Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა სერაფიმესი საროველ საკვირველმოქმედისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა
სერაფიმესი საროველ საკვირველმოქმედისა


კონდაკი 1


ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და აღრჩეულო ქრისტესო, მსწრაფლშემწეო და შესავედრებელო ჩვენო, ღირსო მამაო სერაფიმე, მადიდებელნი შენისა განმადიდებელისა უფლისა გალობით გადიდებთ, რომელსა გაქვს კადნიერება წინაშე ღვთისა, ყოველთაგან ჭირთა ჩვენთა განგვათავისუფლენ მგალობელნი შენნი; გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო.

იკოსი 1


ანგელოსთა შემოქმედმან გამოგარჩია შენ, რომელმან ადიდე ცხოვრებითა შენითა ყოვლადწმიდა სამება, გამოგვიჩნდი ჩვენ, ვითარცა ჭეშმარიტად ქვეყნისა ანგელოსი და ზეცისა კაცი, სერაფიმე, ვითარცა ყოვლადბრწყინვალე ნათელი დაუღამებელისა მზისა სიმართლისა, გამობრწყინდა ცხოვრება შენი, ხოლო ჩვენ, მხილველნი დიდებულისა ღვაწლისა შენისანი, სასოებით და სიხარულით გიგალობთ შენ.

გიხაროდენ, დიდებულო მართალთა დიდებაო;
გიხაროდენ, კანონო სარწმუნოებისა და კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ხატო სიმდაბლისა და მორჩილებისაო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისცემაო;
გიხაროდენ, მონაზონთა დიდებაო;
გიხაროდენ, ქვეყანისა მცხოვრებთა საოცარო შემწეო;
გიხაროდენ, რუსეთის მეუფებისა დიდებაო და ზღუდეო
გიხაროდენ, ტამბოვისა მხარისა წმინდაო სამკაულო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 2


ხედავდა რა დედაი შენი, ღირსო მამაო სერაფიმე, მხურვალე სიყვარულსა შენსა მონაზონებრივისა ცხოვრებისადმი, გულისხმა-ჰყო წმიდა საღმრთო ნება უფლისა, ვითარცა ძღვენსა, მიგართმევდა რა, გაკურთხა იწროსა გზასა ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯვარითა თვისითა, რომელსაცა აღსასრულადმდე მარადის თანა იპყრობდი, ნიშნად ფრიადისა სიყვარულისა შენისა ჯვარცმულისა ქრისტესა ღვთისა ჩვენისადმი, რომელსაცა ყოველნი სასოებითა ვუგალობთ: ალილუია.

იკოსი 2


გონებაი ზეცით გებოძა, წმინდაო ღვთისაო, სიყრმით შენითგან დაუცადებლად ზეციურზე ფიქრობდი, დაუტევე სახლი მამისა სასუფეველისათვის ცათასა და სიმართლისათვის მისისა. ამისთვისაცა მიიღე ქებაი ესე:

გიხაროდენ, კურსკის ქალაქის ყრმაო ღვთივრჩეულო,
გიხაროდენ, კეთილმსახურთა მშობელთა ნაყოფო პატიოსანო,
გიხაროდენ, დედისაგან მოწყალებისა შემძინებელო,
გიხაროდენ, მისგან ლოცვისა და კეთილკრძალულებისა მსწავლელო,
გიხაროდენ, ღვაწლთა შესადგომად დედისა შენისგან კურთხეულო,
გიხაროდენ კურთხევისა მის, ვითარცა სიწმიდისა, სიკვდილადმდე დამმარხველო,
გიხაროდენ, ღვთისა სიყვარულისათვის მამულისა დამტევებელო,
გიხაროდენ, ამსოფლიურთა შვენებათა არარად შემრაცხველო,
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 3


ძალი მადლისა სიყრმითგან შემწედ გაქუნდა შენ, ღირსო ტაძრისა სიმაღლიდან ქვეგადმოვარდნილი უვნებლად დაგიცვა შენ უფალმან და მაშვრალსა სალმობით თვით სოფლისა დედოფალი გამოგიჩნდა და ზეციური კურნება მოგმადლა, ამისთვის სიჭაბუკითგან ერთგულად ემსახურე უფალსა, რომელსა ვუღადადებთ: ალილუია.

იკოსი 3


ისწრაფე რა, გეღვაწა ანგელისებრივითა მუშაკობითა მონაზონებრივითა, წმინდა ქალაქსა კიევსა მოიწიე პეჩორის სიწმიდეთა თაყვანისაცემად და ღირსისა დოსითეოსის ბაგეთაგან მიიღე ბრძანებაი: წარმართებულიყავ საროვოს უდაბნოსა შინა. სარწმუნოებით შენით თაყვანის-ეც ადგილთა მათ წმინდათა და მუნ დამკვიდრებულმან, ცხოვრებაი შენი ღვთივსათნოყოფილი აღასრულე რომელთა მიერ განკვირვებული ვხმობთ შენდამი:

გიხაროდენ, ზეციურისა მამულისად მხურვალე მეხვაიშნეო;
გიხაროდენ, ქრისტესა ყოვლითა გულითა შემყვარებელო;
გიხაროდენ, ქედსა ზედა მტვირთველო ქრისტეს ტკბილისა უღლისაო;
გიხაროდენ, სრულითა მორჩილებითა აღვსებულო;
გიხაროდენ, მაცხოვრის წმიდათა მცნებათა ერთგულო მცველო;
გიხაროდენ, ლოცვითა გულისა და გონებისა შენისა უფალში განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ღვთისმოსაობისა სვეტო შეურყეველო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 4


ღელვასა ზედა დასხმისასა ბოროტთასა დააცხრობდი, მირახვიდოდი გზასა ზედა იწროსა და გლოვისასა, მონაზონებრივითა ღვაწლითა იტვირთე უღელი მწირობისა, განდეგილობისა, მდუმარებისა და მღვიძარებისა, და მადლითა უფლისათა ძალითი ძალად საქმიდგან ღვთისა ხილვამდე აღხვედ და მკვიდრობ ცათა სასუფეველსა, სადაცა ანგელოსთა თანა უღაღადებ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4


მხედველნი და ყურადმღებელნი წმიდისა ცხოვრებისა შენისანი, ღირსო მამაო სერაფიმე, ყოველი საძმო შენი განკვირდა შენგან და მოსრულნი შენდა, განსწავლულნი შენმიერითა სიტყვითა და საქმითა, ადიდებენ უფალსა, საკვირველსა წმიდათა შორის მისთა, და ჩვენცა სიყვარულითა და სარწმუნოებით გაქებთ შენ, ღირსო მამაო, და გიგალობთ:

გიხაროდენ, უფლისადმი ყოვლადვე შეწირულო;
გიხაროდენ, უვნებლობისა მწვერვალსა მიწევნულო;
გიხაროდენ, ქრისტეს მხედარო კეთილადმძლეო;
გიხაროდენ, ზეცისა მეუფისა მონაო ერთგულო და სახიერო;
გიხაროდენ, წინაშე უფლისა ურცხვენელო წინამდგომელო;
გიხაროდენ, ღვთისმშობლისადმი დაუძინებელ ლოცვათა შემწირველო;
გიხაროდენ, უდაბნოისა ჭურჭელო კეთილსუნნელებისაო;
გიხაროდენ, მადლისა ღვთისა ჭურო უბიწოო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 5


საღრმთოითა ნათლითა განათლდა სამყოფელი შენი, ღირსო, ოდეს სალმობისა და სნეულებისა სარეცელსა ზედა ტვირთულსა თვით ყოვლადწმიდა ქალწულმა, მოსრულმა შენდა მოციქულთა წმიდათა თანა, გიბრძანა: ესე არს ნათესავი ჩვენთაგანი და შერაეხო თავსა შენსა, წამისყოფითა კურნებაი მოგანიჭა, რომლისათვისაცა სამადლობელი აღუსრულე უფალსა: ალილუია.

იკოსი 5


ხედავდა რა მტერი ადამის მოდგმისა წმიდასა და უბიწოსა ცხოვრებასა შენსა, ღირსო სერაფიმე, განიზრახა დაღუპვა შენი; აღადგინა შენ ზედა კაცნი ბოროტნი მწარედ მგვემელნი და სულთმობრძავად დამგდებნი შენნი, ხოლო შენ, მამაო წმინდაო, ვითარცა კრავმან მორჩილმან, ყოველივე დაითმინე და მაჭირვებელთა შენთათვის წინაშე უფლისა ილოცევდი, განკვირვებულნი განურისხველობითა შენითა, გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, სიმდაბლითა და სიმშვიდით ქრისტესა ღვთისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, განურისხველობითა შენითა ბოროტისა დამკვეთებელო;
გიხაროდენ, სულისა და ხორცისა უბიწოებისა გულისმოდგინედ დამცველო;
გიხაროდენ, მეუდაბნოეო, ნიჭითა სულისა წმიდისათა აღვსებულო;
გიხაროდენ, მუშაკო ღვთივგანდიდებულო და წინამჭვრეტელო;
გიხაროდენ, მონაზონთა საკვირველო მოძღვარო და ღვთივგანბრძნობილო;
გიხაროდენ, წმიდისა ეკლესიისა ქებაო და სიქადულო;
გიხაროდენ, საროვის სავანისა დიდებაო და პოხიერებაო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 6


ღაღადებს უდაბნო საროვოსი ღვაწლითა და შრომითა შენითა, ღმერთშემოსილო მუშაკო ქრისტესო, რომელმან ბაღნარნი და წიაღნი მისნი ლოცვითა შენითა გააკეთილსუნნელე, ჰბაძავდი რა წინასწარმეტყველსა ილიას და ნათლისმცემელსა უფლისასა იოანეს და აღჩნდი უდაბნოსა შინა ნაყოფთა აღმომამორჩებელად ნიჭთა სულისა წმინდისათა, რომლისა მოქმედებითაც, მრავალი საკვირველებაი ჰქმენ და აღძრავდი მორწმუნეთა შესახებ კეთილთა მომნიჭებელისა უფლისად: ალილუია.

იკოსი 6


გამოგვიბრწყინდა შენით ღვთისმხილველი ახალი, მსგავსი მოსესი, ნეტარო სერაფიმე, საკურთხეველსა უმანკოდ ემსახურე და ღირს იქმენ ქრისტეს ხილვისა ტაძარსა შინა უხორცოთა ძალთა თანამავალისა, ამისთვის შენზედა ეგოდენისა ღვთისმოწყალებისა გამოცხადებითა განკვირვებულნი გიგალობთ:

გიხაროდენ, ღვთისმხილველო საკვირველო;
გიხაროდენ, ნათლითა სამმნათობიერებითა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა სამებისა ერთგულო მსახურო;
გიხაროდენ, სულისა წმინდისა სავანეო შემკობილო;
გიხაროდენ, ანგელოსთა თანა ხორციელითა თვალითა ქრისტესა მხილველო;
გიხაროდენ, ხორცთა შინა მყოფობისა ჟამს საკვირველთა სამოთხისა სიტკბოებათა გემოსმხილველო;
გიხაროდენ, ცხოვრებისა პურითა გამოზრდილო;
გიხაროდენ, უკვდავებისა წყაროისა მხმეველო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 7


ენება მეუფესა კაცთმოყვარესა ჩვენებად შენით, ღირსო, თვისისა კაცთადმი გამოუთქმელისა მოწყალებისა, გამოგაჩინა შენ ჭეშმარიტად ლამპრად ღვთივბრწყინვალედ, სიტყვითა და საქმითა შენითა ყოველთა მიიყვანებდი სიყვარულსა და კეთილ-მსახურებასა ღვთისასა, ამისთვისსცა, ღვაწლითა შენითა განბრწყინებული და პურისა სწავლებისა შენისასა გემოსმხილველნი, გულმოდგინედ გადიდებთ შენ და შენსა განმადიდებელსა ქრისტესა ვუგალობთ: ალილუია.

იკოსი 7


ახალსა გხედვიდნენ რა რჩეულსა ღვთისასა, შორითგან მოისწრაფვიდნენ შენდა ჭირვეულნი და სნეულნი, ხოლო შენ, შეურვებულნი განსაცდელთაგან არა განაგდე, არამედ აღმოუცენე კურნებაი, მიეც ნუგეშისცემაი, მეოხ ეყავ ლოცვითა, ამისათვისცა განითქვა ყოველსა ქვეყანასა ზედა რუსეთისასა საკვირველებანნი შენნი და სულიერნი შვილნი შენნი გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო;
გიხაროდენ, მამაო მოწყალეო და მშვიდო;
გიხაროდენ, მკურნალო მადლმოსილო და მსწრაფლშემწეო;
გიხაროდენ, აღზევებულთა გულთა ტკბილად დამაცხრობელო;
გიხაროდენ, მომავალისა ვითარცა აწყმოსა განმჭვრეტელო;
გიხაროდენ, დაფარულთა შეცოდებათა მამხილებელო შორსმჭვრეტელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 8


უცხოსა საკვირველსა ვხედავთ შენზედა, ღირსო ოდეს მხცოვანმა, უძლურმა და დამაშვრალმა, ათასი დღე და ღამე ქვასა ზედა ლოცვასა შინა განკაფულ-ჰყავ, ვის ძალუძს გამოთქმა ჭირთა და ბრძოლათა, რომელიცა თავს იდევ შენ, განიპყარ ხელნი უფლისა მიმართ და გონებით ამალეკის მძლეველმან უგალობე უფალსა: ალილუია.

იკოსი 8


ყოვლად სასურველ ხარ, ყოვლად სიტკბოება იესო ტკბილო! - ესრეთ ღაღადებდი უფლისა მიმართ, მამაო, უდაბნოებრივსა მდუმარებასა შინა შენსა, ხოლო ჩვენ, ამაოებითა დაბინდულნი და ცოდვათა შინა ცხოვრებისა ჩვენისა წამგებნი, ვადიდებთ შენსა სიყვარულსა უფლისა მიმართ და გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, მოყვარეთა და პატივისმცემელთა შენთა ცხოვრებისათვის შუამდგომელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა გამმართველო;
გიხაროდენ, მდუმარეო და დაყუდებულო საკვირველო;
გიხაროდენ, ჩვენთვის გულისმოდგინე მლოცველო;
გიხაროდენ, უფლისადმი აღნთებულისა სიყვარულისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ, მხურვალითა ლოცვითა მტერისა ისართა დამშრეტელო;
გიხაროდენ, სანთელო ჩაუქრობელო, უდაბნოსა შინა ლოცვითა მოელვარეო;
გიხაროდენ, ლამპარო აღნთებულო და ბრწყინვალეო სულიერითა ნიჭითა;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 9


ყოველნი არსნი ანგელოსთანი განკვირდეს, გხედვიდნენ რა მონაზონსა დაყუდებულსა, გამოგეცხადა დედოფალი ცისა და ქვეყანისა და გიბრძანა შენ - განგეღო სენაკი არა აღკრძალვად ერთა მართლმადიდებელთა მისვლად შენდა, არამედ ყოველთათვის სწავლებად გალობისა სადიდებლად ქრისტესა ღვთისა: ალილუია.

იკოსი 9


რიტორნი მრავალმეტყველნი ვერ შემძლებელ არიან გამოთქმად ძლიერებათა სიყვარულისა შენისა ნეტარო, მიეც თავი შენი მსახურებად მომსვლელთა შენდა, აღასრულებდი რა ბრძანებასა ღვთისმშობლისასა, იყავ
უმეცართათვის კეთილის მრჩეველი, მიმომწვლილეელობასა შინა მყოფთათვის ნფგეშინისმცემელი. შეცდომილთა მასწავლელი, სნეულთა მკურნალი და განმმართველი, ამისთვისცა გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, ამა სოფლითგან უდაბნოსა შინა დამკვიდრებულო და სათნოებათა შემძინებელო;
გიხაროდენ, უდაბნოდან სავანესა დაბრუნებულო და მას შინა სათნოებათა თესლის მთესველო;
გიხაროდენ, მადლითა სულისა წმიდისათა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, სიმშვიდითა და მორჩილებითა აღვსებულო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა მამაო მოყვარეო;
გიხაროდენ, სიტყვითა სიყვარულისათა სიმხნევისა და სიმშვიდისა მათთვის მიმცემელო;
გიხაროდენ, მნახველთა შენთა სიხარულად და საუნჯედ სახელმდებელო;
გიხაროდენ, წმიდისა შენისა სიყვარულისათვის ცათა სასუფეველისა ღირსქმნილო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 10


ღვაწლითა შენითა თავისა შენისა გადამრჩენელო, ღირსო მამაო სერაფიმე, აღესრულე რა მუხლმოყრითა მლოცველი, წმიდა სული შენი უფალსა შეჰვედრე, წმიდათა ანგელოსთა აღამაღლეს იგი წინაშე საყდრისა მეუფისა ყოვლისა მპყრობელისა და წინამდგომარემ ყოველთა წმინდათა თანა დიდებითა დაუღამებელითა აღავლინე სადიდებელი გალობაი წმინდათა შორის უწმიდესისა სიტყვისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 10


ზღუდე ყოველთა წმინდანთა და მონაზონთა ყოვლადწმინდა ქალწული, აღსასრულის წინ გამოგეცხადა და გაცნობა მოახლოებული განსვლა სულისა შენისა უფლისადმი. ჩვენ ღვთისმშობლის შენდამი გამოჩინებით განკვირვებულნი გიგალობთ:

გიხაროდენ, ცისა და ქვეყნის დედოფლისა სახის მჭვრეტელო;
გიხაროდენ, ღვთისმშობლის გამოცხადებითა სიხარულევანო;
გიხაროდენ, მის მიერ ზეციურისა სამყოფელისად მიცვალებისა ცნობის მიმღებო;
გიხაროდენ, ნეტარითა აღსასრულითა შენითა ცხოვრებისა შენისა სიწმიდისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ჟამსა ლოცვისასა წინაშე ხატისა ღვთისმშობლისასა უფლისადმი სულისა მიმბარებელო;
გიხაროდენ, უჭირთათმენოდ სულისა შენისა განსვლითა წინასწარმეტყველებისა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, ხელთაგან ყოვლადმპყრობლისა უკვდავებისა გვირგვინისა მიმღებელო;
გიხაროდენ, რომელმან ნეტარებაი სამოთხისა ყოველთა წმიდათა თანა დაიმკვიდრე;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 11


ყოვლადწმიდისა სამებისა საგალობელსა დაუცხრომელად აღავლენდი, ღირსო, ცხოვრებითა შენითა ღვთისმოსაობისა მოსაგრედ გამოგვიჩნდი ყოველთა შეცდომილთა განმმართველო, სულითა და ხორცითა დასნეულებულთა მკურნალო, ხოლო ჩვენ მადლიერებისა გრძნობითა აღვსილნი უფლისა მიმართ, შენზედა დიდისა წყალობისა გამოჩინებისათვის, ვუგალობთ მას: ალილუია.

იკოსი 11


ნათლის მომცემელად, ლამპრად გიცნობთ შენ, ღვთივ-ნეტარო მამაო, და შემდგომად მიცვალებისაცა გამობრწყინდი, ვითარცა მნათობი რუსეთის ქვეყნისაი, წმიდათა ნაწილთა შენთაგან წყაროსა საკვირველებისასა აღმოუცენებ ყოველთა შენდამი სარწმუნოებით და სიყვარულით მოლტოლვილთა, ამისათვის, ვითარცა ჩვენთვის სიყვარულითა მლოცველსა და საკვირველთმოქმედსა, გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, მრავლითა სასწაულითა უფლისაგან განდიდებულო;
გიხაროდენ, სიყვარულითა შენითა ყოვლისა სოფლისათვის აღმობრწყინებულო;
გიხაროდენ, ქრისტეს სიყვარულისა ერთგულო მიმდევარო;
გიხაროდენ, ყოველთა შენაგან შემწეობისა მთხოველთა სასოებაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო საკვირველებათაო;
გიხაროდენ, მკურნალო სნეულთაო;
გიხაროდენ, წარმოუცარიელებელო ჯურღმულო წყლისა მრავალკურნებისაო;
გიხაროდენ, ყოველთა კიდეთა ქვეყნისათა სიყვარულისა შენისა მიმცემელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე საროველო საკვირველთმოქმედო!

კონდაკი 12


მადლი და დიდი კადნიერება გაქვს წინაშე ღვთისა ღირსო მამაო, ამისთვის გევედრებით: ილოცე წინაშე უფლისა, რათა დაიცვას წმინდა ეკლესია თვისი ურწმუნოებისა და განდგომილებისაგან და ჭირთა ზედადასხმისაგან, რომლისათვისცა ვუგალობთ შენთანა კეთილისმყოფელსა მეუფესა ჩვენსა: ალილუია.

იკოსი 12


მგალობელნი შენისა დიდებისა გაქებთ შენ, ღირსო მამაო სერაფიმე, რამეთუ დიდად შემწე არს, ლოცვა შენი წინაშე ღვთისა, ნუგეშინისმცემელო და მფარველო ჩვენო, რომლისათვისცა სიყვარულით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ეკლესიისა სიქადულო;
გიხაროდენ, მამულისა ჩვენისა ფარო და ზღუდეო;
გიხაროდენ, წინამძღვარო ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთა;
გიხაროდენ, მწეო და მფარველო ჩვენო;
გიხაროდენ, რომელმან ძალითა ღვთისათა მრავალი სასწაული აღასრულე;
გიხაროდენ, სამოსელითა შენითა სატანის მანქანებათა შემმუსვრელო;
გიხაროდენ, სიმშვიდითა შენითა მხეცთა საკვირველად დამმორჩილებელო;
გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველმოქმედო!

კონდაკი 13


ჰოი, ყოვლად განსაცვიფრებელო, მსწრაფლშემწეო და დიდო საკვირველთმოქმედო, ღირსო მამაო სერაფიმე, მიიღე კნინი ესე საგალობელი ქებისა ჩვენ მიერ შენდა შეწირული და მდგომარემან წინაშე საყდრისა მეუფისა მეუფეთასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, ილოცე ჩვენ ყოველთათვის, რათა მოწყალე გვექმნას წინაშე საშინელისა სამსჯავროისა თვისისა სიხარულით მღაღადებელთა მისთა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის


სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი


ჰოი, დიდაო სათნომყოფელო უფლისაო, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა, მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათვის და შეგვეწიე, რათა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვათ, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათვის უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღვთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რათა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღვთისა ჩვენთვის შეწირულისა.

ჰოი, წმიდაო ღვთისაო, შეისმინე ჩვენი, სიყვარულითა და სარწმუნოებით შენდამი ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა; აწ და ჟამსა აღსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასხმისაგან, რათა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოება ჩვენი, მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რათა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელსა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმინდათა თანა, ყოვლად თაყვანისსაცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, უსაკვირველოსო მამაო სერაფიმე, საროვის დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამა სოფელში მოღვაწებისასა არავინ წარსრულ არს შენგან უნუგეშო და სევდიან, არამედ ყოველთათვის საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ხმა ბაგეთა შენთა; ნიჭი კურნებისა, მჭვრეტელობისა, უმწეო სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო; ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე, ზეციურ განსვენებისათვის, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი: ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ; უწყნარესო და მშვიდო წმინდაო ღვთისაო, უფლისადმი კადნიერო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ; მიართვ მადლმოსილი ლოცვა შენი ჩვენ ცოდვილთათვის უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი; განამტკიცოს სამშობლო ჩვენი; მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა; დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რათა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაც დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმინდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნოთა უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო