Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი წმიდისა დიდ-მოწამისა, დედოფლისა ქეთევანისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი წმიდისა დიდ-მოწამისა, დედოფლისა ქეთევანისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


ზეგარდამო ძლევისა მომღებელო, წმიდაო დიდო მოწამეო ქეთევან, შეიწირე აწ ქებაჲ მადიდებელთა შენთა, და ნუ მოიჴსენებ ძვირთა ჩუენთა, არამედ შეგვეწიენ, რაჲთა ყოვლადსახიერმან მეუფემან შეიწყალოს ერი ესე ჩუენი, და უვნებელად დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა და მტერისა საფრჴისაგან, ნეტარო, და ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს მგალობელთა შენთა: გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

იკოსი 1


ძირისაგან სამეუფოჲსა იმორჩე რაჲ რტოდ დავითისად, მასვე ძირსა დაემყენ ასული ბაგრატიონთა სახლისაჲ, და ქრისტჱსთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრენ თავი იგი ამპარტავანისა გუელისაჲ, ეგრეთვე აწ განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ლოცვითა შენითა და მოგუეც საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლის სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, რაჲთა უმეტესითა გულსმოდგინებითა მოგიძღუნათ საგალობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, ხეო ნაყოფ-ბრწყინვალეო, იბერიასა შინა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, სიყრმითგან კეთილმსახურებითა განშუენებულო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრივითა სიმჴნითა აღვსილო;
გიხაროდენ, დაუდუმებელითა ფსალმუნებითა და ლოცვითა აღჭურვილო;
გიხაროდენ, მრავლითა სათნოებითა, ვითარცა ბრწყინვალითა სამოსლითა შემოსილო;
გიხაროდენ, ფარითა მადლისაჲთა და ჯუარისა ლახურითა შეზღუდვილო;
გიხაროდენ, უკეთურთა კრებულისაგან გარე-მოდგომილო;
გიხაროდენ, წვალებათაგან განლტოლჳლო და მართლმადიდებლობითა მოზღუდვილო;
გიხაროდენ, უწყალოდ გუემულო და ზარის-ასახდელთა სატანჯველთა მიმთუალველო;
გიხაროდენ, ცეცხლითა განლეულო და ფიცხელითა მოღუაწებითა განსუენებულო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა შეერთებულო;
გიხაროდენ, წმიდათა შორის ყოვლად საკჳრველითა დიდებითა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 2


სიყუარულისათჳს ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა და მისდა წილხდომილისა ერისა, მთაწმიდას ივერთა მონასტერსა მცირე ტაძარი კარიბჭის ხატისათჳს აღუშენებია სულკურთხეულსა მამასა შენსა, აშოთან მუხრან-ბატონსა, ამისთჳსცა ნუ დაიდუმებ ოხად წინაშე ღმრთისა, რაჲთა ღირს-გვყოს წინაპართა ჩუენთა მიერ ნაღუაწსა ივირონსა შინა კუალად ქართველთა დავანებისა, და მას შინა საუკუნოდ ნათესავთა შენთა მოჴსენიებისა და საუფლოჲსა დიდებისა და ქებისა: ალილუია.

იკოსი 2


ოდეს ქალწული მორცხვი და სიბრძნის-მოყუარებითა ჩინებული, შუენიერი ასული აშოთან მუხრან-ბატონისაჲ, მიეთხოვე ძესა ალექსანდრე კახთა მეფისასა, დავითს, იესიან-დავითიან-ბაგრატოვანსა, დედაჲ შვილთაჲ იქმენ, რომელთაგანი არს ძჱ შენი - კახთ ბატონი თეიმურაზ - შეუძრველი გოდოლი სიმჴნისაჲ და უბრძოლველი ზღუდჱ მამაცობისაჲ, რომლისათჳს გშვენის შენ, დიდებულო, საგალობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, ასულო და სძალო დავითისაო;
გიხაროდენ, ხატო დედათა კდემამოსილებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, მსაჯულო მსჯავრისა და სიმართლისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო ბარძიმო ზესთა საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, შემწეო ყოვლისა გონიერისა მჴნისა დედაკაცისაო;
გიხაროდენ, განმაძლიერებელო ქრისტესმოყუარისა მჴედრობისაო;
გიხაროდენ, მეჭირნახულეო ქართველთა ერისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, პატიოსანო მარგარიტო ქრისტჱს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, საცნაურო მზეო კახეთისაო და სიქადულო ქართლისაო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 3


ოდეს ამცნეს უშჯულოსა მას შაჰ-აბასსა, რამეთუ მომკვდარიყო ჭაბუკი მეფჱ დავით, მზაკუვარებითა აღჭურა ძმაჲ მისი, მაჰმადიან-ქმნილი კონსტანტინჱ და წარმოგზავნა დაპყრობად კახეთისა და მკვლელად მოხუცებულისა მამისა და ძმისა, ხოლო კახთ-ბატონი ალექსანდრე უმრწემესსა ძესა თჳსსა წინა მიეგება და ჴმითა სახარულევანითა მადლსა და დიდებასა ღმერთსა აღუვლენდა: ალილუია.

იკოსი 3


დღესა ერთსა უღმრთომან კონსტანტინე განიგულა რაჲ წარწყმედაჲ სულისა თჳსისაჲ და სიკუდილი მამისაჲ და ძმისაჲ, ბრძანებისაებრ მისისა განგმირეს მეფჱცა და გიორგიცა, ხოლო შენ დიდითა პატივითა დაკრძალე ალავერდს გუამნი მათნი, დიდებულო, და ბილწსა მას მემრუშესა აყუედრე აღწყვედაჲ მეფეთა მემკჳდრეობისაჲ, ვითარმედ ძჱ შენი თეიმურაზ იყოფებოდა სპარსეთსა წინაშე მზაკუვარისა მის შაჰისა, ამისთჳს გჳკვირს ჩუენ კადნიერებაჲ შენი, მჴნეო დედოფალო, და გნატრით შენ გალობითა:

გიხაროდენ, კეთილთა სათნოებათა დამნერგველო;
გიხაროდენ, ჴორცთა მარხჳთა და მღჳძარებითა განმლეველო;
გიხაროდენ, სოფლიურითა ძლიერებითა ამაოდ მოქადულთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, შვილთა ქრისტეანობრივად აღზრდისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სიმკაცრითა დამსჯელო ორგულთა მეუღლეთაო და ღმრთისმოსავთა ოჯახთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და დედ-მამის მაგინებელთა მამხილებელო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, თავგანწირულთა მამულიშვილთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა და მამულისაგან განდგომილთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ერთგულთათჳს პატივისა მიმნიჭებელო და ცრუთა და ორგულთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ბოროტისა განმზრახველთა და ქუეყანისა მაოხართა ზარდამცემო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 4


ჵ, საცვიფროჲ სასმენელი, რამეთუ ეუფლნეს ბილწსა მას კონსტანტინეს გულისთქმაჲ უმიზეზოჲ, და მსგავსად ჰეროდიაჲსსა, გაწვევდა ძმის-ცოლსა მისსა მიყვანებად და შერთვად ცოლად თჳსად, გარნა შენ გესმა რაჲ საკჳრველებაჲ ესე უღმრთოებისაჲ, ითხოვე შეწევნაჲ უფლისაჲ და ამცნე თავადთა კახეთისათა განზრახვაჲ უქვემოეს ეშმაკთა თანა მდგომარისაჲ, მაშინ მათ მოჰკლეს ჰეროდჱს მსგავსი და გალობაჲ ძლევისაჲ შესწირეს წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 4


ჵ, ძლიერებაჲ კაცთმოყუარისა ღმრთისაჲ, რომელმან წყალობითა მოხედნა მჴურვალესა ლოცვასა შენსა და მისცა საკჳრველი შეწევნაჲ ლაშქარსა შენსა, რომლისათჳსცა ცრემლით დალტობილი მადლობასა შესწირვიდი ღმერთსა და მიერითგან გრემს მყოფი დედოფლობით განაგებდი კახეთსა, ხოლო აწ ევედრე ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა, არა მოაკლდეს სარწმუნო-ებაჲ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ-დაწუნებულსა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი სამკალსა თჳსსა, განსამტკიცებლად ყოველთა, რაჲთა შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილნი აღვიძრათ გალობად შენდა:

გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო;
გიხაროდენ, ქურივობისა შენისა ანა წინასწარმეტყუელისამებრ კრძალულებითა დამცველო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაჲთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მტერთა ძჳრის ზრახვისა განმხდელო;
გიხაროდენ, სიბორგილისა მჴეცებრისა და სიცბილისა განმდევნელო;
გიხაროდენ, სიმჴნითა სულისა შენისაჲთა და გონებისა სიბრძნითა ქუეყანისა განმგებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა გამომზრდელო და ობოლთა და ქურივთა განმკითხველო;
გიხაროდენ, განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მსწრაფლ შემწეო და ჴელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა წესის უარისმყოფელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მამულისა ტრფიალებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ერისა და მოყუასისათჳს მლოცველთა მწყალობელო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 5


მსმენელმან კონსტანტინეს სიკუდილისა, შაჰ-აბაზ განსჭვრიტა განდგომილებაჲ კახთაჲ და წარმოგზავნა ჭაბუკი თეიმურაზ მეფედ და მპყრობელად კახეთისა, ხოლო შენ კეთილ-გონიერებითა წარჰმართე სლვანი მისნი მამა-პაპათა კუალთა ზედა, და მიერითგან შეუორგულებელითა მჴნეობითა განაგებდა იგი სამეფოსა თჳსსა და ახოვნად ბრძოდა მტერთა და ორგულთა, ეგრეთვე აწ წყალობითა მოგუხედენ და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ წარგჳმართენ ქრისტეს მადიდებელსა ერსა: ალილუია.

იკოსი 5


რაჟამს მძჳნვარედ მბორგალი მეფე სპარსეთისაჲ ურიცხვითა სპითა განძას მოიწია და თეიმურაზს უხუცესი ძჱ თჳსი მძევლად გამოსთხოვა, მაშინ მეფემან უმრწემესი ძჱ ალექსანდრჱ და ყოვლად ბრძენი ეგე დედაჲ თჳსი იძულებითა კახთა თავადთაჲთა განძას წარგაგზავნათ, ხოლო შენ ერთგულებისათჳს მამულისა და მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა, წარსდეგ წინაშე უღმრთოჲსა მის შაჰისა და ითხოვე უვნებელობაჲ სამეფოჲსა შენისაჲ, რომლისათჳსცა ღირს ხარ შენ, ნეტარო, გალობის შეწირვისა:

გიხაროდენ, პყრობილებათა გრძელთა და ტანჯვათა სიმჴნითა თავს-მდებელო;
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, სამწყსოჲსა შენისათჳს სულისა დამდებელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ღირსებისა და პატიოსნებისა დამცველო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ეშმაკებრთა საცთურთაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, სიმჴნისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ღელვათა და შფოთთა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ურვათა და განსაცდელთა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, სივერაგეთაგან კაცობრივთა და სატანისა მახეთაგან დამფარველო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამზავებელო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 6


გიხილათ რაჲ უკეთურმან მისრულნი მისდა, გულისწყრომითა ბრძანა მიყუანებაჲ ლევანისაჲ, და შემდგომად ჴელთ-გდებისა მისისა, იხმო თეიმურაზიცა, გარნა მან გამოსცნო მცბიერებაჲ ბილწისაჲ და არა წარვიდა, მაშინ შაჰ-აბაზ მოაოხრა კახეთი და განძჳნებულმან წარგავლინა ყრმებითურთ შირაზს პატიმრად, ხოლო შენ ტკივნეულითა გულითა ვედრებასა შესწირვიდი ქრისტესა, რაჲთა მოსცეს ძლევაჲ ძესა შენსა და მშჳდობაჲ დედისა თჳსისა წილ-ხდომილსა ერსა და წყალობაჲ მისდამი მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 6


ვითარ აღმოვსთქვათ თუ რაოდენნი ტკივილნი შეუხდებოდა შინაგან გულსა შენსა, წმიდაო დედოფალო, რამეთუ სცნაჲ რაჲ შაჰ-აბაზ წარსლვაჲ თეიმურაზისაჲ წინაშე სულთნისა, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან, მიგტაცნა ორნივე შუენიერნი ძენი მისნი და გამოასაჭურისნა, ხოლო შენ მარხვითა, მღჳძარებითა და ხმელთა ზედა წოლითა სხუაჲ იობ იქმენ განსაცდელსა შინა და სხუაჲ ტობიაჲ სიბრძნეთა შინა, ამისთჳსცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეც ძალი, რაჲთა აღმოვსთქუათ სადიდებელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, ტყვეობასა შინა დედოფლობისა პატივისა დამმარხველო;
გიხაროდენ, უმძვინვარესთა ჭირთა ლოცვასა შინა დამთმენელო;
გიხაროდენ, მაცთურისა ალისა და საფრხეთა მისთა ცრემლითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს თავდადებულო და მტერისა მზაკუვარებისა დამლახვრელო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა საღმრთოჲთა კადნიერებითა დამჴსნელო;
გიხაროდენ, უშჯულოთა მათ მძლავრთა სივერაგეთა უქმ-მყოფელო;
გიხაროდენ, სულმოკლეთა და დაჴსნილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, უბიწოთა მოქალაქეთა და სათნოდ ღმრთისა ცხორებულთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლჳლთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, შჳლთა ზედა დამწუხრებულთა დედათა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ურცხვთა და უგუნურთა ქალთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქართველთ ზნეობათა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 7


რაჟამს მძლავრსა მას ამცნეს თეიმურაზისა მიერ კუალად დაპყრობაჲ კახეთისაჲ, განრისხებულმან მიუმცნო შირაზისა ბეგლარ-ბეგსა, რაჲთა მაჰმადიან-გყოს დედაჲ თეიმურაზისაჲ, და უკეთუ არაჲ ჰყო გმობაჲ ქრისტეჱსი, მოგკლას ტანჯვითა სასტიკითა, ხოლო შენ, მოშიშმან ღმრთისამან, შეურაც-ჰყავ შიში მძლავრისა მის შაჰისაჲ, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ლომი-საჲ, და სახე მელისაჲ, და კადნიერად აღიარე ძჱ მამისა და სულისა თანა, და იგალობე ოსანაჲ ძლევისაჲ: ალილუია.

იკოსი 7


მაშინ მრავლითა ლიქნითა გევედრებოდა მთავარი შირაზისაჲ დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და აღგითქმიდა მრავალსა წყალობასა, ხოლო შენ გაქუნდა რაჲ ჯუარცმაჲ მაცხოვრისაჲ, მოუდრიკნე მუჴლნი და აღავლინე ლოცვაჲ ცრემლთა დამთხეველმან: „ჵ, უფალო იესუ ქრისტე, მომივლინე მე ანგელოზი, მცველი სულისა ჩემისაჲ და მიითუალე სული ჩემი და აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა“, ამისთჳსცა განვიცდით მჴურვალესა ღმრთისმოყუარებასა შენსა და მოგართმევთ საგალობელსა ამას ქებისასა:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, ცრუ სარწმუნოებისა მჴნედ განმბასრველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ცთუნებისა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა შენთაჲთა ქართლოსიანთა კეთილად განმსწავლელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ღმრთეებრივითა ნათლითა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ამბოხებისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელო;
გიხაროდენ, მოწყლულთა უხილავთაგან მოისართა გამკურვნელო;
გიხაროდენ, ყოვლისა საეშმაკოჲსა საქმისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, უმანკოთა ქალწულთა და ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთჳს ყოველთა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 8


აუწყეს რაჲ შაჰ-აბაზსა სიმტკიცჱ შენი უქცეველი, განკჳრდა ფრიად და გაწვია ცოლად მოყუანებაჲ და ყოფად დედოფლად სპარსეთისად, ხოლო ძესა შენსა, კეთილმსახურსა მეფესა თეიმურაზს აღუთქუა კუალად მიცემაჲ კახეთისაჲ, გარნა შენ, სჯულიერად სრულქმნილი ღაღადებდი: „არა შესაძლებელ არსო მათგან შეცვალებაჲ ჩუენისა კეთილმსახურებისა, რომელსაცა შევსწირავთ ღმრთისადმი ჩუენისა“, და ნათესავობისაგან მამულისა ჯმნილი, ჰნატრიდი ქრისტჱსთჳს მოწამე-ყოფასა გონებითა, და უგალობდი მას სასოებითა და სურვილითა: ალილუია.

იკოსი 8


ლოცვისაგან დაცხრომილმან მოუწოდნე მოძღუარსა თჳსსა და აღსარებითა განწმედილმან მიიღე უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი და თქვი ლმობიერად: „უფალო, ღმერთო ჩუენო, ნუ განმეშორები მჴევალსა შენსა და ნუ დამიტევებ მე ღუაწლსა შინა“. ხოლო შემდგომ სურვილითა შეიტკბე ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა და ქრისტჱსთჳს სიკუდილისა წყურიელმან ბრძანე მოწოდებაჲ მტარვალთაჲ, ამისთჳსცა ჯერისაებრ შეგამკობთ და სურვილითა პატივს-ვჰსცემთ ჴსენებასა შენსა:

გიხაროდენ, ასულო ზეციერისა იერუსალჱმისაო;
გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველო სუეტო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, მტჳრთველო ქრისტჱს ტკბილისა უღლისაო;
გიხაროდენ, ბრძენო ქადაგო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო, დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულო ვაზო ქრისტჱს ვენახისაო;
გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო;
გიხაროდენ, გუნდრუკო, აღკმეულო საღმრთოჲსა მის საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, მნათობო განმაცისკრებელო ივერიისაო;
გიხაროდენ, ბჭეო უმუსრველო ქართველთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!


კონდაკი 9


ოდეს აღაგზნეს მტარვალთა მათ შაჰისაჲთა ცეცხლი, ნეტარო, და განაჴურვეს შამფურნი და მარწუხნი, და გჳრგჳნი რვალისაჲ დანაკვეთებული წინაშე თუალთა შენთა, მაშინ ცრემლთაცა დაათხევდა მთავარი შირაზისაჲ მხილველი საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა, ხოლო მტარვალთა მძლავრებითა მჴევალთა შენთაცა უარყვეს ქრისტჱ და გაწვევდეს შენცა, გარნა შენ, ვედრებითა უბრძანე, რაჲთა იგინიცა ეზიარენ ვნებათა შენთა, და გამოისახე რაჲ ჯუარი წმიდაჲ, მჴნეო, კურთხეულითა ენითა ქართულითა დიდებაჲ შესწირე ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9


ტყვეობასა შინა თანა-გყავდა შენ ორნი ხუცესნი, დედოფალო, რომელთაგან ერთი, მოსჱ, თანა-ზიარებასა ღირს იქმნა მოწამისა ღუაწლთასა, ხოლო სატანჯველთაგან მძრწოლვარემან გიორგი უარყო ქრისტე, გარნა შენ ჴმა-უყავ ხუცესსა მას საწყალობელსა: „რაჲსა ძრწი ეგრეთ, მამაო, არა გაჴსოვსა რაჲ უკუე უყუეს ძესა ღმრთისასა, დავითმონოთ უკუე ძჳრნი, რაჲთა ვეზიარნეთ ჩუენცა ვნებათა მისთა“, და უშიშითა გონებითა, ვითარცა ლომმან, მიეც თავი შენი სასტიკთა სატანჯველთა, ამისთჳს ბრწყინვალედ დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ და ერი ჩუენი უგალობს ღუაწლთა შენთა:

გიხაროდენ, დროებითისა შუენიერებისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, სიტყუათა შენთა საჭურველითა მტანჯველთა მომწყლველო;
გიხაროდენ, ბელიარის ზრახვათა მომსრველო და ყოვლისა სიბილწისა აღმხოცველო;
გიხაროდენ, უცხოებასა შინა მყოფთა და ტანჯვით დამწუხრებულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ქრისტესმიერისა სიმდაბლისა და სიყუარულისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა მწიკულისა განმბანველო;
გიხაროდენ, უსჯულოთაგან ზარგანხდილთა ქრისტეანეთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, ცოდვილთათჳს ღმრთისაგან წყალობისა გამომთხოვნელო;
გიხაროდენ, საბრალოჲსა და შეწუხებულისა განმკითხველო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმჴნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მრავალთა წარწყმედისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, წამებისა შენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 10


ფრიად მიძნს და ურვეულ ვარ თხრობისათჳს ტანჯვისა, წმიდაო დედოფალო, თუ ვითარ განსჭიმეს მტარვალთა ჴელნი შენნი გლახაკთა გამომზრდელნი და წმიდად აღპყრობილნი ღმრთისადმი, და განშალეს ქუეშე შენსა ნაღვერდალთა და ლურსმანთა სიმრავლენი და ზედა დაგაყრიდეს მრავალსა, ხოლო შენ, მჴნისა სულისა მქონებელი დედაკაცი, ყოველსავე სულგრძელად დაითმენდი და ესევითარისა გუემისა დათმენისთჳს უფალსა ადიდებდი: ალილუია.

იკოსი 10


ჵ, საშინელი საკჳრველი და ყოვლად საზარელი სასმენელი, თუ ვითარ უგულისხმოთა მათ და ყოვლად უშჯულოთა კადნიერებითა იწყეს განყრად მკერდით ზურგადმდე განჴურვებულთა მათ შამფურთა, ხოლო მარწუხითა დაგგლიჯეს ძუძუნი, და დაგადგეს თავსა შენსა მოტყინარჱ იგი გჳრგჳნი რვალისაჲ, გარნა შენ გართხმულმან მწარედ და ყოვლით კერძო წყლულებითა მოცუ-ლმან სასოებითა შეჰვედრე ძჱ შენი და სამეფოჲ უფალსა და კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ითხოვდი მადლსა უძლურთა კურნებისასა, რომლისათჳსცა სასწაულთა მარადის აღმოაცენებ და სენსა განჰკურნებ შემსხმელთა შენთა მორწმუნეთასა:

გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაჲთა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და შუენიერო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, კურნებისა საღმრთოჲსა ნიჭისა უფლისა მიერ მომღებელო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა შენითა ურწმუნოთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, შურისმგებელთა და ანგარ-მომხვეჭელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, მონანულთა და გულითა შემუსრვილთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა აღვირ-მსხმელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილვთა მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მეფისა და მამულის სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!


კონდაკი 11


დაღათუ ჴორცნი შენნი ივნებდეს ტკივილითა, არამედ უწყალოთა მათ მოგარტყეს ჯაჭვიცა და განჴურვებულნი ბარნი შემოგდვეს შუბლსა და მოგაშთუეს საბლითა, ხოლო სისხლითა შეღებული მრავალვნებული გუამი შენი დაწვეს ცეცხლითა და დაფლნეს ფარულად, გარნა შეწევნითა ღმრთისაჲთა ჰპოვეს ლათინთა, დიდითა პატივითა უქმნეს ლუსკუმაჲ და უკმევდეს მრავალთა სულნელთა, და შენცა ჰკურნებდი მრავალთა სნეულთა, მაშინ სათნოებანი შენნი ქადაგეს და ჴმა-მაღლად განსთქუეს ყოველთა ცისკიდეთა, ამისთჳსცა ღუაწლთა შენთა ქებასა მიუთხრობთ ერი მორწმუნე ქართველთაჲ და მადლობისა ჴმითა ვადიდებთ განმადიდებელსა შენსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11


საკჳრველი და მაღალი მარტჳლობაჲ იხილეს რაჲ მონაზონთა ლათინთამან, წარმოიხუნეს ძვალი შენი წმიდაჲ თავითურთ და მიართუნნეს ძესა შენსა, ხოლო ზოგნი ნაწილნი დადეს ინდოეთს, გოას კათოლიკურსა მონასტერსა, მაშინ, ვითარცა გშუენოდა შენ, დედასა დედოფალსა, მეფემან თეიმურაზ პატივ-გცა დღესასწაულობითა დიდითა და მრავალმკურნალნი ნაწილნი შენნი დასხნა ალავერდს, ქუეშე საღმრთოჲსა ტრაპეზისა, ხოლო სახელსა ზედა შენსა იწყო შენებაჲ თელავსა მცირისა ტაძრისა, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ქუეყნიერისა ვალისა პირნათლად აღმასრულებელო;
გიხაროდენ, მწვალებელთა ზრახვათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს სულისა შენისა უშფოთველად გარდამცემელო;
გიხაროდენ, მიწიერისა პატივისა დამტევებელო და ზეციერისა დიდებისა მხილველო;
გიხაროდენ, ჭირითა და ღუაწლითა მრავლითა სანატრელისა ცხორებისა მომვაჭრებელო;
გიხაროდენ, წარმავალისა დედოფლობისა წილ წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, წმიდაო დედოფალო, ქალწულ დედოფალთან მიახლებულო;
გიხაროდენ, ზეგარდამო ძლევისა გჳრგჳნისა შემმოსველო;
გიხაროდენ, სამარხოთა ძუალთა შენთასა მიახლებულთა დიდად მწყალობელო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და სარწმუნოებითა მჴმობელთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 12


წყლულებამან ჴორცთა შენთამან და ტკივილთა განგრძნობამან, საშუებელი იგი საუკუნოჲ ბრწყინვალჱ დაგიმკჳდრა შენ, რომელსა შინა იხარებ, მოწამეთა შუენიერებაო ქეთევან, და მადლსა მას კურნებათასა მიანიჭებ, რომელნი სურვილით მოვლენან ტაძრად შენდა, წმიდაო, და იჴსნი ყოველთაგან ვნებათა მტერისაჲთა და სალმობათა, წმიდათა ნაწილთა შენთა თაყუანისმცემელთა და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 12


ბრწყინვალედ დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ და ერი შენი ქადაგებს ღუაწლსა შენსა, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ევედრე სახიერსა ღმერთსა, ნუ მისცემს სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, რაჲთა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი იგი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ, არამედ გჳჴსნას ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან, და მოგუმადლოს უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, ასულო ბაგრატოვანთა სახლისაო, რამეთუ ისრაელიტებრ რჩეულ იქმენ უფლისაჲ;
გიხაროდენ, კეთილ-სახელ-დიდო დედოფალო, რამეთუ ეგზებოდი სარწმუნოებითა მართლმადიდებლობისაჲთა და საცთური დაშრიტე მწვალებლობისაჲ;
გიხაროდენ, ძუელთა მათ მოწამეთა თანამოსაგრეო, რამეთუ სიმახჳლჱ რკინისაჲ და სიმჴურვალჱ ცეცხლისაჲ შეურაცხ-ყავ ახოვნებითა და მით დასთრგუნე მანქანებანი მტერისანი;
გიხაროდენ, უმტკიცეს ანდამატისა, მოთმინებასა შინა უვნებელო, რომელი მოგმკეს უღმრთოთა სპარსთა, ვითარცა პირველ ბრწყინვალედ გჳრგჳნოსანი მეფჱ ლუარსაბ;
გიხაროდენ, წინა-აღდგომთა მიერ უძლეველო, რამეთუ დედათა ბუნებითა სძლე მძლავრებასა მამათასა;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ელვარეო, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან შეგამკუნა გჳრგჳნთა მიერ დაუჭნობელთა;
გიხაროდენ, კეთილთა თხოვათა აღმასრულებელო, რამეთუ მეუფისაგან ყოველთასა მიიღე ნიჭი საკჳრველებისაჲ და ძვალნი შენნი შიშველნი აღმოაცენებენ კურნებასა;
გიხაროდენ, ვარსკულავო ღმრთივ-ბრწყინვალეო, რამეთუ ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა;
გიხაროდენ, კურთხეულო დედაო ქართველთაო, რამეთუ ნათელი ბრწყინვალჱ დაემკჳდრა შენთანა და განმამტკიცებელ გყო შენ ერისა შენისა;
გიხაროდენ, სანატრელო და კურთხევითა საჴსენებელო, რამეთუ აღმოსავალით, ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი შენი;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, რამეთუ ჴსენებაჲ შენი ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფს ქართველთა;
გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა მცველო მიურულებელო, რამეთუ ერი შენი სურვილითა შეიტკბობს ღმრთივშუენიერსა ხატსა შენსა და წლითი-წლად აღასრულებს ჴსენებასა შენსა;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 13


ჵ, ყოვლად ბრწყინვალეო დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, აწ მოგუფინე მადლი ლოცვისა შენისაჲ და ნუ განგვწირავ მოქენეთა შენთა, რამეთუ ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ, და არა ვჰყავთ, რაჲ იგი გუამცნო ჩუენ ღმერთმან, არამედ განაცისკროვნე მტკიცითა სასოებითა მწუხარჱ ცხორებაჲ ჩუენი და დაგჳფარენ ცოდვითა დაცემისაგან, რაჲთა შენითა შეწევნითა დაუღამებელსა ნათელსა ღმრთისასა მივიწივნეთ და მართალთა თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ

იკოსი 1


ძირისაგან სამეუფოჲსა იმორჩე რაჲ რტოდ დავითისად, მასვე ძირსა დაემყენ ასული ბაგრატიონთა სახლისაჲ, და ქრისტჱსთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრენ თავი იგი ამპარტავანისა გუელისაჲ, ეგრეთვე აწ განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ლოცვითა შენითა და მოგუეც საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლის სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, რაჲთა უმეტესითა გულსმოდგინებითა მოგიძღუნათ საგალობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, ხეო ნაყოფ-ბრწყინვალეო, იბერიასა შინა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, სიყრმითგან კეთილმსახურებითა განშუენებულო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და მამაცებრივითა სიმჴნითა აღვსილო;
გიხაროდენ, დაუდუმებელითა ფსალმუნებითა და ლოცვითა აღჭურვილო;
გიხაროდენ, მრავლითა სათნოებითა, ვითარცა ბრწყინვალითა სამოსლითა შემოსილო;
გიხაროდენ, ფარითა მადლისაჲთა და ჯუარისა ლახურითა შეზღუდვილო;
გიხაროდენ, უკეთურთა კრებულისაგან გარე-მოდგომილო;
გიხაროდენ, წვალებათაგან განლტოლჳლო და მართლმადიდებლობითა მოზღუდვილო;
გიხაროდენ, უწყალოდ გუემულო და ზარის-ასახდელთა სატანჯველთა მიმთუალველო;
გიხაროდენ, ცეცხლითა განლეულო და ფიცხელითა მოღუაწებითა განსუენებულო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა შეერთებულო;
გიხაროდენ, წმიდათა შორის ყოვლად საკჳრველითა დიდებითა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

კონდაკი 1


ზეგარდამო ძლევისა მომღებელო, წმიდაო დიდო მოწამეო ქეთევან, შეიწირე აწ ქებაჲ მადიდებელთა შენთა, და ნუ მოიჴსენებ ძვირთა ჩუენთა, არამედ შეგვეწიენ, რაჲთა ყოვლადსახიერმან მეუფემან შეიწყალოს ერი ესე ჩუენი, და უვნებელად დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა და მტერისა საფრჴისაგან, ნეტარო, და ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს მგალობელთა შენთა: გიხაროდენ, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან!

სავედრებელი ლოცვა


ჵ, საცნაურო მზეო, მნათობო საქართველოჲსაო, საკჳრველებათა უხუებითა მომნიჭებელო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ჴელისაღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლშემწეო, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო დედოფალო, ყოვლად ქებულო ქეთევან!

ჵ, საკჳრველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო, ღუაწლისა მძლეო ქეთევან! დედობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა გარე წარაქციოს ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი და მოგუანიჭოს ძლევაჲ მათ ზედა, ხოლო სარწმუნოებაჲ იგი ჩუენი ქრისტჱს მიმართ კუალად განაახლოს და მოგუმადლოს მოუკლებელი სიყუარული ღმრთისაჲ, მეფისაჲ და მამულისაჲ, და აღგჳდგინოს რქაჲ ცხებულობისაჲ, რაჲთა არა მოაკლდეს მეფობაჲ ნათესავთა შენთა ქუეყანასა ამას უკუნისამდე ჟამთა და იყუნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა, და დიდებულ იყუნენ უკუნისამდე. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმო-რწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლად ქებულო ახოვანო მარტჳლო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჵ, კეთილმსახურებასა შინა დიდო და მწყობრსა შინა მარტჳლთაჲთა განბრწყინვებულო, წმიდაო დედოფალო ქეთევან! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა დიდისა მოწამისა, საქართველოს მნათობისა დედოფლისა ქეთევანისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო