Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

იესო ქრისტეს აღდგომა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

 

 

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
წმიდა იოანე ოქროპირი

სააღდგომოდ


რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! 

 

ანგელოსი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო
ქალწულო გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ,
ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და
მკვდარნი აღადგინა, ერნო გიხაროდენ! ქრისტე აღსდგა!

წმ. იოანე ოქროპირი ამაღლების შესახებ 

წმიდა იოანე ოქროპირი „სააღდგომოდ“ 

წითელი კვერცხი და არტოსი 

წმიდა იოანე ოქროპირი „ქადაგება აღდგომის დღესასწაულზე“ 

ქრისტე აღსდგა! გრწმენინ! (აკადემიკოს ივანე ბელეცკის მიხედვით) 

როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას (წმიდა გრიგოლ ნოსელი) 

წმიდა იოანე ოქროპირი „აღდგომისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ 

 

 

პირდაპირ მინიშნებას იმის შესახებ, რომ მიმადლებულმა მარიამმა თავისი ძე და უფალი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იხილა - სახარებაში ვერსად შეხვდებით. მაგრამ წმიდა მამათა ნაწერები და საეკლესიო საგალობლები ამოწმებენ, რომ სხვა მორწმუნეებზე უწინ ნახა იგი და გაიხარა აღდგომით მისმა ყოვლადწმინდა დედამ.

„აღდგომილი მესამესა დღესა საფლავით იხილე რა ძე და ღმერთი შენი, იხარებდი მოციქულთა თანა ღვთივმიმადლებულო, წმიდაო!“

ამგვარად გვარწმუნებს წმინდა ეკლესიის საგალობელი. ღვთის ძის ჩასახვის და შობის შესახებ ყოვლადწმინდა ქალწულმა ანგელოსის ხარება უფლისაგან მიიღო. აღდგომის სასიხარულო ამბავიც პირველად მანვე მოისმინა. მახარებლები აშკარად ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, რადგან არ სურთ, წარმოაჩინონ მოწმობა დედისა, იმის შიშით, რომ ურწმუნოებს დაეჭვების საბაბი არ მიეცეთ. ამით აიხსნება ამ საკითხზე ცნობების სიმწირე სახარებაში, თუმცა იგრძნობა, რომ მახარებელთა ღვთიური სიტყვები ერთადერთი წყაროდან მომდინარეობს, რადგან „დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა მისსა“. ამის გარდა, ყოვლადწმინდა ქალწულის მონაწილოება როგორც ყველა სხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში, ისე იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში იმდენად ბუნებრივია, რომ ჩანს, ამის შესახებ შეხსენება საჭირო არც იყო, რადგან ღრმა სიმდაბლის გამო დედა ღვთისა მოწაფეებს ნებას არ აძლევდა, მის შესახებ ელაპარაკათ. ძისა და ღვთისადმი სიყვარულით არასოდეს იღლებოდა.

ძის სიახლოვეს მოკლებული ყოვლადწმინდა მარიამი მისი აღდგომის მოლოდინით ცხოვრობდა, ყველაფერს, მაცხოვრის მიერ და მის შესახებ ნათქვამს, გულით ატარებდა, მან, ღვთაებრივი მადლით ცხებულმა, პირველმა ისწავლა, რომ უნდა ერწმუნა მისი სიტყვები, მანვე მოციქულთა წინაშე დაამოწმა, რომ იესო ქრისტე სამუდამოდ არ მომკვდარა, რომ იგი აღსდგებოდა, ადამიანთა მოდგმას სიკვდილისაგან იხსნიდა და მარადიული ცხოვრებისაკენ წაიყვანდა; მის რწმენას აღსრულება ეწერა!

საეკლესიო გადმოცემა მოწმობს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემეგ, უწინარეს ყოვლისა ყოვლადწმინდა დედას მოევლინა. გადმოცემავე გვამცნობს, რომ საფლავად დადების შემდეგ ღვთისმშობელმა მთელი შაბათი და შაბათის წინა დღე საფლავის სიახლოვეს არიმათიელის სახლში გაატარა და აქ აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ყველაზე უწინ მას გამოეცხადა. აღდგომილი მაცხოვარი ყველაზე უწინ იხილა და იცნო ღვთისმშობელმა და იგი მისი მოციქულების მოციქული გახდა. ის პირველად ჩასწვდა აღსრულებული მოვლენების მთელ დიდებულებას: დიდი მიწისძვრა, საფლავთა გახსნა, მზის დაბნელება, მცველების მოკვდინება, ქვის გადაგორება, საფლავის დაცარიელება, ანგელოსის ხარება. ყველაფერი ეს იყო აღსრულება მისი დიდი რწმენისა და მოლოდინისა, რომ მკვდრეთით აღდგომილ ძესა და ღმერთს იხილავდა.

სახარებაში ნათქვამია, რომ, როდესაც იოსებმა ნიკოდიმოსთან ერთად მისი გვამი საფლავში დადო და შესასვლელი ქვით დაფარა, იქ იმყოფებოდა მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი (მათ. 27, 61). წმიდა მამათა განმარტებით მახარებელი „სხვა მარიამში“ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გულისხმობს.

აღდგომისა მხილველი ძისა და ღვთისა შენისა მოციქულთა თანა იხარებდ ღვთივმიმადელებულო!..

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო