Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა სერგი რადონეჟელისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა სერგი რადონეჟელისა


წმინდა სერგი რადონეჟელს ევედრებიან ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა
მანქანებათაგან თავდასახსნელად, აგრეთვე ყრმათა გონების განხსნისა და კაცთა გულისჴმისყოფისათვის

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებელთასა და სუეტსა უდაბნოჲსასა, ყოვლადწმიდისა სამებისა სათნოსა და ანგელოზთა მობაძავსა და თანამოსაგრესა, ქებით გიგალობთ და მჴურვალედ მოვეახლებით მფარველობასა შენსა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ევედრე სახიერსა ღმერთსა, რაჲთა ოხითა შენითა განგვკურნნეს და გჳჴსნნეს ჩუენ ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, რაჲთა უვნებელად დაცულნი ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

იკოსი 1


ანგელოზთა შემოქმედმან წინაჲსწარ გიცნა წიაღსავე დედისა შენისასა, ღმრთივ-საყუარელო სერგი, და განგიკუთვნა შობით შენითგან, ხოლო შენ სიჩჩოჲთგან შეიყუარე სიმდაბლჱ და კრძალულებაჲ, რომლისა მიერ აღიწიე სიმაღლედ სასუფეველისა და ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ, აწ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებით და გჳჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა საღმრთოთა მათ საქმეთა შენთა ბაძვად აღჳძრვეთ და აღსრულებად მათდა მოსწრაფე ვიქმნეთ, რომელნი შენ დაუცხრომელად გადიდებთ:

გიხაროდენ, სულისა მიერ წმიდისა ქრისტჱს ახოვან მჴედრად მოწოდებულო;
გიხაროდენ, ერისა შენისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;
გიხაროდენ, მსგავსად სამოელ წინაჲსწარმეტყუელისა დედის წიაღთაგან უფალსა შეწირულო;
გიხაროდენ, რტოო ნაყოფიერო, ძირთაგან ღმრთისმსახურთა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, ლამპარო, სულისა წმიდისა მადლითა აღგზებულო;
გიხაროდენ, მორჩო ღმრთივბრწყინვალეო, ნაყოფად უკუდავებისად და ნერგად მოღუაწებისად აღორძინებულო;
გიხაროდენ, სიტკბოებითა აღსავსეო და კრძალულებითა კეთილითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა სიმდაბლითა შემკულო;
გიხაროდენ, შინაგანთა მათ დაფარულთა ვნებათა მხილველო;
გიხაროდენ, უბიწოჲსა ცხორებისა შენისა, ვითარცა მსხუერპლისა წმიდისა, სულითა განწმედილითა ქრისტჱსა შემწირველო;
გიხაროდენ, მსგავსად აბელისა განმართლებულო და ქუეყანით ზეცად მიწევნულო;
გიხაროდენ, უხრწნელითა ნაწილებითა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 2


წინაჲთვე შობისა შენისა უწყებულ იყვნეს მშობელნი შენნი და კრებული მორწმუნეთაჲ მადლთა მათ შენთა სულნელებასა, რამეთუ ჟამსა წირვისასა ესმათ სამგზისი ღაღადებაჲ შენი და გულისჴმა-ყვეს ყოველთა, რამეთუ ნიჭი განდიდებისაჲ ყოვლად წმიდისა სამებისაჲ წიაღსა შინა დედისასა გიბოძა ქრისტემან ღმერთმან, ხოლო იხილეს რაჲ სახარულევანი შობაჲ შენი, ნეტარო სერგი, სამადლობელი გალობაჲ შესწირეს საკჳრველთმოქმედსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2


დასაბამსავე სიყრმისა შენისასა შიშსა უფლისასა შემსჭვალენ ჴორცნი, ღმრთისმოყუარეო სერგი, გარნა საღმრთოთა წერილთა ვერ გულისჴმაყოფდა გონებაჲ შენი, და ურვეულ იყავ სწავლისა წყურიელი, არამედ ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი ლოცვითა მჴურვალითა მოიხუეჭე და ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაჲსა კურთხევითა ღმრთივგანბრძნობილისა ბერისაჲთა განიბრძვნე, ხოლო მოღუაწებითა ნათლითა მადლი გონების განჴსნისაჲ და ყრმათა გულისჴმისყოფისაჲ, ვითარცა სასყიდელი, ნიჭად მიიღე, ამისთჳს გევედრები, ღირსო, მომეც სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, რაჲთა გნატრიდე:

გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან მარხულისა ცხორებისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, საკჳრველო ყრმააო, ოთხშაბათსა და პარასკევს დედისა რძისა უარის-მყოფელო;
გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და სულიერითა სიბრძნითა მიუწვდომელად აღვსილო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილო;
გიხაროდენ, ზეგარდამოჲთა სწავლითა უაღრეს რიტორთაჲსა განბრძნობილო;
გიხაროდენ, მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ცხორებითა სათნოჲთა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წიგნთა მიერ განსწავლულო;
გიხაროდენ, წინაჲსწარცნობისა მადლითა განმდიდრებულო;
გიხაროდენ, მრავლითა სასწაულითა უფლისაგან განდიდებულო;
გიხაროდენ, მრავალთა მამათა მამად და წინამძღურად წოდებულო;
გიხაროდენ, მოღუაწებისა უცთომელითა სიმჴნითა შეჭურვილო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 3


გეწადა რაჲ ჴსნაჲ სულისა თჳსისაჲ, სიყუარული, სიმდაბლჱ და სიმშჳდჱ, ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ, და სარწმუნოებაჲ მტკიცჱ სასოებითა მოიგენ, ყოველთა თანა სათნოებათა მწყობრსა და აღიწიე თავსა სრულებათასა, ეგრეთვე აწ განაცისკროვნე მტკიცითა სასოებითა მწუხარჱ ცხორებაჲ ჩუენი და დაგვიფარე ცოდვით დაცემისაგან, რაჲთა მსწრაფლ განჳღჳძოთ და მსგავსად ნინეველთაჲსა, ღირს ვიქმნეთ სინანულად შენდამი მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 3


თეზბიტელისა ცხორებისა მობაძავ-იქმენ და არა ჰრიდე ჰასაკსა მას შენსა სიჭაბუკისასა, არამედ ძმისა შენისა თანა დაემკჳდრე განშორებულსა უდაბნოსა რადონეჟისასა და შებმა უყავ ღუაწლსა ფრიად ძნელსა და ფიცხელსა, გარნა ძმაჲ შენი სტეფანე უკუნ იქცა მონასტერსა, ხოლო შენ არღარა მიიქეც სოფლად, ნეტარო სერგი, არამედ მარხვითა და შრომითა ვნებანი მოაკუდინენ და არარად შერაცხე წინააღდგომაჲ ბოროტთაჲ, ეგრეთვე აწ მოგუმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა:

გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სულთა და ჴორცთა უბიწოებისა გულსმოდგინედ დამცველო;
გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, ეშმაკისა ცთუნებათა და მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა დაუცადებელითა ლოცვითა და ფსალმუნებითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ზამთრისა ყინელისა და ღამისა ნეფხჳსა ჴორცთა შრომითა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, წმიდისა ცხორებისა დამნერგველო;
გიხაროდენ, კრძალულებისა და კეთილზნეობისა მასწავლელო;
გიხაროდენ, უმანკოთა ყრმათა და ქალწულთა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, უგულისჴმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა მწიკულისა განმბანველო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 4


ჩუეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, გარნა შენ, ქრისტჱს მჴედარო, ახოვანო, ჯაჭჳ სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, ნიში ჯუარისაჲ საჭურველად აღიღე და დააკუეთე ეშმაკისა საცთური შრომათა მახჳლითა, ხოლო ბანაკნი მათნი დასწუენ ცეცხლებრ, საჴუმილითა ლოცვათა შენთაჲთა, ამისთჳს უფალმან მოგცა ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, განთავისუფლდებოდეს და სიხარულითა ადიდებდეს ძალსა ქრისტჱსსა: ალილუია.

იკოსი 4


საფუძველი მტკიცჱ დაუდევ საღმრთოჲსა ცხორებისა მოსურნეთა და სახჱ კეთილისაჲ ექმენი თჳსტომთა შენთა, რამეთუ უდაბნოჲ იგი მჴეცთა სადგური და ეშმაკთა საყოფელი, შესცვალე საყოფელად კაცთა და აღაშენე ტაძარი ხისაჲ სადიდებელად ყოვლად წმიდისა სამებისა, ხოლო განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა და იქმენ მამაჲ ობოლთაჲ და საზრდელი მშიერთაჲ, სამოსელი შიშუელთაჲ და უღონოთაჲ, ეგრეთვე აწცა საკჳრველებითა აცხოვნებ და სიყმილისა და განსაცდელთაგან იჴსნი შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, მორჩილთათჳს ტკბილო და მდაბალო, და უნანელთა შემაგონებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, დაფარულთა საიდუმლოთა მეტყველო;
გიხაროდენ, სინანულისა ტკბილად მქადაგებელო;
გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, უდებთა მონაზონთა და ერთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ბოროტად შეცდომილთა მწვალებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელოც და შეცდომილთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, ბელიარის ზრახვათა მომსრველო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 5


ესმათ რაჲ უდაბნოჲსმოყურეთა, რამეთუ ალაგთა საღმრთოთა, ქრისტჱს მცნებათა გზასა, უბიწოდ ხჳდოდი და ანგელოზებრ იქცეოდი, იწყეს მოსლვად და განმრავლებად, ხოლო ესე რაჲ იხილე მჴნემან, აღაშენე სენაკები და დაამკჳდრე მას შინა მონაზონნი ათთორმეტნი და ასწავე გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი, ეგრეთვე აწ ცხორებად საუკუნოდ წარგჳმართე, ნეტარო სერგი, რაჲთა შევიდეთ სასძლოსა საუკუნესა ბრძენთა ქალწულთა თანა შენდამი მგალობელნი: ალილუია.

იკოსი 5


განისმა რაჲ კიდეთა ქუეყანისაჲთა საქმენი შენი საკჳრველნი, იწყლა გონებაჲ მრავალთაჲ ტრფიალებითა ხილვისა შენისა სურვილითა და ფრიად განმრავლდეს მოსაგრენი სავანესა შინა შენსა, მაშინ აღაშენე ლავრაჲ სასოებითა ღმრთისაჲთა, და ნაცვალად ედემისა სამოთხედ განუღე კარი მისი მჴურვალედ შენდამი მოლტოლჳლთა, ხოლო სამწყსონი შენნი, შრომითა შეკრებულნი და სულიერად შობილნი სიმდაბლითა თჳსითა მიიწინეს საზომსა დიდსა და კეთილქებისა გალობითა გნატრიდეს შენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და მამასა ჭეშმარიტსა:

გიხაროდენ, წყაროო დაუწყუედელო, სულთა სარგებელთა სწავლათა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱს სამწყსოჲსა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, სიწმიდისა მოყუარეთა სასოებითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, ცოდვათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისაჲთა აღმხელელო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა მონაზონთა გამომწვრთნელო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა საეშმაკოჲსა და აღძრჳსაგან ჴორცთაჲსა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ძჳრის ზრახვისა და ცილისწამებისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მოწაფეთა შენთა საღმრთოჲთა მადლითა განუხრწნელად დამცველო;
გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, სავანითგან ყოველგნით დაულევნელთა მადლთა განმფენელო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 6


ეუწყა რაჲ დიდსა მთავარსა დიმიტრისა, რამეთუ განეზრახათ თათართა კუალად იავარ-ყოფაჲ რუსეთისაჲ, სთნდა დალოცვაჲ შენი, მამაო, რაჲთა იჴსნეს ქუეყანაჲ წარწყმედისაგან, და მოიწია ლავრად შენდა და ქუეშე ფერჴთა შეგივრდა, ხოლო შენ სასჯელი საღმრთოჲ მტერთა ზედა შურისგებისაჲ წინაჲთვე განგეცხადა ღმრთისაგან, და აკურთხე რაჲ წყლითა აიაზმისაჲთა, მოსალოდებელი იგი განმარჯვებაჲ წინაჲსწარ აუწყე და ორი მოსაგრჱ კრებულისაგან შენისა შემწედ წარატანე, ეგრეთვე აწ ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რაჲთა ძალსა შენსა ძლიერსა ვაქებდე: ალილუია.

იკოსი 6


ხედევდი რაჲ ახოვნებასა ღმრთისმოყუარისა დიმიტრისა და სპარაზენობასა ყოვლად ქებულსა, წინააღმდგომნი მისნი სიტკბოებითა შენითა საკჳრველად მოამშჳდე, და ურთიერთას განდგომილნი მთავარნი და ბოიარნი სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაჲთა ერთ-ზრახვად შეჰკარ და შეამტკიცე, ეგრეთვე აწ ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთა შორის ურთიერთსიყუარული დაჰნერგე, რაჲთა, რომელნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან ჴორცითა და სისხლითა თჳსითა მოგჳყიდნა, სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ, და ერთითა გულითა და ერთითა პირითა გაქებდეთ:

გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მამულისა და მოყუასის განუყოფელისა სიყუარულისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, უმოწყალოთა და ანგარ-მომხვეჭელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სამწყსოჲსა შენისა ღელვათაგან მრავალსახეთა განმარინებელო;
გიხაროდენ, ხენეშთა გულისსიტყუათაგან დაბნელებულთა გონებათა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, უსჯულოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და ურთიერთმტერობისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, გზასა ზედა მცნებათა უფლისათა დამაყენებელო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 7


მრავალგზის ეხილვათ მოწაფეთა შენთა, თუ ვითარ კამკამებისა ელვათა გამოსცემდა პირისა შენისა სახჱ ანგელოზებრი, რაჲცა მადლთა აღმატებასა დაფარულსა სულსა შინა შენსა ცხად-ყოფდა, ნეტარო სერგი, ხოლო რაჟამს ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაჲთა აკურთხე მდუმარებისა ღუაწლისა აღმღებელი ისააკი, ელვანი სხივთა მათ მზისა უმცხინვარესთა განჰკრთებოდა ჴელთაგან შენთა, არამედ გიხილა რაჲ თანამწირველი ანგელოზისაჲ საკურთხეველსა შინა, მაშინღა განჴსნა დადუმებული ბაგჱ თჳსი შეძრწუნებულმან და განმადიდებელსა შენსა ქრისტესა ჴმა-მაღლად ადიდებდა: ალილუია.

იკოსი 7


ოდეს მონღოლთა დიდი მჴედართმძღუანი მამაი მოიწია რბევად და ოხრებად რუსეთისა, მაშინ შენ მიერ განმჴნობილი დიმიტრი წარემართა ბრძოლად მისა, და მი-რაჲ-წია ველსა მას კულიკოვისასა, აღიზახა, ვითარცა ლომმან, და ურიცხუსა მას მტერსა აოტნა და არცხვინა, ხოლო შენ მჴურვალედ შეჰვედრე დიდი მთავარი და სპაჲ მისი ღმრთისმშობელსა და სახელნი ბრძოლასა შინა მომწყდართანი მეყუსეულად განგეცხადა ღმრთისაგან, აწ გჳთხოვე მისგან, ღირსო, რაჲთა განსდევნოს ჩუენგან მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და ღელვაჲ განსაცდელთაჲ დააცხროს მგალობელთაგან შენთა:

გიხაროდენ, გონებისა თუალისა სიწრფოებითა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, კულიკოვისა ბრძოლისა სულითა მჭურეტელო;
გიხაროდენ, ძალითა მაღლისაჲთა მტერთა ურიცხჳსა ლაშქრისა შემკრველო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა განლაღებულთა მათ უსჯულოთა ღონისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, სასიქადულოთა შჳლთა ერისა შენისაჲთა და სახელოვანთა მამულიშჳლთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა შენითა ურწმუნოთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ მხოლოო მართლმადიდებელთა სპათა მფარველო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ძმათა შორის მტერობისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილავთა მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, ქრისტჱს სახელის სადიდებლად ბრძოლათა უბრძოლველად დამარღუეველო;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათჳს თავ-დადებულთა მჴედართა მოსაჴსენებლად „დიმიტრის შაბათისა“ დამდგენელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 8


სავანესა შენსა ავედრებდი რაჲ უბიწოსა ღმრთისმშობელსა, ღირს-იქმენ ხილვად მისა, ვითარცა ცოცხლებრ მავალისა, და იოვანჱსა და პეტრჱს თანა სხეულებრივ მქცევისა, გარნა ძრწოლამ შეგიპყრა შენ, მამაო სერგი, და ქუე დაემხუე წინაშე მისა, მაშინ ყოვლადმოწყალემან დედოფალმან სიყუარულითა გიპყრა ჴელი თჳსი და გიბრძანა რაჲ აღდგომაჲ, აღგითქუა, რამეთუ მფარველ ექმნებოდა მარადის სავანესა შენსა და აღავსებდა მრავალთა მიერ მოსაგრეთა, ხოლო შენ ზეგარდამო მადლითა შეცურეული მადლობდი, ღირსო, და ადიდებდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 8


დაღათუ ქრისტჱს სიყუარულისათჳს შესწირნე თავი თჳსი საკურთხეველსა მას სათნოებათა მონაზვნებრივთასა, არამედ მტერთაგან შეურვებული ქუეყანაჲ შენი უვნებელად დაიცევ ძმათა მტერობისა და განხეთქილებისაგან, ეგრეთვე აწ იხილე მტერთა საფრჴენი განფენილად ბოროტად ნათესავსა ამას ჩუენსა ზედა და გჳჴსენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და შინაგანცემისაგან ქართველთასა, რაჲთა შენ მიერ ჴსნილნი ძჳრთა ბოროტთაგან, ვსთქმიდეთ წინამდებარეთა ამათ გალობათა:

გიხაროდენ, ანგელოზო ქუეყანისაო და კაცო საკჳრველო ზეცისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოო მსახურო ყოვლადწმიდისა სამებისაო;
გიხაროდენ, უფსკრულო სიბრძნისაო და თანაზიარო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, კლდეო განუკვეთელო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, სიქადულო მართლმადიდებელისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, წყაროო ღმრთეებრივისა სიყუარულისაო და მადლისაო;
გიხაროდენ, კანონო სიმართლისაო და ნუგეშინისცემისაო;
გიხაროდენ, ქებაო და სიქადულო მამულისა შენისაო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო და იღუმენო სრულიად რუსეთისაო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ბრწყინვალეო, განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 9


დაუცხრომელად ითხოვდი რაჲ აღორძინებასა სამწყსოჲსა შენისასა და საეშმაკოთა ბადეთაგან ჴსნასა ქრისტჱსგან, ღამესა ერთსა გესმა ჴმაჲ სანატრელი ძალთაგან ზეციერთა, რომელი აღგითქუმიდა სავანისა შენისა აღორძინებასა და მას შინა მონაზონთა ფრთოსანთაებრ განმრავლებასა, ხოლო იხილე რაჲ შუენიერნი მფრინვალნი ცისანი, რომელთა სრულიად აღევსოთ ლავრაჲ და ნათელმოსილნი გარემონი მისნი, წმიდათა არსითა შეამკობდი სამებასა, განუყოფელსა და შეურყვნელსა: ალილუია.

იკოსი 9


ვითარცა მეფეთა ისრაელისასა მოუვლენდა უფალი ჟამითი-ჟამად წინასწარმეტყუელთა, ზღუდედ სჯულისა და შესაწევნელად მორწმუნეთა, ეგრეთვე გამოგაჩინა შენ სრულიად რუსეთისა სიქადულად, ნეტარო სერგი, რამეთუ წინასწარმტყუელებდი წინაჲსწარ ყოფადთა საქმეთათჳს და საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ ყოველთა თუალუხუავად ამხილებდი, ეგრეთვე აწ განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ანტიქრისტჱს ხიბლისა და საცთურისაგან გჳჴსენ მართლმადიდებლობით მგალობელნი:

გიხაროდენ, მოსალოდებელისა, ვითარცა აწმყოჲსა მჭურეტელო;
გიხაროდენ, ყოვლად ბრძენო მუშაკო, სწავლის მძებნელთა სრულმყოფელო;
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ჴელისაღმპყრობელო და მფარველო;
გიხაროდენ, მრავალთა მონასტერთა და ეკლესიათა აღმგებელო
გიხაროდენ, კეთილთა კანონთა წმიდათა ადგილთაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, უმეცართა განმაბრძნობელო და ღმრთისმოსაობასა შინა განმსწავლელო;
გიხაროდენ, სათნოებათა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მრავალთა კეთილთა მწყემსთა გამომაბრწყინებელო;
გიხაროდენ, სულითა და ჴორცითა ვნებულთა ლოცვითა შენითა განმკურნელო;
გიხაროდენ, საკჳრველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ნიშებ-სასწაულებითა შენითა მოღუაწეთა ათონისაჲთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, ჩუენ ზედა აღდგომილთა უგუნურთა კაცთა ბოროტისა განზრახვისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 10


გესმა რაჲ გოდებაჲ მამისაჲ და იხილე ყრმაჲ მისი, მომკუდარი სენისაგან, შეგეწყალნეს ფრიად ტირილითა შევრდომილი შენდა, მსგავსად ქრისტჱსა, და მჴურვალედ ილოცე წინაშე მისა, მაშინ ისმინა უფსკრულმან წყალობისამან, აღადგინა მკუდარი იგი და მიჰმადლა ცხორებაჲ, ხოლო მამაჲ იგი ყრმისაჲ სიხარულითა გაქებდა შენ, ვითარცა სასწაულთმოქმედსა საკჳრველსა, და მადლობითა ადიდებდა ქუელისმოქმედსა, ყოველთა მწყალობელსა: ალილუია.

იკოსი 10


განკჳრდეს მოწაფენი შენნი, ხედვიდეს რაჲ დიდებასა ღმრთისასა ტრაპეზით გამო ნათლისაჲთ ცეცხლებრ, ვითარცა ელვასა საკურთხეველსა შინა, ხოლო შენ ჴელთა თჳსთა გეპყრა წმიდაჲ ბარძიმი და ელვანი სხივთა მათ ცეცხლისაჲთა შთაჴდა მას შინა, გარნა მოიღე რაჲ წმიდაჲ იგი ზიარებაჲ ქრისტჱსი, თჳთ მოვიდა სული იგი სახიერი, დაადგრა შენ თანა და განგანათლა უნათლეს მზისა, არამედ აწ ხატისა შენისა მიერ გარდამომივლინე ცუარი მადლისა შენისაჲ და მომანიჭე მე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტებისა განრჩევისაჲ, რაჲთა განლტოლვილი უგზოჲსაგან ცთომისა, ღირს ვიქმნე შეწირვად გალობისა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, ცხოვართა მათ პირმეტყუელთაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო განშორებულთაო და ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთაო;
გიხაროდენ, განმაბრძნობელო მონაზონთაო და ქალაქ-მყოფელო უქმთა უდაბნოთაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო და სავანეო კეთილთა საქმეთაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და სასოებაო კეთილმოშიშთა მღდელთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო დამაშვრალთა და ტჳრთმძიმეთაო;
გიხაროდენ, მწყალობელო გლახაკთაო და მწირთაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო ობოლთაო და ქურივთაო;
გიხაროდენ, სჯულიერად განმგეო მდიდართაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტად უსასყიდლოო მკურნალო სხეულთაო და მაკურნებელო სულთაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო ყოველთა შენდამი მოლტოლჳლთაო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო, განმანათლებელო რუსეთისა მიწა-წყლისაო და ყოველთა მკჳდრთა მისთაო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 11


ეჰა, ვითარ დიდებულ არს და ძლიერ ღუაწლი შენი, ნეტარო სერგი, რამეთუ სრულმან ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა, აღასრულნე რაჲ წელნი ორმეოცნი წინამძღურობასა შინა, მერმე განეშორე და წინამძღურობაჲ ძმათაჲ მიეც ღმერთშემოსილსა ნიკონსა, მოწაფესა შენსა, ხოლო შენ დღისი და ღამით გონებითა წმიდითა კეთილად მსახურებდი ქრისტესა, არამედ სიბერითა სრულ-ქმნილი ოდეს განხუედ ჴორცთაგან, განვლენ ცანი სათნოვებათა კიბითა და მიიწიე, წმიდაო, წინაშე მისა, რომელსაცა ევედრე აწ განკურნებად სენთა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა: ალილუია.

იკოსი 11


მოწაფეთა შენთა იხილეს გუამი შენნი მბრწყინავი, ვითარცა მზჱ, და დაკრძალეს ლავრასა შენსა, მახლობლად საკურთხეველისა, არამედ შიში და ზარი სიწმიდეთა შენთაჲ მიეფინა მთავართა და ყოველთა ერთა ზედა, რამეთუ შემდგომად სიკუდილისაჲცა ჰყოფდი სასწაულთა და ჰკურნებდი ვნებათა სულიერთა და ჴორციელთა, ხოლო ოდეს საკჳრველითა ჩუენებითა გამოუჩნდი მოწაფესა შენსა, წყლულებათა საკურნებელად, მსწრაფლ მიიღო ლხინებაჲ, რამეთუ შეწევნასა შენსა სასოებდა, ეგრეთვე აწ ჴორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნენ და უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ მოგუმადლე შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, ღირსად ცხორებულო და სიმართლით მოხუცებულო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, წინაშე წმიდისა სამებისა ურცხვენელო წინამდგომელო;
გიხაროდენ, კიბეო სათნოებათაო, ზეცისა სასუფეველად აღმყუანებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მართლმადიდებელთა სიხარულითა საღმრთოჲთა აღმავსებელო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშჳდობითა შემყუანებელო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, სენაკთა შინა აღვლენილთა ლოცვათა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;
გიხაროდენ, ქრისტჱს მოსახელეთა ერთა მზაკუვარებითა განმხრწნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, კეთილთა თხოვათა აღმასრულებელო და ცუდთა ლტოლვათა აღჳრ-მსხმელო;
გიხაროდენ, გონებისა ჩუენისა საღმრთოჲთა შიშითა განმსწავლელო;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!

კონდაკი 12


შემდგომად უკუე ჟამთა, ჩუენებათა მიერ ზეგარდამოჲთა უბრძანე რაჲ კეთილმსახურსა ერისკაცსა წიაღთა შინა ქუეყანისაჲთა დაფარულთა ნაწილთა შენთა აღმოხუმაჲ, აღიძრა სულითა იღუმენი ნიკონი და მღდელმთავართა და ერთა თანა ლიტანიითა და გალობითა აღმოიყვანნა საუნჯჱ პატიოსანი - ნაწილნი შენნი, უხრწნელნი და უვნებელნი, ხოლო ყოვლადწმიდისა სამებისა სახელსა ზედა აღაშენა ეკლესიაჲ ბრწყინვალჱ და ფრიად შუენიერი, და მას შინა ლუსკუმითა დასხნა პატიოსანნი ძუალნი შენნი, მადლითა შემკობილო სერგი, რაჲთა სიხარულითა და ნათლითა სულიერითა აღვივსნეთ შენდამი მგალობელნი: ალილუია.

იკოსი 12


აწ იხარებს ეკლესიაჲ და ჰმადლობს ღმერთსა შენთჳს, კაცთა შორის ანგელოზო სერგი, ხოლო მოღუაწებისა შენისა მაუწყებელ-არს ლავრაჲ შენი და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შრომათა შენთა, რომელსა შინა მდებარჱ ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა, ამისთჳსცა გულსმოდგინედ მოვისწრაფჳთ ტაძარსა შენსა შუენიერსა და ნაწილთა შენთა საყოფელთა, ხოლო ღუარითა მით საშუებელთა მისთაჲთა უხუებითა აღუსებულნი, გავნათლდებით და აღმოვსთქუამთ წადიერად:

გიხაროდენ, ელიაჲსა და იოანეს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელმან სირცხჳლეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი;
გიხაროდენ, ზეციერო წინამბრძოლო ერისა შენისაო, რამეთუ ლოცჳთა შენითა მოსცა ღმერთმან უსჯულონი საძლეველად ჴელთა ქრისტეანეთა;
გიხაროდენ, მოუდრეკელო, უმჴნესო მოღუაწეო, რომელმან დაამტკიცე ერი შენი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და დაუდევ ლოდი საკიდური ახლად შენებასა ქუეყანისა შენისასა;
გიხაროდენ, დედისა ღმრთისა საკუთარო მონაო, რომელი მრავალთა შორის მამათასა რჩეულ იქმენ ხილვად და თაყუანისცემად მისა;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათჳს დამაშურალო, ვინაჲცა მოიღე ქრისტჱს მიერ გჳრგჳნი ძლევისაჲ;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოჲსა მღდელობისაო, რამეთუ ბრწყინვალედ აღწერა „ცხორებაჲ“ შენი ღუაწლმრავალი ეპიფანე „ყოვლადბრძენმან“ და შთამხედველ გვყვნა ელვარებასა შენსა;
გიხაროდენ, ქრისტჱს ეკლესიათა შემწეო უძლეველო, რამეთუ ლარნაკი პატიოსანთა ძუალთა შენთაჲ გუაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად;
გიხაროდენ, რამეთუ ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან
გიხაროდენ, ქუეყანისა სახარულევანო ბრწყინვალებაო, რამეთუ ვერცა წელთა ცვალებამან და ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად ზეშთა ბუნებისა მოღუაწებასა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ ზღუდე ხარ განმადიდებელთათჳს სასწაულთა შენთასა;
გიხაროდენ, რამეთუ არავინ არს რომელი გხადოდეს შენ ჭირთა შინა და არაჲ ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაჲ;
გიხაროდენ, მოქალაქეო ზეციერისა სამეუფოჲსაო, რამეთუ არა მხოლოჲ ერთ-ნათესავნი შენნი გიგალობენ ძლევისა გალობითა, არამედ სიყუარულითა გნატრის შენ საზეპუროჲ ერი ჩუენი, წილხვედრი ღმრთისმშობლისაჲ;
გიხაროდენ, სერგი, მსწრაფლ-შემწეო და ყოვლად დიდებულო საკჳრველთმოქმედო!


კონდაკი 13


ჵ, საჩინოო, ახოვანო სასწაულთმოქმედო და განსაცდელსა და მწუხარებათა შინა საკჳრველად მსწრაფლ შემწეო ჩუენო, ღირსო მამაო სერგი! აწ მოგუფინე ტკბილი მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუმადლე მცირე ჟამეული ესე ცხორებაჲ, უვნებელად წარვლოთ და სათნო ვეყუნეთ სამებასა ყოვლად წმიდასა. მოგუანიჭე აღსარებით შემუსრვაჲ სულისაჲ და სინანულით განწმედაჲ გულისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია.

ეს კონდაკი ითქმის 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა


ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო, ღირსო მამაო სერგი! სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო ეკლესიათაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო, წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო და მფარველო მართლმადიდებელთა მჴედრობათაო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებით შენდამი შევრდომილთაო.

ჵ, ყოვლად ბრწყინვალეო, მცხინვარეო ვარსკულავო უდაბნოჲსაო და იღუმენო სრულიად რუსეთისაო, ღირსო მამაო სერგი! აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არამედ არაჲვე დაუტევენ ობლად შჳლნი და მოსურნენი შენნი, რამეთუ მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა და თაყუანის-ვსცემთ მათ, რომელთა აღმოყუანებასა წლითი-წლად ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადმოწყალისა მეუფისა, ტკბილსა ოხასა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი მოგჳჴსენენ წინაშე მისა და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა, რამეთუ მბრძოლნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ქრისტჱს მოსახელენი ერნი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, არამედ ევედრე შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა აღგჳდგინოს ღმრთივკურთხეული სამეფოჲ ჩუენი, კუართიან-დავითიანი, ვერაგობითა წარტყუენილი თჳთმპყრობელთა მეფეთა მიერ სრულიად რუსეთისაჲთა და კუალად მოგუანიჭოს მეფჱ მირონცხებული, რომელი ძალითა ჯუარისაჲთა შემოჰკრავს ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსოჲ და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლად ქებულო ახოვანო მამაო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჵ, მამაო მამათაო, წინამძღუარო განშორებულთაო და დიდო იღუმენო რადონეჟისა დიდებულთა უდაბნოთაო, ყოვლად ნეტარო სერგი! იმეოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა, აღგვიდგინოს სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ და ქურივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა მამისა, საკჳრველთმოქმედისა სერგი რადონეჟელისაჲთა და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო