Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ვინ არის სანტა კლაუსი?

ელფოსტა ბეჭდვა PDF


ვინ არის სანტა კლაუსი?


შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით.

19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის - წმიდა ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.

განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში - VI საუკუნიდან, რომში კი - VIII საუკუნიდან დამკვიდრდა.

როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, - განუზრახავს მათი სარკოსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.

სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ - სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე „წმიდა ნიკოლოზი“ არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა გაკეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ „გამოცდის“ შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან.

თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა - დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა“ სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში „საშობაო პაპის სტუმრობა“.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო