Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დიმიტრის შაბათი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ქართულ საეკლესიო კალენდარში არის ერთი დღე, რომელიც აღნიშნულია როგორც „დიმიტრის შაბათი, მიცვლებულთა ხსენების დღე“. მიცვალებულთა ხსენება ქართველთათვის განსაკუთრებული რამ არის და, შესაბამისად, ამ დღეს მრევლიც ცდილობს არ დატოვოს თავისი მიცვალებულები მოხსენიების გარეშე. მაგრამ რომ ვკითხოთ, რა არის მიზეზი ამ დღის დაწესებისა, იშვიათად ვინმემ შეძლოს ახსნა. არადა, ამ დღეს, ისევე როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაულსა და სახსენებელ დღეს აქვს თავისი დასაბამი.

1380 წლის 8 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულს რუსეთის მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის კულიკოვოს ველზე გაიმართა ბრძოლა, რუსებისა და ოქროს ურდოს ჯარებს შორის. რუსების ჯარს მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი წინამძღვრობდა. ბრძოლა რუსების სახელოვანი გამარჯვებით დამთავრდა, რის გამოც მთავარ დიმიტრის დონელი უწოდა ხალხმა. გამარჯვებულმა მთავარმა გადაწყვიტა პატივით მოეხსენიებინა ის მეომრები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ხსენების დღე მისთვის სათაყვანებელ და ზეციური მფარველის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს (26 ოქტომბერი/ახ.სტ. 8 ნოემბერი) დაუკავშირა. კულიკოვოს ველზე დაღუპულ მეომართა ხსენების დღედ დაწესდა წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების უახლოესი წინა შაბათი. პირველი პანაშვიდი გადაიხადა ღირსმა სერგი რადონეჟელმა.


მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ქართულმა ეკლესიამ დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა, დიმიტრის შაბათი ჩვენშიც აღინიშნებოდა. მეოცე საუკუნეში აღდგა ავტოკეფალია, მაგრამ საეკლესიო კალენდრებში კვლავაც ვხდებით ამ დღის აღვნიშვნას. იტყვის მავანი: რა არის ცუდი მიცვალებულთა ხსენებაში? ცუდი რა უნდა იყოს, ჩვენ ხომ ყოველი წირვისას ისედაც ვიხსენებთ მიცვალებულებს! მაგრამ, ადამიანი გონიერი არსებაა და მის ქმედებებს უნდა ქონდეს გონივრული, გააზრებული მოტივაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მიდგომები არაფრით განსხვავდება უსულო რიტუალიზმისაგან. ეს უკანასკნელი კი ადამიანის სულს არა ქრისტესთვის, არამედ ცრურწმენისთვის უფრო ამზადებს, რისი საშიშროება ყოველთვის არის (1ტიმ. 4,7).

მიცვალებულთა ხსენების განსაკუთრებულ დღეებს ყოველთვის აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. ვთქვათ, მოვიხსენიებთ მიცვალებულებს დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, რადგან ტიპიკონის თანახმად დიდი მარხვის დღეებში, გარდა ამ შაბათებისა არ არის მიღებული პანაშვიდების გადახდა და წესის აგება და, რა დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები, აღინიშნება ყოველთვის შაბათს. დღეს, როცა საეკლესიო პრაქტიკაში დავიწყებულია ეს მოთხოვნა, მიცვალებულთა ხსნების აღნიშნულ დღებს დაკარგული აქვთ თავდაპირველი მნიშვნელობა, თუმცა ასეთად, ანუ მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეებად აღნიშვნა არ არის უსწორო. მოვიხსენიებთ მიცვალებულებს სულთმოფენობის წინა შაბათს და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენგან მიცვალებულნი დააწესოს მოზეიმე ეკლესიაში, რადგან სულთმოფენობა ახალი აღთქმის ეკლესიის შექმნის დღეა. მარგამ რა მოტივაცია გვაქვს ქართველებს დიმიტრის შაბათის აღსანიშნავად? ნებისმიერ სამრევლოს ხომ ისედაც შეუძლია მოილაპარაკოს წინამძღვართან და ნებისმიერ შაბათს ან სხვა დღეს, გარდა კვირისა და დიდი დღესასწაულისა, ილოცოს და უსისხლო მსხვერპლი შეწიროს მიცვალებულთა მოსახსენებლად. იქნებ გვეფიქრა იმაზეც, რომ მამულისა და რწმენისათვის თავდადებულ ქართველ მხედართა სულის სახსენებელი დღე დაგვეწესებინა?!


დეკანოზი ანდრია კემულარია

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო