Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს. ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად, ან უკეთ რომ ვთქვათ, უხილავი ძალით, რითმულად და ჰორიზონტალურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურღია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღმრთიმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს ჩვენსას ღმრთისმშობელს და როცა ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სანთელი. ეს საკვირველი სანახაობა იმ წუთებში იწვევს შიშსა და გაოცებას, სიხარულსა და მოკრძალებას, როგორც მონასტრის მამათა შორის, ასევე იმ დროს იქ მყოფ მლოცველებშიც, რომლებიც პირველად ხედავენ ამ მოვლენას.


უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშნველობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: „აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი სამქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად“.


რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღმრთის განგებაა, ღმრთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი ღმრთის წინაშე და შეძლებისდაგვარად ავიცდინოთ მომავალი უბედურება.

ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას. ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ ჩათვალა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლვაზე. ამიტომაც გადაწყვიტა ქვიშა ჩაეყარა კანდელის გარე სათავსოში მის დასამძიმებლად და ამგვარად, მისი აღზრდით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო მისი შუქი, თითქოსდა არაფერიც არ შემთხვეოდა. მაშინ შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ „სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან“.

ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.

ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველთმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ აცნობებებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა, რადგან თვით მარადის ქალწული იუწყება მოახლოებული უბედურების შესახებ. ჭეშმარიტად, სახიერი მეკარის ეს კანდელი დიდებული მოწმობაა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფება და არ მიგვატოვებს უმძიმეს განსაცდელშიც კი.



 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო