Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ასტროლოგიური ბუმი მასმედიაში ანუ მართლა დგება თუ არა მამლის წელიწადი?

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ასტროლოგიური ბუმი მასმედიაში
ანუ მართლა დგება თუ არა მამლის წელიწადი?


ყოველი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მასმედიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცევა ხოლმე საკითხი იმის თაობაზე, თუ რისი წელი დგება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით - ვირთხის, გველის, დრაკონის, კატის, მაიმუნისა და სხვა. 2005 წლის მოახლოებამ კვლავ აქტუალური გახადა ეს საკითხი. ამჟამად, ასტროლოგების აზრით, დგება „მწვანე (ხის) მამლის“ წელიწადი. პრესაში მრავლად შეხვდებით სტატიებს სათაურებით: „რას მოგვიტანს მწვანე მამალი?“ „როგორ უნდა შევხვდეთ მამლის წელს?“ „მამლის წელი ბევრს გვპირდება“ და სხვა. პუბლიკაციებში კონკრეტული რეკომენდაციებიც არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი არა მარტო მამლის წლის დადგომისას, არამედ მთელი 2005 წლის მანძილზე. ამგვარი რჩევები ხშრიად კომიკური ხასიათისაა. ერთი გაზეთი წერს: „საახალწლოდ სუფრაზე მამლის, ქათმისა და კვერცხისგან მომზადებული კერძები არ უნდა იყოს“ (თითქოს მამლის წელი რომ არ იყოს, მარხვაში შესაძლებელია კვერცხის ჭამა). ცოტა ქვემოთ კი ვკითხულობთ: „ოთახში, სადაც ახალ წელს შეხვდებით, რაიმე ისეთი ხის ან კერამიკის ნივთი აუცილებლად უნდა გედგათ, რომელზედაც მამალი გემრიელად ჩამოჯდომასა და დასვენებას შეძლებს“. სხვა გაზეთი კი ასეთჲ რეკომენდაციებს გვაძლევს: „საახალწლო სუფრაზე მშრალი კერძები, შეძლებისდაგვარად, პატარ-პატარა ნაჭრებად უნდა იყოს დაჭრილი, რადგან მამალი დიდ ლუკმებს ვერ ყლაპავს“ (?!) „მამალი კონსერვატორია, აფასებს ტრადიციებს, იზიდავს კლასიკა და „ქანთრის“ სტილი. სწორედ ამგვარად მორთეთ საახალწლოდ თქვენი ბინა“. „კარგია, თუკი სუფრაზე სიმბოლურად პურის ან ხორბლის მარცვლებსაც დაყრით, იმას, რასაც მამალი ყოველდღიურად მიირთმევს... (თუ გახსოვთ, შარშან „მაიმუნის წლის“ აღსანიშნავად საკენკის ნაცვლად ბანანს გვთავაზობდნენ) და არ დაგავიწყდეთ უმთავრესი: ახალი წლის დადგომასთან ერთად, სუფრის წევრებმა ერთხმად, ერთხელ მაინც იყვირეთ „ყიყლიყო!“ ასეთ „რეკომენდაციებთან“ ერთად იმავე სტატიაში მოცემულია „2005 წლის რელიგიური პროგნოზი“: „...უმჯობესი იქნება, თუ (2005 წელს) უფრო მეტად დაინტერესდებით რელიგიით, მეტი გეცოდინებათ და ბევრს ისაუბრებთ ამ თემაზე“. რადგან თვით ასტროლოგებიც კი „გვირჩევენ“, მეტი ვოცოდეთ რელიგიაზე. ალბათ, საინტერესო იქნება იმის ცოდნაც, თუ როგორ აფასებს ქრისტიანობა ასტროლოგიასა და ჰოროსკოპებს. ამის ცოდნა მით უფრო აუცილებელია, რომ ამ აჟიოტაჟის გავლენით უკვე ზოგიერთი ცნობილი ადამიანი საქართველოს კეთილდღეობას მამალს ავედრებს.

როგორც ცნობილია დედამიწა მზის გარშემო შემობრუნებას 12 თვეს ანდომებს. ყოველ მეთორმეტე ნაწილს (ყოველი თვის 22 რიცხვიდან შემდეგი თვის 22 რიცხვამდე) გარკვეულ სახელს არქმევენ (მაგ: კირჩხიბი, ლომი, ქალწული, მერწყული და ა.შ.). ამის გარდა გამოყოფენ 12-იან ციკლს (ძაღლის, ღორის, გველის, ვეფხვის, მამლის წელი და სხვ.). თვითოეული თვის თუ წლის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები გარკვეული ხასიათის თვისებებსა და განსაზღვრულ ბედისწერას მიაწერენ. ასტროლოგია ამტკიცებს, რომ ყოველი ადამიანის ბედი განსაზღვრული, წინასწარ დადგენილია და ამ განსაზღვრის პრინციპს ციურ სხეულთა, ზოდიაქოს ნიშნების მდგომარეობა განაპირობებს. ასტროლოგიის მიზანი ისაა, რომ ადამიანი და მისი ნებისყოფა მთლიანად გარეშე ძალთა მიერ დეტერმინირებულად გამოაცხადოს და ბედისწერის მონად გახადოს.

ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება, აღარ არსებობს და იგი მარიონეტადაა ქცეული. მართლაც, თუ მისი, როგორც პიროვნების მომავალი უკვე გადაწყვეტილია, მაშინ იგი, როგორც ზნეობრივი და რელიგიური არსება, აღარ არსებობს. ჩადენილი ნებისმიერი საქციელი მთლიანად ბედისწერას (ზოდიაქოს, პლანეტისა და ა.შ.) მიერაა გაპირობებული. ე.ი. თუ მავანი კაცს მოკლავს, ეს მის მიერ ჩადენილი ცოდვა კი არ არის, არამედ ასე იყო გადაწყვეტილი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ჩადენილი კეთილი საქმეც სათნოებად კი აღარ ითვლება, არამედ ბრმა ფატალიზმის გამოვლინებად. ამგვარ კონფეციას საბოლოოდ სიკეთისა და ბოროტების ცნებათა იგივეობის აღიარებამდე მივყავართ.

მათ კი, ვინც ამინდის პროგნოზის მსგავსად, ყოველდღიურად ასტროპროგნოზის ინფორმაციის მიხედვით წყვეტს, თუ როდის როგორ მოიქცეს, რა ჩაიცვას, რა მიირთვას, გავიდეს თუ არა სახლიდან, შეხვდეს თუ არა მეგობარს, გაიკეთოს თუ არა კუჭის ოპერაცია და ა.შ. შევახსენებთ წმიდა ბასილი დიდის (IV ს.) სიტყვებს: „რატომ იღუპება გემის ჩაძირვის დროს მასზე მყოფი მრავალი ადამიანი ერთნაირი სიკვდილით? მათ ხომ, ალბათ, გემის გასვლის წინ სხვადასხვანაირი ბედ-იღბალი უწინასწარმეტყველეს?“

წმიდა იოანე დამასკელი (VII-VIII ს.) კი წერს: „ელინები (წარმართები) ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზისა და მთვარის ჩასვლით, ამოსვლითა და დაახლოებით იმართება ყველა ჩვენი ქმედებანი და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ, რომ მნათობების საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნოტიო და მშრალი ამინდისა, მაგრამ მნათობები არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი ვართ თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა“. ხოლო ნეტარი აგვუსტინე (IV-V ს.) კი ბრძანებს: „იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუწინასწარმეტყველებების საშუალებით შეძლებს, განგვაშოროს ღმერთისგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებულ იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ შეცოდებებისთვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარსკვლავთა მოქმედებების გარდუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერზე ჩათრევას“. ვფიქრობთ, ყველაფერი ისედაც ნათელია.

ამრიგად, ეს ყოველივე არა მარტო ამხელს ასტროლოგიას, როგორც ზოგადად ქრისტიანობისათვის უცხო და მიუღებელ მოძღვრებას, არამედ ამხელს თანამედროვე ასტროლოგების არამართებულ აზრს: „ასტროლოგია ოდითგანვე იყო შუამავალი რგოლი რელიგიასა და მეცნიერებას შორის. XVII საუკუნის შუამდე ეს იყო ერთიანი სისტემა... კარგად იყენებდნენ ეკლესიაში ასტროლოგიას და დღესაც იყენებენ...“ (გაზ. „მთელი კვირა“, № 358).

როგორ იყო ქრისტიანობა და ასტროლოგია ერთიანი სისტემა XVII საუკუნემდე, როდესაც IV, V და VIII საუკუნეთა ეკლესიის მამები მას მკაცრად ამხელდნენ?!

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო