Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ (სიძვა-მრუშობის შესახებ)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა...
სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ

* * *


ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ჩავიდა ბერი ვიტალი. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.

ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ევედრებოდა მათ განკურნებას ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისაგან. იგი დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან, რაც სპილენძის თორმეტ მონეტას შეადგენდა, მხოლოდ ერთს ხარჯავდა საკვებში, შემდეგ მიდიოდა სამეძაო სახლში, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და თან სთხოვდა:

- ღვთის გულისათვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმინდად შეინახე და ნურავის ნუ გაიკარებო!

მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისათვის ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ მოუწოდებდა სინანულისაკენ, უყვებოდა თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა და ზოგიერთმაც, ანება რა თავი ამ ცოდვილ საქმიანობას, პატიოსანი შრომით დაიწყო ლუკმაპურის შოვნა.

* * *

თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.

ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე.

- მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის!

იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:

- ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან.

იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.

- რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია.

იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი?

ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება.

- არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.

- არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას.

- იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება.

თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს.

იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს.

ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა.

ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობენ საკუთარ ცოდვებს“.

* * *

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.

მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.

ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.

* * *

ერთხელ, ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა, უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრელებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ დაგანახა, როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“.

* * *

მამა იოანე მძოვარმა, რომელსაც წითელს ეძახდნენ, გვიამბო: წმიდა თეოდოსის მონასტერში ჩემი ყოფნის ჟამს იქ მოღვაწეობდა ორი ძმა, რომელთაც ერთმანეთისათვის შეეფიცათ, არც სიცოცხლეში განშორებოდნენ ურთიერთს და არც სამარეში. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შესძლო, ძმას უთხრა: გამიშვი სოფელში, სიძვის გულისთქმა ისე მებრძვის, ვეღარ ვეწინააღმდეგებიო. მეორე ძმა ევედრებოდა, წყალში არ ჩაეყარა სიყრმითგან ნაღვაწი, მაგრამ ვერ დააჯერა და იძულებული გახდა, თავადაც გაჰყოლოდა. ის ძმა, რომელსაც ეშმაკი ებრძოდა, მეძავთან შევიდა, მეორე კი გარეთ დადგა, თავზე ნაცარს იყრიდა და თავისი ძმის გამო მწარედ ტიროდა.

როცა პირველმა გულისთქმა აისრულა და გარეთ გამოვიდა, მეორე ძმა შეევედრა: „აბა, რა სარგებელი ჰპოვე, ძმაო, ამ ცოდვისაგან? მხოლოდ ივნე და სული წარიწყმიდე. ახლა მაინც დავბრუნდეთ მონასტერში და ვევედროთ ღმერთს, რომ შეგინდოს ეს ცოდვა, რადგან მოწყალე უფალი მონანულ ცოდვილთა მიმართ“. დაცემულმა მიუგო: „ამიერიდან უდაბნოში ვეღარ წამოვალ, შენ კი წადი, ძმაო, და დამტოვე“. რაკი უდაბნოში დაბრუნებაზე ვერაფრით დაიყოლია, მეორე ძმაც ქალაქში დარჩა. ქირით მუშაობდნენ, რომ თავი ერჩინათ.

იმ ხანებში მამა აბრაამმა, კეთილმა და მშვიდმა მწყემსმა, რომელიც შემდეგ ეფესოს კათალიკოსი გახდა, ბიზანტიაში, ზეთისხილის მთის მახლობლად, მონასტრის აგება დაიწყო. მშენებლობაზე ძმებიც მივიდნენ. ცოდვილი ძმა ორივეს შრომის საფასურს თვითონ იღებდა, ქალაქში მიდიოდა და მეძავებთან ხარჯავდა, მეორე კი ყოველდღე მარხულობდა, განუწყვეტლივ ფსალმუნებდა, დაუზარლად შრომობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. მშენებლებმა მისი ასეთი ღვთისნიერება, ყოველდღიური მარხვა და მდუმარება რომ იხილეს, მის შესახებ წმიდა აბრაამს აუწყეს. წმიდა აბრაამმა მოუხმო ბერს, თავის სენაკში შეიყვანა და ამბავი ჰკითხა. მანაც უამბო, თუ როგორ გარყვნილებაში ცხოვრობდა მისი ძმა და უთხრა: მე იმისთვის ვიჭირვებ, რომ ღმერთმა ჩემი შრომა დაინახოს და ჩემი ძმა წარწყმედისაგან იხსნასო.

ეს რომ მოისმინა, დიდებულმა აბრაამმა უთხრა ძმას: შენი სიმდაბლისა და სიყვარულის გამო ღმერთმა გაჩუქაო შენი ძმის სული. ბერი გარეთ გამოვიდა და თავისი ძმა დაინახა, რომელიც სინანულით ევედრებოდა უდაბნოში წაეყვანა იგი - იქნებ, ღმერთს შეენდო მისთვის აურაცხელი ცოდვა. ძმამ მაშინვე წაიყვანა იგი იორდანეს უდაბნოში და ერთ გამოქვაბულში დააყენა. ცოდვილმა ცრემლითა და სინანულის ოხვრით მოინანია თავისი დაცემა და ასე მიიღო ღმერთმა მისი სული. მეორე ძმა, აღთქმისამებრ, სიკვდილამდე გამოქვაბულში დარჩა.


* * *

ერთი ქოზიბელი მონაზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვისა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ, რომ ხუცესი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის რვა საათზე მოკვდესო. ბერი გულმოწყალე იყო. ეს რომ გაიგონა, მაშინვე გაემართა იმ სოფლისაკენ, სადაც ხუცესი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიის ხანს შევიდა სოფელში. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არა ხარ ამ სოფლის ხუცესიო. მე ვარო, მიუგო მღვდელმა. ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრაო, სთხოვა ბერმა. ხუცესმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. ხუცესმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა: ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეციო. როგორც კი ეს თქვა, დავარდა მიწაზე და სული განუტევა.

წმინდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ. ცხადია, ხუცესს რომ არ დაემსახურებინა, ღმერთი მას ამ განსაცდელს არ მოუვლენდა.


* * *

წმინდა დიდმოწამე თეოდორეს ეკლესიის მთავარდიაკვანი, ღვთისმოყვარე თეოდორე, გვიამბობდა: ზაქარია დიაკვნის ცოლი, სახელად ოქროვანი, იერუსალიმის პატრიარქ სოფრონთან მივიდა და სიძვაში ამხილა თავისი ქმარი. ღვთისნიერმა პატრიარქმა იხმო ზაქარია და ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რაც მის შესახებ გაიგო. იმ საბრალომ უარყო. შეგიძლია თუ არა, შენი ნათქვამი დაამტკიცო? - ჰკითხა პატრიარქმა დედაკაცს. ქალმა უპასუხა, ბევრმა იცის ეს ამბავი, მაგრამ მაინც ვერ დავამტკიცებ, რადგან არავის უნდა ასეთ საქმეში გარევაო. პატრიარქმა შეხედა ქალის ქმარს და უთხრა: გონს მოდი, ძმაო, და ნუ გათელავ ფეხქვეშ შენს სინდისს, ნუ გგონია, რომ რამეს დაუმალავ ღმერთს, რომელიც ყველაფერს ხედავს და ჩვენი გულისთქმაც კი არ გამოეპარება; თუ რაიმე ასეთი მოხდა, ნუ გაკადნიერდები და ნუ შეხვალ წმიდა საკურთხეველში, ხოლო თუ არ გამხელს გონება, აი, წმინდა საკურთხეველი და თუ გაბედავ, შედი.

დიაკვანი უშიშრად შევიდა საკურთხეველში. მალე მას თავიდან ფეხებამდე კეთრი მოედო. ყოვლადძლიერმა ღმერთმა ამ სასწაულით აჩვენა, რომ კაცი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, ღვთის საქმე შეურაცხყოს.

* * *

კალამონის მონასტერში მოღვაწე მამა ელიამ გვიამბო: მონასტრის მახლობლად ერთ გამოქვაბულში ვიყავი დაყუდებული. შუადღისას ვიღაცამ დამიკაკუნა. გავედი და ქალი დავინახე. ვკითხე, რა უნდოდა. შემინდე, მამაო, - მომიგო მან, - მეც შენსავით ვცხოვრობ აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე, ერთ პატარა გამოქვაბულში; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინეო. გამოვუტანე წყალი და დავალევინე, მაგრამ გამოქვაბულში რომ შევბრუნდი, სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ეშმაკმა იმ ქალის მიმართ გულისთქმა გამიჩინა. ვერ ვძლიე გულისთქმას, გამოვედი და ქალის კვალს გავყევი. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისაგან მიწა იწვოდა. სწრაფად გავიარე ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დამეცა: დავინახე შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც ჩემს შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ესეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის, ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი - მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ, ერთი გულისთქმის ასრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძაგელი ცოდვისათვის გინდა, ცათა სასუფეველი დაკარგო? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთი ბილწი გულისთქმის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობო.

სიმყრალისაგან დაბლა დავეცი. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა და გულისთქმის ბრძოლა მომაშორა. გამოქვებულში დავბრუნდი და ღმერთს მადლობა შევწირე.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო