Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მღვდელთა პატივისცემის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მთელი ყურადღებით მოვეპყრათ მათ, რომელთაც მინდობილი აქვთ მადლმოსილ ნიჭთა საშუალებით მოქმედების უფლება. ჭეშმარიტად უდიდესია მღვდელთა ღირსება! ნათქვამია, ვისაც ისინი მიუტევებენ ცოდვებს, მიეტევებათ. ამიტომაც გვეუბნება პავლე: დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ (ებრ. 13:17). და უმეტესად შერაცხენით იგინი სიყუარულით (1 თეს. 5:13) მართლაც, შენ ზრუნავ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე და თუ მათ კარგად წარმართავ, სხვა ადამიანების მიმართ პასუხს არ აგებ. მღვდელი კი, თუნდაც კარგად ააწყოს პირადი ცხოვრება, თუ სათანადო ძალისხმევას არ დახარჯავს მათზე, რომლებზე ზრუნვაც აქვს მინდობილი, მაშინ ცოდვილებთან ერთად წავა გეჰენიაში; ხშირად იგი, თავად უდანაშაულო, წარიწყმიდება თქვენი ურჯულოების გამო, თუ ჯეროვნად არ შეასრულებს ყველაფერს, რისი შესრულებაც მას ევალება.
მაშ, რაკი იცით, რა დიდი საფრთხე ემუქრება მღვდლებს, განსაკუთრებული სიყვარულით მოეპყარით მათ. ამაზე მიუთითებს პავლე: იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს უბრალოდ კი არა, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ

(ებრ. 13: 17). ამიტომაც უნდა გვქონდეს დიდი პატივისცემა მათ მიმართ. თუ თქვენ, სხვებთან ერთად, დაიწყებთ მათ შეურაცხყოფას, საქმეები არ წაგივათ კარგად. სანამ მესაჭე ყოჩაღად არის, გემზე მყოფნიც უსაფრთხოდ არიან. როგორც კი მას მგზავრთაგან გამოჩენილი მტრობა და შეურაცხყოფა დათრგუნავს, იგი უწინდებურ მხნეობას დაკარგავს; ვერც თავისი ჩვეული ოსტატობით მოქმედებას შეძლებს და უნებლიედ ურიცხვ ფათერაკსაც შეამთხევს მათ. იგივე ითქმის მღვდლებზედაც: თუ ისინი თქვენგან პატივისცემას იგრძნობენ, შეძლებენ, სათანადოდ მოგიგვარონ საქმენი; თუკი გულს ატკენთ, ამით შეასუსტებთ მათ შემართებას და ისე იზამთ, რომ მათაც (დიდი მონდომების მიუხედავად) და თქვენც იოლად გაგიტაცებთ ზღვის ტალღები. დაუფიქრდი ქრისტეს ნათქვამს იუდეველთა შესახებ: საყდარსა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ (მთ. 23:2-3). ახლა ვეღარ ვიტყვით, რომ მღვდლები მოსეს საყდარზე დასხდნენ; არა, ისინი დასხდნენ ქრისტეს საყდარზე, რადგან შეიწყნარეს სწავლება ქრისტესი. ამიტომაც ამბობს პავლე: ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ (2 კორ. 5:20).

ნუთუ ვერ ხედავთ, ყველა როგორ ემორჩილება საერო ხელისუფლებას. მართალია, ქვეშევრდომნი ხშირად აღემატებიან მმართველებს თავიანთი გვარიშვილობით, ცხოვრების წესითა და სიბრძნით, მაგრამ ისინი პატივს მიაგებენ მას, ვინც ხელისუფალნი დაადგინა; არაფერს განიხილავენ - უბრალოდ პატივს სცემენ მეფის განჩინებას; არც იმას არკვევენ, როგორია ის, ვინც მათზე მოიპოვა მმართველობა. ასეთი შიში და რიდი გვაქვს კაცის მიერ დადგინებული მთავრის მიმართ! ხოლო ღვთის მიერ ხელდასხმულს მოვიძულებთ კიდეც, შეურაცხვყოფთ კიდეც და უთვალავი ყვედრებითაც არ ვასვენებთ. მაშინ, როცა მოძმეთა განკითხვაც კი გვეკრძალება, მღვდლებზე ვილესავთ ენას! თავს რით გავიმართლებთ, როცა საკუთარ თვალში ვერ ვხედავთ დვირეს, სხვისაში კი ბოროტი მოშურნეობით აღმოვაჩენთ წუელს?! ნუთუ არ იცი, რომ სხვათა ამგვარი განკითხვით საკუთარ თავსაც უმზადებ უმძიმეს განკითხვას?! ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ვიწონებ უღირს მღვდელმსახურებს; არა - მე მეტისმეტად მებრალებიან ისინი და ვგლოვობ მათზე. და მიუხედავად ამისა, ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევაშიც ქვეშევრდომთ, განსაკუთრებით კი უბრალო ხალხს, არ აქვთ მათი განკითხვის უფლება, თუნდაც მღვდლის ცხოვრება მანკიერზე მანკიერი იყოს... უფალმა სახედარი აალაპარაკა და მოგვის პირით გასცა სულიერი კურთხევანი; თუ უფალი პირუტყვისა და უწმინდური ბალაამის ენით მოქმედებდა უმადურ იუდეველებზე, მით უფრო მოგხედავთ თქვენ. თუკი დიდსულოვანნი იქნებით, ღმერთი თავის მხრივ მოიმოქმედებს ყოველივე სათანადოს და თუნდაც უკიდურესად მანკიერი მღვდლების მიერ გარდმოგივლენთ სულიწმიდას. უმწიკვლო მღვდელიც კი ვერ იზიდავს სულიწმიდას თავისი სიწმინდით - ყველაფერი მადლისმიერ აღესრულება. ყოველივე თქუნი არს, - გვეუბნება მოციქული, - გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა (1 კორ. 3:22). ყველაფერი, რაც მღვდელს ჩაჰბარდა, მარტოოდენ ღვთისგან არის და მისი ძღვენია. რამდენადაც უნდა წარემატოს კაცობრივი სიბრძნე, იგი ვერასდროს აღემატება ამ მადლს.  

ამას გეუბნებით არა იმიტომ, რომ თქვენ, რომელიმე წინამძღვრის უდებების მხილველმა ქვეშევრდომებმა, ამ საბაბით გაიმრავლოთ ბოროტება. მაგრამ მხოლოდ მღვდლებზე რატომ ვამბობ - განა ანგელოზი, ან მთავარანგელოზი იოტისოდენად მაინც შეცვლის ღვთისგან ნაბოძებს! აქ ყოველივეს ადგენს მამა, ძე და სულიწმიდა, მღვდელი კი მხოლოდ ლაპარაკობს და ხელებს ამოძრავებს... მაშ, რაკი ვიცით ეს ყოველივე, გვეშინოდეს ღვთისა და მოკრძალებით მოვეპყრათ მის მღვდლებს. სრულად მივაგოთ მათ პატივი, რათა ღმერთმა ჩვენი კეთილი საქმეებისთვისაც და მათ მიმართ გამოჩენილი კრძალულებისთვისაც გვიბოძოს დიდი ჯილდო.


86-ე საუბარი ებრაელთა მიმართ 1 ეპისტოლეზე


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო