Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

„წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან...“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

„წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ
ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან...“


ეს ამბავი გასულ საუკუნეში ერთ ციმბირულ სოფელში მოხდა (ერთმა იქაურმა კაცმა ჩაიწერა) და იმდენად საგულისხმოდ მოგვეჩვენა, უნდა გიამბოთ: 

„მამა ნაკითხი კაცი იყო და წიგნი მეც შემაყვარა, ამიტომ ვისაც ჩემსავით კითხვა უყვარდა, უპირველეს მეგობრად მივიჩნევდი...

ერთხელ ღმერთმა ნუგეშად ახალგაზრდა კაცი მომივლინა, ოციოდე წლის იქნებოდა, სახელად ტიმოთე, რომლის ამბავიც მინდა გიამბოთ:

იგი ჩვენს დაბაში ახალგაზრდა გადმოასახლეს, - ხმა დადიოდა, ობლად დარჩენილს გამზრდელმა ბიძამ ქონება გაუნიავა, ამიტომ ტიმოთემ იარაღით ხელისგული გაუგმირაო, მაგრამ რადგან ახალგაზრდა იყო, თანაც პირველი გილდიის ვაჭარი, გადასახლება აკმარეს.

მის სულში დიდხანს დუღდა წყენა, რის გამოც ყველასგან შორს ეჭირა თავი, მუდამ შინ იჯდა და სასულიერო წიგნებს კითხულობდა... ერთმანეთს სწორედ წიგნის სიყვარულმა დაგვაახლოვა, ხშირად ვსტუმრობდი და ისიც ხალისით მმასპინძლობდა...

თავიდან მშობლებს ეუცხოვათ ჩვენი სიახლოვე, შემდეგ შეეჩვივნენ და ნებასაც მრთავდნენ, ნებისმიერ დროს მენახულა იგი...

მოგვიანებით მამაც ესტუმრა, ტიმოთეც გადმოვიპატიჟეთ და ჩვენები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ჩინებული ახალგაზრდა იყო, მალე შეუყვარდათ, თან ებრალებოდათ, სულ ნაღვლიანი რომ იარებოდა.

თუ ვინმე ბიძას ან გადასახლების მიზეზს უხსენებდა, ფითრდებოდა და მოღუშული იწყებდა ბოლთის ცემას, ამ დროს აღარც წიგნი ახსოვდა და თვალებიც რისხვით ენთებოდა. უაღრესად პატიოსანი გახლდათ, შრომისმოყვარე, მაგრამ თავისი ჯავრის გადამკიდემ საქმეს გული ვეღარ დაუდო...

უფალმა მის დარდს მალე უწამლა - თვალში ჩემი და მოუვიდა, ცოლად შეირთო და თითქოს დამშვიდდა. ათი წლის შემდეგ იმხელა ქონება დააგროვა, დაბის ყველაზე შეძლებული მოსახლე გახდა: სასახლესავით ბინა წამოჭიმა, კარგი ცოლ-შვილი ჰყავდა, სხვა რაღა უნდა ესურვა? თითქოს წარსულის დავიწყებაც შეიძლებოდა, თუმცა ტიმოთეს მაინც სტანჯავდა თავისი დარდი და ერთხელ, როცა ურმით მოვდიოდით, ვკითხე: - ძმაო, უწინდებურად განიცდი, რაც მოხდა?

- რას გულისხმობ?

- რაც დაკარგე, ახლა ხომ ყველაფერი ისევ შეიძინე?

გაფითრდა და არაფერი უთქვამს. მოვუბოდიშე - მეგონა, წყენამ გაგიარა-მეთქი.

- რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მაინც ყველაფერი მემახსოვრებაო.

შემებრალა, ასეთი ამღვრეული სული რომ ჰქონდა... წმინდა წერილი კარგად იცოდა და სხვას მშვენივრად მოძღვრავდა ხოლმე, თავად კი წყენას ვერ მორეოდა. როგორც ჩანდა, წმინდა სიტყვას გულამდე არ უშვებდა...

ტიმოთემ შენიშნა, რომ გავირინდე და ჩამეკითხა:

- რამ ჩაგაფიქრა?

არაფერმა-მეთქი...

ვგრძნობ, ჩემზე ფიქრობო.

შენზეც ვფიქრობ და ნუ მიწყენ, თუ პირდაპირ გეტყვი: - წმინდა წერილი მშვენივრად იცი, მაგრამ გული მაინც მრისხანებით და ბოღმით გაქვს სავსე- მეთქი.

მშვიდად მიპასუხა: - ქვეყნად ისეთი წყენაც არსებობს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელიაო და გამიმხილა, რომ ბიძაზე ფულის გამო კი არა, იმიტომ იყო ნაწყენი, რომ მამამისს სასტიკად აწყენინა, დედა კი დარდით სამარემდე მიიყვანა, თავად ტიმოთეს ცილი დასწამა, შემდეგ მუქარით შეირთო გოგო, რომელიც ტიმოთეს ბავშვობიდან უყვარდა და რომლის ცოლად მოყვანას აპირებდა.

განა შეიძლება ამის პატიება? არასოდეს ვაღირსებ ამასო, - დასძინა.

- საშინელება გადაიტანე, მაგრამ წმინდა წერილი რომ გულს გარეთ გრჩება, ესეც ფაქტია-მეთქი.

ტიმოთე შეეცადა, თავი ემართლებინა, - ხან ძველი აღთქმიდან მოიყვანა მაგალითები, ხან საიდან... მე კი ვურჩიე, ბიძისთვის მიეტევებინა და სული განეწმინდა.

მისმინა, მისმინა, ხელზე ხელი მომიჭირა და მოკლედ მოჭრა: - თავი დამანებე, არ შემიძლია, ძალიან მიმძიმსო.

გავიდა ექვსი წელიწადი, მაგრამ ისევ იტანჯებოდა და სადმე ბიძას რომ გადაჰყროდა, წმინდა წერილს გვერდზე გადადებდა და შურს იძიებდა, მაგრამ რატომღაც მშვიდად ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, მალე რაღაც შეიცვლებოდა და უფალი იხსნიდა ამ სატანჯველისგან. ტიმოთე იმ დროს 37 წლისა იქნებოდა, შეძლებული და პატივცემული. ყვავილები, განსკუთრებით ვარდები უყვარდა და მთელი კარ-მიდამო ვარდებით ჰქონდა სავსე... წესად ჰქონდა, საღამოობით ბაღში გამოდიოდა, იქაურობას ეფერებოდა, შემდეგ სკამზე ჩამოჯდებოდა და ლოცულობდა.

ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ბაღში, გადაშალა სახარება და წაიკითხა, როგორ ესტუმრა ქრისტე ფარისეველს, რომელმაც ფეხსაბანად წყალიც კი არ მიართვა...

ტიმოთეს იმდენად შეემუსრა გული, რომ ატირდა და სწორედ იმ წუთში დაიწყო ყველაფერი (მისივე ნაამბობს გავიმეორებ): - გარშემო მიმოვიხედე და გავიფიქრე: რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ვარ, უფალი ჩემი კი ასე ღარიბი და მიუსაფარი იყო-მეთქი... ისე ამევსო თვალები ცრემლით, ვეღარ ვახამხამებდი... ირგვლივ ყველაფერი გავარდისფრდა, თითქოს გული შემეკუმშა და უეცრად წამოვიძახე: - უფალო, ჩემთან რომ მოსულიყავი, საკუთარ თავსაც არ დაგიჭერდი-მეთქი!

...და უეცრად საიდანღაც სუნთქვასავით გავიგონე:

- მოვალ!

ტიმოთემ აღელვებულმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: - შენ როგორ ახსნიდი ამას, ნუთუ უფალს მართლა შეუძლია ჩემთან სტუმრად მოსვლა? . - ეს ჩემი ცოდნის მიღმაა, სახარება რას ღაღადებს ამის შესახებ?

- წმინდა წერილი გვეუბნება: - იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე, უფლება არა მაქვს, არ ვირწმუნო.

ჰოდა, გწამდეს-მეთქი.

- ვბრძანებ, ხვალიდან სუფრა გაშალონ მისთვის, - წამოიძახა ტიმოთემ. მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე:

- თავადვე იცი, რაა მისი ნება, სუფრის გაშლა ცუდი არ არის, მაგრამ ეს ამპარტავნება და კადნიერება ხომ არ იქნება?

- ნათქვამია: - მეზვერენი და ცოდვილნი სხდეს იესუის თანა ინახითო, - თქვა ტიმოთემ.

- ისიც ნათქვამია: „არ ვარ ღირს, რათა სართულს სახლის ჩემისასა შემოხვიდე“...

მეორე დღესვე ტიმოთემ ცოლს სთხოვა, სუფრასთან ერთი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... დასხდებოდნენ სატრაპეზოდ ხუთნი - ტიმოთე და მისი ოჯახი, სუფრის თავში მეექვსე, ყველაზე საპატიო ადგილი კი ცარიელი რჩებოდა. დიასახლისს ცნობისწადილი კლავდა, ვისთვის იყო ეს ადგილი, ტიმოთე პასუხობდა, - უპირველესი სტუმრისთვისო, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა, ვის ელოდა.

ელოდა ტიმოთე მაცხოვარს ბაღში გაგონილი სიტყვიდან მეორე, მესამე მეოთხე დღეს... გადიოდა კვირები, თვეები, საეკლესიო დღესასწაულები, მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანდა, თუმცა იმედი არ დაუკარგავს და სწამდა, უფალი დანაპირებს შეუსრულებდა. ერთხელ მკითხა, - ყოველდღე ველი და ვევედრები, მაგრამ პასუხი არ ისმისო.

აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და ხშირად ვფიქრობდი, რომ ხიბლმა სძლია, მაგრამ ღვთისგანგება სხვაგვარი აღმოჩნდა.

ქრისტეშობა ახლოვდებოდა. უმკაცრესი ზამთარი იდგა. წინა საღამოს ტიმოთემ გამიმხილა: - ძმაო, ხვალ უფალი მესტუმრებაო.

რატომ ხარ ამაში დარწმუნებული-მეთქი.

დღეს, შევევედრე თუ არა, სულისშემძვრელმა, საყვირივით ხმამ მიპასუხა: - მალე მოვალო. ხვალ ხომ მაცხოვრის შობაა და, როგორც მგონია, ამ დღეს ინება მობრძანება ჩემნაირ ცოდვილთან, მესტუმრე შენიანებთან ერთად, თორემ სული შიშმა ამითრთოლაო.

ხომ იცი, რომ არ ძალმიძს, ეს დავიტიო, არც უფლის ნახვას ველი, რადგან ცოდვილი ვარ, მაგრამ გეწვევი, რადგან ასე მთხოვ და მოკრძალებით გირჩევ, თუ სასოებით ელი ძვირფას სტუმარს, მეგობრები კი არა, მისთვის სათნო კრებული დაახვედრე-მეთქი.

- მიგიხვდი და ხვალ ყველა გაჭირვებულს, მშიერს, განსაცდელში მყოფსა და სნეულს მოვუხმობ, რომ ყველაფერი მცნებისაებრ იყოსო.

- ტიმოთე, ვის ძალუძს, ყოველივე მცნებებისაებრ ჰყოს? ერთს ვერ მოისაზრებ, მეორე გამოგრჩება, მესამეს ვერ შეასრულებ, მაგრამ თუ ეს მოლოდინი ასე საყვირივით გუგუნებს შენში, დაე, ასე იყოს. თუ უფალი მოვა, რაც დააკლდება შეავსებს და თუ ვინმეს მოწვევა გამოგრჩა, თავად მოიყვანს.

შობა დღეს ოჯახით ვესტუმრე ტიმოთეს, მთელი სახლი სავსე იყო გაჭირვებულებით, მაგიდები ხორაგს ვერ უძლებდა. მალე ყველა მოვიდა, შიკრიკებიც დაბრუნდნენ და აღარც არავის ელოდნენ რადგან საშინელი ქარბუქი ამოვარდა, მაგრამ უპირველესი სტუმარი არა და არ ჩანდა.

მალე ჩამობნელდა და სუფრასთან დასხდომის დრომაც მოაწია. ყველანი ხატების წინ დანთებული სანთლების შუქზე ვიცდიდით, მასპინძელი კი, შეშფოთებული მოუსვენრად მიმოდიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ დიდებული სტუმარი აღარ მოვიდოდა. ამოიოხრა და მითხრა:

- ვხედავ, რაღაც სათანადოდ ვერ აღვასრულე, ალბათ ვერ შევძელი იმათი შეკრება, ვინც აქ უნდა ყოფილიყო. იყოს ნება ღვთის, მოდი, ვილოცოთ და სუფრას მივუსხდეთ.

ის იყო, ლოცვა იწყო, რომ გარედან რაღაც ისე შეეჯახა კედელს, ყველაფერი შეზანზარდა, მერე სასტუმრო ოთახის კარი თავისით გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...

უეცრად ზღურბლზე ჩამოძონძილი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც სიცივით ისე ცახცახებდა, ძლივს იმაგრებდა თავს, რომ არ დაცემულიყო... მალე მის ხელზე თვალშისაცემი, დიდი ხნის წინ შეხორცებული და ყინვისგან გათეთრებული ნატყვიარიც გავარჩიეთ და ტიმოთემ წამოიძახა: - უფალო, ვხედავ და ვღებულობ მას შენი სახელისთვის! თავად შენ კი ნუ შემოხვალ, რადგან ბოროტი და ცოდვილი ვარო.

მერე მუხლებზე დაემხო და გულშემუსვრილმა ლოცვა იწყო... შემოიტანეს სანთლები. ტიმოთე წამოდგა, მოაჯირს ჩაბღუჯულ მოხუცს ხელი მოჰკიდა და უპირველესი სტუმრისთვის განკუთვნილ სკამზე დასვა.

ალბათ მიმიხვდით, ვინც იყო მოხუცი - ტიმოთეს ბიძა, რომელმაც მოკლედ მოგვითხრო, როგორ წაუვიდა ცხოვრება უკუღმა, როგორ დაკარგა ოჯახიც და ავლადიდებაც. მერე დიდხანს ეძებდა ტიმოთეს, რომ მისთვის პატიება ეთხოვა... ამ სიარულსა და ქარბუქში გზა არეოდა, გაყინულიყო და სიკვდილსღა ელოდა.

- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცმა, ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: - „წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან“. მერე ორივე ხელი წამავლო და აქ ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.

- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც თქვა: „შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას: და სწყუროდის თუ, ასუ მას“. დაჯექი ჩემთან, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე, - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.

იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და ტიმოთემაც პოვა სიმშვიდე.

ასე განისწავლა კაცი, როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: „გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო