Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა (მარხვის შესახებ)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა


† † †

ერთხელ მაკარი ალექსანდრიელს ყურძნის მტევანი მიართვეს ძღვნად. წმინდა მამას ძალიან უნდოდა, ხილისთვის გემო გაესინჯა, მაგრამ რაკი თავშეკავების გამოჩენა სურდა, მტევანი ერთ-ერთ ძმას გაუგზავნა. ბერს, რომელმაც ძღვნით უზომოდ გიახარა, ასევე გულით ეწადა ყურძნის შეჭმა, მაგრამ ნდომა დასძლია და მტევანი სხვა ძმას გაუგზავნა. იმ ძმამაც, წინამორბედთა მსგავსად, მტევანი სხვას გაუგზავნა, თუმცა მასაც გულით ეწადა, ხილით დამტკბარიყო. ამგვარად, ყურძნის მტევანმა მთელი საძმო ისე მოიარა, რომ არც ერთ ბერს მისთვის პირი არ დაუკარებია. ბოლოს კი იმ ძმამ, რომელსაც უკანასკნელს ერგო მტევანი, იგი, როგორც ძვირფასი ძღვენი, კვლავ მაკარის მიართვა. წმინდა მამამ მტევანი იცნო, ყოველივე წვრილად გამოიძია და გაოცებულმა განადიდა უფალი, რომელმაც საძმოს ასეთი თავშეკავება და მოთმინება მიმადლა.

დაბრუნებულ ხილს კი ღვთივსულიერმა ბერმა გემო მაინც არ გაუსინჯა.

† † †

ერთ მოღვაწე მამას, სახელად ელინს, უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს, თაფლი მოუნდა. მალე ქვის ქვეშ თაფლით სავსე გოლეული იპოვა და თქვა: „განვედ ჩემგან, მოუთოკავო გულისთქმავ, რადგან დაწერილია: სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქუმასა ნუ აღვასრულებთ“ (გალ. 5,16) - ფიჭას ხელი არ ახლო და იქაურობას განერიდა.

ერთხელ კი, უდაბნოში სამკვირიანი მარხვის შემდეგ, წმიდა ელინმა მიწაზე მიმოფანტული მრავალფერი ნაყოფი დაინახა და თქვა: „მე არც მივეკარები და არც გემოს გავუსინჯავ მათ, რათა არ ვაცთუნო ძმაი ჩემი ანუ სული ჩემი, რამეთუ დაწერილია: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (მათე 4,4). იმარხულა კიდევ ერთი კვირა და ბოლოს მიეძინა. ძილში კი ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ადექი და რასაც იპოვი, იხმიე“. ბერიც წამოდგა, მიიხედ-მოიხედა და წყარო დაინახა, რომლის გარშემოც თვალწარმტაცი მცენარეები ხარობდა. წმინდანმა წყალი დალია და მცენარეთა უგემრიელეს ნაყოფსაც გაუსინჯა გემო. შემდგომში ამბა ელინი ამტკიცებდა, რომ თავის სიცოცხლეში მსგავსი არაფერი ეხმია. იქვე ახლოს მამა ელინი პატარა გამოქვაბულსაც წააწყდა, სადაც რამდენიმე დღე კვლავ უჭმელ-უსმელმა გაატარა. ბოლოს, როდესაც საზრდოს მიღების საჭიროება იგრძნო, ბერმა მუხლი მოიყარა, ლოცვა აღავლინა და იმავე წამს ყოველგვარი სანოვაგე მიეცა - თბილი პური, ზეთისხილი და სხვადასხვაგვარი ტკბილი ნაყოფი.

† † †

მაკარი ალექსანდრიელი დიდად მოშურნე მოღვაწე გახლდათ. თუკი შეიტყობდა, ამა თუ იმ ბერმა განსაკუთრებული მადლი იტვირთაო, თავადაც მსწრაფლ იმასვე აღასრულებდა. ერთხელ ერთი ძმისგან შეიტყო, ტაბენესელი განდეგილები მთელი დიდმარხვის განმავლობაში ცეცხლზე მომზადებულ საკვებს არ იხმევენო და იმ დღიდანვე აღთქმა დადო, ცეცხლზე შემზადებული საზრდოს მიღება აღეკვეთა. შვიდი წელიწადი დამბალი ცერცვით იკვებებოდა. ნეტარმა შვიდწლიანი აღთქმის აღსრულების შემდეგაც არ დაუტევა ეს წესი და თავისი ყოფის ნაწილად აქცია.

ერთხელ მაკარიმ შეიტყო, რომ ვინმე განდეგილი დღეში მხოლოდ ერთ ლიტრ (დაახლოებით 324 გრამ) პურს იხმევდა. წმინდა მაკარი საღვთო მოშურნეობით აღივსო და ამგვარი ღვაწლი იტვირთა: მთელი პური, რაც კი გააჩნდა, და ორცხობილა წვრილ ნატეხებად დაამტვრია და ვიწროყელიან ქოთანში ჩაყარა, რომელშიც ხელის მტევანი გაჭირვებით ეტეოდა. ღირსი მამა მხოლოდ იმდენ პურს ჭამდა, რამდენიც ერთ ამოღებაზე ამოჰყვებოდა ქოთნიდან, ისიც - დღეში ერთხელ. შემდგომში იგი ჰყვებოდა, რომ ხანდახან, როდესაც ქოთანში ხელს ჩაჰყოფდა, პურის დიდი ნატეხი მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ როცა მის ამოღებას დააპირებდა, ქოთნის ვიწყო ყელში ხელი აღარ ეტეოდა და ნატეხიც უკანვე ვარდებოდა. ასე რომ, ჩემი ქოთანი ბევრის ჭამის საშუალებას არ მაძლევდაო, - იტყოდა ხოლმე.

† † †

ერთხელ მაკარი დიდმა ტაბენესელი მოსაგრეების საკვირველი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ შეიტყო. მან ბერული სამოსი განიძარცვა, სოფლელი ერისკაცის ტანსაცმლით შეიმოსა და თებაიდის უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა. ტაბენესის მონასტერში მისულმა არქიმანდრიტი მოიკითხა. იმ დროს ამ მონასტრის წინამძღვარი ღირსი პახომი იყო - სახელოვანი მოღვაწე და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომლისთვისაც ჯერ არ განეცხადებინა უფალს, რომ მის სავანეში თვით მაკარი ალექსანდრიელი მიბრძანდა. ნეტარი მაკარი წინამძღვარს შეხვდა და შეეხვეწა: „გევედრები, ჩემო ბატონო, მიმიღე შენს სავანეში, რათა მეც გავხდე ბერი და უფალს ვემსახურო“.

პახომი დიდმა მიუგო: „ასეთი მოხუცი როგორ შეძლებ მოსაგრე ცხოვრებას? ამ მონასტერში ძმები ქანცისგამწყვეტ შრომას იმიტომ უძლებენ, რომ სიყრმიდანვე მოღვაწეობენ აქ და ამგვარ ყოფას მიჩვეულნი არიან, შენი ხნის კაცი კი ვეღარ შეძლებს მოსაგრეობის უმძიმეს განსაცდელთა გადატანას; ჯერ წუწუნსა და ბუზღუნს დაიწყებ, ბოლოს კი სავანიდან წახვალ და ჩვენზე ცუდის მეტს არაფერს იტყვი“.

მაკარი მონასტერში მეორე დღესაც მივიდა, მაგრამ იგივე პასუხი მოისმინა. შვიდი დღის განმავლობაში შვიდგზის შეხვდა წმინდა მამა წინამძღვარს და შვიდგზისვე უარით გამოისტუმრეს. მაგრამ ღვთივსულიერი მამის განზრახვა მტკიცე იყო; კიდევ ერთხელ ეახლა პახომი დიდს და უთხრა: „ამბა, გთხოვ, მიმიღო. უკეთუ იმგვარ მარხვას, როგორსაც ძმები ინახავენ, ვერ გავუძლებ და არ გავაკეთებ იმას, რასაც ისინი იქმან, უბრძანე, სავანიდან გამაძევონ“. პახომი დიდი აღარ შეეწინააღმდეგა და სავანის ძმობა, რომელიც ათას ოთხას ბერსა და მორჩილს აერთიანებდა, მოხუცის მონასტერში მიღებაზე დაითანხმა.

ასე მიიღეს სავანეში მაკარი დიდი.

გამოხდა ხანი, დადგა დიდმარხვა. მაკარი ხედავდა, რომ ყველა ბერი მარხვისათვის ემზადებოდა და ქველ საქმეებს აღასრულებდა - ზოგი თუ მწუხრის დადგომამდე საკვებს არ იღებდა, ზოგი ხუთი დღე არაფერს იხმევდა, ზოგიერთი კი მთელი ღამე ლოცვად იდგა, ხოლო დღისით ხელსაქმობდა. არც მაკარის გაუსინჯავს პურის გემო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, წყალი არ დაულევია, მუხლი არ ჩაუხრია - არც დამჯდარა და არც დაწოლილა - და კომბოსტოს რამდენიმე ფურცლის მეტი არაფერი უხმევია, ისიც - კვირადღეობით და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს დაენახათ, რომ იგი რაღაცას ჭამდა, თვითონ კი თვითკმაყოფილების ცოდვაში არ ჩავარდნილიყო და თავზე დიდი წარმოდგენა არ შექმნოდა. ბაგეს არ ხსნიდა და არავის ესიტყვებოდა, იდგა მდუმარედ და შრომობდა, ხოლო თუ რაიმე საჭიროებისთვის სენაკიდან გამოვიდოდა, ცდილობდა, სასწრაფოდ ხელსაქმეს დაბრუნებოდა - პალმის ტოტები მოემაგრებინა და გამუდმებით მათ წნავდა, თან გულისმიერად ლოცულობდა. სულ ეს იყო მთელი მისი საქმიანობა. ამის შემხედვარე ძმებმა წინამძღვარზე დრტვინვა იწყეს: ეს უხორცო ადამიანი უთუოდ ჩვენს დასასჯელად მოიყვანე; ან მაგან დატოვოს სავანე, ან არადა ჩვენ წავალთ მონასტრიდანო. მაგვარი საყვედური რომ მოისმინა, წინამძღვარმა მაკარის შესახებ ძმებს შორის გამოკითხვა დაიწყო და როდესაც შეიტყო, როგორი ღვაწლი ეტვირთა ახალმისულ ძმას, უფალს შეევედრა, უცნობი მოხუცის ვინაობა გაემხილა მისთვის. შეუსრულა ღმერთმა თხოვნა და ღირს მამას განუცხადა, რომ უცნობი მოსაგრე მაკარი მონაზონი იყო. მაშინ პახომი დიდმა ნეტარს ხელი ჩაჰკიდა, სენაკიდან გამოიყვანა, საკურთხეველთან მიიყვანა, ამბორუყო და სთხოვა: „დაგვლოცე, ღირსო მოღვაწევ, წმინდაო მაკარ! რატომ მალავდი შენს ვინაობას, რადგან შენს საქმეთა შესახებ ბევრი მსმენოდა. მადლობელი ვარ, ამბა, რომ მორჩილება შთაუნერგე ჩემს შვილებს, ამიერიდან აღარასოდეს აღიმაღლებენ თავს თავიანთი სიქველეებით. ახლა კი გევედრები, დაბრუნდი უკან, იქ, საიდანაც მობრძანდი და ილოცე ჩვენთვის. შენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვასწავლე“.

† † †

წმინდა მარკოზმა ძველი და ახალი აღთქმა სიყრმიდანვე ზეპირად იცოდა. ამასთან, საოცრად თვინიერი და თამვდაბალი მოღვაწე იყო. ერთ-ერთი ახალმოსაგრე ასეთ ეპიზოდს იხსენებდა მისი ცხოვრებიდან: ერთხელ მოცალეობის ჟამს, მასთან წავედი, მისი სენაკის კართან ჩამოვჯექი და მივაყურადე; მსურდა გამეგო, რას აკეთებდა წმინდა ბერი ან რას ამბობდა. სენაკში სრულიად მარტო მყოფი ასი წლის მონაზონი, რომელსაც კბილებიც კი აღარ შერჩენოდა, კვლავ საკუთარ თავსა და ეშმაკს ებრძოდა. იტყოდა: „კიდევ რა გსურს, ბებერო? ღვინოც გისვამს და ზეთიც მიგირთმევია, რაღას ითხოვ ჩემგან? მხცოვანო მსუნაგო ღორმუცელავ და თავის შემარცხვენელო!..“ შემდეგ ეშმაკს მიმართა: „ჩამომეხსნები თუ არა ბოლოს და ბოლოს, სატანავ! შენც ჩემთან ერთად დაბერდი დაუდევრობასა და მცონარებაში, სხეულის უძლურების საბაბით ბევრჯერ მაიძულე, ღვინო და ზეთი მეხმია და გემოთმოყვარე გამხადე. ნუთუ კიდევ რაიმე მმართებს შენი? ხომ ხედავ, რომ წარსატაცებელი აღარაფერი გამაჩნია, გავედ ჩემგან, კაცთმოძულევ!..“ მერე კი, თითქოს ხუმრობით, კვლავ თავს თავს მიუბრუნდა: „ეჰ, შე ლაგამამოუდებელო და მსუნაგო ღორმუცელავ, ხარბო ბეხრეკო, ნეტავ კიდევ დიდხანს უნდა ვიყო შენთან?“

† † †

ღირსი ამონი სამი ათასამდე ბერის სულიერი მამა იყო თებაიდაში. მათ ტაბენესიოტებს უწოდებდნენ. ძმები პახომისეული დიდი წესდების მიმდევრები და დამცველები იყვნენ, ხალენებს ატარებდნენ, სატრაპეზოდ კი დაბურული სახით ცხადდებოდნენ და თავებიც მუდამ დახრილი ჰქონდათ, რათა არ ეხილათ, თუ როგორ იხმევდნენ საზრდოს სხვა ძმები. ყველა მათგანი ისეთ მკაცრ მდუმარებას იცავდა, რომ კაცს თავი უდაბნოში ეგონებოდა. ბერები თავიანთ წესს საიდუმლოდ აღასრულებდნენ, სატრაპეზოდაც მხოლოდ იმიტომ სხდებოდნენ, რომ მმარხველობა სხვათაგან დაეფარათ. ზოგი ერთ-ორჯერ თუ მიიტანდა პირთან ხელს და თითო ლუკმა პურით, ზეთისხილითა თუ სხვა რაიმე მცირედით დაკმაყოფილდებოდა, ზოგი მარტოოდენ პურს ჭამდა, ზოგი კი სამიოდე კოვზი ფაფით იკლავდა შიმშილს.

† † †

როცა ნაბუქოდონოსორმა იუდეველები ბაბილონის გზას გაუყენა, საუკეთესო ებრაული ოჯახებიდან რამდენიმე ბავშვი სასახლის კარზე წაიყვანა აღსაზრდელად. ყრმათა შორის იყვნენ თორმეტი წლის დანიელი და მისი სამი მეგობარი: ანანია, აზარია და მისაელი. სამეფო ტრაპეზზე მათ უხვი, მაგრამ მოსეს კანონებით აკრძალული საკვები მიართვეს. ყრმებმა არ ისურვეს წაბილწვა და თავიანთ ზედამხედველს სთხოვეს, მათთვის მხოლოდ ბოსტნეული და წყალი მიეტანა. ზედამხედველმა იუარა: მეფემ შიმშილით დასუსტებულები რომ გნახოთ, სიცოცხლეს გამომასალმებსო. დანიელმა უპასუხა: ათი დღის განმავლობაში დაგვაკვირდი და თუ ამ ხნის შემდეგ იმ ყმაწვილებს, რომლებიც სამეფო ტრაპეზს იღებენ, ჩვენზე ჯანმრთელი იერი ექნებათ, უარი გვითხარი, თუ არადა, შეგვისრულე თხოვნაო. ზედამხედველი დათანხმდა. მართლაც, გავიდა დათქმული ვადა და აღმოჩნდა, რომ ებრაელი ბავშვები უფრო ლამაზები და ჯანმრთელები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ იღებდნენ (დან. 1,15).



მაკარი ალექსანდრიელმა ასი წელი იცოცხლა; წმინდა სვიმეონ მესვეტე მთელი დიდი მარხვის განმავლობაში არაფერს იხმევდა და ას სამი წლისა აღესრულა; საკვების გარეშე ატარებდა დიდ მარხვას ღირსი ანთიმოზიც. იგი ას ათი წლისა მიიცვალა. სხვა მოღვაწენი კიდევ უფრო ხანდაზმულ ასაკშიც გაჰყრიან წუთისოფელს: პავლე თებაიდელი - ას ცამეტი წლისა, ალიპეოს მესვეტე - ას თვრამეტისა...

ასე რომ, მარხვა ჯანმრთელობას არათუ არ ვნებს, აუმჯობესებს კიდეც.


მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3 (14), 2005 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო