Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ნილოს სინელი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

რვა მზაკვარ სულზე

გემოთმოყვარებაზე

თავი 1. ნაყოფიერების დასაბამი - ყვავილია, ხოლო მოღვაწეობისა - თავშეკავება. ის, ვინც სტომაქს იმორჩილებს, ვნებებს ძალას უკარგავს, ხოლო დანაყრების სურვილით ძლეული ძალას ჰმატებს გემოთმოყვარებას. დასაბამი წარმართთა - ამალეკი, და ვნებათა დასაბამი - გემოთმოყვარება. ცეცხლისთვის - შეშაა საჭმელი, ხოლო მუცლისთვის საზრდელია - ჭამადი. ბევრი შეშა დიდ ცეცხლს აალებს, ხოლო ჭამადის სიმრავლე გემოთმოყვარებას კვებავს. საწვავი ნივთიერების კლებასთან ერთად ცეცხლიც კლებულობს, ხოლო ჭამადის სიმწირე გემოთმოყვარებას ასუსტებს. ვინც დაეუფლა (ვირის) ყბას, მან ამოწყვიტა უცხოტომელნი და ადვილად შეიხსნა ხელები (იხ. მსაჯულთა 15, 14). ყბით ამოწყვეტამ (მსაჯულთა 15, 17) წყაროსთვალი წარმოქმნა და უმოქმედობამდე მიყვანილმა გემოთმოყვარებამ მოსწრაფე ჭვრეტა შვა. კარვის პალომ (მსაჯულთა 4, 21), ჩარჭობილ იქნა რა საფეთქელში, მტერი მოკლა, ხოლო სიტყვამ თავშეკავებისამ ვნება მოაკვდინა.

ჭამადის ნდობამ ურჩობა შვა, ხოლო დამატკბობელმა გემოსხილვამ გამოჰხადა სამოთხიდან. მრავალფასეული ჭამადი სასას ატკბობს, მაგრამ, იმავ დროს, თავშეუკავებლობის დაუძინებელ მატლსაც ასაზრდოებს. შეთხელებული მუცელი ლოცვაში სიფხიზლისთვის ამზადებს, გამაძღარი კი ღრმა ძილს ჰგვრის. მშრალი მარხვის ჟამს აზრი ფხიზელია, ფუფუნებითი ცხოვრება კი უფსკრულში კარგავს გონებას. მმარხველის ლოცვა - მაღლა მოფარფატე არწივის მართვეა, ნაყროვანებით დამძიმებული მემთვრალის ლოცვა კი თავდაღმა მიექანება. მმარხველის გონება მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავია, ლოთის გონება კი - წყვდიადია უმთვარო ღამეში. ნისლი მზის სხივებს ჰფარავს, მიღებული ჭამადის ოხშივარი კი გონებას აბნელებს.

თავი 2. ჭუჭყიანი სარკე ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს არეკლილ გამოსახულებას, ხოლო სიმაძღრით დასუსტებული აზროვნება კი ვერ იტევს თავის თავში ღვთიურ მეცნიერებას. დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდს აღმოაცენებს, გემოთმოყვარის გონება კი უშვერ ზრახვებს ბადებს. შეუძლებელია სიმყრალეში წააწყდე კეთილსურნელებას, და გემოთმოყვარეში - ჭვრეტის ნელსურნელებას. გემოთმოყვარის თვალი ღრეობებს ეძებს, ხოლო თავშეკავებულისა - ბრძენთა შეკრებას. გემოთმოყვარის სული მოწამეთა ხსენების დღეებს ანგარიშობს, თავშეკავებული კი მათ ცხოვრებას ბაძავს. მხდალი მხედარი ბრძოლის მაუწყებელ საყვირის ხმაზე თრთის, გემოთმოყვარე კი - თავშეკავების შესახებ ქადაგებაზე. გემოთმოყვარე მონოზონი თავისი მუცლის მევალეა და მათრახის ცემით იხდის თავის ყოველდღიურ გადასახადს. მოჩქარე მგზავრი მალე მიაღწევს ქალაქს, თავშეკავებული მონოზონი კი - აუმღვრეველ მდგომარეობას. ზანტი მგზავრი ღამისთევისთვის ღია ცისქვეშ უდაბნოში ჩერდება, და მონოზონი გემოთმოყვარეც ვერ მიაღწევს უვნებელობის სადგურს. საკმევლის კმევა კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს, და თავშეკავებულის ლოცვა - ღვთის საყნოსელს.


თუკი ჭამადის გულისთქმას დაემონები, გემოთმოყვარებას ვერაფრით დაიცხრობ, რამეთუ გულისთქმა საჭმელებისადმი - ცეცხლია, რომელიც მუდამ ითხოვს საწვავს და მუდამ ბრიალებს. გარკვეული სარწყული ავსებს ჭურჭელს, მუცელი კი, სულაც რომ გასივდეს, არ იტყვის: „საკმარისია!“ ხელთა აღპყრობამ გააქცია ამალეკი, ამაღლებული მოღვაწეობა კი ხორციელ ვნებებს იმორჩილებს.

თავი 3. მოსპე შენში ყოველივე, რაც ასულდგმულებს მანკიერებას და ძალით მოაკვდინე შენნი ხორციელი ასონი. როგორც მოკლული მტერი ვეღარ მოგგვრის შიშს, ასევე მოკვდინებული სხეულიც აღარ აამღვრევს შენს სულს. მკვდარი სხეული აღარ გრძნობს ცეცხლისაგან ტკივილს, და თავშეკავებული - სიამოვნებას მოკვდინებული გემოთმოყვარებისგან. თუკი მოკლავ ეგვიპტელს, ქვიშაში დამალე, და ვნების გადალახვის შემდეგ ნუ შეჰმატებ სხეულს. რამეთუ როგორც ნოყიერ ნიადაგში მოხვედრილი თესლი ამოხეთქავს, ასევე მსუქან სხეულში გაღვივდება ვნება. მიმქრალი ცეცხლი ხმელი ფიჩხით აბრიალდება, და ჩამქრალი გემოთმოყვარებაც ნაყროვანებით გამოიღვიძებს. ნუ შეიბრალებ უძლურებაზე მოწუწუნე სხეულს, და ნუ მოასუქებ მას ძვირფასი საჭმელ-სასმელით.

თუ ის მოძლიერდება, აგიჯანყდება და შეურიგებელ ბრძოლას გაგიჩაღებს, ვიდრე არ დაატყვევებს შენს სულს და არ გადასცემს სიძვის ვნების მონობაში. მწირად გამოკვებილი სხეული მოთვინიერებული ცხენია და არასოდეს გადმოაგდებს მხედარს, რამეთუ ლაგამ ამოდებული ცხენი, დამთმობია და მხედარს ემორჩილება, სხეული კი მარხვითა და მღვიძარებით თვინიერდება და მაშინ ვეღარ უსხლტება ხელიდან მის წარმმართველ კეთილ გულისსიტყვას, აღარ ფრუტუნებს ვნებიანი სწრაფვით აღტყინებული.

სიძვაზე

თავი 4. თავშეკავება ბადებს უმანკოებას, გემოთმოყვარება კი დედაა თავშეუკავებლობისა. ზეთი სანთურის ალს ასაზრდოებს, ქალებთან ურთიერთობა კი ავხორცობას აღანთებს. ტალღები დაუტვირთავ ხომალდს ათამაშებს, სიძვის გულისთქმები კი - თავშეუკავებელ გონებას. სიძვა-მრუშება შემწედ ნაყროვანებას გაიხდის, იმიტომ რომ გონებას განშორდება, მოწინააღმდეგეს დაუმეგობრდება და ბოლომდე იბრძვის მტრებთან ერთად. მდუმარების მოყვარეს მტრის ისრები ვერ მოსწყვეტს, ბრბოში გარეული კი მრავალგზის ნაჭრილობევია. ქალისადმი მიხედვა სულის მომწყვეტელი შხამიანი ისარია, რომელიც მასში შხამს ანთხევს, და რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უფრო მეტად აჩირქებს. ვინც თავს იცავს ამ ისრებისაგან, ის არ დადის სახალხო თავყრილობებზე, გონებას არ განაბნევს დღესასწაულებზე.

რამეთუ უმჯობესია მშვიდად დარჩე სახლში და ილოცო, ვიდრე დღესასწაულის პატივსაცემად მისული, ადვილად მოსანადირებელი გახდე მტრისთვის. თუ გსურს უმანკო დარჩე, მოერიდე ქალებთან შეხვედრას, და საკუთარ თავს ნუ მიენდობი. რამეთუ თავდაპირველად ან მართლაც აქვთ, ან მოჩვენებით იჩენენ პატივისცემას, ხოლო შემდეგ კი უსირცხვილოდ ყველაფერს კადრულობენ. პირველი შეხვედრისას თავს ხრიან, მშვიდად ლაპარაკობენ, თანაგრძნობით ღვრიან ცრემლებს, მორიდებულად იცვამენ, მწუხარებით ოხრავენ, სიწმინდეებზე გეკითხებიან და გულისყურით გისმენენ. მეორედ შეხვედრისას, თავი რამდენადმე ზეაწეული აქვთ, მესამედ კი უკვე უსირცხვილოდ გაშტერდებიან, გიღიმიან, ხმამაღლა სიცილსაც აღარ ერიდებიან; მერე და მერე გამოპრანჭულები მოდიან, ისეთი გამოხედვა აქვთ, რომ ვნებაზე მიგანიშნებენ, წარბებს მაღლა სწევენ, მოსვენებას არ აძლევენ წამწამებს, კისერს იშიშვლებენ, მთელი სხეულით ნებივრობენ, წარმოსთქვამენ სიტყვებს, რომელნიც ვნებებს ეფერებიან, თვით დიქციითაც კი ცდილობენ, სმენა აცთუნონ, ვიდრე მთელი ძალებით არ დაატყვევებენ სულს.

და გექცევა ეს შენ სამჭედურად, ვიდრე არ მოგინადირებს სასიკვდინედ, ხელოვნებით ნაქსოვ ბადედ, წარწყმედისაკენ რომ მიგეზიდება. დე, ნუ გაგაბრიყვებენ მორიდებული საუბრებით, რამეთუ მათში ზიანის მომტანი მხეცის შხამი იმალება.

თავი 5. როცა შენ თავადაც ახალგაზრდა ხარ, სჯობს მიუახლოვდე მოტყინარე ცეცხლს, ვიდრე ახალგაზრდა ქალს, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მაშინვე უკან დაიხევ, ქალის მუსაიფით დაშაქრული კი მას უცბად ვერ მოსწყდები. წყალთან ბალახი აბიბინდება, ხოლო ქალთა საზოგადოებაში - უწესო ვნება. ვინც სტომაქს ივსებს და სიტყვას იძლევა უმანკო იყოს, იმას ჰგავს, ვინც ამტკიცებს, რომ ცეცხლის ძალას ჩალით დაშრეტს.

როგორც ჩალას მოდებული ცეცხლის შეკავებაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია გარყვნილებისადმი ლტოლვის შეჩერება, რომელსაც ნაყროვანება აღანთებს. სვეტს საძირკველი აკავებს, და სიძვის ვნება კი ნაყროვანებაზე განისვენებს. ზღვათაღელვაში მოხვედრილი ხომალდი ნავთსადგურისაკენ მიისრაფვის, ხოლო უბიწო სული უდაბნოს ეძებს. ხომალდი ზღვის ტალღათა ღელვის საშიშროებას გაურბის, სული კი - იმ ქალთა სახეებს, რომლებიც დაღუპვას უქადიან. მორთული ქალის იერი ზღვის ტალღებზე მეტად ქმნის დანთქმის საფრთხეს. სიცოცხლის სიყვარულის გამო ზღვის ტალღებს კიდევ შეიძლება თავი დააღწიო, მაცდური ქალის შეხედვა კი გიბიძგებს, თვით სიცოცხლეც კი უგულებელჰყო. უდაბნოს ბუჩქი უვნებლად გაურბის ცეცხლის ალს, და ქალებს გაშორებული უმანკო პიროვნება შეუფერებელი ვნებით არ ენთება. როგორც ცეცხლის მოგონება არ წვავს აზრს, ასევე ვნებაც უძლურია, როცა არაფერია მასაზრდოებელი.

თავი 6. თუ დაინდობ მტერს, მტერი გეყოლება, და თუ ვნებას დაინდობ, აღსდგება შენზე. თავშეუკავებელში ავხორცობას აღვიძებს ქალისადმი მიხედვა, უმანკოს კი ღვთის სადიდებლად განაწყობს. თუ ქალებთან შეხვედრისას ვნება არ აღგეძვრება, ნუ დაიმედდები, რომ მომავალშიც ასე იქნება, რამეთუ ბრბოში მოხვედრილი ძაღლიც კუდს აქნევს, მაგრამ როგორც კი დატოვებს ბრბოს, მისთვის დამახასიათებელ სიავეს იჩენს. როცა ქალის მოგონება ვნებას აღარ გგვრის, მაშინ დაასკვენი, რომ უბიწოების სავანეში შეაბიჯე. ხოლო როდესაც წარმოდგენილი სახე მისი ნახვის სურვილს აღგიძრავს და მისი ისრები გულში გესობა, უწყოდე, რომ ჯერ შორს ხარ სათნოებიდან. მაგრამ ამგვარ გულისთქმებზე ნურც პირველ შემთხვევაში შეჩერდები, და აზრითაც კი არ ესაუბრო დიდხანს ქალის ხატებას, რამეთუ უყვარს ვნებას უკან დაბრუნება და საფრთხე ახლოსაა.

როგორც ზომიერი დნობა წმენდს ვერცხლს, ხოლო გადამეტებული დანაკარგს იძლევა, ასევე უბიწო ჩვევაც წახდება გონებაში ქალის დიდხანს წარმოსახვით. თუკი წარმოსახვაში ქალის სახება გაჩნდება, მას აზრით ხანგრძლივად ნუ ესაუბრები, რათა შენში ავხორცობის ცეცხლი არ დაანთოს და შენი სულის კალო არ დაწვას. როგორც ჩალაში დიდხანს გაჩერებული ნაპერწკალი ცეცხლს აჩენს, ასევე ქალთან დაკავშირებული ხანგრძლივი მოგონებაც აღანთებს ვნებას.

ვერცხლისმოყვარებაზე

თავი 7. ყოველგვარი ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარებაა: უვარგისი ტოტივით ის კვებავს ყველა სხვა ვნებას და გახმობის საშუალებას არ აძლევს იმას, რაც მისგან აყვავილდა. ვისაც ვნებების მოსპობა სურს, დე მან თავდაპირველად ძირი აღმოფხვრას, ხოლო ვიდრემდის ვერცხლისმოყვარება რჩება, ტოტების ჭრა სარგებლობას არ მოგიტანს, რადგან რომც მოჭრა, მალევე ამოვა. ბევრისმომხვეჭელი მონოზონი გადატვირთული ხომალდია და გრიგალისგან ატეხილ ტალღებში ადვილად ჩაიძირება. როგორც ყოველი ტალღა უქადის საფრთხეს გვერდგანგრეულ ხომალდს, ასევე მრავლისმომხვეჭელიც სულ უფრო და უფრო ეფლობა საზრუნავებში. უპოვარი მონოზონი მგზავრია, ყველგან რომ პოულობს თავშესაფარს. უპოვარი მონოზონი - მაღლა მოფარფატე არწივია: მაშინ ეშვება ძირს საზრდელისათვის, როცა ამას აუცილებლობა აიძულებს. ესევითარი ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგას, არაფრად აგდებს სინამდვილეს, ზევით-ზევით მიიწევს, ყოველივე მიწიერს განეშორება, ზეცის მობინადრე ხდება მთიურებთან, რამეთუ მსუბუქი ფრთები აქვს, საზრუნავებით დაუმძიმებელი. მოვიდა მწუხარება - და უდარდელად ტოვებს ადგილს; მოუსწრო სიკვდილმა - სულგრძელად გადასახლდა იმიერ, რადგანაც არანაირი მიწიერი მიჯაჭვულობით არ შეუკრავს სული.

მრავლისმომხვეჭელი კი საზრუნავებითაა აღვსილი და ქოფაკივით ჯაჭვითაა მიბმული: თუ იძულებულია გადასახლდეს, თან მიაქვს მძიმე ტვირთი და უსარგებლო წუხილი - მოგონება ქონებაზე; სევდა სწყლავს და ძლიერ იტანჯება ფიქრებში. დატოვა მან ქონება? სევდა სჭამს! თუკი სიკვდილი მოუხდება, სინანულით ტოვებს სინამდვილეს, სულს აბარებს და თვალს ვერ წყვეტს იმას, რაც გააჩნია; ძალით მიჰყავთ იგი, როგორც გაქცეული მონა; სხეულს ტოვებს, მაგრამ საკუთრებას არ შორდება; წამყვანებლებზე მეტად მას ვნება აკავებს.

თავი 8. ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება, და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი; გააორმაგა მან ეს თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ არ დაედო ზღვარი ამ უსარგებლო მეცადინეობისთვის. კეთილგონიერ მონოზონს მხედველობაში ექნებოდა მხოლოდ სხეულის მოთხოვნილება და პურსა და წყალს დასჯერდებოდა, არ ეპირფერებოდა მდიდრებს, საკუთარი სტომაქისათვის რომ ეამებინა, თავისუფალ გონებას ხელისუფალთ არ დაუმონებდა, რადგანაც საკუთარი ხელებიც საკმარისია, თავის სხეულზე რომ ეზრუნა და აუცილებელი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. უპოვარი მონოზონი მოუხელთებელი ფალავანია და მკვირცხლი მალემსრბოლი, ადრევე რომ აღწევს „გვირგვინსა მას ზეცისა“ (ფილიპელთა 3, 14). მრავლის მომხვეჭელი მონოზონი ბევრ შემოსავალს უხარის, უპოვარი კი - კეთილწარმატების გვირგვინებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საქმეებშია გართული, უპოვარი კი დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საგანძურთსაცავს ოქროთი ავსებს, უპოვარი კი „იუნჯებს საუნჯეთა ცათა შინა“ (მათე 6, 20). წყეულ-არს, ვინც კერპს აკეთებს და საგანძურთსაცავში ათავსებს მას (მეორე სჯულთაჲ 27, 15), და ასევე, ვისაც ვერცხლისმოყვარების ვნება აქვს: ის უსარგებლო ზოდს ეთაყვანება, ეს კი გულში კერპის ნაცვლად სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს.

მრისხანებაზე

თავი 9. მრისხანება მძაფრი ვნებაა, ადვილად აკარგვინებს წონასწორობას თვით გამოცდილთაც კი, ამხეცებს სულს, აიძულებს განერიდოს ყოველგვარ ურთიერთობას. ძლიერი ქარი ვერ არყევს სვეტს, და ურისხველ სულს ვერ აიყოლიებს გაღიზიანება. წყალი მოძრაობაში მოჰყავთ ძლიერ ქარებს და გაღიზიანებისადმი მიდრეკილი უგუნური გულისსიტყვებისაგან შფოთავს. მრისხანე მონოზონი უდაბნოს ტახია: მოჰკრავს თუ არა ვინმეს თვალს, - კბილებს ილესავს.

მოდებული ნისლი შეასქელებს ჰაერს, აღგზნებული გაღიზიანება მრისხანის გონებას აუხეშებს. ღრუბელი აბნელებს მზეს, გულღვარძლიანი გულისსიტყვა - გონებას. სამხეცეში გამომწყვდეული ლომი არცერთი წუთით არ ასვენებს კარის საკეტს, და გაღიზიანებული სენაკში - მრისხანე გულისთქმებს. სასიამოვნო სახილველია დაწყნარებული ზღვა, მაგრამ არა იმდენად სასიამოვნო, როგორც სულის დამშვიდებული მდგომარეობა. წყნარ ზღვაში დელფინები დაცურავენ, ხოლო დამშვიდებულ სულში ღვთივშვენიერი გულისსიტყვები იბადებიან.

დიდადმოთმინე მონოზონი - მშვიდი წყაროსთვალია, ყველას რომ სასიამოვნო სასმელს აგემებს, მრისხანის გონება კი ყოველთვის აღშფოთებულია და მწყურვალს წყალს არ აძლევს. ხოლო თუ აძლევს, ისიც მღვრიესა და უვარგისს. გაღიზიანებულის თვალები ამღვრეული და სისხლმომდგარია, რაც აღშფოთებულ გულზე მიანიშნებს, დიდადმოთმინეს სახე კი მშვიდია, თვალნი სასიამოვნოდ და პირდაპირ იყურებიან.

თავი 10. სიმშვიდე კაცისა მოხსენებულია ღვთის წინაშე (იხ. ფს. 131,1), და ურისხველი სული სულიწმიდის ტაძარი ხდება. ქრისტე დიდადმოთმინეს სულში თავს მოიდრეკს და აღუშფოთებელი გონება წმიდა სამების სავანე ხდება. ძვირისმომხსენებლის სულში მელიები ბინადრობენ და აღბორგებული გული მხეცთა თავშესაფარს მიჰგავს. პატიოსანი კაცი ერიდება ბინძურ ბინას, ხოლო ღმერთი - ძვირისმომხსენებელ გულს. წყალში ჩავარდნილი ქვა აღელვებს მას, ავი სიტყვა კი გულსა კაცისასა.

განაგდე შენი სულიდან მრისხანე გულისსიტყვები და გაღიზიანება, დე ნუ დაემკვიდრება შენს გულში, რათა ლოცვის ჟამს არ აღელდე. როგორც ცეცხლმოკიდებული ჩალიდან ასული კვამლი სწვავს თვალებს, ასევე ძვირისმომხსენებლობა - გონებას ლოცვის ჟამს. გაბრაზებულის გულისსიტყვები - იქედნეს ნაშობნი, მათ დამბადებელ გულს რომ სჭამს. ასეთის ლოცვა სისაძაგლის კმევაა, მრისხანის ფსალმუნება - არასასიამოვნო ბგერაა, შესაწირი ძვირისმომხსენებლისა - მატლიანი მსხვერპლია, და დე ნუ მიუახლოვდება განმწმენდელ საკურთხეველს. აღმაშფოთებელ სიზმრებს ხედავს გაღიზიანებული, და მხეცების თავდასხმა ეზმანება მრისხანეს. მრავლისმომთმენი კაცი სიზმრეულ ჩვენებაში ანგელოზთა კრებას ხედავს, და არაძვირისმომხსენებელი სულიერ სიტყვებში იწვრთნება, ღამით იღებს საიდუმლოებათა ახსნას.

მწუხარების შესახებ

თავი 11. დასევდიანებულმა მონოზონმა არა უწყის რა სულიერი ტკბობის შესახებ, მწუხარება კი სულის მჭმუნვარებაა და მრისხანე გულისსიტყვების შედეგია. ბრაზიანობა შურის მიგების სურვილია და მწუხარება მოაქვს შურისძიებაში წარუმატებლობას. სევდა ლომის ხახაა და ადვილად შთანთქავს სევდიანს. მწუხარება მატლია გულსა შინა და შთანთქავს მის მშობელ დედას. სალმობაშია შვილზე მშობიარე დედა, მაგრამ როდესაც შობს, თავისუფლდება ტანჯვისგან. ჩნდება რა მწუხარება, მოაქვს დიდი ტკივილი და რჩება რა მშობიარობის სალმობის შემდგომ, არამცირედ სნეულებას იწვევს. დასევდიანებულმა მონოზონმა არ უწყის სულიერი სიხარულის შესახებ, როგორც სახადით გატანჯულმა, გემო თაფლისა. მწუხარე მონოზონის გონება არ აღიძვრის ჭვრეტად და არასდროს აღუვლენს ღმერთს წმინდა ლოცვას, რამეთუ მწუხარება დაბრკოლებაა ყოველგვარი სიკეთისადმი. ბორკილები ფეხებზე აბრკოლებს ჩქარ სიარულს, მწუხარება კი აბრკოლებს ჭვრეტის უნარს. დატყვევებულს ბარბაროსები რკინის ბორკილებს ადებენ, ხოლო ვნებათა ტყვეს მწუხარება ბოჭავს. არ ძლიერდება სევდა, როდესაც არაა სხვა ვნებები, ისევე როგორც, ბორკილებს არ ადებენ, როდესაც არაა ამის გამკეთებელი. ვინც შეკრულია სევდისგან, ის დამარცხებულია ვნებათა მიერ, და თავისი დამარცხების სამხილებლად ბორკილებს ატარებს, რამეთუ სევდა-მოწყენილობა შედეგია ხორციელ სურვილებში წარუმატებლობისა, ხოლო გულისთქმის სურვილი კი შეუღლებულია ყოველგვარ ვნებასთან. ვინც სძლია გულისთქმას, მან სძლია ვნებას, ხოლო ვინც ვნებას სძლია, მას სევდა არ დაეუფლება. მოწყენილობას არ ეძლევა თავშეკავებული, ჭამადი თუ ვერ მოიპოვა, არც უბიწო, რომ შური ვერ იძია, არც თავმდაბლობით განბრძნობილი, რომ მოკლებულია ადამიანურ პატივს, არც ვერცხლისმოყვარეობისაგან თავისუფალი, რომ დანაკარგი განიცადა. მათ ძალით განაგდეს თავისგან ყოველივე ამის სურვილი, რამეთუ როგორც ჯავშნით შემოსილს ვერაფერს ვნებს ისარი, ასევე ვნებებისგან დაცლილს ვერ მოსწყლავს მოწყენილობა.

მხედრისთვის უსაფრთხოება ფარს მოაქვს, და ქალაქისთვის - გალავანს, მაგრამ მონოზონისთვის ფარსა და გალავანზე უფრო მეტად მოაქვს უსაფრთხოება უვნებლობას. რამეთუ ფარს გახვრეტს მარჯვედ გასროლილი ისარი და გალავანიც დაიშლება მხედართა სიმრავლით, ხოლო უვნებლობა ვერ იძლევა მოწყენილობით. ვინც ვნებებს დათრგუნავს, მოერევა მოწყენილობასაც, ხოლო გემოთმოყვარებით დამარცხებული ვერ გაექცევა მის ბორკილებს. ვინც ხშირად სევდიანობს და საკუთარ თავს უვნებლობას მიაწერს, ჰგავს ავადმყოფს, რომელიც თავს ჯანმრთელად აჩვენებს. როგორადაც სახის ფერით შეიცნობა ავადმყოფი, ასევე ვნებათა მქონეს ამხილებს მოწყენილობა. ამ სოფლის მოყვარეს სევდაც ბევრი ექნება. ხოლო უგულვებელმყოფელი ამსოფლიურისა, ყოველთვის მოხარული იქნება.

ვერცხლისმოყვარეს დანაკარგი ბევრ წყენას მოუტანს, ხოლო ფულის უგულვებელმყოფელი სევდისგან თავისუფალი იქნება. დიდებისმოყვარე მოწყენილობას ეძლევა, როცა უპატიობა შეემთხვევა, თავმდაბლობისმოყვარე კი იღებს მას, როგორც თანააღმზრდელს. შერეულ ვერცხლს სადნობი ღუმელი განწმენდს, ხოლო ცოდვებით შესვარულ გულს - სევდა ღვთისა მიმართ. ხშირი გადადნობით ტყვია წონაში კლებულობს, ხოლო ამსოფლიური მოწყენილობით გონება იკლებს. სიბნელე თვალის ქმედით ძალას ასუსტებს, სევდა კი მჭვრეტელობას გონებისას. წყლის სიღრმეში მზის სხივი ვერ აღწევს, ხოლო მოწყენილობით აღვსილ გულს სინათლის ჭვრეტა არ ასხივოსნებს.

ყოველ ადამიანს ახარებს მზის ამოსვლა, მაგრამ ამითაც არ ხარობს სევდამორეული სული. სიყვითლის ავადმყოფობა გემოს შეგრძნებას უკარგავს ადამიანს, მოწყენილობა კი - მგრძნობელობას სულს. მაგრამ ვინც უგულებელსყოფს ამქვეყნიურ სიამოვნებებს, მას არ აწუხებს სევდიანი გულისთქმები.

უდებებაზე

თავი 13. უდებება სულის დაუძლურებაა, დაუძლურებულ სულს არ აქვს ის, რაც მისთვის ბუნებრივია და მხნედ ვერ იტანს განსაცდელებს. რაც საზრდელია ჯანმრთელი სხეულისათვის, იგივეა განსაცდელი მამაცი სულისათვის. ჩრდილოეთის ქარი მცენარეულობას კვებავს, განსაცდელები კი ძალას მატებს სულიერ სიმტკიცეს. უწყლო ღრუბელი ქარს მიაქვს, ხოლო მოთმინების უქონელი გონება - უდებების სულს. გაზაფხულის ცვარი ზრდის მინდვრის ნაყოფს, სულიერი სიტყვა კი - სულის მდგომარეობას აღამაღლებს. უდებების სული მონოზონს სენაკიდან აძევებს, ხოლო მომთმენი ყოველთვის მდუმარებაშია. უდებებისაგან დაპყრობილი ავადმყოფის მონახულებას იმიზეზებს, სინამდვილეში კი თავის განზრახვას იკმაყოფილებს. დახსნილობის ჟამს მონოზონი მზადაა მსახურებისთვის და საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებას მცნების აღსრულებად წარმოაჩენს. მსუბუქი ნიავი სუსტ ღეროებს ხრის და აზრი - იარებოდეს, იზიდავს უდებებაში ჩავარდნილს.

ძლიერ ფესვგადგმულ ხეს ვერ არყევს ქარიშხალი, და მჭვუნვარება ქედს ვერ მოახრევინებს განმტკიცებულ სულებს. მოხეტიალე მონოზონი უდაბნოს გამხმარი რტოა: მცირე ხანს დაჰყოფს მდუმარებაში და კვლავ სხვაგან მიჰქრის. ადგილმონაცვლე მცენარე ნაყოფს არ იძლევა, და მოხეტიალე მონოზონს ნაყოფი არ გამოაქვს. ავადმყოფი ერთსა მხოლოსა ჭამადსა არ სჯერდება, და მონოზონი დახსნილობაში - მხოლოდ ერთ საქმეს. ავხორცი ერთ ცოლს არ დასჯერდება, და მონოზონი დახსნილობაში ერთსა მხოლოსა სენაკსა.

თავი 14. უდებებაში მყოფის თვალი მუდამ კარს მისჩერებია და მისი აზრი მნახველს დასტრიალებს. კარმა გაიჭრიალა და ისიც ფეხზე წამოხტება; ხმა მოესმა და - ფანჯარაში იჭვრიტება, არ შორდება მას, ვიდრე არ გაშტერდება. დახსნილობაში მყოფი, როცა კითხულობს, ხშირად ამთქნარებს და მალევე ერევა თვლემა, სახეს იზელავს, ხელებს ფარჩხავს (იზმორება. - მთარგმ.) და კედელს აშტერდება; შემდეგ კვლავ წიგნს უბრუნდება, ცოტას გადაიკითხავს, გადაფურცლავს, ცნობისმოყვარეობას იჩენს სიტყვათა დასასრული იხილოს, გვერდებს ითვლის, იწყებს მთელი რიგი ფურცლების მორთვას (იგულისხმება საწერ-კალმით. - მთარგმ.), რითაც ხელწერასა და მის მორთულობას ამახინჯებს. დასასრულ, ხურავს წიგნს, იდებს თავქვეშ და არცთუ ღრმა ძილს ეძლევა, რამეთუ უკვე შიმშილი აღაგზნებს მის სულს და აიძულებს საკუთარ თავზე იზრუნოს. დახსნილობაში მყოფი მონოზონი მცონარებას იჩენს ლოცვაში და ზოგჯერ საერთოდაც არ ლოცულობს. როგორც ავადმყოფი ვერ იტანს მძიმე ტვირთს, ასევე უდები ვერ იქნება გულმოდგინე ღვთიურ საქმეებში. ის ფიზიკურმა ძალამ დატოვა, ეს კი - სულიერმა. უდებებისაგან კურნავს მდგრადობა, ყოველგვარი საქმის დიდი გულმოდგინებითა და ღვთისმოშიშებით აღსრულება. ყოველგვარ საქმეში განსაზღვრე საზომი და იმაზე უწინ ნუ მიატოვებ, ვიდრე არ დაასრულებ, ასევე გონიერად და მოუშორებელად ილოცე და სული უდებებისა განგშორდება შენ.

ცუდმედიდობაზე

თავი 15. ცუდმედიდობა უგუნური ვნებაა და მოხერხებულად მიერთვის ყოველგვარ სათნოების საქმეს. წყალზე გავლებული ხაზიც განქარწყლდება და სათნო საქმეც - ცუდმედიდურის სულში. წიაღში დაფარული ხელიც (იხ. გამოსვლათა 4, 6) თეთრი შეიქმნა და დაფარული საქმეც სინათლეზე მეტად გამობრწყინდება. სურო გარშემო ეხვევა ხეს და როდესაც კენწეროს მიაღწევს, ფესვს უხმობს, ცუდმედიდობა კი სათნოებებთან ერთად იზრდება და არ ტოვებს მათ მანამდის, ვიდრე სავსებით არ წაართმევს ძალას. ვაზიდან მიწაზე ჩამოდებული ყურძნის ტევანი ლპება და სათნოებაც იღუპება, რომელიც ცუდმედიდობას ეყრდნობა.

ცუდმედიდური მონოზონი - მუქთი მკეთებელია, შრომობს, საზღაურს კი არ იღებს, ძირგახვრეტილ ტომარაში არაფერი ჩერდება, და ცუდმედიდობაც ღუპავს სათნოების საზღაურს. ცუდმედიდურის თავშეკავება - კვამლია ბუხრიდან, ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება. ქარი შლის ადამიანის ნაკვალევს, და ცუდმედიდობაც არაფრად აქცევს მოწყალებას. ზევით ასროლილი ქვა ცას ვერ მიაღწევს, და კაცთმოთნის ლოცვა ღმერთს არ მისწვდება.

თავი 16. ცუდმედიდობა წყალქვეშა ქვაა: თუ დაეჯახები, დაღუპავ ტვირთს. კეთილგონიერი კაცი მალავს საგანძურს, და საზრიანი მონოზონი - სათნოებით ნაღვაწს. პატივმოყვარეობა გირჩევს ფოლორცზე ილოცო, პატივმოყვარეობისაგან თავისუფალი კი თავის სენაკში ლოცულობს. უგუნური ადამიანი საჯაროდ აცხადებს თავის ქონებაზე და ბევრს ბოროტ ჩანაფიქრს უჩენს საკუთარი თავისადმი. შენ კი, ვიდრე გზას ადგეხარ, სადაც ავაზაკებიც მიმოვლენ, დამალე, რაც გაქვს, ვიდრე არ გახვალ სამშვიდობოს, იქ კი უსაფრთხოდ ისარგებლე შენი სიკეთით. ცუდმედიდურის სათნოება - მსხვერპლია შებღალული და არ შეიწირება ღვთის სამსხვერპლოზე (იხ. ლევიტელთა 22, 22).

უდებება ასუსტებს სულიერ ძალებს, პატივმოყვარეობა კი ძაბავს ღვთისგან განვარდნილ გონებას, სნეულს აჯანმრთელებს, მოხუცს ჭაბუკზე მეტად აძლიერებს, თუკი ბევრი მოწმე ჰყავს იმას, რაც კეთდება; მაშინ უადვილესია მარხვაც, მღვიძარებაც, ლოცვაც, რამეთუ მრავალთაგან შექება აღვიძებს გულმოდგინებას. შენ კი ნუ გაყიდი ღვაწლს ადამიანური დიდებისათვის და მომავალ დიდებას არაფრისმაქნის შექებაში ნუ გაცვლი. ადამიანური დიდება მტვერში გორავს, და ქება მისი მიწაზე რჩება, ხოლო სათნოებათა დიდება ჰგიეს უკუნისამდე.

ამპარტავნებაზე

თავი 17. ამპარტავნება სიმსივნეა სულში, აღვსილი უვარგისი სისხლით: თუკი მომწიფდება, გასკდება და დიდ უსიამოვნებას გამოიწვევს. ელვა - ქუხილზე მიანიშნებს, ამპარტავნებაზე კი პატივმოყვარეობა გვამცნობს. დიდ სიმაღლეზე ადის ამპარტავნის სული, იქიდან კი უფსკრულში ვარდება. ამპარტავნებით დასნეულებულა, ვინც ღვთისაგან განმდგარა და საკუთარ ძალებს მიაწერს კეთილ საქმეებს. როგორც ობობას ქსელზე შემდგარი ვარდება და ქვევით მიექანება, ასევე ეცემა საკუთარ ძალებზე დაიმედებული. უხვი ნაყოფისაგან ხის ტოტები დაბლა იხრება და მრავალი სათნოებისგან აზროვნების ხასიათი თავმდაბალი ხდება. დამპალი ნაყოფი არად არგია მიწათმოქმედს, ამპარტავნის სათნოება კი მიუღებელია ღვთისთვის. ლატანს* უჭირავს ნაყოფით დახუნძლული ტოტი, და ღვთის შიშს - სათნო სული. როგორც ნაყოფის სიმძიმე ტეხს ტოტს, ასევე სიამაყე დასცემს სათნო სულს.

ნუ გადასცემ ამპარტავნებას შენს სულს და არ იხილავ საზარელ ზმანებებს, რადგანაც ამპარტავნის სული ღვთისგანაა დატოვებული და ქცეულა ეშმაკთა თავშესაქცევად. ამაყი ღამით უამრავ თავდამსხმელ მხეცს წარმოიდგენს, დღისით კი მხდალი ფიქრები აკრთობს; თუ სძინავს, ხშირად წამოხტება ხოლმე, ხოლო ფხიზლობისას ფაჩუნიც კი აშინებს. ფოთლების შრიალიც კი თავზარს სცემს ამაყს და წყლის რაკრაკი ამუნათებს მის სულს. რამეთუ იგი, ვინც სულ ეხლახანს ეწინააღმდეგებოდა ღმერთს და უარყოფდა მის შეწევნას, შემდგომ უმნიშვნელო მოლანდებებსაც კი უშინდება.

თავი 18. ამპარტავნებამ მთავარანგელოზი ციდან გარდამოსთხია და ელვასავით მიწაზე დასცა. თავმდაბლობას კი ადამიანი ცად აჰყავს და ანგელოზთა თანამოდასეობისათვის განამზადებს. რად ჰმაღლოი, კაცო, და ზესთა ღრუბელთა აღიწევი მაშინ, როცა ბუნებით ხრწნადი და ლპობადი ხარ? დაუკვირდი შენს ბუნებას, შენ მტვერი და მიწა ხარ, მალე მტვრად განიბნევი; ამჟამად მედიდური ხარ, მალე კი მატლი იქნები! რად სწევ მაღლა ქედს, რომელიც მალე გაიხრწნება?

დიდებულია ადამიანი, როდესაც მას ღმერთი შეეწევა, მაგრამ როგორც კი დატოვებს ღმერთი, შემცნობელი ხდება ბუნების უძლურებისა. ყოველგვარი სიკეთე შენ ღვთისაგან მიგიღია, და რისთვისღა თავმომწონეობ სხვისით, როგორც საკუთარით? რისთვის მაქებარობ ღვთის მადლით, როგორც შენი საკუთარი მონაპოვარით? აღიარე მომნიჭებელი და ნუ აღიმაღლებ თავს დიდად; შენ - ქმნილება ხარ ღვთისა, ნუ შეურაცხჰყოფ შემქმნელს. ღმერთი შეგეწევა შენ, ნუ უარჰყოფ კეთილისმყოფელს. ცხოვრების კენწეროზე მოჰქცეულხარ, მაგრამ ღმერთი იყო შენი გზამკვლევი. წარმატებებს მიაღწიე სათნოებებში, გარნა მოქმედებდა შენში ღმერთი. აღიარე აღმამაღლებელი, რათა მტკიცედ იდგე სიმაღლეზე. სცნე შენი თანატომელი, იგიც შენნაირი არსებაა. ქედმაღლობით ნუ უარჰყოფ ნათესაობას.

თავი 19. იგი თავმდაბალია, შენ კი მზაობარი, თუმცა კი ერთმა შემოქმედმა შეგქმნათ ორივე. ნუ შეურაცხჰყოფ თავმდაბალს: ის შენზე მტკიცედ დგას, მიწაზე დადის და მალე არ ეცემა; მაღლა ასული კი თუ დაეცემა, დაიმსხვრევა. ამპარტავანი მონოზონი ხეა, რომელსაც ღრმა ფესვები არა აქვს და ამიტომაც ქარს ვერ უმკლავდება. არაამაყი ხასიათის ფიქრები კი გალავნით შემოზღუდული ქალაქია: მის ბინადართ არაფერი აშინებთ. ბალახის ღეროს ქარის ქროლვა მაღლა იტაცებს, ამპარტავანს კი მზვაობრობა ასტყორცნის ზევით. გამსკდარი ბუშტი არარაობად იქცევა, და ამაყის ხსოვნა სადღა იქნება.

თავმდაბლის სიტყვა სულისთვის მალამოა, ამაყის სიტყვა კი მკვეხარობითაა გაჟღენთილი. თავმდაბლის ლოცვა ღმერთამდე აღწევს, ამაყის ლოცვა კი ღმერთს შეურაცხყოფს. თავმდაბლობა სახლის გვირგვინია და იქ შესულს უსაფრთხოდ დაიცავს. როცა სათნოებათა მწვერვალს მიაღწევ, მაშინ დიდი საჭიროებაა სიფრთხილისა, რამეთუ იატაკზე მდგარი რომც დაეცეს, მალევე წამოდგება, ხოლო სიმაღლიდან ჩამოვარდნილს შესაძლოა სიკვდილიც დაემუქროს. ძვირფას ქვას ოქროს კრკალი (ბუდე) შეჰფერის, ხოლო თავმდაბლობა კაცისა მრავალფერი სათნოებებით ბრწყინავს.


თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო