე მაცხოვრის უდიდეს დიდებას, მახარობელ ვარსკვლავს, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუძღვოდა მოგვებს იმ ქალაქისაკენ, სადაც აღმობრწყინდა ქრისტე, უჟამო შვილი მოკვდავი მოდგმისა. იგი (ანუ მახარობელი ვარსკვლავი) იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, რომელთა განმჩხრეკნიც ასტროლოგები არიან, არამედ არაჩვეულებრივი და ამ დრომდე გამოუჩინებელი, ამოკითხულია ებრაული წიგნებიდან. სწორედ მათგან, ებრაული წიგნებიდან შეიტყვეს ქალდეველებმა ამ ვარსკვლავის შესახებ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ვარსკვლავთმეტყველებას მიუძღვნეს. როცა განცვიფრებულებმა გამოარჩიეს იგი, მათ მიერვე დაკვირვებულ ურიცხვ ვარსკვლავთაგან, მოინიშნეს, თუ როგორი უცხო, ახალი ელვარებით მოიწევდა ზეცად აღმოსავლეთიდან ებრაელთა მიწისაკენ და დაასკვნეს კიდეც მეფის დაბადება. და სწორედ იმ დროს, როცა ზეცის მაცხოვრებლებთან ერთად, ასტროლოგებმაც თაყვანი სცეს მეფეს, საჭიროდ აღარ უჩნდათ ზრუნვა მათსავე ხელოვნებაზე“ (ტ. II, გვ. 28).

ალბათ, საინტერესოა, თუ რომელი ებრაული წიგნიდან იქნა მოგვების მიერ ვარსკვლავის შესახებ უწყება ამოკითხული. გიპასუხებთ, რომ მოსეს ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნიდან - „რიცხვთადან“. ამ წიგნის 24-ე თავის მე-17 მუხლში ვკითხულობთ ბალაამის წინასწარმეტყველებას, რომელიც აუწყებდა: „გამობრწყინდეს ვარსკვლავი იაკობისაგან და აღსდგეს კაცი ისრაელისაგან“.

წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით „ბეთლემში მაცხოვრის თაყვანსაცემად მოსული მოგვნი ბალაამის შთამომავალნი არიან, მემკვიდრენი მისი წიგნებისა და წინასწარმეტყველებებისა, რომელნიც თვალ-ყურს ადევნებდნენ იმ დროს, როცა ქვეყნიერებას მესია უნდა მოვლონოდა“.

- ასტროლოგებს მაგალითად მოჰყავთ სვეტიცხოვლის ფრესკა, სადაც მაცხოვართან ერთად გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნები ანუ ეტლები. ამ ეტლებს ისინი მაცხოვრის თორმეტ მოციქულსაც კი უკავშირებენ და ამბობენ, რომ ქრისტემ მოწაფეები სწორედ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შეარჩია.

- ხშირად გვესმის აზრი, რომ მართლმადიდებლობა და ეკლესია ზოდიაქოს ნიშნებს უარყოფს. ამნაირი უმეცრება ძნელად წარმოსადგენია. ზოდიაქოს ნიშნებს მართლმადიდბლობა არასოდეს უარყოფდა. მოვიყვან შედარებას. ადამიანს შეუძლია ყავა მიირთვას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყავაზე მკითხაობა დაუშვებელია. ზუსტად ასევე, ხილული ზეცის თანავარსკვლავედებად (ზოდიაქოებად) დაყოფა შეიძლება, ოღონდ ვარსკვლავებზე მკითხაობა არა. არც ვარსკვლავთა ჯგუფებს, არც მზეს და არც მთვარეს ეკლესია არ უარყოფს. ეკლესია გმობს ღვთის მიერ მეოთხე დღეს შექმნილი ციური მნათობების მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობას, ვარსკვლავთმრიცხველობას.

თუმცა მართლმადიდებლობაში არსებობს ზოდიაქური გამოთვლები, რომელიც მისაღებია. ოღონდ ეს ადამიანთა ბედის გამოთვლას კი არ უკავშირდება, არამედ მართლმადიდებლობისთვის საჭირო საკითხებს ეხება. არსებობს მეათე საუკუნის ხელნაწერი, რომელსაც „მცხეთური დავითნი“ ჰქვია. მასში წარმოდგენილია ზოდიაქური გამოთვლები, მაგრამ იქ არსად არ არის მითითებული, რომ ზოდიაქოს ნიშნები გამოიყენება ადამიანთა ან კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელად.

სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოები ეკლიპტიკაზე განლაგებული ვარსკვლავთა ჯგუფებია. ეკლიპტიკა ის დიდი წრეა, რომელზეც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის მზე ერთ წელიწადში ხილულ მოძრაობის გზას გადის და ის გაივლის ამ თორმეტ თანავარსკვლავედს. ეს ფრესკა განფენილია რვა მეტრი ხუთ მეტს სიბრტყეზე. მისი ერთ-ერთი ფრაგმენტია სწორედ ეს დისკო (ზოდიაქოს რკალი). უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ფრესკაზე ანგელოზები და ოთხი ცხოველია გამოსახული. ამის შესახებ საინტერესო განმარტება არსებობს - ამ დისკოს ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი, რომელსაც მარცხენა ხელში ნახევრადგაშლილი გრაგნილი უჭირავს. მის გარშემო ანგელოზთა დასია გამოსახული. შემდეგ მოდის ვარსკვლავები, მზე და მთვარე. ამ კომპოზიციას ყველაფერს ხსნის წარწერა, რომელიც ბერძნულადაა შესრულებული და შემდეგნაირად იკითხება: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას მზე და მთოვარი, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი“. ამ ფრაგმენტს შიფრავს თავად ტექსტი. ფრესკა კი მთლიანად აპოკაპიფსის ამსახველი სცენაა.

- ერთ ჟურნალში ამოვიკითხე, რომ უცხოელმა მეცნიერებმა, რომელთაც სვეტიცხოვლის ფრესკები დაათვალიერეს, აღნიშნეს, მაცხოვრის ჯვარცმის ფრესკაზე მფრინავი თეფშებიც კი არის გამოსახულიო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რასაც ისინი მფრინავ თეფშებს ეძახიან, არის მზე და მთვარე. ეს დიდი ცდომილება და სიტუაციაში გაუთვითცნობიერებაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, სავსე მთვარეობა იყო და ისიც ვიცით, რომ მზის დაბნელება მოხდა. ასტრონომიულად ეს ყოვლად შეუძლებელია. მაშინ მაცხოვარის მიერ კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა. ეს ჯვარცმა იყო ყოველი ადამიანის, მთელი კაცობრიობის გამომხსნელი და ასტრონომიულად შეუძლებელი მომენტიც კი შესაძლებელი გახდა: მზე დაბნელდა და ამავე დროს, სავსე მთვარეც იყო ცაზე.

- მათ მიერ „მფრინავ თეფშად“ წოდებულ საგნებში ჩახატულია ადამიანთა სახეები, რაც ამ მეცნიერებმა კოსმოსური ხომალდის პილოტებად შერაცხეს.

- ამ ფრესკაზე მზისა და მთვარის გამოსახულებაში მართლა ჩახატულია სახეები, რადგან ეს ხატწერის ერთ-ერთი ხერხია, გადმოსცეს არსი გამოხატულისა. აქ რაღაც კოსმოსური ხომალდის პილოტების „ამოცნობა“ დიდი მკრეხელობაა. მე მათგან ეს არ მიკვირს, რადგან მსოფლიოში ადამიანების დიდი მასა ჭეშმარიტებას დაშორდა და მათთვის არამართლმადიდებლური საკითხები უფრო მისაღებია, ვიდრე მართლმადიდებლობის სწავლება.


ლაშა გაბუნია
გაზეთი „ახალი ვერსია“, № 29, 2002 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო