Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

განგება ღირსისა მამისა ჩუენისა სერგი რადონეჟელსა იღუმენისა და აღმაშენებელისა სამებისა ლავრისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

განგება ღირსისა მამისა ჩუენისა სერგი რადონეჟელსა
იღუმენისა და აღმაშენებელისა სამებისა ლავრისა


თუესა სექტემბრის 25-სა (8 ოქტომბ.)
დიდ მწუხრსა ზედა



ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი,

მუხლი 8. ჴმაჲ 5.

ღირსისა სერგისა.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერგი, ანგელოზთა თანამზრახუალო და თანამყოფო და თანაზიარო წინაჲსწარმეტყუელთა, წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა და თანამკჳდრო ნათელსა წარუალსა, რომელი ჰნათობ ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, რამეთუ წინაშე მისსა ჰსდგა განბრწყინებული მადლითა კადნიერად და ყოვლადვე ხედავ მისსა მას დიდებასა და მარადის იშუებ მისთა მით სიკეთითა, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერგი, ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, რომელმან ქალაქ-ჰქმენ უქმი უდაბნოჲ და ვითარცა სამოთხჱ ესე გამოაჩინე, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერგი, სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო მონაზონთა წინამძღუარობითა, სასუფეველსა დამკჳდრებელო, ანგელოზებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქეო, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერგი, ანგელოზთა თანა მსახურო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2
ეჰა გჳრგჳნნო


ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ ქრისტჱს ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, შემწესა და მოძღუარსა კეთილსახურთა მეფეთა და მთავართასა და შუამდგომელსა მათსა წინაშე ღმრთისა, და განმაძლიერებელსა და მაკურთხეველსა კეთილმორწმუნისა მჴედრობისასა, ყოვლადქებულსა სერგის, რომლისა მიერ ურიცხუნი ლაშქარნი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. 2-გზის

ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა უდაბნოსა შინა დამკჳდრებითა განბრწყინვებულსა, და ნერგსა სამოთხისასა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელსა, დიდსა შემწესა და მოძღუარსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ეკლესიისა შემამკობელსა და მწყემსსა და მოძღუარსა მონაზონთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა რუსეთისა ქუეყანასა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა, რომლისათჳსცა მისსა მიმართ დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი, რაჲთა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღვიარებდეთ, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ყოველთა მართლმადიდებელთასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ განსცხრებოდეთ მონაზონებისა მოყუარენი, და ქებითა გალობისაჲთა გუგალობდეთ და შევასხმიდეთ მღდელთა სიქადულსა და რუსეთისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა: გიხაროდენ, სასანთლეო ყოვლადბრწყინვალეო, რომელმან კიდენი რუსეთისანი საკჳრველებითა განანათლენ; გიხაროდენ ჭირვეულთა საღმრთოო სიხარულო და განსაცდელთა შინა მყოფთა მჴურვალეო შუამდგომელო, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო სერგი, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა მიცუალებასა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.


შესვლად. წარდგომა დღისა
საწინაწარმეტყველონი; საკითხავი ღირსისა.

1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)

2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)

წერილ-არს, მარტის 9-ს.

3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...)

წერილ-არს მაისის 7-ს.

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა,
ესრეთ ღირსისა სერგისა. თჳთ-ხმოვანი. ჴმაჲ 2

სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებითა შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, საჴსენებელსა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა, მოღუაწისა სერგისსა.

ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო, სოფლისა კეთილად განმამშვენებელო და სიტკბოებითა სახიერო, მამაო სერგი, გაქებთ შენ, რომელი წინასწარ გიცნა შენ ნებისა მისისა გულსმოდგინე აღმსრულებლად ღმერთმან, და დედის წიაღსა შინა ყოფნისასა, შენ მიერ სამგზისი შეძახილით ამცნო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ იქნებოდი ჭეშმარიტი მსახური სამებისა.

კურთხევითა ღმერთშემოსილისა ბერისაჲთა გულისჴმის-ყოფისა ნიჭნი უხუად მიიღე ღმრთისმოყუარემან ყრმამან და ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაჲსა მეყუსეულად განიბრძუნე, ხოლო მოღუაწებითა ნათლითა მადლი გონების გაჴსნისაჲ და ყრმათა გულისჴმისყოფისაჲ, ვითარცა სასყიდელი, ნიჭად მიიღე, მამაო სერგი, და ყოველთა წადიერებითა მთხოველთა და გულსმოდგინებითა მვედრებელთა უხუად მოანიჭებ.

დაუტევე, წმიდაო, სოფელი და აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მამაო სერგი, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი სანახებსა რადონეჟისასა და აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერი და ეკლესიაჲ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, საცხონებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, ხოლო მას შინა შეკრებულნი ძმანი სიმდაბლითა თჳსითა მიიწინეს საზომსა დიდსა, და განასხმიდენ სულთა უკეთურთა და განჰკურნებდენ ყოველთა სნეულთა და კეთილქებისა გალობითა გიგალობდენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და ქადაგსა სარწმუნოებისასა.

გამოსჩნდი, მამაო სერგი, მთავრად მონაზონთა და ქალაქმყოფელ უქმთა უდაბნოთა და ჰკურნებ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა: გიხაროდენ, ჩრდილოეთისა ვარსკულავო ყოვლადბრწყინვალეო, და მონაზონთა განმანათლებელო ლამპარო და მწყემსო, გიხაროდენ, კეთილმოქმედებითა მმარხველთა სიქადულო და ყოვლისა სოფლისა სახარულევანო ბრწყინვალებაო, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

სამღუდელოჲთა სამოსელითა შემკობილმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და რუსეთის წმიდაჲ ეკლესიაჲ განამდიდრენ ღუაწლითა საღმრთოჲთა, რომლითა აწ განათლებულნი გადიდებთ კაცსა ზეცისასა და ქუეყანისა ანგელოზსა, სოფლისა სამკაულსა და მოღუაწეთა თუალსა, რომელმან განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათვის.

საჴსენებელი შენი უკუნისამდე ჰგიეს, ღირსო მამაო სერგი, და სიმშჳდჱ გულისა შენისაჲ, მსახურო ღმრთისა მაღლისაო, ნეტარო, დაღაცათუ მიიცუალე ჩუენგან, მწყემსო კეთილო, არამედ არა განგუეშორე ჩუენ კეთილითა სიყუარულითა შეერთებული, ღმერთსა და თანა მოქალაქე ანგელოზთა ცათა შინა, რომელთა თანა ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღაცათუ აღმაღლდი ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არამედ არაჲვე დაუტევენ ობლად მოწაფენი და მოსურნენი შენნი, რამეთუ მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი საღმრთონი ეკლესიასა ნათლად და გჳრგჳნად მადლთა და თაყუანისვსცემთ მათ, რომელნი სიგრძესა ჟამთასა დაკრძალულ იყუნეს ლავრასა შენსა, გარნა გამოაცხადნე საკჳრველითა ჩუენებითა მაოტებელად სულთა ბოროტთა, რომელთა აღმოყუანებასა წლითი-წლად ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადმოწყალისა მეუფისა, მამობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი მოგჳჴსენენ წინაშე მისა და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.


სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 8


გაქუნდა ცხორებაჲ მაღალი სიყრმითგან და წამებითა წმიდათა წერილთათა მტკიცე ქმნილი, მამაო, სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და გული მწყალობელი, სიმდაბლე და კრძალულებაჲ, თვალთა ყოვლითურთ გონიერად მხედველი, მონაზონთა კანონო და სიქადულო, სამ-გზის სანატრელო, მამაო სერგი!

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

სოფლისა ამის აღძრული ღელვაჲ დააყუდე სიწმიდითა და უდაბნოჲ იგი მჴეცთა სადგური და ეშმაკთა საყოფელი, შესცვალე შენ საყოფელად კაცთა და აღუშენნე მათ ტაძარი დიდებული სადიდებელად ყოვლად წმიდისა სამებისა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, რომლისა წინაშე მეოხებად ნუ დასცხრები მვედრებელთა შენთათჳს.

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეგამკო ღმერთმან, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა, სამ-გზის სანატრელო სერგი, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებ კურნებასა ქრისტჱს სამწყსოსაჲთა და განაბრძნობ შენდამი მოლტოლჳლთა სწავლისმოყუარეთა ყრმათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირსო მამაო, არა ეც ძილი თუალთა შენთა, და რული წამთა შენთა, ვიდრემდის სული შენი და ჴორცი ვნებათაგან განათავისუფლენ, და შენ განგემზადა სულისა სამკჳდრებელი, მოვიდა ქრისტე მამისა თანა სავანე-ყო შენ შორის, და თანა არსისა სამებისა სათნო-იქმენ, ღმერთშემოსილო სერგი, ევედრე სულთა ჩუენთათჳს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ტროპარი, ჴმაჲ 4


სათნოებითა იღუაწე, ვითარცა ქრისტჱს მჴედარმან კეთილადმძლემან და შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, არამედ ლოცვითა და მღჳძარებითა სახე ექმენ მოწაფეთა შენთა, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გევედრებით, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, შეუძრველად დაიცევ ყოველი მართლმადიდებელი ერი, ღირსო მამაო სერგი, მოხარული ჴსენებასა შენსა განათლებულსა.

ტროპარი, ჴმაჲ 1


უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად და სასწაულთმოქმედად გამოსჩნდი, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო სერგი, მარხვისა, მღჳძარებსა და ლოცვისა მადლი ზეცით მიიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტჳან, დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.


ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი ღირსისა. დიდებაჲ... იგივე აწდა...

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.


შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 1


ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო სერგი, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა, წმიდაო, აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჩუენებათა მიერ ზეგარდამოჲთა აღმოგჳბრწყინვე სამარხოჲთ საუნჯჱ პატიოსანი - წმიდანი ნაწილნი შენნი, სიმდიდრჱ უსასყიდლოჲ დაულევნელი და ოქროჲ ღმრთივბრწყინვალჱ და სიხარულითა საღმრთოჲთა აღავსე ქუეყანაჲ რუსეთისაჲ და ყოველი მართლმადიდებელი ერი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 4


ნათლითა ჰბრწყინავ შენ მიუახლებელითა, და ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდი უდაბნოსა შინა რადონეჟისასა და განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსო მამაო, ხოლო ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხილა მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაჲსწარვე სიწმიდჱ სულისა შენისაჲ, ამისთჳსცა ნათელ-გარდაფენილ-ყო გონებაჲ შენი და აღგავსო სიბრძნითა მით საღმრთოჲთა და მეტყველებაჲ დაფარულთა საიდუმლოთაჲ მოგანიჭა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა. ჴმაჲ 8


მსგავსად იოვანე ნათლისმცემელისა უდაბნოჲ დაიმკჳდრე, ღირსო, და უპოვარებითა სცხოვნდებოდი, რამეთუ ყოვლადვე არა გაქუნდა, ნეტარო, ხორცთა საზრდელი, არამედ იზრდებოდი სულისა მიერ წმიდისა, ვინაჲცა ბაძვად შენდა აღადგინენ სულნი ურიცხუნი და შემოკრიბენ სადიდებელად ღმრთისა და სამადლობელად სიმჴნეთა შენთა. რადონეჟისა უდაბნოჲსა დიდებაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვღდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა,

კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და ახოვნად სიმძიმჱ დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რომლისათჳსცა განგეჴუნეს შენ ბჭენი ზეცისანი, ღირსო, და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად, მამაო სერგი, რაჲთა ჩუენცა აღძრულნი საღმრთოჲთა სურვილითა, დაუდუმებელად გნატრიდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4


სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

წარდგომაჲ, ჴმაჲ 7


პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17. (მას ჟამსა შინა, დასდგა იესუ...) დასასრული მუხლი 23. (მრავალ არს ცათა შინა...)

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

თჳთ-ჴმოვანი. ჴმაჲ 6.


ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ წარმართებისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდე და ანგელოზთა წესსა მიიწიე, რომელთა უბიწოჲთა ცხორებითა სწორ-იქმენ, ღირსო სერგი, კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.


კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6
სექტემბრის 28-ს იძიე
კანონი ღირსისა, მუხლი 8. ჴმაჲ 1
გალობა 1, უგალობდითსა


ძლისპირი: სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშუა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ.

სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებითა შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, საჴსენებელსა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა, მოღუაწისა სერგისსა.

არა ჯერ-იყო, ღირსო მამაო სერგი, მოსავთა შენთაგან დუმილით თანა-წარსვლაჲ მიცუალებისა შენისა ჴსენებასა, ამისთჳს იხარებენ დღეს მონაზონთა გუნდნი და განსცხრებიან მამათა დასნი დღესასწაულსა შენსა და ქადაგებენ კეთილთა შენთა მადლსა და შესწირვენ უფალსა ქებასა.

აღახუენ თუალნი სულისა ჩუენისანი განცდად ბრწყინვალებასა მადლთა შენთასა, ღირსო მამაო, ხოლო ორღანოჲ ენისაჲ აღძარ დიდებად შენდა, რამეთუ ადიდა მიცუალებაჲ შენი დღესასწაულსა თჳსთა მეგობართაჲსა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ-გუეყავ ჩუენ.

დასაბამი სიბრძნისაჲ მჴურვალითა ლოცვითა მოიხუჭე, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა, ღირსო მამაო, და შიშსა უფლისასა შემსჭვალენ შენ ჴორცნი, წმიდაო სერგი, და მიერ აღიწიე სიყუარულსა მას უშიშსა წმიდათასა და მადლითა ღმრთისაჲთა განჰბრწყინდი.

აღძრვაჲ ვნებათაჲ სიყრმითგანვე დასთრგუნე ფერჴთა მათ ქუეშე სულისათა, ნეტარო, და სიტკბოებაჲ საცნობელთა მლიქნელი, ყოვლად არა დაგიტკბა მოლოდებითა წარუალთა მათ ტკბილთა საშუებელთაჲთა, ღირსო მამაო სერგი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წყაროჲ სულისა წმიდისაჲ გულსა შინა შენსა მოიგე, საიდუმლო სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა აღვსებულმან, ჵ, სამ-გზის სანატრელო მამაო სერგი, პატივისმცემელნი შენნი იჴსენ განსაცდელთაგან და მიჰმადლე კურნებაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო ყოვლადდიდებულო, განჰკურნე, რაჲთა მადლობისა ჴმითა წადიერებით გადიდებდე შენ, მარადის.

გალობა 3, განძლიერდასა


ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ მაცთურისაჲ და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.

უსხეულოთა გუნდსა თანა აღმაღლდი, რაჟამს შრომათა ღუაწლი ეტლ-უყავ სულსა და აღიწიე საქმითა ხედვათა მიმართ მაღალთა, სანატრელო მამაო, და უხილავთა ხილვად ღირს იქმენ, წმიდაო სერგი.

იწურთიდ სიყრმითგან წიგნთა ღმრთივსულიერთა და აღიწიე თავსა სრულებათასა, რაჟამს გონებაჲ წმიდა-ყავ ვნებათაგან და სიწმიდითა სულისა შენისაჲთა ექმენ სავანე სულსა ყოვლად წმიდასა.

ქნარად სულისა ცხოველისა გამოსჩნდი, მორთულ ძალთაგან სულისაჲთა, ღირსო მამაო, და გამობრწყინდი ვარსკულავად უდაბნოჲსა და სიტყუათა საუნჯჱ, ვითარცა ოქროჲ დააუნჯე შენ ღმრთისა ეკლესიასა, ნეტარო სერგი.

მარხვითა ჴორცნი შეზღუდენ, სანატრელო, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, რომლისათჳსცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკჳდრა შენ თანა და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმერთშემოსილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, და-რაჲ-ენერგე თანა წარსადინელსა საღმრთოთა წერილთასა, და გამოიღე ნაყოფად ტკბილად გულის-ჴმის-ყოფაჲ მათი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი განვლო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუენ სინანულისა ბჭენი მიმყვანებელნი სასუფეველად.


წარდგომა

განაბრწყინვე ჟამნი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, მამაო სერგი, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა.

გალობა 4, უფალო მესმასა


ძლისპირი: პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართათ მო-რაჲ-ხუედ შენ, მაცხოარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.

და-რა-ემკვიდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, მოგაძულა შენ საწუთროჲსა დიდებაჲ და შეიყვარე სიმდაბლჱ და მოწყალებაჲ, რომლისა მიერ აღიწიე სიმაღლედ სასუფეველისა.

არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა შორის საწადელ-ყო სიტყუაჲ და ხილვაჲ შენი, ღმრთივსანატრელო სერგი.

მი-რაჲ-ხვედი ჴევსა მას უვალსა და საშინელსა, განიხარე გონებითა ხილვაჲ მისი, სერგი, სწორად სამოთხისა, ღირსო, და აღაშენე ლავრა ნებითა ღმრთისაჲთა და მას შინა განამრავლენ მსგავსნი შენნი, მამაო, ნების მყოფელნი ღმრთისანი.

იქმენ, ნეტარო, მიმსგავსებული ღმრთისაჲ, მამაჲ ობოლთაჲ და საზრდელიჲ მშიერთაჲ, სამოსელი შიშველთაჲ და უღონოთაჲ, და მკურნალ სენთა სნეულებისაჲ, ნეტარო სერგი.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა.

ლამპრად ბრწყინვალედ მყოფთათჳს სოფლისათა გამოგაბრწყინვა ნათელმან მამისამან, და ელვარებაჲ სათნოებათა შენთაჲ მიჰფინე ცისკიდეთა, ვითარცა მისისა შარავანდედი, ღირსო მამაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ჰგიე, რომლისათჳსცა გიგალობთ, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო.

გალობა 5, ღამითგანსა


ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე, ამსთობილნი შევსწირავთ შენდა გალობასა, ვითარცა ღირს-ხარ, რაჲთა წარმიძღუენ გზასა მშჳდობისასა, შესულად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.

დაენერგე რაჲ სახლსა შინა ღმრთისასა, აღყუავდი სიმართლითა, და ვითარცა უდაბნოსა ზედა ნაძვი, ესრეთ განამრავლე სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსად და სამართლად სიტყჳერნი ცხოვარნი და მნათობ სოფლისა იქმენ ჭეშმარიტებით.

ვითარცა ვარსკულავი გამოჰბრწყინდი უდაბნოსა შინა და რომელნი სარწმუნოებით მოივლტიან შენდა მსწრაფლ შეეწევი მათ, ამისთჳს გნატრით შენ, და ვითარცა მჴურვალესა შუამდგომელსა გალობით გადიდებთ.

ანგელოზთა თანა აღასრულე ჟამის წირვაჲ ქუეყანასა ზედა და ანგელოზთა თანა პატივ-გცა შენ ქრისტემან, სერგი დიდებულო, და მოციქულთა და წმიდათა თანა აღგრაცხა.

ჰბრწყინევდ ზეშთა ბუნებისა ელვარებითა, ყოვლად ქებულო, და პირისა შენისა სახე ანგელოზებრი, მადლთა აღმატებასა დაფარულსა სულსა შინა შენსა, ცხად-ჰყოფდა, ნეტარო სერგი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეტრფიალე შენ სიბრძნესა, უდაბნოსმოყუარეო, და შეიყუარე იგი უფროჲს ყოვლისა, რომლისათჳსცა განისუენა შენ თანა, და ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოაცენა თაფლისა უტკბილესი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით რაჲ დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა.

გალობა 6, ღაღადყავსა


ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ.

იხარებს მორწმუნეთა გულნი მართლმადიდებელთანი, საკჳრველო სერგი, მიუწვთომელად აღვსებულო სულითა, რამეთუ პატიოსანთა საკმეველთა კეთილ-სულნელებამან აღავსო საყუდელი შენი, და სიხარულითა შეიწყნარე ღმრთისმშობელი.

დედისა ღმრთისა ცოცხლებრ მავალისა და იოანჱსა და პეტრჱს თანა სხეულებრივ მქცევისა მხილველად, გამოირჩიე უხრწნელისა კიდობნისა მისგან ღმრთივშემწყნარებელისა, მრავალთა შორის მამათასა, სერგი, ღმრთივრჩეულო, ნუ დასცხრები, ღირსო, შემსხმელთა შენთათჳს.

შესწირე ვედრებაჲ ჩუენი დედასა ღმრთისასა წინაშე ქრისტჱსა, თანაშეწევნითა ზეცისა მხედრობათაჲთა და პეტრჱ და იოვანჱ მოციქულთაჲთა, სანატრელო მამაო სერგი, სოფლისათვის მშჳდობაჲ ითხოვე და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.

ნაცუალად ედემისა სამოთხედ განღებულად აქუს ლავრაჲ შენი ერსა შენსა და ღუარითა მით საშუებელთა მისთაჲთა უხუებითა აღვსებულნი, განათლდებიან და მადლსა შენსა ქადაგებენ ჴმა-მაღლად.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მჴდომისა ძლიერად მბრძოლო, სერგი სანატრელო, კადნიერებაჲ გაქუს ღმრთისა მიმართ, ითხოვე შეწევნაჲ, რაჲთა განვერნეთ მტერსა სულთა ჩუენთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ, მამისა თანა მოსაყდრე, ღმრთისმშობელო, რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუელებული კაცნი განაახლნა და ღმრთეებასა იზიარნა.

კონდაკი, ჴმაჲ 2


ქრისტჱს სიყუარულითა მოწყლული მოსწრაფედ შეუდეგ კუალსა მისსა სურვილით, ღირსო, და ყოვლითურთ სრულიად მოიძულენ საწუთროჲსა გემოვნებანი, და ვითარცა მზჱ გამოუბრწყინდი ქუეყანასა შენსა, ამისთჳსცა შეგამკო ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა ქრისტემან ღმერთმან, აწ მოგჳჴსენენ პატივისმცემელნი ნათელშემოსილისა ჴსენებისა შენისანი, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი!

იკოსი


გესმა რაჲ ჴმაჲ სახარებისაჲ, მამაო, დაუტევე ნებაჲ ჴორცთაჲ, სიმდიდრჱ და დიდებაჲ და წარმავალი ესე არა რად შერაცხენ, ვითარცა უხორცომან იღუაწე და უხორცოთა თანა ჰსუფევ სასუფეველსა უკუნისამდე. მოღუაწებითა ნათლითა მადლი გონებისა გაჴსნისაჲ და ყრმათა გულისჴმისყოფისაჲ, ვითარცა სასყიდელი, ნიჭად მიიღე და დღესასწაულის მოყუარეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა და მგალობელთა უხუად მოგუანიჭებ: გიხაროდენ, ღირსო სერგი, ღმრთივმიმადლებულო, ზეცისა კაცო და ქუეყანისა ანგელოზო; გიხაროდენ, ლოცვითა გონება-გაჴსნილო და ნიჭითა სულისა წმიდისაჲთა მიუწვთომელად აღვსილო; გიხაროდენ, რამეთუ წმიდაჲ სამებაჲ განადიდე, ვითარცა შობადმდე, ეგრეთცა ცხორებასა შინა და სიკუდილისა შემდგომადცა; გიხაროდენ, უბიწოებისა სუეტო, ყოველგარ ვნებათა დამთრგუნველო; გიხაროდენ, რამეთუ სიყრმითგან შეუდეგ ქრისტესა; გიხაროდენ, შენდამი მოლტოლჳლთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო; გიხაროდენ, ეკლესიისა ბრწყინვალეო ლამპარო, მრავალთა მონაზონთა ქრისტჱს მიმართ მიმყუანებელო; გიხაროდენ, ქებაო და სიქადულო მამულისა შენისაო; გიხაროდენ, რამეთუ განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა; გიხაროდენ, ლოცვითა შენითა ქრისტესმოყუარისა მჴედრობისა განმაძლიერებელო; გიხაროდენ, ქრისტჱს სახელის სადიდებლად ძალითა მაღლისაჲთა ბრძოლათა უბრძოლველად დამარღუეველო, ეგრეთვე აწ დაიცევ მართლმადიდებელნი ერნი, რაჲთა გიგალობდეთ: გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო სერგი!

გალობა 7, კურთხეულარსა


ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

დღესასწაულობს ერი შენი, ნეტარო, ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად, რომელთა ესე გუასწავე გალობაჲ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, ღირსად დიდებულო, და ვითარცა თიხაჲ დასთრგუნე ცუდი დიდებაჲ, და სიგლახაკისა მიერ სიმდიდრჱ დაულევნელი სასუფეველისაჲ ჰპოვე ზეცათა შინა, მარადის მგალობელმან: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელებისა წმიდისა წყაროო, და სიბრძნისმოყუარებისა აღმომდინარეო ფიალო, ყოვლადბრძენო, დიდო მთიებო ყოვლისა სოფლისაო, რომელმან ასწავე ყოველთა გალობაჲ ესრეთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

არაჲ მაქვს სიტყვაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, მამაო სანატრელო, არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი და უძლური გალობაჲ და ნაცვლად მადლი შენი მომეც, ღირსო სერგი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან მაცხოვრისამან შრომათა მახჳლითა, და დასწუენ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა შენთაჲთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი.

გალობა 8, აკურთხევდითსა


ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.

სამღდელოჲ კრებული და მწყობრი მორწმუნეთაჲ ერთბამად მოვედით დღეს და საღმრთოჲთა ქებითა უგალობდეთ ბრძენსა და წმიდასა მამასა, სერგისა რადონეჟელსა, ქუეყანისა და ზეცისა შუენიერებასა, და გჳრგჳნსა და ჭეშმარიტსა საღმრთოსა სიკეთესა.

ალაგთა საღმრთოთა, ქრისტჱს მცნებათა გზასა, უბიწოდ ხვიდოდე, სერგი, რამეთუ ანგელოზებრ იქცეოდე, ამისთჳს გეჩვენა საკურთხეველსა შინა დიდებაჲ ღმრთისაჲ ნათლისაჲთ ცეცხლებრ, ვითარცა ელვაჲ, და მოგცა მადლი ხილვად შინაგანთა მათ დაფარულთა ვნებათა სულთა ცოდვილთა არა ღირსთა.

უსხეულოთა გუნდსა თანა აღმაღლდი, რაჟამს შრომათა ღუაწლი ეტლ-უყავ სულსა და აღიწიე საქმითა ხედვათა მიმართ მაღალთა, სანატრელო მამაო, და უხილავთა ხილვად ღირს იქმენ, ღირსო.

სიწმიდისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლისა მძლჱ, გჳრგჳნოსან-გყო ქრისტემან მეუფემან, სანატრელო მამაო სერგი, და წმიდა თავი შენი სამკაულითა თვალთშეუდგამითა განაშუენა.

მოგუხედე მაღლით, ღმერთშემოსილო, და დააცხრვე აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათაჲ, ხოლო განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი გარე წარგუხადე, მამაო სერგი.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

შემოკრბა-რაჲ გუნდი მოწაფეთა შენთაჲ მიცუალებასა შენსა, სანატრელო, სიხარულითა აღივსე ხილვითა მათითა, და აკურთხbr /ე ყოველი, და სარწმუნოდ და ცხადად ასწავე გალობაჲ ესრეთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა


ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.

ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, ნეტარო სერგი, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე.

იოტებიან ეშმაკთა სიმრავლენი ძუალთა შენთაგან ყოვლად-პატიოსანთა, ვინაჲცა მათ მიერ ფრიად ვნებულმან სამარხოსა შენსა სარწმუნოებითა შეეხო რაჲ, მყის პოვა თავისუფლებაჲ.

სარკედ ბრწყინვალედ აღწერით დაგვიტევა, `ცხორებაჲ~ შენი მოწაფემან შენმან ეპიფანე ყოვლადბრძენმა და შთამხედველ გვყვნა ელვარებასა შენსა, რომლისა-იგი ზიარ იყო სულითა და მობაძავი შენდა სათნოებითა.

დიდო მეუდაბნოეო რადონეჟისა დიდებულთა უდაბნოთაო, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა.


განმანათლებელი

გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, ღმრთივგანბრძნობილო სერგი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იხარებს მხარჱ რადონეჟისაჲ და უფროჲს განსცხრების აწ ლავრაჲ წმიდისა სამებისაჲ შენ შორის დამკჳდრებისათჳს, რამეთუ მარადის ირწყვებოდა ცრემლთა მიერ შენთა, და აწ ძუალნი შენნი მდებარე არს მის შორის და მდიდრად აღმოაცენებს კურნებასა სულთა და ჴორცთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

აქებდითსა ზედა დასდებელი. მუხლი 4. ჴმაჲ 8


ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, შენ უღელი ქრისტჱსი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, ამისთჳს გნატრით შენ და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, რუსეთის ეკლესიისა დიდებაო, შენ ქრისტემან მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ ჩუენ. 2-გზის

ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, სარწმუნოებით შემოკრებულნი მორწმუნენიი, ვითარცა მოღუაწესა დიდსა პატივს-გცემთ შენ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს გუაცხოვნნეს ჩუენ.

ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, გამოსჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშვილდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა სწავლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი.

ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, დავიწყებისა მიზეზი არს სიკუდილი, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათაჲ აწ ლავრაჲ შენი და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შრომათა შენთა, ხოლო ტაძარსა შენსა მოსრული ერი მოწოდებული, მორწმუნჱ, მოხარული ჴსენებასა შენსა განათლებულსა, წმიდაო, ღუაწლთა შენთა მიუთხრობს, სერგი, და ჴმითა მადლობისაჲთა თაყუანის-სცემს ღმერთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო სერგი, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი,
დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი,
შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი
და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.

დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.

ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6.

წარდგომა, ჴმაჲ 7. პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

სამოციქულო I კორინთელთა, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...)

ალილუია, ჴმაჲ 6. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.

მუხლი. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.

სახარება მათესი, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი 12, მუხლი 1. (ტჳრთი ჩემი სუბუქ-არს...)

განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ.

(ავტორ-შემდგენელი თინათინ მჭდლიშვილი)

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო