Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

რწმენასა და ურწმუნოებაზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

რწმენასა და ურწმუნოებაზე


არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ურყევი რწმენა არის ძლიერი ბურჯი და ქრისტე ყველაფერია მორწმუნესათვის
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

თუ შენ გრწამს უფალი იესო ქრისტე, საითგან არის ისა, რომ შენ სოფლის თქმას და ჩვეულებას უფრო უსმენ, ვიდრეღა სახარებას? შენ გრწამს სულიწმიდა, ეკლესია; მაშ რისთვისღა უგდებ ყურს ყოველთა ზღაპართა და სიცრუეთა სოფლიურთა, ანუ ღვთის წინააღმდეგ სიტყვათა ცრუ სწავლულთასა, და არა ისმენ, რასაც გეტყვიან მწყემსნი ეკლესიისანი? რა სარგებელი არს შენთვის, რომ დილით და საღამოთი ღაღადჰყო: „მწამს ღმერთი“ და ცხოვრობ, ვითარცა ურწმუნო.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს გულს ჭეშმარიტებები ქრისტიანობისა. ესაა მიზეზი, რომ ჩვენს გარშემოც ვხედავთ ისეთებს, ქრისტიანები ჰქვიათ და საქმით სრული წარმართები არიან.
წმ. იოანე კრონშტადტელი

რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი სულის არსებობასთან, რადგანაც ერთიცა და მეორეც სულიერი სამყაროს შემადგენელი ნაწილებია.
ღვთისმოსავისათვის გამჩენის არსებობა ისეთივე ნათელია, როგორც საკუთარი ყოფიერება. ნებისმიერი აზრი, კეთილი თუ მრუდე, სურვილი იქნება ეს თუ განზრახვა, სიტყვა თუ საქმე, შესაბამის - სიმშვიდეს ან ღელვას, სიხარულს ან წუხულს იწვევს გულში და ეს კი გახლავთ შედეგი ღვთის (ყველა სულისა და ქმნილების ბატონის) ზემოქმედებისა, რომელიც სწორედ ისე აისახება კეთილ სულში, როგორც მზე წყლის წვეთში: რამდენადაც სუფთაა და კრიალა ეს წვეთი, მით უფრო მკაფიო და ნათელია ანარეკლი, რაც უფრო მღვრიე, მით უფრო მკრთალი, ასე რომ, სულის უკიდურესი დაბინძურება-დაბნელებისას, არეკვლა სრულებით აღარ ხდება და სული უგრძნობელობას ეძლევა, წყვდიაში რჩება და ისეც ხდება, რომ ადამიანს აქვს თვალები და ვეღარ ხედავს, ყურები ასხია და აღარ ეყურება. გნებავთ, ასე გეტყვით, ღმერთის ჩვენდამი მიმართება თერმომეტრისა და ჰაერის ურთიერთდამოკიდებულებას შევადაროთ, ცხადია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლისწყლის აწევ-დაწევა და უცვლელობა, როგორც ვიცით, მთლიანად ატმოსფეროზეა დამოკიდებული, მაშინ როცა ღმერთი მიუხედავად ყველანაირი ზემოქმედებისა, მუდმივად კეტილია და სამართლიანი, უცვლელია.
ჩვენი დამოკიდებულება ღვთის მიმართ, ჩვეულებრივ, არაერთგვაროვანია და ამიტომ სული მუდმივად არაერთგვაროვან მდგომარეობაშია. ეჭვი არაა, როცა იგი ახლოსაა ღმერთთან და რწმენით და კეთილი საქმეებით მიეახლება დამბადებელს, ხალვათია გული და სიმშვიდეს ეძლევა, ასევე, უსათუოდ შფოთი, სივიწროვე და მწუხარება ისადგულებს მასში, თუკი ღვთის ჭეშმარიტებაში, ურწმუნოებითა და მცირედმორწმუნეოით ეჭვი შეაქვს და უჯერო საქმეებს ეძლევა.
წმ. იოანე კრონშტადტელი

თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა, იმიტომ, რომ შენ შეურაცხყავი ღმერთი, მაგინებელს კი ღმერთი არ აძლევს თავის ნიჭებს - "და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოთ თქუენ" (მათ.21,22.) - ესეიგი, თუ ეჭვითა და ურწმუნოებით ითხოვ, ვერ მიიღებო. იქვე იმასაც დასძენს, რომ მტკიცე მორწმუნის სიტყვაზე მთებიც გადაადგილდებიანო: "...უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი და არა შეორგულდეთ, ჰრქუათ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღვასა და იყოს ეგრე." რა გამოდის? თუ დაეჭვდი და ურწმუნოებას დანებდი, ამას ვერ შეძლებ. დაე, ყოველი კაცი სარწმუნოებით ითხოვდესო, ამბობს მოციქული და გვიხსნის: "ითხოვდინ", მაგრამ სარწმუნოებით და ნუ ორგულობით, რამეთუ რომელი ორგულობდეს... "ნუ ჰგონებს კაცი იგი, ვითარმედ მო-რაიმე-იღოს ღმრთისაგან.კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა" (იაკ.1,6,7,8.) დარჭვებული გული, რომელსაც არ სჯერა, რომ მიიღებს ღვთისაგამ სასურველს, ისჯება ამ ეჭვისათვის: ეჭვი ავადმყოფურად აწვალებს, სულს უხუთავს კაცს. და შენმაინც, რომელმაც აგერ უკვე მრავალჯერ გამოსცადე საკუთარ თავზე მისი ყოვლისშემძლეობა, შენ მაინც ნუ შეურაცხყოფ ყოვლისმპყრობელ ღმერთს. ეჭვი გმობაა ღვთისა, სიცრუეა, რომლითაც გული, ან გულში ჩაბუდებული მატყუარა სული გმობს სულს ჭეშმარიტს. შხამიანი გველივით მოერიდე ეჭვს, თუმცა, მორიდება რას კმარა, უგულებელყავ, არანაირი ყურადღება არ მიაქციო. გახსოვდეს, თხოვნისას (ანუ ლოცვისას, როცა ითხოვ), ღმერთი შიგნით მიღებულ, მტკიცე და გადაწყვეტილ პასუხს მოითხოვს შენგან კითხვაზე: გწამს, რომ ძალმიძს ამის გაკეთება? და მხოლოდ გულის სიღრმიდან და მხოლოდ მართალი პასუხი უნდა მოდიოდეს: "მწამს, უფალო". გაიხსენეთ: - "და ვითარცა შევიდა იესო სახლსა, მოუხდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესო: გრწამსა, ვიდარმედ ძალმიძს ესე ყოფად? ჰრქუეს: "ჰე, უფალო". (მათ.9,28) და მოგეცეს შენი რწმენისადა მიხედვით. შენს ურწმუნოებასა და ეჭვს იქნება ასეთმა განსჯამ უშველოს: მე ღმერთსა ვთხოვ: 1) არა ფანტაზიასა და ფიქრში გამოგონილ, არამედ არსებულ სიკეთეებს, ხოლო ყოველივე არსებულს ღვთისაგან ეძლევა და მიეცა არსებობა. რას ამბობს მოციქული? "ყოველივე მის მიერ შეიქმნა, თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა" (იოან.1,3.) - და ეს იმას ნისნავს, რომ მისი ჩარევის გარეშე არაფერი არ არსებობს და თუკი რამ არსებობს, ყველაფერს ან მისგან მიეცა დასაბამი, ან მისი ნებით, ან მისი განგებითაა და არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა მიანიჭა თავის შექმნილს ამის ძალა და უნარი და ღმერთია ამ ყველაფრისა ამჟამად და უწინდ არსებულის სრულუფლებიანი მეუფე. " რომელმან განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არაარსსა მას ვითარცა არსსა" (რომ.4,17.) ასე რომ, არარსებულსაც რომ ითხოვდე, მიდი შექმნაც კი შეუძლია. 2) მე შესაძლებელს ვითხოვ, ღმერთისთვის კი შეუძლებელიც შესაძლებელია. ასე რომ, ამ მხრივაც არაა დაბრკოლება, იმიტომ რომ ღმერთს ისიც კი შეუძლია მოიმოქმედოს ჩემთვის, რაც სრულიად შეუძლებელია ჩემი გაგებით. უბედურება ის გახლავთ, რომ ჩვენს რწმენაში ჭკუამოკლე გონება ობობასავით მიცოცავს და ჭეშმარიტებას ანალოგიების, დასკვნებისა და მსჯელობების ბადეებში ხლართავს. რწმენა უმალ იღებს და ხედავს. გონება შორიდან უვლის და ისე პოულობს ჭეშმარიტებას; რწმენა ერთის სულს მეორესთან აკავშირებს, განსჯა კი - მშვენიერი სულის პატრონს - მშვენიერთან, ანუ მატერიალურთან, ერთი - სულია, მეორე - სხეული
წმ. იოანე კრონშტადტელი

ღმერთი რაკიღა მარადიული ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტების მიმართ ურწმუნოებისა და ეჭვის წამს ვერ ეგუება ჩვენში. ღმერთი რადგანაც რომ სიკეთეა მარადიული, "ყოველ კაცთა ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" - (1 ტიმ.2,4.) და ჩვენც, როგორღაც ღვთის შვილებმა, მთელი გულით უნდა ვუსურვოთ სიკეთე და ცხონება ჩვენს მტრებსაც კი, კიდეც უნდა გავისარჯოთ ამისთვის.
წმ. იოანე კრონშტადტელი

ქრისტე რწმენას მოჰყავს გულში და იქ ავანებს მშვიდობითა და სიხარულით. ამაოდ როდი ამბობენ ღმერთზე: წმინდაა იგი და წმინდათა შორის განისვენებს
წმ. იოანე კრონშტადტელი

ძე მამაშია, სულიწმინდა ძეშია, მამა კი ორივე მათგანშია; ადამიანმა რწმენით იცის ყოველივე ის, რაც უხილავია და გონებით აღსაქმელი, ხოლო რწმენა ესაა სულის ნებაყოფლობითი დათანხმებულობა (იგულისხმება, რომ მორწმუნე სული ნებსით ეთანხმება და იღებს ყოველსავე იმას, რაც ღვთისგან ემცნო, განჩხრეკისა და ლოგიკურ-სილოგიკური განსჯების გარეშე).
წმ. ანტონი დიდი

რაა რთული ღვთის შეცნობა იმისთვის, ვინც მორწმუნეა და ამის მსურველი, ხოლო თუ გინდა, რომ იხილო კიდეც ღმერთი, განჭვრიტე ყოველივე იმის კეთილშობილება და წინაგანგებულება, რაც მისი სიტყვით შეიქმნა და იქმნება, ხოლო ეს ყველაფერი ადამიანისთვისაა.
წმ. ანტონი დიდი

პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპარაკე ამტკიცებს ვითომც შეიძლება, რომ სარწმუნოება ანუ ღვთის სჯული არ ჰქონდეს კაცსა, და ზნეობით, ანუ ყოფა–ქცევით კი იყოს წმიდა და სათნო. მაგრამ ვისაც არა აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი ვერაოდეს ვერ შეიძენს წმიდასა ზნეობასა, ანუ სათნოებასა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთმინებასა, იძულებასა, ესე იგი, სათნოება და სიწმიდე? თუკი ახლაც, როდესაც რომ ცალკე ჩემი სარწმუნოება ხან მაშინებს, ხან მაწვალებს, ხან მანუგეშებს და მით შემაძულებს ცოდვასა, ცალკე სამოქალაქო სჯული ცოდვის და უსჯულო საქმისათვის მექადნის სასჯელსა, ცალკე თვით ჩემი ჭკუა და სინიდისი მამხილებს, რომ მოვერიდო ცუდ საქმეს, მაინც ვხედავ, რომ ცოდვა ძლიერია ჩემს ბუნებაში, იგი მაინც ხშირად წამიტაცებს მე, რაღა იქმნება და რაღა აღმიკრძალავს მე ცოდვის მოქმედებას, თუ სარწმუნოება აღარ არის ჩემს გულში?
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე განქარდებაო. სინიდისი დაფუძვნებულია და ცხოველია მხოლოდ სარწმუნოებით; ვისაც არა აქვს სარწმუნოება, მას სინიდისიც ბნელი აქვს და ყრუ. სარწმუნოება და სიწმიდე საჭირო არის კაცისათვის.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან ამ სიტყვებით: "თუ მართლა საღვთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა ზნეობასა და ყოფა-ქცევასა?". თუ კაცი ამბობს მორწმუნე ვარ და საქმით კი არ ერიდება ცოდვას, იგი სიტყვითაც ვეღარ გაამტყუნებს ურწმუნო კაცსა; ამისათვის გლოცავთ თქვენ, ძმანო, გაფუცებ, თვით ცხოვრებითა თქვენითა აჩვენოთ ურწმუნოთა კაცთა, რა საუნჯე არის ცხოველი სარწმუნოება კაცისათვის. ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შეგვეწიე, რათა თვით ცხოვრება მორწმუნეთა შენთა გაამტყუნებდეს და შეარცხვენდეს ურწმუნოთა კაცთა. ამინ.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

გულითადი სარწმუნოება არის უდიდესი და უმჯობესი ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღვთისათა, ვინაითგან აქ კაცი ღმერთს შესწირავს თვის გულს, ჩააბარებს ღმერთს თვის სულს და ყოველსა ცხოვრებასა და დაუმორჩილებს თვით თავის ჭკუასა და გონებასაცა. ამისთვისცა წრფელს სარწმუნოებას აქვს დიდი ფასი ღვთის წინაშე. ვინც გულით შეიტკბობს სარწმუნოებას, ამით იგი ცხად ჰყოფს, რომ მას კეთილი და წმინდა გული აქვს, იგი კეთილის, სიწმინდის და მადლის მოყვარული არის, ვინაითგან ბოროტის კაცის გულში, ცოდვისაგან გაფუჭებულში არ შევა სარწმუნოება.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

როდესაც შეხვდე ურწმუნოს, ერთს ანუ მრავალს, სასოებით, მტკიცედ, გულის გრძნობით აღუარე მათ სარწმუნოება შენი, რათა შეიკტიმონ მათ. თუ ასე მოიქცევი, სწორედ საცხოვრებელად შენდა და მსმენელთა იქნება შენი აღსარება.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნობითი ძალი და სიმტკივე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა. როდესაც გული და ღონე კაცისა არის განმხნევებული და განღვიძებული ძალითა სარწმუნოებისათა, მაშინ ადვილად სძლევს იგი ყოველთა დამაბრკოლებელთა და წინააღმდეგთა მიზეზთა და მოიპოვებს წარმატებასა ყოველთა საქმეთა შინა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

დაუკავშირდი ღმერთს სულით, გულითადი სარწმუნოების საშუალებით და ყველაფერი რიგზე იქნება. გებრძვის დაუძინებელი, ძლიერი მტრები? გაიმარჯვებ მათზე. ხილული და უხილავი მტრებია? გამარჯვება შენია. გაწამებენ ვნებები? დათრგუნავ. გაგთელა მწუხარებამ? დაძლევ. სულმოკლეობა გჭირს? - მხნეობა შეგეძინება. რწმენით ყველაფერზე გაიმარჯვებ, თვით ზეციური სამყოფელიც კი მოგეცემა. სარწმუნოება საოცარი სიკეთეა ამ სოფელში: იგი ღმერთთან აერთიანებს ადამიანს და მისით ხდება კაცი ძლიერი და გამარჯვებული. - "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს უფლისა თანა" (1 კორ.6,17).
წმ. იოანე კრონშტადტელი

რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძანებს მას. როდესაც რწმენა უძლურია, გონებას არ ძალუძს , გაიგოს ღვთის საიდუმლოებები, ნებას კი, იმაზე უწინ, ვიდრე გონება გაიგებდეს, არ სურს მათი შეყვარება. ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რომ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს უხილავი, მაგრამ არ ძალუძს, უყვარდეს ის, რაც არ იცის. ეს კარგად ჩანს ისეთ ადამიანებში, რომლებიც თავს ერთგულ ქრისტიანებად თვლიან, ოღონდ არა იმიტომ, რომ ქრისტეს სწავლების თანახმად ცხოვრობენ, არამედ ამ სარწმუნოების წარმომადგენლებად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ თავს, რომ ქრისტიანი მშობლები ჰყავთ. სარწმუნოების მიმდევარნი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მოინათლნენ. სინამდვილეში კი ისინი ნაკლებად გრძნობენ ეკლესიის საიდუმლოებათა სიდიადეს, უფრო ცუდად იციან ჩვენი სარწმუნოების შინაარსი და ის, თუ რითი განსხვავდება იგი სხვა რელიგიებისაგან. ამ მდგომარეობაში მყოფნი ისინი მცირედ თუ განსხვავდებიან ურწმუნოთაგან.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

მე მივმართავ ყოველ ქრისტიანს. ვინ ხარ შენ, რომ დგახარ აქ, ეკლესიაში? მე მხოლოდ შენი სახელის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი ხარ, ეს სხვა არაფრისგან ჩანს. თუ ვინმე გკითხავს, ვინ არის ქრისტე, რომლისაც შენ გწამს, აღმოჩნდება, რომ ჭკვიანურს ვერაფერს ეტყვი. ამგვარად, სამართლიანი იქნება თქმა იმისა, რომ ჩვენ დროში ქრისტიანებში რწმენა შემცირდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: ,,მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან" (ფს. 11,1). ვინაიდან, თუ მათ სწამთ კიდეც საეკლესიო საიდუმლოებები, მათი რწმენა იმდენად არის დახლართული, იმდენად ცივი და უძლურია, რომ საფუძვლიანად შეგვიძლია, ვთქვათ: მათ ეს ისე იციან, როგორც იმ უსინათლომ, რომელიც ადამიანებს ხეების მსგავსად აღიქვამდა: ,,ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო" (მკ. 8,24).
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული და გაღონიერებული იმ აზრით, რომ შეგიძლია, ღვთის შეწევნითა ასრულება იმ საქმისა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა; კაცი აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებითა ღვისათა ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უარყოფს თავის თავს, თავის საკუთარს სიამოვნებასა, თავის ხორცსა და თვით სიცოცხლესა თვისსა ხშირად შესწირავს ღმერთსა. კაცნი წმინდანნი, გაღონიერებულნი სარწმუნოებითა, მიიღებდნენ ძლევასა არა თუ მხოლოდ ბუნებასა ზედა კაცისასა, არამედ თვით უმძლავრესსა ბუნებასა ზედა არა წმინდა სულთა, ეშმაკთა ზედა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

რწმენა უნდა იყოს არა მხოლოდ წესი, თუ "როგორ ვიწამოთ" , არამედ წესი იმისა, თუ "რა ვაკეთოთ". რწმენა მხოლოდ ის კი არაა, რომ სწორად გვწამდეს, არამედ ისიც, რომ სარწმუნოებისამებრ ვიცოვროთ: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2, 26).
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ეშმაკს, ყოველდღიურ ვნებებს, მონად რომ არ ექცე მიზანი უნდა დაიდო, ეს მიზანი თვალწინ უნდა იქონიო, მისკენ იარო, სირთულეებს კი ღვთის სახელით უნდა სძლიო. რაა ეს მიზანი? ზეციური სასუფეველი, ღვთაებრივი წიაღი მისი დიდებისა, რომელიც ამ სოფლის გაჩენისთანავე იყო გამზადებული მორწმუნეთათვის. მიზანს გარკვეული საშუალებებით აღწევენ და შენც უნდა იქონიო ხელთ საჭირო საშუალებები: რწმენა, იმედი, სიყვარული და განსაკუთრებით კი სიყვარული. გწამდეს, იმედი იქონიე, გიყვარდეს, განსაკუთრებით კი სიყვარული იქონიე, რაგინდ დაბრკოლება უნდა იყოს, ღმერთი გიყვარდეს ყველაზე მეტად, შენი მოყვასი კი, როგორც შენი თავი. არ შეგწევს ძალა ამ გამორჩეული ძვირფასეულობების შენახვა-გაფრთხილებისა და რაც შეიძლო, ხშირად მიმართე სიყვარულით ღმერთს: ითხოვე, ეძებე, რეკე მის კარზე: მიიღებ, მოიპოვებ "რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს სარწმუნოებით, მოეღოს და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს." (მათ.7,7-8) - გამჩენის პირობა უღალატოა. დადიხარ, წევხარ, ზიხარ, ლაპარაკობ, მეცადინეობ, ყოველთვის გულით თხოვე ღმერთს რწმენა, სიყვარული მოგცეს. ჯერ არ გითხოვია ისე როგორც რომ ეგების, არ გითხოვია მხურვალედ და განუწყვეტლივ, არ გქონია მტკიცე გადაწყვეტილება მათი შეძენისა, ახლა დაიწყე, ახლა უთხარი თავს: მორჩა, ამას იქით ვიწყებ!
წმ. იოანე კრონშტადტელი

ურწმუნოს ვერაფრით დაარწმუნებ. ეს თვითონ კაცის ბუნებაში დევს. იყიდე ფსალმუნი - იქ ყველაფერი წერია, სამი მანეთი ღირს
წმ. სერაფიმე საროველი

ყოველგვარ ბოროტებას წინ უძღვის უმეცრება, მის შემდეგ მეორე კი ურწმუნოებაა.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენ დღევანდელი ჩვენი რაოდენობის ნახევარს და ამით ხელიდან მიგვდის მიწა-წყალი, ნიადაგი, ტერიტორია. ამითი სუსტდება, ქრება, ისპობა ჩვენი ენა, დნება, ილევა და საბოლოოდ ნადგურდება ჩვენი თავისებურება, სასურველი გავლენა სხვებზე და საკუთარი ღირსების შეგნება.
წმ. ლეონიდე ოქროპირიძე

ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ჩვენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს შემოვიძარცვამთ, თუ ამ გალავანს დავარღვევთ და დავანგრევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქვეყნის ქარტეხილი ბუმბულსავით შეგვატრიალებს ჰაერში და გადაგვტყორცნის უფსკრულში.


წმ. ლეონიდე ოქროპირიძე
არის რა განსაზღვრული რამ ჟამი თესვასა და მკას შორის, ამის გამო ურწმუნოება როდი გვმართებს ნაცვალგებისა (უფლისმიერი საზღაურისა).
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)


 გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა, მაგრამ ხომ გსურს, რომ გწამდეს. შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“ (მარკ. 9. 24). და მცირედმორწმუნეობის მიუხედავად, ზიარებას ღირსეულად მიიღებ.
ოპტინელი ბერი სტარეცი

თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები, მაგრამ მთელი ძალისხმევით მზად ვარ დავამტკიცო, რომ როდესაც ისინი ამას წერდნენ, თევზებზე უგუნურნი იყვნენ.
წმ. ბასილი დიდი

როდესაც კაცს აკლია სასოება და სარწმუნოება იგი შეიქმნება თავის მოყვარე, მას აღარ აქვს კაცის სიბრალული, იგი ჰფიქრობს მხოლოდ თავის კმაყოფილებაზე.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველი საქმე მისი არის სჯულის წინააღმდეგი.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ურწმუნოება გონების სიძაბუნეა, სულიერ სიმდიდრის დათრგუნვაა, სათნოების სიღატაკეა, ზნეობრივ ბრძოლის წინაშე სილაჩრეა, კეთილისა და ბოროტის უმნიშვნელოდ გათანასწორებაა, რასაც მხოლოდ შემთხვევისდაგვარად ხმარობენ.
წმ. ალექსი ბერი

ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკენ მიიზიდვიან და თავს იკლავენ, და ესრეთ წარიწყმედნენ სულსა თვისსა, აუბედურებენ მშობელსა და სამსობლოსაც ეკრგებიან. ღვთის მყოფობის ცნება ბუნებით თანშობილია ადამიანში, ხოლო ურწმუნოება არა ბუნებური თვისებაა, არამედ ზედშემოსრული წინააღმდეგობაა მიწვდომლობის ძალით უძლურების გამო გონების დასაკმაყოფილებლად ბნელ აზროვნებით მომდოვრებული.
წმ. ალექსი ბერი

უღმრთოების მქადაგებელო! რას აშენებ საზოგადო საბედნიერო ერთობაში და რით ეწევი გაჭირვებულ ადამიანობას? არაფერს, თვინიერ ამისა, რომ უბედურების უფსკრულში ყრი ადამიანობას, ქადაგებ იმას, რაც არ იცი და ამტკიცებ იმას, რის დამტკიცება შეუძლებელია.
უღმრთოების ქადაგება მეცნიერება როდია, არამედ მეტიჩრობით ამაყობაა და გადაჭარბებულ სიბრძნის დაჩემებით ცარიელი სიტყვების რახარუხია.
წმ. ალექსი ბერი

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო