Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ლიხაურის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია (ინფო)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ლიხაურის ეკლესია


ლიხაურის ეკლესია ოდნავ შემაღლებულ ადგილზე დგას, იმავე სახელწოდების სოფლის შუაგულში. ლიხაური ოზურგეთიდან 7 ვერსითაა დაშორებული.

ლიხაურის ეკლესიის ეზო საკმაოდ ვიწროა. მას მხოლოდ ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. მას ხის სახურავი აქვს, რომელიც ოთხ, ძალზედ მახვილ ქვის სვეტს ეყრდნობა. მის ქვეშ ორი ზარია. ერთი ძველია თუჯისაა, უენო და უწარწერო, მეორე ახალი, ბრინჯაოსი.

სამრეკლოს ორივე ფასადი, ეკლესიისაგან პირშექცეული და გარეთაც ყურძნის მტევნებისა და ხის ფოთლების სახეებითაა მოჩუქურთმებული. აქ, გარეთა მხრიდან, ღარისებრი ლავგარდანის ქვეშ, განსაკუთრებულ ყირადღებას იპყრობს მოჩუქურთმებული ოთხქიმიანი, ქვემოთ წამახვილებული ჯვარი. ქვემოთ, მარჯვნივ, ოთხქიმიანი ჯვარია უწარწეროდ.

თვით ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი, რითაც სამრეკლო. იგი კვადრატის ფორმისაა, აღმოსავლეთ ნაწილში ხუთწახნაგიანი ნახევარწრით. ამ ნახევარწრეს დატანებული აქვს სამი ვიწრო ფანჯარა, რომლებიც საკმაოდ საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული. დასავლეთიდან ეკლესიაზე მიშენებულია კარიბჭე.

ეკლესია ღმრთისმშობლის სახელობისაა. მისი ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”.

ეკლესიის ხატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: წმიდა იაკობის ხატი, რომელიც იმდენად ძველია, რომ ხეზე გამოსახულება არ ჩანს; ღმრთისმშობლის ხატი დაუსაბამო ჩვილით; მოოქროვილი, ვერცხლით შეჭედილი ხატი ღმრთისმშობლისა; მცირე ხატი მაცხოვრისა ხის კუბოში. ხატებზე გამოკვეთილი წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათსა და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ლიხაურის ეკლესია XV-XVI საუკუნეებშია ნაგები.

ლიხაურის, ძველად რეხუელად ან ლეხუერად წოდებული ეკლესია მდებარეობს ოზურგეთის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში. იგი რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 5-6 კმ-ით არის დაშორებული. ლიხაური გურიის სამთავროს ერთ-ერთ ულნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მთავრის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია. აგრეთვე ციხე-სიმაგრე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხუზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქობულეთიდან შემოსასვლელ გზებს და ამდენად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე დგას, რომლის ირგვლივ სასაფლაოა. ეკლესიის გვერდით სამრეკლოა აღმართული. დ. ბაქრაძის ცნობით, ეკლესიის მცირე ეზოს ერთი მხრიდან იცავდა ქვის გალავანი, რომელშიც სამრეკლო დატანებული. ამჟამად ეს გალავანი აღარ არსებობს.
ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგათ გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი _ ორფერდა კრამიტი.
ლიხაურის ტაძრის დათარიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელოვნებათმცოდნეობის დასკვნას ენიჭება. ინა გომელაურმა დეკორატიული მორთულობის ანალიზის საფუძველზე, ეკლესია XII საუკუნის II ნახევრით დაათარიღა.
ლიუხაურის ტაძარში ინახებოდა ტყავზე ნაწერი XI საუკუნის ოთხთავი. აქვე იყო დასვენებული მაცხოვრის XI საუკუნის ოქროს ხატი. XI-XII საუკუნეების წმ. იაკობის ოქროს ხატი, XI- XII საუკუნეების ტრიპტიხი პეტრე და პავლე მოციქულებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებით, XIV საუკუნის ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, XVII- XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის მოოქრული ვერცხლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც `საზაროს~ უწოდებდნენ. ამ ხატის წინაშე ხალხი ფიცს დებდა. თუ ვინმე ტყუილად დაიფიცებდა, ღვთისმშობელი შერისხავდა და ზარს დაცემდა, სახელწოდებაც აქედან მიუღია ხატს.
ლიხაურის ეკლესიის სამრევლო 60 კომლს აერთიანებდა, მაგრამ XVII საუკუნის მიწურულს ოსმალთა თარეშს იმდენად შეუწუხებია მოსახლეობა, რომ სხვა ეკლესიას შეხიზვნია და 40 კომლი წმ. გიორგის ტაძრის (უცნობია რომელი თ.ქ) მრევლში გადასულა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო