Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

აჭი ინფო

ელფოსტა ბეჭდვა PDF

აჭის წმიდა გიორგის ეკლესია


აჭის პატარა სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 9 კილომეტრით არის დაშორებული. ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული და საშენ მასალად, ძირითადად, თლილი ქვაა გამოყენებული. ეკლესია გარშემოზღუდულია მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავნით და სწორედ ამიტომ არის აზრი, რომ აჭის ეკლესია, ადრე მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა იყო. ისიც თვალნათლივ იკვეთება, რომ დროისა და ვითარების გამო, როგორც ეკლესია, ასევე, თვით გალავანიც, მრავალჯერაა აღდგენილ-გამაგრებული.

ეკლესიის უმთავრესი სიმდიდრე მისი ფრესკები და ასომთავრული წარწერებია. კედლების მოხატულობიდან ყურადღებას იპყრობს: “ჯვარცმა”, “ხარება”, “ღმრთისმშობლის მიძინება”, “ქრისტეს შესვლა იერუსალიმში”, “წმიდა მამები”...

აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია საკმაოდ დიდხანს მდუმარებდა. უფლის მადლით ტაძრის ზარი 1991 წლის 21 ნოემბერს ახმიანდა. იგი ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა კონსტანტინემ (მიქელაძე) აკურთხა და ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გურამი (ბერბიჭაშვილი) დაადგინა.

აჭის წმინდა გიორგის ეკლესია (ოზურგეთის რ-ნი) მდ. აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი დარბაზული ტიპისაა და ნაგებია კარგათ გათლილი ქვის სწორი კვადრებით. დასავლეთ და სამხრეთ კარის თავზე მოჩუქურთმებული ჯვრებია გამოსახული. სამხრეთ კარის თავზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: `წმიდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქელს და მხეციძესა~. ამ წარწერიდან არ ირკვევა ეკლესიის აგების თარიღი, მხოლოდ ქტიტორთა სვანური სახელით მოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ საქმე უნდა გვქონდეს სვანთა ერისთავების გურიაში დამკვიდრების პერიოდთან. არქიტექტურული ანალიზის შედეგადს დადგინდა, რომ აჭში მეორდება XI-XII საუკუნის მოტივები, მაგრამ მასში იყო XII საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი სტილისტიკური ნიშნებიც. ხელოვნებათმცოდნეები აჭს XII საუკუნის მიწურულით ათარიღებენ. ეკლესია მოხატულია.
აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმ. გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო