Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ეკლესიასა და ცხონებაზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ეკლესიასა და ცხონებაზე


ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც გამოეყოფა ეკლესიას... ის თვითონ სჯის თავის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

ეპისკოპოსობა ერთობაა, რომელშიც თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად მონაწილეობს, ასევე ერთია და განუყოფელი კათოლიკე ეკლესია, ამიტომაც უნდა შეერთდეს იგი იერარქების ურთიერთკავშირით ერთ მთლიანობად.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

სადაც ეკლესიაა, იქ არის სული წმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ერთია სხეული, შემდგარი მრავალი ნაწილისგან. ეკლესიის ერთიან სხეულს მოციქული ქრისტეს უწოდებს, რადგან იგია თავი ამ სხეულისა.
ნეტარი თეოდორიტე

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

მოციქულთა დროიდან და შემდგომ მრავალი მწვალებლობა შემოქრილა ეკლესიაში... მაგრამ ეკლესია განუყოფელი და შეურყვნელი დარჩა და უკუნისამდე ასეთი იქნება, მაშინ, როდესაც ბილწებათა მოქმედნი აუცილებლად აღმოიფხვრებიან ეკლესიიდან.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ვმოწმობ ღვთისა და ერის წინაშე. მათ (მწვალებლებმა) თავად მოწყვიტეს საკუთარი თავი ქრისტეს სხეულს, უზენაეს საყდარს, სადაც ქრისტემ რწმენის გასაღები დადო, მას ვერც აქამდე ძლიეს და ვერც უკუნისამდე ძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მწვალებელთა ბაგენი.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

რწმენის აღმსარებლობა გვასწავლის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთადერთობას, რათა განერიდო ბილწ, მწვალებლურ საზოგადოებებს და მარად იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი

ის, ვისაც მიწიერი ზეციერზე მეტად უყვარს, ზეციერსაც მოაკლდება და მიწიერსაც.
ამბა ევაგრე

 არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა – ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელი თვალსა კაცისასა არ უნახავს, ყურსა მისსა არ სმენია და გული მისი ვერ წარმოიდგენს.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

სადაც ცხონების საშუალება არ არსებობს, ღმერთი იქაც ჰპოვებს ამ საშუალებას
სხვა მოძღვარი

ისევე როგორც დედის მუცლისგან დასრულების გარეშე გამოსულ სხეულს არ ძალუძს გაზრდა, ასევე სხეულიდან გამოსულ იმ სულსაც, რომელიც ღირსეული მოღვაწეობის გზით არ წარმატებულა ღვთის ცოდნაში, არ ძალუძს ცხონდეს ან ღმერთს შეერთოს.
წმ. ანტონი დიდი

ჩვენი შემოქმედი ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ადამიანებს უამრავი გზა აქვთ ცხონებისა, რაც სულებს მოაქცევს და ზეაიყვანს ცათაკენ, რადგან ადამიანთა სულები სათნოების წილ სანაცვლო საზღაურს მოიპოვებენ, შეცოდებათა წილ კი - სატანჯველთ.
წმ. ანტონი დიდი

ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია.
წმ. ანტონი დიდი


უხრწნელების გვირგვინი, სათნოება და ცხონება ადამიანისა, ესაა კეთილწადიერად და მადლიერებით დათმენა უბედურებისა, ხოლო ალაგმვა რისხვისა, ენისა, მუცლისა და სიამეთმოყვარეობისა უდიდესი შემწეობაა სულისთვის.
წმ. ანტონი დიდი

 ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მათე 25.34). გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება. მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა , რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ. "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა" (მათე 25.46).
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ - სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. ,,უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა, რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა"(მთ. 18,3).
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: ,,ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა , ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3 ,5)
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

სულის ცხონების საქმე წინა უვიდოდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა და არათუ მხოლოდ შენნი საქმენი, შრომანი, ზრუნვანი, იმ სახით გქონდეს დაწყობილნი, რომელ არა უშლიდენ სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ძნელ არს და მძიმე ცხოვნება სულისა. კაცი, მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, მარადის ითმენს შინაგანსა და გარეგანსა ბრძოლასა; იგი მარადის ზიდავს ჯვარსა თვისსა მხართა ზედა თვისთა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ღვთის მადლი მხოლოდ მათ აცხოვნებს, ვისაც სურს და არა - მათ, ვისაც ეს არ სურს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ამბობენ, რომ ცხონება ძნელია, მაგრამ სამარცხვინოა და პატიებას არ იმსახურებს იგი, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ცხონებას ვერ მოიპოვებს.
წმ. იოანე ოქროპირი

დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არამედ იგი ჩვენთვისაც მოამზადა, როდესაც მოისურვა, რომ მადლით თავის შვილებად და სულიწმიდის თანაზიარად გავეხადეთ. ჩვენი ცხონებისათვის დემონების წინააღმდეგ იბრძვის ზეციური მხედრობა – ანგელოზები და მთავარანგელოზები, რომელთა მსახურება იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვან ადამიანები და ცხონებაში დაეხმარონ.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თუ გსურს ცხონდე და ჭეშმარიტება შეიმეცნო, მაშინ შეეცადე ამაღლდე ფშვინვიერზე და მხოლოდ იმედით მიეკრო ღმერთს. ამგვარად როცა აიძულებ თავს, მოერიდო ფშვინვიერს, შეხვდები მთავრობანს და უფლებანს (ანგელოსთა დასია – რედ.), რომლებიც შენთან ერთად ბრძოლას გაუმართავენ გულისთქმებს. და როცა ლოცვით დაამარცხებ მათ და იქნები ღვთის მსასოებელი, გექნება ღვთის მადლი, რომელიც მომავალი რისხვისგან გიხსნის.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გაგვიწყდა ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარებთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუხად მას მიეცა პირობა ღმრთისაგან: „ამენ, გეტყვი შენ: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 39–43). ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე გაკრულ, განწირულ, მონანიე ავაზაკს ცოდვების შენდობა და წყალობა შესძინა.
არქიეპისკოპოსი პავლე


 ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავანებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან საყდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება. ამისთანა შემთხვევაში წინ დადგომა არ არის ცოდვა. გარნა, როდესაც ზოგიერთნი უკან კარების სიახლოვეს მისთვის დადგებიან, რომ მალე გავიდნენ კარში, ლოცვის გათავებას არ მოუცდიან, ეს ცოდვა არის.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ტაძრის გაწმენდა-გასუფთავებისას ნაგავი ყველგან არ უნდა დაიყაროს, ეკლესიის მტვერიც კი წმინდაა. წყალი განსაკუთრებით სუფთა ადგილზე უნდა გადაიღვაროს. უფლის სახლში იატაკის მოწმენდისას თუ სხვა საქმის კეთებისას ყოველივე შიშითა და კრთომით, უწყვეტი ლოცვით უნდა შესრულდეს. ტაძარში ეკლესიისა და ეკლესიურის გარდა არაფერი არ უნდა თქვა, განა არის ტაძარზე დიდებული და მშვენიერი რამ?
წმ. სერაფიმე საროველი

სახლად-სახლადისა ეკლესიად თითოეულსა თვისი გონებაი გუაქუს; და მას შინა თანამდებ ვართ სრულყოფად წესთა ეკლესიისათა
წმ. ნილოს სინელი

ბოროტი და კეთილი უნდა განასხვავოს გულმა - ეს მისი საქმეა. მაგრამ კვლავ საჭიროა დრო, სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან... სანამ გული არ ისწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ძალზე სასარგებლოა გამოცდილი რჩევა მოყვასისა, ვინც ერთ წმინდა, ჭეშმარიტ აღმოსავლურ ეკლესიაშია აღზრდილი, ვინც ამ ეკლესიის მიმართ ეძებდა ნეტარ თავისუფლებას და ჰპოვა კიდეც... ეკლესიისადმი განუხრელი მორჩილების გარეშე არ არსებობს არც ჭეშმარიტი სიმდაბლე, არც ჭეშმარიტი სულიერი აზროვნება; გარეთ კი არის ფართო სივრცე, ბნელი სამეფო სიცრუისა და მისგან გამოწვეული თვითცდუნებისა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

რაჟამს ეკლესიას იყო, ნუ განსცხრები, რამეთუ წინაშე მეფისა მდგომნი არცა იცინიან, არცა განსცხრებიან
წმ. ნილოს სინელი

მიზეზი, რომლისათვისცა წმიდა ეკლესია ყოვლის ღონისძიებით იცავს შეუცვლელად სწავლასა მისსა და ფიცხელად განიკითხავს წინააღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა, არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერთებს ყოველთა კაცთა წინაშე ღვთისა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

უფალმა ჯვარზე თავისი თავით შეგვცვალა. ეკლესიის საიდუმლოებებში სულიწმიდა ადამიანის სულს ახალი ცხოვრებისათვის მასთან შეერთების მეშვეობით ამზადებს (ამისათვის მისი მზადყოფნის მიხედვით). ცხოვრება – ეს დიადი ჯილდოა, თანამედროვე ადამიანი კი მას უყურებს, როგორც იმ აუცილებელს, მის ღირსებას რომ შეესაბამება. აუცილებელია გავიგოთ, რა არის მთავარი, რა არის ადამიანის უმაღლესი მიზანი. საბოლოო და ამავე დროს უსასრულო მიზანი ადამიანისა – ეს განღმრთობაა. ეს მხოლოდ მადლის მეშვეობით ხორციელდება. მადლი ადამიანს მხოლოდ ეკლესიაში ეუწყება, საუკუნო ღვთაებრივი ნათლის ამ ველში, რომელიც ადამიანის სულთან ურთიერთქმედებაშია და მას უხილავად ასხივოსნებს (ზოგ შემთხვევაში ღვთაებრივი ნათლით სულის ეს გასხივოსნება შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ გარშემო მყოფთათვის აშკარა გახდეს).
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.
წმ. თეოფანე დაყუდებული

ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეართებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა-ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგნ ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი (I, 488-490).
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.
ილია II

ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებელი, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ (I, 475-476).
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში, ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგვტოვებს ობლად, სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმინდა ეკლესია მიგვიძღვის ლოცვით, კურთხევით, ნუგეშისცემით, მოძღვრებით. თუ ცოდვაში ჩავარდი, ეკლესია მიგიღებს, ვითარცა შვილს და უკეთუ მოინანიებ, იესო ქრისტეს სახელით შენდობას მოგანიჭებს.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხევს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კერნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უფალს ავედრებს. და ბოლოს, როცა შენს ყველა მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა-ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამდე, ეკლესია, ვითარცა დედა, გივლის შენ და შენს ჭეშმარიტ მორწმუნედ გაზრდას ცდილობს.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

რაც სულია სხეულისათვის, ეკლესია ისაა ერისათვის. როცა სული სხეულს შორდება, სხეული კვდება. ასევეა ერიც ეკლესიის გარეშე.
ილია II

მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
ილია II

საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყებს. საყდარი მწუხარე კაცის მანუგეშებელია და ყოველი კეთილი საქმისათვის განმაღვიძებელი საყდარი განმანათლებელია და კაცის სულიერი განმზრდელი. სოფელი ადამიანებს ჰყოფს, მოყვასს მოყვასისაგან განაშორებს, ეკლესია კი შეაერთებს ყოველთა, რათა ერთითა ძალითა და ერთითა გულითა უგალობდნენ და აქებდნენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედსა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ეკლესია არის მორწმუნეთა საზოგადოება, ღვთის სიყვარულით გაერთიანებული, სადაც სრულდება წმიდა საიდუმლოებანი და სადაც არსებობს იერარქია. სიტყვა ეკლესია ბერძნულია და ნიშნავს მოწოდებულთ, შეკრებილთ. ქრისტიანული ეკლესია დაფუძნებულია იესო ქრისტეს მიერ. იგია ეკლესიის უხილავი მეთაური, მაცოცხლებელი და სიკეთის მომნიჭებელი, რაც მტკიცდება შემდეგიდან: გადასცა რა წმიდა მოციქულებს სულიწმიდის მადლი და უფლება ეკლესიის მართვისა, აღუთქვა, რომ ის მარადის მათთან იქნებოდა "ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28, 20). მართალია მაცხოვარმა თვითონ მიანიჭა უფლება ეკლესიის მწყემსობისა წმ. მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს, მაგრამ ეკლესიის უმაღლეს ხელისუფლებად და მასწავლებლად თვითონ ქრისტე ითვლება, რაც ცხადდება შემდეგი სიტყვებიდან: "რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეურაცხგყვნეს, მე შეურაცხმყოფს" (ლკ. 10, 16). იგი ასრულებს სამღვდელო პირთა მეშვეობით წმ. საიდუმლოს, იბარებს აღსარებას ჩვენსას და აძლევს მორწმუნეს შენდობას. მოქმედებს საიდუმლოებებსა და საღმრთო მოქმედებებში. ქრისტიანის ხსნაც სწორედ ეკლესიაში უნდა მოხდეს იმ მადლიანი ძალების მეშვეობით, რომლებიც მის წიაღშია. "ვინც არ ითვლება წევრად ქრისტეს ეკლესიისა, - ბრძანებს ვეტარი ავგუსტინე, - ის ვერ ეღირსება ქრისტიანულ ხსნას, ვერ იხილავს ნათელს ჭეშმარიტებისა. შეიძლება ადამიანმა იკითხოს საღვთო წიგნი, იგალობოს საგალობელი, იქონიოს გარკვეული რწმენა ღმერთზე, მაგრამ არ იყოს წევრი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და თავი ვერ იხსნას.
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო