Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ღვთის დიდებისათვის შეუფერებელი ლოცვა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ღვთის დიდებისათვის შეუფერებელი ლოცვა


ერთი ბერი, რომელიც ღვთის წინაშე ლოცულობდა და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს, სოფელში თავის ნამუშევრის გასაყიდად მივიდა. ღვთივსათნო მოსაგრე უკვე თავის სენაკში აპირებდა დაბრუნებას, როცა ღატაკებითა და მომლოცველებით გარშემორტყმული უცნობი შემოხვდა და იგი თავისთან მიიპატიჟა. 

ბერს საკადრისი პატივი მიაგეს და გაისტუმრეს. იგი გამოეთხოვა მასპინძელს და მისი მასპინძლობით აღფრთოვანებული ცდილობდა, მისი ვინაობა შეეტყო. მან გაიგო, რომ ეს ადამიანი ქვისმთლელი იყო, სახელად ევლოგი. იგი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როდესაც მოსაღამოვდებოდა და მთელი დღის საზღაურს მიიღებდა, სახლში მიჰყავდა ყველა ღატაკი, რომელიც გზაში შეხვდებოდა და მათ გამასპინძლებაში ხარჯავდა ყველაფერს, რასაც დღის განმავლობაში გამოიმუშავებდა. მაგიდიდან ჩამოცვენილ ნამცეცებსაც კი ძაღლებს უყრიდა. ამრიგად ცდილობდა ევლოგი ზეციური სასუფევლის დამკვიდრებას, კვებავდა რა ყველას, ადამიანიდან მწერებამდე.

გულკეთილი ბერი მისმა სათნოებებმა გააოცა; იგი დღედაღამ ევედრებოდა ღმერთს, რომ სხვების ბედნიერებისათვის ევლოგი გაემდიდრებინა. ლოცვასთან ერთად იგი ისე მარხულობდა, რომ ძლივსღა ედგა სული.

ბოლოს ღმერთმა შეისმინა მოსაგრის ლოცვა და მას ასეთი ხილვა მისცა: ბერს ჩაეძინა; უეცრად იგი ამაღლების ტაძარში აღმოჩნდა. მან დაინახა ერთი ღვთაებრივი ყრმა, რომელიც ქვაზე იჯდა. მის გვერდით ევლოგი იდგა. შემდეგ ყრმამ თქვა: „თუ შენ თავდებად დაუდგები, ვუბოძებთ ევლოგის სიმდიდრეს“. ბერი დაეთანხმა და მან დაინახა, რომ იქ მყოფთაგან ორმა ევლოგის უბეში ოქროს ჩაყრა დაუწყო. ამ დროს ბერს სიზმრიდან გამოეღვიძა და ჰმადლობდა ღმერთს, რომელმაც მისი ლოცვა შეისმინა.

ამასობაში ევლოგი თავისთვის ცხოვრობდა. ერთ დილას, როდესაც იგი სამუშაოზე გამოვიდა, ქვას სატეხი დაარტყა და იგრძნო, რომ იგი ცარიელი იყო. მეორედაც დაარტყა და სიცარიელე დაინახა. მესამედ დარტყმის შემდეგ ქვიდან ოქრო გადმოცვივდა. ევლოგი შეძრწუნდა, არ იცოდა, რა ექნა ამდენი ოქროსათვის, იმ დღეს მასთან ერთად არცერთ ღატაკს და, მათ შორის, არც თვითონ არაფერი უჭამია. მეორე დღეს მან ცხენი იყიდა და სახლში ისე გადმოზიდა ოქრო, თითქოს ქვას ეზიდებოდა. იმ საღამოს მან მარტომ ივახშმა.

დიდხანს აწვალებდა ევლოგის მშფოთვარე აზრები... ბოლოს გემი იქირავა და კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, სადაც დიდებულის ტიტული იყიდა; შეიძინა უზარმაზარი, ბრწყინვალე სახლი და დაიწყო უზრუნველად ცხოვრება, ყოველგვარი მომჭირნეობის გარეშე, ე. ი. ყოველდღიურად ეპატიჟებოდა თავისთან ცნობილ და მდიდარ ადამიანებს.

ბერმა, რომელმაც ღვთისაგან ევლოგისთვის ეს სიმდიდრე გამოითხოვა, ამის შესახებ არაფერი უწყოდა. ორი წლის შემდეგ მან ძილში კვლავ იხილა ბრწყინვალე ყრმა და გაიფიქრა: სად არის ევლოგი? სად დაიკარგა იგი? ვიღაც ავსახიანი ევლოგის ყრმის გამოსახულებიდან განდევნიდა... ბერს გამოეღვიძა, ამოიოხრა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „სული დავიღუპე!“ და იმ ადგილისაკენ გაეშურა, სადაც ადრე ევლოგი ცხოვრობდა. იგი დიდხანს ელოდა, როდის მოვიდოდა ღატაკთა გამომკვებავი და მათ თავის სახლში მიიწვედა, მაგრამ ამაოდ! ბოლოს მოთმინებადაკარგულმა ერთ მოხუც ქალს ჰკითხა: „არის აქ ვინმე, ვინც უცხოებს შეიფარებს?“ „არა, - უპასუხა მან ამოოხვრით, - აქ ცხოვრობდა ერთი ქვისმთლელი, რომელსაც ძალიან უყვარდა უცხოთა გამასპინძლება. იხილა რა მისი საქმეები, ღმერთმა მადლი გადმოავლინა მასზე და ახლა იგი დიდებულია კონსტანტინეპოლში...“ ამის გამგონე ბერმა თავისთვის ჩაილაპარაკა: „მე მკვლელობა ჩავიდინე!“ და დედაქალაქში წავიდა.

იქ მან შეიტყო, სად ცხოვრობდა ევლოგი, დაჯდა მისი სახლის კარებთან და მის გამოსვლას დაელოდა... ბოლოს გამოჩნდა ევლოგი ამაყი სახით, მედიდური სიარულით, უამრავი მონისა და ლაქიის თანხლებით. „შემიწყალე, - წამოიძახა ბერმა, - რაღაც მინდა გითხრა...“ მაგრამ ევლოგიმ ზედაც არ შეხედა მას, მონებმა კი ხელი ჰკრეს. საბრალო შუამდგომელმა გადაასწრო ევლოგის სხვა ქუჩაზე, კვლავ წინ დახვდა და დაუძახა, მაგრამ მას რამდენჯერმე უბიძგეს და იძულებული გახდა, გარიდებოდა. ასე იჯდა ბერი ოთხი კვირის განმავლობაში ევლოგის სახლის წინ წვიმასა და თოვლში, მაგრამ მასთან დალაპარაკება ვერ შეძლო.

ბოლოს ბერმა ევლოგის ცხონების იმედი გადაიწურა, მიწაზე დაემხო და უფალს შეევერდა, მისი შუამდგომლობა გაეუქმებინა. მაგრამ არაჩვეულებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ უგუნური ლოცვა და შუამდგომლობა შენდობის ღირსი არ არის. საბრალო ბერმა არ იცოდა, რა ექნა. იგი გემზე დაჯდა ალექსანდრიაში გასამგზავრებლად. სწორედ ამ დროს იგი ისეთ მცირედმორწმუნეობასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ მკვდარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს ჩაეძინა და მრავალი მტანჯველი სიზმრისეული ჩვენების შემდეგ მოესმა ხმა: „წადი შენს სენაკში! მე დავუბრუნებ ევლოგის ძველ მდგომარეობას; მაგრამ შენ, უძლურო ადამიანო, ნუ იტვირთებ ღვთის წინაშე მისი დიდებისათვის შეუფერებელ ლოცვას“.

სამი თვის შემდეგ ბერმა შეიტყო, რომ მეფე იუსტინე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ მამასთან წარმატებაში მყოფი დიდებულების დევნა დაიწყო; ორი მათგანი მოაკვდინა, ევლოგი კი გაიქცა. საბოლოოდ მეფემ უდიდესი ჯილდო აღუთქვა იმას, ვინც მის თავს მიუტანდა.

ბერი კვლავ გაემართა იმ ადგილისაკენ, სადაც ადრე ევლოგი ცხოვრობდა. მაგრამ როგორ გაიხარა მან, როდესაც მზის ჩასვლისას დაინახა იგი სამუშაოდან მომავალი და ღატაკებით გარშემორტყმული! ბერს სურდა, მის შესახვედრად გაქცეულიყო, მაგრამ ევლოგიმ დაასწრო, ხელზე ემთხვია და ვახშამზე მიიწვია.

ბერმა და ევლოგიმ ისაუბრეს და ქვისმთლელმა უამბო მას, როგორ დაბრუნდა თავის სამშობლოში. როგორ გამოიქცა ყველა მცხოვრები მის სანახავად და დიდებულის ტიტულის მისალოცად. მაგრამ ევლოგის ეშინოდა, რომ მისი ადგილსამყოფელი გამჟღავნდებოდა და თქვა, რომ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იყო. „მე ხელმეორედ ავიღე ჩემი იარაღები, - განაგრძო თხრობა ევლოგიმ, - და სწორედ იმ ქვისაკენ გავეშურე, სადაც ოქრო ვიპოვნე; ვფიქრობდი, რომ კვლავ მივაგნებდი სიმდიდრეს, მაგრამ რამდენიც არ ვაკაკუნე ქვაზე, ვერაფერი ვიპოვნე. ბოლოს თავი დავაღწიე ამ ცდუნებას და მადლობა ღმერთს, დიდებულის ხარისხი დავივიწყე“.

უფალს ევედრე იმისათვის, რომ შენი შეცოდებები მოგიტევოს, იმისათვის, რომ დაგიფაროს დანაშაულის ჩადენისაგან; მაგრამ ლოცვაში ნუ ითხოვ სიმდიდრეს, ძალაუფლებასა და მის მსგავსს. უფალმა უკეთ იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო და რა - საზიანო. იგი გვიბოძებს ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება. ევლოგი საუკეთესო მაგალითია იმისა, რაოდენ დამღუპველია ზოგჯერ ღატაკის გამდიდრება.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო