Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

წმ. მაკარი ეგვიპტელი „სულიერი შეგონება“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

წმ. მაკარი ეგვიპტელი
სულიერი შეგონება


სული ურჩობის გამო შორს განდგა ღვთისგან, რადგან როგორც მხეცები გაურბიან დღის სინათლეს და შედიან უდაბნოს ტევრში, ამგვარად სული, ჭეშმარიტების გზისგან უკუქცეული, თავისი ნებით შემოვიდა ამ სოფელში, რომელიც არის ტევრი და უდაბურება, ღამე და ზმანება სულისათვის. რადგან შეიყვარა მან წყვდიადი და მიატოვა ნათელი, განდგა ცხოვრებისაგან და შეიყვარა სიკვდილი. დატოვა მან წყარო ცხოვრებისა და შეიყვარა წყარო წყვდიადისა და სიკვდილისა. განიძარცვა სარწმუნოება და სიყვარული, სიმშვიდე და მოთმინება, რადგან არ დაივანა მან სიტყვაში; და შეიმოსა ურწმუნოება და რისხვა, გულისწყრომა და ბოროტება, შური და თავმოთნეობა; თავისი ნებით შეიმოსა ბოროტი წნული, როგორც სამოსელი. ამიტომ ეურჩა იგი პირველ ხმას, ნათელს და მტკიცეს, და ყური უგდო მეორე ხმას, არამტკიცესა და ბნელს. და ამგვარად, თავისი ნებით, მიატოვა მან დიდებული და დაუსრულებელი სოფელი, შეიყვარა წუთისოფელი და მიმოიბნია თავისი თავი მთელ ამ მიწაზე. ამიტომ, წინასწარმეტყველნი და მართალნი თავიდან ესწრაფოდნენ გაბნეული სულის შეკრებას და მის სრულქმნას, მაგრამ ვერ შეძლეს. ხოლო კეთილი და კაცთმოყვარე მეუფე, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ნებით, ცოცხალი სიტყვა, ღმერთი ჭეშმარიტი უწინარეს საუკუნეთა, ვის შესახებაც თქმულია: „ეს სიტყვა ჭეშმარიტად ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“ (იოან. 1,14), რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - ეს სიტყვა ჰგიეს ჩვენს შორის, როგორც მონადირე, ნადირთა შემპყრობი, ვინც ამ სოფლისაგან შეკრიბა მიმობნეული სული და მოიმუშაკა იგი, როგორც სრული, უმანკო და უბიწო. ამგვარად, მოიწია რა მადლი, და მოგვცა რა სიტყვამ სახე და ნიმუში, მისივე ნათელჩენის გზით მოვინადიროთ და შევიკრიბოთ ჩვენი გულები, დაე, უპოვარვიქმნეთ და არაფერი შევიძინოთ ამ საწუთროსგან, განვიმზადოთ ჩვენი გულები, როგორც გვასწავლის სული დავითის მიერ: „განმზადებულია ჩემი გული, ღმერთო, განმზადებულია ჩემი გული. გიგალობ და გიფსალმუნებ შენ, აღდექ დიდებაო ჩემო“.


ძველი ბერძნულიდან თარგმნა 
ანა ჭუმბურიძემ
სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II
თბილისი, 2004 წ


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო