Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

წმიდა გრიგოლ პალამა – სიყვარულისათვის

ელფოსტა ბეჭდვა PDF

იესო ქრისტეს ერთ-ერთი პირველწოდებული მოციქულის იოანე ქალწულ-მახარებლის ხსენებას ვდღესასწაულობთ დღეს და ვადიდებთ ქრისტეს როგორც მოციქულთა მამას, უკეთ რომ ვთქვათ, იმათ პატრიარქს, “რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.”(იოანე, 1.13). ვითარცა იაკობის სხეულიდან იშვა თორმეტი პატრიარქი, მშობელნი ისრაელიანთა თორმეტი შტოსი, ასევე სულიერად შვა ქრისტემ თორმეტი მესაიდუმლე. მან ცოდვით დაცემულ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ციდან პატივი მიაგო დიდ პავლეს და მოციქულად შერაცხა. ამიტომ პატრიარქთაგან ნაშობნი თუ რაოდენობრივად აშკარად არ უთანაბრდებიან მოციქულებს, ამაში არც არაფერია გასაკვირი. რამეთუ სულიერი მადლი განუყოფლად განიყოფება.

ადამიანს, მართალია, გრძნობათა ხუთი ორგანო აქვს, მაგრამ როდესაც საქმე სულს ეხება, იგი წარმოადგენს რაღაც ერთიან, განუყოფელ შეგრძნებათა ერთობლიობას, თუმცაღა სახეობრივად ხუთ ორგანოში ნაწილდება. წყლის თორმეტი ნაკადი, რომელთა ნაპირებზეც დაესახლნენ უდაბნოში მოგზაურობის დროს მწყურვალე ისრაელიანნი მოსეს წინამძღოლობით (გამოსლვ. 15.27), ამ თორმეტ მოციქულს განასახიერებდა წინდაწინ. რამეთუ ეს იყო ბრბო, რომელსაც კერპთაყვანისმცემლობის წყალობით თავსდამტყდარი წყურვილი სულიერმა სარწყავმა მოუკლა, ოდეს უღმრთო კაცობრიობის მოდგმა თვალუწვდენელი უდაბნოების გავლით მოემართებოდა დასაბამიდან. შემდგომ თორმეტი ქვა, ისუ ნავესის მიერ ბანაკში დადებული იორდანეს საკვირველი გადალახვის ნიშნად (ისუ ნავ. 4.8), კვლავ წინასწარ ამ თორმეტს განასახიერებდა. ისინი სამარადისოდ შეგვახსენებენ, რომ ჭეშმარიტმა იესომ გზა გადაუღობა ცოდვის ნაკადს, რომელსაც დაეტბორა სამყარო და მორწმუნეებს მისცა მეუფება, გზა ცხოვრებისა გალიონ უშფოთველად, ვითარცა ისრაელიანებს შეაძლებინა ოდესღაც იორდანე გადაელახათ ისე, თითქოს ხმელეთზე გაევლოთ.


ამგვარად, იესო ქრისტეს, ღვთის მხოლოდშობილი ძის მოციქულობა მოციქულებს აახლოვებს ერთმანეთთან. ის კი, ვის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, მარტოოდენ მოციქული როდია, არამედ მითვალულიცაა და რჩეულიც, ერთობ გამორჩეული მზისქვეშეთში მცხოვრებ რჩეულთაგან და თვით ამ რჩეულთა შორისაც – გვერდიგვერდ მდგომ პეტრესა და იაკობს ვგულისხმობ – გამოკვეთილი ფიგურაა. მაცხოვარი ოდეს თაბორის მთაზე ამაღლდა პეტრესა და იაკობთან ერთად იოანეც თან წაიყვანა. იოანემ ღვთაებრივი მოწიწებით მოისმინა მოსეს და ელიას საუბარი იესო ქრისტესთან, თავად უჭვრეტდა ღმრთის ძის თვალისმომჭრელი ნათლის ციაგს და ბრწყინვალებას და მამის მიმართვა ქრისტესადმი მასაც ჩაესმა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ”(მათ. 17.5). ასე და ამგვარად, ნეტარი იოანე მარტოოდენ ძეს კი არა, მამასაც დაემოწაფა. იოანე მაცხოვრის უპირველეს მოწაფეებს პეტრესა და იაკობს ამით ემსგავსება. მახარებლობით კი დანარჩენ სამ მოციქულ-მახარებელს, რომელთაც ჩაიწერეს წმინდა სახარება, საუკუნო ცხოვრების სიტყვა, თუმცაღა სიღრმითა და ძალისხმევით ღვთისმეტყველებაში მათ ბევრად გარდაამეტა. ენას არ ძალუძს გამოთქვას იოანეს ღვაწლი და უბედნიერესი ხვედრი – ქალწულ-მახარებლად სახელდება.

ამგვარი სახელდება იოანეს არა მარტო მოციქულთაგან გამოარჩევს, არამედ დედამიწის ზურგზე დაბადებულ ყველა ურჩეულეს პიროვნებათაგან და მე ვფიქრობ, ამას საფუძვლად უდევს შემდეგი: იოანემ, ვიდრემდე აღესრულებოდა შეძლო შეენარჩუნებინა სულის, ხორცის, გონების, გრძნობის სიქალწულე. სხეულებრივი სიქალწულე ყველა მოკვდავს ძალუძს დაიცვას უბიწოდ, თუკი მოიწადინებს, მაგრამ უაღმატებულესი სულიერი სიქალწულის შენარჩუნება, ანუ გულისთქმებსა და მისწრაფებებში უზაკველობა და შეურყვნელობა მხოლოდ იოანე ქალწულ-მახარებელს ხვდა წილად. ესე იგი ქალწულ-მახარებლად სახელდება იმის დამადასტურებელია, რომ იოანემ უცოდველის მდგომარეობას მიაღწია და ბუნებით უცოდველი “ქრისტეს საყუარელი” მოწაფე გახდა.

იოანეს გარდა არავის არ ხელეწიფება მოკვდავ ადამიანთაგან იყოს ქალწულიც და მახარებელიც და იმავდროულად “საყუარელიც” ქრისტესი. ამ სახელწოდებაში უფრო დიდი რამაა ჩადებული. კერძოდ, იოანე შეიყვარა ქალწულ მარიამის, ღვთისმშობლის მხოლოდშობილმა ძემ და თუკი უფალი იესო ბუნებით, დაბადებით იყო ქალწულის ძე, იოანე მადლის მეოხებით შეიქმნა ძმა უფლისა, სისხლისმიერი ნათესავი და მსგავსი მისი. თუ იესო ქრისტე არის “ძე საყუარელი”, იოანე შეიქმნა მოწაფე “ძისა საყუარელისა”. პირველი – მამის წიაღში, მეორე – ქრისტეში, ვითარცა მისი გულის მესაიდუმლე. ორივე ქალწულია: ერთი – შობითგან, ხოლო მეორე მადლმოსილებით. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “და ქუხდა უფალი ცით-გამო” (ფს. 17.14) და აი, იოანეც სახელდებულია “ქუხილად” და “ძედ ქუხილისად” (მარკ. 3.17). საღვთო სიტყვის ქუხილისა, რომელმაც მთელი ქვეყნიერება შესძრა. ეს სიტყვა დასაბამითგან არსებობდა მამაში, ძეში განცხადდა და თავად არის უფალი ღმერთი, ჭეშმარიტი ნათელის მატარებელი, რომელიც განაბრწინვებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად და მოძრაობაში მოჰყავს უძრავი არსი. ჭექა-ქუხილს, ბუნებრივია ელვაც თან სდევს. საღვთო ქუხილსაც მოელვარე ქრისტესმიერი ნათელი მოჰყვა. ჩვენ თვალნი მივაპყარით ზეცით გარდამომავალ სიტყვას, რომელმაც ხორცნი შეისხა და განკაცდა, დედამიწაზე მოვიდა. სიტყვა, საქმე, ვნებანი, აღდგომა, ჯვარცმა, შემდგომ ამაღლება და კვლავ საუფლო ტახტზე დაბრძანება. ყოველივე ეს ჩვენთვის აღწერა იოანე ქალწულ-მახარებელმა, რათა ვიწამოთ და ვცხონდეთ. იგი ყოველ ქრისტიანს მიმართავს ეპისტოლეებში და შეაგონებს, რომ მარადიული ცხოვრების გზით ვიდოდნენ, რომელიც დასაბამიდან ეკუთვნოდა მამას და ქრისტეს სახით გამოგვეცხადა ჩვენ. იოანე, ვითარცა უმწვერვალესი მოციქულთაგანი საგანგებოდ სახელდებული “საყუარელად” თავად განგვიმარტავს უმთავრეს სათნოებას – სიყვარულს. იგი ამბობს: ღმერთი სიყვარულია, ვინც სიყვარულს ფლობს, თავად ღმერთს ფლობს და ღმერთის სიყვარულით განიღმრთობა. იგი გვიჩვენებს, რომ სიყვარული მრჩობლია: ღმერთს და მოყვასის სიყვარულს გულისხმობს. სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა განუყოფელია და იმავდროულად შეურყვნელიც. ცდება ის, ვინც ფიქრობს, მთავარია ღმერთი მიყვარდეს ანდა პირიქით, მხოლოდ მოყვასიო. უფლის სიყვარული მისი სიტყვისა და მცნებათა აღსრულებაში მდგომარეობს. თავად უფალი გვმოძღვრავს ამ სიტყვებით: “რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე… ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას…, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას” (იოანე, 14.21; 15.12; 13.35).

ხედავთ, ვითარ განუყოფელია სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. ამიტომ ”საყუარელი” მოწაფეც ამბობს: ” უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?” (I იოანე, 4.20). მაგრამ: “რომელმან თქუეს მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მისი სლვაჲ.” (I იოანე, 2.6). უფალი კი ვითარ ვიდოდა? პირველ ყოვლისა მორჩილებდა ზეციურ მამას, მის ნება-სურვილს სიკვდილამდე, ჯვარცმამდეც კი აღასრულებდა, სათნოებებს სჩადიოდა, სნეულთ კურნავდა, მოწაფეებს მოძღვრავდა, მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას, ავაზაკთაგან შენერწყვას, დასმენას, დაცინვას, დამცირებასა და შოლტებს და ბოლოს, ჯვარზე შემსჭვალვას. სულიც კი არ დაუშურებია ჩვენთვის, რითაც უდიდესი სიყვარული გვიჩვენა. მოდით, ქრისტეს “საყუარელი” მოციქულ-მახარებლის საქმიანობაც გავიხსენოთ. იგი ხომ მოძღვრის სწავლებას ზედმიწევნით აღასრულებდა, სასწაულები, ვნებები, სიტყვანი, საქმენი ამის ნათელი დადასტურებაა. ყველას დახმარების ხელს უწვდიდა, სიბნელიდან სინათლეში გაჰყავდა, უღირსს ღირს-ქმნიდა, ითმენდა ტანჯვა-წამებას ქრისტეს რწმენისათვის და ჩვენს სასარგებლოდ, ანუ ღვთისა და მოყვასისათვის. მრავალგზის გაშოლტეს იოანე, ქვებით ჩაქოლეს, მაგრამ ჭეშმარიტად შეუპოვარი ღვთისმოსავი ტირანებსა და თავადებს არ შეეპუა. ტირანთა შორის უსასტიკესმა დომიციანემ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლა. ქალწულ-მახარებელი სასოწარკვეთილებას როდი მიეცა, პირიქით, გაიხარა, რამეთუ კეთილი მწყემსისა და მოძღვრის მცნებათა ქადაგების საშუალება მიეცა.

ძმანო, დაე, სანიმუშო იყოს ჩვენთვის მორჩილება ქრისტესი და მისი “საყუარელი” მოწაფის, იოანეს თავისი სულიერი მამისადმი. უფალი ამბობს: “შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს” (იგავ. 13.1), ვინც თავის ხორციელ და სულიერ მამას არ ემორჩილება, არ ემორჩილება თავად უზეშთაეს მამას, “რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან” (ეფეს. 3.15). რამეთუ სულიერი მამის სიყვარული, სვლა მისი გზით და მორჩილება ღმრთის სიყვარულს, მისი გზით სვლასა და მორჩილებას გულისხმობს, და ოდეს მორჩილ არ ვექმნებით სულიერ მამას, თავად უფალს განვუდგებით და შეურაცხვყოფთ. თავად იესო ქრისტე ბრძანებს: “რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.” (ლუკა, 10.16). “დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა.” (ებრ. 13.17). – ღაღადებს დიდი მქადაგებელი პავლეც და დაე, ვესწრაფოდეთ ჭეშმარიტებას, აღვასრულოთ კეთილი საქმენი და თუ თანდაყოლილი უძლურება მოგვეძალება, მაშინ მრავალმოწყალე უფალი შეამჩნევს რა, რომ ჩვენ ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ ქველმოქმედების აღსრულებისას და არც ვქედმაღლობთ იმით, რასაც სჩავდივართ, მადლმოსილებით დაგვამწყალობლებს და შეუძლებელს შეგვაძლებინებს.

რამდენადაც ძალგიძს შეეწიე მოყვასს. არ შეგიძლია სასწაულმოქმედი სიტყვებით განკურნო ადამიანთა უძლურება, კეთილი სიტყვით ხომ შეგიძლია ანუგეშო და გაამხნევო. თუკი მოყვასს დაემხარები, ჰოი საკვირველებავ, თავად ქრისტე დაგიდგება მსახურად, სახარებაშიც ხომ სწერია: “რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ” (ლუკა, 12.37). ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხექმნები, თავად დაეპატრონები საუფლო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს და მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად უკვდავებას იგემებ და მეფურ შესამოსელით შეიმოსები. არ გაქვს იმისი ნიჭი, რომ სხვა დამოძღვრო, კეთილი საქმეებისკენ უბიძგო, არც მხილების ძალა შეგწევს? არც ბოროტებათა თავიდან აცილებისა? მაშ, საკუთრივ შენი მოღვაწეობით მაგალითი უჩვენე მოყვასს, რათა ამ სახით ამხილო ბოროტება და ათქმევინო ადამიანებს: “მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი” (სიბრძნე სოლომ. 2.15). შესაძლოა ადამიანებს შეშურდეთ შენი, ავყია ჭორების ქსელში გაგაბან, ათასგვარი ოინიც მოგიწყონ, არ შედრკე, განზე გადექი, და ყველასათვის მხოლოდ კეთილისმყოფელმა კვლავ შენი საკეთებელი აკეთე. შენ ხომ ქრისტეს და იოანეს, ქრისტეს “საყუარელ” მოწაფეს უჭვრეტ. მაგალითად გქონდეს მათი საქციელი, შეუსვენებლად და უკანომოუხედავად მისდიე საღვთო გზას, რამეთუ უფალი იტყვის: “უკეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნეს” (იოანე, 16.20). თუკი ამგვარად მოიქცევი და მოთმინებით აიტან ყოველგვარ სატანჯველს, მაშინ ცხადზე-უცხადესი შეიქმნება, რომ შენში საღვთო სიყვარულია ღრმად ფესვგადგმული.

გულით გწადია გაიგო თუ რა ნიშნებისდამიხედვით უნდა იმსჯელო შენში საღვთო სიყვარულის არსებობაზე? ამასაც უფალი დაგანახებს თუკი წარბშეუხრელად მისდევ მის მცნებებს. ეცადე გონებით შეერწყა უფალს, დაივიწყო და განუდგე ყოველივე ამსოფლიურს, უზრუნველად და უჭირველად განისვენო უფალში. მარად გახსოვდეს იგი და ლოცვა აღავლინე ღვთისადმი. მაშინ გარკვეულწილად ღვთის სიყვარულსაც იგემებ და შესაბამისად განიღმრთობი კიდეც. როდესაც ავედრებ შენს თავს, ადამიანებს, ნაცნობსა თუ უცნობს, მტერსა თუ მოყვარეს, მშვიდსა თუ მრისხანეს, ერთნაირი გულისტკივილით და მონდომებით, მაშინ გჯეროდეს, რომ სულით და გულით შეგიყვარებია მოყვასი შენი. გულის ამგვარ შემუსვრილებას ვერ შეძლებ, თუკი პირად ნება-სურვილს არ უარყოფ და მოყვასის ნებას არ დაჰყვები. ვეღარც მტრის თავდასხმას მოიგერიებ, ვერც დიდსულოვნად და სულგრძელად შეიწყნარებ მაჭირვეებელთა და მაძაგებელთა, ვერ ილოცებ მათთვის. დაჰყევ ამის მთქმელის ნებას: “რომელი ჯერ-არს, მიეცით მოწყალება; და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს” (ლუკ. 11.41). შენ კი ძუნწობ, საკუთარი თავისთვისაც კი არ გემეტება შენი მონაგები და არც გასაჭირში მყოფ მოყვასს შეეწევი და იბრალებ. რამეთუ, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს და ღვთის მეგობარია, მთელი სარჩო-საბადებელი მან ღარიბ-ღატაკთ დაურიგა, ხოლო ვისაც სურს დაამტკიცოს, რომ ქონებასაც ფლობს და ღვთის სიყვარულსაც, იგი ხიბლშია ჩავარდნილი: ხან სიმდიდრისკენ მიიქცევა, ხანაც ღვთის სიყვარულისკენ. ღმერთი სიყვარულია და უფალი ამბობს: “ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონასა” (მათ. 6.24). მამონას ვემონებით, როდესაც არსებობისათვის არასაჭირო ზედმეტი ნივთების, ოქროსა და ვერცხლის ტყვეობაში ვიმყოფებით. რამეთუ ქონების დაცვის სადარაჯოზე მყოფს ლოცვა არ ძალუძს, როგორც ამბობს უფალი: “სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი”. ასეთი ადამიანები ლოცვას ვერ შეძლებენ. მათზე უფალი კვლავ ბრძანებს: “ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან;” (მათე, 15.8). ძე ღვთისას “საყუარელი” მოწაფე კი ღაღადებს: “უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?” (I იოანე, 3.17). შეუძლებელია სიყვარული ამა სოფლისა და სიყვარული ღვთისა გულში ერთდროულად ჰქონდეს ადამიანს. ამა სოფლის სიყვარული ღვთის სიყვარულს აქარწყლებს. ამაზე ამბობს უფალი: “ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის” (I იოანე 2.15). სხვა რა უნდა იგულისხმებოდეს სიტყვაში: “არს სოფლისა” თუ არა გამალებული ფაცი-ფუცი ქონების მოსახვეჭად, ხორციელი გულისთქმები, სიამაყე და მიწიერი მისწრაფებები, რაც არ არის სულის მარგებელი. ყოველივე ეს არ არის უფლისგან, პირიქით, განგვაშორებს უფალს, აშთობს სულსა და ასამარებს ოქროსა და ვერცხლის სამარხში. უბრალო საფლავში, რომელშიც ჩვეულებრივ მოკვდავთ კრძალავენ, არავითარ ზედმეტ ნივთს არ ატანენ და შესაბამისად, გვამიც ჩქარა იხრწნება. მდიდრულ სამარხში კი ხრწნად სხეულებს მიწის გარდა ოქრო-ვერცხლის ქვიშაც ჰფარავთ, ცამდე და ზეციურ ანგელოზებამდე აღწევს შმორისა და სიმყრალის სუნი და მიცვალებულებს ვერ სწვდება საღვთო მადლი და წყალობა.

მაშასადამე, მაცხოვარმა თავისი “საყუარელი” მოწაფე ქალწულ-მახარებელი იოანე მოგვივლინა ჭეშმარიტების მქადაგებლად, მომაკვდინებელ ცოდვათაგან განმსპეტაკებლად, რომელიც ჩვენში აღვიძებს სწრაფვას კეთილი საქმეებისკენ, საუკუნო ცხოვნებას გვანიჭებს და გვირგვინია ღვთისა და მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ კი ვითარ შევიყვარებთ ქალწულ-მახარებელს, რაგვარ პატივს მივაგებთ მას? მან ხომ ჭეშმარიტება გვიქადაგა. ჩვენი სიყვარულისა და თაყვანისცემის დასტური ჩვენივე საქციელია. ნუ მოვიქცევით, ძმანო, მისი ქადაგებების საწინააღმდეგოდ. და, სიყვარული და ღრმა რწმენა იგრძნობოდეს ჩვენს საქციელსა თუ სიტყვაში, ვუერთგულოთ მოციქულს საქმეშიც, ვითარცა ამბობს: “შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.” (I იოანე, 3.18). ამგვარად, ოდეს ვდიდებისმეტყველებთ და გვიყვარს უფალი, საქმეებშიც განვაცხადოთ გულწრფელი სიყვარული, მაშინ დაგვიმკვიდრდება აღთქმული ქვეყანა, საუკუნო ცხოვრება და სასუფეველი ცათა მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის დიდება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თანადაუსაბამოდ მამით თვისით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


ძველი ბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა

“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. IV. თბილისი, 1992 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო