Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

კანონი 5

ელფოსტა ბეჭდვა PDF

კანონი მეხუთე


32. ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის


1. იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი. 2. აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას. 3. აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა. 4. რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან. 5. უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი. 6. სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა, ყოველი ძალი მათი. 7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა. 8. ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი. 9. რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს. 10. უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი. 11. ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე. 12. ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად. 13. ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი. 14. განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა. 15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი. 16. არა ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაითა. 17. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს. 18. აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა. 19. ხსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა. 20. ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა. 21. რამეთუ მისსა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ. 22. იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.


33. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თვისი წინაშე აბიმელექისსა და განუტევა იგი და წარვიდა


1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა. 2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ. 3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა. 4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე. 5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს. 6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. 7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი. 8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. 9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა. 10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. 11. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ. 12. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? 13. დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა; 14. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. 15. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა; 16. პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი. 17. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი. 18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. 19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან. 20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს. 21. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ. 22. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდებაი.


34. ფსალმუნი დავითისი


1. საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; 2. აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა. 3. განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე. 4. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 5. იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მათ. 6. იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამან დევნნეს იგინი. 7. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა. 8. ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ. 9. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა. 10. ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა. 11. რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე. 12. მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს. 13. ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. 14. ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. 15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს. 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 18. აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს. 21. განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა. 22. იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან. 23. განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა. 24. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა. 25. ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი. 26. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა. 27. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი. 28. და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.


35. დასასრულსა, მონისა უფლისა დავითისი


1. თქვის უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თვისსა, არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მისთა. 2. რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თვისისა და სიძულილისა. 3. სიტყუანი პირისა მისისანი უშჯულოება და ზაკუვა, არა ინება მან გულისხმის-ყოფაი კეთილისაი. 4. უშჯულოებაი იზრახა საწოლსა ზედა თვისსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა. 5. უფალო, ზეცას არს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ვიდრე ღრუბელთამდე; 6. სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო. 7. ვითარცა განამრავლე წყალობაი შენი, ღმერთო, ხოლო ძენნი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ. 8. დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაითა და ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ. 9. რამეთუ შენგან არს წყაროი ცხორებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი. 10. მოჰფინე წყალობაი შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა. 11. ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერხი ამპარტავანებისაი და ხელი ცოდვილისაი ნუ შემძრავნ მე. 12. მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდებაი.


36. ფსალმუნი დავითისი


1. ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 2. რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე დამოცვივენ. 3. ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა. 4. იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი. 5. განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ჰყოს; 6. და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი. 7. დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა. 8. დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის წყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი. 9. რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი. 10. და წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო; 11. ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა. 12. უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი; 13. ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი. 14. მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა. 15. მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ. 16. შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა. 17. რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან. 18. იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი უკუნისამდე ეგოს; 19. არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, 20. ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ. 21. ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის. 22. რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ. 23. უფლისა მიერ წარემართების სლვაი კაცისაი, და გზაი მისი ენებოს ფრიად. 24. რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა. 25. ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. 26. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს. 27. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე. 28. რამეთუ უფალსა უყუარს მსჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისმდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას. 29. ხოლო მართალთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა. 30. პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა. 31. შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი. 32. ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებენ მას, რაითამცა მოკლა იგი; 33. ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას. 34. დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი, და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსრვაი ცოდვილთაი იხილო. 35. ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა. 36. და თანა-წარვხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი. 37. დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი. 38. ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღრმთოთაი წარწყმდეს. 39. ხოლო ცხორებაი მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა. 40. და შეეწიოს მათ უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო