Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სინანულის ცრემლი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სინანული – ეს ცრემლით ნათლიღებაა. როდესაც ინანიებს, კაცი ხელახალ ნათლისღებას იღებს, ხელახლა იშობა. პეტრე მოციქულმა, თავისი უარყოფით რამდენადმე გასცა ქრისტე. თუმცა ის „ტიროდა მწარედ“ და ამიტომ ამ დაცემის შენდობა მიიღო, ანუ სინანულმა განბანა პეტრე მოციქული, კვლავ განწმინდა იგი. აბა შეხედე: ღმერთმა ხომ თავდაპირელად მიწა შექმნა, შექმნა ზღვა, ყველაფერი დანარჩენი, შემდეგ კი აიღო მიწა და შექმნა კაცი. თავდაპირველად ადამიანი იბადება ხორცით, შემდეგ კი წმიდა ნათლისღების საიდუმლოთი ხელახლა იშობა წყლისაგან, რომელიც ღვთის ქმნილებაა და სულიწმიდისაგან, რომელიც არის საღმრთო მადლი. „წყლითა და სულითა“ ხელახლა იშობა ადამიანი და ხდება იგი ახალი კაცი.
–წმიდაო მამაო, ანუ, იმის მსგავსად, როგორც ადამიანის შექმნისას აიღო მიწა და შექმნა იგი, დღეს წმიდა ნათლისღების საშუალებით ის იყენებს წყალს, რათა ხელახლა იშვას ადამიანი?
–დიახ, წყალს განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ნათლობისას ღვთისმსახური ადამიანს წყალში შთაფლავს. ადამიანი პირველქმნილი ცოდვისაგან განიბანება, ცოდვებისაგან განიწმინდება, მას საღმრთო მადლი მოეფინება, იგი შეიმოსს ქრისტეს და ახალ, ხელახლად შობილ ადამიანად იქცევა. როდესაც ქრისტესთან მისულმა ნიკოდიმოსმა ჰკითხა მას, თუ როგორ შეიძლება ადამიანს მეორედ შობა, ქრისტემ მიუგო მას:“ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკეთუ არა ვინმე იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“. წმიდა ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი განახლდება, იქცევა ღვთის სრულყიფილ ქმნილებად –ცოდვით დაცემის შემდეგ. ამიტომ, თუ ადამიანმა ნათლისღება კვლავ არ შებღალა, მაშინ ის დიდ საღმრთო მადლს მიიღებს. თუკი ადამიანი თავის ცოდვას გააცნობიერებს, თუკი მის გამო ტკივილს იგრძნობს, მაშინ იგი სინანულის ცრემლით განიბანება და საღმრთო მადლი კვლავ მივა მასთან.
–წმიდაო მამაო, უკვე მრავალი წელია ჩემი ცოდვების გამო ტირილი აღარ შემიძლია, ცრემლი აღარ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი სინანული არ მაქვს?
–შენ რა, ამ ცოდვების გამო ტკივილს აღარ გრძნობ?
–ვგრძნობ, მაგრამ ეტყობა ეს ტკივილი საკმარისად ღრმა არ არის.


–ცრემლის მიხედვით ნურასოდეს დაასკვნი რაიმეს. რა თქმა უნდა ცრემლი–ეს სინანულის აშკარა ნიშანია, თუმცა არა ერთადერთი. ზოგიერთი ტირის და ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით შეუძლია იცინოს. გულის ტკივილი და შინაგანი სულთქმა ეს ის შინაგანი ცრემლია, რომელიც გარეგნულ ცრემლს აღემატება. ერთი საბრალო ადამიანი მეუბნებოდა: „რა სასტიკი კაცი ვარ, მამაო, ცრემლის ნასახიც არ გამაჩნია, გული გამიქვავდა, ვაი, რომ ქვასავით გული მაქვს“. ეს საწყალი უაღრესად მგრძნობიარე იყო და უაღრესად გულქვად კი მიაჩნდა თავი, იმიტომ, რომ ტირილი არ შეეძლო. თუმცაღა, ის მწარედ ხვნეშოდა და ოხრავდა, თანაც აშკარად ჩანდა, რომ ოხვრა და სულთქმა ამ ადამიანის გულის სიღრმიდან იყო ამოსული! ვიღაც სხვას კი ტირილი შეუძლია, მაგრამ მეორე წუთას იცინის. ასეთი კაცი გაზაფხულის ცვალებად ამინდს ჰგავს. მაგალითად, ის გაჭირვებულის დანახვაზე ლმობიერებას იგრძნობს, წაუტირებს კიდეც, მერე კი თავისთვის იტყვის:“უყურე ერთი, როგორ თანავუგრძნობ სხვის მწუხარებას“! ანდა ლოცვისას მცირეოდენ ცრემლს დაღვრის და ამბობს:“რაკი ცრემლით ვლოცულობ, ჩანს ღმერთს ესმის ჩემი“! და ამგვარად იმშვიდებს თავს.
არსებობს უნუგეშო ცრემლიც. ამ ცრემლს ეშმაკი გგვრის.
მას სინანულთან კავშირი არა აქვს და ეგოიზმის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეგოისტურად დასტირის თავის დაცემას. ის ჭრილობას იღიზიანებს არა იმის გამო, რომ ღმერთი განარისხა, არამედ იმის გამო, რომ გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და სხვა ადამიანების თვალწინ დაეცა. ასეთ შემთხვევაში ის ორმაგად იტანჯება. სამოქალაქო ომის დროს მტრის ბანდის ერთი ბელადი მახსოვს. დაე უფალმა ამ კაცს სინანული მიმადლოს! ერთხელ მას ხელში ჩაუვარდა ერთი საბრალო კაცი–ოჯახის უფროსი, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავდა. რადგანაც ეს ადამიანი კომუნისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა, ბანდის მეთაურმა იგი მიწაზე დასცა და ცემა დაუწყო. არადა ეს საბრალო ოდესღაც მისი ლაქია იყო. „მომისმინე,–ყვიროდა საწყალი კაცი,–როგორ არ გებრალები, მე ხომ ცხრა შვილი მყავს. შენთვის რა დამიშავებია?“ როდესაც ნახა, ბელადი წიხლებით როგორ თელავდა საბრალო კაცს, ერთ–ერთმა ბანდის წევრმა დაუყვირა:“რა გინდა მაგისგან, რა დაგიშავა არ გებრალება?! მაგას ხომ ოჯახი აქვს“! და მოულოდნელად განსაცვიფრებელი გარდაქმნა მოხდა. ბოროტმოქმედი მწარედ ატირდა, რადგან ამხანაგის შენიშვნა მის ეგოიზმს შეეხო.
ასეთი ცრემლი ეგოისტურია. ის იუდას სინანულს გვაგონებს. ქრისტეს გაცემის შემდეგ იუდა ფარისეველებთან მივიდა, რათა მათთვის ეთქვა:“ვცოდე!“ მაგრამ ფარისეველებმა მიუგეს მას: „შენს ცოდვებს ჩვენ რატომ გვიყვები?“ ამ სიტყვებმა შეურაცხყვეს იუდა... ის გაბოროტდა, ფარისეველებს ვერცხლი მიუყარა და ეგოიზმით აღძრულმა თავი ჩამოიხრჩო. იუდას რომ შეენანებინა, მისულიყო ქრისტესთან და ეთქვა: „ვცოდე“! – ის გადარჩებოდა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო