Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ზურაბ ცხოვრებაძე „ღვთაებრივი და ამსოფლიური სიბრძნე“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ღვთაებრივი და ამსოფლიური სიბრძნე

„არც კი იცი კაცმა, რა უფრო გაგიკვირდეს მათი, უფლის სიტყვის წვდომა, თუ საერო განსწავლულობა“

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად როცა შექმნა, მას თავისუფალ ნებასთან ერთად თავისუფალი გონება მიმადლა. სამოთხისეული ადამიანის გონება გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე იქიდან განდევნილისა. ის თავისი სულითა და გონებით უფრო ახლოს იდგა საღვთო ჭეშმარიტებასთან. ადამი ბრძენი იყო. მისი გონება, გული (გრძნობები) და სხეული ერთმანეთთან ჰარმონიაში იმყოფებოდა. ცოდვით დაცემამ და სასუფევლიდან გამოდევნამ დააზიანა არა მარტო გული და სხეული, არამედ გონებაც. რაც უფრო შორდებოდა ადამიანი სამოთხეში ყოფნის პერიოდს, მით უფრო კლებულობდა მისი სიბრძნე, ირყვნებოდა მიწიერი აზრებით. ეშმაკის შთაგონებით ადამიანის აზროვნებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ჭეშმარიტების მარცვლები მასში მაინც დარჩა. ერთადერთ ჭეშმარიტ ცოდნას ჭეშმარიტი რწმენის გამო ისრაელიანები ფლობდნენ, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, გონების დასუსტება პირველქმნილი ცოდვის გამო მათშიც მოხდა. ამის შემდეგ ადამიანში დაიწყო მუდმივი შინაგანი ბრძოლა. კაცობრივი გონება თანდათან დაუპირისპირდა საღვთო სიბრძნეს. მაგრამ კაცობრიობის საუკეთესო შვილები ცდილობდნენ, ამაღლებულიყვნენ ადამიანურ აზროვნებაზე. ისინი უფლის სიბრძნისკენ ისწრაფვოდნენ. ეს ყველაზე უკეთ ქრისტიანმა მამებმა შეძლეს, რადგანაც წმ. იოანე ოქროპირის თქმით: „ჩვენ იმდენად ბრძენნი ვართ წარმართებზე, რამდენადაც პლატონი ჩამორჩება სულიწმიდას. მათ მასწავლებლებად რიტორები ჰყავთ, ჩვენი კი - სული წმიდა“. ქრისტიანი მამები გახდნენ ღვთივგანბრძნობილნი, ღვთისმეტყველნი, ღვთივსულიერნი და ამიტომაც უფრო გონიერნი, ვიდრე სხვანი. ეს იყო სხვა სიბრძნე, სხვა გონება - არაამსოფლიური, ბევრისთვის გაუგებარი და უცხო. ქრისტიანი მამები გახდნენ ჭეშმარიტი ფილოსოფოსები, რადგანაც ფილოსოფია სიბრძნის სიყვარულია, ხოლო სიბრძნე - იესო ქრისტე, ამიტომ ჭეშმარიტ ფილოსოფიად ქრისტიანობა უნდა მოვიაზროთ. [1] 

ამ სტატიაში გვსურს წარმოვაჩინოთ, რამდენად იყენებდნენ წმინდა მამები საერო ცოდნას, მაგრამ ამავე დროს, როგორ სიფრთხილეს იჩენდნენ მისდამი და რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საღვთო გამოცხადებას სიბრძნის მოსაპოვებლად.

წმინდა მამები და საერო განათლება

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ წმ. მამებს საერო განსწავლულობისა და საერთოდ ცოდნისადმი? ამის გასარკვევად თვალი გავადევნოთ მამათა ცხოვრებებს. სანამ საეკლესიო ცხოვრებას შეუდგებოდნენ, წმ. კლიმენტი რომაელი, წმ. იპოლიტე პორტუელი, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი, წმ. პავლინუს ნოლელი სენატორები იყვნენ. სენატორები კი განსაკუთრებული განათლებით გამოირჩეოდნენ. ნეტარმა ავგუსტინემ, ნეტარმა იერონიმემ თავისი დროის საუკეთესო სასწავლებლებში მიიღეს განათლება. ერთნაირი გულმოდგინებით შეისწავლეს ყველა მეცნიერება და წარმართ მასწავლებელთა ქებაც დაიმსახურეს. თავისი დროის ცნობილი მასწავლებელი ლიბანიოსი ასე ახასიათებს წმინდა ბასილი დიდს: „ესაა ჰომეროსი, ესაა პლატონი, ესაა არისტოტელე, ესაა კაცი ყოვლისმცოდნე“. ამგვარი აღმატებული შეფასება მით უფრო საგულისხმოა, რომ ლიბანიოსი [2] წარმართი იყო. 

აი, რას ამბობს გრიგოლ ნოსელზე ცნობილი ლექსიკოგრაფი სვიდა: „ეპისკოპოსი გრიგოლ ნოსელი, ძმა ბასილი კესარიელისა იყო ასევე ურჩეულესი, ყოველგვარი განსწავლულებით აღსავსე კაცი, რომელიც განსაკუთრებით ეშურებოდა რიტორიკის სიამეებს“. წმიდა გრიგოლმა ღრმად შეისწავლა ანტიკური ლიტერატურა, მან წლები მიუძღვნა ფილოსოფიის შესწავლას, დაეუფლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსაც. რაც შეეხება გრიგოლ ღვთისმეტყველს, მან განათლება ჯერ ნაზიანზში, შემდეგ ორივე კესარიაში, ალექსანდრიასა და ათენში მიიღო, სადაც ათი წელი დაჰყო, ათენში საფუძვლიანად შეისწავლა ლიტერატურა და ფილოსოფია, სრულყოფილად დაეუფლა რიტორიკას და დიალექტიკას. გასათვალისწინებელია, რომ ათენის ფილოსოფიურ სკოლას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იოანე ოქროპირი დიდგვაროვანთა ოჯახში აღიზარდა. სახლში მან ბრწყინვალე პირველდაწყებითი განათლება მიიღო. შემდგომში იგი მჭერმეტყველებას სწავლობდა ზემოხსენებულ რიტორ ლიბანიოსთან. წმინდა იოანე სახელგანთქმული მასწავლებლების დიოდორესა და ფლავიანეს სკოლაში შეისწავლიდა წმიდა წერილს, პროფესიით ის ადვოკატი იყო. იურისტობა კი იმ პერიოდში უაღრესად პრესტიჟულ სპეციალობად ითვლებოდა. ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული გრიგოლ ტურელსაც. კარგი განათლება მიიღო წმ. ათანასე ალექსანდრიელმაც. მან იცოდა ჰომეროსი, იცნობდა პლატონიზმის ყველა მიმდინარეობას, ესმოდა რომის სამართალი, შეისწავლა საღვთო წერილი. რაც შეეხება წმ. ეფრემ ასურს, მას ასე ახასიათებენ თანამედროვენი: „ღირსი ეფრემი კარგად უხამებდა მოსაგრე ცხოვრების ღვაწლს საღვთო წერილის შესწავლას, რომლიდანაც ... სიბრძნეს მოიპოვებდა“ ...წმინდა იოანე დამასკელმა სრულყოფილად შეისწავლა ფილოსოფია, გრამატიკა, საღვთო წერილი, სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნები. თეოდორე სტუდიელმაც საფუძვლიანი განათლება მიიღო კონსტანტინოპოლის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან. წმ. თეოდორე ხშირად ებმებოდა კამათში ხატების თაყვანისცემის შესახებ. ორატორული ხელოვნების სრულყოფილ ფლობას, ფილოსოფიური ტერმინოლოგიისა და ლოგიკის ცოდნას და რაც მთავარია, ღრმად შეთვისებულ ქრისტიანულ დოგმატიკას და საღვთო წერილში განსწავლულობას ყოველთვის გამარჯვება მოჰქონდა მისთვის მწვავე სიტყვიერ პაექრობაში. კლიმენტი ალექსანდრიელის განსწავლულობის დამადასტურებლად საკმარისია გავიხსენოთ მაქსიმე აღმსარებლის შეფასება, რომელიც მას ფილოსოფოსთა ფილოსოფოსს უწოდებდა. თავისი დროის ჭეშმარიტი ენციკლოპედისტი იყო წმ. პატრიარქი ფოტიოსი, რომელსაც ნაშრომები აქვს ეგზეგეტიკაში, დოგმატიკაში, ლიტერატურის ისტორიაში, საეკლესიო სამართალში, ლექსიკოლოგიაში. იგი იმდენად განათლებული ადამიანი იყო, რომ იმპერატორმა თავისი შვილების აღზრდა მიანდო. წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ავტორი წმინდანზე წერს: „ხოლო გულისხმიერებაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი, სამოძღვროი, ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაიცა ისწავა მრავალთა ენათაი და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა, ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა, ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად...“ საფუძვლიანი განათლება ჰქონდათ იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებს. არა მარტო ძველი მამები გამოირჩეოდნენ სწავლისადმი სიყვარულით. თანამედროვე მამებიდან მხოლოდ ამერიკელი მართლმადიდებლის სერაფიმე როუზის გახსენებაც კმარა. მას ჰქონდა ხელოვნების დოქტორის ხარისხი, ორიგინალში შეისწავლა ჩინური და ინდური ფილოსოფია, იუდაიზმი, გაეცნო სხვადასხვა მეცნიერებებს, და რაც მთავარია, ბრწყინვალედ იცოდა მართლმადიდებლობა, რომლის ღრმად შესწავლისათვის მან საგანგებოდ სრულყოფილად აითვისა ძველი სლავური და რუსული. შესანიშნავი მეცნიერი და პოლიგლოტი (22 ენის მცოდნე) იყო წმინდა გრიგოლ ფერაძეც. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, ჩვენ მხოლოდ ერთს დავამატებთ, ამ მამათა ცხოვრება ჩვენთვის ცნობილი რომ არ ყოფილიყო, მათივე ნაშრომები დაგვარწმუნებდა იმ შესანიშნავ განათლებაში, ისინი რომ ფლობდნენ. საოცარია მათ მიერ არა მარტო ღვთისმეტყველების, არამედ სხვა სამეცნიერო დისციპლინების ცოდნაც. ბასილი დიდის ჰომილიებში ჩანს ცოდნა ბიოლოგიისა და ასტრონომიისა. წმ. გრიგოლ ნოსელთან - მედიცინისა. გრიგოლ ტურელს ისტორიული ნაშრომი აქვს დაწერილი - „ფრანკთა ისტორია“. წმინდა იოანე დამასკელის ნაშრომს მართლმადიდებლობის შესახებ წამძღვარებული აქვს ფილოსოფიური თავები. წმ. ირინეოს ლიონელს აპოლოგეტურ წიგნში მიმოხილული აქვს მაშინ არსებული თითქმის ყველა ერეტიკული სწავლება. საგულისხმო სიტყვებით აფასებს ნეტარი იერონიმე მამების განათლებას: „არც კი იცი კაცმა, რა უფრო გაგიკვირდეს მათი, უფლის სიტყვის წვდომა, თუ საერო განსწავლულობა“.


საერო განსწავლულობა, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილე

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მამები „გარეშე სიბრძნის“ შესწავლას სიფრთხილით ეკიდებოდნენ. აი, რას წერს გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლ ხანძთელზე: „ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად და რომელი პოვის სიტყვაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკვალი განაგდის“. იოანე დამასკელი ფილოსოფიური თავების შესავალში აღნიშნავს: „მიმსგავსებითა სახესა ფუტკრისასა მახლობელნი უკუე ჭეშმარიტებისანი გამოვკრიბნე და მტერთაგან მაცხოვარება მოვისთულე, ხოლო განვყარნე ყოველნი, რაოდენნი ურგებ და სახელმტყუარისა მეცნიერებისა მქონებელ იყვნენ“. ამ თხზულების ქართულად მთარგმნელი ეფრემ მცირე ასე განგვიმარტავს ფილოსოფიის მნიშვნელობას ქრისტიანობისთვის: „ვითარმედ ესევითარი არს საფილასოფოსოი სწავლაი, რომელი - იგი აქაცა საჭიროდ სახმარად შემოუღებიეს წმიდასა იოანე დამასკელსა, რაითა ამათ მიერ წინააღუდგებოდინ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განჰგუმერდენ მათ, რამეთუ თვინიერ ამათ სიტყუათასა, სხუებრ შეუძლებელ არს სიტყვისგებაი წინააღმდგომთაი“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წმ. ბასილი დიდს სპეციალური ნაშრომი აქვს დაწერილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიკითხოთ ანტიკური ლიტერატურა. კლიმენტი ალექსანდრიელი წერს: „როგორც ბარბაროსულ ფილოსოფიაში, ასევე ელინურშიც „დაითესა ღვარძლი“ (მთ.13-25) იმ მიწათმოქმედის მიერ, ვინც ღვარძლის თვისებისაა. ამის შედეგად ერთი მხრივ, ჩვენ შორის ნაყოფიერ თავთავთან ერთად თანააღმოცენდა მწვალებლობანი, ხოლო მეორე მხრივ, ელინურ ფილოსოფიაში ქადაგებულ იქნა ეპიკურეს უღმერთობა და ჰედონიზმი, აგრეთვე ყველაფერი ის, რაც მართალი სიტყვის გვერდით დაითესა და რაც ღვთისგან ელინთათვის ბოძებული მიწათმოქმედების ცრუ ნაყოფებს წარმოადგენენ. მას „ამ საუკუნის სიბრძნედ“ სახელსდებს მოციქული“. 

ძალა, რომელიც წმინდა მამებს ჰქონდათ, მიწიერ სიბრძნეს არ ეფუძნებოდა. გარეშე სიბრძნე იყო მხოლოდ იარაღი ჭეშმარიტების უკეთ გადმოსაცემად, ან მის დასაცავად. ისინი იყენებდნენ ფილოსოფიურ ტერმინებს იმისათვის, რომ ადამიანურ ენაზე გადმოეცათ ის ცოდნა, რაც მათ ზეციური ჭვრეტით მიიღეს. წმ. ბასილი დიდი აღნიშნავდა საერო ცოდნის საჭიროებას, მაგრამ ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს იყო მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი, რომლის შემდეგ ქრისტიანის გონება ზეციური ცოდნისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. უკან მობრუნება, ძირს დაშვება, მისი აზრით, მიუღებელი უნდა ყოფილიყო სრულყოფის მოსურნე ქრისტიანისათვის. ამასვე ეთანხმება წმ. კლიმენტი ალექსანდრიელიც: „თვით პავლეც თავის ეპისტოლეში არ ჩანს ფილოსოფიის მგმობელი, მაგრამ იგი მას, ვინც ეზიარა, „მცოდნეობით“ სიმაღლეს. („გნოსტიკურ“ სიმაღლეს), აღარ უსურვებს კვლავ მიბრუნებას ელინური ფილოსოფიისაკენ“. საღვთისმეტყველო სკოლებში სწავლება, მსმენელთა განსწავლა იწყებოდა ზოგადსაგანმანათლებლო (ენციკლური) საგნების გაცნობით. ეს იყო მაგალითად, მათემატიკა, ასტრონომია, საბუნებისმეტყველო საგნები. ქრისტიანებს ჯერ ბუნებაში, მის ჰარმონიაში, მიწიერ საგნებსა და მოვლენებში უნდა დაენახათ ღვთაებრივი კანონზომიერება და შემდეგ თანდათანობით ამქვეყნიურიდან აემაღლებინათ თავიანთი გონება ზეციურისკენ, გადასულიყვნენ უშუალოდ ღვთისმეტყველების შესწავლაზე.

უფლის მადლი - ჭეშმარიტი სიბრძნის წყარო

საღვთო მადლის მიღებით გონების განბრძნობა მამებისათვის შემეცნების გზა იყო, რის შესახებაც ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამიცხადენ მე“ (ფს. 50). საღვთო ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლია მას, ვინც სინანულით შეიმოსება, თავმდაბლობას მოიხვეჭს, ვინც განწმედილი გულით ლოცულობს, ვინც ითხოვს ღვთისაგან სიბრძნეს, ვითარცა სოლომონ მეფე, ვინც ისმენს მოციქულის დარიგებას: „და სიტყუაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათათა, არამედ გამოცხადებითა სულისათა და ძალითა; რათა სარწმუნოება ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთათა, არამედ ძალითა ღმრთისათა“ (I კორინთ. 2.4-5). ამ საღვთო ზეშთაგონების მრავალი მაგალითი გვაქვს მამათა ცხოვრებებში: 

წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედს წმ. მოციქულებმა აუწყეს სიზმრისეული ხილვით მრწამსის ტექსტი [3].

წმ. ანტონს სასწაულით ეუწყებოდა ბუნდოვანი ადგილების განმარტება. იგი ასეთი სიტყვებით ევედრებოდა მაცხოვარს: „უფალო ღმერთო ჩემო, მომივლინე მე მოსე, რათა მასწავლოს მე პასუხი“ [4].

წმ. ეფრემ ასურს ანგელოზმა შეაჭამა იდუმალი წიგნი, რამაც გააძლიერა მისი სიტყვა.

პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებისას ერთმა ბერმა იხილა თავად პავლე მოციქული როგორ კარნახობდა იოანე ოქროპირს. წმინდა იოსებ მგალობელი (მელოდოსი) ღვთისგან ითხოვდა მადლს წმინდა ბართლომე მოციქულის სადიდებელი კანონის შესაქმნელად. მართლაც, ერთხელ საკურთხეველში მას თვით ბართლომე მოციქული გამოეცხადა, რომელმაც იოსებს ტრაპეზის სახარება მკერდზე დაადო და უთხრა: „გაკურთხოს უფალმა, შენმა საგალობელმა დაატკბოს სამყარო“. ამ დალოცვის შემდეგ ღირს იოსებს საგალობლების შექმნის ნიჭი მიემადლა და 300-ზე მეტი კანონი შექმნა.

იხილეს, თუ როგორ ჩააგონებდა მტრედი რაღაცას წმ. გრიგოლ დიოლოღოსს, როდესაც ის ეკლესიის ამბრიონიდან წინასწარმეტყველ ეზეკიელს განმარტავდა.

43-ე ფსალმუნის განმარტებისას წმ. ამბროსი მედიოლანელის პირიდან საღვთო ცეცხლი გარდამოვიდა.

წმ. გიორგი მთაწმიდელს, მისისვე თქმით „ექვსთა დღეთას“ თარგმნისას თავად წმინდა ბასილი დიდი შეეწეოდა.

გავიხსენოთ წმ. წერილის ცნობილი ადგილი მათეს სახარებიდან: „და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქვენ ჩემთვის საწამებლად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცენ თქუენ ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდეთ. რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისა, რომელი იტყოდეს თქუენ შორის“.

„დიოგნეტესადმი ეპისტოლის“ ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ: „მადლი ივრცობა და მრავლდება წმიდათა შორის, რომლებსაც მისგან ენიჭებათ გონება და უმჟღავნდებათ საიდუმლონი“.

ბრძენნი სულიწმინდის მადლით

იყვნენ მამები, რომელთაც არანაირი განსწავლულობა არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც განათლებულნი იყვნენ, რადგან საღვთო მადლი იყო მათზე. კარგად ამბობს ამაზე სულთმოფენობის ტროპარი: „კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათზედა ყოვლადწმიდა სული შენი და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე...“ კვლავ მოვუსმინოთ „ეპისტოლე დიოგნეტესადმი“ ავტორს: „როგორც უკვე ვთქვი, არა თუ ამქვეყნიური რამ მოძღვრება გადაეცათ მათ, არათუ იმას იღვწიან ისინი, რომ კვდომადი აზრები დაიმარხონ, არა თუ კაცობრივ საიდუმლოებათა განგებულებას ერწმუნებიან; თავად ყოვლისმპყრობელმა, ყოვლისშემოქმედმა და უხილავმა ღმერთმა, თავად მან ცათაგან დააფუძნა კაცთა შორის ჭეშმარიტება - წმიდა და გონებით აღუთქმელი სიტყვა; მათ გულებში დაამტკიცა მან იგი... თუმცა მათი მოძღვრება ცნობისმოყვარე კაცთა გონების ნაყოფი როდია! არც თუ ადამიანურ სწავლებებს იმარხავენ ისინი ზოგთა მსგავსად“. „კლიმენტი ალექსანდრიელი თავის „სტრომატაში“ ეხმიანება ამ საკითხს: „რადგანაც მაცხოვარი მისიანებს საღვთო, მისტიური სიბრძნით ასწავლის ყველაფერს და არა კაცობრივად... არა თუ ზედაპირულად სმენა გვმართებს, არამედ გონება უნდა მივაახლოთ მაცხოვრის სულისა და აზრის იდუმალებას“. ვის შეუძლია მიეახლოს მაცხოვრის აზრის იდუმალებას? ის, ვინც დაიმარხავს დავით მეფის სიტყვებს: „მონაი შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე და გულის-ხმა ვყვნე წამებანი შენნი“. 

ღვთის გარეშე სიბრძნის მოხვეჭა შეუძლებელია

ღვთის გარეშე სიბრძნის მოხვეჭა შეუძლებელია, ამას გვიდასტურებენ წმიდა მამები: წმ. იუსტინე: „ამგვარად განგვიცხადა მან ყოველივე, რასაც მხოლოდ მისი მადლით შევიმეცნებთ წმ. წერილიდან“. წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედი: „უნდა კი ვისმეს ქმნილებათაგან ღვთის შემეცნება, ან საღვთო წერილის გაგება? მისი ამ ყოვლადსრულყოფილი სიბრძნის გარეშე ვერ შეძლებს იგი გაიგოს რამე“. ნეტარი ავგუსტინე თვლიდა, რომ ღვთისმეტყველების ამოცანა იყო: „გონების თვალით შეცნობა იმისა, რაც უკვე მივიღეთ რწმენით“. 

წმინდა მამათა ერთსულოვნება

ჭეშმარიტ ქრისტიანებს სხვებზე მეტად შეუძლიათ ღვთის ჭეშმარიტების წვდომა, მაგრამ მათი ადამიანური შეზღუდულობის გამო, ეს სრულყოფილად მაინც ვერ ხერხდება. წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: „...წმ. ადამიანებს, მეტადრე ამაღლებულებს, ხელეწიფებათ ღვთის დიდების ჭეშმარიტი ჭვრეტა, სრულად კი არა - ეს შეუძლებელია, მაგრამ სხვებზე გაცილებით უკეთ“, ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წმ. მამათა აზრების თანხვედრას კონკრეტული შეხედულების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. ამას მამათა ერთსულოვნება (consesus patrum) ეწოდება. აი, რას ამბობს ბიკენტი ლირინელი: „რასაც ყველა მამა ან მამათა უმრავლესობა ერთსულოვნად, აშკარად და ყოველთვის იწყნარებს, ის უნდა მივიჩნიოთ ჭეშმარიტად და უეჭველად“. 

სამწუხაროდ, ცოდვით დაცემული ადამიანი ხშირად არ მისდევდა სახარებისეულ სწავლებას, მისი ამპარტავანი გონება ცდილობდა, კაცობრივი ლოგიკით აეხსნა სამყარო, თან ისე, რომ წინასწარ გული ცოდვებისაგან არ გაეწმინდა. წმინდა წერილი კი გვასწავლის: „ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის; ხოლო შეგინებულთათვის და ურწმუნოთა არა რაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა“ (ტიტე 1.15). და კიდევ: „ბოროტის მოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე“ (სიბრძნე 1.4) ასეთი გზით მოპოვებულ „სიბრძნეს“ მოციქული „ამ საუკუნის სიბრძნეს“ უწოდებს. წმ. წერილი და მამები ამხელენ ამგვარ სიბრძნეს: „ის (ღმერთი) იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება“. (იობი 5.13) ძვ. აღთქმა უგუნურს უწოდებს ურწმუნო ადამიანს: „თქვა უგუნურმა გულსა შინა თუისსა არა არს ღმერთი“, „ელინებსაც ჰყავთ ბრძენნი, თუმცა არ არიან ისინი ბრძენნი, განა შეიძლება უწოდო ბრძენნი მათ, რომელთაც ვერ შეიცნეს უმაღლესი არსი - ღმერთი, პირველმიზეზი ყველა სიკეთისა“. ეხმიანება ფსალმუნის სიტყვებს წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი.

სისულელედ ქცეული სიბრძნე

მოძღვრება, რომელიც ქრისტემ იქადაგა, ამსოფლიური აზროვნების მქონე ადამიანთათვის ძნელად მისაღები გახდა. წმ. იუსტინე: „ბევრ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა გულისხმისყოფის მადლი, მოეჩვენა, რომ ეს (ქრისტიანული), დოგმატები არაგონივრული და ღვთისთვის შეუფერებელი იყო“. ადამიანური გონება იმდენად დასცილდა ღმერთს, რომ სიბრძნე მას სისულელედ მოეჩვენა, მაშინ, როცა სწორედ მისი „სიბრძნე“ იყო სისულელე. აი, რას წერს მოციქული პავლე: „რამეთუ წერილ არს: წარვსწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა, და მეცნიერება იგი მეცნიერთა შეურაცხ-ვჰყო. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებლი იგი ამა სოფლისა? რამეთუ ვინათგან სიბრძნითა მით ღმრთისათა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თუისითა ღმერთი, ჯერ იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისათა ცხოვრება მორწმუნეთა მათ“. (I კორინთ. 1. 19-21); „რამეთუ სულელი იგი ღმრთისა უბრძნეს კაცთა არს...“ (იქვე 1.25). 

ებრაელმა მწიგნობრებმა ვერ შეიცნეს ღმერთი, თუმცა სჯული ზედმიწევნით იცოდნენ. მათთვის წიგნიერება დაბრკოლებად იქცა ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე. ამის მიზეზი სიყვარულის ნაკლებობა იყო. ათენშიც, რომელიც იმ დროს წარმართული ფილოსოფიის ცენტრს წარმოადგენდა, ვერ მიიღეს მოციქულის ქადაგება. აი, ასეთ ცოდნაზე წერს პავლე მოციქული: „მეცნიერებაი განალაღებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს“. (I კორინთ. 8.1), „ნუ ვინ თავსა თუისსა აცდუნებნ, უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თუისი თქვენ შორის ამა სოფელსა, სულელ იქმენინ. რაითა იყოს იგი ბრძენ, რამეთუ სიბრძნე ამა სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნას ბრძენნი სივერაგითა მათითა. და კვალად იტყუის: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო“. (I კორინთ. 3. 18-20). და კიდევ: „იტყოდეს თავთა თუისთა ბრძენ და განცოფნეს“. (რომ. 1722).

„უკეთესია კარგი უცოდინრობა, ვიდრე ცუდი ცოდნა“

ვინ მოსთვლის, რამდენ ასეთ ბრძენს დაუღუპავს თავი და თავისი სწავლებით სხვებიც წარუწყმიდავს. გავიხსენოთ თუნდაც ყოვლადგანსწავლული ორიგენე, კამათის დიდოსტატი არიოზი, მჭერმეტყველებით სახელგანთქმული ნესტორი, განსწავლულობით ცნობილი დიდიმი ბრმა, ევსები ნიკომიდიელი, აპოლინარი... განა არ სჯობდა მათთვის უწიგნურნი ყოფილიყვნენ და ჭეშმარიტი სარწმუნოება ჰქონოდათ? რადგან წმ. ირინეოსის სიტყვებით რომ ვთქვათ: „უბრალო და ღვთისმოშიში კაცი ბევრად სჯობს ბიწიერ და კადნიერ სოფისტს“. წმ. იოანე ოქროპირიც ეთანხმება ამ აზრს: „უკეთესია კარგი უცოდინარობა, ვიდრე ცუდი ცოდნა, რადგან ერთი თავისუფალია დანაშაულისაგან, მეორეს კი არა აქვს შეწყალება“. 

„...ჩვენ გონებაი ქრისტესი გვაქუს“

წარმართული სიბრძნე უსუსურია ქრისტიანულ სიბრძნესთან შედარებით. აი, რას ამბობენ წმ. მამები ამის შესახებ: წმ. ათანასე დიდი: „ხოლო ღმრთის სიტყვამ (რაც ყველაზე უფრო საკვირველია) გადმოსცა რა თავისი სწავლება ღარიბი გამოთქმებით, დაჩრდილა ყველა ბრძენნი, მათი მოძღვრებანი არარაობად აქცია...“ წმ. ბასილი დიდი: „და მეტყველებამანცა და გამომთქუმელობამან და ფილოსოფოსობამან მრავალნი უცალო ჰყვნეს, რომელთა ნივთი არს ტყუილი, რამეთუ გამომთქუმელობაი იგი არა იქმნების თუინიერ ზღაპართა, არცა ფილოსოფოსობაი - თუინიერ ტყუილით მიმოქცევისა სიტყუათასა“. წმ. იოანე ოქროპირი: „წარმართნი ბრძენნი ძაბავენ და აწვალებენ გონებას და ვერაფრით ხსნიან იმას, რაზეც ლაპარაკობენ...“ „ამა სოფლის სიბრძნის მეშვეობით ჩვენ ვერ ჩავწვდებით იმას, რაც ჩვენზე აღმატებულია: განა ცხადი არაა, როგორი სასარგებლოა სწავლების მიღება სულიწმიდისაგან? ასეთი სწავლება ყველაზე მარტივი და ნათელია...“ „ხოლო ჩუენ გონებაი ქრისტესი გუაქუს“ (I კორ. 2.16). - ანუ სულიერი, ღვთაებრივი, რომელშიც არაფერია კაცობრივი: არა პლატონისა, არა პითაგორასი, არამედ თავისი ამცნო ქრისტემ ჩვენს გონებას“. წმ. იოანე დამასკელი: „ხოლო ჩუენ მორწმუნენო, რომელთა უწყით, ვითარმედ საწარმართონი იგი ფილოსოფოსობანი განიოტეს ქრისტეს მიერ, ყოვლადვე ნუ თავს-ვიდებთ სწავლათაებრ არისტოტელესთა გამოთქუმად ქრისტეს ქადაგებასა, ნუცა ვინმე პავლე სამოსატელი, არამედ ვითარცა პავლე ტარსელი ვქადაგებთ ქრისტესა“. წმ. გრიგოლ პალამა: „ელინნი ფილოსოფოსნი და მათი მიმდევრები თვლიან, რომ მათი სწავლების გარეშე ცხოვრებაში არ ყოფილა არაფერი სასიკეთო, უმჯობესია ითქვას - სურთ ვითარება ასე წარმოადგინონ. მაგრამ არ ვყოფილვართ ჩვენ ამგვარად განსწავლულნი. გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლ ხანძთელზე წერს: „ხოლო გარეშესა ამას სიბრძნესა სოფლისასა ბასრობნ...“ 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის საგალობლებში ვკითხულობთ: „გიხაროდენ, სიბრძნისა ღმრთისა სავანეო, გიხაროდენ განგებისა მისისა სასწაულო, გიხაროდენ ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო, გიხაროდენ, სიტყუა-ხელოვანთა უსიტყუელობისა მამხილებელო, გიხაროდენ, რამეთუ სულელ იქმნეს მრავალ-ღონენი და გამომეძიებელნი - გიხაროდენ, რამეთუ დასჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი. გიხაროდენ ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო“.

იოანე დამასკელიც შეისწავლიდა ანტიკურ ფილოსოფიას, მან წაუმძღვარა თავის ნაშრომს მართლმადიდებლური მოძღვრების შესახებ „საფილოსოფოსო თავნი“ მაგრამ ის, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მამა უარყოფდა ანტიკურ ფილოსოფიას, როგორც ერთიან, სრულყოფილ სისტემას, თუმცა ფილოსოფიაშიც მამები ხედავდნენ და ამოკრებდნენ ჭეშმარიტების მარცვლებს.

მომძლავრებული მიწიერი სიბრძნე

რაც უფრო შორდებოდა კაცობრიობა ქრისტეს მიწიერი მოღვაწეობის პერიოდს, მით უფრო მძლავრობდა მიწიერი სიბრძნე, მით უფრო ავიწროებდა - ღვთაებრივს. ე.წ. რენესანსმა, ფრანგ განმანათლებელთა ეპოქამ, XIX-XX სს. ფილოსოფოსთა და მწერალთა საქმიანობამ თანდათან გააბატონა ადამიანური გონების კულტი. ქრისტიანული სიბრძნე კი მოძველებულად, ლამის სამუზეუმო ექსპონატად გამოაცხადა. ფრანგი განმანათლებლების მიერ შედგენილ ენციკლოპედიას ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა სიტყვები: „ცოდნა ძალაა“. ცოდნა მართლაც ძალაა, მაგრამ მხოლოდ - ჭეშმარიტი. დაიწყო ლაპარაკი სახარების ახლებურ წაკითხვაზე, დოგმატების მოძველებაზე. დაცემული ადამიანი კვლავ უმართებულოდ წაეპოტინა ცნობადის ხის ნაყოფს. თავით თვისით ბრძნობის ამგვარი სულისკვეთების გავრცელება არ გამოპარვიათ ბოლო დროის მამებს. კვლავ გაისმა სახარებისეული მხილება. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „...დაცემული ადამიანი „ცრუ არს“, მისი განსჯიდან შეიქმნა „ცრუ აზროვნება“, ანუ ცრუ აზრთა წყობა, წარმოდგენათა ცრუ სისტემა, რომელნიც მხოლოდ გარეგნულად გვანან მეცნიერებას, ხოლო სინამდვილეში თავისი არსით წარმოადგენენ ცოდვისა და დაცემის მომაკვდინებელი წყლულით დასნეულებული გონების რყევას, ბოდვასა და სიშლეგეს“. „ღმრთის სიბრძნის“ მპოვნელს სჭირდება კიდევ კაცობრივი სიბრძნე? ნუ დაამცირებთ „ღმრთის სიბრძნეს“ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ასეთი უბრალო და თავმდაბალი ჩანს“. „უფალმა უპირველესად გონების დაცვა გვიბრძანა, რადგან იგია კაცის წინამძღოლი. თუკი გონება ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვევს, ადამიანის მთელი ცხოვრება შეცდომად გადაიქცევა“. შთამბეჭდავია წმ. თეოფანე დაყუდებული ასეთ ალეგორიას ხედავს ხატში, რომელზეც მიქაელ მთავარანგელოზი ფეხით თელავს სატანას. მიქაელ მთავარანგელოზი (ალეგორიულად) საღმრთო ჭეშმარიტების მორჩილი ჩვენი გონებაა, ხოლო სატანა - შფოთის მომტანი და ცრუ ბრძენი გონება, რომლისგანაცაა ყოველი რევოლუცია ოჯახსა თუ ეკლესიაში... ნურავინ იფიქრებს, რომ რწმენის სფეროში არაა ფილოსოფია.. არა, სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა ერთობლიობა არის ყველაზე უფრო მოხდენილი, ამაღლებული, ნუგეშისმცემელი და განმასულიერებელი ფილოსოფია - ნამდვილი სისტემა, როგორსაც ვერ წარმოიდგენს ვერც ერთი სხვა ფილოსოფიური სისტემა. ოღონდ ამ ერთობის ჭვრეტამდე შეუძლებელია ერთბაშად მისვლა. საჭიროა ჭეშმარიტებათა თანმიმდევრობითი მიღება იმ სახით, როგორადაც მოგვეწოდება, ცრუ ბრძნობის გარეშე... როდესაც ყველა ჭეშმარიტება ერთად შეიკრიბება, მაშინ გონებაც, ლოცვით გაფაქიზებული, იხილავს მათ სიმწყობრეს და დატკბება ამით. ესაა სიბრძნე საუკუნითგან დაფარული“. წმ. თეოფანე დაყუდებულის აზრს ლოცვით გაფაქიზებული გონების შესახებ კარგად ეხმიანება წმ. ირინეოს ლიონელის შემდეგი ციტატა: „ჩვენი აზრი თანხმობაშია ევქარისტიასთან და ევქტარისტია ეხმარება ჩვენს აზრს.

თანამედროვე აზროვნების სახეს კარგად წარმოგვიჩენს სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზ ზიჩელი: „...ეკლესიის მამებთან დაპირისპირების გამო თანამედროვე ადამიანმა უარყო ეს ყველაზე სრულყოფილი მეცნიერება (ქრისტიანობა - ზ.ც.), უარყო ღვთაებრივი ცოდნა, ჩაებღაუჭა კაცობრივ უმეცრებას და ამით განაცხადა თავისი სიცოფე და უგუნურება“.

XX ს-ში მოღვაწე ერთი მღვდელმთავარი ასეთ შეფასებას აძლევს კათოლიკური და პროტესტანტული სწავლებების გავლენის ქვეშ მყოფ მართლმადიდებლებს: „რამეთუ განიძარცვეს სულიერი სიბრძნე ქრისტესმიერი, რომელი მკვიდრობს სიმდაბლესა შინა სიყვარულისასა და შეიმოსეს სიბრძნე განმხრწნელი, ფუჭწარმავალი; სიბრძნე, რომელიც ამპარტავნებასა და ბოროტებასა შინა მკვიდრობს და მეუფებს“:

დღევანდელ კაცობრიობას ნაკლებად აინტერესებს ბიბლია, წმ. მამათა ნაწერები, მათი „უბრალო“ სიბრძნე, სამაგიეროდ დიდ პატივშია მიწიერი, ფორმით პომპეზური, ტერმინებით უხვად დატვირთული „სიბრძნე“ ადამიანებისა, რომლებიც ამპარტავნებით არიან შეპყრობილნი. ამ „სიბრძნით“ დაბრმავებული ქვეყანა არა მარტო ვერ იღებს სწორ წარმოდგენას ღმერთზე, საკუთარ თავსა და სულიერ სამყაროზე, არამედ შეიბილწება უკუღმართი წარმოდგენებით, რომელნიც ხრწნიან გონებას და უკარგავენ მას ჭეშმარიტებასთან ზიარების უნარს.

ყოველივე ზემოთ თქმულს საოცარი სიზუსტით აჯამებს სახარებისეული წინასწარმეტყველება, რომელიც დღეს უაღრესად აქტუალურად ჟღერს: „რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურებასა არა თავს-იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თუისისა შეიკრებნენ მოძღუართა ქავილითა ყურთაითა, და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თუისნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ“. (II ტიმ. 4.3-4).

ზურაბ ცხოვრებაძე 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი
გაზეთიდან „საპატრიარქოს უწყებანი“ № 2-3, 2007 წ

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო