Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ციცინო სუქნიძე „რატომ არის შეუფერებლად ჩაცმა დანაშაული ჩადენილი საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ციცინო სუქნიძე
რატომ არის შეუფერებლად ჩაცმა დანაშაული
ჩადენილი საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე


სწავლა სინათლეა, უმეცრება - სიბნელე
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


ცნობილია, რომ ცხოვრება კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა, მაგრამ დღეს უკეთურება შიშველი სახით ნაკლებად გვევლინება. მას ზოგჯერ თითქოსდა უვნებელი, ხშირად კი - მომხიბლავი ნიღაბი უკეთია. ვფიქრობთ, რომ დროულად უნდა იქნას განხილული და შეფასებული ის კონკრეტული არასწორი ქცევა, რომელიც მიმბაძველობით მასობრივად ახლახან შემოვიდა ჩვენში და რომელიც დამკვიდრებას ცდილობს. ერთი რამ შეიძლება გადაჭრით ითქვას - თუკი ქართველი ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გაითვალისწინებს იმ ობიექტურ მეცნიერულ ცოდნას, რაც არსებობს ფიზიოლოგიის, მედიცინისა და ფსიქოლოგიის დარგებში, ის გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს როგორც საკუთარ თავსა და შთამომავლობას, ასევე საზოგადოებასაც. ქართველი კაცის განათლება და მისი კულტურა მისი ცხოვრების წესში უნდა აისახოს.

ხშირად არასწორი ქცევის მიზეზი თავისუფლების ცნების მცდარი გაგებაა. ყოველი ადამიანი ვალდებულია დაიცვას სახელმწიფოში არსებული სამოქალაქო კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში იქ უწესრიგობა, ანარქია დაისადგურებს. ამასთანავე, ყოველი ადამიანი ვალდებულია დაიცვას არა მარტო სამოქალაქო, ე.ი. ადამიანების მიერ შექმნილი კანონები, არამედ ზნეობრივი, ე.ი. ღმერთის მიერ დადგენილი კანონები (მცნებები). ამის გარეშე პიროვნების რღვევა ხდება. დემოკრატიული წყობილება მოითხოვს ყველას მიერ კანონების შესრულების აუცილებლობას, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მაშასადამე, ადამიანი თავისუფალია მხოლოდ კანონის ფარგლებში, ხოლო რადგან ყველა კანონი განსაზღვრულ აკრძალვას გულისხმობს, აქედან გამომდინარეობს, რომ თავისუფლება - ეს არის არაკანონიერი ქმედებებისაგან მოთმინება და თავშეკავება.

ჩვენი წიგნის თემა თანამედროვე ქართველი ადამიანის შეუფერებელი ჩაცმულობაა, რომელიც ადამიანის თავისუფლების ცნებას უკავშირება; ხოლო მიზანი - მეცნიერული დასაბუთებით უკეთურებისათვის მაცდუნებელი ნიღბის ჩამოხსნა.

ყოველი ადამიანი თავს არიდებს გარემოს ისეთ მავნე ზემოქმედებას, რომელიც მას მაშინვე დააზიანებს. მაგალითად, ცეცხლს, წყალს, ელექტროსადენის ხელით შეხებას და სხვ., მაგრამ არსებობს მრავალი გარეგანი ფაქტორი, რომელიც ცვლის ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიასა და ფსიქიკას, და რომელთა უარყოფითი შედეგი არა მაშინვე, არამედ მოგვიანებით შეინიშნება. ხშირად მოგვიანებით მოსალოდნელი უარყოფითი შედეგის წინასწარ შეცნობა მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ. ისინი ვალდებულნი არიან განუმარტონ მოსახლეობას ამის შესახებ. შეუფერებელი ჩაცმულობის უარყოფითი გავლენა ადამიანებზე მეცნიერულ დასაბუთებას მოითხოვს.

ადამიანის ამა თუ იმ საქციელის შეფასებისას საზოგადოებაში განსხვავებული აზრი წარმოიშვება ხოლმე. ხშირად საკამათო ხდება, უკულტუროა თუ არა ესა თუ ის ქცევა. ეს საკითხი ძალიან მარტივი გადასაწყვეტია. უკულტუროა ისეთი საქციელი, რომელსაც ზიანი მოაქვს როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფთათვის. ამის მიხვედრას კი, ზოგიერთ შემთხვევაში, სათანადო ცოდნა სჭირდება.

თანამედროვე ქართველი ქალების უმრავლესობა გამომწვევ ტანსაცმელს ატარებს. მათ აცვიათ მოკლე, მუხლებს ზევით კაბა, ღრმად ამოჭრილი გულისპირითა და სრულიად უსახელო, ძალზე შემოტმასნილი (სპორტსმენი მამაკაცის) მაისური; გრძელი, მაგრამ ღრმად ჩაჭრილი ქვედა ბოლო. გამოწვევის მიზნით აცვიათ ძალიან ვიწრო შარვალი, ზემოდან გრძელი, ხალვათი მოსაცმელის გარეშე; დადიან გრძელი, გაშლილი თმებით და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გამომწვევად იცვამენ არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკიანი ქალებიც - აცვიათ მათთვის შეუფერებელი მოდელისა და ფერის ტანსაცმელი, რაც ყოველთვის მიუღებელი იყო ქართველი ქალისათვის. თანამედროვე მოდაში შეინიშნება ურცხვობა და მოურიდებლობა.

რატომ ითვლება გამომწვევად (ურცხვობად) მუხლების გამოჩენა ან ღრმად ამოჭრილი გულისპირი? იმიტომ, რომ სხეულის ამ მიდამოების კანში არის ისეთი მგრძნობელობის ნერვული დაბოლოებები, რომელთა შეხებაც მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებას (აგზნებას) იწვევს. ასეთივე შედეგს იძლევა მათი შეხედვაც.

როგორც თვითმხილველები აღწერენ, მორცხვობის გრძნობით დაჯილდოვებული ყოფილან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი (წამებული).

მაინც რა არის მორცხვობის გრძნობა და რა საჭიროა ის?

ბრძენი ადამიანები - იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) და წმიდა იოანე კიბისაღმწერელი წერენ, რომ მორცხვობის გრძნობა - ეს არის ღვთის მიერ ქალისათვის მომადლებული ნიჭი (განცდა), რომელიც იცავს მას გარყვნისაგან. დედამ და პედაგოგმა მორცხვობის გრძნობა ბავშვში პატარაობიდანვე უნდა განამტკიცოს შესაბამისი ჩაცმულობით, პირადი მაგალითით, კეთილი დარიგებით. მწერლები ყველა დროში ქებით მოიხსენიებენ ამ სათნოებას ქალისას - მორცხვობას. ძველ აღთქმაში (თავი 25) ისუ ზირაქი ქებით ამკობს მორცხვობის ნიჭს ქალისას. გაბრიელ ეპისკოპოსი ღვთის დედის დახასიათებისას წერს: „უმთავრესი და უმშვენიერეი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, სიმორცხვე; მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივი სიწმინდით, კრძალვით, მორიდებითა და სიმდაბლით. ყოველი ქრისტიანი ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძავდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა“.

რატომ აქვთ ქართველ ქალებს გამომწვევად ჩაცმის სურვილი? მიმბაძველობის გამო. ტყვიასავით ეშინიათ, რომ საზოგადოებამ არ უწოდოს მათ „ძველმოდური“, „ჩამორჩენილი“, ხოლო როგორია შეყვარებული მამაკაცის ფსიქოლოგია, კარგად არის გადმოცემული ერთ ქართულ სიმღერაში: „ო, რომ შემეძლოს თბილისის ღამეს, შემოგახვევდი სახეზე ჩადრად, რომ სილამაზე, მშვენება შენი, ჩემს მეტს არავის არ დაენახა“. მაშ, რატომ არ უკრძალავს ზოგიერთი მამაკაცი თავის მეუღლეს გამომწვევად ჩაცმას (თუმცა გულში კი იტანჯება და ფორიაქობს, რადგან იცის, რომ მასთან გულში მრუშობენ მილეთის კაცები)? ზოგიერთი ცოლის ასეთ საქციელს იმიტომ ითმენს, რომ ამაში „ქრთამს“ იღებს. გვაგონდება ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „სოფლის აშიკი“, როდესაც აღელვებული და ღირსებაშელახული ქმარი კაცს, რომელმაც მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლოში უჩივლებს, მაგრამ შემდეგ ქრთამს აიღებს და ამის გამო საჩივარს გააუქმებს. თანამედროვე მამაკაცისთვის ქრთამი არის საზოგადოების ერთი ნაწილის აზრი მის შესახებ, რომელიც მას ცოლის ასეთი საქციელის მოთმენის გამო „ძველმოდურს“ კი არა „თანამედროვეს“ უწოდებს. ტანჯვას და სულიერ აფორიაქებას ორგანიზმი ხანგრძლივად ვერ უძლებს, იფიტება და ადამიანისაგან დამოუკიდებლად, მასში ამოქმედდება თავდაცვის ინსტიქტი, რომელიც მიმართულია მეუღლის სიყვარულის შესუსტებისაკენ. როცა არ გიყვარს, არც იტანჯები. განა შეიძლება სიყვარულის დიდი გრძნობის რაიმეზე გაცვლა?

მრავალი თანამედროვე მწერალი დადებითად აფასებს ქალის მორცხვობის გრძნობას. მაგალითად, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ სტეინბეკი თავის წიგნში „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ სიმპათიით აღწერს 15 წლის ქალიშვილის მორცხვობის განცდას ასაკთან დაკავშირებული გარეგნობის შეცვლის გამო.

როდესაც ადამიანი რაიმე მიზეზის გამო გაურცხვდება, გრძნობს რა ამას, ის ცდილობს სხვაც დაიმსგავსოს და შექმნას შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი. მორიდებულსა და მოკრძალებულ ადამიანს დასცინის, უწოდებს მას „კომპლექსიანს“, „ჩამორჩენილს“ და სხვ. აი, რას წერს მსოფლიოს დიდი მოძღვარი ბასილი დიდი ასეთი ქცევის ქალებზე პირველი ფსალმუნის განმარტებისას: „ეს უსჯულონი ცდილობენ, რომ საკუთარი ბიწიერება ყველას გადასდონ, ყოველ ღონეს ხმარობენ, რაც შეიძლება ბევრი დაიმსგავსონ, რათა ცოდვა საერთო გახდეს და ამ გზით ლანძღვას დააღწიონ თავი. ამას კი მართლა უნდა ვერიდოთ, რადგან ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუსწორებელი ჩვევები ყალიბდება“. აი, როგორი ყოფილა ადამიანის ფსიქოლოგია!

თანამედროვე ქართველი ქალის ბუნებასა და ჩაცმულობას შორის შეუსაბამობა არსებობს. ქართველი ქალი თავისი ბუნებით წესიერია, პატიოსანია. მასში საუკუნეების მანძილზე ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა, ტანსაცმელი კი (მიმბაძველობის გამო) ურცხვი ქალისა აცვია. ცნობილია, რომ გარემო გავლენას ახდენს ადამიანზეც. გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმა იმიტომ არის საშიში, რომ მას ერთი მეტად შემპარავი თვისება აქვს: ის თანდათან, ნელ-ნელა ცვლის ადამიანის ბუნებას და თუკი ქართველი ქალი განაგრძნობს ასე ჩაცმას, მაშინ მისი ბუნება აუცილებლად მისი ჩაცმულობის შესაბამისი გახდება და ის გაურცხვდება. გამომწვევად ჩაცმა მასში თანდათან ჩაკლავს ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს (განცდას), რომელიც მას გარყვნისაგან იცავს, ხოლო თუკი ადამიანი ბუნებით გაურცხვდა, წესიერი ჩაცმულობა მას ვეღარ გამოასწორებს. ამიტომ არის გამომწვევად ჩაცმა დანაშაული, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ.

რა გავლენას ახდენს გამომწვევად ჩაცმა გარშემო მყოფებზე?

1. მე-20 საუკუნის ათონელი ბერი პაისი წერს: „როცა დედა მოკრძალებულად არ იცვამს, ის თავისი ქცევით სულიერად აღატაკებს ბავშვს“.

გთხოვთ, დააკვირდეთ და ერთმანეთს შეადაროთ ორი ქცევა: როდესაც გაცეცხლებული მამაკაცი მეორეს შეაგინებს „შენი დედაო...“. ის ამ დროს აღლევებულია, სიტყვებს ვერ არჩევს და მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტად ატკინოს გული მოწინააღმდეგეს. ამჟამად თბილისში ძალიან გავრცელდა მეტად შემაძრწუნებელი გინება „ჩემი დედა...“, რომელსაც მშვიდი სახით წარმოთქვამენ ახალგაზრდები „დედას გეფიცების“ ნაცვლად, როდესაც სურთ, თავისი სიმართლე დაუმტკიცონ თანამოსაუბრეს. ბოლომდე მიუწვდომელია, რა აზრები აღეძვრება ვაჟიშვილს, როდესაც გამომწვევად ჩაცმულ დედას ხედავს. რთულია ადამიანის ფსიქოლოგია, აღნიშნული ფაქტი კი მეტად დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი. გამომწვევად (ურცხვად) ჩაცმა დაუშვებელია სახლშიც, ოჯახის წევრების წინაშეც, შვილებთან, მამასთან, ძმასთან. ალბათ, უმიზეზოდ არ წარმოშობილა ეს შემზარავი გინებაც. რადგან ყოველ წარმოთქმულ სიტყვას სათანადო წარმოდგენაც ახლავს, დიდი ხანია, საგანგაშო ზარი უნდა ჩამოგვეკრა ექიმებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს...

2. თავისი ბუნებით ქართველი ადამიანი საკმარისი ტემპერამენტით ხასიათდება და ბუნებრივი ბიოლოგიური ლტოლვის ხელოვნურ გაძლიერებას არ საჭიროებს. ამას ერთი შეხედვით განაპიროებებს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, კლიმატი, კვების ხასიათი, მეორე მხრივ - ჩვენი ზნეობრივი ცხოვრების წესი. გამომწვევად ჩაცმული ქალის დანახვა განსაზღვრულ ემოციურ განცდას აღძრავს მამაკაცში, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების გაძლიერებულ მუშაობას, ჰორმონების უმიზეზოდ გამოყოფას; ასე გრძელდება საათების განმავლობაში, რაც იწვევს ადამიანის გადაღლას, ცვეთას და მისი ჯანმრთელობის შერყევის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ასეთი სანახაობა ბავშვებსა და მოზარდებზე.

3. ცნობილია, რომ ყოველი საქმის სრულფასოვნად შესრულებას შესაბამისი განწყობა ესაჭიროება, ხოლო სათანადო განწყობასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი გარემო პირობები. განა შეიძლება მუყაითად იმეცადინოს ახალგაზრდამ მისაღები გამოცდებისათვის, თუკი იგი გადაწყვეტს, რომ იმუშაოს არა მყუდრო ოთახში, არამედ ზღვის პირას ჩრდილში მდგარ მაგიდასთან, სადაც შორიახლოს ადამიანები ბანაობენ? ასეთ პირობებში ვერც მეცნიერი დაწერს სერიოზულ ნაშრომს.

გამომწვევად ჩაცმული ქალი დილიდანვე უარყოფითად მოქმედებს სამუშაოზე მიმავალი ყოველი პროფესიის ადამიანზე და ცვლის მათ განწყობას. ამ ზემოქმედების გამო მოწაფესა და სტუდენტს აღარ ეძლევა სწავლაზე ყურადღების კონცენტრაციის საშუალება, ბევრი მუყაითი ახალგაზრდა შეიძლება კალაპოტიდან ამოვარდეს (შრომისმოყვარე შვილის აღსაზრდელად კი მშობელმა ძალიან დიდი შრომა გასწია)! ნებისმიერ დაწესებულებაში გამომწვევად ჩაცმული ქალი არასამუშაო ატმოსფეროს, არასამუშაო განწყობილებას ქმნის, აბრკოლებს მუშაობას, ღლის ადამიანებს.

4. ადამიანისათვის გარემოსთან კავშირის დასამყარებლად აუცილებელია თავის ტვინი. ეს არის ურთულესი და უნატიფესი ორგანო, რომლის ნორმალურ მუშაობაზე დამოკიდებულია ცოცხალი ადამიანის ფიზიკური და სულიერი მდგომარობა. თავის ტვინის უჯრედები მეტად მგრძნობიარეა და ამიტომ მათ ნორმალურ მუშაობაზე ზეგავლენის მოხდება მრავალ ფაქტორს შეუძლია.

თავის ტვინის უჯრედები განსაზღვრული თვისებების მატარებელია. მას ახასიათებს აგზნებისა და შეკავების პროცესების განვითარების უნარი, ახასიათებს ადაპტაცია, ანუ შეგუება სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიურ გამღიზიანებელთან, ახასიათებს დაღლა და მრავალი სხვა თვისება. თავის ტვინის ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობილება, სულიერი წონასწორობა, ორგანიზმში არსებული ყველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება, ჯანმრთელობა, მშობლიური (გამრავლების) და თავდაცვის ინსტინქტების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება. ერთი სიტყვით, თავის ტვინი მეტად სათუთი და გასაფრთხილებელი ორგანოა. ამიტომ არის, რომ კულტურული ქცევის ესა თუ ის წესი თავის ტვინის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნის შენარჩუნებას ემსახურება. ჩვენ აქ ყველა წესს არ ჩამოვთვლით და მხოლოდ შეუფერებელი ჩაცმულობის ზეგავლენაზე ვისაუბრებთ.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ადაპტაციის ანუ შეგუების თვისება, რადგან მას უშუალო კავშირი აქვს იმ საკითხთან, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ.

ადაპტაცია - ეს არის ორგანიზმის თვისება, შეეგუოს ხანგრძლივად მოქმედ გამღიზიანებელს. ადაპტაცია, ანუ შეგუება ახასიათებს გრძნობათა ორგანოებსა და თავის ტვინს. მისი დანიშნულებაა დაიცვას ნერვული უჯრედები გამოფიტვისაგან, რასაც ხანგრძლივი აღგზნება იწვევს. ადამიანის მიერ ეს პროცესი სუბიექტურად აღიქმება, როგორც მიჩვევა და გამოიხატება იმაში, რომ მკვეთრად სუსტება მგრძნობელობა ხანგრძლივად მოქმედი გამღიზიანებლის მიმართ. მაგალითად, ყველას შეუმჩნევია, რომ იმ ოთახში შესვლისას, სადაც ეწევიან, თავდაპირველად ადამიანი შეიგრძნობს თამბაქოს სუნს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ვეღარ გრძნობს მას, ეჩევა. ასევე, თუ სამზარეულოში წვეთავს ონკანი, თავდაპირველად გვესმის წვეთების ხმა, შემდეგ ვეჩვევით და აღარ გვაწუხებს. ასეთივე ადაპტაცია, ანუ მიჩვევა ვითარდება გრძნობათა ორგანოებში და თავის ტვინში, როდესაც მამაკაცი თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და სამსახურშიც უყურებს გამომწვევად ჩაცმულ ქალებს. თავის ტვინის უჯრედებში ადაპტაციის, ანუ შეგუების პროცესის განვითარების გამო ვითარდება მიჩვევა, ანუ ძლიერ ინტიმურ გამღიზიანებლებზე მგრძნობელობის მკვეთრი დაქვეითება, რაც დასაჭურისების ტოლფასია. ამას კი ძალიან მტკივნეულად განიცდიან განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის მამაკაცები. ეს იწვევს მათ პოტენციურ შესაძლებლობებეში დაურწმუნებლობის შეგრძნებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მათი ნერვული წონასწორობის დარღვევას, გაღიზიანებას, ზოგჯერ აგრესიულობას, ზოგჯერ კი დეპრესიულ მდგომარეობას, შრომის უნარის დაქვეითებას, პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას, უბიძგებს ცოლის ღალატისაკენ და სხვ. (ადაპტაციის მოხსნა ხდება მისი გამომწვევი გამღიზიანებლებისაგან ხანგრძლივი დროით დასვენების შემდეგ).

გამოდის ქუჩაში გამომწვევად ჩაცმული ქალი. მოდის ის მიამიტი გამომეტყველებით, რადგან გაუცნობიერებლობის გამო გულწრფელად სჯერა, რომ სწორად იქცევა, ფიქრობს, რომ თავისუფალია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მას ავიწყდება, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ადამიანს არა აქვს უფლება თავისი თავისუფლებით მეორე ადამიანის თავისუფლება შეზღუდოს, ე.ი. არა აქვს უფლება თავისი ქცევით ავნოს მეორე ადამიანს. ამას ადამიანის უფლებების დარღვევა ჰქვია. ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს ნორმალური ფიზიოლოგია და ფსიქიკა. გამომწვევად ჩაცმა - ეს არის ქალის ძალადობა მამაკაცზე, რადგან იქმნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი თავს ვერ იცავს ამ მავნე ზემოქმედებისაგან. ტელევიზიით გადაცემული არასასურველი სანახაობისაგან მას შეუძლია თავის დაცვა იმით, რომ გამორთოს ტელევიზორი, მაგრამ ქუჩაში და სამსახურში თვალახვეული ხომ ვერ ივლის? აგრერიგად ჩაცმულ ქალს ჰგონია, რომ არავის არაფერ უშავებს. სინამდვილეში კი თავისი დაუფიქრებელი ქცევითა და მიმბაძველობით იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის, რადგან სიყვარულის გრძნობას მისდევს მოსაკლავად. ნამდვილი (თავგანწირული) სიყვარული არის ის, რაც ძალას აძლევს ადამიანს, იგი აძლევს ადამიანის სიცოცხლეს აზრსა და ხალისს. სიყვარულის გარეშე ხომ სიხარულისა და ბედნიერების ნამდვილი განცდა არ არსებობს! ამიტომ თუკი ქალი თავისი ქცევით ხელს შეუშლის ამ გრძნობის განვითარებას და ამის გამო უბედურს გახდის ადამიანებს - ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს?

ქართველი ქალი სინამდვილეში სიყვარულისაკენ ისწრაფვის, მაგრამ სატელევიზიო მდარე დონის ფილმებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო მამაკაცში სიძვის მოთხოვნილების აღძვრას სიყვარულს უწოდებს, თავს იტყუებს, თუმცა მან კარგად იცის, რომ „სიყვარული სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“. ამიტომ ასეთმა ქცევამ ადამიანს არ მოუტანა სულიერი სიმშვიდე და სიხარული, პირიქით, დღეს ვინც ცუდად სარგებლობის შემოქმედის მიერ ბოძებული დროებითი უპირატესობით - სინორჩით, ან სილამაზით, ის ხვალ თვითონვე აღმოჩნდება მოტყუებული ან მიტოვებული მეუღლის როლში. ქალურობა - ეს კეკლუცობა და მამაკაცში სიძვის მოთხოვნილებების გამოწვევაში დაოსტატება როდის. ასეთ ქცევას ქართულად დღესაც იგივე სიტყვა შეესაბამება, რომელსაც სულხან-საბას ლექსიკონში ვხვდებით. ქალურობა - ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე ქცევაა; ქალურობა - ეს პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდაა; ქალურობა - ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა.

წმინდა იოანე ოქროპირი დაწვრილებით აგვიწერს იმ ტრაგიკულ შედეგს, რაც მოჰყვება გამომწვევი ქცევისა და ჩაცმულობის ქალის დანახვას:

„თუმცა შენ არ გიმრუშია საქმით სცენაზე გამოსულ მეძავთან, მაგრამ გქონდა კავშირი მასთან სურვილით და არა მარტო იმ დროს იმრუშე, როცა სპექტაკლს უყურებდი, არამედ მაშინაც, როცა დამთავრდა წარმოდგენა. შენ წახვედი სახლში, მაგრამ გაგყვა ამ მეძავი ქალის სახება, მისი ხმა, მისი სამოსი, მისი გამოხედვა, მისი მიხვრა-მოხვრა, მისი სხეული და შენ დაბრუნდი სახლში მთლად დასერილი მრუშული ვნებით. აქედან არ მოდის უთანხმოებანი სახლში? აქედან არ იწყება უზნეობა? აქედან არ იწყება გახეთქილება ცოლსა და ქმარს შორის? აქედან არ მოდის კამათი და ჩხუბი? აქედან არ იბადება ათასი უსიამოვნო ამბავი? რამეთუ, როდესაც შენ, დატყვევებული იმ მეძავი ქალის სახებით, მოდიხარ სახლში, ცოლი უკვე უსიამოვნოდ გეჩვენება, შვილები - აუტანლად, ოჯახის სხვა წევრებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია; საქმე, რომელსაც ემსახურები, გეზარება, აუტანელი ხდება. მიზეზი ყოველივე ამისა ის არის, რომ თეატრიდან სახლში მარტო როდი ბრუნდები, შენ მოგყავს მეძავი ქალი, არა პირდაპირ, აშაკარად, არამედ გონებაში, შენს წარმოდგენაში. მიდიხარ სახლში ბაბილონის ქურაზე უფრო გახურებული და ანთებული მრუშული ვნებით, და ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დგება სახლში. როგორც ციებ-ცხელებით შეპყრობილი ავადმყოფი, უმიზეზოდ ეჩხუბები ყველას, გვერდზე მყოფთ, უკმაყოფილო ხარ ყველაფრით, ასევე ამ საშინელი სენით დასერილი კაცი უმაყოფილოა სახლში, ჩხუბობს, ყვირის, ითხოვს წესრიგს და ა.შ... ეს ძალიან მძიმე საქმე და განუკურნებელ ავადმყოფობას იწვევს.

მე იმიტომ ვწუხვარ, რომ თქვენ, თეატრიდან დაბრუნებული, ვერ გრძნობთ ამ ავადმყოფობას და გაიძახით, არაფერი გვევნო, უვნებლად დავბრუნდით შინო. სინამდვილეში კი მრუშული ვნებით ანთებული ივლით ყველგან, სადაც წახვალთ ამ სანახაობის შემდგომ“.

ძალიან მძიმე არ არის სატარებლად ადამიანის სუსტი მხრებისთვის ასეთი დიდი დანაშაული? ზოგიერთს დანაშაულად (ცოდვად) მხოლოდ უკანონო ინტიმური კავშირი მიაჩნია და მას ინანიებს მხოლოდ. და რადგან უწესოდ დღეს ძალიან ბევრს აცვია, ამას ცოდვად აღარ თვლის.

დღეს საქართველოში ვწუხვართ ეკონომიკური სივიწროვის გამო, მაგრამ კულტურულ ქცევასა და ზრდილობიან საუბარს ხომ ფული არ სჭირდება...

ქალების შეუფერებელი ჩაცმულობისადმი მამაკაცების მხრიდან თავისი ობიექტური დასაბუთებული დამოკიდებულების გამოხატვა აუცილებელია. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახის მამაზე. ის ყოველმხრივ უნდა ეცადოს, რომ მეუღლეს, ქალიშვილს ან დას შეუფერებლად არ ეცვას. მოსიყვარულე მეუღლე და შვილი ხომ ოჯახის უფროსის თხოვნას აუცილებლად ყურად იღებს.

ახლა განვიხილოთ, თუ რამდენად უვნებელია შარვლის ჩაცმა ქალისათვის და მის გარშემო მყოფთათვის, ანუ არის თუ არა ეს კულტურული საქციელი. შარვალი - მისი საქმიანობისა და ანატომიური აგებულების გამო - მამაკაცის შესაფერისი ტანსაცმელია. ჩაიცვამს თუ არა ქალი შარვალს, მას მაშინვე ეკარგება ქალური სინაზე (სინაზე სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ქალი არ უნდა იყოს მხნე). ჩაიცვეს მასობრივად ქართველმა გოგონებმა და ქალებმა შარვალი და საოცრად დაუშნოვდა გარემო. ქალის ქცევა, მისი ბუნება, როგორც მოსალოდნელი იყო, თანდათანობით შეცვალა შარვლის ჩაცმამაც. შარვალმა ქალი გააუხეშა. იგი სიარულისას ადგამს მამაკაცურად დიდ ნაბიჯებს, შეეცვალა დგომისა და ჯდომის მანერა, მრავალი ეწევა სიგარეტს, გახშირდა მეტყველებისას უცენზურო, ჟარგონული სიტყვების ხმარება. ყველაფერმა ამან განაპირობა მამაკაცებში ქალების მიმართ უპატივცემულობის განვითარება, მათდამი ინტერესის დაქვეითება, ბიოლოგიური ლტოლვის შესუსტება.

სოფელში ქალს მრავალგვარი სამუშაოს შესრულება უწევს: წველის ძროხას, აბალახებს მას, წყაროდან მოაქვს წყალი, ბაღ-ბოსტანში თოხით მუშაობს და სხვ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქალს დაეჩივლოს, კაბა ხელს მიშლის მუშაობაში, ნეტავი შარვალი მეცვას მამაკაცივითო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სჯულის კანონი ბრძანებს: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას შეჩვენებულ იყოს“. განა ადამიანის ფიზიოლოგია და ფსიქიკა ყველაზე უკეთ შემოქმედმა არ იცის? ჩაცმულობა რომ უმნიშვნელო რამ იყოს, კანონის რანგში ხომ არ იქნება ეს მოთხოვნა აყვანილი? თუ თუკი ღმერთი შეგაჩვენებს, სიხარულს როგორღა ეღირსები?

როგორც ამჟამად სასულიერო პირები ამბობენ, სიცივისაგან თავის დასაცავად, თუკი სურვილი აქვს, ქალს შეუძლია ჩაიცვას შარვალი კაბის შიგნით, ისე, რომ გარედან არ გამოჩნდეს. ადამიანების ანატომიურ აგებულებაში განსხვავებულობა მათ ჩაცმულობაშიც უნდა აისახოს. ამაშია დიდი სიბრძნე, რადგან შეუფერებელი ჩაცმულობა თანდათანობით ცვლის ადამინის ბუნებას, ხელს უწყობს პათოლოგიური მიდრეკილებების განვითარებას.

ქალი, რომელსაც აცვია შარვალი, ან ისეთი ვიწრო ტანსაცმელი, რომელიც იმეორებს სხეულის ფორმას, ტყუილად ინუგეშებს თავს, თითქოს შემოსილი დადიოდეს. იგივე ითქმის მამაკაცებზეც.

როდესაც ასიათასმა მოწამემ ხატების შეურაცხყოფის მაგიერ ჯალათს თავი მიუშვირა მოსაკვეთად, მათ ამისათვის ძალას, ალბათ, რწმენისა და ღვთის სიყვარულის გარდა იმის შეგრძნებაც აძლევდა, რომ ასეთი საქციელით თავიანთ შთამომავლებს გააძლიერებდნენ რწმენაში და გადაარჩენდნენ. რას წარმოადგენდა ჩვენი წინაპარი, რომ ქართველი ადამიანი შეუმოსავი გაივლიდა ქუჩაში.

სირცხვილის გრძნობა გიპყრობს ადამიანს, როდესაც წარმოიდგენ, რომ შესაძლოა ფერეიდნელი ქართველები ჩამოვიდნენ საქართველოს სანახავად. ისინი ხომ თავიანთი სჯულის პატივისცემის ნიშნად ჩადრის ტარებას ითმენენ.

ადამიანმა მოდის შესაბამისად უნდა ჩაიცვას. მაგალითად, თუ მოდაში მრგვალი საყელოა, თუკი სურვილი აქვს, ატაროს მრგვალი და არა სხვაგვარი. მაგრამ, როდესაც ისეთ მოდას გთავაზობენ, რომელიც შეცვლის შენს ზნეობას, ბუნებას, ასეთი მოდელი მიუღებელი უნდა იყოს ყოველი ადამიანისათვის. საქართველოში გამომწვევად ჩაცმა და ასევე ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევა ყოველთვის უკულტურო საქციელად ითვლებოდა. როდესაც ხალხის დიდ ნაწილს შეუფერებლად აცვია და უზნეოდ იქცევა, განათლებული, მცოდნე და მორწმუნე ადამიანისათვის მიუღებელია დაუფიქრებელი მიმბაძველობა და ასეთი პრიმიტიული, ყოვლად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი მსჯელობა: „ყველა ასე იქცევა“ ანდა „ყველას ასე აცვია და მეც უნდა ჩავიცვაო“. როდესაც ადამიანს აქვს ცოდნა, მაშინ მან იცის, თუ რა არის არასწორი და რა არის სწორი. ადამიანი არ შეცდება, თუ იგი ყოველივე ახლად შემოთავაზებულს განიხილავს ზნეობრივი კანონების შუქზე, რომელთა ჭეშმარიტება ამჟამად მეცნიერულად არის დასაბუთებული (მოვიგონოთ ისიც, რომ მსოფლიო წარღვნისას მხოლოდ მართალი ნოე გადარჩა). ქართველი ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა გამოვნებიანი, და ამავე დროს ასაკის შესაფერისი ჩაცმულობით. „ყოველი ასაკი ხომ თავისებურად მშვენიერია“. ასევე, თუთიყუშივით აჭრელებული ტანსაცმლის ტარება დიდისთვისაც და პატარისთვისაც მიუღებელი იყო. თანამედროვე ჩაცმულობის მოდა ადამიანებს უზნეო ყოფაქცევისაკენ უბიძგებს. გარდა ამისა, მოგვიანებით, ადაპტაციის ანუ შეგუების პროცესის განვითარების გამო მამაკაცებში იწვევს ქალებისადმი ბიოლოგიური ლტოლვის დაქვეითებას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასაჭურისების ტოლფასია.

გულკეთილი, ჭკვიანი, თვალებმზიანი ქართველი ქალი, ასიათასი მოწამის, თამარისა და ქეთევანის შთამომავალი, ჯერ ურცხვი არ გამხდარა, მასში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა. მას უზნეო ქალის ნიღაბი უკეთია მხოლოდ, რომელსაც მრავალი მათგანი სულიერი ტკივილის ფასად ირგებს, რათა თანამედროვე გამოჩნდეს. მთავარია, მოსალოდნელი საფრთხე შეიგრძნონ, ნიღბის მოხსნა კი ადვილია, თუკი ადამიანი ამას მოისურვებს. მაშინ საზოგადოების პატივისცემას დაიმსახურებენ. მოკრძალებულობა და კდემამოსილება სამკაულია ქალისა. მამაკაცს მოსწონს ასეთი თვისებების ქალი ცოლად, რადგან, მწერალ მარიკა ბარათაშვილის ერთი პიესის გმირისა არ იყოს, არავის არ უნდა „ფრონტი გახსნას“ ოჯახში. მორიდებულობა ხომ გარშემო მყოფთა პატივისცემასაც გულისხმობს. საქართველოში უამრავი ადამიანია უმაღლესი განათლებით. ალბათ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ეს ძალიან სასარგებლობა, მაგრამ სასურველია ეს განათლება აისახოს ჩვენი ცხოვრების წესში, ჩვენს ქცევაში.

ნეტავი ყველა ქართველს ენახა ის მტკაველის სიგრძე და თითის სიმსხო გვერდებჩასწორებული ლურსმანი (სამსჭვალი), რომლითაც ხის ძელზე მიაჭედეს მაცხოვარი (ეს სიწმინდე ერთ-ერთი წირვის შემდეგ გამოიტანეს სიონის საკათედრო ტაძარში). მისი ნახვისას ნათლად წარმოიდგენ, თუ როგორ გაგლიჯა ამ მსხვილმა ლურსმანმა კუნთები და სისხლძარღვები, როგორ იტანჯებოდა მაცხოვარი შენი გადარჩენისათვის, შენი სიყვარულისათვის. გონების თვალით თითქოს ხის ძელთან სისხლის გუბესაც ხედავ. ამის შემხედვარე თვალაცრემლებული მორწმუნე ადამიანს უდიდესი სირცხვილისა და სინანულის გრძნობა გიპყრობს შენს მიერ ჩადენილი ყოველი ისეთი საქციელისა და წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელიც მოსაწონი არ იქნებოდა უფლისათვის და გულს ატკენდა მას.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო