Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ჯორდანო ბრუნო თავისი მეცნიერული შეხედულებების გამო არ დაუსჯიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ამგვარი შეხედულებები არ გააჩნდა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ჯორდანო ბრუნო თავისი მეცნიერული შეხედულებების გამო არ დაუსჯიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ამგვარი შეხედულებები არ გააჩნდა

ბრუნოს „მეცნიერების“ ყველაზე ზუსტი განსაზღვრება არის - მაგია!


მიუხედავად იმისა, რომ საუბარი რელიგიაზე, როგორც „ოპიუმზე ხალხისათვის“ უკვე არათანამედროვე და არააქტუალურია, - მრავალი ძველი სტერეოტიპი არ იცვლება და კვლავ თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპია - „სასიკვდილო ბრძოლა“ რელიგიასა და მეცნიერებას შორის. მსგავსი შეხედულების მომხრეებს თავიანთი პოზიციის მართებულობის დასამტკიცებლად კოპერნიკის, გალილეისა და ბრუნოს მაგალითები მოჰყავთ. საკვირველია, რომ „მეცნიერებისთვის წამებულთა“ შესახებ მითებმა იმდენად მყარად გაიდგა ფესვები ყოფით ცნობიერებაში, რომ ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს მათი ამოძირკვა შეუძლებელია. მაგრამ დრონი იცვლებიან და ისტორიას კვლავ და კვლავ ზედმიწევნითი, სკურპოლოზური ანალიზი უკეთდება; თუმცა „წამებულ“ მეცნიერთა აპოლოგეტნი კვლავინდებურად ბრალს სდებენ ეკლესიის „წყეულ მსახურთ“ მეცნიერების დასამარებაში. ამ მითების სიცოცხლისუნარიანობა ცალკე საუბრის თემაა და მასში უთუოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა ისტორიკოსებმა, კულტუროლოგებმა, ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა. ჩვენი მიზანია, გავერკვეთ, რა მოხდა სინამდვილეში და რამდენადაა ეს ფაქტი კავშირში მეცნიერებისა და რელიგიის „კონფლიქტთან“ (თუკი ამ კონფლიქტის არსებობას დავუშვებთ), რათა არა მარტო კათოლიკური სამყაროსთვის დამახასიათებელი ინკვიზიციის საშინელი სახე, არამედ ზოგიერთი მისი მსხვერპლის დასჯის ნამდვილი მიზეზიც გავიაზროთ. 

ამჯერად ჯორდანო ბრუნოზე ვისაუბრებთ.

ჯორდანო ბრუნო (ბერად აღკვეცამდე - ფილიპე) - იტალიელი რელიგიური მოაზროვნე და პოეტი იყო. იგი გატაცებული იყო მაგიით და ასტრონომიით. დაიბადა 1543 წელს ქ. ნოლეში. 1563 წელს ბერად აღიკვეცა დომინიკანელთა ორდენში, მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ), მწვალებლად იქნა მიჩნეული და ამიტომ 1576 წელს იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. მოგზაურობდა ევროპაში, დროდადრო კითხულობდა ლექციებს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლექციების კითხვა აეკრძალა. 1592 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში, იგი დააპატიმრეს და ინკვიზიციას გადასცეს. 1600 წლის 17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო მწვალებლობისთვის და ბერობის აღთქმის დარღვევისათვის ინკვიზიტორებმა რომში კოცონზე დაწვეს.

როგორც მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ, მართლაც, დიდი გავლენა იქონია თავისი დროის ფილოსოფიური ტრადიციების განვითარებაზე და ამით - ახალი დროის მეცნიერების განვითარებაზეც. მხედველობაში გვაქვს ნიკოლოზ კუზანელის იდეა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა არისტოტელეს ფიზიკასა და კოსმოლოგიას; კუზანელის ეს იდეა ჯორდანო ბრუნომ განავრცო. მაგრამ ბრუნო არც ფიზიკოსი იყო და არც ასტრონომი. ამგვარად, იტალიელი მოაზროვნის იდეებს არ შეიძლება მეცნიერული ეწოდოს არა მარტო თანამედროვე მეცნიერების გადასახედიდან, არამედ თავად იმდროინდელი, XVI ს-ის საზომითაც კი. იმ დროის მეცნიერებას ქმნიდნენ კოპერნიკი, გალილეი, მოგვიანებით კი ნიუტონი. ბრუნოს სახელი კი დღეს ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, მისი ცხოვრების ტრაგიკული ფინალის გამო. ამასთან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯორდანო ბრუნო თავისი მეცნიერული შეხედულებების გამო არ დაუსჯიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ამგვარი შეხედულებები არ გააჩნდა. ბრუნო რელიგიური ფილოსოფოსი იყო და საბუნებისმეტყველო, სამეცნიერო აღმოჩენები მას აინტერესებდა მარტოოდენ თავისი მოსაზრებების დასამოწმებლად. მისი მოსაზრებები კი სრულიად არამეცნიერული ხასიათისა იყო: მაგალითად, ცხოვრების აზრი, სამყაროს არსებობის აზრი და ა.შ. მეცნიერების წარმოშობის ეპოქაში განსხვავება მეცნიერსა და ფილოსოფოსს შორის ისე გამოკვეთილი არ იყო, როგორც ეს არის თანამედროვე საზოგადოებაში. ეს ზღვარი პირველად ისააკ ნიუტონმა გაავლო; მეცნიერი მან შემდეგი სიტყვებით განსაზღვრა: „ჰიპოთეზებს არ ვთხზავ!“, რაც იმას გულისხმობდა, რომ მეცნიერი ყველა თავის მოსაზრებას ფაქტებით ადასტურებს და ობიექტურ სამყაროს ასახავს. ბრუნო კი სწორედ „ჰიპოთეზებს თხზავდა“. დავიწყოთ იმით, რომ ბრუნოს სძულდა კვლევის დიალექტიკური მეთოდები (სქოლასტიკური და მათემატიკური). რას სთავაზობდა იგი სანაცვლოდ? თავის მოსაზრებებს ბრუნო სამეცნიერო ტრაქტატებისთვის დამახასიათებელ მკაცრ ფორმას კი არ სძენდა, არამედ პოეტურ და რიტორიკულ საბურველში ახვევდა. ამას გარდა, ბრუნო იყო ე.წ. „ლულიის ხელოვნების“ მომხრეც, რაც გულისხმობდა გარკვეული სიმბოლიკის გამოყენებით ლოგიკური ოპერაციების მოდელირებას. მნემონიკის დახმარებით ბრუნო იმახსოვრებდა „მნიშვნელოვან სახეებს“, რომელთაც „განათავსებდა კოსმოსის სტრუქტურაში“ და მათი დახმარებით ცდილობდა, მოეპოვებინა ღვთაებრივი ძალა და ჩაწვდომოდა სამყაროს შინაგანი წესრიგის არსს. ბრუნოს „მეცნიერების“ ყველაზე ზუსტი განსაზღვრება არის - მაგია! მისი მეთოდოლოგიის კრიტერიუმებად გვევლინება ლექსის ზომა და ლულიის ხელოვნება, ხოლო მისი ფილოსოფია წარმოადგენს, ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებულ, ლიტერატურული მოტივებისა და ფილოსოფიური მოსაზრებების თავისებურ ნაზავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გალილეო გალილეის, რომელიც ბრუნოს უდავოდ ნიჭიერ ადამიანად მიიჩნევდა, - არასდროს უღიარებია იგი მეცნიერად და მითუმეტეს, ასტრონომად. უფრო მეტიც, იგი ყოველნაირად გაურბოდა ბრუნოს მოხსენიებას თავის ნაშრომებში.

საზოგადოდ მიჩნეულია, რომ ბრუნოს მოსაზრებები არის კოპერნიკის იდეების გავრცობა. მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს. სინამდვილეში, ბრუნოს წარმოდგენა კოპერნიკის სწავლებაზე მეტად ზედაპირულია. ამასთან, კოპერნიკის ნაშრომთა განმარტებისას ბრუნო უხეშ შეცდომებს უშვებს. ცხადია, რომ კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმმა ბრუნოს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. მაგრამ ბრუნო ძალიან თამამად ახდენს კოპერნიკის იდეების ინტერპრეტაციას და თავის მოსაზრებებს ჩვეულ პოეტურ ელფერს სძენს. ბრუნო ამტკიცებდა, რომ სამყარო უსასრულოა და მარადიული, რომ მასში თანაარსებობს უსასრულოდ ბევრი ცალკე სამყარო და თითოეული მათგანი აგებულებით კოპერნიკისეული მზის სისტემის მსგავსია. ბრუნო კოპერნიკზე შორს წავიდა - კოპერნიკს სამყაროს უსასრულობის საკითხი არ დაუყენებია. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ბრუნოს სიმამაცე ეფუძნება არა მისი იდეების მეცნიერულ მტკიცებულებებს, არამედ ოკულტურ-მაგიურ მსოფლმხედველობას, რომელიც მას, იმ დროს პოპულარული, ჰერმეტიზმის გავლენით ჩამოუყალიბდა. ჰერმეტიზმი გულისხმობდა არა მარტო ადამიანის განღმრთობას, არამედ თავად სამყაროსიც. ამიტომ ბრუნოს მსოფლმხედველობა პანთეისტურია. ამის დასასაბუთებლად მოვიყვანთ ორ ციტატას მისი ჰერმეტიკული ტექსტებიდან: „გავკადნიერდეთ და ვთქვათ, რომ ადამიანი არის მომაკვდავი ღმერთი და რომ ღმერთი არის უკვდავი ადამიანი. მაშასადამე, ყოველივე იმართება სამყაროსა და ადამიანის მიერ“; „მარადიულობის მეუფე - პირველი ღმერთია, სამყაროსი - მეორე, ადამიანი - მესამე. სამყაროს შემოქმედი ღმერთი განაგებს და ამ განგებულებას იგი ადამიანს უქვემდებარებს; ადამიანი კი ყოველივეს თავისი საქმიანობის საგნად აქცევს.“ როგორც ხედავთ, ციტატები კომენტარს არ საჭიროებს.

ამრიგად, ბრუნოს არ შეიძლება ეწოდოს მეცნიერი და არც კოპერნიკის სწავლების მემკვიდრე და გამაგრძელებელი. მეცნიერული თვალსაზრისით, ბრუნომ შეურაცხყო კოპერნიკის იდეები იმით, რომ შეეცადა, გადმოეცა ისინი მაგიური სიმბოლიკის ენით, - რამაც თავად იდეა დაამახინჯა, მისი მეცნიერული არსი და ფასეულობა გაანადგურა. თანამედროვე ისტორიკოსების აზრით, ბრუნოს ინტელექტუალურ „სავარჯიშოებთან“ შედარებით, პტოლემეოსის სისტემაც და შუასაუკუნეების სქოლასტიკური არისტოტელიზმიც შეიძლება მეცნიერული რაციონალიზმის ეტალონებად იქნეს მიჩნეული.

ამგვარად, ბრუნოს არ გააჩნდა საკუთარი მეცნიერული შედეგები, ხოლო მისი უგუნური არგუმენტები თავად ავტორის უვიცობასა და შეზღუდულობაზე მოწმობს. იგი მეცნიერი არ ყოფილა და ამგვარად არ შეიძლებოდა მისთვის წაეყენებინათ იგივე ბრალდებები, რაც წაუყენეს, მაგალითად, გალილეის. შესაბამისად, ბრუნო ინკვიზიციამ არა მეცნიერული მოსაზრებების გამო, არამედ სწორედ მისი რელიგიური შეხედულებების გამო დასაჯა. სამყაროს უსასრულობის შესახებ თეორიაში ბრუნო თვით სამყაროს ანიჭებდა ღვთაებრივ თვისებებს. ამგვარი წარმოდგენა სამყაროზე ფაქტიურად უარყოფდა ქრისტიანულ იდეას შემოქმედის შესახებ, რომელმაც შექმნა სამყარო ეხ ნიჰილო (არაფრისაგან - ლათ.). ქრისტიანული შეხედულებების თანახმად, უფალი, რომელიც არის აბსოლუტური და შეუქმნელი არსება, არ ექვემდებარება მის მიერვე შექმნილ დროისა და სივრცის კანონებს, ხოლო ქმინილ სამყაროს არ ახასიათებს შემოქმედის აბსოლუტური თვისებები. როცა ქრისტიანები ამბობენ: „ღმერთი მარადიულია“, ამით მარტოოდენ მის უკვდავებაზე კი არ მოწმობენ, არამედ გულისხმობენ აგრეთვე იმას, რომ იგი დროის მიღმაა. ბრუნოს ფილოსოფიაში კი უფალი სამყაროში ითქვიფება, ზღვარი შემოქმედსა და ქმნილებას შორის წაშლილია. ბრუნოს სწავლებით, ღმერთი პიროვნება არ არის, რის გამოც თავად ადამიანიც სამყაროს მტვერი ხდება, მსგავსად იმისა, როგორც მზის სისტემაა უმნიშვნელო და მიკარგული ბრუნოს „უსასრულოდ მრავალ სამყაროთა“ შორის. სწავლება პიროვნული ღმერთის შესახებ პრინციპულად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სწავლებისთვის ადამიანის შესახებ: ადამიანი პიროვნებაა, რადგან იგი შემოქმედის ხატად და მსგავსად შეიქმნა. სამყაროსა და ადამიანის შექმნა - ღვთაებრივი სიყვარულის გამოვლინებაა. თუმცა, ბრუნოც საუბრობს სიყვარულზე, მაგრამ მის სწავლებაში იგი უპიროვნოა და ცივ კოსმიურ მისწრაფებადაა ქცეული. ყოველივე ამას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა ბრუნოს გატაცება ოკულტური და ჰერმეტიკული სწავლებებით: აღსანიშნავია, რომ იგი პრაქტიკაშიც მიმართავდა მაგიას. გარდა ამისა, ბრუნო იზიარებდა „სულთა გადასახლების“ ოკულტურ თეორიას. მისი აზრით, „სულს შეუძლია იმოგზაუროს სხეულიდან სხეულში და ერთი სამყაროდან - მეორეში“ (აქ იგულისხმება მატერიალური სამყაროები). ამასთან, ბრუნო ეჭვქვეშ აყენებდა ქრისტიანულ საიდუმლოებებს და, უპირველეს ყოვლისა, - ზიარებას. და, რაც მთავარია, ირონიითა და ცინიზმით საუბრობდა უბიწო ჩასახვაზე და მარად ქალწულის მიერ ღმერთკაცის შობაზე. ყოველივე ამან განაპირობა მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან.

ამრიგად, ჯორდანო ბრუნოს შეხედულებებს არ შეიძლება ვუწოდოთ მეცნიერული. მისი კონფლიქტი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებით. გარდა ამისა, ბრუნოს ფილოსოფიის მსოფლმხედველობითი საფუძველი ძალიან შორსაა ქრისტიანობასთან. ამიტომ ეკლესიისთვის იგი მწვალებელი იყო. ბრუნოს ეპოქაში კი, როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, რელიგიური ომები მძვინვარებდა. ბრძოლა მიდიოდა არა მარტო ძალაუფლებისთვის, არამედ გარკვეული მსოფლმხედველობის დასამკვიდრებლად. XVI ს-ში კოცონი გიზგიზებდა არა მხოლოდ რომში, სადაც ინკვიზიტორები მწვალებლებს წვავდნენ, არამედ, სხვაგანაც, მაგალითად, ჟენევაში, სადაც პროტესტანტი კალვინისტები კათოლიკე ინკვიზიტორებს წვავდნენ. თუმცა, ერთიცა და მეორეც საშინელი ცოდვაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

ბრუნოს ბრალდების სრული ტექსტი შემონახული არ არის. მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტებიდანაც ჩანს, რომ ბრუნო კოპერნიკის იდეების თვითნებური ინტერპრეტაციისთვის არ დაუსჯიათ, თუმცა იქ, ცხადია, ამაზეც იყო საუბარი. უფრო მეტიც, შესაძლოა, კოპერნიკის მეცნიერული აღმოჩენა, კათოლიკური ეკლესიის მიერ, სწორედ ამგვარი ინტერპრეტაციის გამო აიკრძალა. კოპერნიკის შეხედულებები კი კათოლიკური ეკლესიის მიერ არასოდეს მიჩნეულა მწვალებლურად. სწორედ ამიტომ გამოუტანეს გალილეო გალილეის ბრუნოს დაწვიდან 30 წლის შემდეგ შედარებით რბილი განაჩენი. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ბრუნო „მეცნიერებისთვის წამებული“ არ იყო.

მეტად საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოებაც. ბრუნოს ზოგიერთ მოსაზრებას მეტ-ნაკლებად იზიარებდა მისი მრავალი თანამედროვეც. მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ბრუნოს მსგავსად ინკვიზიციას არ დაუსჯია. მაშ, რატომ დაწვეს ჯორდანო ბრუნო? რატომ მიიღო ინკვიზიციამ, უკიდურესი ზომები? ამის მრავალი მიზეზი არსებობდა. ჯერ ერთი, ბრუნოს საქმის გამოძიება 8 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ინკვიზიტორებმა ზედმიწვნით შეისწავლეს მისი ნაშრომები. ისინი პატივს სცემდნენ ბრუნოს, როგორც ნიჭიერ მოაზროვნეს და ამიტომ გულწრფელად სურდათ, რომ ბრუნოს უარი ეთქვა თავის ანტიქრისტიანულ და ოკულტურ შეხედულებებზე, მაგრამ ბრუნო ჯიუტად იდგა თავის პოზიციებზე. კათოლიკური ეკლესია გამუდმებით მოუწოდებდა ბრუნოს სინანულისკენ და არ სურდა მისთვის საბოლოო, მკაცრი განაჩენის გამოტანა. სწორედ ამაზე მოწმობს მემატიანეს ცნობა იმის შესახებ, რომ თავად მოსამართლეები უფრო განიცდიდნენ ბრუნოს განაჩენს, ვიდრე ბრალდებული. ჯორდანო ბრუნოს კი ეს ფაქტი თავისებურად ესმოდა; მან განაცხადა, რომ ინკვიზიტორებს უფრო ეშინოდათ მისთვის განაჩენის გამოტანა, ვიდრე თავად მას - ამის მოსმენა. ძირეულად განსხვავდება ბრუნოს პოზიცია ნებისმიერი სხვა მოაზროვნის პოზიციისგან, რომლებიც ინკვიზიციის მიერ ასევე იდევნებოდნენ. ბრუნოს მყარი და კარგად გაცნობიერებული ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პოზიციები გააჩნდა; იგი გაასამართლეს არა როგორც მეცნიერი და მოაზროვნე, არამედ როგორც ღვთისაგან განდგომილი და ბერობის აღთქმის დამრღვევი. ისტორიული წყაროები ბრუნოს წარმოაჩენენ არა როგორც უწყინარ ფილოსოფოსს, არამედ - ეკლესიის აშკარა და აქტიურ მტერს. გალილეი არასდროს მდგარა არჩევანის წინაშე: ეკლესია თუ საკუთარი მეცნიერული მოსაზრებები? ბრუნომ კი თავისი არჩევანი გააკეთა - მან უარყო ეკლესიური სწავლება ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის შესახებ და ჩამოაყალიბა საკუთარი რელიგიურ-ფილოსოფიური თეორია, რომელსაც „გმირული ენთუზიაზმი“ და „განთიადის ფილოსოფია“ უწოდა. ბრუნო „თავისუფალ ფილოსოფოსზე“ უფრო მეტად მეცნიერი რომ ყოფილიყო, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან კონფლიქტს გადაურჩებოდა, რადგან ბუნებისმეტყველება ზუსტ რაციონალისტურ დასაბუთებას საჭიროებდა და არა პოეტურ აღმაფრენასა და მაგიურ მისტერიებზე დაყრდნობას.

ინკვიზიციის მიერ ბრალდებული იმ ეპოქის მრავალი მეცნიერი და ფილოსოფოსი მსგავს ვითარებაში სინანულისთვის მზად იყო, მაგრამ არა სასჯელის შიშით, არამედ იმიტომ, რომ მათ ქრისტეს დაკარგვა და ეკლესიურ ტრადიციებთან განშორება აშინებდათ. ბრუნოს კი პროცესის დროს ქრისტეს დაკარგვის შიში არ ჰქონია, რადგან მან იგი თავის გულში ბევრად ადრე დაკარგა...

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 2005 წ
.


საიტის ავტორის შენიშვნა: სტატიამ საიტის ზოგიერთ მკითხველში გაუგებრობა გამოიწვია, ამიტომ დამატებით განვმარტავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს ინკვიზიციას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის განპირობებული: მეცნიერული იქნება, თუ რელიგიური. სტატიის მიზანია, დაანახოს მკითხველს, რომ ათეისტების მიერ მოგონილი მითი ეკლესიის მეცნიერებასთან დაპირისპირების შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება. თვითონ ინკვიზიციის შემაძრწუნებელი მოვლენა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას და მას არანაირი გამართლება არ გააჩნია.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო