Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

წმიდა გრიგოლ პალამა – ყოვლადწმინდა მარიამის, ქალწულისა და დედა-ღმრთისმშობლის შობისათვის

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14).

რასაკვირველია, ძნელია ზუსტად მივანიშნოთ სულის მაცხოვნებელი დრო და ჟამი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაცხოვრის შობიდან თითქმის ყოველი ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის სულის გადასარჩენად. როგორც კი ირიჟრაჟებს და მზე თავის ცხოველსმყოფელ სხივებს მოჰფენს არემარეს, ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას იწყებენ. დავით მეფე წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: “აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე” (ფს. 103. 22-23). ასევე, ოდეს აღმობრწყინდება მზე სიმართლისა, ყოველი წუთი სულიერი ცხოვრების დასაწყისია.

მეფე-დავით წინასწარმეტყველი უფალს ესავს და ღაღადებს: “ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე” (ფს. 117. 22-24).

გრძნობადი მზე ჩამავალია, ღამის წყვდიადი ისადგურებს ამ მზის ჩასვლისთანავე. ადამიანი ხომ დილიდან საღამომდე ფუსფუსებს. მზე სიმართლისა კი, წმინდა პავლე მოციქულის თქმით, აბრწყინვებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად და “ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ” (იაკ. 1.17).

ცნობილია, რომ ამქვეყნად ყოველგვარ საქმიანობას შესაფერისი დრო და ჟამი აქვს. არის ჟამი თესვისა და არის ჟამი მკისა, არის ჟამი დასვენებისა და არის ჟამი მოსავლის აღებისა. ასევე, ქველმოქმედებისა და სათნოებისათვის, სულის საცხოვნებლად ადამიანებს ღვთისაგან აქვთ ბოძებული შესაფერისი დრო-ჟამი.


ამჟამად შემოდგომაა, პირველი თვე, სექტემბერი, რომელსაც ახალი წლის დასაწყისად მივიჩნევთ. შემთხვევითი როდია, რომ ბარაქიანი შემოდგომის დასაწყისში ვდღესასწაულობთ ჩვენი სულების ცხონებისა და მარადიული გადარჩენის დასაბამსა და დასაწყისს – ყოვლადწმინდა ქალწულის და უფალ იესო ქრისტეს დედის, მარიამ ღმრთისმშობლის, დაბადებას, რომლისგანაც უთესლოდ განხორციელდა ძე ღმრთისა, ცოდვით დაცემულ ადამიანთა მოდგმის გადამრჩენელი.

დღეს, სწორედ ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, რომელსაც ეგზომ დიდი სიხარულითა და უსაზღვრო ზეიმურობით აღვნიშნავთ, ჩვენს თვალსაწიერზე ახალი სამყარო, საუცხოო სამოთხე გადაიშალა. ამ სამოთხეში ახალი ადამი ძველი და ახალი დროების გამაერთიანებელი იშვა, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, სიცოცხლისა და თავისუფლების მიმნიჭებელი კაცობრიობისათვის.

დღეს, დედამიწაზე, ჩვენს თვალწინ გადაიშალა ხელთუქმნელი, სულისშემძვრელი წიგნი, ცხოველი სიტყვა, ზეცით გარდამომავალი, მამაღმერთისაგან და ზეციური სასუფევლისაგან. როგორც წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: “პური ჭეშმარიტი ზეცით… პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა” (იოანე, 6. 32-33). დავით მეფე-წინასწარმეტყველი კი აი, რას ღაღადებს ფსალმუნში: “ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა” (ფს. 84.12). “უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი. სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვა თჳსი” (ფს. 84. 13-14). ეს ის სიმართლეა, რომელიც ბოროტს თრგუნავს და ასამარებს, საღვთო ჭეშმარიტებით განაქარვებს სიცრუესა და ზაკვას. დღეს განგვიცხადდა ესაია წინასწარმეტყველის წინასწართქმული: “და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი”, რომლისგანაც “აღმოყვავილდა” ყვავილი სამოთხეში დანერგული, მორჩი კეთილი. ეს ის ძირია, რომელმაც სამარადისო სიცოცხლეს დაუდო დასაბამი, დაამშვენა ცათა სასუფეველი.

მაგრამ როგორია ეს ახალი სამყარო, საოცარი, განსაკუთრებული სამოთხე, ხელთუქმნელი წიგნი, ჭეშმარიტება, ამქვეყნად მოვლენილი და განცხადებული, ხოტბაშესხმული ძირი იესესი? ეს არის შობა ყოვლადწმინდა ქალწულისა მარიამისა, მოხუცი და ბერწი მშობლების – იოაკიმ და ანნას სიბერეში შეძენილი სიხარულის ნაყოფი, რომლის შობასაც დღეს ასეთი სიხარულით ვდღესასწაულობთ.

ღვთისმშობლის დედ-მამა, იოაკიმ და ანნა, ღრმა მოხუცებულობამდე ღმრთისმოშიშნი და ღვთისმოსავნი, უშვილობის გამო ისრაელიანთა მოდგმასა და მთელ სანათესაოში მაინც გაკილვასა და გაკიცხვას იმსახურებდნენ. რამეთუ ისრაელიანთა მოდგმისთვის იმქვეყნიური მარადიულობისა და უკვდავების რწმენა ნაკლებად მისაღები იყო და მხოლოდ ხორციელ მემკვიდრეში ხედავდნენ გვარის ჭეშმარიტ გამგრძელებელსა და მომავალი ცხოვრების მიზანს.

ისრაელიანთა მოდგმა დიდად გაახარა ყოვლადწმინდა ქალწულის შობამ. რამეთუ ისინი, დიდად დამწუხრებულნი იოაკიმ და ანნას უშვილობით, ბიბლიურ აბრაამს და სარრას იხსენებდნენ და უფალს გამუდმებული ლოცვით შესთხოვდნენ შველასა და დახმარებას. ხსნა მაინც არსაიდან ჩანდა. მაშინ ჭარმაგმა იოაკიმმა მეუღლესთან ერთად უდაბნოს მიაშურა და ორივე ლოცვითა და მარხვით შესთხოვდნენ უფალს მათთვის მოწყალების კარი გაეღო. ვიდრე უფალმა მათი ლოცვა-ვედრება არ შეისმინა, მათ არც უდაბნო მიუტოვებიათ და არც ლოცვა და მარხვა. გულდამძიმებული, უშვილო ანნაც ცრმლებით შესთხოვდა უფალს: “შეისმინე ჩემი უფალო, მეოხმექმენ და მაკურთხე, ვითარცა ჩემი წინაპარი – სარრა”. უფალმა მოწყალების თვალით გადმოხედა საბრალო მოხუცებს, ცოლ-ქმარს დახმარების ხელი გაუწოდა და სასწაულმოქმედი ძალა აჩვენა მათზე, ოდესმე არსებულ საკვირველებათაგან ყველაზე დიდი საკვირველებით დაამწყალობლა – ასულით, რომელიც შემდგომ უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მშობელი შეიქმნა. სწორედ მარიამის წიაღში უთესლოდ ჩაისახა და იშვა დასაბამი ყოვლისა დასაბამისა, სულიწმინდით ხორცშესხმული და განსხეულებული ძე ღმრთისა და მამისა, კაცობრიობის მხსნელი და გადამრჩენელი.

რატომ გახდა მარიამი ბერწი მშობლების უკანასკნელი ნუგეში და იმედი, საგვარეულო წყევის დამარღვეველი და განმქარვებელი? ანდა, რად დაიტია ყოვლადწმინდა ქალწულის უბიწო საშომ წმინდათაწმინდა და დაუტევნელი? ხომ შეიძლებოდა ქალწულ მარიამამდე და მის შემდეგაც გამოჩენილიყო კიდევ სხვა დედაღვთისა, ასევე უქორწინებლად მშობელი უფლისა და მაცხოვრისა?

ამ შემთხვევაშიც ერთადერთია დედა-ღმრთისმშობელი, ვინც ყოვლადუბიწო საშოში სულიწმინდით ჩასახული ნაყოფი ატარა. მრავლისმეტყველია ისიც, რომ მარიამ ღმრთისმშობელი იყო დედა უფლისა და იმავდროულად ქალწულიც. დავითის შთამომავალი ასული ადამიანთა თაობებს მხსნელად მოევლინა. მართალია, ჟამი ძე ღვთისას მოვლინებისა მოახლოებული იყო, მაგრამ დავითის მოდგმიდან ამგვარი პატივი მხოლოდ მარიამს ხვდა წილად.

ამ საკვირველმოქმედების საფუძველი ქველმოქმედი, სათნო მოხუცებულების – იოაკიმ და ანნას უმხურვალესი ლოცვა-ვედრება და მარხვა იყო. ყოველივე უკვალოდ არ შთენილა, ნაყოფი გამოიღო, ქალწული იშვა და ამ ქალწულის უმანკო წიაღში ძე ღმრთისა განხორციელდა. აი, რა სასწაულმოქმედი ძალა და შეწევნა აქვს გულმხურვალე ლოცვას, მარხვას, უფლის წინაშე გულისშემუსრვილებას. საოცარია, რაოდენ გულგანწმენდილნი და უმანკონი უნდა ყოფილიყვნენ ბერწი მშობლები, რომ უფალს ყურად ეღო მათი ვედრება.

ძმანო და დანო! ტაძრად მოსულო მრევლო, გევედრებით ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს შესწიროთ ძღვენი მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ეს საჩუქარი თქვენი გულისშემუსრვილება, გულმხურვალე ლოცვა და მარხვა იქნება. ქმრებო და ცოლებო, მოხუცებულნო და ყრმანო, მდიდარნო და ღარიბ-ღატაკნო, აზნაურნო და უაზნონო, ყველას, ასაკისდა მიუხედავად, გირჩევთ ნუ გაბერწდებით, ნუ დარჩებით ამ მაცხოვრებელი თესლის, უფლის სიტყვის გარეშე. დაე, თითოეული თქვენგანი ეზიაროს ზეციურ საზრდოს, სულისა და ხორცის განმაძლიერებელს. დაე, უფლის რწმენა და სიყვარული განგვიცხადდეს, რამეთუ უფალი ამბობს: “არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ” (მათ. 7.21). “ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ” და “არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა” (ლუკა, 9. 60,62).

ქალწულნო და მონაზონნო! სინანულითა და მორჩილებით შეუდექით უფალ იესოს, მოემზადეთ ქრისტეში ცხოვრებისათვის, საუკუნო ცხოვნებისათვის. ქალწულმა, რომელმაც თავის უბიწო წიაღში შვა უქორწინებლად ძე ღმრთისა, სულიწმინდით განკაცებული და მამისაგან თაყვანისცემული, მას მიენდეთ რწმენითა და იმედით აღიჭურვეთ, ემსახურეთ უანგაროდ და საქმეებით განადიდეთ. გულისშემუსრვილებითა და გულმხურვალე ლოცვის აღვლენით მარადჟამს შეინარჩუნეთ სულიერი და ქალწულებრივი ცხოვრების წესი. რამეთუ, როგორც ფსალმუნში სწერია, ღმრთისმშობლის კვალდაკვალ მავალნი ზეციური მეუფის ხელთუქმნელ ტაძარში, უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების სამკვიდრებელში დაივანებენ.

და თქვენც, რომლებიც ქორწინებისათვის განმზადებულხართ, ნუ ჩაგითრევთ ამა სოფლის მღვრიე მორევი, რამეთუ თქვენთვის ღმრთისმშობელი – თავად მაგალითი ცოლ-ქმრობისა, სწორედ დღეს იშვა. სანიმუშოდ გქონდეთ მართალ ანნას და იოაკიმის უმწიკვლო ცხოვრებაც, ერთგულება ღვთისა და კაცის წინაშე. თუკი მავანი ხიბლში ჩავარდნილა სოლომონის სიბრძნე გაიხსენოს: “ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო” (სიბრძნე სოლ. 4.9). ეკრძალენით თავქარიან, ქარაფშუტა, გაუტანელ, წარმავალსა და ფუჭ ცხოვრებას. მარადჟამს გახსოვდეთ ლუკა მახარებლის სიტყვები: “ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან” (ლუკა, 12.15).

ვინც ხელმოკლედ ცხოვრობთ და ძლიერ განიცდით სიდუხჭირეს, მოთმინება შეინარჩუნეთ, უფალს მიენდეთ, გქონდეთ მისი გულმოწყალების იმედი, რამეთუ მათე მახარებელი სახარებაში გვეუბნება: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ” (მათე, 5.3). მთავარნო, “მართალი სამართალი საჯეთ” (ზაქ. 7.9) და თქვენს ხელქვეითებზე ნუ აღმართავთ ხელს. სამართლიანად ასწონ-დასწონეთ და ისე განსაჯეთ ყოველი საქმე. გახსოვდეთ, რომ ქრისტესმიერი ძმები ხართ. ნურც ეკლესიისა და საეკლესიო მამათა სწავლების წინააღმდეგ აღსდგებით, რამეთუ კეთილგონიერი და ბრძენი ადამიანების გამოცდილებას ეფუძნება. თქვენც, უაზნონო, ერთგულად ემსახურეთ აზნაურთ, რათა მარადიული სასუფევლის კარნი განგეხვნეთ.

ყველას გირჩევთ და მოგიწოდებთ, რომ დედა-ღმთისმშობელს, ქალწულ მარიამს გულისშემუსრვილება და სხეულის უმანკოება უჩვენოთ მარხვისა და ლოცვის დაცვით. მარად გახსოვდეთ, რომ მარხვითა და ლოცვით განწმენდილი, ბერწი იოაკიმ და ანნას სხეულში ყოვლადწმინდა დედაღვთისა ჩაისახა. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: “ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა. და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს” (საქმე, 9. 15-16). ხოლო უფლის მიმართ მეფე-დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნებში ასე ღაღადებს: “საკვირველ არს სახელი შენი” (ფს. 8.1), და თუკი ჩვენ ხშირად დავდივართ ტაძარში, გულმხურვალედ ვლოცულობთ, უფალი განგვიცხადდება კიდეც: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ. 5.8). ასევე, გულისშემუსრვილებას ითხოვს ესაია წინასწარმეტყველიც: “შიშისა შენისათჳს, უფალო! შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი ქუეყანასა ზედა” (ეს. 26. 17-18). გჯეროდეთ, რომ სწორედ ასეთი სულები არ დაეცემიან და წარწყმდებიან.

მაგრამ ესაია წინასწარმეტყველი იქვე დასძენს: “არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკვიდრებულნი ქუეყანასა ზედა”, ე.ი. ამქვეყნიურ განცხრომასა და ვნებათაღელვაში დანთქმულნი მოისრვიან და განადგურდებიანო.

მაშასადამე, თუკი გვსურს, ძმანო, არა დავეცნეთ, არამედ ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ, საღვთო სიმაღლეებს შევსწვდეთ, განვუდგეთ და განვეშოროთ ადამიანთა მოდგმის უბოროტეს მტერს – სატანას, ამა სოფლისა და თავადს, ლოცვითა და მარხვით განვიწმინდოთ ხორცნი და სულნი, რათა წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ ვსცხონდეთ: “ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა”. ყოველივე ეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მოხუცებული დედ-მამის დამსახურებაა. იოაკიმს და ანნას წმინდა ცხოვრებით ცხოვრებამ, ლოცვამ და მარხვამ მწუხარება სიხარულით შეუცვალა, წინაპართა კრულვას განარიდა და ამქვეყნად იესო ქრისტეს დამბადებელი – მარიამ ღმრთისმშობელი მოგვივლინა, რომელსა შვენის პატივი და დიდება და თაყვანსიცემა თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ძველი ბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა

წმ. გრიგოლ პალამა - შვიდი ქადაგება, თბილისი, 2001 წ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო