Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

„ევთანაზიის შესახებ“ (ინტერვიუ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილთან)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ევთანაზიის შესახებ
(ინტერვიუ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილთან)


კითხვა: რას პირდება მედიცინას და საერთოდ კაცობრიობას ევთანაზიის ეთიკურად დაკანონება? რა უფლება აქვს ადამიანს მხარი დაუჭიროს მას?

პასუხი: ვიდრე გიპასუხებდეთ, საჭიროდ ვთვლი, პირველ ყოვლისა, შევნიშნო, რომ ევთანაზიასთან ეთიკის ხსენება არაეთიკურია, რამეთუ როგორც მაცხოვარი გვასწავლის, არაფერია საზიარო ნათელსა და ბნელს შორის. სიტყვა „ევთანაზია“ ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ ნიშნავს „კარგ სიკვდილს“, ხოლო ჩვენი ქრისტიანული ღრმა რწმენით ასეთ კარგ სიკვდილს „ცუდი უკვდავება“ მოსდევს ჯოჯოხეთში. ევთანაზიის მომხრეები არა იმდენად ათეიზმს ამჟღავნებენ, რამდენადაც უფრო მეტად სატანიზმს.

ის, ვინც თვითმკვლელობის მოსურნე ავადმყოფს ეხმარება ამ სასიკვდინე ცოდვის ჩადენაში, სხვა არა არის რა, თუ არა კაცისმკვლელი. კაცისმკვლელები არიან ავადმყოფის ახლობლებიც, რომლებიც თავისი მოყვასის სასოწარკვეთილებისაგან გამოყვანას კი არ ცდილობენ, არამედ უბიძგებენ საუკუნო სატანჯველისაკენ. ორმაგად სცოდავს ექიმი, რომელიც ამას სჩადის, რადგან მას ფიციც კი აქვს დადებული, იზრუნოს ავადმყოფის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ხოლო თქვენს კითხვაზე, თუ „რას პირდება მედიცინასა და საერთოდ კაცობრიობას ევთანაზიის ... დაკანონება“ გიპასუხებთ ბევრისათვის ცნობილი ავსტრიელი ფრანც შტანგლის მაგალითზე:

თავდაპირველად ფ. შტანგლი „ჩვეულებრივი ვენელი პოლიციელი და კარგი მოქალაქე იყო“. ჰიტლერის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ იგი დანიშნულ იქნა მოხუცებულთა, ინვალიდთა და გონებასუსტთა საავადმყოფოების ოფიცრად. თავისი „მოღვაწეობა“ იმით დაიწყო, რომ უკურნებელად დაავადებულებსა და ფსიქოპატებს ხვედრს „უმსუბუქებდა გულმოწყალე სიკვდილით“, ანუ ევთანაზიით. თავდაპირველად მისმა თანამედროვეებმა ეს შეაფასეს, როგორც „ერთადერთი შესაძლო ღირსეული გადაწყვეტილება“. თუმცაღა ფრანც შტანგელმა იმით დაასრულა, რომ პოლონეთში ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტრებლინკის კომენდატი გახდა და ორგანიზაცია გაუწია 900 000 განადგურებას.

ამას გარდა, სულ უფრო პოპულარული ხდება რა მედიცინაში ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ევთანაზიის მომხრე ექიმებმა ეგებ სკანდალურად ცნობილი ამერიკელის „დოქტორ სიკვდილად“ წოდებული ჯეკ გევორქიანის ნაცისტურ პრაქტიკასაც მიბაძონ და ახლად ევთანიზირებული ადამიანის შინაგანი ორგანოებითაც ივაჭრონ (ეს ცდუნება უფრო დიდია ჩვენთან, ჩავწვდით რა ამერიკის სულს, სადაც ყოველგვარი ბიზნესი დასაშვებია, ნავთობბიზნესით დაწყებული და საკუთარი სხეულით ვაჭრობით დამთავრებული). თუ შეიძლება სხეულით ვაჭრობა, რატომ არ შეიძლება სხეულის ორგანოებით ვაჭრობა, მეტადრე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, - იტყვიან მაშინ ცბიერი დემაგოგები. იქნებ მაშინ სახელმწიფო პროგრამაშიც იქნას შეტანილი ევთანაზია და ტრანსპლანტაციებით ვაჭრობა. წარმოიდგინეთ როგორ შეივსებოდა მარადცარიელი სახელმწიფო ხაზინა! (?) ჩვენი სახელოვანი ზედა ფენა, ელიტა აღარ დასჯერდებოდა ძვირადღირებული „ელიტარული ნაყინის“ (ასე უწოდა ამ ნაყინს მთავრობის ერთმა წევრმა) ჭამას, რითაც კიდევ უფრო გულს უკლავენ სიკვდილამდე გაღატაკებულ დაბალ ფენას, და ღატაკთა და უპოვართა ორგანოებსაც გაუფასურებული ლარის ფასად იყიდდა, გააყოფინა რა უკვე ასეთებს თავი ლარში.

როგორც ამაზე მაგონდება ერთი ქართველი ფუტურისტი პოეტის ლექსიდან:

აიდა ბაიდებს, აიადა ბაიდებს,
ცირა ხელებზე გულ-ფილტვს დაიდებს.

აი, ჰუმანური ინტელიგენტური ევთანაზია!

კითხვა: ეთიკური თვალსაზრისით დასაშვებია თუ არა ევთანაზიის აღმკვეთი იძულებითი ზომების მიღება?

პასუხი: რომელი მოყვასის მოყვარული ადამიანი დაუშვებდა თავისი მშობლის, შვილის, და-ძმის და სხვათა თვითმკვლელობას, განა ყოველნაირად არ ეცდებოდა ასეთების მდგომარეობიდან გამოყვანას? ჩვენი ცდაა, ღვთისა შეწევნა. და თუ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას მაინც თვითმკვლელობით სურს თავის დაღუპვა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ რატომ უნდა დააკანონოს მისი ახირებული სურვილი და მით უფრო ეს უმძიმესი ცოდვა ექიმის ხელით აღასრულოს, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ იარაღია თვითმკვლელის ხელში.

ევთანაზიის დაკანონება საბოლოოდ დასცემს ადამიანთა ისედაც შერყეულ ზნეობას.

ავადმყოფობასა და განსაცდელებს წმ. მამები ღმერთისგან მონახულებას უწოდებენ. ყველა ისინი ჩვენი შეცოდებების პირდაპირი შედეგია, მაგრამ ეს სასჯელი კიდევ არ არის, რამდენადაც უფალი ამ გზითაც ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას და ცოდვის აჩრდილებიდან გამოყვანას, რამეთუ თუ ავადმყოფს თერაპიული მკურნალობა არ შველის და ქირურგის ჩარევა აუცილებელია, რომელი ჭკუათმყოფელი დაუწყებს ქირურგს ლანძღვას, რომელიც ცდილობს პირნათლად აღასრულოს თავისი მოვალეობა და ქირურგიული ხელოვნებით ლამობს პაციენტის განკურნებას.

მაცხოვარმა, როდესაც განრღვეული (პარალიზებული) მოუყვანეს განსაკურნებლად, ჯერ მიუტევა ავადმყოფს ცოდვები და შემდეგღა განკურნა, რითაც ყველას უქადაგა, რომ ავადმყოფობა ცოდვიანი ცხოვრების ნაყოფია. დასასრულ კი განკურნებულს შეაგონა აღარ ეცოდა მომავალში, რათა უარესი არ დამართვოდა.

როდესაც ადამიანს ესმის, თუ რატომ ისჯება ავადმყოფობით და იგი მადლობით ცდილობს აიტანოს თავისი ცოდვებით მოვლენილი განსაცდელი, ამით მას აქვე, მიწაზევე უმსუბუქდება ცოდვები და თუ იგი მიმართავს წმ. ეკლესიას და აღსარებაში მოინანიებს ცოდვებს და ზიარებით შეუერთდება მაცხოვარს, საბოლოოდ მიეტევება ჩადენილი შეცოდებანი.

აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევთანაზია ესაა სატანის მსახურება, რომელიც საბოლოოდ უსპობს ავადმყოფს სინანულისა და ცხონების საშუალებას.

ნეტარი პელაგია წინასწარმეტყველისა და მკურნალის სწავლებით სატანის მსახურებაა მიცვალებულის გვამის კრემაცია (დაწვა) და ასეთის მოხსენიებაც კი არ შეიძლება საეკლესიო ლოცვებში. რაღა ითქმის მით უფრო სულის, თუ შეიძლება ითქვას კრემაციაზე და მის ხელშემწყობ ევთანაზიაზე.

არანაირი გამართლება არა აქვს ევთანაზიას, რამდენადაც ადამიანის უკვდავი სული შეუდარებლად მაღლა დგას ყოველთვის მიწიერ ფასეულობასა და შეხედულებაზე.

კითხვა: სოციოლოგიური გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანს არ სურს სიკვდილი, როცა ის თვითმკვლელობის ცდას მიმართავს, ის მიზნად ისახავს არა სიცოცხლის შეწყვეტას, არამედ არსებობის პირობების გაუმჯობესებას. თქვენი აზრით, ვინ არის სასოწარკვეთილი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი: მისი სულიერი მოძღვარი, ოჯახის წევრები, თუ მთლიანად საზოგადოება?

პასუხი: თვითმკვლელობით „არსებობის პირობების გაუმჯობესებას“ მხოლოდ ბუდისტურ-კრიშნაიდული მონაჩმახი ქადაგებს. მათეულ ნირვანაში გადასასვლელად ცხრა საფეხური განიხილება, ხოლო თვითმკვლელობა უმოკლესი გზაა. ის, რაც მათთან ნირვანად (სამოთხედ) იწოდება, სახარებისეული სწავლებით სხვა არაფერია, თუ არა ჯოჯოხეთი. თუნდაც იმიტომ ვერ იქნება თვითმკვლელის სიცოცხლეზე სულიერი მოძღვარი პასუხისმგებელი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თვითმკვლელობით არასოდეს ესალმებიან სიცოცხლეს. ჩვენ ადამიანური აღმოსავლეთის რელიგიის მიმდევრები როდი ვართ, არამედ სიკვდილით სიკვდილის დამმარცხებელი და ცხოვრებისმომნიჭებელი ქრისტეს მოწაფეები.

სასოწარკვეთილი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი კი ყველა ისაა, ვინც არ აღვივებდა და არ აღვივებს ადამიანში ჭეშმარიტ, ღვთიურ რწმენას, მართლმადიდებლობას, რომელიც მას საუკუნო სიცოცხლესა და ზეციურ ნეტარებას აზიარებდა. ასეთები კი არიან ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მეტად ხელისუფლება.

დაე ნურავინ ირწმუნებს მაცდურთა სისინს, რომელნიც ამბობენ, თითქოს, ქრისტიანისთვის სულერთი იყოს სამოქალაქო ცხოვრებაში როგორი წეს-წყობილებაა, - წერს დაუღალავი მისიონერი, ახალმოწამე მეუფე ანდრონიკე, - რადგანაც ცხოვრების ესა თუ ის წესი, ესა თუ ის წყობა ან ხელს უწყობს ჩვენს ცხოვნებას, ანდა, პირიქით, დაბრკოლებას უქმნის.

ფილოსოფოს სოლოვიოვის მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფოს დანიშნულება „ის კი არაა, რომ ბოროტებაზე დაფუძნებული ეს სოფელი ღვთიურ სასუფევლად გარდაიქმნას, არამედ - დროზე ადრე არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად“.

ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა (წმ. სერაფიმ საროველი). სწორედ ცხებული მეფობა განამზადებს ქრისტეს ეკლესიასთან ერთად ადამიანებს მარადიული სასუფევლის მოქალაქედ. მაგრამ სამოთხე დედამიწაზე იწყება, თქვენს შორისაა, გვასწავლის იესუ ქრისტე, - ვინც ქრისტიანული სიყვარულის უმაღლეს კანონს შეუდექით.

სწორედ იმით იტანჯება დღევანდელი საზოგადოება, რომ მას არა აქვს ქრისტეს რწმენა, არა აქვს რწმენის სიმტკიცე და ქრისტიანული შეხედულებები, დახარბებულია ყოველგვარ „თავისუფლებას“, რომელიც არასწორად ესმის და სჩადის ყოველგვარ შეუსაბამობას, უგუნურებას და გამოჰკიდებია ახალმოდურ მმართველობას, რომლის უნარი მას სავსებით არ შესწევს თავისი მრავალეროვნების, მრავალსარწმუნოებრიობის და ურთიერთმტრობის გამო.

დადუმებით მეოცნებე კონსტიტუციალისტებო და პარლამენტარებო! - ამბობს წმინდა და მართალი იოანე კროშტანდტელი, - თქვენ როდი უნდა განაგებდეთ მიწიერ მეფეთა ტახტებს... უფლისაგან მეფეს ენიჭება ძალაუფლება, ძალა, სიმამაცე და სიბრძნე, რათა მართოს თავისი ერი.

რა რეფორმატორები და რა კომუნისტები, - აგრძელებს აზრს ნეტარი პელაგია წინასწარმეტყველი, - არც ერთი არ იზრუნებს ხალხისათვის... ხალხისთვის ცხებული მეფე იზრუნებს (რომელსაც მართლმადიდებლებს უკანასკნელ ჟამს აღუდგენს ღმერთი და რომლის შიშიც წმ. მამათა წინასწარმეტყველებით თვით ანტიქრისტესაც ექნება, რომელსაც მესამე მსოფლიო ომში „მთავარ მშვიდობისმყოფელად“ ამოირჩევენ (არჩევნებით), ცხებულ მეფეს კი ღმერთი გამოირჩევს და დაუდგენს ქრისტიანებს!)

საქმე ორი რეჟიმის ბრძოლაში კი არაა, არამედ რწმენასა და ურწმუნოებას, ქრისტეანობასა და ანტიქრისტეანობას შორის ბრძოლაშია.

თითქმის მთელი ოცი საუკუნის წინათ ქრისტე მაცხოვრის გოლგოთას ჯვარცმამ, - როგორც „მიფენილმა მახვილმა“ (მათე 10, 34) - მთელი ქვეყანა სულიერად ორად გაყო: ეკლესიად და არა ეკლესიად, ქრისტეს ერად და ანტიქრისტეს ერად.

უნდა ვანებოთ თავი ყოველგვარ კონსტიტუციურ და პარტიულ ბოდვას, რომელიც, როგორც სახელმწიფოს, მხოლოდ ძალას გვაცლის, მივყავართ დაკნინებისაკენ და მტრის ხელში გვაგდებს. უნდა აღდგეს ჩვენი მშობლიური უძველესი მეფური თვითმპყრობელობა, რომლიც ხალხთან მეფის უახლოეს სულიერ კავშირზე განისვენებს და საერთო სახელმწიფოებრივ სიკეთეს იცავს (რა თქმა უნდა, ათეისტურ-ბოლშევიკურ ქრესტომათიებზე აღზრდილები არ დაგვეთანხმებიან).

კითხვა: საიდან დაიბადება ადამიანში სასოწარკვეთილება ან საითკენ მივყავართ მას? როგორ დავიცვათ თავი სასოწარკვეთილებისაგან?

პასუხი: როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, სასოწარკვეთილება ესაა სასოების, იმედის წარკვეთა, დაკარგვა. ქრისტეანული სწავლებით სასოება სარწმუნოებაზეა დაფუძნებული, მისგან მომდინარეობს. ადამიანი რაც უფრო ღრმადმორწმუნეა, მით უფრო ადვილად გადააქვს ამსოფლიური განსაცდელები, პირადიც და საზოგადოც. მასაც შეუძლია თქვას დავით წინასწარმეტყველივით „რაი მიყოს მე კაცმან“, ან პავლე მოციქულივით „რამ განმაყენოს ჩუენ უფლის სიყვარულსა“, ასეთი ძალა არაა არც ქვეყანაზე და არც ქვესკნელში; ქრისტეს სარწმუნოების კლდეზე დაფუძნებულ ეკლესიას ვერ მოერევა ვერც სატანა და ვერც ჯოჯოხეთის ბჭენი.

გნებავთ, ჩაატარეთ გამოკვლევა, როგორ გადაიტანეს ეს მრავალწლიანი გაჭირვება მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა და როგორ ათეისტებმა, ან ნაკლებმორწმუნეებმა.

როგორ დავიცვათ თავი სასოწარკვეთილებისაგან?

უფალი გვპასუხობს: მოვედით ჩემდა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენო თქუენ. თვით სახელწოდება „ეკლესია“ ქრისტეს ამ სიტყვებიდან მომდინარეობს. ხოლო ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის ღმერთი მამა არასოდეს იქნება. ვინც მაცხოვართან ერთად არ შეჰკრებს, ის განაბნევს. ვინც ქრისტესთან ერთად არაა, ის მისი წინააღმდეგია. ხოლო, თუ ჩვენთან არს ღმერთი, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?

კითხვა: აქვს თუ არა ექიმს უფლება უყურადღებოდ დატოვოს პაციენტის გადაწყვეტილება: სასიცოცხლო თერაპიაზე უარის თქმა?

პასუხი: თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და აქედან გამომდინარე შეუძლია გაიაროს მკურნალობა, ან უარი თქვას მასზე, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმასაც, რა მოსაზრების საფუძველზე ამბობს უარს.

მაგონდება წმ. მამათა ცხოვრებიდან: იორდანის ერთ-ერთ შინაგან უდაბნოში ერთი ქრისტეანი ღირსი მამა მოღვაწეობდა. უკიდურესი ასკეზების გამო წყალმანკი დაემართა. ეს რომ მისმა ძველმა მეგობარმა, აწ იერუსალიმის ეპისკოპოსმა შეიტყო, სულიერ ძმას მედიკამენტები, სურსათი და თბილი ტანსაცმელი გაუგზავნა. ბერმა ყოველივე უკან გაუგზავნა და თან ბარათი დაურთო: მეუფეო, არ იფიქრო, რომ სიამაყის გამო ვამბობ უარს შენს მოწყალებაზე, არამედ პავლე მოციქულის სწავლება გავიხადე მსოფლმხედველობად: რაც უფრო იხრწნება ჩვენი გარეგანი ადამიანი, მით უფრო ძლიერდება შინაგანი. ამიტომაც ავიღე ხელი და აღარ ვზრუნავ ჯანმრთელობაზე. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის წმინდაო მეუფეო, რათა განკითხვის დღეს ჩემი შინაგანი ადამიანი, სული მაინც გამრთელდეს ღვთის სამსჯავროზე.

კითხვა: რამდენად გამართლებულია ექიმის საქციელი, როცა ის უიმედო ავადმყოფს გაწერს საავადმყოფოდან?

პასუხი: რამდენადაც ვიცი, როდესაც ექიმები უიმედო ავადმყოფებს წერენ საავადმყოფოდან, მათ უკურნებელ სნეულებაზე არაფერს ეუბნებიან თვითონ ავადმყოფებს, არამედ ავადმყოფის ახლობლებს ამცნობენ და თუ ყველა საშუალება ამოწურეს მკურნალობისა, სხვა რაღა დარჩენიათ, გამაყუჩებელ საშუალებებს ხომ ბინაზეც გაუკეთებენ?

დროა მოვიგონოთ, რომ არსებობს სხვა საავადმყოფოც, - ქრისტეს ეკლესია, როგორც მას წმ. იოანე ოქროპირი უწოდებს - რომელსაც მხოლოდ ერთსა აქვს მინიჭებული ღვთისაგან მადლი და ხელმწიფება საკურნებელად სულისა და ხორცთაი. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესია მხოლოდ „ავადმყოფებისთვისაა“, მისი მკურნალობა თანაბრად ესაჭიროება ყველა ადამიანს, რამეთუ, როგორც მოციქული იტყვის, ყველამ შევცოდეთ და განწმედას ყველა საჭიროებს.

კითხვა: ავადმყოფი უარს აცხადებს სასიცოცხლო თერაპიაზე, რადგან ვერ შოულობს წამალს, ან არა აქვს ძვირადღირებული აპარატურით სარგებლობის საშუალება. ვინ აგებს პასუხს დაკარგულ სიცოცხლეზე, „დაბნეული ექიმი“, უფულო ავადმყოფი, თუ რეფორმის ინიციატორები?

პასუხი: თითოეული ჩვენთაგანი, რადგან ჩვენმა გულგრილობამ და უდარდელობამ მოიყვანა დღეს რეფორმატორები ხელისუფლების სათავეში, მანამდე კომუნისტები... შემდეგი?

ანტიქრისტესაც ჩვენი ურწმუნოება და უსჯულოება მოიყვანს!

თითოეულ ერს თავისი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდში ის ხელისუფლება ჰყავს და ისეთი ცხოვრების პირობები აქვს, როგორსაც იმსახურებს.

მაშ, გამოვფხიზლდეთ და შევუდგეთ „საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელსა“!

კითხვა: შეიძლება თუ არა თვითმკვლელობას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია?

პასუხი: გააჩნია, რას იჩნევს ადამიანი უმაღლეს ღირებულებად. ქრისტე მაცხოვარი ღვთისთვის ანუ სახარებისთვის ანუ მოყვასისთვის სულის დადებას სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას უწოდებს.

არის ერთი კერძო შემთხვევაც „როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს... (იმისათვის) რაც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია“: როდესაც დედკაცს ძალადობას დაუპირებენ და უბიწოების შენარჩუნების მიზნით მოიკლავს თავს, ამას თვითმკვლელეობა კი არა, ბიბლიური იოსებისეული უბიწოება ეწოდება. ვხვდები, რომ, სამწუხაროდ, ასე რიგად მომრავლებული მეძავები და მრუშები, ისეთები, ვინც ჯეიმზ ჯოისის ენით რომ ვთქვათ „სიამოვნებით ნებდებიან მოძალადეებს“, ძალზე „არაპროგრესულად და არაცივილიზებულად“ მიიჩნევენ ჩვენს შეხედულებას და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატიულად, ხოლო სამღვდელოებას „ბნელეთის მოციქულებად“.

ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!

კითხვა: თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზოგადოებას მთლიანად, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

პასუხი: იმას, ჩემო კეთილო, რაც აქამდე მოგახსენეთ.

კითხვა: თვითმკვლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის მისაღებია, თუ ცალკეულ შემთხვევებში?

პასუხი: თვითმკვლელობა, გარდა ხსენებული ერთი კერძო შემთხვევისა, ყოველთვის მიუღებელია.

კითხვა: ევთანაზიის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ირაციონალურია და უკვე დაწყებული სულიერი დაავადების ერთ-ერთი გამოვლენაა, სულიერად დაავადებულნი კი არ განიკითხებიან. თქვენი აზრი ამის შესახებ.

პასუხი: „ევთანაზიის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირრაციონალურად“ სულაც არ მიიჩნევენ ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური გონების მქონე ამერიკელები. აი, რას წერს ამ საკითხის კომენტირებისას ლანს მოროუ ჟურნალ „ტაიმში“: ძნელი წარმოსადგენი არაა ჩემთვის ახალი გულმოწყალებისა და რაციონალიზმის საზოგადოების აღმოცენება, რომელშიც ჰუმანური შეწევნის ერთგვარი სისტემა განტვირთავდა საზოგადოებას უიმედო ტარპერებისაგან (განუკურნელი ავადმყოფებისაგან) და ამ უკანასკნელთ გაამგზავრებდა უკეთეს ქვეყანაში (ანუ საიქიოში - დეკანოზი ა.მ.). ბოლოს და ბოლოს რა ხეირია მათგან, მათი შენახვა კი ფული ღირს. ებედურ მარაზმატებზე მთელი ქონება იხარჯება, მაშინ როცა ლომის წილი მოდის მათზე ისედაც გაბერილი სამედიცინო ხარჯებისა, მათი სიცოცხლე კი უსიხარულო და უღიმღამო რჩება. არ ვვარდები რა უკიდურესობაში, შემიძლია წარმოვიდგინო საზოგადოების გაჩენა, რომელშიც ეფექტურობისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით სავსებით რუტინულად დამკვიდრდება გევორქიანის მეთოდი.

ქრისტიანებს არ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელთათვის, გარდა ჩვენგან ხსენებული კერძო შემთხვევისა და მაშინ, როცა სულიერად დაავადებული ადამიანი, რომელიც ვეღარ ფლობს თავისფალ ნებას, იკლავს თავს. ევთანაზიის გადაწყვეტილებას კი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იღებს და ხელს აწერს შესაბამის საბუთზე თანხმობის ნიშნად. ხოლო თუ სულირად დაავადებულს გამოსცინცლავს ექიმი თუ ახლობელი ხელმოწერას, ჯერ ერთი, რა იურიდიული ძალა აქვს ასეთ ხელმოწერას და განა ექიმი და ახლობელი უფრო მეტად არ არიან კაცისმკვლელნი და განა რითიმე განსხვავდებიან ნაცისტებისაგან.

მაგონდება მსოფლიოს ისტორიიდან: ერთ-ერთ ველურ ტომს ჩვეულება ჰქონდა, თავისი დაუძლურებული მოხუცებული თანატომელები, რომელნიც ტომს სარგებლობას ვეღარ მოუტანდნენ, ხევში გადაეყარათ და სიკვდილისთვის გაეწირათ. ერთხელაც ერთმა მათგანმა თავისი მოხუცებული მამა წაიყვანა ურიკით ხევისაკენ. მას თან თავისი პატარა ბიჭუნა გაჰყვა. როდესაც თავისი ჩანაფიქრი აღასრულა, მამამ ურიკაც იქვე დატოვა. ბიჭუნამ ურიკის წამოღება დააპირა. განცვიფრებული მამა დაეკითხება: ურიკა რაღად გინდა? - მამა, კი მაგრამ შენც ხომ მოხუცდები და მეც ხომ მომიწევს შენი აქ მოყვანა?

ველური მწარედ ატირდა, წარმოიდგინა რა თავისი სიბერე და მწარე აღსასრული...

კითხვა: თვლით თუ არა, რომ ჩვენს საავადმყოფოში საჭიროა შეიქმნას ეთიკური კომისიის ინსტიტუტი, რაც იგივეს შეასრულებს მორალის სფეროში, რასაც სასამართლო - სამართლებრივ სისტემაში. ვინ შეავსებს მის შემადგენლობას?

პასუხი: ეგ იმას ჰგავს, ხეს ფესვი დაუავადდეს და მებაღემ გამოუცდელობით რომელიმე ტოტს დაუწყოს მკურნალობა.

ამიტომაც ასეთი „ეთიკური კომისიის ინსტიტუტის შექმნა ჩვენს საავადმყოფოში“ მხოლოდ მორიგი პომპეზური ჟესტი იქნება „ცივილიზაციის გზაზე შემდგარი“ ჩვენი საზოგადოებისათვის.

ხომ გახსოვთ ქართული ზღაპარი მონადირეზე, მწყურვალი მოწამლულ ნაკადულს რომ მიადგება, აუყვება სათავეს და ნახავს, რომ წყაროსთვალში მკვდარი გახრწნილი ვეშაპი გდია და ის წამლავს წყალს...

კითხვა: რას გულისხმობს მორალი მედიცინაში?

პასუხი: ზნეობა მედიცინაშიც იგივეს გულისხმობს, რასაც ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო