Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ღმერთზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ღმერთზე


მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არც სხვა რამ ქვეყნიერებაზედ არ გაჩენილა თავისთავად და არც წარმოსადგენია მათი ყოფნა, მათი არსებობა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობს. ეს შეურყეველი და დაურღვეველი ჭეშმარიტებაა
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს 
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამაყვავებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, თუ კაცის გონება გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, თუ კაცი მოქმედებს იმ რწმენით, რომ იგი ქმნილებაა ღვთისა და ამის გამო ცდილობს, რომ ყოველი მისი მოქმედება გამოვიდეს ღვთის საამო, ერთი სიტყვით, თუ კაცი ცდილობს ღმერთთან კავშირისა და განუწყვეტელი დამოკიდებულების გაწყობას, იგიც, როგორც მიმოზა მზიან დღეში, სავსეა სიცოცხლის უნარით, გაშლილი, აყვავებული და ხალისიანია მისი სიცოცხლე, იგი გულდამშვიდებითა და სრული შეგნებით ეგებება ცხოვრების ყოველ მოვლენას, ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი სისასტიკე და ულმობელობა მტერისა ვერ ათმობინებს სულ მოკლე და უმნიშვნელო ვადითაც ერთხელ ბეჯითად შეთვისებულ აზრებს. ეს აუცილებელი სინამდვილეა, მრავალმხრივ და მრავალგზის დამტკიცებულ-გაშუქებული წმიდანების უთვალავი მაგალითებით
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის განჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი უმთავრესი ღირსება მისი
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

სულგრძელებისათვის. ღმერთი გვიმჟღავნებს თავის კაცთმოყვარემას არა მარტო მაშინ, როდესაც სიკეთეს ჩავდივართ, არამედ მაშინაც, როდესაც შეურაცხვყოფთ და განვარისხებთ მას. რა სულგრძელად ითმენს ჩვენს უსჯულოებებს, ხოლო როდესაც გვსჯის, მაშინაც რაოდენ გულმოწყალედ გვსჯის!
წმ. სერაფიმე საროველი

კარგია ქმნილებები, მეტისმეტად კარგი, მაგრამ შეუდარებლად უკეთესია შემოქმედი, რომელმაც ესოდენ კარგებად შექმნა ისინი
წმ. ტიხონ ზადონელი

ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ–არს, ეს მას არ ესმის.
წმ. გრიგოლ ნოსელი

თუ წმიდა წერილის თანახმად, მუდამ გემახსოვრება, რომ "ყოველსა ქვეყანასა ზედა არიან სამართალნი" (ფს. 104, 7), მაშინ ყოველი შემთხვევა ღვთისშემეცნების მასწავლებლად გექმნება
წმ. მარკოზ მოსაგრე

ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმერთისაგან ნაბრძანები აქვს ღმერთი გახდეს მადლის მიერ.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

როგორც არავის არასდროს ჩაუსუნთქავს მთელი ჰაერი, ასევე ვერც გონება დაიტევს მთლიანად, და ვერც ხმა მოიცავს ღვთის არსს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

მარადიული ნათელისათვის. როდესაც კაცი შინაგანად მარადიულ ნათელს ჭვრეტს, მაშინ გონება სუფთა რჩება და არავითარი გრძნობადი წარმოდგენები არ უჩნდება, არამედ მთლიანად ხელთუქმნელი სიკეთის ჭვრეტაშია დანთქმული, ავიწყდება ყოველივე გრძნობადი, საკუთარი თავის აღქმაც კი არ სურს, არამედ მზად არის სადღაც კუთხეში დაიმალოს, ოღონდ არ მოაკლდეს ერთადერთი სიკეთე - ღმერთი. სწორედ ეს ნათელი იმავე დროს არის ღმერთი
წმ. სერაფიმე საროველი

თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება (ებრ. 11, 6)და გონებით ვერ ჩავწვდებით, განა გონებით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის იგი?
წმ. იოანე ოქროპირი

ღვთის შესახებ სიტყვა რაც უფრო სრულყოფილია, მით უფრო მიუწვდომელია იგი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას
წმ. იოანე ოქროპირი
როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე
ნეტარი ავგუსტინე

თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლებაა და ტყვეობა
წმ. ტიხონ ზადონელი

თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმერთი, რომელიც მდოგვის მარცვლისებრ ხედავს ყველას და ნებისამებრ წარმოშობს და ზრდის ყოველივეს?
წმ. ანტონი დიდი

როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთან თანამყოფია, ყველაფერს ხედავს და სიბნელისგან არ ბრკოლდება. მასთან ერთად ხედავდე [ხედავდე] ღმერთსაც, რომელიც მყოფობს ყველა ადგილას, რადგან არ არსებობს ადგილი ან რაიმე ნივთი, მასში რომ ღმერთი არ მკვიდრობდეს, როგორც ყოველთა უდიდესი და თავის ხელში ყოვლის მომცველი
წმ. ანტონი დიდი

თუკი ჯარისკაცები კეისრისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, რადგან მისგან იღებენ თავიანთ საზრდოს, რამდენად უფრო გვმართებს გულმოდგინება იმის გამო, რომ დაუდუმებელი ბაგეებით მოუკლებლად ვმადლობდეთ უფალს და ვაამებდეთ მას, რომელმაც ადამიანის გამო შექმნა ყოველივე? 
წმ. ანტონი დიდი

ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მოღვაწეობა ის ნაყოფია ადამიანისა, ღმერთს რომ ესათნოება. მიწის ნაყოფნი არათუ ერთ ჟამს მწიფდებიან, არამედ ხანგრძლივ დროში, წვიმებისა და ზრუნვის შედეგად. ამგვარადვე, ადამიანის ნაყოფიც სწორედ ღვაწლით, გარჯილობით, ხანგრძლივი დროით, გამძლეობით, თავშეკავებით და მოთმინებით იძენს ბრწყინვალებას, ხოლო თუ ოდესმე ამათ გამო ვიღაცეებს ღვთისმოშიშად წარმოუჩნდები, არ ერწმუნო საკუთარ თავს, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ და არ იფიქრო, რომ შენეულთაგან რაიმე სათნოა ღვთისთვის, რადგან იცოდე, ადვილი არ არის ადამიანისთვის უცოდველობის ბოლომდე დაცვა 
წმ. ანტონი დიდი

ღმერთი სულ ყველგანაა, სულ ყველაფერშია, ერთნაირად - დიდშიც და პატარაშიც, და სულ ყველაფერზე აღმატებულია
წმ. იოანე დამასკელი

ღვთის გარეშე (რაკიღა იგი ყველგანაა) არ იძვრის ჩემი აზრი და ჩემი გული. თუ მოქმედებაა - მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ შედეგია - საწყისი უნდა გააჩნდეს. იმიტომაც ამბობს მოციქული: "არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაი ჩვენი ღმერთისგან არს" - (2.კორ;3,5). სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი ცოცხალია, ჩემი გულიც ცოცხალია.
წმ. იოანე კრონშტადტელი

ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან
წმ. ტიხონ ზადონელი

 ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას. ვინაიდან ის თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: "შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია..." (გამოსვ. 33, 19).
წმ. იოანე ოქროპირი

თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას
ნეტარი ავგუსტინე

ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო.
წმ. იოანე დამასკელი

უხილავი, ყოვლისაღმასრულებელი ღმერთი ხშირად სრულიად საგრძნობლად ეხება ასევე უხილავად ჩემს სულს და იგი ღვთის სიახლოვისაგან იგემებს ხოლმე საოცარ სიმშვიდეს და ზეციურ მხიარულებას. თვალები როდი მანახევს ჩემს ღმერთს, მხოლოდ ყურებს როდი მოქვთ სიტყვებითა და ჟღერადობით ცნობა მიუწვდომელისა, არამედ, როგორ ვთქვა, სული განზავდებაო თითქოს ღმერთთან.
წმ. იოანე კრონშტადტელი

რაც ღვთის საიდუმლოებების წვდომას ეხება, ნუ გიწრიალებს შიგნით კითხვა: ეგ რანაირად იქნებაო? შენ არ იცი, და არც უნდა იცოდე, თუკი ღმერთი რამეს საიდუმლოდ აკეთებს. ღვთის საუდუმლოება იდუმალი უნდა დარჩეს შენთვის იმიტომ, რომ შენ არა ხარ ღმერთი, ვერ გაიგებ იმ ყველაფერს, რაც უსასრულოდ ყოვლადბრძენს, ყოვლადძლიერს მოეხსენება. შენ ნაყოფი ხარ მისი ხელოვნებისა, მისი უბრალო ქმნილება ხარ. გახსოვდეს, ერთ დროს არაფერი არ იყო და მერე ყველაფერი რაც ახლაა, არაფრიდან, სიტყვამ - ღმერთმა შექმნა. (იოან.1,3.)
წმ. იოანე კრონშტადტელი

სახელი არის მრავალთაგან ერთის აღმნიშვნელი. ამის გამო, უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ღმერთს, რომელიც ერთია და მხოლო, სხვა სახელი ჰქონდეს, რადგან "ღმერთი" ამას აღნიშნავს: დაუსაბამოს, ადამიანის გამო ყოვლიერების დამბადებელს.

 ჩვენი ღმერთი არის ღმერთი წყალობისა, უხვი და კაცთმოყვარე. "შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე" (ფს.102,8) და არა ღმერთი მტანჯველი და სასჯელის მიმნიჭებელი. ტანჯვა - ჩვენი ცოდვებისა და ღვთის უხორცო მტრების ნამოქმედარია და შედეგი. ამიტომ, როცა გული წუხს, ამის მიზეზად მხოლოდ და მხოლოდ შენი ცოდვა ან ეშმაკი იგულე, უფრო სწორედ, საკუთარი თავი დაადანაშაულე, რადგან ეშმაკი ვერაფერს მიაღწევს, თუ არ ნახა შენში ისეთი რომ, რასაც მერე გამოიყენებს.
წმ. იოანე კრონშტადტელი

"მე ვარ უფალი ღმერთი და ესე არს სახელი ჩემი" (გამოს.20,5) და დიდებაი ჩემი სხუათა არა მივსცე, არცა სათნოებაი ჩემი გამოქანდაკებულთა" (ესაია.42.8)
უფლის ეს სიტყვები დიდების შესახებ ყოველთვის სრულდება, თუკი მე მისი საქმეების დიდებას, წმინდა საიდუმლოებებით აღსრულებულთ, ვინმეს და რამეს მივაწერ და არ აღვუვლენ მას საკადრის დიდებას მელი გულით. იგი უმალ იძიებს შურს ამ საიდუმლოებების დაკნინებისათვის თავისი საოცარი, განმაცოცხლებელი და სამართლიანი მსჯავრით: სულს მშობლის კვერთხით სჯის! და სულსაც მკვეთრად ესმის მაშინ სიტყვები თავისი ბატონისა: დიდებას ჩემსას არავის მივცემ და რადგან არ აღმივლენ ღირსეულ დიდებას, რომელიც რომ ასეთი თვალხილულია შენთვის ჩემსავე საიდუმლოებებში, სცემს შენს შიგნეულს ჩემი კვერთხი, რადგან მინდა გასწავლო, მინდა იწამო გულით, რას ნიშნავს: დიდებას ჩემსას არავის არ მივცემ. მე ვარ, თოვლზე მეტად რომ განვასპეტაკებ შენს სულს, მე ვარ მშვიდობიანი სიხარული რომ მომაქვს შენში, მე ვარ, მთლიანად, გასაკვირადაც კი რომ გცვლი ახალ ადამიანად გაქცევ და სხვას ვის უნდა მისცე დიდება, თუკი ყველაფერ ამას მე ვიქმ. არა, მე მუდმივად უცვლელი ვარ. "არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღვიძებად და არცა ვითარცა ძეი კაცისაი რისხვად. ან თქუას და არა ჰყოს? თქვის და არა დაადგრის" (რიც.23,19).
წმ. იოანე კრონშტადტელი

უფალი ღმერთი, თავად სიცოცხლე, მარადის სამპიროვანი, (როგორც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს), ანუ ღმერთი, არის მამა, სიტყვა და სული. მკითხავ, ღმერთში სამი სახე რანაირადო? გპასუხობ: რანაირადაა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ასე უნდა იყოს და სხვანაირად ვერ იქნება. კიდევ მკითხავ: რატომაა, რომ სამების მესამე პირს სული ჰქვია, რატომაა იგი განკერძოებული პირი, თუკი ღმერთი თავადაა სული? გპასუხობ: ღმერთის სულს, სული ქმნინებებთან მიმართებაში ეწოდება. ღმერთმა თავისი იპოსტასური სული შთაბერა, თავისი მაცოცხლებელი ძალით, წამისყოფით, გააჩინა სიმრავლე სულებისა. "სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა - ყოველი ძალი მათი" (ფს.32,6). შთაბერა თავისი სული ადამს (დაბ.2,7). ეს სუნთქვა ბადებს და დაბადებს ამ სოფლის აღსასრულამდე, ღვთის აღთქმისაებს, ადამიანებს(დაბ.1,28) და თუკი, ამდენი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პირი ღმერთმა თავისი სულით გააჩინა, როგორ იქნება, თავად სული ღვთისა, იმავ დროს, არ იყოს პირი, ანუ შემოქმედი სული? - "სულსა ვიდრეცა უნებს, ქრინ და ხმაი მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან" (ინ.3,8). ხედავთ, სულს სული ეწოდება, როგორც ღვთის იპოსტასს და თუკი არსებობს აურაცხელი სიმრავლე ქმნილი, კერძო სულებისა, თავად ღმერთი რატომ უნდა იყოს სულის გარეშე, ანუ თავისი, დამოუკიდებელი პირის გარეშე? და ძე, სიბრძნე მამისა, პიროვნული, ცოცხალი, განა არაა ღმერთში აუცილებელი? შენ თავს შეხედე, ქმნილება ხარ და შენც კი გაქვს იმდენი, სიბრძნე, ბევრი გააკვირვო, ხანდახან მართლაც საოცარ რაღაცეებს აკეთებ და როგორც საგნების გამომგონებელს, ქებას გასხამენ, არადა, სინამდვილეში პატარა, უმწეო არსება ხარ და ახლა თავად განსაჯე, როგორ იქნება, რომ ღმერთი, ყველაფრის დამბადებელი, მოკლებული იყოს პიროვნულ, თავის, ცოცხალ, თანაარს სიბრძნეს? შეხედე სოფელს: უმცირესშიაც კი, განმაცვიფრებელი სიბრძნე - სიზუსტე, სრულიად უზადო, გასაკვირი შესრულება ჩანს ყოვლადბრძენი აზრისა. როგორ იქნება, ღმერთში პიროვნული სიბრძნე არ იყოს?! დაფიქრდი, როგორ წამოგიდგენია, ღმერთს, უამრავი, გონიერი ინდივიდებისა და ბრძენი, ცოცხალი არსებების შემქმნელს, თავად, თავისი პიროვნული სიბრძნე არ ეშვა? აბა, ამას რა ჭკუა იზამდა? რანაირადაა ეგ დასაშვები? - შეესაბამება კი ეს შემოქმედის სრულყოფილებას? ასე რომ, ღმერთში უნდა იყოს სიბრძნე, ანუ იპოსტასური სიტყვა მამისა და ამისდა შესაბამისად - სული, მამა ღმერთისაგან გამომავალი, ძესთან თანაარსებული. შენს სუნთქვას, პირი არ გააჩნია, ის მატერიალურია, ღმერთში კი - რაკი იგი თავადაა სიცოცხლე, სულიც - პირია, ამასთან ესაა პირი მარტივი, ყოვლის განმაცხოველებელი.
წმ. იოანე კრონშტადტელი

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო