Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სპირიტიზმის შესახებ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სპირიტიზმი


ოკულტუზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცთური XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

სპირიტიზმი გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ სწავლება გახლავთ.

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა „სპირიტიუსისგან“ წარმოდგება, რაც „სულს“ ნიშნავს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დამყარებას ადამიანები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ. ისტორიულ წყაროებშიც ვხვდებით ამგვარ ცნობებს. მაგალითად, რომის იმპერატორმა ვალენტიმ, რომელიც 364-378 წლებში იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, დააპატიმრებინა ორი სპირიტისტი - ჰილარიუსი და პატრიცია, რომლებიც, თურმე შეეცადნენ, ვალენტის გარდაცვალების წელი და მის მემკვიდრეთა სახელები შეეტყოთ. წამებისას ჰილარიუსი გამოტყდა, რომ მათ ხის მაგიდა გააკეთეს და ჩადგეს დიდ საქვაბეში, რომლის ნაპირებზეც ანბანის ყველა ასო იყო გამოსახული. მათ შეკითხვაზე მაგიდა ერთი ასოდან მეორისკენ გადაადგილდებოდა და ასე სცემდა მათ პასუხს. როდესაც სპირიტისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ შეცვლიდა ვალენტის, მაგიდამ „თ“, „ე“ და „ო“ ასოებზე მიანიშნა. სპირიტისტებს ეგონათ, რომ ეს „თეოდორეს“ ნიშნავდა და ჯადოქრობა შეწყვიტეს. ამ აღიარების შემდეგ ვალენტიმ ორივე სპირიტისტი სიკვდილით დასაჯა და ხსენებული თეოდორეც მათ გზას გაუყენა, მაგრამ შეცდა - მისი მემკვიდრე თეოდოსი უნდა გამხდარიყო.

უძველესი ჯადოქრობა - გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობა - 1847 წელს ახალი ფორმით დაუბრუნდა ადამიანებს. ნიუ-იორკთან ახლოს, ერთ ამერიკულ ოჯახში, ორი გოგონა შინ მარტო დარჩა. უეცრად სახლში უცნაური კაკუნი გაისმა. ამ ხმას ვიღაც უხილავი გამოსცემდა. გოგონებს არ შეშინებიათ. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, მოჩვენებას გახუმრებოდა და თვითონაც დაიწყო კაკუნი. იდუმალმა არსებამ უმალვე უპასუხა. მაშინ გოგონამ სთხოვა უხილავ სტუმარს, თუ ადამიანი იყო, ერთხელ დაეკაკუნებინა, თუ სული - ორჯერ. დაუყოვნებლივ გაისმა ორი დარტყმა. ამან ძალზე დააინტერესა გოგონები, შემდეგ - მათი მშობლებიც, საბოლოოდ კი ეს ოჯახი მოჩვენებას - უწმინდურ სულს - კიდევაც დაუმეგობრდა. მერე და მერე მათ ამ დამღუპველ საქმიანობაში სხვებიც ჩაითრიეს. მალე ბნელ ძალებთან ურთიერთობის გამო ოჯახი ეკლესიიდან განკვეთეს. ისინი სხვა ქალაქში გადასახლდნენ. უხილავი „მეგობარიც“ თან გაჰყვათ. იქ ოჯახმა სპირიტიზმის საჯარო სეანსების მოწყობა დაიწყო, სადაც სული პასუხს სცემდა დამსწრეთა შეკითხვებს. სეანსებზე ათასობით ადამიანი იყრიდა თავს. როდესაც ასეთი უჩვეულო ინტერესი დაინახა, ეშმაკმა კიდევ უფრო გაამდიდრა თავისი რეპერტუარი - სპირიტიზმის სეანსებზე იმქვეყნიური ხმები ისმოდა და გარდაცვლილთა გამოსახულებები ჩნდებოდა. ამას ერთვოდა არაერთი უცნაური მოვლენა: ტელეპათია, ტელეკინეზი... თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლებიც დაინტერესდნენ, მათ შორის - არტურ კონან დოილიც. ის ტრაგიკულად დაღუპულთა სულებთან ამყარებდა კავშირს და ასე ცდილობდა მათი უბედურების მიზეზთა დადგენას. თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებსაც კი სესხულობდა.

ამჟამად ოკულტიზმის დემონურ ბადეში მილიონობით ადამიანია გახვეული. ყველაფერი კი ამერიკელი გოგონას ხუმრობით დაიწყო. აი, რატომ არის საშიში უბრალო ყურადღებაც კი ეშმაკის „სასწაულთა“ მიმართ. გადაბრუნებული თეფშის ტრიალითა თუ მაგიდაზე კაკუნით ადამიანები თავს დიდ საფრთხეში იგდებენ.

თანამედროვე სპირიტიზმი - ეს მთელი მოძღვრებაა საიქიოსა და მასთან ურთიერთობებზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება. ამ სწავლებაში ნათლად ჩანს ეშმაკის ძველი ხრიკი: „არა, თქვენ არ მოკვდებით... და თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთნი...“ (დაბ. 3, 4-5), - რომლითაც მან პირველი ადამიანები აცდუნა.

ეკლესიის სწავლების თანახმად კი, ადამიანს ეკრძალება იმქვეყნიურ სამყაროში ჩახედვა. თუკი ღმერთს რამე აქვს სათქმელი თავის ქმნილებათათვის, თვითონვე შეატყობინებს მას ანგელოზთა ანდა წინასწარმეტყველთა პირით. ქრისტეს ეკლესიას აქვს ბიბლია და მფარველობს სულიწმიდა, რომლის მეშვეობითაც უფალი თავის მოშიშებთან ამყარებს კავშირს (იოანე 14, 17-26).

ინფორმაცია, რომელიც სპირიტიზმის საშუალებით ხდება ცნობილი, ხშირად სიმართლეს შეიცავს, მაგრამ ამ სიმართლეს მზაკვრული საფუძველი უდევს: ადამიანს ერთი ამბის შეტყობის შემდეგ მეორის, მესამის გაგების სურვილი უჩნდება და ბოლოს მთლიანად იმქვეყნიური სამყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე ხდება დამოკიდებული, სწორედ ისევე, როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე. კაცი, ვინც ერთხელ მაინც გამოიძახა ქვესკნელიდან უწმინდური სული, უფრო და უფრო ძლიერ ეფლობა სპირიტიზმში და მისგან თავის დაღწევა არ ძალუძს. ამასთანავე, თუკი ქვესკნელიდან მიღებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდება ან თუ ავი სული რაიმე ცუდს იწინასწარმეტყველებს, ადამიანი შიშსა და შფოთში იწყებს ცხოვრებას, რაც, როგორც წესი, ფსიქიურ აშლილობამდე მიდის. ამგვარად, სპირიტიზმით გატაცება ადამიანს ამქვეყნადვე დიდ საფრთხეს უქადის.

* * *

დაბოლოს, ეჭვი რომ არავის შეეპაროს სპირიტიზმის დამღუპველ ზემოქმედებაში, მოვიყვანთ ამონარიდებს ბიბლიიდან, სადაც უფლის ნათქვამი მოსე წინასწარმეტყველის ხელით არის ჩაწერილი:

1) იცოდით, რომ ღმერთმა ისრაელს დაუბარა, ცოცხალი არ დაეტოვებინათ არავინ, ვინც ჯადოქრობას ეწეოდა? „ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო“ (გამოს. 22, 17).

2) იცოდით, რომ სულებთან ანდა მკვდრებთან კავშირი ბილწავს ადამიანს, მას აღარ ძალუძს ღვთის წინაშე წარდგომა და თაყვანისცემა? „ნუ მიმართავ მესულთანეებსა და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებ თავს, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი“ (ლევ. 19, 31).

3) იცოდით, რომ ღმერთმა მოაკვდინა ყველა, ვინც კი დახმარებისათვის მედიუმს (ჯადოქარს) მიმართა? „თუ ვინმე ჯადოქრებსა და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან“ (ლევ. 20, 6).

4) იცოდით, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში, ღვთის განჩინებით, ჩაქოლვა ელოდა ნებისმიერს, ვინც სულებს იძახებდა? „თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით ჩაქოლონ, მათზეა მათი სისხლი“ (ლევ. 20, 27).

5) იცოდით, რომ ჯადოქრობა, შელოცვა, მკითხაობა, ნეკრომანტია (მკვდრების გამოძახება - შავი მაგიის ერთ-ერთი სახეობა) და ქირომანტია (ხელისგულის ხაზებზე მკითხაობა) სპირიტიზმთან არის დაკავშირებული და ღვთისგან ისჯება? „ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი (გაიხსენეთ ჩვენში არსებული ე.წ. ჭიაკოკონობის ჩვეულება - ლ.მ.), ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებათა შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი“ (II რჯ. 18, 10-11).


მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 8, 2004 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო