Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ნიშანი ზეციდან

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ნიშანი ზეციდან


ეს ამბავი უცნობი მწირის ჩანაწერებში ამოვიკითხე.

იყო თურმე ერთი სულთამხუთავი, უჩვეულო ძალის მქონე ყაჩაღი. ცხოვრობდა სოფლის მახლობლად ტყეში და არავის აძლევდა საშუალებას ახლომახლო გზებზე გავლისა. თავს ესხმოდა, უმოწყალოდ ძარცვავდა ყველას - ღატაკსა თუ მდიდარს, არ ერიდებოდა კაცის კვლასაც. მერე კი ამ ნაძარცვით თავის ამფსონებთან ერთად ეძლეოდა თავაშვებულ ღრეობას. და ისმოდა გარშემო უწმაწური გინება, სიმღერები. ვისაც მათზე სმენოდა, ერიდებოდა კიდეც ამ ადგილებში გავლას. ასე თანდათან გაუკაცურდა ეს ადგილი; ნაძარცვიც თანდათან შემოაკლდათ. მაშინ შეკრიბა ყაჩაღმა ბანდის წევრები:

- ბიჭებო! მოდით ახლა სხვაგან გადავინაცვლოთ. რა გვეთქმის, აქ მართლაც მხიარულად ვატარებდით დროს. არც საჭმელი გვაკლდა და არც სასმელი. მართალია, ჩვენი სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა, სამაგიეროდ ამ ადგილებში ჩვენი სახელის გაგონებაც კი თავზარს სცემს ყველას. ჩვენი შიშით ჩიტიც კი არ დაფრინავს სიახლოვეს. ამით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ. მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ უკვე შემოგვაკლდა შემოსავალი. გასაძარცვიც აღარავინ დაგვრჩა. დროა სხვაგან გადავინაცვლოთ.

- ეგრე იყოს! - ერთხმად დათანხმდა ყველა. - მაგრამ ასე ცარიელ-ტარიელნი სად წავიდეთ?!

- მაგისთვის ერთი რამ მაქვს შემონახული. ხედავთ იმ მონასტერს? იქ ბერები ცხოვრობენ; ფული თავზე საყრელი აქვთ. შესაძლოა იმდენიც კი ჰქონდეთ, რომ ხელის განძრევა კარგა ხანს აღარ დაგვჭირდეს.

- ნუთუ იმ წმინდა ადგილს დავესხმებით? - შეცბუნდნენ ყაჩაღები.

- როდის გახდით ასეთი გულჩვილნი?! თქვენ რა ბერებმა შეგაშინეს?! თქვენ, რომელთაც სახრჩობელის, გილიოტინის არ შეგშინებიათ, ახლა ბერებმა შეგაკრთეს?! ანდა იქნებ წმინდანობაც მოინდომეთ?! განა არ იცით, ბერებს თუ საიქიოს გავისტუმრებთ, მადლიერნიც კი დაგვრჩებიან. ისინი ხომ სულ იქითკენ ისწრაფვიან. სამაგიეროსაც იქიდან შეგვაწევენ ლოცვით. მაშ იჩქარეთ! ცოცხლად, ბიჭებო, ავისხათ იარაღი და გავსწიოთ, ნუღარ ვაყოვნებთ!

მეთაურის განწყობა ბანდის წევრებსაც გადაედოთ, მხიარულად წამოიშალნენ. მხოლოდ ერთი არ დაძრულა ადგილიდან: - არსადაც არ წამოვალ, ისედაც ბევრი ცოდვა მაქვს კისერზე!

მეთაურს ბევრი არ უფიქრია, ისე გამოასალმა იგი სიცოცხლეს. სხვები აღარ შეკამათებიან...

მონასტერი საოცრად ლამაზ ადგილზე იყო აშენებული. ტაძარიც და ბერთა სენაკების თეთრი კედლებიც პირდაპირ მდინარის ხეობას გადაჰყურებდა.

ბერები იმ დღეს ცისკარს ჩვეულებისამებრ ზარების რეკვით შეხვდნენ. რას წარმოიდგენდნენ, ასეთი განსაცდელი თუ დაატყდებოდათ თავს! შუა ლოცვისას მათი მსახურება და ტკბილი გალობა უხეშმა სტვენამ და გინებამ დაარღვია. მხეცებივით შემოიჭრნენ მონასტერში ყაჩაღები, ჩაამსხვრიეს მინები, საკურთხეველში შეცვივდნენ და გაშმაგებით იწყეს საეკლესიო სიწმინდეებში განძისა და ფულის ძებნა.

- ეი, თქვენ! - ღრიალებდა მეთაური. - გირჩევთ დროზე გამოაჩინოთ ფული და ძვირფასეულობა. სწრაფად, თორემ ამოგხოცავთ ყველას!

- ძმანო, - მშვიდად მიმართა ყაჩაღებს არქიმანდრიტმა, - ჩვენ სადა გვაქვს ფული და ძვირფასეულობა. ჩვენი სიმდიდრე ეს ვერცხლის ბარძიმი და საღვთისმსახურო წიგნებია.

- სტყუი! - კიდევ უფრო გაშმაგდა მეთაური და წვერებში სწვდა მოხუცს. - სწრაფად, სწრაფად გვიჩვენე სადა გაქვს გადამალული ფული!

- ძმაო, ეშმაკს დაუბნელებია შენი გონება, სჯობს შეინანო...

- ეშმაკს არა?! წყეულო! სწორედ იმ ეშმაკებთან გაგაგზავნი ჯოჯოხეთში თუ არ იტყვი! - მაგრამ რომ ნახა, ამ სიტყვებმა სულაც ვერ შეაშინა წინამძღვარი, უფრო გაშმაგდა:

- მაშ, არ გინდა გვითხრა არა?! - ამ სიტყვებით ულმობლად შეუნგრია გული დროშის ტარით მოხუცს.

- შეინანე, ძმაო. - საოცარი სითბოთი და სიყვარულით წარმოთქვა წინამძღვარმა უკანასკნელი სიტყვები და სული განუტევა.

- ყველა ამოხოცეთ! - ღრიალებდა გახელებული მეთაური. - და თვითონაც გაშმაგებული, დაუნდობლად ხოცავდა ბერებს. სისხლით შეიღება ტაძრის კედლები და იატაკი. მეორე დღეს სისხლიანი კედლები და ბერების გვამები დახვდათ სალოცავად მისულ სოფლელებს...

გავიდა დრო. იმ დღის შემდეგ ძალიან შეიცვალა მეთაური. სულ მდუმარედ დადიოდა. სადღა იყო მისი ცინიზმი და ამპარტავნება. სულის მტანჯველი სიზმრებით შეპყრობილს გამუდმებით ჩაესმოდა არქიმანდრიტის სიტყვები:

- ძმაო, შეინანე.

სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან თან სდევდა ეს საბედისწერო სიტყვები. ტყის ფოთლების შრიალიც თითქოს ამას ჩასძახოდა:

- შეინანე!

მდინარის პირას წყლის ჩხრიალშიც ეს სიტყვები ესმოდა:

- მოინანიე!

თვალწინ კი მუდამ არქიმანდრიტის სახე ედგა, შემწყნარებელი თვალებით.

იმ ადგილებში ერთ განდეგილს დაედო ბინა. გამოქვაბულში მოეწყო სენაკი.

რას აღარ ჰყვებოდნენ მასზე. ადრე თურმე იგი ექიმი ყოფილა, მაგრამ მერე კი განდეგილობის გზას დასდგომია და ადამიანთა ფიზიკური კურნების ნაცვლად მათი სულების გაჯანსაღებისთვის მიუყვია ხელი. ღვთის შეწევნით ამ მძიმე საქმიანობისთვისაც კარგად გაურთმევია თავი, და ისე გაუთქვამს სახელი, რომ უამრავი ადამიანიც მოუზიდავს.

ვის არ შეხვდებოდით მასთან?! იგი ერთნაირი სიყვარულით ხვდებოდა ყველას. მისგან ადამიანები სულით განკურნებულნი და განწმენდილნი მიდიოდნენ. მისი სენაკის კარი ყველასთვის ღია იყო.

ყაჩაღთა ყოფილი მეთაური კარგა ხნის მანძილზე უთვალთვალებდა განდეგილს. ბევრი რამ მისთვისაც უამბნიათ მის კეთილმოსაობაზე. „საოცარი შვება მოაქვსო მასთან საუბარს“. - ყველანი შეთანხმებულივით ამბობდნენ ასე.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ყაჩაღთა ყოფილმა მეთაურმაც გადაწყვიტა განდეგილისათვის გულის გადაშლა. მაგრამ მისთვის დახშული აღმოჩნდა მისი კარი. ამაოდ შესთხოვდა ცოდვილი მთელი დღე მას კარის გაღებას, მაგრამ ისე დაღამდა და გათენდა, რომ არ ისმინა განდეგილმა მისი. ფეხი არ მოუცვლია მეთაურს მაინც. ჯიუტად იდგა და ელოდა განდეგილის გამოსვლას. ასე გავიდა ორი, სამი, ოთხი დღე. სენაკიდან განუწყვეტლივ მოისმოდა ლოცვა, ისმოდა როგორ ადიდებდა განდეგილი ღმერთს. გავიდა მთელი თვე... ამ ხნის მანძილზე ყაჩაღთა ყოფილი მეთუარი ბალახებით იკვებებოდა, ცრემლებით რწყავდა იქაურობას და განდეგილს შესთხოვდა:

- გამიღე, მამაო, კარი, მე ცოდვილს. მიიღე აღსარება ჩემგან.

და აი, თვის ბოლოს, როგორც იქნა გაიღო კარი და ხმა მოესმა:

- შემოდი, ძმაო.

სასოებით შეაბიჯა სენაკში. განდეგილი სიყვარულით შეეგება და ცრემლიანი სიტყვებით მოეხვია:

- საშინლად მძიმე ცოდვები მომიტანე, ძმაო. მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ნუ შეშინდები, ნურც სასოწარკვეთას მიეცემი. აღივსე ღვთისადმი რწმენით. გჯეროდეს, თუ მთელი გულით მოინანიებ, შენს აღსარებას მიიღებს იგი. ხომ გინდა ღვთის სასუფეველის დამკვიდრება?! ამის გაკეთება კი მხოლოდ მათ ძალუძთ, ვინც მორჩილებით, რწმენითა და მოთმინებით არიან აღვსილი. ამიტომაც გტანჯე ამდენ ხანს, ძმაო... ჯიუტად გცდიდი! ისიც მინდოდა, მხოლოდ ღვთის იმედითა და რწმენით განმსჭვალულიყავი. შენმა მორჩილებამ ჩემს სიჯიუტეს აჯობა, გამოცდას გაუძელი. ახლა კი ჩამოჯექი და ყოველივე მიამბე.

კარგა ხანს უყვებოდა მეთაური განდეგილს თავის ამბავს. მწარედ ქვითინებდა. მასთან ერთად ცრემლად იღვრებოდა განდეგილიც. რომ დაამთავრა, წამოდგა განდეგილი:

- ახლა კი წადი, ძმაო, იმავე ტყეში, სადაც ამდენი საშინელება ჩაგიდენია. ამოთხარე მიწური. იქ ლოცვებში უნდა გალიო ეს წუთისოფელი... ოღონდ ილოცე რწმენით, ილოცე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ მიეცი ამქვეყნად ცხოვრების საშუალება. არც საკუთარი სული დაივიწყო. აი, გამომართვი კანდელი; წაიღე და შენთან, მიწურში ხატის წინ დადგი, ზეთი ჩაასხი, მაგრამ ნუ აანთებ. როცა ღმერთი ცოდვებს შეგინდობს, თვითონ აინთება. და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ მიგეტევა ცოდვები.

წამოვიდა ცოდვილი და ისე დაიწყო ცხოვრება, როგორც განდეგილმა დაარიგა. მთელ დღეებს ლოცვებში ატარებდა, ღვთისგან შენდობას ითხოვდა.

ასე გავიდა ათი წელი... კანდელი არა და არ ინთებოდა. მისკენ გახედვისაც კი ეშინოდა.

- შემინდე, უფალო, და მომეც ნიშანი ზეციდან. - გამუდმებით ამას შესთხოვდა უფალს. ხანდახან სასოწარკვეთა ეუფლებოდა, მაგრამ გულმხურვალე ლოცვით სდევნიდა. კიდევ ათი წელი გავიდა. ცოდვილის მეხსიერებაში თანდათან გაფერმკრთალდა წარსული. ლოცვას ისე შეეჩვია, ვეღარ თრგუნავდა დემონი. ახლა, როცა მისგან განწირული ადამიანები ეცხადებოდნენ, მათ სახეებზე მრისხანებას კი არა, შენდობას უფრო ხედავდა. არქიმანდრიტი კი ისევ სიყვარულითა და მიმტევებელი თვალებით შესცქეროდა. მის მანტიაზე სისხლის კვალი უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა. ცოდვილსაც სახეზე თანდათან ნათელი ედებოდა.

ასეთმა ცხოვრებამ ბუნებასთან ძალიან დააახლოვა და ნაამდვილ განდეგილად აქცია. ცხოველებიც გრძნობდნენ ამ კეთილ განწყობას და არ ერიდებოდნენ, მის გარშემო ტრიალებდნენ, ფეხქვეშ ეგებოდნენ.

მის გვერდით თავისუფლად დასეირნობდნენ მგლებიც და კურდღლებიც, დათვებიც და ყველა ჯურის ფრინველი თუ ცხოველი. მკვლელის სული ისე განიწმინდა, რომ ბუნების ყოველ მოვლენაში ღვთის ნებას სცნობდა.

მაგრამ ნიშანი ზეციდან არა და არ ჩანდა. კანდელი არ ინთებოდა.

კიდევ ათი წელი გავიდა. განდეგილის მიწური სხვა ცოდვილთა სავანედ იქცა. ყაჩაღთა ყოფილ მეთაურთან ახლა სულიერი რჩევების მისაღებად, სულის ცხონების გზის საკითხავად მოდიოდნენ. ისიც დაუზარებლად, ყოველგვარი ანგარების გარეშე გასცემდა მადლს, რაც ამ ხნის მანძილზე მოიხვეჭა.

ერთხელაც, ვნების კვირას, გამოღვიძებულმა ბუნებამ სიხარულით აავსო განდეგილის გული. გარეთ გამოსულს გამდნარი თოვლის ქვემოდან მოესმა ნაკადულის ხმა. მიმოიხედა; აქა-იქ ყოჩივარდებს ამოეყოთ თავი. გზის პირას ჩამოჯდა. გარინდებული ყურს უგდებდა ყინულის მსხვრევასა და ტყის შრიალს. და თუ ადრე ასეთი ხმები მასში ნაღვლიან განცდებსა და მწუხარებას იწვევდა, ახლა რატომღაც სიხარულითა და ნუგეშით ავსებდა. უცებ შორიდან მომავალ მგზავრს მოჰკრა თვალი. რომ მოახლოვდა შეამჩნია, ძლივს რომ მოლასლასებდა. თვითონვე გაეგება, მიწურში შეიყვანა, გაუმასპინძლდა და მოასვენა. მგზავრს ღონე ისე წართმეოდა, ლაპარაკსაც ვერ ახერხებდა. მერე კი, ცოტა სული რომ მოითქვა, განდეგილს ჰკითხა:

- კანდელი რად არ გინთია?!

- ეჰ, ჩემო ძმაო, კეთილი საქმეები არ მყოფნის ასანთებად. - ამ სიტყვებმა სული შეუთრთოლა სტუმარს:

- მაშინ მე რაღა ვთქვა, მე ცოდვილმა! - გულჩაწყვეტილმა ამოილუღლუღა.

მისი ასეთი მწუხარება რომ იგრძნო, შეეცადა განდეგილი ნუგეშისცემას:

- ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ ღვთის წინაშე, ძმაო! - უთხრა, - მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ხომ გაგიგია, სწორედ მან რომ შეუნდო მეზვერესაც და მეძავსაც?! განა მან არ დაამკვიდრა ცათა სასუფეველში თავის ძესთან ჯვარცმული ავაზაკი?! იგი ჩვენც შეგვინდობს ცოდვებს; ჩვენ კი ამისთვის უნდა შევძლოთ ამ ცოდვების მონანიება. უნდა ვითხოვოთ შენდობა...

და უამბო განდეგილმა სტუმარს თავის ცხოვრებაზე.

კიდევ უფრო დამწუხრდა მგზავრი: - და თუ, მამაო, ასეთი ცხოვრების, და ასეთი სინანულის მერეც, შენი კანდელი არ ინთება, რისი იმედი უნდა მქონდეს მე, ცოდვილს?! მე ხომ შენი რწმენის მეასედიც არ გამაჩნია...

ანუგეშებდა მგზავრს განდეგილი, თან ღმერთს შესთხოვდა:

- შეუნდე, უფალო, ამ ცოდვილს!

მგზავრი კი უფრო და უფრო მძიმდებოდა; აღსარების თქმას ვერა და ვერ ახერხებდა; ვერანაირმა ნუგეშმა ვერ გასჭრა. შვებას ვერ გრძნობდა. დილისთვის კი მთლად გამოეცალა ღონე, ძალა წაერთვა და სასოწარკვეთილმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა:

- არ მექნება შენდობა! - და ამ სიტყვებით განუტევა სული.

იგრძნო განდეგილმა, როგორ ჩავიდა ცოდვილის სული ჯოჯოხეთში. მწარედ ატირდა. სამი დღის მანძილზე ლოცულობდა მის ცხედართან. მისთვის შენდობას სთხოვდა უფალს. მესამე დღეს კი გაუთხარა სამარე და დაკრძალა.

შაბათის საღამო იდგა.

„ - ხვალ კვირაა, - ფიქრობდა იგი, - აღდგომა დგება. მაცხოვარი ხომ მოწყალეა და ალბათ შეუნდობს“. - ამ ფიქრებში, მიწურის წინ მჯდარი, ტყის სურნელებით გაბრუებული განსვენებულზე ლოცვას განაგრძობდა. დილით იდუმალმა განცდამ მოიცვა. იგრძნო, ბუნებაც იდუმალებაში რომ ჩაძირულიყო... ყოველი მხრიდან თითქოს ჩასძახოდნენ:

- ქრისტე აღსდგა!

იგივეს უჩურჩულებდა ნიავი, ნაკადული, ღრუბლებიდან წამოსული წვიმის წვეთები, ჩიტების გუნდი, თავს რომ დასტრიალებდა. უცებ წინ დაუდგა ყველა, ვისაც სიცოცხლე მოუსწრაფა. ყველა სიყვარულით შეჰყურებდა და ახარებდა:

- ქრისტე აღსდგა!

არქიმანდრიტსაც აღარ ეცვა სისხლიანი მანტია, თეთრ სამოსში შემოსილი სიყვარულით უწვდიდა ხელს განდეგილს. და აღივსო სიხარულით მწირის გული. მაგრამ საფლავის დანახვამ ისევ დაამწუხრა. მიწურში შებრუნდა. სიჩუმესა და წყვდიადს მოეცვა იქაურობა. ნაღვლიანად გახედა კანდელს, მუხლებზე დაემხო და გულმხურვალედ იწყო ლოცვა:

- მკვდრეთით აღდგომილო, იესო ქრისტე, გაუხსენ ამ ცოდვილს სასუფეველი, მოგვანიჭე ჩვენ შენდობა შეცოდებათა. შეუნდე ამას, გევეედრები, შეუნდე... და შენი ურიცხვი სიხარულიდან გაიღე მისთვის მცირედი. შენ ხარ ღმერთი და ვიცი ადამიანებისაგან ცოდვათა მისატევებლად მსხვერპლს რომ მოითხოვ. ამის გაკეთება კი ამ უბადრუკს თვითონ აღარ შეუძლია. ამიტომ მის სანაცვლოდ ჩემგან შეიწირე მსხვერპლად ლოცვები, მთელი ჩემი ღვაწლი, ყველაფერი ის, რაც ამ 40 წლის მანძილზე გამიღია სულის საცხონებლად... მე ხომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ და შემიძლია თავიდან დავიწყო ყველაფერი. გევედრები, შეიწირე ყოველივე ეს და თუ შენი მსჯავრით მან საშინელი ხვედრი დაიმსახურა, მე მომაგე ეს სასჯელი, მისი სული კი იხსენი ჯოჯოხეთისაგან...

ამ ვედრებაში იყო, რომ დაიქუხა, სადღაც მეხი ჩამოვარდა. მისმა ნაპერწკლებმა მიწური გაანათა. განდეგილს ლოცვა არ შეუწყვეტია. უცებ იგრძნო, რაღაც რომ ანათებდა მიწურს. თავი ასწია და ანთებულ კანდელს მოჰკრა თვალი. ჯერ იფიქრა მეჩვენებაო... ძლივს წამოდგა; მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო; უჩვეულო სისუსტე იგრძნო; მუხლები მოეკვეთა. სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა. ვეღარც შეძლო ამოსუნთქვა. და ასე, ამ უჩვეულო განცდებში დალია სული. ნელა დაეშვა მისი სხული მიწაზე. სული კი მსუბუქად აიჭრა მაღლა, ზეცაში...

კანდელს უფრო და უფრო ემატებოდა ელვარება. თითქოს განდეგილის სულს მიაცილებდა ზეცისკენ...

ასე მოკაშკაშე დახვდა იგი ბერებსაც. მათ მოწიწებით წაასვენეს განდეგილი მონასტერში. ერთმა მორჩილმა კი ეს ამბავი აღწერა, რომ შეგვეტყო და მოყვასისთვის თავგანწირვის ასეთი სურვილი ჩვენც გაგვჩენოდა.


თარგმნა ლ. ჯიქიამ


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო