Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

რატომ არა ხარ ეკლესიაში?
წინასიტყვაობა


ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ამ წიგნზე ასეთი მოთხოვნილება იქნებოდა და რამდენიმე წელიწადში მოგვიხდებოდა მეათე გამოცემის მომზადება რამდენიმე ათასიანი ტირაჟით.

იგი, ყოველგვარი რეკლამისა და პრეზენტაციის გარეშე გადადიოდა ხელიდან ხელში და ვრცელდებოდა ყველგან. ამ წიგნის ყოველი წამკითხველი თავს ვალდებულად თვლიდა ერჩია მისი წაკითხვა სხვებისთვისაც. აი, რას გვწერს ერთ-ერთი გიმნაზიის დირექტორი ვ. ტროკასი: „დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი წიგნი. გილოცავთ და მადლობას გიხდით საეკლესიო ცხოვრების საკითხების განმარტებისათვის. კარგი იქნებოდა ამ წიგნის გავრცელება ქრისტიანულ ოჯახებში“.

ჟურნალი „ენორია“ წერს: „ეს წიგნი პატარა, მაგრამ ბევრის მომცველია. იგი ეძღვნება, ეკლესიაში, წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე. შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები, რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განილიხავს ამ ყუარყოფითი მოვლენის ბუნებას. უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე, მაგრამ ღრმა განმარტებით.


ამ წიგნის უდავო ღირსებები გვავალებს მის ფართოდ გავრცელებას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რა ცოტა ხალხი ცხოვრობს დღეს ეკლესიურად. ამით დიდი სარგებლობას მიიღებს ხალხიც და წმინდა ეკლესიაც“.

უამრავმა ადამიანმა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ დადიოდა ტაძარში, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება! ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეეკითხა კუნძულ პარნისზე მცხოვრებ გემის მეპატრონეს, დადიოდა თუ არა ის ეკლესიაში. მან უპასუხა, რომ დრო არა აქვს და თანაც რევმატიული ტკივილები აწუხებს. მაშინ ქრისტიანმა მას ეს წიგნი აჩუქა. სამი დღის შემდეგ გემის მეპატრონე უკვე წმ. სამების ტაძარში იყო და მას შემდეგ რეგულარულად დადიოდა იქ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ წიგნის მეოცე გამოცემაც სასარგებლო იქნება. კარგია, თუ ის შევა ყველა სახლში. მკითხველო, ამაში შენც შეგიძლია დაგვეხმარო. მოთმინებით და გულმოდგინებით გაავრცელე ეს წიგნი და მიიღებ ჯილდოს ღვთისაგან. შენც გააკეთე ის რასაც ბევრი სხვა უკვე აკეთებს. ისინი ჩუქნიან ამ წიგნს თავის ნაცნობებს და შედეგიც არ აყოვნებს. ტაძრები ივსება, ვინც ადრე არ დადიოდა ეკლესიაში, მოდის მთელი ოჯახით.

აი, ერთი მორწმუნის მონათხრობი: „მე ვიყიდე ოთხასორმოცდაათი ცალი წიგნი „რატომ არა ხარ ეკლესიაში?“ და გავუგზავნე მღვდელს მრევლისთვის დასარიგებლად. კვირას, ღვთისმსახურების შემდეგ დაარიგეს ის. ერთი ცალი მეც შემხვდა. გავიდა ცოტა ხანი. ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავ ხალხით გავსებულ ტაძარს“.


არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

თავი I

 

1. გიფიქრია თუ არა ამის შესახებ სერიოზულად?

მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. შეიძლება, მუდამ დადიხარ ტაძარში, ანდა სულაც დიდი ხანია განდგომილი ხარ მისგან. შეიძლება საერთოდ არ დადიხარ წირვაზე ან იშვიათად გამოჩნდები, მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე: აღდგომის, სობის ან ნათლისღების.

ან შეიძლება წინა გაქვს კვირები, თვეები და წლები ეკლესიაში სასიარულოდ და ერთი მსახურების გაცდენის შემდგომ იმედი გაქვს მომავალში დასწრებისა. ანდა საერთოდ, საკუთარი თავისათვის ღვთის მფარველობისა და მადლის წართმევით, ეკლესიისაგან განდგომილი მიაღწევ იქამდე, რომ თვითონ ვეღარ მიხვალ და მიგიტანენ... ნუთუ ფიქრობ, რომ ღვთის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტა?

კარგია იცოდე, რამდენ რამეს ართმევ საკუთარ თავს! მაგრამ არ იცი და ამაშია შენი უბედურება. ჩემო მეგობარო, გთხოვ მოიღე მცირეოდენი შრომა, წაიკითხე ეს წიგნი ბოლომდე ყურადღებით და დარწმუნდები, რომ ტაძარში სიარული სასარგებლო და აუცილებელია.

2. ეკლესიაში ყოფნა - აუცილებელია

გაგიგონია ალბათ, როგორ ამტკიცებენ დაუფიქრებელი ან ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები, ტაძრები - მღვდლების მოგონილია საკუთარი გამდიდრებისთვისო. ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს! მაშინ თონე ხაბაზების მოგონილი ყოფილა, ხოლო სასტუმროები მათი მეპატრონეების ნააზრევი, წყალი კი - მეთულუხჩეებისა. მაგრამ ჩემო ძვირფასო, აუცილებელია რომ არ იყოს ჭამა, სმა, ანდა ძილი, არ ვისარგებდით თონეებით, ჭებით და სასტუმროებით. აუცილებელი რომ არ იყოს ეკლესიაში სიარული, ხალხი ტაძრებს არ ააშენებდა, ეკლესია კი, სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ეკლესიაში სიარულის აუცილებლობის გრძნობა ყველა დროის ხალხებს ჰქონდათ, ამიტომ ტაძრებს და საკურთხეველებს ყველა ქვეყანაში აშენებდნენ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებზე. ქალაქების ცენტრებში და მთებზე, მაღალ სანაპიროებზე და ბორცვებზე, მინდვრებში და კუნძულებზე - ყველგან, სადაც თავისი კვალი დატოვა ცივილიზაციამ, არქეოლოგიის წერაქვი პოულობს დადებულ საეკლესიო ნაგებობებს. ისინი საუკეთესონი არიან ყველა სხვა შენობებს შორის. პართენონი, სოლომონის ტაძარი, წმინდა სოფია და ბევრი სხვა საუკუნოდ დარჩებიან არქიტექტურის საოცრებად.

ჩვენს დროშიც შენდება მრავალი ახალი ტაძარი. ყველგან მოჩანს მონასტრებისა და სამრეკლოების დიდი და პატარა გუმბათები. და ყოველივე ეს ჩვენი სახლიდან ორ ნაბიჯზეა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის ისინი აუცილებელია, როგორც წყალი და ჰაერი არის აუცილებელი პირობა ჩვენი არსებობისა, ასევე ჩვენს სახლებთან მდებარე ტაძრები არის ძირითადი წყარო ადამიანის სასიცოცხლო ძალებისა.

ამქვეყნად მოვლინებულნი, უკვე მადლობელნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა. ღმერთი კი მათი პატივისცემისათვის ჯილდოსაც გვპირდება და თანაც აქ, ამ ცხოვრებაში: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარ-სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მოგცემს შენ“. მაშ ასე, წარსულისათვის მადლიერებით შენ იძენ მომავალს. მშობლებისთვის თქმული მადლობის სიტყვა წავა უფრო შორს, ყველა შენს წინაპართან. და ასე უკან მიმართულებით, აზრობრივი ხედვით, აუცილებლად შეხვდები შემოქმედს. მას როგორღა გადაუხდი მადლობას?

შენმა წინაპრებმა წმინდა ნათლობით მიიღეს მართლმადიდებლის სახელი, ამითვე დააჯილდოვეს მათ შენი სული. ნუთუ ეს მხოლოდ ტრადიციაა? მაშინ რატომ ხდებიან მართლმადიდებლები არა მარტო ბერძნები, რუსები, სერბები, არამედ ფრანგებიც, ამერიკელებიც, იაპონელებიც? ბევრი მართლმადიდებელია სხვა ხალხებს შორისაც. მარტო ეს ფაქტიც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია კი არ არის, არამედ რაღაც უფრო მეტია.

ჩვენს სარწმუნოებას „მართლმადიდებლური“ ჰქვია. ეს ნისნავს ღვთის მართლად, სწორად დიდებას. მტრებიც კი მართლმადიდებლებს გვიწოდებენ, ამით ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ჩვენ ღმერთს მართლად, სწორად ვადიდებთ, სწორ სარწმუნოებაზე ვდგავართ. ამ სიმართლეს სიფრთხილით ვიცავთ უცხო გავლენისაგან, მასთან თუნდაც წვეთი ტყუილის შერევისაგან. სარწმუნოების მტკიცედ დაცვა წინაპრებმა დაგვიბარეს, მათ კი იცოდნენ, რას ნიშნავს ღვთისადმი მადლიერება, რადგანაც თვითონ იკვებებოდნენ ამ ნაყოფით და მისდამი მოფრთხილება ჩვენც გვიანდერძეს.

  თავი II
სარგებელი


1. ეკლესიაში ყოფნა - ადამიანად ყოფნაა

მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც არ დადიან ტაძარში? ნუთუ ისინი ადამიანები არ არიან? თუ მათ არა აქვთ ფეხები, ყურები, თვალები? ჩემო მეგობარო, თვალები, ფეხები და სხვა ორგანოები ცხოველებსაც აქვთ და თანაც უფრო დიდი ზომისა, მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან ადამიანები. ადამიანი ცხოველისაგან განირჩევა არა მარტო გარეგნობით, არამედ ღვთისაგან ბოძებული აზროვნებითაც, რის ერთ-ერთ გამოვლინებასაც ეკლესიურობა წარმოადგენს. თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, ნუ მიწყენთ და იგი ემსგავსება ცხოველს. თვითონ დაფიქრდი: მთელი კვირის განმავლობაში იგი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. მას სძინავს, სძინავს მხეცსაც, ის ჭამს, ჭამს პირუტყვიც, ისვენებს - დასვენება სჭირდება ოთხფეხსაც. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს. ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ივიწყებს, რომ ადამიანია და ეშვება ცხოველური ცხოვრების წესამდე, ველურდება, მხეცად იქცევა. ის შეიძლება ჰალსტუხს ატარებდეს, დადიოდეს სუფთად გაპარსული, მაგრამ მისი გული - მხეცის გულია.

2. საზოგადოებრივი ბედნიერების წყარო

რისგან იტანჯება დღეს საზოგადოება? ძლიერთ ამა ქვეყნისა მტრობისა და განხეთქილებისაგან, საკუთარი თავის სიყვარულისა და გულქვაობისაგან, უსამართლობისა და ტყუილისაგან. ტაძარი კი საერთო საქმის სახელოსნოა, საზოგადოებრივი სამართლიანობის საოცარი წყაროა: სახარების კითხვით, ხარებით იშლება საზოგადოებრივი ზღვრები, როგორც იერიქონის კედლები. ადამიანთა დაყოფა, გამოწყვეულია სოციალური განსხვავებით, ტაძრის მიღმა რჩება მდიდარი და ღარიბი, დიდი და პატარა, მაღალი თუ დაბალი მდგომარეობის მქონენი, მეგობრები და ყოფილი მტრები - აქ თანაბარნი არიან და ეზიარებიან ერთი წმინდა ბარძიმიდან. ეკლესიაში ყველანი, ღვთის მონები, საერთო მემკვიდრეობის - ცათა სასუფევლის მქონე ძმები არიან. ლბება მათი გულები, ტაძრიდან უფრო მშვიდნი და თავმდაბალნი გამოდიან, სახლებში უფრო თავშეკავებულები ბრუნდებიან.

თუ ტაძარში შედის ძუნწი მდიდარი და ესმის სახარების სიტყვები: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე რომელი მოიმზადე, ვისა იყოს?“ მისი სულის გაღიზიანებას იწყებს სინდისის ქენჯნა. ის მოუთმენლად ელოდება სახლში წასვლის დროს. რატომ? საქმე იმაშია, რომ გუშინ მან უსამართლოდ მიითვისა თავისი ძმის ქვრივის ერთადერთი სახლი. ლიტურგიის შემდეგ მიისწრაფვის მასთან შესახვედრად. „მაპტიე, - ეუბნება ის, - არასწორად მოვიქეცი, სახლი შენია. მე გიბრუნებ მას“.

ბევრია ისეთი, ვინც გუშინ თავს სჭრიდა საზოგადოებას და ტანჯავდა ოჯახს, მაგრამ ეკლესიაში მოსვლამ შეცვალა.

პირეაში ცხოვრობდა ერთი ხულიგანი. იგი ადრე დაობლდა. თორმეტი წლიდან დაიწყო ქურდობა. ჩაეფლო ცხოვრების ჭაობში. მისი მეგობრებსაც კი ეშინოდათ. მისი ეშინოდა ცოლსაც და ოჯახსაც. გალოთდა, ღამე გვიან ბრუნდებოდა სახლში.

ერთმა მეწაღემ დაიყოლია, წასულიყო კვირა დღეს ტაძარში. მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ იქ მყოფნი არ ჰგავდნენ მის მეგობრებს. მან დაიწყო ეკლესიაში სიარული, ჩააბარა აღსარება. მიატოვა სმა და ნარკოტიკები, ფული სახლში მიჰქონდა, ხელი მოჰკიდა ბავშვების აღზრდას და მათთან ერთად დადიოდა ტაძარში, გარშემო მყოფთ მეგობრულად ექცეოდა. თვითონ კითხვა არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის თან ატარებდა სულის განმანათლებელ წიგნს, რათა სხვებისთვისაც სარგებლობა მოეტანა. ასე ეკლესიაში მისვლით დაიწყო მისი ცხოვრების შემობრუნება.

ერთხელ, ერთმა უხასიათოდ მყოფმა პორტის მუშამ სილა გააწნა, მაგრამ მან არ უპასუხა. კაფეში სადილობისას, ყველა, ვინც მას იცნობდა, მსჯელობდა მომხდარზე. „დღეს, - ამბობდნენ მუშები, - ვიხილეთ საოცრება. ბატკანი მგელს სცემდა, მგელი კი არ გაბრაზებულაო“.

იც, ვინც ეკლესიაში დადის, საზოგადოების უკეთეს ნაწილს წარმოადგენს. შევადაროთ ეკლესიაში მოსიარულე ათასი კაცი და ათასი - მის გარეთ მყოფი. დანაშაულებათა პროცენტი მორწმუნეებში ნაკლებია. სამართლიანად ამბობენ, რომ როდესაც ტაძრები იხურება, იხსნება საპატიმროები და პირიქით, როდესაც ტაძრები იხსნება - საპატიმროები იხურება.

3. სულიერი კეთილდღეობის წყარო

ქრისტიანები ყველა თავგამოდებული მოღვაწეები როდი ვართ. არიან ზომიერები, ზარმაცები, ნელთბილებიც - ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს მხოლოდ. რა გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვფხიზლდეთ, გამოვიდეთ სულიერი უძრაობის მდგომარეობიდან და აღვენთოთ შინაგანად? ბიძგი, დახმარების ხელი, შესაფერისი ატმოსფერო და თბილი, სიცოცხლის მომნიჭებელი გარემოცვა.

რა თქმა უნდა ეკლესიური გარემო, მისი მშვიდი ატმოსფერო გვმატებს სულიერებას. ნუთუ არ ვიცით ეს გამოცდილებით? ფსალმუნები, ჰიმნები, სადიდებლები, ღვთისმსახურების ლოცვა-კურთხევა, ლოცვები, საკმევლის კმევა, წმინდანთა ხატები და პირველ რიგში საღმრთო ლიტურგია აღგვამაღლებს.

გარემოცულნი ვართ მორწმუნეთა თბილი ღვთისმოსაობით, მრევლის გულისამაჩუყებელი წუხილით. მათი რწმენის წმინდა ცეცხლი ჩვენს სულებსაც გადმოეცემა. რამდენჯერ დაგვიჩოქია, როდესაც სხვები მუხლმოყრილნი დაგვინახავს! რამდენჯერ გვიღვრია ცრემლები, გულაჩუყებულ გარშემომყოფთა დანახვით აღელვებულებს! რამდენჯერ გამოვსულვართ ტაძრიდან განახლებული სულით და მტკიცე გადაწყვეტილებით, უფრო სერიოზული და ამაღლებული გავხადოთ ჩვენი შინაგანი ცხოვრება! ეჭვგარეშეა, ეკლესიაში ყოფნა სულიერად აღგვამაღლებს.

4. ძალთა განახლების წყარო

ამბობენ, რომ საქმიანობის სახის შეცვლაც კი განაახლებს ძალებს. ამიტომ გამოჩენილი პოლიტიკოსები თავისუფალ დროს ხატავენ ან რაიმე სხვა საქმიანობას ეწევიან. მაგრამ ეკლესიაში სიარული უკეთესად განახლებს ჩვენს სულს.

საფრანგეთის რევოლუციის დროს, მისმა ლიდერებმა იმ მიზნით, რომ შეესუსტებინათ ეკლესიის ზეგავლენა, აკრძალეს კვირას დასვენება. იმ ანგარიშით, რომ ცხრა სამუშაო დღე გაზრდიდა წარმოების მოცულობას, კვირა დღის დასვენება გადაიტანეს. კონგენტის დადგენილებით უქმე უნდა ყოფილიყო არა ყოველი მეშვიდე დღე, როგორც ღმერთმა დაადგინა, არამედ მეათე. მაგრამ მალე რევოლუციონერები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებოდნენ კვირა უქმეს, რადგანაც ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებდა ცხრა დღის გადაბმულ შრომას. შემოქმედმა უკეთესად იცოდა ადამიანი, როდესაც მცნებად დაუდო მას: „ექუს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა“.

დასვენება არ ნიშნავს, რომ მთელი ღამე ფილმებს უყურო, ან იმხიარულო საღამოებზე, შემდეგ შუაღამემდე იძინო და გააცდინო საკვირაო მსახურება. არ არის საჭირო ახლობელი ბავშვების და მოხუცების წაყვანა ზღვაზე საბანაოდ ან მთაში სასეირნოდ, ტაძრებიდან შორს. დასვენება - ეს არც რომანების კითხვაა, არც უხამსი ჟურნალების ფურცვლა და არც თავაშვებული დროსტარება. ყოველივე ეს სულში ჭუჭყიან ლაქებს ტოვებს და ამახინჯებს არა მარტო სულს, არამედ ხორცსაც.

5. დაცვა და ღვთის მფარველობა

ცხოვრებაში ბევრი საზრუნავია, ბევრი გაჭირვება, ბევრია გამოცდაც. ვის მივმართოთ დახმარებისათვის? ძლიერთა ამა ქვეყნისა? მაგრამ ისინი ყურადღებას არ მოგვაქცევენ და არც ყველა სიტუაციაში შეუძლიათ დახმარება. და მოდიან ადამიანები ეკლესიაში, როგორც ქარიშხალს გამორიდებული გემები ბრუნდებიან ნავსადგურში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ღმერთმა დააარსა ეკლესია, როგორც ნავსაყუდელი, რათა ცხოვრების ზღვის ხმაურისა და მღელვარებისაგან შეფარებული ხალხი დატკბეს დიადი სიმშვიდით“. ეკლესიაში იძენ ძალებს, რათა წინ აღუდგე ცხოვრებისეულ უწესრიგობას. „უფალო, გევედრებით, ყოველივე ჩვენზედა მოწევნული ჩვენდა სასიკეთოდ მოაქციე. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიჰმადლე მათ. მოგზაურთა თანამავალ ექმენ. განმწმინდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცისა და სულისა“. თუ ტაძარში დადიხარ, უფალი გიცავს ყოვეგვარი თავდასხმისა და უბედურებისაგან, რომლებზედაც შენ წარმოადგენაც კი არა გაქვს.

თეოდოსი დიდის დროს, კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს ვინმე თეოფილე, მშობლებისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ დასთანხმდა გამხდარიყო მონა, რათა მის მოხუც მამას საკვები ჰქონოდა! გამომშვიდობებისას მამამ უთხრა: „შვილო, რა დავალებაც არ უნდა მოგცენ, კვირას აუცილებლად მიდი ტაძარში. ლიტურგიას ბოლომდე დაესწარი, შემდეგ კი შენს საქმეებს შეუდექი“.

თეოფილეს მყიდველი, იმპერატორის კარზე დაწინაურებულ, პატრიცი კონსტანტინეს ძალიან შეუყვარდა იგი კეთილი ხასიათის გამო და ყოველთვის თან დაჰყავდა. ერთხელ, იმპერატორთან მიმავალ კონსტანტინეს, სიჩქარეში, დაავიწყდა საქაღალდე მნიშვნელოვანი დოკუმენტებით. სახლში საქაღალდისათვის მიბრუნებულმა თეოფილემ ნახა, რომ პატრიცის ცოლი ღალატობდა ერთ მონასთან.

უსინდისო ქალმა, თავისი დანაშაულის დასაფარად სახლში დაბრუნებულ ქმარს უთხრა: „ამ მონას, რომელიც სულ თან დაგყავს ჩემი ცდუნება უნდოდა და გამაუპატიურებდა კიდეც ჩემს ყვირილზე სხვა მონა რომ არ მომშველებოდა. შენ ან მოკლავ მას დამსახურებისამებრ, ანდა მე წავალ ჩემს მამასთან“. დამნაშავემ დაარწმუნა ქმარი, რათა სიკვდილით დაესაჯა თეოფილე. პატრიცი მოელაპარაკა ეპარქს, რომ მისი მონისათვის თავი მოეკვეთათ, და მოჭრილი თავი მისთვის გამოეგზავნათ. სასჯელის აღსრულება მომდევნო დღისათვის დათქვეს. დილით პატრიცი კონსტანტინემ უთხრა თეოფილეს: „წადი ეპარქთან, მიესალმე ჩემი სახელით და ის მოგცემს პასუხს, რომელსაც ველოდები“. თეოფილე, რომელმაც არაფერი იცოდა, წავიდა ეპარქთან, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძართან შეჩერდა. მიდიოდა ლიტურგია. ის შევიდა ტაძარში და ბოლომდე დაესწრო მას.

ამ დროს დამნაშავე მონა ადგილს ვერ პოულობდა, მოუთმენლად ელოდა ეპარქის მიერ გამოგზავნილ ხალხს თეოფილეს თავით. „ბატონო, - უთხრა მან კონსტანტინეს, - ხომ არ წავიდე ეპარქთან პასუხის მოსატანად?“ „წადი!“ - უპასუხა პატრიციმ. საჩქაროდ გაიქცა უსინდისო მონა ეპარქის სახლისაკენ და მიესალმა მას პატრიცის სახელით. იქ მყოფმა ჯალათმა ჩათვალა, რომ ეს ის მონა იყო, ვისი მოკვლაც პატრიცის უნდოდა და ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოკვეთა მას თავი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა თეოფილე და მიესალმა ეპარქს პატრიცის სახელით. ეპარქმა გადასცა მას დაბეჭდილი ფუთა და მანაც წაუღო თავის ბატონს.

- რა გიჭირავს ხელში? - ჰკითხა მას კონსტანტინემ.

- ამანათი, რომელიც ეპარქმა გამომატანა შენთან!

ტაძარში შესვლამ გადაარჩინა თეოფილე, ხოლო კონსტანტინემ გაიგო სიმართლე და იშვილა იგი.

თეოფილე გადარჩა ტაძარში შესვლით!

ჩემო მეგობარო, ეკლესიიდან ბრუნდები მადლითა და სიხარულით აღსავსე. „მოდი ეკლესიაში, - ამბობს იოანე ოქროპირი, - რათა წახვიდე ციური ძღვენით აღსავსე, რათა ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე უვნებელი, რათა სულიერი იარაღით შეიარაღებულს არ მოგადგეს ზიანი და არ დაემონო ეშმაკს“.

ეკლესიაში მიღებული ღვთის ლოცვა-კურთხევით, შენი საქმეები უკეთესად წავა.

- რატომ მუშაობ კვირას? - ჰკითხა ერთმა ვაჭარმა ხელოსანს.

- იმიტომ, რომ ღარიბი ვარ, - უპასუხა მან.

- რამდენი წელია მუშაობ?

- მთელი ჩემი სიცოცხლე.

- მაგრამ მდიდარი ვერ გახდი! მოდი შევთანხმდეთ, რომ დაიცავ კვირა უქმეს, ექვსი დღე იმუშავე ბეჯითად, ხოლო კვირას წადი ტაძარში. მე შემოვივლი შენთან ნახევარი წლის შემდეგ და დაგიფარავ ზარალს, რომელიც გექნება ეკლესიაში სიარულის გამო...

- აბა, როგორ არის საქმე? - ჰკითხა მან ექვსი თვის შემდეგ.

- არა უშავს, - იყო პასუხი, - ძროხაც ვიყიდე...

მართალი ყოფილა ის, ვინც თქვა: „მე ვიცი გაღარიბების ორი უტყუარი ხერხი: ქურდობა და კვირა დღეს მუშაობა!“ გაიხსენეთ ვის დაცვას ვცდილობთ? ჩვენი ოჯახის წევრების. ასევე ღმერთიც იცავს მათ, ვინც მის ეკლესიას ეკუთვნის.

6. ღვთის მცნება

ძველ აღთქმაში ნათქვამია: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ყავთ იგი“ (გამ. 20, 8). ამისთვის ღმერთმა უბრძანა მოსეს აღთქმის კარვის მოწყობა, რომელიც ღვთისმსახურების ცენტრად იქცა. უფალმა დაწვრილებით განსაზღვრა ყველაფერი, რაც ეხებოდა სამღვდელოების მოვალეობებს და მსხვერპლშეწირვას.

თორმეტი წლის ყრმა იესო იპოვეს ტაძარში. ის შემდეგშიც მუდმივად დადიოდა შესაკრებელში, სოლომონის ტაძარში. „და შევიდა, ვითარცა ჩვეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა“ (ლუკა 4, 16).

მოციქულებიც მორწმუნეებთან ერთად დადიოდნენ ტაძრებში და აღასრულებდნენ ლიტურგიას ქრისტიანთა სახლებში. „და იყვნეს განკრძალულ მოძღვრებასა მას მოციქულთასა და “ ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა (საქ. 2, 42). და იქვე: „და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლმდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა“ (საქ. 2, 46).

მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი გვამცნობს, რომ პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე ყოველ კვირას: „ჩვენ ვაწყობთ ხოლმე კრებებს. ამ დღეს ქალაქებისა და სოფლების ყველა მცხოვრები იკრიბება ერთ ადგილზე და კითხულობენ წინასწარმეტყველთა წერილებს. როდესაც წამკითხველი დაამთავრებს, წინამძღვარი სიტყვით ასწავლის და შეაგონებს ყველას მიბაძონ გაგონილს. შემდეგ ყველა ერთად ვდგებით და აღვავლენთ ლოცვებს. ხალხი გამოხატავს თავის თანხმობას სიტყვით - „ამინ“. ყველა იღებს ზიარებას. იქ არ მყოფთ კი ეგზავნებათ იგი დიაკონთა მეშვეობით“.

ვინც დაარღვევდა მეოთხე მცნებას და ზედიზედ სამ კვირას არ მივიდოდა ტაძარში, ელოდა მკაცრი ეპიტამია - ეკლესიიდან განკვეთა!

„თუ ვინმე, რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და სამი შვიდეულის (კვირის) განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი იყოს, ზიარების უფლება არ მიეცეს“ (VI მსოფლიო კრების მე-80 კანონი).

ანდა როგორ შეიძლება არ დავიცვათ მცნება, მოცემული თვით ღვთის მიერ.

7. ჩვენი დანიშნულება

თუ დაფიქრდებულხარ რა არის ადამიანის დანიშნულება? ღვთის სამსახური! ჩვენ შექმნილნი ვართ ყოვლადუსასრულო და ყოვლადსრულქმნილი ღვთის სამსახურისთვის. თანაც არა აქვს მნიშვნელობა შევიმეცნებთ ჩვენ ამას თუ არა. მსახურება - ეს ყველას საქმეა.

ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია. ბენდიერების ზომა მსახურების პროპორციულია. რაღაც ამდაგვარი ხდება მუსიკოსებში, მხოლოდ მას, ვინც კარგად იცის თავის საქმე, ვინც შეაღწია ჰარმონიის საიდუმლოებებში, შეუძლია დატკბეს მუსიკით. მაგალითად: ბეთჰოვენს მუსიკის მოსმენისას სამოთხეში წარმოედგინა თავი.

მილიონობით მოღვაწენი, მიუხედავად ყოველგვარი გაჭირვებისა და ტანჯვისა, განიცდიდნენ ნეტარებას იმიტომ, რომ მტკიცედ იდგნენ ღვთის სამსახურში.

ჩვენი სურვილები მომავალ ცხოვრებაშიც ღვთისკენ იქნება მიმართული. როგორ შეხვალ ღვთის სასუფეველში და როგორ მიიღებ ნეტარებას, თუ ამ ცხოვრებაში არ დადიოდი ტაძარში და არ ისწავლე ღვთის სამსახური? ის, ვინც არ დადიოდა სკოლაში და არ ისწავლა ანბანი, როგორ შეძლებს უნივერსიტეტში შესვლას?

მომავალ ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერს ნამდვილი შეფასება მიეცემა და ჭეშმარიტებას დავინახავთ, ბევრი მწარედ ინანებს და იტყვის: „რომ მცოდნოდა ამის შესახებ ადრე,“ მაგრამ გვიან იქნება. ვინც არ გაიხარჯა ამ ქვეყნად თავისი დანიშნულების მიხედვით, მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ.

8. ლიტურგია - ღვთისადმი ლოცვის უმოკლესი გზა

ბევრი, ვინც არ დადის ეკლესიაში, ხშირად ასე მსჯელობს: „არ არის სასიში, ღმერთი ყველგან მყოფია, შემიძლია სახლშიც ვილოცო“. რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ სახლში ვერ აღასრულებ საღმრთო ლიტურგიას. ეკლესიაში ლოცვა სულ სხვაა. ეკლესია თვით ქრისტეს სამყოფელია, მას ეკუთვნის სიტყვები: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათთანა ვარ“. თუ კი ორ ან სამ შეკრებილთან არის ქრისტე, როგორი სიხარულით იქნება იქ, სადაც იკრიბებიან ათეულები, ასეულები და ათასაეულებიც კი. ყოველ საქმეს, რაც არ უნდა სთხოვოს ხალხმა ერთად, აკურთხევს უფალი. აღთქმის მიხედვით ეკლესიაში ღვთისაგან ველოდებით თხოვნის აღსრულებას და იგი გვაძლევს მეტს, ვიდრე ვთხოვთ. რომელი მამა არ შეასრულებს შვილების ერთობლივ კეთილ თხოვნას სიხარულით? აი, რატომ არის საჭირო ყველა მორწმუნემ, ვინც ეს იცის, მოიყვანოს ეკლესიაში სხვებიც. რაც უფრო მეტი მოუწოდებს სხვებს, მით უფრო მეტი გაიგებს და გამოეხმაურება. ამიტომაც ეშმაკი ადამიანს ყოველთვის უშლის ხელს და ცდილობს, მოაცილოს იგი ეკლესიას, ომის დროს რას აზიანებს დამპყრობელი პირველ რიგში? კავშირგაბმულობის ხაზებს, რათა მოშალოს მომარაგება.

ერთხელ, კვირა დილით, ერთმა წმინდანმა გვერდი ჩაუარა სამლოცველოს, რომლის სახურავზეც უშფოთველად ეძინა ეშმაკს. მეზობელ სოფელში მისულმა მოღვაწემ დაინახა, როგორ იკრიბებოდა ხალხი ეკლესიაში. გარშემო ეშმაკის ბრბო ირეოდა.

- რა ხდება? - ჰკითხა ერთ მათგანს წმინდადმა, - აქაც ტაძარია, იქაც, რატომ ხართ აქ ამდენი და იქ მხოლოდ ერთი?

- იქ სამლოცველო ცარიელია და ერთი ეშმაკიც კმარა. აქ კი, როგორც ხედავ, ბევრი სამუშაოა - იყო პასუხი.

 გაგრძელება...

 წყარო: orthodoxy.ge

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო