Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

თანამედროვე მეცნიერება და ღვთის რწმენა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

თანამედროვე მეცნიერება და ღვთის რწმენა


უკანასკნელი ასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში მაქს პლანკი ამბობს: „რელიგია და მეცნიერება სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ადრე ფიქრობდნენ და რისაც მრავალ ჩვენს თანამედროვეს ეშინია; პირიქით, ისინი ეთანხმებიან და ავსებენ ერთიმეორეს“.
ამავე აზრს ადასტურებს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ა. კრეს მორისონი თავის ბრწყინვალე სტატიაში „შვიდი მიზეზი, რომლებიც ხსნის, თუ რატომ მწამს ღმერთი“.
მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ წერილს.

.: I :.
მათემატიკური ანალიზი

წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა გდია, ღირებულების მიხედვით - ერთიდან ათ ცენტამდე. ტომარა შეანჯღრიეთ და შეეცადეთ, მონეტები მათი ღირებულების ზრდის მიხედვით ამოიღოთ, ოღონდ ყოველ ამოღებულ მონეტას, დახედავთ თუ არა, უკანვე, ტომარაში ჩაუძახეთ.

მათემატიკა ამბობს, რომ ათიდან მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, პირველივე ცდაზე ერთცენტიანი მონეტა შეგვხვდეს. ხოლო ერთცენტიანის შემდეგ რომ ორცენტიანი ამოვიღოთ, ამის ალბათობა უკვე ასიდან ერთია, მესამე ცდაზე სამცენტიანის ამოღებისა - ათასიდან ერთი და ა.შ.

ერთი სიტყვით, აი, რას გვეუბნება მათემატიკური ანალიზი: შემთხვევით, გონიერი წარმართვის გარეშე, სიცოცხლე დედამიწაზე ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა.

ბრუნვის სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე საათში ათასი მილია. დედამიწა რომ საათში ასი მილის სიჩქარით ბრუნავდეს, დღეცა და ღამეც ათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა. ამსიგრძე დღის განმავლობაში მზე ყოველივე ცოცხალს გადაბუგავდა, ღამე კი ყველაფერს სიცივე მოუღებდა ბოლოს.

მზის ტემპერატურა 12 000 გრადუსია ფარენგეიტით. დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რომ ეს „მარადიული ცეცხლი“ ისე გვათბობდეს, როგორც საჭიროა, არც მეტად არც ნაკლებად. მზე რომ ორჯერ ნაკლებ სითბოს გვიგზავნიდეს, გავიყინებოდით, ხოლო ორჯერ მეტად რომ გვათბობდეს, სიცხე დაგვხოცავდა.

დედამიწის ღერძი 23 გრადუსით არის დახრილი. ამიტომაც არსებობს წელიწადის დრონი. დახრილობა სხვანაირი რომ იყოს, ოკეანეების ანაორთქლი იმოძრავებდა წინ და უკან, სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ, და ყველა კონტინენტს ყინულით დაფარავდა.

მთვარე 50 000 მილით რომ იყოს ჩვენგან დაცილებული, ოკეანის მიმოქცევას ისეთი გრანდიოზული მასშტაბი ექნებოდა, რომ კონტინენტები დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ მოექცეოდა წყლის ქვეშ.

ატმოსფერო, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, ოდნავ უფრო თხელი რომ ყოფილიყო, მილიონობით მეტეორი, რომლებიც ახლა ატმოსფეროში იწვება, დედამიწაზე ჩამოცვივდებოდა და უთვალავ ხანძარს გამოიწვევდა.

ეს და ურიცხვი სხვა მაგალითი მოწმობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევით გაჩენის ალბათობა მრავალი მილიონიდან ერთიც კი არ არის.

.: II :.
სიცოცხლემ სძლია წყალს, ხმელეთსა და ჰაერს

ჯერ არც ერთი ადამიანი არ ჩასწვდომია სიცოცხლის არსს. მას არც წონა აქვს, არც ზომა, მაგრამ არის რეალური ძალა. მზარდი ფესვი კლდეს ანგრევს. სიცოცხლემ დაამარცხა წყალი, ხმელეთი და ჰაერი.

სიცოცხლე სკულპტორია, რომელიც ფორმას აძლევს ყველაფერს, რაც სუნთქავს, სიცოცხლე მუსიკოსია, რომელიც ჩიტებს სასიყვარულო სიმღერებს ასწავლის, სიცოცხლე ზედმიწევნით დახვეწილი ქიმიკოსია, რომელიც ნაყოფს გემოს აძლევს, ყვავილებს - სურნელს, წყალსა და ნახშირჟანგს შაქრად და ხედ აქცევს და ამ დროს ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელ ჟანგბადს იღებს.

აი, ჩვენს ხელთ პროტოპლაზმას წვეთია, თითქმის უხილავი, გამჭირვალე, ჟელეს მსგავსი, რომელსაც მოძრაობა და მზისგან ენერგიის მიღება შეუძლია. ეს უჯრედი, ეს გამჭირვალე ნამცეცა ნაწილაკი სიცოცხლი ჩანასახია და მცირესა და დიდისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა აქვს. მისი ძალა მეტია, ვიდრე ძალა ჩვენი არსებობისა, უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და ცხოველი, რადგან ის ყოველივე ცოცხალის საფუძველია. სიცოცხლე ბუნებას არ შეუქმნია. სიცხისგან დახეთქილი კლდეები და ზღვები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სიცოცხლეს სჭირდება.

ვინ შთაბერა სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნამცეცს?..

.: III :.
ვინ მისცა ცხოველებს ინსტიქტი?

ახალგაზრდა ორაგული სიცოცხლის პირველ პერიოდს ზღვაში ატარებს, შემდეგ კი მშობლიურ მდინარეს უბრუნდება, თანაც მას ზუსტად ამ გზით აუყვება, რომლითაც ქვირითი მოხვდა ზღვაში. რას მიჰყავს ორაგული ასეთი სიზუსტით?

კიდევ უფრო იდუმალია გველთევზას ქცევა. ეს საოცარი არსება ზრდასრულ ასაკში ტოვებს ტბორებს, მდინარეებსა თუ ტბებს, ფარავენ ათასობით მილს და ბერმუდის კუნძულებისკენ მიცურავენ. აქ ისინი გამრავლების აქტს ასრულებენ და იხოცებიან. პატარა გველთევზები, რომელნიც თითქოსდა ოკეანის სიღრმეებში ჩასაკარგად არიან განწირულნი, თავიანთი მშობლების გზას დაადგებიან და იმ მდინარეებს, ტბორებსა და ტბებს უბრუნდებიან, საიდანაც მათ იწყეს მოგზაურობა. ევროპაში არცერთხელ არ დაუჭერიათ გველთევზა, რომელიც ამერიკის წყლებში ცხოვრობს და არც ამერიკაში უნახავთ ოდესმე ევროპული გველთევზა.

საიდან ჩნდება მათთვის გეზის მიმცემი იმპულსი?

კრაზანა ზუსტად განსაზღვრულ ადგილას ასობს ნესტარს კალიას. ამის შედეგად კალია გონებას კარგავს და თითქოსდა დაკონსერვებულ ხორცად იქცევა. ამის შემდეგ კრაზანა კვერცხს დებს, ხოლო გამოჩეკილი მატლები კალიას ისე წოვენ, რომ არ მოკლან - მკვდარი ხორცი მათთვის მომაკვდინებელი საკვები იქნება. ამის შემდეგ დედა კრაზანა კვდება. ის ვერასოდეს ნახავს თავის შვილებს. უეჭველია, რომ ყოველი კრაზანა ამას ცხოვრებაში პირველად აკეთებს, ყოველგვარი სწავლების გარეშე, და აკეთებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მისტიკური ტექნიკა მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.


.: IV :.
ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალია

ადამიანს კი ცხოველურ ინსტიქტზე მეტი რამ აქვს: გონება. თუკი ინსტიქტს ფლეიტის ერთ ნოტს შევადარებთ, - მშვენიერ, მაგრამ შეზღუდულ ხმოვანებას, - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას ორკესტრის ყველა ინსტრუმენტის ყოველი ბგერის გამოცემა შეუძლია. ჩვენი გონიერების წყალობაა, რომ შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, თუ რას წარმოვადგენთ, ეს შესაძლებლობა კი იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალი ძევს.


.: V :.
აი, სად იწყება ევოლუცია

დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ადამიანის გენები რომ შეგვეგროვებინა, სათითესაც კი ვერ გაავსებდა. მიუხედავად ამისა, ეს ულტრამიკროსკოპული გენები და მათი თანმდევი ქრომოსომები ძევს ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ყოველ უჯრედში და უტყუარ გასაღებს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის ყველა თვისებების ასახსნელად. სათითეში ეტევა მთელი დედამიწის მოსახლეობის ყველა ინდივიდუალური ნიშანი! მაშ, როგორ ხდება, რომ გენი ცალკეული პიროვნების ფსიქოლოგიის გასაღებსაც კი იტევს?

აი, სად იწყება ევოლუცია! ის იწყება ერთეულში, რომელიც გენებს ინახავს და გადააქვს. და თუ ულტრამიკროსკოპულ გენში შემავალი რამდენიმე მილიონი ატომი შეიძლება აღმოჩნდეს ის აბსოლუტური გასაღები, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს წარმართავს, რაღა იქნება ამაზე უტყუარი საბუთი, რომ ყოველ ცოცხალ არსებაზე ვიღაცამ წინასწარ იზრუნა?


.: VI :.
მწერმა კაქტუსი დაამარცხა

თუკი ბუნების ეკონომიკას დავაკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ უკიდურესად სრულყოფილ გონს შეუძლია განჭვრიტოს ყველა სირთულე, რომელიც კი ასეთ რთულ მეურნეობაში იჩენს თავს.

მრავალი წლის წინათ ავსტრალიაში ცოცხალ ღობედ დარგეს კაქტუსის ზოგიერთი შემოტანილი სახეობა. რაკი აქ მისი მავნებლები არ ბინადრობდნენ, კაქტუსი გამრავლდა, და უზარმაზარი ტერიტორია დაფარა. მან ქალაქებიდან და სოფლებიდან გაყარა ხალხი, დაანგრია ფერმები... ენტომოლოგები კაქტუსთან ბრძოლის გზებს მთელ მსოფლიოში ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ მიაგნეს მწერს, რომელიც მხოლოდ ამ მცენარით იკვებებოდა. ის იოლად გამრავლდა, რადგან ავსტალიაში მტრები არ ჰყავდა. მალე კაქტუსმა უკან დაიხია. ამის კვალობაზე, შემცირდა მწერების რაოდებობაც. დარჩა მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო გახლდათ, რომ კაქტუსი ამაზე მეტად აღარ გამრავლებულიყო.

ამგვარი ურთიერთკონტროლის მექანიზმი ყველგან გვხვდება. მართლაცდა, მწერები, რომლებიც ასე სწრაფად მრავლდებიან, რატომ არ ანადგურებენ დანარჩენ ცოცხალ სამყაროს? იმიტომ, რომ ისინი სუნთქავენ არა ფილტვებით, არამედ ტრაქეით. ტრაქეა კი მწერის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი პროპორციით არ იმატებს. ეს შეუსაბამობა აფერხებს მწერების ზრდას. რომ არა ეს თავისებურება, ადამიანები გადაშენდებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოგვივა, ერთ მშვენიერ დღეს ლომისოდენა ხოჭოები რომ დაგვესხან თავს...


.: VII :.
ღმერთი ყველგან და ყველაფერშია

ის ფაქტი, რომ ადამიანს უნარი აქვს, ღმერთის არსებობის იდეა აღიქვას, თავისთავად საკმარისი საბუთია მისი არსებობისა.

კონცეფცია ღმერთის შესახებ ადამიანის იმ საიდუმლო ნიჭის წყალობით აღმოცენდება, რომელსაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ ძალის მეშვეობით ძალუძს ადამიანს, ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით, ახსნა მოუძებნოს აბრსტაქტულ საგნებსა და ცნებებს. ასე, რომელსაც ეს ნიჭი გადაგვიშლის, თვალუწვდენელია. სწორედ ჩვენი სრულყოფილი წარმოსახვა გვაძლევს სულიერი აღქმის საშუალებას და შეგვაძლებინებს, მიზნისა და ამოცანის მთელი სიცხადით გავაცნობიეროთ დიადი ჭეშმარიტება, რომ ცათა სასუფეველი ყველგან და ყველაფერშია, რომ ყველგან და ყველაფერშია ღმერთი.

აი, ასე გვიდასტურებს მეცნიერებაც და წარმოსახვაც მეფსალმუნის სიტყვებს: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.


მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ
ჟურნალი „კარიბჭე“ № 2, 2004 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო