Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ამერიკელი ჟურნალისტის აზრი ამერიკელთა მცდარი იდეოლოგიის შესახებ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ამერიკელი ჟურნალისტის აზრი
ამერიკელთა მცდარი იდეოლოგიის შესახებ


2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მომხდარი ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. ამ და სხვა ტრაგედიების გამომწვევ მიზეზებს საინტერესოდ აფასებს ამერიკელი ჟურნალისტი ჯენის ჯონსონი:

„გვწამს, რომ უფალი ჩვენზე მეტად განიცდის მომხდარს, მაგრამ ყოველივე რაც შეგვემთხვა, ჩვენივე ბრალია. უფალი განგვეშორა, რადგან ჩვენ თვითონ უარვყავით იგი.

მივადევნოთ თვალი ყოველივეს. თავიდან მივიჩნიეთ, რომ ლოცვა სკოლებში საჭირო არ იყო. შემდეგ წმინდა წერილის სწავლებაც ავკრძალეთ, რის გამოც ჩვენს შვილებს მოაკლდათ მარადიული ფასეულობანი. ამის შემდეგ თანამედროვე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, დოქტორ ბენჯამინ სპოკის მეთაურობით, ერთხმად აყვირდნენ, რომ ბავშვები ოჯახებში დამოუკიდებლად, თავისუფლად, შეუზღუდავად უნდა იზრდებოდნენ. დოქტორმა სპოკმა თავად იგემა ამგვარი აღზრდის ნაყოფი - მისმა ვაჟმა სიჭაბუკეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

ამის შემდეგ ექიმებმა და იურისტებმა ბევრი იბრძოლეს, რათა ჩვენი საბრალო, დაუცველი გოგონებისთვის უფლება მოეპოვებინათ, დაუსჯელად, მშობლების დაუკითხავად და მათი გვერდის ავლით შესძლებოდათ აბორტის გაკეთება, ხოლო ვაჟებს სკოლაში საკუთარი ხელით დავურიგეთ პრეზერვატივები, „ჰუმანური“ მოსაზრებით - გაერთონ უსაფრთხოდ, რათა დაცულნი იყვნენ შიდსისგან.

მაშინ არავინ ზრუნავდა მომავალი თაობის ზნეობაზე, მსგავსი საკითხები ყავლგასულ ახირებად მიგვაჩნდა. „ახლა სხვა დროა“ - ვინუგეშებდით თავს და არც კი გაგვხსენებია, რომ უფლის მცნებებს ყავლი არ გასდის, ისინი, როგორც თავად უფალი, მარადიულია.

შემდეგ უზნეობამ უმაღლეს ეშელონებამდე მიაღწია. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მთავარია, როგორ მუშაობს ადამიანი, ხოლო მისი პირადი ცხოვრება, რაც უნდა სკანდალური იყოს იგი, არ გვეხება. ეს მცდარი იდეოლოგიაც დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ამავე ხანებში დემოკრატიამ მოითხოვა შიშველი ქალების ფოტოების ბეჭდვა ჟურნალ-გაზეთებში, რასაც პორნო-ეროტიკული შინაარსის ფოტოსურათებისა და პუბლიკაციების ნაკადი მოჰყვა, ულტრამოდერნისტები კი მცირეწლოვანთა სექსით დაინტერესდნენ და ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია ინტერნეტშიც კი მოათავსეს, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ჩვენ კი გვიხაროდა, რომ გვაქვს „სიტყვის თავისუფლება“. ეს ინდუსტრია მალე გაფართოვდა: შეიქმნა ფილმები და სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც ძალადობის, ღვთის გმობისა და გაუკუღმართებული სექსის დაუფარავ პროპაგანდას ეწეოდა. ჩაიწერა მრავალი ახალი სიმღერა, რომელთა შინაარსიც პირდაპირ თუ ქვეცნობიერად მოუწოდებდა ნარკოტიკების მოხმარების, გაუპატიურების, თვითმკვლელობისა და აშკარა სატანიზმისკენ, ჩვენ კი, ყველას, გვეგონა, რომ ეს მხოლოდ თამაში იყო, მარტოოდენ კადნიერი შეხუმრება ბოროტ ძალებთან.

და ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს, თუ რატომ არ აწუხებთ ჩვენს შვილებს სინდისი, რატომ არ ძალუძთ, ერთმანეთისგან გაარჩიონ კეთილი და ბოროტი, რატომ სჩადიან სასტიკ მკვლელობებსა და თვითმკვლელობებს. პასუხი ცალსახაა: რაც დავთესეთ, იმას ვიმკით.“

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო