Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მრისხანების ვნება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დავით ციცქიშვილი

მრისხანების ვნება


მართლმადიდებლური სარწმუნოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას, რომელთა გახელებაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანს და მეტად აშორებს მას ღმერთს. ერთ-ერთი მათთაგანი მრისხანების ვნებაა, რომელიც ესოდენ არის ჩვენთან ფეხმოკიდებული და რის გამოვლენასაც ხშირად შეხვდები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ხშირად დიდად არც აქცევენ ყურადღებას, მაინცდამაინც არც წუხდებიან ამით. რა მოხდა, ვინ არ გაღიზიანებულა, უთქვამს გაბრაზებისას უკადრისი სიტყვები, უჩხუბია - ფიქრობენ ასე, მით უმეტეს, თუ მძიმე ცხოვრებისეული ყოფა ამას ხელს უწყობს, რამდენს აქვს ნერვები დაჭიმული, აწუხებს მრავალი პრობლემა, მიდი და გაამტყუნე ზედმეტად. ამ ფონზე ადამიანისთვის ჩვეულებრივ მოვლენად მოჩანს ეს ყველაფერი, ხშირად დასაძრახი რომ მაინცდამაინც არც არაფერია და ძალიან ცოტა თუ აცდება ალბათ ამას, ისიც ის, ვინც ბუნებით, თავისთავად არის მეტად მშვიდი.

არადა, სულ სხვაგვარად მოჩანს მრისხანების ვნების ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გამოვლინებები, როცა მართლმადიდებლური კუთხით ხდება მათი განხილვა. როგორც წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „თუ სულიწმიდის მადლი - ეს არის სული სიწმინდისა და სიწყნარის, ხოლო მრისხანება კი აღშფოთებაა სულის, მაშინ აქედან გამომდინარე არაფერი ისე არ უკეტავს გზას ამ მადლის შემოსვლას ჩვენში, როგორც იგი“.

წყობიდან გამოსვლა, გაბრაზება იმდენად არასათნო, არამადლმოსილ მდგომარეობად ითვლება ეკლესიური თვალსაზრისით, რომ მის წიაღში ასეთ გამონათქვამსაც ვხვდებით: „მრისხანებამ გარდაცვლილიც რომ აღადგინოს ლოცვით, მისი ლოცვა მიუღებელი იქნება უფლისთვისო“. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, თითქოს ამ ვნებით გახელებულს მართლაც შეუძლია მიცვალებულის მობრუნება სიცოცხლისაკენ, უბრალოდ ამ ფრაზით ხატოვნად არის ნაჩვენები, თუ როგორი არასათნოა ღვთისთვის წყობიდან გამოსული კაცის საუბარი, ვედრებაც კი მისადმი.

მრისხანების ვნების სხვადასხვა სახეებს ვხვდებით, რომელთა შორის პირველიც გაშმაგება, გააფრთებაა. ამ დროს ზოგჯერ შეურაცხად, ჭკუადაკარგულ მდგომარეობასაც კი უახლოვდებიან და იმდენად გამოდიან წყობიდან, რომ დიდი სურვილი უჩნდებათ, არ დაინდონ, გაამწარონ, დასაჯონ ის, ვისაც თავისი სიბრაზის მიზეზად თვლიან. კაცი დიდი სიავის, ბოროტების სათავედ ეჩვენებათ და მეტად იჩრდილება ის დადებითი, კარგი, რომელსც მასში ამჩნევდნენ, სიკეთე, რაც შესაძლებელია არცთუ იშვიათად უნახავთ მისგან. ხშირად გაშმაგებისას ისეთი სიტყვები სცდებათ, იმგვარად შეურაცყოფენ სხვას, რომ დამშვიდებისას შემდეგ ზოგჯერ სინანულს, სირცხვილის გრძნობასაც კი განიცდიან მომხდართან დაკავშირებით, ფიქრობენ, რომ მეტად შეტოპეს შორს.

არცთუ იშვიათად მრისხანებისას გაჩენილი განცდებისას მათი მოქმედებაში გადასვლის ტენდენციაც შეინიშნება. გააფთრებისას, გაშმაგებისას ეს კარგად ჩანს. შეიძლება კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენონ, მაგრამ აღგზნებას, მოძრაობათა გააქტიურებას მაინც ჰქონდეს ადგილი, რაც შეიძლება რაიმე ნივთის სროლაში, დაზიანებაში, დამტვრევაში გამოიხატოს.

მრისხანების გამოვლენის ერთ-ერთი სახეა გულღრძოობა, როდესაც დიდ ხანს ინარჩუნებენ წყენას, უჭირთ აპატიონ, მიუტეონ სხვას, ხშირად იხსენებენ შეურაცხმყოფელი სიტუაციის, საუბრის დეტალებს და ზოგჯერ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის გეგმებსაც კი სახავენ მათ წინააღმდეგ, ვინც ასე გააბრაზა. გულღრძოობის გამოვლენის მეტად ცხოვრებისეულ მაგალითს ვხვდებით მამა ანემპოდისტეს ნაამბობში: „დემონი მშვიდად მჯდარ კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: „გუშინ კამათისას მოსაუბრემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგმართა, რაზეც იმ მომენტში ვერ შეძელი სათანადო პასუხის გაცემა“, - ადამიანი კრთება, რადგანაც დემონურმა ისარმა თავის სამიზნეს მიაღწია.

ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი. კაცი სკამიდან დგება და გონებაში შემდეგი აზრი გაუელვებს: „მართლაცდა იმ მომენტში მე ვერ მოვნახე საჭირო სიტყვები, რომლითაც უნდა მეპასუხა, არადა ასე და ასე შეიძლებოდა მიმეგო“.

იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი იწყებს მუშტების ქნევით ოთახში წინ და უკან სიარულს. გონებაში აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: „უნდა ესა და ეს მეთქვა, რა საწყენია, რომ სათანადო სიტყვები მხოლოდ შემდეგ გახსენდება. დიახ, დიახ, საჭირო იყო, ასე გამეცა საკადრისი პასუხი. ერთი მინდა ვიცოდე, რას მიპასუხებდა?“

ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო იპყრობს. იწყება დემონთა მხრიდან გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ.

ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, შურისძიების გეგმებს აწყობს მეორე დღისათვის, როცა შეძლებს რაც მოამზადა, ყველაფერ იმის გამოყენებას. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების გრძნობის ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად რომ ვინმემ წარმოიდგინოს, უხილავად როგორ აბურთავებს თურმე დემონური ძალა“.

მრისხანების ვნების სახეებია აგრეთვე სიძულვილი, ადვილად წყენა, ზედმეტი ეჭვიანობა, როცა ხშირად საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ ხრიკებს ხედავენ, დაცინვას, ზიანის მიყენების მცდელობას. აქვე უნდა აღინიშნოს წრეგადასული უნდობლობა მეუღლის, ოჯახის წევრების, ახლობლების თუ ნაცნობების მიმართ. ასეთ დროს რა მართალიც არ უნდა ეჩვენებოდეს კაცს საკუთარი თავი, მისი შინაგანი მდგომარეობა დემონური ხელწერის მატარებელია, იგი ამ ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება.

ზოგჯერ მთელი ცხოვრება არ სცემენ ხმას ერთმანეთს დედმამიშვილები, ძველი მეგობრები, მეზობლები, რაღაც ეწყინათ, არ მოეწონათ, იჩხუბეს, გულში ჩარჩათ და ვერაფრით თავისუფლდებიან ამისგან. როგორც არ უნდა გაუჭირდეს მწყენინებელს, ავად გახდეს, ახლობელი გარდაეცვალოს, მაინც ვერ ძლევს საკუთარ თავს და ადრინდელი გაბრაზების გამო არ იჩენს ელემენტარულ სიბრალულს, ყურადღებას, ადამიანურობას, რაც ყველაზე ღვთისნიერი, გამართლებული ქცევის გამოვლენა იქნებოდა იმ ვითარებაში.

არის კიდევ ერთი სახე მრისხანებისა, რომელიც ერთი შეხედვით ნაკლებ საშიშად მოჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. ზოგიერთი თავის გასამართლებლად ამბობს: „თუმცა ვიფეთქებ, მაგრამ მალევე მივლის“. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „... ზოგჯერ მრისხანების ცბიერი დემონი სწრაფად გშორდება იმ მიზნით, რომ არ შეინანო და ამით საკუთარი სნეულება უკურნებელი გახადო (სათნოებათა კიბე. სიტყვა 8,9). ამ წმიდა მამის მიხედვით ამ დროს ნაკლს დიდად არაფრად თვლიან და ამით მას საბოლოოდ უკურნებელს ხდიან“.

მრისხანების ვნების ყველაზე მძაფრ სახეს აფექტური მდგომარეობა წარმოადგენს, როცა კაცის ცნობიერება იმდენად ვიწროვდება, ერთი, მხოლოდ წყობიდან გამომყვანი, ტრავმის განმცდელი მიზეზის მიმართულებით, რომ ამ დროს ყველა სხვა სახის აზრებს, ფიქრებს გონებაში გზა ეკეტებათ. ასეთ მდგომარეობაში მყოფს არაფერი არ ესმის, ვერ იგებს სხვის საუბარს, რჩევა-დარიგებებს, გონება სრულიად გადაკეტილია ზემოქმედებისთვის. კაცი შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფება, თავს ვერ აკონტროლებს და ყველაფერი შეუძლია მოიმოქმედოს. აფექტური სტრესის თანმხლები მოვლენებია სისხლის მიმოქცევის გაძლიერება, თვალის გუგების გაფართოება, წამოწითლება, გონებაში ფიქრთა სწრაფი მონაცვლეობა გამღიზიანებლის მიმართულებით. მრისხანების ვნებით განპირობებული აფექტისას უმთავრესად ამგვარ სურათს ვხვდებით, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგთან ეს უმწვავესი ემოციური მდგომარეობა სულ სხვაგვარად ვლინდება. ამ დროს შეიძლება შინაგანი მდგომარეობის გააქტიურებას კი არა, მოდუნებას, მოშვებასაც ჰქონდეს ადგილი: გაფითრებას, ერთ ადგილას გაშეშებას, აზრთა მიმდინარეობის მეტად შენელებას. უნდა ითქვას, რომ აფექტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმწვავეს ემოციად ითვლება, არ ახასიათებს დიდი ხანგრძლივობა, ის მალე ნელდება, თუმცაღა მცირე ხნის განმავლობაშიც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვცეს.

მრისხანების სხვადასხვა სახეს გამოყოფს მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე): „პირველი, აღნიშნავს იგი, როცა სამართლიანად ჯავრობენ რაიმე მძიმე მიზეზის გამო, მაგალითად, როდესაც ღვთის, უფლის მგმობელ სიტყვებს გაიგონებენ, დაცინვას სარწმუნოებისას, ასევე გაბრაზებას აქვს ადგილი სხვა საპატიო მიზეზიდან გამომდინარე... წუხდებიან, ჯავრობენ სხვისი გარყვნილების შემხედვარე, თავად რომ არასწორად ცხოვრობენ და სხვებსაც არსებობას უმრუდებენ ამით, როცა უყურებენ ბოროტ, არასამართლიან ადამიანს, მოყვასს ვინც ტანჯავს და არღვევს ღვთის, სახელმწიფოს რჯულს. ასეთ შემთხვევებში, გარემოებისას კაცის მრისხანება დასაძრახი კი არ არის, არამედ ღვთისთვის მისაღებია, სათნო. რატომ? მისთვის, რომ ამგვარი მრისხანება სიმართლის სიყვარულით არის განპირობებული, საღმრთო შურით და კაცის სიკეთეს, არაბოროტებას წარმოაჩენს.

მრისხანების მეორე სახე თუმცა ესოდენ წმინდა და სათნო არ არის როგორც პირველი, მაგრამ მაინც არც ის არის დასაძრახი და გასამტყუნი. კაცს ხშირად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც ვინმე ჩაგრავს სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, წაართვა რამე, არ შეიძლება მაშინ ადამიანს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი, ჩივილი ამის გამო, რომ ისიც ცოცხალი არსებაა და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ასეთ შემთხვევებში როცა გჩაგრავენ, გემტერებიან, გული რომც მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც შეეცადე დააკავო შენი გრძნობები, გეშინოდეს არ წარგიტაცოს მან, ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომით განრისხდი, რომ შურისძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ თავადაც მას დაემსგავსები და შენი გაბრაზება უფლისთვის საწინააღმდეგო, ცოდვილი იქნება.

ზოგჯერ მრისხანება სრულიად არასამართლიანია, სხვადასხვაგვარად ჩნდება და ხანდახან დიდ უგნურებას აჩენს კაცისას, მაგალითად, ხშირად ბრაზობენ, რა ცუდი, შეჩვენებული დღე არისო. ამით საკუთარ უგუნურებას, მოუთმენლობას, სულმოკლეობას აჩვენებენ. უფრო ხშირად პირუტყვზე ბრაზდებიან, ცოფდებიან, რამდენჯერ დაინახავ, როგორ სცემს გაჯავრებული გლეხი თავის საქონელს, ურტყამს თავში. უნებურად იფიქრებ ასეთ დროს, თვითონ ის კაცია პირუტყვი თავის ჭკუით და გონებით. ნეტავ სხვასთან მაინც სამართლიანად ვიქცეოდეთ, არ ვუბრაზდებოდეთ ერთმანეთს უსაფუძვლოდ. რამდენჯერ მომხდარა, თვითონ ადამიანი გააფუჭებს საქმეს და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს გაუბრაზდეს, საკუთარ ხელქვეითს, მოსამსახურეს უჯავრდება. ცხადია, ამგვარი უბრალოდ სხვაზე მრისხანება თავხედობით, ამპარტავნებით არის გამოწვეული“.

უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ ტყუილუბრალო, მიკერძოებითი მიზეზით გამოწვეული მრისხანება, არამედ წმიდა მამათა მიხედვით სამართლიანი გაბრაზებაც კი გაუმართლებელია ადამიანისთვის. „მრისხანებით ნათქვამი სიმართლეც კი ცოდვად ეთვლებაო კაცს“ ვხვდებით მართლმადიდებელ მამათა ამგვარ გამონათქვამს და როგოც ვხედავთ, ამ ვნებით გახელება თვით ჭეშმარიტებასაც კი აუბრალოებს, უსვამს ხაზს. შეიძლება მართალი იყო შენს ახლობლებთან, მეგობრებთან თუ უბრალო შემხვედრთან დამოკიდებულებაში, სხვამ არასწორად იფიქროს, მოიქცეს, მაგრამ თავისთავად ზედმეტი გაღიზიანება, გაანჩხლება უკვე ქმნის შენში დემონურ მდგომარეობას, ამის ფონზე კი საკუთარი სისწორე უკვე დიდად არაფრად მოჩანს. რაც არ უნდა იყოს, უკვე ბოროტის კლანჭებში ხარ მოქცეული და ამის გამო არასათნოა უფლისთვის შენი შინაგანი მდგომარეობა.

ასეთ შემთხვევებს, როცა თვლიან, რომ სიმართლე მათ მხარესაა და სხვა ცდება, არასწორად ესმის რაღაც, ხშირად აქვს ადგილი ოჯახურ გარემოში. ეკამათებიან ერთმანეთს, უმტკიცებენ სიმართლეს, მაგრამ უმთავრესად რამდენიც არ უნდა მოინდომონ, მაინც არაფერი გამოდის. ნელ-ნელა უწევენ ხმას, უფრო და უფრო ღიზიანდებიან, ბრაზდებიან, იძაბება სიტუაცია და შედეგი კი არ ჩანს. აქვს კი სიმართლის ამგვარად თქმას აზრი, მოიტანს ის რაიმე სარგებლობას?! სხვას ვერაფერს უმტკიცებ შენი აზრის გამოთქმით, პოზიციის დაფიქსირებით, წინააღმდეგობის გაწევის სურვილს კი უღვივებ და თავადაც ხელდები? ისიც საკითხავია, რამდენად მართალი ხარ. ასეთ დროს, თუ საღად შეაფასებ ყველაფერს, მიხვდები, რომ გაჩერება ჯობს და არა დიდი მონდომებით საკუთარი სისწორის ჩვენება.

“შეიძლება კი ვიკამათოთ აზრთა სხვადასხვაობის პირობებში ახლობლებთან? წმიდა მამები ბარსანოფი დიდი და იოანე ასეთ შემთხვევაში შემდეგნაირ მოქმედებას გვირჩევენ: „სამჯერ უთხარი სხვას შენი აზრი, შეხედულება და თუ არ მოინდომებს მის გაგებას, დაანებე თავი, რადგანაც კამათი ცუდი საქმეა. ყველა შემთხვევაში გთავაზობენ შველას თუ შენ გინდა დახმარების ხელი გაუწოდოს სხვას, თქვი საკუთარი აზრი სამჯერ და თუ არ დაგეთანხმებიან, დაშორდი მშვიდობით, არ შეურაცხყო იგი. ასეთია ჭეშმარიტი გზა უფლის“. ამიტომაც უნდა მოვერიდოთ კამათს, დავას თავის ჩვეულებრივი ფორმით, მას გაღიზიანება მოაქვს, ამიტომაც ზიანის მომტანია იგი, უკარგავს სულს სიმშვიდეს, ღვთაებრივ სულთან თანაზიარობას. ამასთან კამათს შედეგი არ მოაქვს, თუკი მოდავეებს, როგორც ეს უმეტესწილად ხდება, სურვილი აქვთ დაიჟინონ თავისი, არ ეძიონ ჭეშმარიტება“.

წმიდა მამები არა მხოლოდ არ გვირჩევენ მივიღოთ მონაწილეობა კამათში, არამედ მათი შეხედულებით უნდა განვეშოროთ კიდევაც იმ ადგილს, სადაც სხვები დაობენ...

არა მხოლოდ კამათი, ყვველა შემთხვევაში გაღიზიანებული საუბარიც კი, დაუშვებელია ქრისტიანისთვის. ამგვარი გახელება უკვე მიუთითებს მასზე, რომ ადამიანთან არ იმყოფება ღვთაებრივი (მადლი) სული. გაღიზიანება დასაწყისია მრისხანების, იგი წყობიდან გამოსულზე ბოროტი სულის მბრძანებლობაზე მიუთითებს და ამიტომაც ამგვარი საუბრიდან მხოლოდ ცუდს შეიძლება ველოდოთ.

უნდა ითქვას, ოჯახური გარემო მეტად რთულად ითვლება თავშეკავების თვალსაზრისით. რასაც ითმენენ სახლს გარეთ, ცდილობენ არ მისცენ მას რეაქცია, იმას ხშირად ვეღარ ახერხებენ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან მიმართებაში. როცა შინ არ არიან, მაშინ მეტად აკონტროლებენ თავს, უცხო ხალხთან ურთიერთობისას უფრო ცდილობენ გამოიჩინონ ტაქტი, არ აყვნენ ემოციებს. ხშირად მათთან კონტაქტი საკმარისად დიდ დაძაბვას, ყურადღებას მოითხოვს, ვინმეს რომ არ აწყენინო, გაიფუჭო ურთიერთობა. სურათი იცვლება, როცა საქმე უკვე ოჯახის წევრებს შეეხება. აქ არცთუ იშვიათად დიდ გარდასახვას აქვს ხოლმე ადგილი. შეიმჩნევა ერთგვარი მისწრაფება, განთავისუფლდნენ იმ შებოჭვისაგან, რომელიც უცხო ხალხთან ურთიერთობას ახლავს თან. სახლში უკვე თავისუფლად, მოურიდებლად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, გამოხატავენ ემოციებს, შთაბეჭდილება ისეთია, რომ დიდად აღარ ცდილობენ თავშეკავებას, თითქოს ეს გარეთაც კმარა, შინაც იგივე ზედმეტი იქნება, დამთრგუნველი. ასეთი მისწრაფება კი იწვევს იმას, რომ ხშირად სათანადო განსჯის, გააზრების გარეშე, გრძნობებს აყოლილები ამბობენ სათქმელს, მიუთითებენ სხვას შეცდომებზე, თან ნაკლებად ცდილობენ შეარჩიონ საუბრის ტონი, სიტყვები, დრო, რათა ახლობელი არ გაღიზიანდეს, დაბრკოლდეს, გამოვიდეს წყობიდან. არცთუ იშვიათად ისეთი სცენები იმართება ოჯახის წევრებს შორის, რომ გარეთ მათი ქცევის შემხედვარე, ძნელად რომ ეს წარმოიდგინო.

უკანასკნელ ოპტინელ მამათა ლოცვაში ვხვდებით სიტყვებს: „მასწავლე სწორი და გონიერი მოქმედება ჩემი ოჯახის ყველა წევრთან, არავის ვაწყენინო, არავინ შევაშფოთო“. წმ.მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: „დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს, აქ ყოველ დღეს და ყოველ წამს მოთმინებით და სულგრძელობით უნდა იქცეოდე. თუ ადამიანებმა ერთმანეთს ნაკლი და შეცდომები არ მოუთმინეს, ერთად ვერ გაძლებენ. დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა კაცისთვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვეძლევა. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდეს და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენ და ვერ განამტკიცებ, როგორც ოჯახში. ადამიანის ხასიათი არსად ისე კარგად არ მჟღავნდება, როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი სახე დამალოს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება სინამდვილეში ვინაა - კეთილი თუ ბოროტი. შინაური ცხოვრება სარკეა, სადაც კაცის ჭეშმარიტი ბუნება, ხასიათი ჩანს. ქრისტიანთათვის სახლი ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა. როგორც ტაძარში, ოჯახშიც სიწმინდით და მორიდებით უნდა იქცეოდეს“.

თავად ოჯახშიაც ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახე, რომელიც გვხვდება, ეს ცოლ-ქმარს შორის დამოკიდებულებაა. ერთმანეთთან ცხოვრების ეს სახე თავისი განსაკუთრებული ნიშნებით გამოირჩევა და ორივე მხარეს დიდი ტაქტი, მოთმინება, სულგრძელობა მართებს, რათა მყარი იყოს ოჯახური კავშირი. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ამას ადგილი არა აქვს, რაც იწვევს გაუთავებელ კინკლაობას, დაპირისპირებას, ჩხუბს ცოლ-ქმარს შორის, რისი ბოლოც ზოგჯერ განქორწინება, დაშორებაა. მისთვის, რომ ასეთი სავალალო შედეგი არ მივიღოთ, საჭიროა, ჯერ ერთი, დიდი სიფრთხილით შეირჩეს მეწყვილე, ხოლო ამის შემდეგ ჯეროვანი მზრუნველობა იქნას გამოჩენილი მეორე მხარესთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ეს კი მრისხანებისგან, გაღიზიანებისგან რაც შეიძლება თავის შეკავებას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება არ არის ადვილი. ხშირად როცა მცირე ხნის კონტაქტი აქვთ, ვთქვათ, რამდენიმედღიანი სახლს გარეთ, არა ოჯახის წევრებთან, მაშინ ვერ ინარჩუნებენ სიმშვიდეს, გამოდიან წყობიდან, აღიზიანებთ ერთმანეთი, უპირისპირდებიან ერთი-მეორეს და რაოდენ ძნელია, როდესაც ორ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად უწევს არსებობა, ჭაპანის ზიდვა. აქ გაცილებით მეტად გვხვდება ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციები, როცა აზრთა სხვადასხვაობას, შეცდომებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ოჯახური ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ურთიერთმოპყრობის თავისუფალი სახეც ერთგვარად ხელს უწყობს ხშირად დაუფარავად, მოურიდებლად, უტაქტოდ ითქვას სათქმელი, გამოხატულ იქნას საკუთარი პოზიცია.

ამერიკელი ფსიქოლოგი აარონ ბეკი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ხშირად შესამჩნევ ხუთ შეცდომას გამოყოფს. პირველი ეს „გვირაბული“ ხედვის გამოვლენაა, რაც გულისხმობს მას, რომ აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც მათ განწყობას შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ შემჩნეული მოვლენა შეიძლება მხოლოდ უფრო მრავლისმომცველი სიტუაციის ნაწილი იყოს. ამგვარი ხედვის მაგალითია ქმარი, რომელიც ვერაფერ დადებითს ვერ ხედავს იმაში, რასაც მისთვის ცოლი აკეთებს.

მეორე შეცდომა მიკერძოებითი ახსნაა: თუკი ერთმანეთან ურთიერთობა ადამიანებს ტკივილს ანიჭებს, მაშინ ისინი მიდრეკილნი ხდებიან ერთმანეთს მიაწერონ უარყოფითი გრძნობები, განცდები, მოქმედებები, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ პარტნიორის „შეურაცხმყოფელი“ საქციელის მიღმა იმალება ავი ზრახვები, უკადრისი მოტივები. მაგალითად, ცოლ-ქმართან ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე ოჯახურ პრობლემებს შეიძლება მეორის ცუდი ხასიათით ხსნიდეს.

ასევე შეცდომას წარმოადგენს ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებება. ეს მიკერძოებითი ახსნის საფუძველზე ხდება. პარტნიოორები მუდმივად ამკობენ ერთმანეთის ქცევას კრიტიკული იარლიყებით, ამასთან, მწვავედ რეაგირებენ მათზე, მაგალითად, ისეთ ბრალდებებზე, როგორიცაა უყურადღებო, ხულიგანი, თითქოსდა იარლიყი მართლაც რეალობის გამომხატველი იყოს.

მეოთხე, რასაც ამერიკელი ფსიქოლოგი გამოყოფს, ეს აზრების კითხვისას დაშვებული შეცდომებია, რომელთა ორ სახეზეც ამახვილებს იგი ყურადღებას. „მე შემიძლია გავიგო, რას ფიქრობს ჩემი პარტნიორი და მას, უნდა ვივარაუდოთ, შეუძლია წაიკითხოს ჩემი აზრები“. ცოლ-ქმარს შეუძლია ზიანი მიაყენოს ერთმანეთთან ურთიერთობას, თუკი აკეთებს დაშვებებს ამ შეცდომებიდან გამომდინარე.

მეხუთე, ეს სუბიექტური არგუმენტაციაა, რომლის საფუძველსაც შემდეგი ცდომილი დაშვება წარმოადგენს: „თუკი ადამიანი რაიმე ძლიერ ემოციას განიცდის, მაშინ იგი გამართლებულია“.

წმ.იოანე ოქროპირი წერს: „ცოლ-ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს ორივეს მხრიდან ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული იქნება მათ შორის, თუკი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას, ისე, რომ თავად არაფრის გაღებას არ მოისურვებს. თავ-თავიანთი მოვალეობების აღსრულებას შედეგად მოსდევს სიმყუდროვე, მშვიდობა ოჯახში, სიმტკიცე და ძლიერება. ისინი არ უკირკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მოთმინებით და დიდსულოვნად იტანენ წყენას, სიბრაზეს, დაძაბულ და გამოუვალ სიტუაციებს“.

წმ. მამის მიხედვით, ცოლის უჟმური ხასიათი ქმრისთვის ღვთით მოვლენილი სასჯელია და ქმარი ვალდებულია უდრტვინველად აიტანოს ეს განსაცდელი. ამიტომაც არავითარი გასამართლებელი საბუთი არ ექნება ასეთი ცოლის მიმართ სიმკაცრის გამოჩენას მეუღლის მხრიდან. წმ.იოანე ოქროპირი სასტიკად კრძალავს ქმრის სიმკაცრეს თანამეცხედრისადმი და მიიჩნევს მას ბარბაროსობად, ყოველმხრივ გაუმართლებელ საქციელად. ცოლის მანკიერებათა დასაძლევად იგი გვირჩევს კეთილგონივრულ მოთმინებას და არა ჩხუბსა და აყალმაყალს. ცოლის უზნეობის დასათრგუნად ამ წმიდა მამის მიხედვით, ყველაზე გამართლებული ქმრის მხრიდან მოთმინება და ყურადღების გამოჩენაა. თანამეინახე ცხოვრებაში, შვილების დედა, მრავალი სიხარულის მომნიჭებელი, არ უნდა გავწიროთ მრისხანებისა და ბოროტებისთვის, არამედ სიყვარულით და სინაზით უნდა მოვეპყრათ.

უნდა ითქვას, ადრე ძველ ქრისტიანებთან ერთგვარი ჩვევაც კი არსებობდა, რომ გამოეცადათ საკუთარი თავი, განთავისუფლებულიყვნენ მრისხანებისგან, პატივმოყვარეობისგან, სიამაყისგან, სხვა ნაკლოვანებებისგან, ზოგი სპეციალურად ცხოვრობდა რთული ხასიათის ადამიანთან, რათა მასთან ურთიერთობაში გაემჟღავნებინა საკუთარი სუსტი მხარეები, დაფარული ვნებები. ახლა ასეთი რამ ჩვენთვის წარმოუდგენლადაც კი მოჩანს, დღეს ვინ გააკეთებს ამას, ერთი სული აქვთ, როდის დაშორდებიან ჭირვეული ბუნების კაცს, შეწყვეტენ ან მეტად შეზღუდავენ მასთან კონტაქტს. ადრინდელი ქრისტიანები კი ზოგჯერ, როგორც ვხედავთ, სულ სხვაგვარად იქცეოდნენ.



 გაგრძელება... 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო