Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ცხოვრების შეცვლა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

იმისათვის, რომ ცოდვით დაცემა აიცილოს თავიდან, ადამიანი ყოველივე იმას უნდა გაურბოდეს, რაც მასში ცოდვის ამ პროვოცირებას ახდენს. მაგალითად, თუკი ლოთს სურს, რომ სმას თავი დაანებოს, მაშიმ მან ყველანაირად უნდა მოარიდოს თავი ისეთ ადგილს, სადაც სასმელია. აუცილებელია მცირეოდენი მონდომება და კეთილი განწყობა; ასეთ დროს კი სახიერი ღმერთი სირთულეების გადალახვაში დაგვესმარება. მაგალითად: ადამიანი რაღაც ვნებით არის შეპყრობილი: ის აღიარებს ამ ვნებას, მის მოსაკვეთად იღწვის, ინანიებს, თავს იმდაბლებს, ყველანაირად განწყობილია, რომ მისგან განთავისუფლდეს. ეს განწყობა იცის ღმერთმა და ამიტომ ეხმარება მას. მაგრამ როგორ მიანიჭებს უფალი მადლს იმ ადამიანს, რომელიც თავად არ ცდილობს, რომ შეიცვალოს და ცოდვის აღსრულებას განაგრძობა?! ღვთის მადლი არ ეკარება იმ ადამიანს, ვისი მდგომარეობაც არასწორია, რადგანაც ეს მას ვერაფერს არგებს. მადლი რომ ასეთ შემთხვევაში ვინმეს შველოდეს, მაშინ ხომ ღმერთი მას ეშმაკსაც უწყალობებდა.
ადამიანი, რომელიც რაიმე ცოდვით დაეცა, მაგრამ ამ ცოდვაში ყოფნას არ განაგრძობს, ცოდვილ აზრზე უარს ამბობს, ინანიებს თავის დაცემას და იმ მიზნით მოღვაწეობს, რომ ის აღარ გაიმეოროს, ღვთის მადლს შეიწყნარებს და შეწევნას იღებს. თუმცა თუკი კაცს სინანული არა აქვს და ცოდვას მოდად მიიჩნევს, მსის მდგომარეობა დემონურია.
–წმიდაო მამაო, რანაირად გადარჩა ქრისტეს გვერდით ჯვარცმული ერთ–ერთი ავაზაკი?
–ეს ავაზაკი მესერზე აძვრა და იქიდან სამოთხის ბაღში გადახტა! „ავაზაკმან დაიმკვიდრა სამოთხე“! ანუ თავისი კეთილგონიერებით ამ ავაზაკმა თვით სამოთხის „დაყაჩაღებაც“ კი შესძლო.
–წმიდაო მამო, თუკი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების შეცვლა შესძლო, ძველი ცოდვილი ჩვეულებების მიხედვით აღარ ცხოვრობს, მაგრამ ძველ ცოდვაში მაინც ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სინანული არ აქვს?
–თუკი ის ცდილობს გამოსწორებას და ამავე დროს მაინც ვარდება ცოდვაში, მაშინ მას დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვს. თავდაპირველად ცხოვრების შეცვლა ადვილი არ არის. მაგრამ როდესაც დანამდვილებით მიხვდება, რამდენად მძიმეა მის მიერ აღსრულებელი ცოდვები, ადამიანი მათ აღარ ჩაიდენს.


ძველად სინანული უფრო გულწრფელი ჰქონდათ, თუ ადამიანი მოინანიებდა, ცოდვას აღარ უბრუნდებოდა. მახსენდება ერთი მონანიე ქალი. როგორ დამეხმარა ის ჭეშმარიტი სინანულის მოხვეჭაში! იგი უაღრესად მოკრძალებულად იქცეოდა, არაფერს ამბობდა. მონაზონივით შავებში ჩაცმული ეს ქალი მოდიოდა ერთ სამლოცველოში, აწესრიგებდა მას, კანდელს ანთებდა. მარტო მისი ერთი შეხედვაც კი სასარგებლო იყო. დღეს კი ვხედავ, ზოგიერთი ადამიანი, რომელმაც სულ ეს ეს არის საკუთარი ცხოვრება შეცვალა, როგორ იწყებს სხვების განსწავლას, თუმცა თვით მასში ჯერაც ისევ მისი ძველი კაცი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, თუკი ვინმემ შეწყვიტა ძველებურად –სიძვასა და გარყვნილებაში ცხოვრება და სულიერი ცხოვრება დაიწყო, ამით სხვებსაც დაეხმარება. მაგრამ, თუკი იგი ერთი მდგომარეობიდან მეორეში ჯერ ბოლომდე არც გადასულა და უკვე ცდილობს, თავი სულიერ ადამიანად წარმოადგინოს და ქადაგებას იწყებს, ეს უკვე ზიბლია.
–წმიდაო მამაო, იქნებ ეს ადამიანი ასე იმიტომ იქცევა, რომ ამით სხვებს დაეხმარონ?
–დიახ, ასე იმისათვის იქცევიან, რომ სხვებს დაეხმარონ. მაგრამ მათი მოქმედებებში, – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეტ–ნაკლებად ცნობილი ადამიანები არიან,– იმალება ამპარტავნული აზრი: „ეხლა დაივიწყებენ კარაისკაკისს და კოლოკოტრონისს და ჩემზე ილაპარაკებენ“. აქედან ჩანს, თუ რამდენად ცოდვილია მათი ქმედებები. თუ საკუთარი ცოდვების გამო მართლაც ტკივილს გრძნობენ, მაშინ აჯობებს, რომ ეს ცოდვები გარკვეული დროის განმავლობაში არ დაივიწყონ და თვითდაჯერებულებას ნუ აჰყვებიან. ისინი უკიდურესად უნდა გაფრთხილდნენ და როდესაც ძველი ცხოვრებიდან სხვადასხვა აზრები და მოვლენები შეახსენებენ თავს, ისე უნდა განაგდონ ისინი, როგორც გმობის ზრახვები. ეს განგდება იმის დასტური იქნება, რომ ისინი უკვე აღარ იწყნარებენ მათ და მათი (სულიერი) ორგანიზმი ამ ზრახვებზე უარყოფითად რეაგირებს, მაგრამ იმისათვის, რომ ნამდვილად შეიცვალოს, ადამიანმა თავისი წარსული უნდა დათრგუნოს და სიმდაბლე მოიხვეჭოს. თუკი ძველი ცხოვრებიდან დაიტოვებს ნაწილს მაინც– ანუ იმას, რასაც უვნებლად ჩათვლის, მაშინ ეს „უვნებელი“ ბევრ მავნე რამესაც გამოიწვევს. ამ წუთიდან, ადამიანი თუ თუნდაც უმცირეს აზრს, თუნდაც უმცირეს ფიქრს დაიტოვებს თავისი ძველი კაცის შესახებ, ღმერთი აღარ შეეწევა მას და არაფერი, რასაც ეს ადამიანი მოიმოქმედებს წმიდა აღარ იქნება.
–წმიდაო მამაო, როდესაც თავის ცხოვრებას შეცვლის, ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ სხვათა თვალში მის შესახებ არსებული შეხედულებები გამოასწოროს?
–სხვისი აზრის ეგოისტური მცდელობა საჭირო არ არის. თუკი ადამიანი თვითონ ცდილობს, რომ გამოსწორდეს, ხალხის აზრიც თავისთავად შეიცვლება. ხოლო, თუ მისმა ძველმა ცოდვილმა ცხოვრებამ საზოგადოებასა და მის გარემოცვაში რაიმე ცუდი კვალი დატოვა, როდესაც ის სწორ, ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებს, ეს კვალი თავისთავად წარიხოცება. სინანულში მყოფი ადამიანი სხვებს არაფერს უნდა ეუბნებოდეს. თვით ღმერთი ილაპარაკებს ხალხთან მისი სინანულის სიტყვებით.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო