Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - ლუკას სახარების განმარტება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

1-11 თავები
თავი პირველი
[ თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ ჭეშმარიტია, სრულიად მართალია და სავსებით დასაბუთებადი, და როგორაა, გვითხარი ლუკა, ეს დასაბუთებადი? „ვითარცა იგი მომცეს ჩვენ, რომელნი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნენ სიტყვისა მის“. აქედან ჩანს, რომ ლუკა თავიდანვე კი არ იყო მოწაფე, არამედ შემდგომში გახდა. ვინაიდან სხვები იყვნენ მოწაფენი „სიტყვისა მის დასაბამიდანვე“, მაგალითად პეტრე და ზებედეს ძენი (მათე 4; 18-22). სწორედ მათ გადასცეს ლუკას ის, რაც მას არც უნახავს, არც მოუსმენია. „რაჲთა სცნა, რომელთათვის - იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“. ეს მესმის მე ორგვარად, ჯერ - ერთი ასე: ადრე მე თეოფილე წერილის გარეშე გმოძღვრიდი, ახლა კი, გადმოგცემ რა დაწერილ სახარებას, განვამტკიცებ შენს გონებას, რათა არ დაივიწყო ის, რაც წერილის გარეშე გადმოგეცი; მეორეც ასე: ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვაქვს ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე დაუწერლად გვეუბნება რაიმეს, ვიეჭვოთ, რადგან შეიძლება ის ტყუილსაც გვეუბნებოდეს, მაგრამ როცა წერს, გვწამს იგი არ დაწერდა მტკიცედ რომ არ იყოს დარწმუნებული თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მახარებელიც ასე ამბობს: იმიტომ დაგიწერე სახარება, რომ მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რაც წერილის გარეშე გასწავლე, გექნება რა ახლა ჩემს მიმართ მეტი ნდობა, მაშინ, როდესაც მე იმდენად ვარ დარწმუნებული წერილის გარეშე გადმოცემულის ჭეშმარიტებაში, რომ იგი წერილითაც გადმოვეცი. არ უთქვამს „რათა იცოდე“, არამედ „რათა სცნა“, ანუ ორჯერ მეტი ცოდნა მიიღო და ამასთან მტკიცედ დარწმუნდე, რომ არ ვტყუი.

 

 

[ თ. 1, მ. 5]

5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

ჰეროდეს მეფობა ახსენა, ერთი მხრივ, სურვილის გამო, რომ წინასწარმეტყველთა მსგავსად მოეთრხო, ვინაიდან ისინი ასე იწყებენ: დღეთა აქაზისთა, აზეკიასთა და ამისა და ამის, მოხდა ესა და ეს (ესაია, 1, 18 ოსე 1, 1; ამოს, 1, 1), ხოლო, მეორე მხრივ, რამდენადაც ქრისტეზე საუბარს აპირებს, ახსენა ჰეროდეც, რათა ეჩვენებინა, რომ ჰეროდეს დროს ქრისტე ჭეშმარიტად მოვიდა. რამდენადაც ეს ჰეროდე იყო მაშინ, როდესაც იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით (დაბ. 49, 10), მოაკლდნენ მთავარნი იუდას ტომისგან, აქედან მტკიცდება კიდეც, რომ ქრისტე მოვიდა. აღწევს ზოგიერთ სხვა მიზანსაც: საუბრობს რა დროზე, უჩვენებს სახარების ჭეშმარიტებას, რამდენადაც მსურველებს აძლევს შესაძლებლობას ახარონ და თავად დროის მიხედვით უჩვენონ სახარების ჭეშმარიტება. ზაქარიათი და იოანეს შობით დაწყება, მართებულია. რამდენადაც იგი აპირებს ისაუბროს ქრისტეს შობაზე, ხოლო იოანე - ქრისტეს წინამორბედია, ამიტომ ქრისტეს შობაზე უწინ მართებულად საუბრობს იოანეს შობაზე, რომელიც თავადაც არაა სასწაულს მოკლებული. რამდენადაც ქალწულს უნდა ეშვა, მადლის წყალობით ისე მოეწყო, რომ მოხუც ქალს გაეჩინა ბუნების წესების საწანააღმდეგოდ, თუმცა ქმართან. რას ნიშანავს სიტყვები „მსახურებას მის აბიაჲსა“. ზოგიერთს ისე ესმის, რომ იყვნენ მღვდლები, რომლებიც მორიგეობით ასრულებდნენ ღმრთისმსახურებას, ერთი სახელად აბია, ხოლო მეორე ზაქარია და რამდენადაც აბიამ აღასრულა მსახურება, მის შემდეგ რიგით ზაქარიას უწევდა ღმრთისმსახურების აღსრულება. მაგრამ საქმე, როგორც ჩანს, ასე არაა. რამდენადაც სოლომონმა, დაამთავრა რა ტაძარი, დააწესა ყოველდღიური მსახურება, ანუ შვიდეულები. ერთ შვიდეულში, მაგალითად, დაადგინა კორეხის ძენი, მეორეში - ასაფისა, შემდეგში - აბიასი, კიდევ სხვაში - სხვისა ( 2 ნეშტთა, 8, 14; 1 ნეშტთა, 24). ამიტომ, როდესაც ამბობს, რომ ზაქარია იყო „მსახურებას მის აბიაჲსა“, წარმოაჩენს, რომ ის იყო აბიას დასიდან და შვიდეულიდან. ხოლო სურს რა გვიჩვენოს, რომ იოანე ერთი მხრიდანაც და მეორედანაც (მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც) კანონიერად წარმოსდგებოდა მღვდელთმსახურთაგან, ამბობს: „და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისათა“, რამეთუ არ იყო ნებადართული უცხო შტოდან მოყვანა ცოლისა, არამედ იმავე შტოდან უნდა მოეყვანათ (რიცხვ. 36, 8-9). ელისაბედი, განმარტების მიხედვით არის „სიმშვიდე ღმრთისა“, ხოლო ზაქარია - „ხსოვნა უფლისა“.

 [ თ. 1, მ. 6]

6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი. 

ხშირად ზოგიერთნი არიან მართალნი, მაგრამ არა ღვთის წინაშე, არამედ ადამიანთა დასანახად. ზაქარია და ელისაბედი კი მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე. მცნებათა შინაარსი, მაგალითად, ასეთია: „არა იმრუშო“, „არა იპარო“ (გამოსვლ. 20, 14-15). შინაარსი კანონებისა კი (რაც ძველ, საეკლესიო რუსულით ნიშნავს - განმართლებას), მაგალითად, ასეთი: „რომელმან ბოროტი თქუას მამისათვის, გინა დედისათვის, სიკუდილით მოკუედინ (გამოსვლ. 21, 17), რადგან ამას ნიშნავს მართლად ყოფნა. მაგრამ იცოდე, რომ შესაძლოა მცნებასაც ეწოდოს განმართლება, რამდენადაც იგი ადამიანს მართლად აქცევს და უფრო მეტად კი არის განმართლება ღმრთისა, რამდენადაც „მას დღესა შინა“ ღმერთი განგვსჯის ჩვენ, ექნება რა მცნებები, როგორც წერილობითი თავის მართლება. „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდათ“. (იოანე, 15, 22). და კიდევ: „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანაჲსკნელსა დღესა“ (იოანე, 12, 48). რატომაა სიტყვებისთვის „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სამართლისა“ დამატებული „უბიწონი?“ უსმინე. ხშირად ზოგიერთნი საღმრთო სჯულის მიხედვით იქცევიან, მაგრამ ამას ყველაფერს ადამიანთა საჩვენებლად სჩადიან (მათ. 23, 5). ასეთები არ არიან უბიწონი. ზაქარია კი მცნებებსაც იცავდა და იცავდა უბიწოდ და არა იმისთვის, რომ მათი შესრულების წყალობით ადამიანთათვის მოეწონებინა თავი.

[ თ. 1, მ. 7]

7. და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.

მართალთა ცოლები და თავად მართლები, ხშირად უშვილონი იყვნენ, რათა შენ შეიცნო, რომ სჯული ითხოვს მრავალშვილიანობას არა ხორციელს, არამედ სულიერს. „და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა“ სულირედაც და ხორციელადაც, რამდენადაც სულით ისინი დაბერდნენ, ანუ დიდ წარმატებას მიაღწიეს, გულისხმობს რა აღსვლას „გულსა თვისსა“ (ფსალ. 83, 6) და ჰგავდა მათი ცხოვრება დღეს და არა ღამეს, ვინაიდან იქცეოდნენ კეთილკრძალულად, როგორც ნათელში მყოფნი. (რომ, 13, 12-13).

[ თ. 1, მ. 8-10]

8. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა, 9. მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა. 10. და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.

ღმრთის წინაშე მსახურებას მხოლოდ წმინდანნი აღასრულებენ, ხოლო უწმინდურთაგან ღმერთი გარემიიქცევს პირს. როდის ხვდა მას საკმევლის კმევის წილი? უეჭველია, რომ განწმენდის დღეს, როდესაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წმიდათა წმიდაში, რათა ვისწავლოთ, რომ როგორც ამ მღვდელმთავარმა, შევიდა რა წმიდათა წმიდაში, მიიღო ნაყოფი, ასევე უფალმა იესომ, ერთადერთმა და დიადმა ჭეშმარიტმა მრვდელმთავარმა, შევიდა რა წმიდათა წმიდაში, ანუ ხორციელად აღვიდა რა ზეცაში, მიიღო ნაყოფი თავისი მოვლინებისა ხორცით - ანუ ჩვენი შვილება ღმრთის მიერ და ცხონება.

[ თ. 1, მ. 11]

 11. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა.

ანგელოზი ევლინება არა ყველას, არამედ მხოლოდ მათ, ვინც წმიდაა გულით, როგორც იყო ზაქარია. სამსხვერპლო (საეკლესიო ენით - საკურთხეველი) სასაკმევლედ იმიტომ იწოდება, რომ იყო სხვა საკურთხეველიც - ყოვლადდასაწველი.

[ თ. 1, მ. 12-14]

12. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა. 13. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. 14. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.

ზაქარია შეძრწუნდა, რადგან უჩვეულო ხილვა აძრწუნებს წმინდანთაც. მაგრამ ანგელოზი აჩერებს მის შეძრწუნებას, ვინაიდან ყველგან სწორედ ამით სცნობენ საღმრთო გამოცხადებასა და ეშმაკისეულს: თუ გულისთქმა თავიდან შეძრწუნდება, მაგრამ შემდეგ, შიშის გაფანტვასთან ერთად, მალე მთლიანად დამშვიდდება, ჩვენება ჭეშმარიტად ღმერთისგანაა; ხოლო თუკი შიში და შეშფოთება უფრო იზრდება, მაშინ ჩვენება ეშმაკისგანაა. რატომ თქვა ანგელოზმა: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვას შენ ძე“. მაშინ, როცა ზაქარია ლოცულობდა არა ძისთვის, არამედ ერის ცოდვებისათვის? ერთნი ამბობენ: რამდენადაც ზაქარია ლოცულობდა ერის ცოდვებისათვის, ხოლო უნდა ეშვა ძე, რომელიც იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმაც აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (იოანე, 1, 29), ამდენად ანგელოზი მართებულად ეუბნება მას, შესმენილია შენი ვედრება ერის ცოდვების გამო, ვინაიდან შენ შობ ძეს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ცოდვათა მიტევება. მეორენი კი ასე იგებენ: ზაქარია! შენი ლოცვა შესმენილია და ღმერთმა მიუტევა ერს ცოდვები. შემდეგ იგი თითქოს ეუბნება: საიდან ჩანს ეს? ენგელოზი კი პასუხობს: აი, მე გაძლევ ნიშანს, ელისაბედი გიშობს ძეს, ხოლო იქიდან, რომ ელისაბედი შობს, უნდა დარწმუნდე ერისთვის ცოდვათა მიტევებაშიც.

[ თ. 1, მ. 15-17]

15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. 16. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. 17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.

ანგელოზი აუწყებს, რომ იოანე იქნება დიდი, ოღონდ ღმრთის წინაშე, ვინაიდან მრავალნი იწოდებიან დიდად ადამიანთა წინაშე, მაგრამ ასეთნი არ არიან ღმრთის წინაშე, მაგალითად ფარისეველნი. ხოლო იოანე დიდია სულით, ისევე როგორც ყოველი, რომელიც ცდუნდება, პატარაა სულით. ვინაიდან არცერთი დიდსულოვანი ადამიანი არ ცდუნდება, არამედ პატარა სულისანი და სულმოკლენი, როგორც უფალი ამბობს: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი“... (მათე, 18, 6). როგორც იოანეს მშობლები იყვნენ მართლები „ღმრთის წინაშე“, ისე მათი ძეც დიდი იყო „წინაშე უფლისა“. „თაფლუჭად“ იწოდება ყველაფერი, რაც არ არის რა დამზადებული ყურძნისაგან, თრობის მოგვრა შეუძლია. „სული წმიდით“ იგი ჯერ კიდევ დედის მუცელში აღივსო. როდესაც ელისაბედთან დედა ღმრთისა მოვიდა, უფლის მოსვლით გახარებული ყრმა, „ჰკრთებოდა“. „მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ“; ანუ ებრაელებს მოაქცევს მოციქულთა მიმართ, ვინაიდან ებრაელები იყვნენ მამები, ხოლო მოციქულები კი - მათი შვილები. იუდეველთა გულები მოციქულთა მიმართ მოძღვრებითა და ქრისტეს შესახებ მოწმობით მოაქცია; ხოლო ის, ვინც ქრისტეზე მოწმობს, მის მოწაფეებსაც სავსებით სარწმუნოს ხდის. იოანემ ყველა კი არ მოაქცია, არამედ მარავალი; ხოლო უფალმა ყველანი განანათლა. მოვიდა იგი „სულითა... ელიაჲსათა“, რადგანაც, როგორც ილიაში მოქმედებდა მადლი, ასევე იოანეში, როგოც ილია ითვლება მეორედ მოსვლის წინამორბედად, ასევე იოანე - პირველისა. და „ძალითა ელიაჲსათა“, რამდენადაც ორივეს მოსვლას, ილიასიც და იოანესიც, ერთი და იგივე ძალა აქვს, კერძოდ: „მიჰყავს ქრისტესთან“. იოანე ილიას ძალითა და სულით მოვიდა სხვა აზრითაც, რამდენადაც ისიც ისეთივე მეუდაბნოვე, თავშეკავებული და მამხილებელი იყო, როგორ ილია. დაუბრუნა „ურჩ“ იუდეველბს „გონება მართალი“, ანუ მოციქულთა სწავლება. მოციქულთა სიბრძნე კი სული წმიდის მადლია მათში, რომლითაც ისინი მართულნი იყვნენ. „განმზადებად უფლისა“, ანუ ქრისტესთვის „ერი მომზადებული“, ანუ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ მოძღვრება. ერთგვარ შედარებას მოვიყვან. როდესაც რომელიმე წინასწარმეტველი მოდიოდა საქადაგებლად, ყველა კი არ ირწმუნებდა ხოლმე მათსას, არამედ შემძლებელნი ამისა, ანუ ისინი, ვინც შეამზადეს საკუთარი თავი ამისთვის, ვინაიდან თუკი ვინმე ღამით მოვა სტუმრად, ყველანი კი არ იღებენ მას, არამედ ფხიზლად მყოფნი და მისი მომლოდინენი და მომზადებულნი მისაღებად; ასევე იოანემ მოამზადა ადამიანები უფლისათვის, მაგრამ არა ურჩნი, არამედ შემძლებელნი, ანუ წინასწარ შემზადებულნი ქრისტეს მისაღებად.

[ თ. 1, მ. 18-20]

18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა? 19. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას. 20. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.

მართალია ზაქარია მართალი და წმიდა იყო, მაგრამ თუკი მხედველობაში მივიღებთ მისი ძის დაბადების უჩვეულობას, ადვილად არ ირწმუნა. ამიტომაც ანგელოზი ეუბნება თავისი ღირსების შესახებ: „მე ვარ გაბრიელ“, ღმრთის წინაშე მდგომარე, მაცდური ეშმაკი კი არა, არამედ უფლისა ანგელოზი. ამრიგად, იმის გამო რომ არ ირწმუნე, ლაპარაკის უნარს მოაკლდები. სამართლიანად ექვემდებარება სიმუნჯეს, რამდენადაც როგორც წინააღმდგომი სიჩუმით ისჯება. გარდა ამისა იგი გამოხატავადა იმას, რაც იუდეველბს დაემართათ. რამდენადაც, როგორც მან მოხუცმა და უნაყოფომ და მან, ვინც არ ირწმუნა, შვა ძე, უმეტესი წინასწარმეტყველთა. ასევე იუდეველთა ეკლესიამ და იერარქიამ, მართალია დაბერდა და უნაყოფო, ურმწუნო და ურჩი იყო, მაგრამ მაინც შვა განხორციელებული სიტყვა ღმრთისა, მეუფე წინასწარმეტყველთა, რომლის შობითაც, ადრე ურჩებაში მყოფნი მორწმუნენი და აღმსარებელნი გახდნენ.

[ თ. 1, მ. 21-23]

21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა. 22. და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად. 23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.

ხედავ იუდეველნი როგორ ელოდნენ და რჩებოდნენ მანამ, სანამ მღვდელმთავარი გამოვიდოდა? ჩვენი კი ქრისტიანები ჯერ შესულნი არ ვართ ტაძარში, რომ უკვე ვფიქრობთ ცუდად გავხდებით, თუკი არ გავალთო. ზაქარია ანიშნებდა ხალხს, რომელიც, როგორც სავარაუდოა, მდუმარების მიზეზს კითხულობდა. მაგრამ რამდენადაც მას ლაპარაკი არ შეეძლო, ამდენად მინიშნებებით უხსნიდა. დააკვირდი იმასაც, რომ ზაქარია არ წასულა სახლში, ვიდრე მისი მსახურების დღეები არ ამოიწურა, არამედ ტაძარში რჩებოდა. რამდენადაც მთიანი ქვეყანა მართლაც შორს იყო იერუსალიმიდან, თანაც მღვდლისთვის, თუნდაც სახლი შიგ იერუსალიმში ჰქონოდა, არ იყო ნებადართული ტაძრის ეზოდან გამოსულიყო, როდესაც მისი მსახურების რიგი მოაწევდა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, როგორ დაუდევრად ვექცევით ღმრთისმსახურებებს. ის, რომ ზაქარიას არ შეეძლო ლაპარაკი, არამედ მინიშნებებს იყენებდა, ეს იუდეველთა უგუნურ ცხოვრებაზე მიუთითებს. ვინაიდან, მოაკვიდნეს რა სიტყვა, მათ არ შეუძლიათ ანგარიშის გაწევა არც თავიანთი საქმეებისთვის და არც საუბრისთვის. კიდევაც, რომ გეკითხა მათთვის, რაიმე წინასწარ მეტყველთა მიერ თქმულზე, მათ არ შეეძლოთ გაეღოთ პირი და ეთქვათ შენთვის სიტყვა, ანდა პასუხი.

[ თ. 1, მ. 24-25]

24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, 25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის. 

ვინაიდან ელისაბედი, უმანკო იყო, რცხვენოდა და მუცლად იღო რა სიბერეში, ხუთ თვეს თავს იფარავდა, სანამ მუცლად არ იღო მარიამმაც. როდესაც მან (მარიამმა) მუცლად იღო და ყრმა „ჰკრთებოდა“ მის მუცელში (ელისაბედისა), იგი თავს აღარ იფარავდა, არამედ თამამადაც კი იქცეოდა, როგოც დედა ისეთი ძისა, რომელიც ჯერ კიდევ დაბადებამდე შეიქმნა წინასარმეტყველის პატივის ღირსი.

[ თ. 1, მ. 26-30]

26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.

„თუესა მეექუსესა“, მოყოლებული იოანეს მუცლად ღების დროიდან. ამბობს, რომ ქალწული თხოვილი იყო ქმრის მიერ დავითის სახლიდან, რათა უჩვენოს, რომ ისიც დავითის ტომიდან წარმოსგდებოდა; ვინაიდან ისეთი კანონი იყო, რომ ორივე ნახევარი (ქორწინებაში მყოფი) ერთი და იმავე გვარიდან და ერთი და იმავე შტოდან უნდა ყოფილიყვნენ (რიცხვ. 36, 6-9). რამდენადაც უფალმა ევას უთხრა: „ტანჯვით შობ შვილებს“ (დაბ. 3; 16), ახლა ამ ტანჯვას ის სიხარული ცვლის, რომელიც ქალწულისთვის მოაქვს ანგელოზს, როდესაც ეუბნება: „გიხაროდენ მიმადლებულო!“ რამდენადაც ევა დაწყევლილი იქნა, მარიამს ახლა ესმის: „კურთხეულ ხარ შენ“. მარიამი ფიქრობდა ხარების შესახებ, თუ როგორი იყო იგი: იყო იგი ბილწი და მანკიერი, როგორც მიმართვა მამაკაცისა ქალწულისადმი, თუ ღმრთაებრივი, რამდენადაც ამ ხარებაში ნახსენები იყო უფალიც: „უფალი შენთანა“? ანგელოზი, პირველ რიგში, ამშვიდებს მის გულს, ათავისუფელბს შიშისაგან, რათა მან ღმრთაებრივი პასუხი უშფოთველ მდგომარეობაში მიიღოს, ვინაიდან შეცბუნებულ მდგომარეობაში იგი ვერ შეძლებდა რიგიანად მოესმინა ის, რაც უნდა აღსრულებულიყო; შემდეგ, თითქოსდა ასახსნელად ზემოთქმული სიტყვისა „მიმადლებულო“ ამბობს: „რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“. ვინაიდან იყო მიმადლებული - ნიშნავს მიიღო მადლი ღმრთისაგან, ანუ სათნო ეყო ღმერთს. მაგრამ ეს საერთო ბედნიერებაა, ვინაიდან სხვა მრავალმაც მიიღო მადლი ღმრთისაგან, ხოლო მარიამისადმი მიმართული ხარება სხვას არავის ეკუთვნის.

[თ. 1 მ. 31-33]

31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

„და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო“ - ამ უპირატესობით ჯერ არცერთ ქალწულს არ უსარგებლია. ამბობს რა: „მუცლად-იღო“; ამით უჩვენებს, რომ უფალი არსებითად განხორციელდა თავად ქალწულის საშოდან. ჩვენი მოდგმის ხსნისათვის მოსული, სამართლიანად იწოდება „იესოდ“, ვინაიდან ეს სახელი, ბერძნულიდან თარგმნაში, ნიშნავს „ხსნა ღმერთისგანაა“. იესო, განმარტების მიხედვით ნიშნავს მხსენელს, ვინაიდან ხსნასაც ეწოდება „იაო“. „და ესე იყოს დიდ, ამბობს იგი, - და ძე მაღლისა ეწოდოს“. იოანეც დიდი იყო, მაგრამ „ძე მაღლისა“ არ ყოფილა; ხოლო მაცხოვარი დიდია თავისი მოძღვრებით და „ძეცაა მაღლისა“ ისევ ამ მოძღვრებიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე საკვირველ სასწაულთა აღსრულების მეოხებითაც. „ძედ მაღლისა“ ხილული კაცი იწოდება: რამდენადაც პიროვნება ერთი იყო, ჭეშმარიტად, ძე მაღლისა იყო კაცი, ძე ქალწულისა. სიტყვა, „ძე მაღლისა“, იყო უწინარეს საუკუნეთაც, მაგრამ არ იწოდებოდა ასე და არ იყო ცნობილი; ხოლო როდესაც ხორცი შეისხა და ხორცში მოგვევლინა, მაშინაც ეწოდა „ძე მაღლისა“, უკვე ხილული და სასწაულთა მოქმედი. როდესაც გესმის „საყდარი დავითისა“, ნუ იფიქრებ ხორციელ მეფობაზე, არამედ იფიქრე ღმრთაებრივზე, რომლითაც იგი გამეფდა ყოველ ხალხზე ღმრთაებრივი მოძღვრების წყალობით. „სახლი იაკობისი“ ეწოდება მორწმუნეებს, როგორც ებრაელთაგან, ასევე სხვა ხალხთაგანაც, ვინაიდან ასეთები არიან არსებითად იაკობი და ისრაელი. მაშ, როგორღაა ნათქვამი, რომ იგი დავითის ტახტზე დაჯდა? უსმინე, დავითი უმცროსი იყო თავის ძმებს შორის: და უფალიც იყო მოძულებული და გაკიცხული, როგორც მოყვარული ჭამისა და ღვინის სმისა და როგორც შვილი დურგლისა და უპატიობაში მყოფი თავისი ძმების, იოსების შვილების მხრივაც კი. „რამეთუ, - ნათვქამია, - არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (იოანე. 7; 5). დავითი მიუხედავად ქველმოქმედებისა, დევნილი იყო; ასევე უფალსაც, სასწაულთა მოქმედს, ცილს სწამებდნენ და ქვებს ესროდნენ. დავითმა გაიმარჯვა და გამეფდა სიმდაბლის წყალობით; უფალიც ჯვრის სიმდაბლით მიღების შემდგომ გამეფდა. მაშ, ხედვა თუ რა აზრითაა ნათქვამი, რომ იგი დავითის ტახტზე დაჯდა? როგორც დავითმა მიიღო მეფობა სულიერი, რომელსაც „არა აქვს დასასრულ“, რამდენადაც ქრისტეს მეუფებას, ანუ ღმერთის შემეცნებასა და ქრისტიანობას არ ექნება დასასრული, ვინაიდან ჩვენ, დევნილობის ჟამსაც კი, ქრისტეს მადლით ვბრწყინავთ.


შემდეგი...

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო