Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

წმ. მაკარი დიდი ეგვიპტელი „ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

წმ. მაკარი დიდი ეგვიპტელი
ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და
განღმრთობის ხარისხების შესახებ [1]


კითხვა: რა სახით მართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ შეიკრიბოს თავისი გონება და სოფლისკენ მოხეტიალე თავისი აზრები, რათა სხვა არაფერი იზრახოს მან, თუ არა მოლოდინი უფლისა და უფლისადმი სულის სიყვარულის შენარჩუნება? 

პასუხი: ვთქვათ, დედას ჰყავს შვილები, რომლებიც განეშორებიან მას უბრალოდ და ალალბედზე დაეხეტებიან. განა ეს დედა, როცა იგი მიიღებს და შეკრებს შვილებს სახლში, არ განსწავლის და დამოძღვრავს მათ? ასევე, სულსაც მართებს ყოველმხრივ შემოიკრიბოს თავისი მოხეტიალე აზრები როგორც შვილები და თუნდაც ცოდვისა და ზრუნვათაგან იყვნენ ისინი დაფანტულები, მაინც უნდა ივალდებულოს მან, რომ ძალისამებრ მარადის დაუცხრომლად შემოიკრიბოს ეს აზრები თავისი სხეულის სახლში, თავის თავში და მარადის მოელოდეს უფალს მტკიცე რწმენითა და სიყვარულით, რათა უფალმა, რაჟამს მოვა, ჭეშმარიტად შეიერთოს იგი, ჰყოს მისი აზრები ღვთიური, მეტყველი (λογικός), ციური, და ასწავლოს მას ლოცვა ჭეშმარიტი, განუბნეველი და მიმოუქცევი.

მაგრამ თუ ლოცვად დამდგარნიც აზრებით გარე-გარე დავეხეტებით, თუ ვერ შემოვკრებთ საკუთარ თავს, თუ, პირიქით, ვეძლევით და ვუთმობთ ცოდვისმიერ აზრებს, და თუ ჩვენივე ნება არ აიძულებს და არ მიზიდავს ჩვენს ფიქრებს უფლისკენ, თავად უფალი როგორღა მოვა ჩვენთან თავისი ნებით, როგორღა მოხდება, რომ ჭეშმარიტად შემოგვკრიბოს მან თავისი თავისადმი ჩვენ, რომლებიც მოვუძლურდით და აზრებით გარე-გარე დავეხეტებით (რადგან თუმცა სხეული ლოცვად დგას, შენვე არ ანებებ უფალს, რომ მოვიდეს შენთან თავისი ნებით, რამეთუ არც შენ ისწრაფი მისკენ შენი ნებით)?

ყოველი სათნოყოფა ღვთისადმი და მსახურება სულისა აზრებშია. ეცადე შინაგანად ესათნოვო უფალს ყოვლითურთ, შინაგანად მოელოდე მას, მარადის გულმოდგინედ ეძიებდე ღმერთს აზრებში, გამუდმებით აიძულებდე და სძალავდე შენს ნებას და არჩევანს მისკენ. მაშინ იხილავ, როგორ მოვა ისიც შენთან თავისი ნებით, როგორ დაივანებს შენს გვერდით, რადგან რარიგადაც შენ იძულებულს ჰყოფ შენს გონებას, რომ ეძიებდეს მას, ეგოდენ ბევრად მეტად თვითვე იქნება ნაიძულები თავისი გულმოწყალებისა და სიტკბოებისგან, რომ მოვიდეს შენთან და სულიერად მოგისვენოს შენ. არ გამდგარა იგი შენგან მთლიანად, უხილავად შენთან მდგომია, ჭვრეტს შენს გონებას, აზრებს, ფიქრებს; ჭვრეტს, თუ როგორ ეძიებ მას; მთელი სულით? არა უნდილად? არა უგულისყურო და მომედგრებული გონებით? არა როგორც თანამოქმედი უპატიო ვნებებისა? და როცა გნახავს, რომ შენ ყოველი მხრიდან ყოვლად გულმოდგინედ მიზიდავ შენს აზრებს მხოლოდდამხოლოდ მისი ძიებისაკენ, მაშინ გაეცხადება და გამოუჩნდება იგი შენს სულს, გამოუთქმელი და საწადელი მშვენიერებით გაგაბრწყინებს შენ, მოგიბოძებს რა ამ სახით მისმიერ შემწეობას და ყოველგვარ გამარჯვებას იმოქმედებს შენში, რამეთუ გამოგიხსნის შენ უხილავ მტერთაგან, განჭვრეტს რა უწინარეს შენს მართალ და განუბნეველ ძიებას მისას, შენი გონების მოლოდინს მოუკლებელს და შენს წრფელ სიყვარულს მისდამი. ამ სახით განგსწავლის შენ და მოგიბოძებს ჭეშმარიტ ლოცვას, სიყვარულს ჭეშმარიტს, ჭეშმარიტების რწმენას და ჭეშმარიტ სიხარულს, რაც არის თვით უფალი, რომელიც ყოველიმე ხდება შენში [2], რამეთუ რაჟამს შიგნით შედის [3] ვინმე მუხლთმოსაყრელად, გული ევსება მას ღვთის მოქმედებით და განიხარებს მისი სული უფალთან ერთად როგორც სძალი - სიძესთან ერთად, თანახმად ესაია წინასწარმეტყველის სიტყვისა, რომელიც ამბობს: „რა სახითაც ხარობს სიძე სძლის გამო, იმგვარადვე განიხარებს უფალი შენს გამო“ (ეს. 62.5).

ხდება ისე, რომ მოუცლელია ამგვარი ვინმე მთელი დღე და განუკუთვნებს რა ერთი საათით თავის თავს ლოცვას, მლოცველობის ჟამს წარიტაცება შინაგანი ადამიანი იმ საუკუნის [4] უსასრულო სიღრმისკენ მრავალი სიამოვნებით და განუცვიფრდება მას გონება [5], როგორც მთლიანად ზეასული და იქეთკენ წარტაცებული, ისე რომ იმ ჟამს მის ფიქრსა და აზრში დავიწყებას ეძლევა მიწიერება, რადგან მისი აზრები აღივსება და ტყვევდება ღვთიურთა და ზეციურთაგან, უსაზღვრო და უწვდომელ საქმეთაგან, რამ საკვირველთაგან, რომელთა თქმაც ადამიანური ენით შეუძლებელია, ისე რომ იმ ჟამს ამას ლოცულობს და ამბობს იგი: „ნეტამც წავიდეს სული ლოცვასთან ერთად“.

კითხვა: საერთოდ შედის კი ადამიანი იმ მოვლენებში?

პასუხი: მადლი თანამყოფობს მოუკლებლად, შთანერგილია და აფუებულია [6] სიყრმის ასაკიდანვე; ამასთან, იგი, თანამყოფი ადამიანისა, არის როგორც ბუნებისეული და შთამტკიცებული რამ. თვით მადლი ერთია [7], თუმცა იგი ნებისამებრ მრავალგვარად განაგებს იმას, რაც ადამიანისთვის სასარგებლოა; ზოგჯერ უფრო მეტად იწვის და აღინთება ცეცხლი, ზოგჯერ კი - როგორღაც უფრო მშვიდად და რბილად. ზოგ ჟამს იგივე სინათლე უფრო მეტად ინთება და ბრწყინავს, ზოგჯერ კი დაიკლებს და მიმწუხრდება, და თუმცა ლამპარი მარადის იწვის და ნათობს [8], მაგრამ რაჟამს გაბრწყინდება იგი, სულიც უფრო მეტად გამოიცდება ღვთის სიყვარულის სიმთვრალეში [9]. ზოგჯერ განგებულებითად სუსტდება ეს სინათლე და თუმცა თანამყოფობს, უფრო მკრთალია იგი.

ამასთან, ზოგს ჯვრის ნიშანიც გამოუჩნდა სინათლის მიერ და შეემსჭვალა იგი შინაგან ადამიანს. სხვა დროს კიდევ, ლოცვისას თითქოსდა გაცბუნება დაუეფლა ადამიანს [10] და აღმოჩნდა იგი ეკლესიაში, საკურთხევლის წინ მდგომარე, და მოუტანეს მას სამი პური, როგორც ზეთით გაფუებულნი, და რაც მეტს ჭამდა, მეტად და მეტად იზრდებოდა და დიდდებოდა ეს პურები. სხვა დროსაც კიდევ, თითქოსდა ნათლიერი რამ სამოსი მიეცა მას, ისეთ როგორიც არ არსებობს დედამიწაზე ამ საუკუნეში და როგორის დამზადებაც კაცის ხელს არ ძალუძს (ეს სამოსი იმ სახისა იყო, რა სახითაც ფერი იცვალა და გაიბრწყინა უფლის შესამოსელმა, როდესაც უფალი იოანესთან, პეტრესთან და იაკობთან ერთად მთაზე ავიდა). ამიტომაც განკრთა და განცვიფრდა ის ადამიანი, ვინც შემოსეს. სხვა ჟამს როდესაც თვით სინათლე ნათობდა მოუკლებლად გულში, გაიხსნა უშინაგანესი, უღრმესი და დაფარული სინათლე, სადაც უფალთან თანამყოფი იყო ახალი და ნათლიერი სოფელი [11]. რომელიც აქებდა, და დიდებისმეტყველებდა მას, ისე რომ ის ადამიანი, მთლიანად შთანთქმული იმ სიტკბოებასა და მჭვრეტელობაში, აღარ ფლობდა თავის თავს, არამედ იყო იგი როგორც სულელი და ბარბაროსი ამა სოფლისადმი [12] ზეაღმატებული სიყვარულისა და სიამოვნების შედეგად, აგრეთვე დაფარულ საიდუმლოთა გამო, და ეს კაცი იმ ჟამს იყო თავისუფალქმნილი და მიწევნილი სრულ საზომს, განწმენდილი და თავისუფალი ცოდვისაგან. მაგრამ შემდეგ დაიკლო მადლმა და მოვიდა საბურველი მოწინააღმდეგე ძალისა (ნათება კა როგორღაც იყო ნაწილობრივ) და დადგა ის კაცი სისრულეზე ერთი საფეხურით ქვემოთ, რადგან, თუ ვიტყვით, ადამიანს მართებს თორმეტი საფეხურის გავლა და მაშინ მიაღწევს იგი სისრულეს. ამიტომ, იმ კაცმაც რაღაც დროს შეძლო მიეღწია იმ საფეხურისთვის და შესულიყო სისრულეში, მაგრამ როდესაც კვლავ შესუსტდა მადლი, ჩამოვიდა ისიც ერთი საფეხურით ქვემოთ და დადგა მეთერთმეტეზე, ხოლო სხვა ვინმე, მადლით მდიდარი, მარადის დღე და ღამ - სრულ საზომზე იდგა როგორც თავისუფალი და წმინდა, როგორც ყოვლითურთ ტყვექმნილი და ზეამაღლებული. რაც შეეხება კვლავაც იმ კაცს, ვისაც საკვირველებანი გამოეცხადა, თუკი მარადჟამს იქნებოდა მასთან ყოველივე ის, რისი გამოცდილებაც მან მიიღო, ვეღარ შეძლებდა იგი, რომ ეტვირთა სიტყვისმიერი განგებულება ან სიმძიმე, ვერც იმას დაითმენდა, რომ ესმინა რამე ან სულ უმნიშვნელოდ ეზრუნა თავის თავზე და მომავალ დღეზე, არამედ მხოლოდღა ერთ კუთხეში იქნებოდა იგი მდებარე, - ზეამაღლებული და დამთვრალი [13]. ამიტომაც არ მიეცა მას სრული საზომი, რომ შესძლებოდა მოცლა და ძმათათვის ზრუნვა, აგრეთვე - მსახურება სიტყვისა, რადგან კვლავ დარღვეულია „შუაკედელი ზღუდისა“ (ეფეს. 2.14) [14].

საქმე კი ასეა: თითქოსდა ბნელსახოვანი რამ ძალა ადევს და ჰფარავს მას მსუბუქად როგორც ჰაერი და თუმცა ლამპარი მარადის იწვის და ნათობს, თითქოსდა საბურველი ადევს სინათლეს. ამიტომაც აღიარებს ამგვარი ვინმე, რომ არ არის იგი სრული, არც მთლად თავისუფალი ცოდვისგან. ვიტყოდი, რომ თავისუფალიცაა იგი და არც არის თავისუფალი, რომ დარღვეულია და დამსხვრეული „შუაკედელი ზღუდისა“, მაგრამ რაღაცით კვლავაც არ არის მთლად დარღვეული: არცთუ ლოცვაა ყოველთვის თანასწორი, რადგან არის ჟამი, როდესაც ლოცვა ბევრად უფრო აღანთებს, ნუგეშს სცემს და მოუსვენებს ადამიანს, მაგრამ არის ჟამი, როდესაც დაიკლებს და მიმწუხრდება იგი, როგორც ამას განაგებს მადლი ადამიანისვე სასარგებლოდ. თუმცა დრო და დრო შევსულვარ სრულ საზომში, გამისინჯავს და გამოცდილება მიმიღია იმ საუკუნისა, მაგრამ არავინ მიხილავს ქრისტიანი სრული ან თავისუფალი [15], არამედ რაჟამს ისვენებს ვინმე მადლში, რაჟამს შედის იგი საიდუმლოებებში და გამოცხადებებში, აგრეთვე, მადლის დიდ სიამოვნებაში, ცოდვა კვლავაც თანამყოფობს შიგნით, ხოლო ამგვარნი, ზეაღმატებული მადლისა და მათში მყოფი სინათლის გამო, ფიქრობენ, რომ თავისუფალნი და სრულნი არიან, ცდებიან კი გამოუცდელობით, რადგან თუმცა აქვთ მათ მადლის მოქმედება, მაგრამ ჯერაც არამინ მიხილავს თავისუფალი, რამეთუ ხანგამოშვებით ნაწილობრივ მეც შევსულვარ იმ საზომში და ძალმიძს ვიცოდე, თუ როგორ არის ადამიანი სრული [16].

კითხვა: გვითხარი, რომელ საზომში ხარ შენ?

პასუხი: ჯვრის ნიშნის შემდეგ, ამჟამად მადლი ასე მოქმედებს და მშვიდობას ანიჭებს გულის ყველა ნაწილს: კერძოდ იმგვარად, რომ დიდი სიხარულისგან წმინდაქმნილი სული ჩნდება როგორც უბოროტო და წრფელი ბავშვი და ასეთი ადამიანი უკვე აღარ განსჯის ელინსა თუ იუდეველს, ცოდვილსა თუ ერისკაცს, არამედ შინაგანი კაცი განწმენდილი თვალით შესცქერის ყველას, იხარებს მთელი ქვეყნიერებით, ნებავს, რომ თაყვანი სცეს ყველას და უყვარს ელინებიც და იუდეველებიც [17]. სხვა ჟამს მეფის ძისებრ მიენდობა იგი ღვთის ძეს როგორც მამას, გაეხსნება მას კარნი და შევა იგი შიგნით მრავალ სავანეში, ხოლო რამდენსაც შევა, კვლავ გაეხსნება მას, ვთქვათ, ასი სავანისგან სხვა ასი სავანე, და გამდიდრდება და რამდენსაც გამდიდრდება, კვლავ სხვანი გამოუჩნდება მას, - უახლესნი და უსაკვირველესნი [18], და მას, როგორც ძესა და მემკვიდრეს, მიენდობა იმგვარი საქმენი რომელთა თქმაც ანდა პირით და ენით გამოხატვა არ ძალუძს ადამიანურ ბუნებას.

სხვა ჟამს ასეთი ვინმე, როგორც ღვთისადმი მეოხი, ღვთის მიმართ დიდი სიყვარულით იწყებს ვედრებას სოფლისათვის, რათა ცხონდეს მთელი ადამი [19], რადგან იწვის იგი სიყვარულისგან და, ნებავს რა ყველას ცხონება, ასწავლის ცხოვრების სიტყვას და - სასუფევლისას, და ქადაგებს და მიუთხრობს ქრისტეს შესახებ [20], რამდენადაც კი შესაძლებელია სმენა იმ უსასრულო, უსახელო და უწვდომელი საუკუნის ზეციური რამ და საღვთო საიდუმლოებებისა.

სხვა ჟამს აღიჭურვება მთელი ის ადამიანი, შეიმოსავს ღვთის ყოვლადაღჭურვილობას და, მიიღებს რა წმინდანთა სულების ზეციურ მხედრობას, იწყებს მტერთა ბანაკების დალეწვას, რაჟამს დახოცავს და გვამებად აქცევს მრავალს.

სხვა დროს შემწეობა ეძლევა სულს და ხარობენ ურთიერთით სული და უფალი, თვით ადამიანი კი მყოფობს დიდ სინათლეში და უფლისა და ძმათა მიმართ სიხარულში, მაგრამ თუმცა ლამპარიცა და სინათლეც იწვის დღითა და ღამით, ეს ადამიანი, განგებულების შესაბამისად, მაინც არ არის განთავისუფლებული მთლიანობაში, არამედ, ერთი მხრივ, არის კიდეც თითქმის მთლიანად განთავისუფლებული და მთლიანად წმინდა, მაგრამ, ამასთან, მეორე მხრივ, თითქმის არ არის იგი ისეთი, როგორიც საჭიროა. მიუხედავად ამისა, მაინც გაპოხილია „შუაკედელი“ და დამარცხებულია სიკვდილი.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბევრად უფრო იწვის და ბრწყინდება ლამპარი, ისე რომ აღარ ძალუძს ამ ადამიანს ლამპრის ელვარებისა და ხიკაშკაშის გაძლება და არის იგი როგორც დაუძლურებული. შემდეგ კვლავ თითქოსდა მიმწუხრდება სინათლე, თუმცა ანთია კი, და თხელი, ბნელისსახოვანი ჰაერივით ზედ დაედება მას ტყავის მაგვარი რამ მოწინააღმდეგე ძალისა. ამიტომ ამბობს ამგვარი ადამიანი: „არ ვარ მთლიანად თავისუფალი“.


თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II
თბილისი, 2004 წ.


[1] - აქ წარმოდგენილი თარგმანი არის ნაწილი იმ ჰომილიისა, რომელიც წმ. მაკარი ეგვიპტელის (IV ს.) შრომათა კრიტიკულ გამოცემაში შეესაბამება მეოთხე სიტყვას (Λόγος Δ) (იხ. Makarios/Symeon, Reden und Briefe, her. von H.Berthold, Berlin, 1973, s.48-53; 7,1-11,4.) უფრო ადრინდელ გამოცემაში (იხ. Georgius Pritius-ის პუბლიკაცია), რასაც თანხვდება J.Migne, ხოლო ამ უკანასკნელს - სხვადასხვა თარგმანები (მათ შორის, რუსული), იგივე ტექსტი უდიდესწილად რიგით მერვე ჰომილიაა (იხ. დასახ. პუბლიკაცია, 106-113). ხსენებული ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი თარგმნილია ძველ ქართულადაც წმ. ექვთიმე ათონელის მიერ, რომელიც მეცხე თავად წარმოგვიდგენს მას (იხ. მაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ.ნინუამ, თბ. 1982, გვ.293-297).

[2] - შდრ. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „...ამის შემდეგ კი, მეუფეო, არა მარტოდენ შემინდე მე ენით უთქმელი ბოროტებანი, არამედ, შენი წმინდანის ოხით, ის სიკეთენიც მომანიჭე, ზემოთ რომ ითქვა, ანუ, უკეთ, ყოველივე თვით იქმენ ჩემთვის“ (პირველი სამადლობელი, ჟურნ. „გზა სამეუფო“, 1994 წ. №1, გვ.17).

[3] - იგულისხმება ტაძარში შესვლა.

[4] - ე.ი. საუკუნო ცხოვრების, იმქვეყნიური მარადისობის.

[5] - შდრ. ბერძნ. ξενίζεσθαι τόν νουν.

[6] - έζύμωται. შდრ. ექვთიმე: „განფუვნებულ არს“ (293.27).

[7] - μία δέ ούσα ή χάρις.

[8] - შდრ. ექვთიმე: „ლამპარი იგი მარადის იწუების და ბრწყინავს“ (294.3).

[9] - πλέον έν μέθη έξετάζεται της άγάπης του θεου. შდრ. ექვთიმე: „უფრო დაითრვების სული იგი სიყუარულითა ღმრთისაჲთა“ (294.5).

[10] - έν έκστάσει γέγονεν ό άνθρωπος (ლათ. in excessu constitutus). შდრ. ექვთიმე: „...ვითარცა განკჳრვებული“ (294.10). ბერძნული έκστασις („ექსტაზი“) ძველ ქართულად მრავალგვარად ითარგმნებოდა („განკჳრვებაჲ“, „განკრთომაჲ“, „დასულებაჲ“, „უგონქმნაჲ“ და სხვა.). აღნიშნულ ცნებას ზედმიწევნით იტევს ტერმინი „გაცბუნება“, რაც გულისხმობს როგორც „განკჳრვებას“, „ასევე განკრთომას“.

[11] - καινόσ κόσμος καί ό φωτεινός. შდრ. ექვთიმე: „ახალი იგი სოფელი განათლებული“ (294.24). ბერძნულ φωτεινός-ს ზედმიწევნით თანხვდება ტერმინი „ნათლიერი“.

[12] - შდრ. ექვთიმე: „ვითარცა ცოფი და ბარბაროზი სოფელსა ამას შინა“ (294.28).

[13] - შდრ. ექვთიმე: „აღტაცებული და მთრვალი“ (295.9).

[14] - წმ. მაკარი რამდენჯერმე მოუხმობს პავლე მოციქულის სიტყვებს: „შუაკედელი ზღუდისა“, რაც ნიშნავს ცხონებისკენ შემაფერხებელ დაბრკოლებას და რაც მოსპო მაცხოვარმა. წმ. მაკარი ამ შუაკედელს არსებითად დარღვეულად რაცხს თვით იმ ადამიანთან დაკავშირებითაც, რომელიც სრულყოფის მწვერვალზე ვერ შენარჩუნდა (იხ. ქვემოთაც).

[15] - ამ მნიშვნელოვანი ადგილის ჩვენეული თარგმანი მიჰყვება ორიგინალის მეცნიერულ (ბერთოლდისეულ) გამოცემას. პრიტიუსის ტექსტი რამდენადმე განსხვავებულია. ამ უკანასკნელის თარგმანი ასეთია: „ხოლო ვინაა იგი, ვინც მისულა სრულ საზომამდე ჟამიდან ჟამად, გაუსინჯავს და გამოცდილება მიუღია იმ საუკუნისა, რამეთუ ჯერაც არავინ მინახავს ქრისტიანი სრული ადამიანი და თავისუფალი“ (Prit. p.111). წმ. ექვთიმეს თარგმანია: „გარნა რომელი-იგი შევიდა ჟამსა ოდესმე საზომსა სისრულისასა და იხილა გემოჲ და აქუს გამოცდილებაჲ მის საუკუნოჲსაჲ, მან იცის ყოველივე (295.25-28). მოგვაქვს ლათინურიც: quis vero unquam ad perfectum gradum progressus gustavit et periculum fecit illius seculi? nondum enim ullum vidi perfectum hominem christianum aut liberum (პრიტიუსის გამოც. გვ.111).

[16] - შდრ. ექვთიმე: „ხოლო ჯერეთ ვერვინ ვპოვე აზანურებასა შინა (=თავისუფლებაში, ე.ჭ.), რამეთუ მეცა მცირედ ჟამთა რომელთამე შევედ მას საზომსა და ვიცი შეტყუებაჲ, თუ ვითარ იქმნების კაცი სრული“ (295.36-38).

[17] - შდრ. წმ. ექვთიმეს თარგმანი: „სული იგი ფრიადისა სიხარულისაგან ჩანს ვითარცა ყრმაჲ უმანკოჲ და წრფელი და არღარა განიკითხავს კაცი იგი არავის, არცა ჰურიასა, არცა წარმართსა, არც ცოდვილსა, არცა ერისკაცსა, არამედ შინაგანი იგი კაცი წმიდითა თუალითა ხედავს ყოველსავე და უხარინ კაცსა მას ყოველსავე სოფელსა ზედა და უნებს ყოველთა თაყუანისცემაჲ და უყუარან ყოველნივე, გინა თუ ჰურიანი, გინა თუ წარმართნი“ (296.4-10). აღნიშნულ სწავლებას ზედმიწევნით ეხმიანება წმ. მაქსიმე აღმსარებლის ერთ-ერთი შეგონება (იხ. „გზა სამეუფო“, 1996 წ. №1, გვ.31; 2.30).

[18] - ესაა სწავლება მარადიულად მზარდი და აღმატებადი სულიერი წინსვლის, სულიერი პროგრესის, სულის ღვთისკენ „გაწვდომის“ ანუ „ეპექტასისის“ შესახებ, რაც განსაკუთრებული სიღრმით და პიროვნული განცდით გადმოსცა წმ. გრიგოლ ნოსელმა (ამის შესახებ შემოკლებულად იხ. საქ. ეკლ. კალენდარი, თბ. 1989, გვ.196).

[19] - „რათა ცხონდეს მთელი ადამი“ - ბერძნ. ίνα σωθη όλος ό 'Αδάμ. გამოთქმა „მთელი ადამი“ ნიშნავს „მთელ კაცობრიობას“. ამიტომ გვაწვდის წმ. ექვთიმე ათონელი ასეთ თარგმანს: „რაჲთა ცხონდეს ყოველივე ადამიანი“ (296.22).

[20] - მთელი ეს მონაკვეთი ექვთიმეს მიერ ასეა თარგმნილი: „იწყებს ვედრებად ღმრთისა სოფლისათჳს, რაჲთა ცხონდეს ყოველივე ადამიანი, რამეთუ იწუების იგი სიყუარულისაგან ღმრთისა და ჰნებავს ყოველთავე ცხონებაჲ და ასწავებს სიტყუასა ცხორებისასა და სასუფეველისასა და უქადაგებს ქრისტესა და მიუთხრობს“ (296.21-25).


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო