Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პირველი ნაწილი (პაექრობა ათეისტ ლექტორსა და მორწმუნე გლეხს შორის)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ჩვენთან არს ღმერთი!
ავტორისაგან


პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე დაბრუნებისთანავე განაცხადა: - ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო. 

ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთვარემდეც კი არ მიუღწევია და რომ მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმა ამ გულუბრყვილო განცხადებაზე. ცნობილია, დედამიწიდან უახლოეს გალაქტიკამდე რომ მიაღწიო რამდენიმე მილიონი წელიწადია საჭირო. ასეთი გალაქტიკები კი მილიონობითაა. ამიტომ განსვენებული კოსმონავტის ეს სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სარწმუნო, ვისაც ამ საქმისა არაფერი გაეგება, ვისაც არაფრით არ უნდა იწამოს ღმერთი.

იური გაგარინისგან განსხვავებით ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე მილიონობით ტელემაყურებელი გახდა. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩენილ ადამიანს სწამს.

მთელ სამყაროში ჩვენი დედამიწა ერთი ციცქნა, შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკია. ამ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობს ადამიანი. აქ ჩაიდინა მან თავისი პირველი ცოდვა და აქვე მოხდა მისი ამ ცოდვისაგან განწმენდა. თვით სამყაროს შემოქმედმა შეისხა ხორცი, გარდამოგვევლინა ზეციდან და ოცდაცამეტი წელი იცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ მისივე ქმნილი არსება აღსდგა მისსავე წინააღმდეგ და ჯვარს აცვა იგი.

დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რა არის კაცი ღმერთთან შედარებით?!

არარაობა! მაგრამ თავი ყოველთვის ისეთ დიდ ვინმედ წარმოუდგენია, რომ ღმერთს, თავის გამჩენსაც უარყოფს. ამით კი სამუდამოდ იღუპავს თავს. ღვთის რწმენა არ შეიძლება აღიგავოს პირისაგან მიწისა, არ გაქრება იგი მანამ, სანამ სამყარო არსებობს. ღვთის რწმენა ყოველთვის ცოცხლობს ბრძენ ხალხში, ცოცხლობს იგი პაპა დამიანეს (მას სოფელში ყველა ასე იხსენიებდა), იმ თბილი და ბრძენი კაცის გულში, რომელსაც ეს წიგნი გაგაცნობს, ძვირფასო მკითხველო!


პირველი ნაწილი
1. პაექრობა


„ვიდრე ნათელი გაქუნ, გრწმენინ ნათელი, 
რაჲთა ძე ნათლისაჲ იყუნეთ“
(იოანე 12, 36)



შობის დღესასწაულს ჩემს ნათესავებთან, სოფელში შევხვდი. სწორედ იქ გავხდი იმ პაექრობის მოწმე, რამაც ეს წიგნი დამაწერინა.

დღესასწაულის წინ მთელ სოფელში გამოაკრეს აფიშები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ კულტურის სახლში ჩატარდებოდა ლექცია რელიგიის წარმოშობის შესახებ. „ლექციის ბოლოს გაიმართება დისპუტი“ - აღნიშნული იყო აფიშაზე.

ეს სოფელი მორწმუნე სოფლად ითვლებოდა. თითქმის არ იყო ოჯახი, რელიგიური ლიტერატურა რომ არ ჰქონოდათ. ბავშვებიც სულიერ ატმოსფეროში იზრდებოდნენ, უფროსებთან ერთად დადიოდნენ ტაძარში და ლოცულობდნენ. თუმცა სკოლაში თავგამოდებით ცდილობდნენ განედევნათ მათგან ყოველივე სულიერი. ამას მთელ სოფელშიც ცდილობდნენ. ამიტომ ამ ლექციას ათეისტები დიდ მისიას აკისრებდნენ. ხალხი მართლაც ბევრი მოვიდა. ისინი უმეტესად აფიშის ბოლოს მიწერილმა სიტყვამ - „დისპუტმა“ მიიზიდა. მოწვეული ლექტორის წინაშე თავი რომ მოეწონებინა, კულტურის სახლის დირექტორმა დიდი მონდომება გამოიჩინა და თვითონ ხელმძღვანელობდა დარბაზის სათანადოდ გაფორმებას. სწორედ ამ მიზნით ჩამოკიდეს კედელზე ლოზუნგები: „რელიგია ოპიუმია“, „არცერთი ჩამორჩენილი ჩვენს გვერდით!“ და ა.შ. ლექტორი თვითონ დირექტორმა წარუდგინა ხალხს. იგი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იქნებოდა, კეთილი, სათნო ღიმილით, მაგრამ ტრიბუნაზე ასვლისთანავე თითქოს ფერი იცვალაო, ღიმილი სადღაც გაუქრა და სახეზეც მკაცრი გამომეტყველება მიიღო. ასე თვითდაჯერებული ტონით დაიწყო საუბარი:

- როგორც იცით, რელიგია ადამიანთა უვიცობის ნიადაგზე აღმოცენდა, - განაცხადა მან, - დღეს ათეისტური მსოფლმხედველობა ყველაზე მაღლა დგას მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ უვიცობის გამო ადამიანმა გააღმერთა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა, ყოვლისშემძლე ღმერთებად მიიჩნია, მათზე იწყო ლოცვა და მსხვერპლსაც სწირავდა.

შემდეგ ლექტორმა მოიყვანა ციფრები და ციტატები გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებიდან. ყოველი მათგანი მიმართული იყო იმისკენ, რომ ღვთის რწმენიდან არაფერი დაეტოვებინა, მოესპო იგი დარბაზში მსხდომთათვის.

- დღეს ადამიანმა თავისი განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, - განაგრძობდა იგი, - რომ სამყარო თავისთვის გიგანტურ ლაბორატორიად აქცია. დედამიწიდან ასობით ხელოვნური ხომალდი გაფრინდა მთვარეზე, მარსზე, ვენერაზე. კოსმოსში ფრენა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანმა მთვარეზეც კი დაადგა ფეხი. - ლექტორმა აქ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დარბაზში მსხდომთ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ წარმოსთქვა: - ღმერთი კი არსად უნახავს. ამან კი საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ღმერთი არ არსებობს. მართლაც წარმოუდგენელია, ჩვენს დროში ადამიანს კვლავ სწამდეს ღმერთი, რაღაც სასწაულები და ზეციური მოვლენები.

ლექტორმა დირექტორის კმაყოფილი სახის დანახვაზე ლექცია ასეთი განცხადებით დაასრულა:

- რელიგია ძველისძველი გამხმარი ხეა, რომლის მთავარი ფესვები უკვე ამოძირკვულია. მის ნარჩენებს კი, დარწმუნებული ვარ, მალე მუზეუმში დავუდებთ ბინას, როგორც ერთ დროს დავუდეთ ბინა პირველ საქსოვ დაზგას.

დარბაზში ამ განცხადებამ ბევრში აღფრთოვანებაც გამოიწვია. ზოგი ტაშის ცემითაც კი შეხვდა ამ სიტყვებს. მხოლოდ მორწმუნენი ისხდნენ შეწუხებულნი და ხმას არ იღებდნენ.

გამოცხადდა შესვენება.

დარბაზში სოფლის ბრძენკაცი - პაპა დამიანეც იმყოფებოდა. ეს იყო სამოც წელს გადაცილებული კაცი, წითური, მოზრდილი წვერით, კეთილი, სუფთა თვალებით. იგი გამჭრიახი გონებისა და სამართლიანობის გამო ძალიან უყვარდათ თანასოფლელებს. პაპა დამიანე ერთი კარგი თვისებითაც გამოირჩეოდა: თვითონ, საოცრად ნაკითხს, სხვისი საუბრის მოსმენაც უყვარდა და გულისხმიერი მსმენელი გახლდათ. მას უყვარდა ბუნება და სათუთად ექცეოდა ყველაფერს - ყვავილი იქნებოდა ეს თუ ბალახი, ცხოველი თუ ფრინველი. ყოველ მათგანში შემოქმედის სიბრძნეს ხედავდა. იგი უბრალოდ, გასაგებად და რაც მთავარია, რწმენით საუბრობდა. ამჯერად იგი თავის ათი წლის შვილიშვილთან - ტრიფონთან ერთად მოსულიყო ლექციაზე.

- რაო, პაპა დამიანე! რამე სადაო თქვა ლექტორმა?! - ჰკითხა ერთმა.

- ჩემის აზრით, ჯობია შინ წავიდეთ. - შესთავაზა მეორემ.

- ხომ ხედავ, როგორ მოეწონათ ლექცია ამ უღმერთოებს. აბა, რა საერთო შეიძლება გვქონდეს ამ ურწმუნოებთან! მათ ვერაფერს შეაგნებინებ. არც შეეცადო, დაგცინებენ!

- მე კი მგონია, რწმენა უნდა დავიცვათ აქ მსხდომ მორწმუნეთათვის. - მშვიდად განაცხადა პაპა დამიანემ.

„როგორი მცირდემორწმუნე გახდა ხალხი?! - ფიქრობდა იგი დამწუხრებული, - დაცინვისა ეშინიათ. დაივიწყეს, რომ რწმენას კაცი სოცოცხლესაც კი სწირავდა. ეჰ, რა დრო დადგა! განა შეიძლება დააეჭვოს კაცი ღვთის არსებობამ?!“

დამიანეს პატიოსან კაცად ვერც კი წარმოედგინა ადამიანი, რომელიც ღმერთს უარყოფდა. ყველა ურწმუნოს იგი მატყუარად თვლიდა, რადგან ბევრჯერ უნახავს ასეთი კაცი გასაჭირისას სწორედ ღმერთს რომ უხმობდა საშველად.

დასაწყისი

შესვენების შემდეგ კულტურის სახლის დირექტორმა ხალხს მიმართა:

- ვის სურს გამოვიდეს ამ თემასთან დაკავშირებით?

სამწუხაროდ ასეთები არ აღმოჩნდნენ. მაშინ წამოდგა პაპა დამიანე.

- თქვენ გსურთ?! - გამომცდელი მზერა მიაპყრო დირექტორმა მოხუცს. - მობრძანდით!

პაპა დამიანემ ჩაახველა.

- კეთილო ადამიანო! - მიმართა მან ლექტორს. - შენ ბევრი რამ გვითხარი, (სხვათაშორის ისიც მინდა გითხრათ, რომ პაპა დამიანე ყველას შენობით მიმართავდა, მაგრამ ამას ისეთი თავაზიანობით აკეთებდა, არავის აღიზიანებდა), - შენ რელიგია და საქსოვი დაზგაც კი შეადარე ერთმანეთს და აღნიშნე, რომ რელიგიას მალე მუზეუმში ჩააბარებენ... მაგრამ რელიგია ძველი ავეჯი როდია, რომ აიღო და გადააგდო... იგი ხომ ადამიანის სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია და ასეთ სერიოზულ რამეზე განა შეიძლება ასე ხელაღებით ილაპარაკო?! შენ ისიც ბრძანე, რომ უვიცმა ადამიანებმა რელიგია შიშის გამო გამოიგონეს, რომ მათ გააღმერთეს ბუნება, თაყვანს სცემდნენ მზეს, ქვებს, ხეებს და ა.შ. მე კი მინდა გითხრათ, რომ ადამიანებმა ღმერთი კი არა ღმერთები გამოიგონეს, ეს იყო წარმართული ღმერთები და არა ჭეშმარიტი ღმერთი. ჩვენ კი სწორედ ეს ჭეშმარიტი ღმერთი გვწამს. მისი გამოგონება ჩვენ არ გვჭირდება, ვინაიდან იგი მუდამ იყო, არის და იქნება. - აქ პაპა დამიანემ ცოტა შეისვენა და მერე განაგრძო. - აი, შენ ამბობ, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია კი ამის დამტკიცება?!

- ამას რა მტკიცება უნდა?! - გაიკვირვა ლექტორმა. - მეცნიერების უდიდესი მიღწევები განა ამაზე არ მეტყველებენ?! მეოცე საუკუნე ხომ სწორედ მეცნიერების და ტექნიკის საუკუნეა და არა რელიგიის. რელიგიამ უკვე მოჭამა თავისი დრო.

- სცდები ძვირფასო! მეცნიერება ღმერთს კი არ ეძებს, სულ სხვა მიზნები აქვს დასახული. იგი სწავლობს და იძიებს ბუნებაში უკვე დადგენილ კანონებს. განა არ იცი მეცნიერებშიც ბევრი რომ იყო მორწმუნე?! ლომონოსოვი, პირაგოვი, პავლოვი, ციოლკოვსკი და მრავალი სხვა. სწორედ სარწმუნოება უხსნიდა მათ სხვადასხვა საიდუმლოებებს, ეხმარებოდა აღმოჩენებში. უადვილებდა მათ ბუნების შეგრძნებას, უფლის სიბრძნის დანახვას. ღვთის რწმენა მუდამ იყო და იქნება! განა ამას არ მოწმობს ადამიანის სული სულ რომ ცისკენ ისწრაფვის?! ასეა იგი ღვთისგან შექმნილი და იმიტომ. ამას ჩვენი მწერლებიც აღიარებენ. ამასწინათ ერთი წიგნი წავიკითხე. იქ ჩვენი კოსმონავტები შედარებული იყვნენ თევზთან, რომელიც ტბიდან ამოხტა სამყაროს შესაცნობად, მაგრამ, სულშეხუთული, უკან რომ ჩახტა და ტბაში მყოფ თევზებს განუცხადა:

- იქ არც არავინ არის და არც არაფერია, და საერთოდ ჩვენი ტბის გარდა არსად სიცოცხლე არ არისო.

ასეა ადამიანიც! რაღაც ორ მეტრზე აფრინდა და გაჰყვირის:

- ღმერთი არ მინახავს, ე.ი. არც არსებობსო.

განა ღმერთის დანახვა კოსმოსური ხომალდიდან შეიძლება?! იგი ხომ თვალუწვდენელ ნათელში იმყოფება! აი, მისი შეგრძნება კი ნამდვილად შეიძლება. თუ ყურადღებით მიმოვიხედავთ გარშემო, ყველგან წავაწყდებით მის ნაკვალევს.

ყველანი სულგანაბულნი უსმენდნენ პაპა დამიანეს.

2. ფუტკრები


 მე ფუტკრების რამდენიმე ოჯახი მყავს, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - მათზე დაკვირვებამ დამანახა რა კარგად ართმევენ ისინი თავს საქმეს, როგორი სიბრძნით წარმართავენ მას. მათემატიკური სიზუსტით აკეთებენ ფიჭის უჯრედებს. ჩვენ, ადამიანები დღესაც ვერ ვაღწევთ ასეთ სიზუსტეს. განა გასაკვირი არ არის, როგორ იღებენ ისინი ყვავილებიდან ნექტარს, როგორ აგროვებენ მას. ბევრ ადამიანს შეშურდება მათი სიბრძნე. ახლა მინდა გკითხო: 

- ვისგან ისწავლა მან ეს ყველაფერი, საიდან აქვს მას ეს სიბრძნე?!

- არავისგანაც არ უსწავლია! - სწრაფად უპასუხა ლექტორმა. - ეს სიბრძნე, როგორც თქვენ ამას უწოდებთ, თანდაყოლილი ინსტიქტია და სხვა არაფერი. ასეთი ინსტიქტი გააჩნია ადამიანსაც, ცხოველსაც, მწერსაც, ფრინველსაც, მოკლედ ყველა ცოცხალ არსებას. იგი მათ ამოქმედებს გონების გარეშე, თუმცა საბოლოო ჯამში სარგებლობას იძლევა, ე.ი. აღწევს საჭირო მიზანს. გაიგეთ რა ყოფილა ეს სიბრძნე?

- მე სხვა რამ გკითხე, შენ კი სულ სხვა რამეს მპასუხობ. მე გეკითხები საიდან აქვს მას ეს სიბრძნე, ეს ინსტიქტი? - გაუმეორა შეკითხა პაპა დამიანემ.

- საიდან და შეუგნებელი ჩვევიდან. ასეთი ჩვევის გამომუშავება ადამიანისთვისაცაა დამახასიათებელი, ცხოველისთვისაც, ფრინველისთვისაც და მწერისთვისაც. მაგალითად, ჩვენ ისე ვეჩვევით სიარულს, წერას, კითხვას, რომ ამას მერე თავისდაუნებურად, მექანიკურად ვაკეთებთ. ასეა ფუტკარიც. ასეთ ჩვევებს ისინი გამოიმუშავებენ ათასი და ათიათასი წლის მანძილზე.

- უყურე შენ?! - გაიკვირვა პაპა დამიანემ. - გამოდის რომ ათასი წლის წინ ფუტკრები უფრო ჭკვიანები ყოფილან, ვიდრე დღევანდელი არქიტექტორები.

- როგორ თუ უფრო ჭკვიანები?! - გაიკვირვა ლექტორმაც.

- როგორ და ისე! ფუტკრები ხომ ათასი და ათიათასი წლის წინათაც ისეთ ბრძნულ სამუშაოებს ასრულებდნენ, რომლებიც დღესაც მიუწვდომელია მეცნიერებისათვის. მეცნიერებას დღესაც არ შეუძლია ყვავილიდან თაფლის მიღება, ფუტკრისათვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ისიც წამიკითხავს, თუ როგორ ამატებენ ფუტკრები თაფლს 25% წყალს და კიდევ რაღაც ნივთიერებას, რომელიც თაფლს გაფუჭებისაგან იცავს. ვინ ასწავლა მათ ეს? ჩვენ, ადამიანებს, წერა-კითხვა, სიარულიც კი ვერ გვისწავლია დამოუკიდებლად. ნუთუ ფუტკრებმა ეს ყველაფერი თვითონ ისწავლეს?

ლექტორმა დაბნეულობა ვერ დამალა. მაშინ მას დირექტორი წამოეშველა:

- თემიდან ნუ გადაუხვევთ. ილაპარაკეთ მხოლოდ იმაზე, საიდან წარმოიშვა რელიგია.

- არავინ არ უხვევს თემიდან! - წამოიძახა ერთმა დარბაზიდან.

- სწორედ რომ თემას ეხება კითხვა! - მხარი აუბა მეორემ.

- უპასუხეთ, თუ შეგიძლიათ! - ნიშნის მოგებით წარმოთქვა მესამემ.

- თავს ნუ არიდებთ შეკითხვებს! - ეს უკვე ბოლო რიგებიდან გაისმა.

3. დარვინიზმი


- მეცნიერებაში არსებობს თეორია დარვინიზმის სახელწოდებით. - ისევ დაიწყო ლექტორმა. - ამ თეორიას ეს სახელი ინგლისელი მეცნიერის დარვინის საპატივცემულოდ დაერქვა. დარვინი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ვითარდება და იხვეწება. ბუნებაში მოქმედებს ევოლუციის, თანდათანობით განვითარების კანონი. მილიონი წლის წინათ სამყარო სულ სხვაგვარი იყო - ცხოველებიც, ფრინველებიც, მცენარეებიც განსხვავებულნი იყვნენ. ბუნებაში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისათვის, რომელშიც გამარჯვებული კიდევ უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, ხდება ბუნებრივი გადარჩევაც. ამას უკვე ადამიანებიც ახდენენ. ისინი სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისა და მცენარეების შეჯვარებით იღებენ ახალ, ჯანსაღ, ძლიერ ჯიშს, რომელიც შემდეგ გვაძლევს სხვა სახეობას და ასე წარმოიშვება სხვადასხვა ჯიშები და სახეობები. 

- კარგი ბატონო! დავუშვათ, რომ სრულყოფილი ორგანიზმის შექმნა ევოლუციის შედეგია. - დაეთანხმა პაპა დამიანე. - მივიჩნიოთ ეს თეორია ჭეშმარიტებად, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მეცნიერული ანალიზია. მე კი შენ საწყისზე გეკითხები, საწყისზე, ე.ი. ღმერთზე, ვისგანაც მოდის ეს ევოლუცია, ინტუიცია და სხვა.

ლექტორი შეყოყმანდა. დირექტორმა დრო იხელთა და განაცხადა:

- კითხვა ამოწურულია!

მაგრამ პაპა დამიანეს არ უფიქრია დაჯდომა.

- როგორ თუ ამოწურულია? მე შეკითხვებს ახლა ვიწყებ. - მშვიდად მიმართა მან ლექტორს. - მინდა გიამბოთ ჩემს ერთ მეგობარზე. იგი მებაღეა, ისეთი საუცხოო ყვავილები გამოჰყავს, შეგშურდებათ. ერთხელ ვკითხე:

- შეგიძლია გამოზარდო ყვავილი ჭინჭრისაგან?

- რასაკვირველია არა! - გაიკვირვა მან.

- ხისგან თუ შეგიძლია რკინის მაგიდის გაკეთება?

- ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში თუ ხდება. - მითხრა მან.

- რატომ? - ვკითხე.

- იმიტომ, რომ ბუნებას თავისი კანონები აქვს და შენ ვერ შეცვლი. აბა შეეცადე და დაამყნე გამხმარი ხე. მთელი მებაღეებიც რომ შეკრიბო ამას მაინც ვერ შეძლებ, იმიტომ რომ მასში უკვე აღარ არის სიცოცხლე.

განა მართლა ასე არ არის?! მითუმეტეს, ფუტკრებში ყველაფერი ისე მარტივად როდი ხდება, როგორც შენ ამბობ. არც მეფუტკრეს, არც მებაღეს არ უსწავლია ფუტკრისათვის ფიჭის კეთება, თაფლის მოგროვება, არც შეუჯვარებიათ და არც გადაუნერგავთ მისთვის რაიმე. ისინი კი მაინც შესანიშნავად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს: აგებენ სკებს, აგროვებენ ნექტარს, აკეთებენ ფიჭას და ა.შ. საიდან იციან მათ ეს საიდუმლოებანი? ვინ ასწავლა მათ ყოველივე ეს? - აი, ამ კითხვაზე მინდა რომ მიპასუხო. ვინ არის მათი მასწავლებელი? ვინ მისცა მათ სიბრძნე?!

ლექტორი დუმდა. პაპა დამიანე არ ეშვებოდა:

- ბუნებამ თუ ღმერთმა ასწავლა მათ ეს?

მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, თვითონვე განაგრძო:

- აი, მაგალითად, ხომ ჰგავს ერთმანეთს აგებულებით თვითმფრინავი და ფრინველი?! მაგრამ განსხვავება ის არის, რომ თვითმფრინავის ნაწილებად დაშლა და მერე მისი აღდგენა შეიძლება, ფრინველს კი თუ დავშლით, ვეღარ აღვადგენთ, რატომ?

- იმიტომ, რომ ის ცოცხალი არსებაა! - მიუგო ლექტორმა.

- კარგი ბატონო! მაშინ იმაზე მიპასუხე, ვინ ააგო თვითმფრინავი?

- რა თქმა უნდა ადამიანმა! კონსტრუქტორმა!

- ფრინველი ვიღამ შექმნა?

ლექტორის მაგივრად ამაზე დირექტორმა უპასუხა:

- რა თქმა უნდა ბუნებამ!

4. რა არის ბუნება


- ე.ი. ათეისტების აზრით ფუტკრისა და ფრინველის კონსტრუქტორი ბუნებაა არა?! - იკითხა პაპა დამიანემ. 

- დიახ! - დაეთანხმა ლექტორი. - სწორედ ბუნებაა უდიდესი მასაწავლებელი და უდიდესი კონსტრუქტორი. ის ქმნის, არჩევს. სწორედ მან შექმნა პირველი ფრინველი და საერთოდაც ის აკეთებს ყველაფერს.

- უყურე შენ! - ისევ გაიკვირვა პაპა დამიანემ. - მაშინ იქნებ ახლა მითხრა რა არის ბუნება?

ლექტორმა განმარტება დაიწყო:

- ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რაც ჩვენს გარშემო არსებობს: ხმელეთი, ზღვა, ცა, ვარსკვლავები, ცხოველები - ეს ყველაფერი ბუნებაა!

- ე.ი. - ისევ დაიწყო პაპა დამიანემ, - ბუნება სულიერი და უსულო მატერიისაგან შედგება, ხომ ასეა? ახლა ავიღოთ მშვინვიერი (ანუ სულიერი) სამყაროს წარმომადგენლები: ადამიანები და ცხოველები, ფრინველები და მწერები, ერთი სიტყვით ყველა ცოცხალი არსება და ჩამოვაშოროთ ისინი უსულო სამყაროს. (საერთოდ ამათგან მხოლოდ ადამიანებს აქვთ სულიერება, დანარჩენი კი მხოლოდ მშვინვიერია). ექნება ხმელეთს, წყალს, ჰაერს აზროვნება თუკი მას ჩამოვაშორებთ ყველა ცოცხალ არსებას? ამ კითხვაზე, ალბათ უყოყმანოდ მიპასუხებ, რომ არა, ეს უსულო მატერიაა! ჰოდა აქვს ასეთ მატერიას აზროვნება?

- არა! უსულო მატერია არ აზროვნებს! - უპასუხა ლექტორმა.

- აქედან გამომდინარე ბუნება სულიერი და უსულო ყოფილა, შესაბამისად გონიერი და უგონო. - დაასკვნა პაპა დამიანემ. - მაშ ასე! ხომ გამოვყავით მშვინვიერი უსულოსაგან. ახლა განვსაჯოთ, ამათგან რომელმა შეჰქმნა ფრინველი - ადმიანმა თუ ცხოველმა? თვითონ თავისი თავის შექმნა არც ფრინველს შეეძლო. იქნებ წყალმა შექმნა? ან მიწამ? ან იქნებ ყველა ერთად მიუჯდა მაგიდას და მოლაპარაკების შემდეგ წინასწარ განსაზღვრეს როგორ უნდა შეექმნათ, მაგრამ თუკი გონიერ ადამიანს არ შეუძლია ცოცხალი არსების შექმნა, მკვდარ და უსულო ბუნებაზე რაღა უნდა ვთქვათ?! მას განა შეუძლია შვას ან გააჩინოს ცოცხალი არსება, ისევე როგორც ვაშლის ხე არასდროს მოისხამს ვარდს... განა შეეძლო მკვდარ მატერიას, რომელსაც არ გააჩნია გონება, აზრი, სიცოცხლე, შეექმნა ასე ნიჭიერად აწყობილი სამყარო და მითუმეტეს, გონიერი ადამიანი?! ამ მკვდარ ქალს შეუძლია შვას ბავშვი?!

- რა თქმა უნდა არა!

- მაშინ ახლა მაინც ამიხსენი, ბუნების რომელმა ნაწილმა - სულიერმა თუ უსულომ შექმნა ფრინველი და რომელმა მისცა ფუტკარს ასეთი სიბრძნე? - ისევ მოსთხოვა პასუხი პაპა დამიანემ ლექტორს.

- მე ხომ უკვე აგიხსენი, რომ ყველაფერი - ფრინველი, ფუტკარი, მწერი ყველაფერ ამას გონებით კი არა ინსტიქტით აკეთებს! - გაღიზიანება ვერ დაფარა ლექტორმა. - მათ არა აქვთ არც გონება და არც ნებისყოფა!

- მით უფრო საოცარია ეს! - შენიშნა დამიანემ. - ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა ადვილია, რადგან მას აქვს გონება, ლაპარაკის უნარი. მაგრამ შეეცადე რომელიმე ცხოველს ასწავლო წერა-კითხვა?! ამიტომაცაა გასაკვირი, რომ ერთი ციცქნა მწერმა - ფუტკარმა იმდენი რამ იცის, მეცნიერსაც კი შეშურდება. შეგიძლია ბოლოს და ბოლოს მითხრა, ვინ მისცა მას ეს სიბრძნე?

ყველანი ინტერესით უსმენდნენ პაპა დამიანეს.

- გამიგია, ძველად წარმართებს სამყაროს შექმნა ასე ჰქონიათ წარმოდგენილი: თითქოსდა იყო ქაოსი, საუკუნო წყვდიადი. და აი, ამ ბნელი, უაზრო სტიქიიდან წარმოიშვა ჩვენი უაღრესად შეხამებული და საოცარი სამყარო. წარმართების ასეთი სწავლება აღადგინეს ათეისტებმა და განაცხადეს, რომ სამყარო უაზრო და მკვდარი მატერიისაგან წარმოიშვა. ამასაც არ დასჯერდნენ და მეცნიერების გამოყენებასაც ცდილობენ თავიანთი ინტერესების დასასაბუთებლად. რაც მეცნიერული აღმოჩენებიდან მათთვის ხელსაყრელი არ არის, ჩქმალავენ, ხოლო რაც თვითონ მოსწონთ თავიანთი აზრების განსამტკიცებლად, ქვეყანას მოსდებენ. მაგრამ სამყაროში ხომ ხდება ისეთი მოვლენებიც, რომელთა ახსნა მეცნიერებას არ შეუძლია?! მათზე კი აი, რას პასუხობენ ათეისტები:

- მოვა დრო და ამასაც ავხსნით.

დირექტორი შეაშფოთა კამათის მსვლელობამ.

- გიკრძალავთ ასეთ საუბარს!

პაპა დამიანე კი განაგრძობდა:

- არადა საჭიროა სერიოზულად განვსაჯოთ, შევამოწმოთ, სწორია კი ასეთი სწავლება?! ამ სწავლების მიხედვით ხომ ხშირად აბსურდამდეც კი მივდივართ... არადა ყველაფერი როგორი ნათელია! მაგალითად, ავიღოთ რომელიმე წიგნი, დავჭრათ ასოებად და განვაბნიოთ ეს ასოები მთელ დედამიწაზე. აიწყობა ასე ეს წიგნი? არადა ათეისტები დაახლოებით ასე ხსნიან სამყაროს შექმნას. განა ქაოსიდან ასე ეწყობა რაიმე?! ამ ასოთაგან რომ მივიღოთ დასრულებული ნაწარმოები, რა არის საჭირო?

- გასაგებია რაც! - ირონიულად ჩაილაპარაკა დირექტორმა. - თავია საჭირო!

- ეჰ, ჩემო კარგო! თავი მაიმუნსაც აქვს, მაგრამ ის შენ მზა ფურცლებითაც ვერ შეგიდგენს წიგნს... რა არის საჭირო თავში რომ იყოს? გონება არა?! მერედა ვისი? ავტორისა არა? განა მართალს არ ვამბობ?

ლექტორი დაეთანხმა, მაგრამ პაპა დამიანე მაინც ჩაეძია:

- რა ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ პირველადი ქაოსიდან ასეთი გონივრული სამყარო გაჩენილიყო?

- გონებაა საჭირო. - უპასუხა ლექტორმა.

- ვისი? ადამიანისა?

- არა!

- მაშ ვისი?

- ალბათ უმაღლესი გონება...

- სწორედ ეს უმაღლესი გონებაა ღმერთი! - ეს ბოლო სიტყვები პაპა დამიანემ ხმამაღლა და სიხარულით წარმოსთქვა. „ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“, - გაუელვა გონებაში 50-ე ფსალმუნის სიტყვებმა.

ლექტორს სულ უფრო და უფრო იპყრობდა შეშფოთება:

„- რა ვუპასუხო? - ფიქრობდა. - განა სასაცილო არ არის იმის მტკიცება, რომ ფრინველი მზემ, ან ვარსკვლავმა, მცენარემ, ანდა ცხოველმა შექმნა?! მითუმეტეს სისულელეა იმის მტკიცება, რომ სიბრძნე ფუტკრებს მათ მისცეს. ეს გონივრული სამყარო თავისთავად მართლაც ხომ ვერ გაჩნდებოდა?! მაინც როგორ შეიქმნა სამყარო? შემთხვევით? თუ ასეა, ქაოსი უნდა სუფევდეს ქვეყანაზე. საიდან მოვიდა ასეთი ჰარმონია, ასეთი სიზუსტე, ასეთი სირღმე ყველაფერში?“

ლექტორს ცივმა ოფლმა დაასხა. დირექტორი ისევ წამოეშველა და შესვენება გამოაცხადა.

5. შესვენება


დაჯერება იმისა, რომ უსულო მატერიისაგან შეიქმნა ასეთი ლამაზი და აზრიანი სამყარო მხოლოდ ფანატიკოსს თუ შეუძლია. განა ფანატიზმი არ არის ათეისტების იდეოლოგია?! მათ ვერა და ვერ გაუგიათ, რომ ირწმუნეს არარაობა და ღმერთს განუდგნენ. თუმცა დავუბრუნდეთ დარბაზს.

ხალხი ხმაურობდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, კამათობდა. ზოგი პაპა დამიანეს შემოხვეოდა და შეკითხვებს აძლევდა. ზოგიც შორიდან ეჭვით უქცერდა მას, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. მათგან ბევრს ათეიზმი გააზრებულიც არ ჰქონდა, ისე აღიარებდა ჭეშმარიტებად. ახლა კი პაპა დამიანემ ერთი სულის შებერვით მტვერივით გაჰფანტა მათი დამძიმებული გონებიდან ათეისტური თეორიები. აქამდე ისინი სერიოზულად არც კი დაფიქრებულან ღვთის არსებობაზე, უბრალოდ ყოველთვის იმეორებდნენ იმას, რასაც მათ ათეისტები ასწავლიდნენ. ამ სწავლებით კი ღმერთი არ არსებობს და იგი ბნელმა და გაუნათლებელმა ადამიანებმა მოიგონეს. გულუბრყვილო ახალგაზრდობამ ეს სიცრუე ჭეშმარიტებად მიიღო... პაპა დამიანეს გამოსვლამ კი ისინი გამოაფხიზლა და დააფიქრა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ლექტორმა, მიუხედავად თავისი განათლებისა, მარცხი განიცადა. მას ამ უბრალო და მორწმუნე გლეხმა სულ იოლად დაუმტკიცა ღვთის არსებობა.

ლექტორი და დირექტორი კი სცენის უკან მოთავსებულ პატარა ოთახში ისხდნენ. ლექტორი გაუთავებლივ თავის ბლოკნოტს ფურცლავდა.

- სულ არ ველოდი ამ ბებრუხანას გამოსვლას. - უკმაყოფილოდ თქვა დირექტორმა. - მეგონა ვინმე ინტელიგენტი ადგებოდა, ერთ-ორ კითხვას დაგისვამდათ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თქვენ ხომ ხვდებით არავითარი პაექრობა რომ არ გვქონდა განზრახული?! დისპუტი აფიშას მხოლოდ იმისთვის მივაწერეთ, ხალხი რომ მოგვეზიდა.

- არადა მოხუცი არ მოგვეშვება.

- მე მგონი კარგი იქნება, მეტად მოვიშველიოთ მეცნიერული ტერმინები.

- რა ვუპასუხო?! - საშინლად შეწუხებული ხმა ჰქონდა ლექტორს.

დირექტორმა მხრები აიჩეჩა.

- ტერმინოლოგია მოიშველიეთ. ეს მას დააბნევს და თქვენც იოლად გამოხვალთ ამ ჩიხიდან. თქვენ ხომ სპეციალურად ეუფლებით საუბრის ასეთ მანერას.

- ძალიან გამჭრიახი და თან მტკიცე კაცი ჩანს. სულ თავისკენ უხვევს. მე ინსტიქტზე ველაპარაკები, ის კი, გინდა თუ არა, იმაზე ითხოვს პასუხს, საიდან გაჩნდა ეს ინსტიქტიო. ევოლუცია ვახსენე და სულიერმა თუ უსულო ბუნებამ ასწავლა მათ ეს სიბრძნეო! სულ ერთი და იგივე პოზიციაზე დგას, მისი დაბნევა არც ისე ადვილია.

ლექტორმა აღარ იცოდა, როგორ დაეძვრინა თავი ამ სიტუაციიდან. ხალხი კი მოუთმენლად ელოდა შესვენების დამთავრებას.

- აბა, წავედით! - წამოდგა დირექტორი.

6. მიუწვდომელი ძალა


ლექტორი კათედრასთან მივიდა და დაიწყო:

- დამიანემ მოგვახსენა, რომ ფუტკრები ჭკვიანურად ეწევიან თავიანთ საქმეს, რომ მათ ღვთისაგან აქვთ მინიჭებული ეს. მე კი გითხარით, რომ მათ სიბრძნე ღმერთმა კი არა, ბუნებამ მისცა. მაგრამ დამიანეს, როგორც ჩანს, ბუნების არსზე სწორი წარმოდგენა არა აქვს და ამიტომ ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა. მეცნიერებაც არ უარყოფს ბუნებაში სხვა ძალთა არსებობას. მაგალითად ცაზე მზეს, მთვარეს, ვარკვლავებს და საერთოდ პლანეტებს მიზიდულობის ძალა აჩერებთ. ამ ძალის დანახვა და შეგრძნება შეუძლებელია, მაგრამ იგი ჭეშმარიტად არსებობს. სამყაროში ბევრი ამოუხსნელი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება. ასეთი მოვლენები უსულო ბუნებაშიც მჟღავნდება, მაგრამ უფრო თვალხილული იგი მაინც სულიერ სამყაროშია. ავიღოთ თუნდაც იგივე ფუტკრის ინსტიქტი. მასში რაღაც ძალა აშკარად მოქმედებს, მაგრამ იგი ჯერ ბოლომდე გარკვეული და ახსნილი არ არის. არადა იგი უეჭველად არსებობს. ჰოდა, აი ეს ძალაა სწორედ ის მასწავლებელი, რომელზედაც თქვენ გვეკითხებით, და არა ღმერთი.

ლექტორმა ამით დაამთავრა თავისი გამოსვლა.

7. ბუნების წიგნის ავტორი


ასეთი პასუხი პაპა დამიანეს ძალიან მოეწონა: 

- ღმერთმა გიშველოს ასეთი პასუხისათვის. ჩანს ჭკვიანი და მოაზროვნე კაცი ხარ. - შეაქო ლექტორი. - თორემ ხომ გინახავთ კაცი რაიმეს რომ დაიჟინებს და არაფრით რომ არ გადათქვამს?! ერთხელ ჩემს ნაცნობთან კამათი მომიხდა. იგი მიმტკიცებდა, რომ ბუნებაში არ არსებობს სასწაულები, არც გონება, არც შეუცნობი ძალა, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მატერიაო. მივხვდი, მასთან კამათს არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან რამდენიც არ უნდა ელაპარაკო უგუნურს, ვერაფერს შეაგნებინებ, მხოლოდ დროს დაკარგავ. შენთან საუბარი კი სასიამოვნოა. თუმცა ჯერ მაინც არ გითქვამს, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ფუტკრის მასწავლებელი, ვინ მისცა მას ამდენი ცოდნა?

ლექტორი შეიშმუშნა:

- მე ხომ ვთქვი, რომ მეცნიერებას ჯერ კიდევ არ შეუცვნია ეს ძალა. იგი ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია.

- კი მაგრამ იმის თქმა ხომ მაინც შეგიძლია, გონიერია ეს ძალა თუ არა, ბრმაა თუ თვალხილული? - არ ეშვებოდა პაპა დამიანე.

- ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. - თქვა ლექტორმა, - ამიტომ დარწმუნებით მასზე არაფრის თქმა არ შეიძლება.

პაპა დამიანე არც ამით დაკმაყოფილდა. ყველანი კარგად ხვდებოდნენ რა პასუხსაც ელოდა იგი, მაგრამ ლექტორს არ სურდა ეღიარებინა, რომ ღმერთი იყო ის ძალა, რომელმაც ასეთი ბრძნული მოქმედების უნარი ჩაუნერგა ფუტკრებს.

პაპა დამიანემ თავიდან დაიწყო:

- ავიღოთ წიგნი. მას ხომ ადამიანი წერს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს წიგნი მისი გონების ნაყოფია. მისი წაკითხვის შემდეგ ვასკვნით, რამდენად ნიჭიერია მისი ავტორი. წიგნიდან ბევრი რამ შეიძლება გაიგო ავტორზე. მაკარი დიდი ბუნებასაც წიგნს უწოდებს. ეს წიგნი კი ჩვენს თვალწინაა გადაშლილი. მისი ყდა - ცა და ხმელეთია. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ წიგნს, ყველაფერს აგვიხსნის. სწორედ მისი კითხვით შეიცნობენ მეცნიერები სამყაროს. სწორედ ბუნების წიგნიდან იღებენ ისინი უამრავ სიბრძნეს, და რაც მთავარია, მეცნიერები კი არ ადგენენ ბუნების წესებს, არამედ უკვე დადგენილს აღმოაჩენენ ხოლმე. თუ ვაღიარებთ ამ ჭეშმარიტებას, რომ ბუნებას თავისი წესები აქვს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წესები ვიღაცამ შექმნა. ხომ მართალია?! ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ყველაფერს, რაც ბუნებაშია, მაგრამ ის ხომ ხედავს და შეიგრძნობს, რა ლამაზად, ბრძნულად, გონივრულად და როგორც შენ ბრძანე, მიზანშეწონილადაა ბუნების წიგნი დაწერილი. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს გონების მიერაა შექმნილი! რომ იგი გამომდინარეობს უსასრულო გონებიდან, ე.ი. ღმერთისაგან, რომელსაც ჩვენი გონება ვერ აღიქვამს.

ასე თანმიმდევრულად და საინტერესოდ აზროვნებდა სოფლის ეს ბრძენკაცი.

- ახლა გავარკვიოთ, - გააგრძელა პაპა დამიანემ, - ადამიანის დაწერილ წიგნში რა უფრო მნიშნველოვანია - მისი მოცულობა, ტირაჟი, ფორმა, თუ მასში ჩადებული იდეა, არსი? ყოველი მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ წიგნის დასაწერად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადამიანის გონება. აქედან გამომდინარე, პირველადი იდეა ყოფილა. ახლა ავიღოთ ბუნების წიგნი. რა არის მასში მთავარი - შეგრძნებადი მატერია, თუ მასში ჩადებული იდეა? პასუხი ნათელია. რა თქმა უნდა, იდეა! პირველადი, მატერია კი არა, გონებაა. ე.ი. პირველადი არის ღმერთი. მატერია კი შემდეგ მოდის. ღმერთი მუდამ არსებობდა, ხოლო მატერია, ბუნება, ეს ღვთის ხორცშესხმული იდეაა.

როდესაც წიგნს ვკითხულობთ, ავტორს ვერ ვხედავთ, მაგრამ მის არსებობაში ეჭვი არ გვეპარება, ასევე ვერ ვხედავთ ბუნების შემოქმედ ღმერთს. თუკი წიგნი ვერ იქმნება მწერლის გარეშე, მითუმეტეს, სამყარო ვერ შეიქმნებოდა შემოქმედის გარეშე. იგი უხილავია ჩვენთვის. ჩვენ მას მხოლოდ შევიგრძნობთ. ბუნების წიგნი ჩვენ განგვაცვიფრებს თავისი უსაზღვრო სიდიადით და აბსოლუტური ჰარმონიით, წესრიგითა და საიდუმლოებით. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მთლიანად შეიცნოს და აღიქვას იგი. საიდან წარმოიშვა მზე, ვარსკვლავები, კომეტები, გალაქტიკები, მუდამ მოკაშაკშე მნათობები? ვინ მისცა მათ პირველი ბიძგი? რამ აამოძრავა სამყარო ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად? მეცნიერებმა უნდა აღიარონ, რომ მათ არ შესწევთ ძალა ახსნან ბუნების ყველა საიდუმლოება. მათ მხოლოდ და მხოლოდ ბუნების მოვლენებზე დაკვირვებით შეუძლიათ დასკვნების გამოტანა და ესეც ღვთის ნებით ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს ამის ახსნის საშუალება თვითონ შემოქმედმა მისცა.

ლექტორი სდუმდა. პაპა დამიანე კი ცდილობდა, ათეიზმის წყვდიადიდან ღვთის ნათელში გამოყვანას.

- არიან ადამიანები, რომლებიც თავისებურად ხსნიან ბუნების ყველა მოვლენას. ისინი შეკითხვაზე - ვინ შექმნა სამყარო, ასეთ პასუხს იძლევიან:

- ბუნებამ!

- კი მაგრამ ბუნება ვინ შექმნა?

- თვითონ შექმნა თავისი თავი!

მაშინ რა გამოდის?! გამოდის, რომ იყო დრო, როცა იგი არ არსებობდა. და თუ ასეა, როგორ შეეძლო მას თავისი თავის შექმნა?! ხოლო თუ არსებობდა, რაღად უნდოდა შექმნა?! არა, ჩემო კარგო, ბუნება სწორედ ღვთის შექმნილია და სწორედ მოვლენებში ჩაწვდომით შეიცნობა ღვთის არსიც. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს: „რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომ. 1, 20).

პაპა დამიანემ დარბაზს გადახედა. მას ყველა დაფიქრებული სახით შესცქეროდა. ლექტორი კი თავჩაქინდრული იდგა.

- უკეთესად რომ გაგაგებინო, ერთ მაგალითს კიდევ მოვიყვან! -ისევ განაგრძო პაპა დამიანემ. - ვთქვათ, ქალაქში შესულმა დაინახე ლამაზი, მაღალი შენობა. მიუახლოვდი და უფრო ნათელი გახდა მისი დიდებულება, სილამაზე, ფერების შეხამება, პროპორციულობა. აქედან გამომდინარე, ხომ დაასკვნი, რომ ამ შენობის ადამიანი ნიჭიერი არქიტექტორი ყოფილა! ვინმემ რომ გითხრას, ეს შენობა თავისით აშენდა და მას არავითარი არქიტექტორი არა ჰყავსო, ქვებიც მთიდან თვითონ ჩამოცვივდა, ერთმანეთზე დაეწყო და ასე აშენდა კედლები, სახურავიც ქარმა მოიტანა საიდანღაც, ფარჯრის რაფებიც თავის მინებიანად, განა ჩვენ ამის მთქმელი არ შეგევეცოდება?! ხომ დავასკვნით, რომ იგი არანორმალურია?! ხოლო თუ უბრალო შენობას აუცილებლად უნდა ჰყავდეს არქიტექტორი, ნუთუ ამხელა სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ყველაფერი ასე უხვად გვაქვს, შეიძლებოდა არქიტექტორის გარეშე აგებულიყო?!... არა, ჩემო კარგო, ეს არ შეიძლება! ამიტომ უნდა გწამდეს ღმერთი და დაიჯერო, რომ სამყაროს არქიტექტორი ღმერთია! ჩვენ გვწამს მისი. თქვენ, ურწმუნონი კი გამუდმებით გაიძახით რომ ყველაფერი ბუნებამ შექმნა.

გაგრძელება... 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო