Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

„ცოლ-ქმრობა ერთმანეთისთვის მუდმივი მსხვერპლშეწირვაა“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

„ცოლ-ქმრობა ერთმანეთისთვის მუდმივი მსხვერპლშეწირვაა“


სიყვარულის თემა მარადიული და უკვდავია კაცობრიობისათვის. ადამიანი რომ სიყვარულის არჩევანში არ შეცდეს და სწორი ნაბიჯი გადადგას, უფალს უნდა სთხოვდეს შემწეობას. მას მთელი სერიოზულობით უნდა ესმოდეს, რომ თავისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრის არჩევანისას უმნიშვნელოვანეს საკითხს წყვეტს, რადგან თავის მეორე ნახევართან ერთად სიყვარულისა და მეგობრობის ტკბილი უღელი უნდა ზიდოს. ადამიანმა მხოლოდ უფალზე მინდობილმა უნდა გადაწყვიტოს ესოდენ საჭირბოროტო საკითხი და არ მოიხიბლოს ადამიანის მხოლოდ გარეგნული ფასეულობებით. მასში, პირველ რიგში, სულიერებას, მის პიროვნულ ღირსებას უნდა ეძებდეს და ევედროს თავად სიყვარულის უშრეტ წყაროს - უფალს, გააკეთებინოს სწორი არჩევანი, რათა წყვილმა თავისი სპეტაკი და უანგარო სიყვარული მიუძღვნას ერთმანეთს და ამ სიყვარულის მომნიჭებელ უფალს. ფსიქოლოგის კუთხით დანახული პრობლემა - გვესაუბრება საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი.

- ქალბატონო ნინო, ხდება ხოლმე, როცა ცოლ-ქმარი წლების მანძილზე სიამტკბილობით ცხოვრობს, მაგრამ დგება მომენტი, როცა ყოვლად უმიზეზოდ ერთმანეთის მიმართ აგრესია უჩნდებათ. ერთ მათგანს აღიზიანებს მეორის ყველაფერი: მოძრაობა, ხველება, თუნდაც ძილი... თუმცა, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეუღლე სინამდვილეში სულაც არ ეზიზღება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- სიყვარულში მთავარია სამი რამ. ორი ადამიანის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნებამ იცოდეს, როგორ უნდა გასცეს, როგორ მიიღოს სხვისგან და კიდევ, თუ რას ნიშნავს სხვა ადამიანისთვის ჭეშმარიტი თავის დადება და მსხვერპლშეწირვა.

რას ნიშნავს გაცემა? როდესაც გასცემ და სხვისთვის რაიმეს აკეთებ, ამ დროს მთავარია, როგორი შინაგანი მდგომარეობით მოქმედებ, თუ საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით გასცემ, რათა დაამტკიცო შენი უპირატესობა და თითქოს იბატონო სხვა ადამიანზე, ეს არ არის ჭეშმარიტი გაცემა, ასეთ გაცემულს სხვა ადამიანი ვერც მიიღებს. ადამიანი ისე უნდა გასცემდეს, რომ ეს ქმედება მისთვის ბუნებრივი მოთხოვნილება იყოს. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ბრძანებს, რომ როგორც ჩიტისთვის არის გალობა ბუნებრივი, ასევე უნდა იყოს ადამიანისთვის ბუნებრივი მოთხოვნილება გაცემა. არავითარ შემთხვევაში ამ გაცემაში არ უნდა იყოს ჩადებული საკუთარი თავის წარმოჩენა, პატივმოყვარეობა, ამპარტავნული გრძნობები. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მიღებასაც ცოდნა სჭირდება. მთელი გულით უნდა მიიღო სხვა ადამიანისგან და ეს კი არასდროს არ უნდა იყოს შენთვის შეურაცხმყოფელი, არ უნდა გიჭირდეს მისი მიღება, ამასაც ცოდნა, საკუთარ თავში ამ გრძნობის აღზრდა და თავმდაბლობა სჭირდება.

მესამე არის მსხვერპლშეწირვა. მეუღლე ყოველ წუთს მზად უნდა იყოს, თავისი მეორე ნახევრისთვის მსხვერპლად შესწიროს ყველაფერი. ფაქტიურად, ყოველდღე ამისთვის უნდა იყოს მზად და ამის კეთება მას სიხარულს უნდა ანიჭებდეს. როდესაც ოჯახში ასეთი ურთიერთობაა, ყოველდღიური ერთფეროვნება ნაკლებად იწევს წინა პლანზე. ასეთი ურთიერთობისას მთავარია ამ ორი ადამიანის პიროვნება და ერთმანეთის შემოქმედებითი უნარებისა და პიროვნული თვისებების დანახვა. შემოქმედებითობა ღვთისგან ისეა ადამიანში ჩადებული, რომ ამას წლები ვერ კლავს, უბრალოდ, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად განვავითარებთ მას. ამავე დროს, ღვთისგან მონიჭებული გვაქვს თავისუფელი ნება, არჩევანის თავისუფლება და უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მეორე ნახევარში ამ კუთხით დავინახოთ პიროვნება, დავინახოთ, თუ რა ნიჭები, უნარები ჩადო ღმერთმა მასში და ვიფიქროთ იმაზე, როგორ განვითარდეს მისი ნიჭი და უნარი შემოქმედებითად, როგორ ვიყოთ ჩვენი მეორე ნახევრისთვის ის სულიერი ასპარეზი, სადაც ის ამ თვისებების რეალიზებას, საკუთარი პიროვნების გამოვლენას მოახერხებს. ანუ მეუღლე უნდა იყოს ის ნიადაგი, რომელზედაც მისი მეორე ნახევარი ამოვა და გაიფურჩქნება; თუ ნიადაგი არ არის ნოყიერი, ის არ ირწყვება, გამომშრალია, იქ ვერცერთი ყვავილი ვერ გაიშლება; მაგრამ თუ ნიადაგი ნოყიერია, ის იმ პირობებს ქმნის, რომ მასში ჩათესილი თესლი გაიფურჩქნება. თუ ცოლ-ქმარი ისე შეხედავს ერთმანეთს, როგორც ღვთის ქმნილებას, როგორც პიროვნებას, რომელშიც ღმერთმა ჩადო უნარები, ცალ-ცალკე განუმეორებელი ნიჭები და შენ ხარ ასპარეზი იმისთვის, რომ შენს გვერდით ეს ყველაფერი გამოვლინდეს, განვითარდეს, გაიფურჩქნოს, წავიდეს სრულყოფილებისაკენ და ყოველდღე თითო ნაბიჯით მიუახლოვდეს სრულყოფილებას, მაშინ ყოველდღიური ერთფეროვნება თითქმის აღარც კი იჩენს თავს. რადგან ურთიერთთანადგომა იმდენად ამდიდრებს და საინტერესოს ხდის ცხოვრებას, იმდენად სხვა კუთხით წარმოაჩენს ყველაფერს, რომ ის ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრება მეორე პლანზე გადადის. მაგალითად, ავიღოთ ვან გოგის „მზესუმზირები“. შეიძლება, ეს არაჩვეულებრივი ნახატი ერთ დღეს ძალიან ლამაზი ჩანდეს, მეორე დღეს აღარ მოგვეჩვენოს ასეთად, თუმცა ყოველთვის ლამაზია. გააჩნია, რა განწყობით ვუყურებთ ნახატს; შეიძლება ისეთი განწყობით შევხედოთ, რომ მასში მზე, სიხარული, სიცოცხლე, სიცოცხლის წყურვილი დავინახოთ და ამან ყველაფერი კარგისკენ გვიბიძგოს, მაგრამ თუ ჩვენ თვითონ შინაგანად დათრგუნულები და დეპრესიულად განწყობილნი ვართ, ასეთ დროს ამ ნახატში მზე შეიძლება ვერ დავინახოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში მზე არ არის. ასევეა ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი, ჩვენ ვერ ვხედავთ, თითქოს მზერა გაგვიხდა სხვანაირი, თორემ ის ადამიანი იგივე ნახატია, რომელზედაც ჩვენ ყოველ წუთას შეიძლება ვთქვათ, რა მშვენიერია! ზოგჯერ ქუჩაში მიდიხარ და არაჩვეულებრივად კარგ განწყობაზე ხარ, თითქოს მადლს, სიცოცხლის ძალას გრძნობ, სავსე ხარ, შეიძლება ამას კარგი ამინდიც დაერთოს და თან უყურებ ადამიანებს და თითოეული მათგანით ხარობ, ხედავ მათ შინაგან სილამაზეს. ამ დროს თითქმის არც შეგხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც არ გესიამოვნება. ყველას აღიქვამ, როგორც ლამაზს, მშვენიერს და ღვთის ხატს, იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი სავსე. მაგრამ შეიძლება ისეთი განწყობით გახვიდე ქუჩაში, რომ არავის დანახვა არ მოგინდეს და ყველა საშინელი მოგეჩვენოს, ყველამ გაგაღიზიანოს, და მთელი სამყარო გადაიქცეს ნაცრისფერ მოვლენად, რომელთანაც არანაირი შეხება არ მოგინდება. ეს აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ის ქრისტესმიერი სიხარული, რომელიც ყოველ ადამიანში უნდა ხარობდეს ყოველ წუთას, არ დავკარგოთ. ეს მნიშვნელოვანია ოჯახური ცხოვრების დროსაც. თუ ოჯახში სწორედ ეს სიხარული იქნება, თუ შევძლებთ, ჩვენს მეორე ნახევარში დავინახოთ ეს ყველაფერი, მაშინ აბსოლუტურად მეორე პლანზე გადადის მობეზრების მომენტი, ყოველდღიური რუტინა, ეს თითქმის გამორიცხულია ან ძალიან მეორე ხარისხოვანია და თავის ადგილი აქვს. უბრალოდ, ეს არის მოვალეობები, რაც ყოველდღე უნდა აკეთო, ბავშვი სკოლიდან გამოიყვანო, სადილი მოამზადო, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი ხდება იმასთან შედარებით, რომ ჩვენ ვხედავთ პიროვნებას ჩვენს მეორე ნახევარში, რომელიც ღვთისგან არის შექმნილი ჩვენთვის ასეთი სასურველი, საყვარელი და ეს პიროვნება უნდა განვითარდეს, უნდა მიუახლოვდეს ღმერთს, წავიდეს სრულყოფილებისაკენ და მას ამაში უნდა დავეხმაროთ. თუ ამას გავაცნობიერებთ, ეს პრობლემები თავისთავად გვარდება.

- თუ მხოლოდ ერთი მხარეა ასეთი და მეორე არ ცდილობს ღვთის ხატის დანახვას თავის მეორე ნახევარში?

- სასურველია ოჯახის შექმნამდე გაირკვეს, ერთი მხარეა ასეთი, თუ ორივე. რა თქმა უნდა, ორივე ასეთი უნდა იყოს, რადგან მარტო ამის კეთება ძალიან დამღლელია, ეს უკვე მოწამეობაა. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ ვისთან ერთად ქმნი ოჯახს, ვისთან ერთად უნდა ზიდო ის მძიმე უღელი, რომელსაც ცოლ-ქმრობა ჰქვია და ეს მანამდე კარგად უნდა გაირკვეს. ამიტომ ყოვლადდაუშვებელია ახალგაცნობილ ადამიანთან ოჯახის შექმნა, უნდა მოხდეს პიროვნების კარგად გაცნობა, ორი ადამიანის ფიქრების, აზრების, მიდრეკილებების, ფაასეულობების, ღირებულებების თანხვედრა და შემდეგ შეიქმნას ეს ოჯახი. რასაკვირველია, შემდეგ აღარ იქნება მსგავსი ცალმხრივი დამოკიდებულება. თუმცა, სამწუხაროდ, ხდება მსგავსი რამ, მაგრამ აქედან გამოსავალია ის, რომ თავიდანვე კარგად გავიცნოთ ერთმანეთი და ამის საშუალება ყოველთვის არსებობს, ძალას არავინ გვატანს, ჩვენი გადასაწყვეტია, როდის შეიქმნება ოჯახი.

- დღევანდელ ცხოვრებაში ხშირია, როცა სოციალური გაჭირვების ფონზე ინგრევა ოჯახები. ზოგჯერ ცოლი ქმარს ვერ პატიობს იმას, რომ რაღაც აკლიათ ოჯახში და ყველაფერი მუქ ფერებში წარმოუდგენია...

- როგორც პიროვნებას, ასევე ოჯახს გააჩნია თავისი განვითარების საფეხურები, ოჯახი იბადება, ვითარდება, მწიფდება, იზრდება, ყალიბდება. ამ განვითარების პროცესში, როგორც პიროვნებას, ასევე ოჯახს ყოველთვის თან სდევს გარკვეული განსაცდელები, რომელთა მეშვეობითაც როგორც პიროვნება, ასევე ოჯახიც იწრთობა, ისე, როგორც რკინა გამოიწრთობა, ცეცხლში. ოჯახი ასე იღებს სახეს, გამოცდილებას და ყალიბდება. განსაცდელის ჟამს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებმა მას უნდა შეხედონ, როგორც ღვთისგან გამოგზავნილ გამოცდას, რომელიც ეხმარება მათ სულიერად გაზრდაში, სულიერების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში. წმიდა მამებისგან ვიცით, რომ განსაცდელების დაძლევა ძალიან გვეხმარება სულიერებაში გასაძლიერებლად. თუ ამ კუთხით შევხედავთ ყველაფერს, გაცილებით უფრო გაიოლდება ოჯახის უღელის ზიდვა, ამასთან, ეს ყველაფერი უნდა აღვიქვათ ისე, რომ ამით გარკვეულ გამოცდილებას ვიძენთ შემდეგ ცხოვრებაში და ძალიან გამოგვადგება მომავალში.

ცოლ-ქმარი ერთი მთლიანობაა, ამ ერთობას განსაცდელთან გამკლავების კიდევ სხვანაირი დაცვის მექანიზმები აქვს. როცა მარტო ხარ, იქ სულ სხვა რამ არის მთავარი, მაგრამ როდესაც ორი ხდება ერთი და ჩვენ ვიცით, რამხელა ძალა აქვს ერთობას, იქ გაცილებით მეტი დაცვის მექანიზმი არსებობს განსაცდელთან და მატერიალურ გაჭირვებასთან გასამკლავებლად. ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ოჯახს მეტისმეტად გაუჭირდა და ასეთ დროს ქალი არ დაბნეულა, დაუწყია ნამცხვრების ცხობა და ჩაბარება, ამით კი ოჯახი შიმშილისგან გადაურჩენია. კაცსაც მოუფიქრებია რაღაც. ამ დროს ადამიანს ხშირად მოსდის ბოროტისგან აზრი, რომ ეს სულ ასე იქნება, ასეთი მდგომარეობიდან ვერასდროს გამოვა, სასოწარკვეთილება იზრდება და ნათელ მომავალს ვერ ხედავენ. ეს უიმედო აზრები თითქოს ბოჭავს ადამიანს და წინ ვერ მიდის, თითქოს ღმერთს არ უტოვებ სამოქმედო ადგილს. ამ დროს კი პირიქით უნდა იყოს. როდესაც დიდი განსაცდელი მოდის, ის კი არ უნდა იფიქრო, რომ ეს სულ ასე იქნება, უნდა იფიქრო, რომ ეს განსაცდელი გადაივლის, ახლა უბრალოდ ძალების მოკრებაა საჭირო. ყოველთვის ხომ არ არის კარგი ამინდი, ხან კარგია, ხან ცუდი, გადაივლის ეს ცუდი ამინდი და ისევ კარგი ამინდი დადგება. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ როგორ მოვიქცევით ამ ცუდი ამინდის დროს, შევიყუჟებით სახლში და ვიტყვით, რომ ცივა და არაფრის კეთება არ შეგვიძლია, თუ ვიტყვით, რომ მართალია ცივა, მაგრამ საქმე გასაკეთებელია და მაინც უნდა გავაკეთოთ. აი, ამ დროს ღმერთი ძალიან ეხმარება ადამიანს, უფალი სულ ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ჩვენ ეს ხშირად გვავიწყდება, განსაკუთრებით კი განსაცდელის დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ოჯახი უფრო მჭიდროვდება, უფრო იკვრება, ერთობა უფრო ძლიერი ხდება და მას შემდეგ, წლების მანძილზე უკვე ვეღარაფერი მოერევა და ოჯახი ემსგავსება ციხე-სიმაგრეს. ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა ოჯახმა უნდა ინატროს კიდეც განსაცდელი, რადგან ამ დროს როგორც ციხე, ისეთი მაგარი შენობა შენდება ოჯახში, რომელსაც შემდეგ უკვე ვეღარაფერი მოერევა, თუ ღირსეულად გადაიტანს ეს ოჯახი ყოველგვარ უბედურებას.

- ზოგჯერ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, ბავშვის გარდაცვალება ცოლ-ქმარს ერთმანეთისგან აუცხოებს; ისინი თვლიან, თითქოს საერთოდ აზრი აღარ აქვს მათი ოჯახის არსებობას და ერთმანეთი შესძულდებათ ხოლმე...

- მსგავსი შემთხვევის დროს სწორი და სარწმუნოებრივი მიდგომა მხოლოდ ეკლესიის მხრიდან შეიძლება. ამ დროს უნდა დაფიქრდე ღვთის განგებულებაზე, მარტო ადამიანურად არ უნდა შეხედო მოვლენებს. თუ ამ კუთხით არ შეხედე, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავ მომხდარში, მაგრამ თუ ოდნავ მაინც დაუშვი, რომ ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, ის არის სამართლიანი, მოწყალე, მისი მოწყალება უსაზღვროა და მისგან ყოველთვის ჩვენთვის სასიკეთოდ მოდის ყველაფერი, უკვე გიადვილდება ამ მძიმე მოვლენის მიღება. მაგრამ როდესაც ადამიანი სარწმუნოებაში არ არის გაძლიერებული, ვერ ხვდება, რომ ასეთი დიდი უბედურება შეიძლება ღვთისგან მისთვის სასიკეთოდ იყოს მოვლენილი. აქ უკვე ძალიან შველის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, წლების, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღვთისკენ სვლა, სარწმუნოებაში გაძლიერება, რაც შეიძლება მეტი მოწყალების გაცემა, თავმდაბალი ცხოვრება, სხვისი მსახურება.

- ერთმანეთის მოყვარულ ცოლ-ქმარს ზოგჯერ ერთი საშიშროება ემუქრება. სიყვარულით დაბრმავებულნი ერთმანეთის ნაკლს საერთოდ ვეღარ ამჩნევენ და ზოგჯერ იმის ნაცვლად, რომ ობიექტურად, სიყვარულით ამხილონ და გამოსწორებისკენ მოუწოდონ, თავადაც გაუცნობიერებლად მათივე ნაკლს იძენენ და თვითონაც მეუღლის მსგავს ცოდვაში ვარდებიან...

- მეუღლეები ერთმანეთისთვის ყველაფერი უნდა იყვნენ: მეგობარიც, შვილიც, დედაც, ყველაზე ახლობელი ადამიანები. ეს ელემენტები ცოლ-ქმრობაში გარკვეულწილად დევს, ზოგ სიტუაციაში მეგობარი ხარ, ზოგში მშობელი, ზოგში და, ძმა. ოჯახში ყველანაირად უნდა იზიარებდნენ ერთმანეთის ტკივილსაც და სიხარულსაც. როდესაც მეუღლეში უარყოფით თვისებას ვხედავთ, ყველა ხერხი უნდა ვიხმაროთ, სიყვარულით ვიმოქმედოთ მის უარყოფით თვისებაზე, შეიძლება გამოვიყენოთ ის ხერხი, რომელსაც ხმარობს მშობელი, და, ძმა, მეგობარი და ა.შ. მეუღლეს უნდა ვუჩვენოთ პირადი მაგალითი, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ჭკუის დამრიგებლურ ტონს, ჩხუბს, აგრესიას. უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ სიყვარულით, ლოცვითა და პირადი მაგალითით, ამისთვის ყველანაირი მაგალითის, გრძნობის გამოყენება შეიძლება, ოღონდ სიკეთისკენ წამოიყვანო ადამიანი. ეს ნამდვილად შესაძლებელია. ხშირად გვსმენია ქალებისგან, რომ ოღონდ მათ ოჯახი შეენარჩუნებინათ და თავადაც ისეთები გამხდარან, როგორიც მათი მეორე ნახევარი, ის, რაც მიუღებელი იყო მათთვის, ძალაუნებურად მიიღეს და თავადაც ისე მეუღლის მსგავსად იქცეოდნენ, რომ როგორმე ოჯახი შეენარჩუნებინათ. ეს ყოვლად გამორიცხული და არასწორი მიდგომაა. სიყვარულს ყველაფერი შეუძლია და ასეთ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოზიციების დათმობა. მთავარია, მისი იმედი არ დავკარგოთ, ღმერთი მოგვეხმარება და ოდესმე ჩვენთვის მიუღებელი ფაქტები და ქცევები სიკეთისკენ წავა, ოღონდ ჩვენ ეს ყოველთვის ღვთის იმედით უნდა ვაკეთოთ, ღვთის მადლი ჩაერევა და ყველაფრისგან განკურნავს ადამიანს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აგრესული მიდგომა, მოთხოვნა, ულტიმატუმების წაყენება. სჯობს მოთმინებით, სიყვარულითა და პირადი მაგალითით მიდგომა და ღვთის ძალით ჩვენი მეორე ნახევარი ჭეშმარიტების გზას დაადგება.

- ხშირია შემთხვევა, როცა ცოლქმრის ცხოვრებაში უფროსი თაობის ოჯახის წევრები ერევიან და თუმცა კი კეთილგანწყობილნი არიან, მაგრამ უამრავი რჩევა-დარიგებებით ხშირად აღიზიანებენ მათ.

- აუცილებელია, თვითონ მშობელს ჰქოდეს გაცნობიერებული, რომ ამ ქვეყანაზე მისი ერთადერთი საქმე შვილი არ არის. როცა შვილი იზრდება, იგი უკვე ღვთისკენ მიმავალ საკუთარ გზას პოულობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე მშობელი მეგზურია, ძალიან ეხმარება შვილს, მაგრამ მან უკვე თავად უნდა იაროს გზაზე, თვითონ გაიკვლიოს ეს გზა და გააკეთოს არჩევანი. შვილის გაზრდის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც მშობელმა ღვთის განგებულების წინაშე ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი შვილია. მშობელმა ღმერთს უნდა დაუტოვოს სამოქმედო ასპარეზი. ვთქვათ, მშობელს ძალიან უნდა საქმის მისებურად გაკეთება, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მის შვილზე ღვთის განგებულება შეიძლება სრულად სხვაგვარი იყოს. მშობელს შეიძლება უნდოდეს, რომ მისი შვილი დიდი მუსიკოსი გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება ამ ადამიანზე სხვა განგებულებაა ღვთისგან და სხვა მიმართულებას იჩენს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობა. ცოტა უჭირთ ხოლმე მშობლებს ერთი ნაბიჯით უკან დადგომა ღვთის განგებულების წინაშე, იმის გაცნობიერება, რომ აქ „ჩემი“ მთავრდება და იწყება ღვთის ნების ძიება, მშობელი სულ ცდილობს, შვილთან ურთიერთობაში საკუთარი ნება გაატაროს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა არის მის შვილში ღვთისგან ჩადებული, რა უნდა განახორციელოს მან, რა საქმით უნდა ადიდოს უფალი და როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვროს; მშობელი ძალიან მიჯაჭვულია შვილზე და ცდილობს, რომ შვილის ყველა ნაბიჯში საკუთარი ნება გაატაროს. ეს, რა თქმა უნდა, სიყვარულით ხდება, მაგრამ როდესაც მსგავსი ზედმეტი მიდგომაა, თავისთავად ეს კონფლიქტურ სიტუაციებს იწვევს. ასეთ დროს მშობლისთვის მთავარი რჩევაა ის, რომ ღვთის განგებულების წინაშე ნაბიჯით უკან დაიწიოს და გაახსენდეს, რომ შვილი არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელმაც თვითონ უნდა გაიკვლიოს გზა. მას აქვს თავისუფალი ნება, არჩევანის თავისუფლება და თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებად და გამოავლინოს თავის თავში ღვთისგან ჩადებული უნარები და ნიჭები.

რაც შეეხება შვილებს. არა მარტო ეკლესიის წმიდა მამები, არამედ უამრავი მეცნიერული კვლევაც კი გვიჩვენებს, რომ სჯობს, ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდეს ერთ ჭერქვეშ, უფრო მეტიც, სჯობს კი არა, აუცილებელიცაა; სასურველია, თუ ეს იქნება სამი თაობა - ბებია-ბაბუა, მშობელი და ბავშვი. ეს ძალიან რთულია, რადგან როდესაც ერთ სახლში ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ყოველ წამს შეიძლება გაგაღიზიანოს სხვა ადამიანის საქციელმა, სიტყვამ, მაგრამ ყველაზე მეტად ამას ძალიან დიდი სიკეთე მოაქვს ბავშვისთვის. რაც უფრო მეტ სიტუაციაში აღმოჩნდება პატარაობიდანვე ბავშვი, სადაც სხვას უწევენ ანგარიშს, სხვისთვის რაღაცას თმობენ, სხვის აზრს აფასებენ, მით უფრო ჯანსაღი პიროვნება გაიზრდება ის. ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომ პატარა ბავშვს ეუბნებიან, არ უთხრას ბებოს ან ბაბუს, რომ მშობლებს ცუდი რამ შეემთხვათ. რადგან ის ინერვიულებს. ეს თითქოს ტყუილია და ერთი შეხედვით ტყუილი უნდა თქვას ბავშვმა, მაგრამ ამაშიც დიდი სიყვარულია ჩადებული, იმიტომ ეუბნები ამას ბავშვს, რომ ბებო და ბაბუ არ ანერვიულო, სიცოცხლე გაუხანგრძლივო. ბავშვი ამით ეჩვევა იმას, რომ ვიღაცას უნდა მოუფრთხილდეს, რადგან ის ძვირფასი ადამიანია და თუ მოუფრთხილდება, ის დიდხანს იცოცხლებს. ვთქვათ, ბავშვი ხედავს, რომ მის მშობლებს უნდათ რაღაცის გაკეთება, მაგრამ ანგარიშს უწევენ უფროს თაობას და არ აკეთებენ, იკლებენ, ან სხვანაირად აკეთებენ, ამას ბავშვი ხედავს და პატარაობიდანვე ეჩევა იმას, რომ ყველაფერი ისე არ უნდა გააკეთოს ოჯახში, როგორც თვითონ უნდა; პირიქით, ის ისე უნდა მოიქცეს, რომ სხვას გული არ ატკინოს, არ დააზიანოს, გაითვალისწინოს ოჯახის ტრადიცია. თუ პატარა ოჯახში ბავშვობიდან რწმენას ხედავს და ამას თავიდანვე ეჩვევა, ეს უკვე ჯანსაღი პიროვნება იზრდება. მაგრამ თუ ბავშვი ისეთი სიტუაციაში იზრდება, სადაც არ არსებობს ბებიისა და ბაბუის ინსტიტუტი, მშობელი მთელი დღე გასულია და ბავშვი არის ძიძასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ძიძას შეიძლება უყვარდეს ბავშვი, მას მაინც აბსოლუტურად ფორმალური მოვალეობები აქვს მის მიმართ, ბავშვი ნამდვილად ნაკლულია პიროვნულად და როდის შეივსებს ან შეივსება კი როდესმე ეს სიმწირე მის სულში, არავინ იცის. ეს ძალიან სათუო სიტუაციაა, ჯანსაღ გარემოში მსგავსი რამ არ ხდება. ხშირად მშობლებს ცაკლე ცხოვრება იმიტომ უნდათ, რომ მათი თქმით, ვერ ზრდიან ბავშვს ისე, როგორც მათ სურთ, მათ სხვანაირად უნდათ, მაგრამ უფროსები ერევიან და იძულებულნი არიან, რომ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. აქ არის ძალიან მარტივი რჩევა: თუ ადამიანი ღვთის გულისთვის მოითმენს (ოღონდ ეს უნდა მოხდეს ღვთის გულისთვის), ბავშვი არ დაზიანდება, ღმერთი ამას შეიწირავს. ბავშვი არ დამახინჯდება, თუ შენ ამას ღვთის გულისთვის მოითმენ. ღმერთი ხომ ხედავს, რომ ცდილობ, ხოლო თუ ღმერთი ხედავს, რომ მცდელობა არსებობს, ის მცდელობა ღვთის მიერ აუცილებლად შეიწირება და ბავშვი არ დამახინჯდება ზნეობრივად. ამიტომ მშობელს შეუძლია მშვიდად იყოს. მართალია, ეს ზუსტად ის არ არის, რაც მას სურდა, მაგრამ ცხოვრებამ ეს მოიტანა და სიყვარულითა და ღვთის გულისთვის ამის მოთმენა შესაძლებელია. თუ ასეთი მიდგომა იქნება, ბავშვი ნამდვილად ჯანსაღად გაიზრდება.


ესაუბრა თამარ ასათიანი
ჟურნალი „დედაეკლესია“, №17, 2005 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო