Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სადღესასწაულო განგება ივერიის დედა ღმრთისმშობლის ხატისა, პორტაიტისად წოდებულისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სადღესასწაულო განგება
ივერიის დედა ღმრთისმშობლის ხატისა,
პორტაიტისად წოდებულისა
მცირე მწუხრსა ზედა


უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი, ჴმაჲ 1

მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, და ვადიდოთ დედოფალი ღმრთისმშობელი, მფარველი ნათესავისა ჩუენისააჲ, გარემოვადგეთ პატიოსანსა ხატსა მისსა, სიყუარულითა ამბორს უყოთ და უგალობოთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო; გიხაროდენ, მაღლისა ღმრთისა დედაო; გიხაროდენ, მჴსნელო და მფარველო სულთა ჩუენთაო; გიხაროდენ, მთაო ათონისაო, დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, რამეთუ ვარსკულავი მოტყინარჱ მოიწია აღმოსავალით დასავალად, სუეტსა ზედა ცეცხლოვანსა გამოგჳჩნდა ხატი ღმრთისა დედისაჲ, რომელმანცა მოსლვითა თჳსითა ცისკროვან-ყო ათონი.

ვითარცა ოდესმე მოსეს გამოუჩნდა სინას მაყუალი ცეცხლითა მოტყინარჱ და უვნებელად დაცული, ეგრეთცა ყოვლადუბიწოჲ ხატი ესე შეიმოსს ცეცხლსა და შთების შეუწველ, წმიდაჲ ყოფს რწმენით მხილველთა მისთა.

რომელმან მრავალ-პატიოსანი ხატი შენი მიუბოძე ივირონსა, ეგრეთვე უნუგეშოდ არა დაგჳტევენ მკჳდრნი წილხვედრისა შენისანი, ქალწულო, და ვიდრე ჟამადმდე, მის წილ ამბორს-უყოფთ საკჳრველთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა.

მოვედით ერნო ქართველთანო, აღმოვივსოთ დაუწყვედელი იგი მადლი ხატისაგან ღმრთისა დედისაჲ, რომელი ცეცხლებრ ბრწყინავს, და შევიტკბოთ სარწმუნოებითა და სიყუარულითა, რამეთუ იგი დიდებითა მოენიჭების ერსა ჩუენსა ზღუდედ და მცველად, და მფარველ გუექმნების ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

დიდებაჲ... აწდა... ჴმაჲ 5

მოვედით სიხარულით და თაყუანის-ვსცეთ სასწაულთმოქმედსა და ყოვლადპატიოსანსა ხატსა ღმრთისა დედისასა, რომელი მიებოძა სავანესა ივერიისასა მცველად მიურულებელად და უძლეველად, რამეთუ იცავს იგი თჳსითა საფარველითა წმიდასა ამას სავანესა და ყოველთა მკჳდრთა ათონისაჲთა და მომადლებს უხვსა საბოძვარსა წყაროისაგან ულევისა მადლისა ყოველთა პატივისმცემელთა ამა საკჳრველისა ხატისაჲთა. რომლისათჳსცა უგალობთ ღმრთისმშობელსა: გიხაროდენ, შემწეო სოფლისაო და ნუგეშინისმცემელო სულთა ჩუენთაო.

ნათელი მხიარული. გამოუსვლელად,

წარდგომაჲ: ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რაჲცა უნდა ჰქმნა;

და ღირს მყენ ჩუენ, უფალო;


სტიქარონსა ზედა დასდებელნი, ჴმაჲ 2

უბიწოო სამკჳდრებელო ნათლისა ყოვლადწმიდისაო, ღმრთისმშობელო, გადიდებთ შენ და გიგალობთ მონანი შენნი, რამეთუ გამოცხადებითა ყოვლადწმიდისა ხატისაჲთა განგვწმენდ ჩუენ;

მუჴლი: აღსდეგ, ღმერთო, განსვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ.

დიდებაჲ შენდა, ქრისტე მეუფეო, დიდებაჲ უხვმოწყალებასა შენსა ჩუენდა მომართ, რამეთუ მოგუანიჭენ ჩუენ ხატი ყოვლად წმიდისა დედისა შენისაჲ, რომელი გჳწყალობებს ნაკადულსა თჳსისა დაულევნელისა მადლისასა.

მუჴლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყო იგი.

კეთილმორწმუნენო ერნო, დღეს ვიხარებდეთ და ბრწყინვალედ ვდღესასწაულობდეთ დაფარულსა მოსლვასა ღმრთისა დედისა ხატისასა, და ვინაჲცა სარწმუნოებით აღვიარებთ მას მცველად ჩუენდა, ღმრთისმშობლისადმი ღაღად-ვჰყოთ: დაგვიფარე ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დიდებაჲ... აწდა...

მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალწულსა მარიამს, თაყუანის-ვსცეთ ანგელოზთაგან პატივცემულსა სახესა მისსა და ლმობიერად ჴმა-ვჰყოთ: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, ფიცხელთა მწუხარებათა ზედა გარემოდგომილთ ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთანი.


ტროპარი, ჴმაჲ 1

სილაღჱ მოძულეთა ხატისა უფლისაჲთა და მძლავრებაჲ არაწმიდათა უღმრთოთაჲ, უმოწყალოდ დაემკჳდრა ნიკიას, და მოიწიეს სატანჯველად ქურივისა, ღმრთისმშობლის ხატისა კეთილმსახურებითა პატივისმცემელისა, ხოლო მან ძითურთ თჳსით მიუბოძა ზღუასა ხატი იგი და ესრეთ ღაღად-ყო: დიდებაჲ შენდა, წმიდაო, ზღუაჲ მღელვარჱ მწე შენდა გექმნეს, დიდებაჲ მსვლელობასა შენსა, უხრწნელო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,


ტროპარი II, ჴმაჲ 1

წმიდისაგან ხატისა შენისა, ჵ, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხუად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთჳს ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ჴორცითა განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

კეთილსახელოვანი და ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ვითარცა თავსმდები გამოჴსნისა ჩუენისაჲ, განგებულებითა გუებოძა ჩუენ, უხრწნელო, რომელიცა რაჟამს დაიუნჯა მონასტერმან იბერთამან, განერა იგი, შენ მიერ, ყოვლისაგან სავნებელისა და მისთანა აღივსების, ქალწულო, სასოებითა წარუკუეთელითა, და ყოველნივე, რომელნი მოვლენან შენდა.

კვერექსი მცირე და განტევება.
დიდ მწუხრსა ზედა

ვგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა,

დასდებელნი მუჴლი 8. ჴმაჲ 5.

განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული საკჳრველი ხატი ღმრთისა დედისაჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი.

შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა.

ჵ, ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა დედისაჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან.

ღმრთისმშობელო ქალწულო, ძლიერო შემწეო, აწ სავანე ივერიისაჲ შენ მიერ იქადის და იხარებს, რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ურცხვენელად, ზღუდედ დაურღვეველად, საძირკველად შეურყეველად და მცველად მიურულებელად, ვინაჲ ნუ დააცადებ შენითა ვედრებითა, დედოფალო, მარადის ჴსნად სავანისა ამის შენისა და ყოვლისა ერისა ზედა მოსლვათაგან მტერისა.

სასოებაჲ მოგუმადლე განსაცდელსა შინა მყოფთა მონათა შენთა და რქაჲ მორწმუნეთაჲ აღამაღლე, ღმრთისმშობელო, იჴსენ ვედრებითა შენითა სავანე ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი საქართველოჲსანი, განაძლიერენ მსახურებასა შინა ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი, ხოლო ყოველთა მორწმუნეთა მონათა, მაქებელთა შენთა მფარველ გუექმნენ.

ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ქალწულო, ღმრთისმშობელო, არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და შიშითა და სარწმუნოებით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა ამბორს-უყოფთ და მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ჴორციელთა უძლურებათაგან.

აწ სავანე ივერიისაჲ ნათელმოსილი განშუენდების დღეს, დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა და უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების მადლითა სულისა წმიდისაჲთა და იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი აღურაცხელთა წყალობათა.

დიდებაჲ... აწდა... ჴმაჲ 8

ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა; გვექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რაჲთა მარადის გიგალობდეთ შენ სიხარულით: გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო.
შესვლად. წარდგომა დღისა და საკითხავნი:

1. შექმნათა საკითხავი (დაბადება) თავი 28 (10-17)

განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად. და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ. და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ. და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭჱ ზეცისაჲ.

2. გამოსვლათა საკითხავი თავი 3 (1-5)

მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად. ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების. თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვაჲ ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს? ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანაჲ წმიდა არს.

3. გამოსლვათა საკითხავი თავი 13 (18-22)

მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით. და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძუალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა. ხოლო იძრნეს რაჲ ძენი ისრაჱლისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ. ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე - სუეტითა ცეცხლისათა. და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისაჲ დღისი და სუეტი ცეცხლისაჲ ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.


ლიტსა ზედა დასდებელი, ჴმაჲ 8

მოვედით დღესასწაულისა მოყუარენო და კრებულნო მმარხველთანო, სარწმუნოებით აქა შემოკრებულნო! მივართვათ გალობანი ქებისანი ქალწულსა მარიამს, რამეთუ დღეს არს ბრწყინვალე დღესასწაული გამოჩინებისა პატიოსანისა ხატისა მისისა „პორტაიტისასა“, და ჩუენცა გარემოცულნი შიშით და სიყუარულითა უგალობდეთ ღმრთისმშობელსა: გიხაროდენ, ყოველთათჳს გამოუთქუმელო სიხარულო; გიხაროდენ, წმიდითა ხატითა შენითა ჩუენ ყოველთა განმანათლებელო; გიხაროდენ, ყოველთა სიქადულო და სიმტკიცეო; გიხაროდენ, მაცხოვნებელო სულთა ჩუენთაო.

რაჲმე სახელგდვათ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ცეცხლისა სუეტად, რამეთუ მიგუანიშნებ სამკჳდრებელისადმი საუკუნოჲსა; ანუ ზღუდედ სიმტკიცისად, რამეთუ შენ გვიცავ მართლმადიდებელთა; ანუ მცველად მიურულებელად, რამეთუ იცავ და აცხოვნებ სავანესა ამას, ამისთჳს მოწევნულთა ჭირთაგან ჴსნილნი გიგალობთ, დედოფალო: გიხაროდენ, მადლთა მომნიჭებელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა სასოებაო.

დიდებაჲ... აწდა...

იხარებდ, მთაო ათონისაო, განსცხრებოდე სავანეო ივერიისაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ წყალობითა მოგუხედნა ღმრთისა დედამან და მოგუანიჭა ჩუენ საკჳრველთმოქმედი ხატი თჳსი, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან, ხოლო ჩუენ ყოველთა მოგუმადლებს დიდსა წყალობასა.
სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 4

გამოჩინებასა დიდებულისა ხატისა შენისასა დიდებისვმეტყუელებთ დღეს, უბიწოო ღმრთისმშობელო, და შუამდგომლობასა შენსა ვდღესასწაულობთ, რამეთუ შენ, დედაჲ ეგე ცხორებისაჲ ევედრები ქრისტესა მეუფესა ჩუენთჳს, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოებაჲ შენზედა, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო.

მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლთა და თესლთა.

დაუტეოთ, მორწმუნენო, მწუხარებაჲ, რამეთუ აჰა, ესერა მეორე ცეცხლმგზებარჱ მაყუალი - ხატი ღმრთისა დედისაჲ, რომელსა ხედვენ მონაზონნი ათონისნი, გამოჩნდების აწ განმწმედელად ცოდვილთა.

მუჴლი. ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი.

ნიშნად წინამძღოლობისა შენისა სუეტითა ცეცხლისაჲთა გამოგვეცხადე ჩუენ, დედაო ნათლისაო, გზასა ამას ცხორებისასა მავალთა, რაჲთა განლტოლვილთა უგზოჲსაგან ცთომისა წარგჳძღუე საუკუნეთა საყოფელად.

დიდებაჲ... აწდა...

მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რაჲთა ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ უღელვოდ ღელვათა ზედა მცურვალი ხატი ცეცხლისა სუეტითა შემოსილი განვიდა ნიკიით ათონად, პონტოჲსა ზღჳთა და მოსლვითა თჳსითა მადლი იგი თჳსი მორწმუნეთა მიანიჭა, ხოლო ჩუენცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა, შუამდგომელსა ცხორებისა ჩუენისასა ვნატრიდეთ.


ცისკრად.

შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა, ჴმაჲ 1

ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავანესა ივერიისასა მიანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, ამისთჳსა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა. დიდებაჲ... აწდა...

ესე არს დღე უფლისაჲ, გიხაროდენ ერნო, რამეთუ აჰა, ესერა ნათლითშემოსილი ღრუბელი ზეცას განერთხა საკჳრველად და სუეტად ცეცხლისად წარმოუჩნდა ათონს, მხოლოჲ, მხოლოჲსა ჴელთა ზედა დედობრივთა მტჳრთველი, ქრისტჱს, სოფლისა შემოქმედისა, მაცხოვრად სულთა ჩუენთა.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომაი, ჴმაჲ 3

განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწოისანი და განშუენდებიან დიდებითა მაღლისაჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისაჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნობელობისაჲთა განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თჳსთა.

დიდებაჲ... აწდა...

საკჳრველი დიდებული იხილვების დღეს: ვითარ წყალთა შინა ცეცხლმნთებარჱ ხატი საღმრთოჲსა ყრმისაჲ გუეჩვენების და ნიშსა შარავანდედსა განჰფენს და მმარხველთა ღუწასაცა საკჳრველებითა შეამკობს, ამისთჳსცა ჩუენ მადლობით უგალობთ: გიხაროდენ, მიმადლებულო.
წინეთ სადიდებელისა, წარდგომაი, ჴმაჲ 8

დიდებულებანი შენნი ვინმე მოუთხრნეს, ღმრთისმშობელო, რამეთუ გამოცხადებითა ხატისა შენისაჲთა განაკჳრვენ ყოველნი მართლმადიდებელნი, რამეთუ უძლურებათა სიმრავლესა ჰკურნებ და სნეულებათა განსდევნი. ჵ, ყოვლადმოწყალეო დედოფალო, ნუ მოგუაკლებ ჩუენ შეწევნასა შენსა, არამედ დაგვიფარე ვედრებითა შენითა და აცხოვნე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, და ქრისტჱსმოყუარჱ მჴედრობაი ძალითა შენითა დაიცევ, რაჲთა შენმიერ მოქადულთა და შენზედა ყოვლისა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.

დიდებაჲ... აწდა... იგივე.


სადიდებელი

გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა.

(3-გზის).
აღსავალი I, 4 ხმისა;
წარდგომაჲ და სახარება (იძიე 8 სექტემბერს)


შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი სახარებისაჲ.

რაჟამს იქმნა გამოცხადებაჲ საკჳრველისა ხატისა შენისაჲ, მაშინ მამანი ათონელნი მხილველნი ზღუასა შინა სუეტისა ცეცხლისასა, განცვიფრდეს შიშნეულნი, ხოლო გაბრიელ, ვითარცა მეორე პეტრჱ, წყალთა ზედა ვიდოდა და ცრემლით გიღაღადებდა შენ: ჵ, ყოვლადწმიდაო, მოვედ და დაიფარე სამკჳდრებელი შენი მტერთაგან უსაცთუროდ.


კანონი ღმრთისმშობლისანი, მუჴლი 6.
გალობაი 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 8


ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ჵ, ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქებაჲ ესე, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.

შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაჲ, რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი.


გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.

აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისაჲ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.

პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღმდგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა, რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა.
წარდგომაჲ

მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხილვად თჳსისა ცეცხლმთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინები-სანი.

დიდებაჲ...

იხარებდა სავანე ივერიისაჲ დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა, რამეთუ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათჳს სიყუარულისა ერისათჳს შენდა წილხდომილთა, ოდეს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული ნათელცისკროვანი ხატი შენი, არაჲ მივიდა სხუასა მონასტერსა, არამედ ივერთასა ღირს იჩინა დავანებაჲ, ჴელითა გაბრიელ ქართველისაჲთა და მით აკურთხე ათონის უდაბნოსა შინა ახლად-აგებული სავანჱ იგი ქართველთაჲ.

აწდა...

მეოხი მჴურვალე, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი მტკიცე და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარ შენ, პორტაიტისაო, მათთჳს, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთჳს იჴსენ იგინი ყოვლისაგან საბრჴისა, ვითარცა აღუთქუ, ყოვლადუბიწოო, მონათა შენთა.


გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.

განამზადებდა რაჲ გზათა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალებაჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულისჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოიჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა.


გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოჲსა შენისა, რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან ყოველი ესე მოგუანიჭე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა აქუს ხატი შუენიერებისა შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარულითა ამბორსუყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფარენ ჩუენ, რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა.


გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათაჲსა, რაჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნოჲსა სიტყჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა.


კონდაკი, ჴმაჲ 8

დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან.
იკოსი

იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად.


გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან, მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთოჲსა რისხჳსა, რაჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკჳდრა უფალი, სამყაროსა ცისასა, რომლისაგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.


გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთაჲ, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა უღირსისაგან მორთმეული ესე ქებაჲ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივირონელნო, აღამაღლებდით ყოველი ქუეყანაჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკჳრველებათასა აღმოაცენებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თჳსითა, ამისთჳსცა ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა არს საზომი სივრცისაჲ, სიღრმისაჲ ანუ სიმაღლისაჲ, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნაჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე.


გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთაჲ იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

მოვედით ყოველნი, თაყუანის-ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედაჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვაჲ ყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთჳს აღთქუმაჲ მოწყალებათაჲ, გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რაჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავს-მდებსა ჴსნისა ჩუენისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს ღირსად გალობად ენაჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისაჲთა უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრებაჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს.
განმანათლებელი

ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ გაბრიელ წიაღთა შინა თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა.


აქებდითსა ზედა დასდებელნი. ჴმა 4

ჵ, გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რაჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას.

ჵ, შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ მოგჳვლენ ჩუენ საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ.

ჵ, ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარ ცეცხლმტჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივისმცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართა აღვავლენთ დიდებასა.

ჵ, დედათა შორის კურთხეულო, ღმრთისმშობელო მარიამ, ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა ჩუენსა, ეგრეთვე აწცა ნუ დაგჳვიწყებ, და ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, ვითარცა საკუთარისა.

თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, არამედ მოჰფინე ნათესავსა ჩუენსა მოწყალებანი შენნი და გვექმენ დედად ჩუენდა, რაჲთა გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღმასრულებელი ბრძანებათა შენთაჲ, ღმრთისა დედაო, ღირსი გაბრიილ ფერხითა დაულტოლველითა ვიდოდა წყალსა ზედა ზღჳსათა და მიიქუა რაჲ წმიდაჲ ხატი შენი, განაწყო გუნდნი და დღესასწაული მმარხუელთა თანა ათონისაჲთა განაწესა, რომლითა ჩუენცა განკჳრვებულნი ვუღაღადებთ პირველ მიზეზსა: დიდებაჲ შენდა, მოქმედო საკჳრველებისაო, მხოლოო მეუფეო და ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა დაიცევ ერი ჩუენი, რომელი გამოირჩიე და ძლევაჲ მტერთა ზედა მიჰმადლე მას, ვითარცა ყოვლად ძლიერმან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაი.

ლიტურღიასა ზედა: იძიე 8 სექტემბერს


1867 წელს გადმოთარგმნილი ივერიის ღმრთისმშობლის სლავური დაუჯდომელიდან პეტერბურგში,
იმერთ თავადის ირაკლი (იოსებ) ლორთქიფანიძის (საჩინოელის) მიერ.


სადღესასწაულო წეს-განგება გადაამუშავა და შეავსო: 
მედავითნე თინათინ მჭედლიშვილმა

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო