Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პროგრესი, რომელიც უარყოფს ქრისტეს, რეგრესად იქცევა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი

პროგრესი, რომელიც უარყოფს ქრისტეს, რეგრესად იქცევა


ადამიანის ცხოვრება, კაცობრიობის ისტორია ღრმა აზრითაა განმსჭვალული. ეს მტკიცება ბუნებრივად გამომდინარეობს ქრისტიანული შეხედულებიდან სამყაროზე, როგორც ყოვლადბრძენი და ყოვლადსახიერი უფლის ქმნილებაზე. მაგრამ როგორია ეს აზრი? რა საჭიროა ისტორია? შეუძლებელია, მოაზროვნე ადამიანებს ეს კითხვები არ აღელვებდეთ.


ქრისტიანული სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია დებულება იმის შესახებ, რომ ადამიანისთვის საკუთარი ცხოვრების სულიერი და ხორციელი სისავსის მისაღწევად აუცილებელია, გამოცდილებით დარწმუნდეს თავის არასრულყოფილებაში, მიხვდეს, რომ არ შეუძლია ადამიანობის იმ იდეალისა და ზნეობრივ-სულიერი ცხოვრების ისეთი სისპეტაკის მიღწევა, რომელიც ასე ნათლადაა მოცემული ქრისტესა და მის სახარებაში (ამას შეიგრძნობს და განიცდის ადამიანი საკუთარი სულის სიღრმეში). ამ განცდას იგი მიჰყავს საკუთარი სულიერი მდგომარეობის დამღუპველობის შეგნებამდე და ჩადენილი ცოდვების გამო სინანულამდე. ყოველივე ამის გააზრება ადამიანს ქრისტეს მიღების უნარს ანიჭებს, მხსნელი ღმერთის, ქრისტე ღმერთის აუცილებლობას დაანახებს. ადამიანურ ცხოვრებას ქრისტესთან ზიარებით ეძლევა აზრი, რითაც თვით ისტორიის საზრისიც ხორციელდება.

შემეცნების ასეთ გზას ორი განზომილება აქვს: პირადი და საზოგადო.

პირველი ადამიანის შინაგან ცხოვრებას ეხება: როცა ის მთელ ძალისხმევას მოახმარს სინდისის კარნახითა და სახარების მცნებათა მიხედვით ცხოვრებას და რწმუნდება, ერთი მხრივ, იმაში, თუ რამდენად არასრულყოფილი, სუსტი, სულიერად დასნეულებულია საიმისოდ, რომ ქრისტესავით სპეტაკი, წრფელი და მოსიყვარულე იყოს, მეორე მხრივ კი - იმაში, თუ როგორ იცვლება სინანულითა და ლოცვით მისი შინაგანი და, მასთან ერთად, გარეგნული ცხოვრებაც ღვთისკენ შემობრუნების შემდეგ. თუ ყოველი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით გააანალიზებს, დარწმუნდება, რომ მისი სიკეთე და ბედნიერება მხოლოდ ღმერთთან ერთობაშია შესაძლებელი, ეს უკანასკნელი კი სწორი და მართალი ქრისტიანული ცხოვრებით მიიღწევა.

მეორე, სოციალური განზომილება ცხოვრების გარეგნულ მხარეს ეხება. მასზე დაკვირვება ააშკარავებს შედეგებს კაცობრიობის პროგრესისა, რომელიც არ საჭიროებს ღმერთს. კაცობრიობის განვითარების ისტორიული პროცესი ცხადად მეტყველებს მისი მოღვაწეობის ნაყოფზე, რომელიც უკვე ცალკეულ ადამიანთა სულების საიდუმლო კი არა, ობიექტური ფაქტებია. ისინი ძალაუნებურად გვაიძულებენ, ჩავუფიქრდეთ მათი წარმოშობის პირველმიზეზებს.

ამგვარად, ქრისტიანული შეხედულებით, ისტორიის საზრისი არის ის, რომ ყოველი ცალკეული პიროვნება და მთლიანად კაცობრიობა საკუთარი ნამოღვაწარის შეცნობით დარწმუნდეს ეგრეთ წოდებული „თავისუფალი“, ღვთისაგან დამოუკიდებელი ცხოვრების დამღუპველობაში და მიხვდეს ქრისტე მაცხოვრის აუცილებლობას. ამის გაგება ადამიანური ცხოვრების უმთავრესი შენაძენი და მისი ჭეშმარიტი აზრია, რამდენადაც იგია ადამიანის ცხონების საწინდარი.

ქრისტეშობიდან მეოცე საუკუნემ განსაკუთრებულად ბევრი რამ მოგვცა ამ აზრის და, მასთან ერთად, ღმერთის იდეისა და ქრისტესაგან მომწყდარი პროგრესის უაზრობის შესაცნობად. ამ საუკუნის მიწურულს ისე, როგორც არასდროს, ადამიანური მზერის წინაშე მკაფიოდ გამოჩნდა ის უფსკრული, რომლისკენაც მიგვაქანებს ღვთის გარეშე „განღმრთობის“ დაუოკებელი ჟინი. ახლა ცხადი ხდება, რომ ადამიანური აზრისა და მოღვაწეობის მთელი ის გიგანტური ძალისხმევა, რომელიც დედამიწაზე „უღმერთო სამოთხის“ შესაქმნელად იყო მიმართული, ამაო გამოდგა და კაცობრიობა სრულიად საპირისპირო შედეგებამდეც კი მიიყვანა. მესამე ათასწლეულის მიჯნაზე კაცობრიობა ისეთი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობას, არამედ თვით სიცოცხლის არსებობასაც დედამიწაზე.

რა ხდება? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?

ჩვეულებრივ, ვარაუდობენ, რომ ყველა ეს კრიზისი გამოწვეულია სოციალურ-პოლიტიკური და მეცნიერულ-ტექნიკური ხასიათის შეცდომებით და ცოდნის პროგრესთან ერთად თანდათან აღმოიფხვრება. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს, იმაზე, რასაც ქრისტიანობა უკვე ორი ათასი წელია, ამტკიცებს. სულ უფრო და უფრო მოახლოებული კატასტროფის მიზეზებს ფესვები იმ ცრუ იდეაში აქვთ გადგმული, რომლითაც კაცობრიობა დასაბამიდანვე ცხოვრობს.

მაგალითისათვის დავსვათ მარტივი შეკითხვა: რას ექცევა ყურადღება ადამიანის აღზრდა-განათლებაში? უეჭველია, მხოლოდ იმას რომ პიროვნებას მიეცეს რაც შეიძლება მეტი ცოდნა, პროფესია, ინტელექტუალური განვითარების საშუალება, ეზიაროს კულტურას, მიიღოს მატერიალური და კულტურული კეთილდღეობის მაქსიმუმი და მოახერხოს, სამუდამოდ მოეწყოს აქ, დედამიწაზე. სიკვდილი კი, როგორც მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, არავის ახსოვს. იშვიათად, ძალიან იშვიათად, აღზრდას მიზანს წარმოადგენს სპეტაკი, წმინდა ადამიანის ჩამოყალიბება, რომლის სიცოცხლის აზრიც ამქვეყნიური ცხოვრებისრვის აუცილებელი მიწიერი კეთილდღეობა კი არ იქნება, არამედ წარუვალი, მარადიული ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები. ამქვეყნიური საზრუნავით გატაცებულმა კაცობრიობამ სრულიად განდევნა საუკუნო ცხოვრების ადეა, არადა, სხვას რას შეიძლება ჰქონდეს აზრი? აზრი ხომ სიცოცხლეშია და არა სიკვდილში. „აქ“ - აი, ის კოდი, რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობის ცხოვრებას მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე: მის ფიქრებს, შემოქმედებას, იმედებს. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, სწორედ ძალების ამგვარ მიმართვას მიზნისკენ - „აქ“, მიჰყავს კაცობრიობა არა სავარაუდო საყოველთაო სამოთხემდე, არამედ საბოლოო, პლანეტარულ ტრაგედიამდე. ასეთია ადამიანის გულის და გონების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ცთომილება. ამასთან დაკავშირებით, ინტერესს მოკლებული არ იქნება შემდეგი ფაქტის მოხმობა: ყოფიერებაში გარკვეული იერარქიული, წყობა არსებობს. უმდაბლესია ფიზიკური დონე. შემდეგ მოდის ბიოლოგიური. ამ გადასახედიდან ფიზიკური სამყარო ელემენტარულად მოგვეჩვენება. ბიოლოგიურ დონეს, თავის მხრივ, აღემატება ფსიქოლოგიური. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად აჭარბებს იგი ბიოლოგიის მოთხოვნებს და ვერ ერგება მის კანონებს, გავიხსენოთ ის საოცარი ძალა, რომელიც ეძლევა ფიზიკურად უძლურ ადამიანს გააფთრების ჟამს, ან რა საშინელ დატვირთვას უძლებს ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებების დროს. კიდევ უფრო მაღალი საფეხური, რომელსაც ექვემდებარება ადამიანში როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური მხარეები, არის ზნეობრივი დონე. ადამიანი მზადაა, სამართლისა და სინდისის გამო უარი თქვას მთელ თავის კეთილდღეობაზე და მეტიც, - თვით სიცოცხლეზეც. ასეთ შემთხვევებში მოვალეობასთან, სინდისთან და ჭეშმარიტებასთან შედარებით, ადამიანის თვალში სიცოცხლეც კი უფასურდება.

მაგრამ ყოფიერების მწვერვალსა და ცენტრს წარმოადგენს სულიერი დონე, რომელთან მიმართებაშიც თვით ზნეობაც კი მეორადი და დაქვემდებარებულია. ამიტომაა, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს მის მთელ ცხოვრებას, თუმცა თვით იმ ურთიერთკავშირების კანონზომიერებანი, რომელიც ადამიანის სულსა და მისი ძალისხმევის დანარჩენ მხარეებს შორის არსებობენ, საიდუმლოდ რჩება.

რა არის სულიერება და რითი განსხვავდება იგი ზნეობისაგან? პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, მარხვაი, მოთმინებაი... ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით. უკეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე“ (გალ. 5,22-26). ესე იგი, სულიერება - ეს არის სულის მდგომარეობა, რომელსაც გარკვეული, ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი თვისებები გააჩნია. ეს თვისებები მეტყველებენ სულის განწმენდაზე შინაგანი ჭუჭყისაგან. უპირველეს ყოვლისა - ამპარტავნების, „დიდებისმოყვარეობის, ვერცხლისმოყვარეობის და გემოთმოყვარეობასაგან“ (აბბა დოროთე), რომლებიც, თავის მხრივ, უამრავ სხვა ვნებას წარმოშობენ. რამდენადაც ადამიანის სული გარეშე თვალისთვის დაფარულია, თითქმის შეუძლებელია, დავადგინოთ მისი სულიერების ხარისხი. რაც შეეხება ზნეობას, ეს არის ადამიანის ურთიერთობის ხასიათი გარე სამყაროსთან, უპირველესად - მოყვასთან, საზოგადოებასთან. იგი ადამიანის საქციელით ფასდება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საქციელის შინაგანი მოტივები სხვებისთვის, უმეტესწილად, დაფარული რჩება. ამიტომაც, ადამიანის ყველა ზნეობრივი ქმედება შეუძლებელია იყოს იმავდროულად სულიერი, ესე იგი, სიკეთის უანგარო წადილით, ანუ სიკეთის გამო ჩადენილი. ასეთ შემთზვევაში, ზნეობა არასულიერი აღმოჩნდება, მაღალზნეობრივი ადამიანი კი - „წმინდანი - სატანა.“

ადამიანის სულიერების ხასიათსა და ხარისხს, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ის მიზანი, რომელსაც იგი ისახავს ცხოვრებაში. ზოგი თესლი კეთილ მარცვალს შეიცავს, ზოგიც - ბოროტს. მათგან ნაყოფებიც შესაბამისი აღმოცენდება, ასევეა ადამიანის ცხოვრებაც. იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს ადამიანი, მისი ცხოვრება ან ჯანსაღი და სწორია, ან - არანორმალური და გონიერებას მოკლებული. ამიტომაც, საბოლოო მიზნის წინაშე ყველაფერი დანარჩენი, უკეთეს შემთხვევაში, საშუალება ხდება, უარეს შემთხვევაში კი - უფასურდება და იქელება. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანის უმაღლესი მიზანი არის ტკბობა, დიდება და სიმდიდრე, მაშინ ყველაფერი დანარჩენი - ჭეშმარიტება, სიმართლე, სინდისი, მოყვასი, სამშობლო, ბუნება და თვით უფალიც, ზედმეტი ხდება. თუ ამ მიზნისკენ უკვე ცალკეული ადამიანები კი არა, მთელი ხალხები და მთლიანად კაცობრიობა ისწრაფვის, განა ცხადი არაა, რა მოელის მთელ ამ „დასახლებულ კოსმოსს?“ თანამედროვეობის მისწრაფებებზე დაკვირვებით ამის ამოცნობა ძნელი არაა. პიროვნებისა და საზოგადოების სულიერი მდგომარეობა არის თავისებური „საშვილოსნო ხსნარი,“ რომელიც ადამიანური ყოფიერების ყველა უმდაბლესი დონის „კრისტალებს“ ბადებს, რამეთუ განსაზღვრავს ადამიანის მთლიანი ძალისხმევის მიზანმიმართულობასა და შინაარსს. სული თვითონ ქმნის ფორმებს: როგორიცაა სულიერება, ისეთივეა ადამიანური შემოქმედების ნაყოფიც. აი, რითი შეიძლება აიხსნას ჩვენი ცივილიზაციის კრიზისი. ეს არის ადამიანის ცხოვრების ძირითადი კანონიც. ქრისტემ იგი ნათლად ჩამოგვიყალიბა შემდეგ სიტყვებში: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მთ. 6,33). ეს შეგონება შეიძლება წავიკითხოთ სხვაგვარადაც: თუ უპირველესად ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს არ ეძიებთ, ვერაფერს მიაღწევთ. ასეთია ქრისტიანული, უფრო ზუსტად - მართლმადიდებლური პასუხი თანამედროვეობის უმთავრეს კითხვაზე: რატომ ხდება, რომ კაცობრიობა სრული ამქვეყნიური ნეტარების ტრიუმფს კი არ უახლოვდება, არამედ საშინელი სისწრაფით მიექანება საბოლოო და შეუქცევადი ტრაგედიისკენ?

ბევრი ვინმე მიანიშნებდა ამ კანონზომიერებაზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიხმოთ ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწის, ივანე სერგის ძე აქსაკოვის გამონათქვამი. იგი ასზე მეტი წლის წინ წარმოითქვა და თავისი ძალითა და წინასწარმეტყველური პათოსით გამოირჩევა: „პროგრესი, რომელიც უარყოფს ღმერთსა და ქრისტეს, ბოლოს და ბოლოს, რეგრესად იქცევა, ცივილიზაცია მთავრდება გაველურებით, თავისუფლება - დესპოტიზმითა და მონობით. ღვთის ხატჩამოცილებული ადამიანი აუცილებლად ჩამოიცილებს - და უკვე იცილებს კიდეც - ადამიანის ხატებასაც და მხეცის ხატის შემოსვას მოიწადინებს“. აქსაკოვს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, უეჭველია, ამ გამონათქვამს ასე დაასრულებდა: „და ეშმაკის ხატის შემოსვას მოიწადინებს“, რადგან ძნელია, სხვა სახელი დაერქვას იმ ცხოვრებისეულ იდეალებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო იპყრობენ თანამედროვე კაცობრიობას.

ქრისტიანობა მოგვიწოდებს, სანამ გვიან არ არის, გადავსინჯოთ და გამოვასწოროთ ცივილიზაციის განვითარების ის საბედისწერო გზა, რომელსაც დასაბამი დაედო მაშინ, როცა ადამიანმა პირველად შესცოდა, პირველად შეიპყრო ცთუნებამ, მოეწყვიტა სრულყოფილი ცოდნის („კეთილისა და ბოროტის“ ცნობის) ხის ნაყოფი და ამქვეყნად თვით გამხდარიყო ღმერთი ღმერთის გარეშე - რაც განსაკუთრებული ძალითა და სულ უფრო მეტი დაჟინებით ხორციელდება ჩვენს დროში. მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ხელს ავიღებთ მატერიალიზმზე, როგორც პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპზე, ყოველი ჩვენგანი შევუდგებით ჭეშმარიტ სინანულს და უფალს წრფელი სინდისით ცხოვრებას აღვუთქვამთ. შესძლებს კი კაცობრიობა გაიცნობიეროს თავისი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მდგომარეობის დამღუპველობა და მისი წარმოშობის მიზეზი? თუ ამას შევიცნობთ, ადამიანის ცხოვრებისა და კაცობრიობის ისტორიის საზრისსაც გავიგებთ და მესამე ათასწლეულში ჩვენს სამყაროში დადებითი ცვლილებების განხორციელების იმედიც გაჩნდება.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო