Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ღვთისმშობელი თავისი ძისა და ღმერთის ჯვართან

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ღვთისმშობელი თავისი ძისა და ღმერთის ჯვართან


ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა
ძისა, რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა.
რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ და
მაღალ ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით
დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.


ბოლოს დადგა ჟამი, როდესაც უნდა აღსრულებულიყო კაცთა მოდგმის ხსნის საღვთო განგებულება; მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის ბოლო წლებში ღვთისმშობელს მის გვერდით ხშირად ყოფნა აღარ შეეძლო. მაგრამ, როდესაც მოიწია ჟამი, დედა ღვთისა ისრუსალიმში იმყოფებოდა და სხვა დედებთან ერთად თვითონვე აცილებდა სასიკვდილო ტანჯვისათვის - გოლგოთისაკენ. „იყუნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ და მსახურებდეს მას“. უდიდესი მწუხარება სწყლავდა მას. ტანჯვით - ვითარცა მახვილით - განიგმირებოდა გული მისი.

სიმეონის მიერ ნაწინასწარმეტყველები იარაღი განვიდა მის სულში. სამნახევარი წლის მანძილზე ემსახურებოდა იესო კაცთა მოდგმის ხსნის საქმეს. ქადაგების დასრულების შემდეგ იგი შევიდა იერუსალიმში როგორც მეუფე დიდებისა და მძლეველი; ხალხი გზაზე ტანსაცმელს უფენდა. ზეცა აღტაცებული შეძახილებით ივსებოდა. „ოსსანა! ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისათა, ოსსანა მაღალთა შინა“.

მღვდელმთავრები, ფარისევლები, მწიგნობრები და წინამძღოლები განარისხა მათთვის საძულველი ნაზარეველის, როგორც მეუფის განდიდებამ. გადაწყვიტეს, მართალი სიკვდილად მიეცათ, მაგრამ დღისით მისი შეპყრობა ვერ გაბედეს, ვერ გაბედეს აღეშფოთებინათ ის ხალხი, მას რომ მიაგებდა პატივს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ღამის სიბნელემ ქვეყანა დაფარა, შეიარაღებული მეომრები იუდა ისკარიოტელის თაოსნობით ელოდნენ იესოს გეთსიმანიის ახლოს, სადაც მას განმარტოებულად უყვარდა ლოცვა. სისხლიანი ოფლის დათხევამდე ლოცულობდა იგი ადამიანთა მოდგმისათვის, ხოლო ადამიანები ამ დროს - ვითარცა მტაცებელი მხეცები, მსხვერპლს ელოდნენ. ამ საშინელი მოვლენების ჟამს ღვთისმშობლის მდგომარეობას ცრემლის გარეშე ვერც წარმოვიდგენთ. იგი ღვთის ნებას დაემორჩილა და ღმერთკაცის ჯვარზე სიკვდილი ისე მიიღო, როგორც კაცობრიობის გამოსასყიდი მსხვერპლი. მაგრამ დედის მოყვარული გული სასტიკად იტანჯებოდა, როცა ხედავდა ბოროტი მტრის მიერ მასზედ მოწეულ წამებასა და შეურაცხყოფას. მან, თუ არ ნახა, შეიტყო მაინც, რაც მის ღვთაებრივ ძეს კაიაფას სამსჯავროზე, პროკურორ პილატესთან, ჰეროდეს სასახლეში გადახდა თავს. მისი ნახვა მხოლოდ მაშინღა მოახერხა, როდესაც პილატემ მთელი ქვეყნის სამარცხვინოდ გამოიყვანა იგი, როცა ღვთაებრივი ტანჯული ხალხს გადასცა და წარმოსთქვა სიტყვები: „ესე კაცი“. სისხლიანი, ჭრილობებით დაფარული, ყვრიმლისცემით სახეშეცვლილი, შეურაცხმყოფელად შემოსილი. თავზე - ეკლის გვირგვინითა და ხელში არგნით მარტოდმარტო იდგა იგი, დაუცველი და ყველასგან მიტოვებული. რა სიტყვებს შეუძლია, გადმოსცეს დედის გრძნობა? ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, როგორ გიკვნესოდა გული, როცა ამგვარად დამცირებული ძე და ღმერთი შენი იხილე?! სასახლესთან მდგარს მას ესმოდა მაუწყებლის ხმა, პილატეს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს რომ აცხადებდა! იგი ხედავდა ზეაღმართულ მძიმე ჯვარს, რომელიც ქვეყნიერების მხსნელს დასჯის ადგილამდე უნდა ეტვირთა, რათა იქ, ამ ჯვარზე მიელურსმნათ იგი

ასიოდე ნაბიჯის შემდეგ, ქუჩის მოსახვევში მაცხოვარს ძალა წაერთვა და ჯვრის სიმძიმის ქვეშ მუხლი მოეკვეთა, გზა კვლავ ციცაბო აღმართზე ადიოდა და იესოს ისევ გამოელია ძალა. მძიმე იყო ტანჯვა ღვთისმშობლისა, რომელიც მის წამებას ხედავდა, გოდებდნენ და მოთქვამდნენ მისი თანმხლები დედებიც: იესო ქრისტე მიუბრუნდა მათ და უთხრა: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“.

აი, ციცაბო აღმართი გოლგოთისაკენ - „განსჯილთა კარიბჭესთან“, რომელზედაც დამნაშავეთა განაჩენსაც გამოფენდნენ ხოლმე და რომლითაც მთავრდებოდა იერუსალიმი, აქედან იწყებოდა თხემისა ადგილი - გოლგოთა.

გოლგოთა! საშინელი გოლგოთა! აქ მოიყვანეს ღვთაებრივი მოწამე და დედას პირველად უნდა ენახა ძის არაადამიანური ტანჯვა! ის ხედავს დასჯის მთელ სამზადისს, ესმის უროს ცემის ხმა, რომელიც მისი ძისა და ღმერთის ხელ-ფეხს ჯვარზე ალურსმავს, მძიმედ ხმიანდება ეს ხმა დედის გულში. მხოლოდ ერთს - ღმერთკაცს შეეძლო ამოეკითხა ის მწუხარება, დედას ამ დღეების მანძილზე რომ სტანჯავდა - როდესაც მხოლოდ მისი მადლი განაძლიერებდა. იგი მიუახლოვდა ჯვარცმულ ძეს და ახლოს დადგა, ადამიანურ თანაგრძნობას არავისგან ელოდა, მხოლოდ ღმერთს იყო მინდობილი. შიშით, სულის გამოუთქმელი ტკივილით უმზერდა მის წამებას ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. დედა ღვთისა არსად ჩანდა ქრისტეს განდიდებისას: არც თაბორზე ყოფილა, არც სახალხო აღტაცების ჟამს, - ყოველი მხრიდან „ოსსანას“ შეძახილები რომ ისმოდა, - გამოჩენილა სადმე. და ეხლა, როდესაც იოანეს გარდა მოციქულებიც კი არ დარჩენილან, როცა უცხოთაც კი არ შეეძლოთ, ამ საშინელი სანახაობისთვის გულგრილად ეცქირათ და „იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს“, ის უშიშრად იდგა ჯვარცმული იესოს სიახლოვეს: ხვდებოდა, რომ ჯვარზე ადამიანთა მოდგმის გამოსყიდვა აღესრულებოდა, რომ მისმა ძემ ღმერთთან კაცობრიობის შერიგებას შესწირა თავი.

როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, მისთვის ყველაზე თავდადებული ადამიანები შორს იდგნენ, რადგან გამძვინვარებული ხალხის ბრბო ჯვარს გარს შემორტყმოდა და ახლოს არ უშვებდა. მაგრამ, როცა შუადღისას ცა წყვდიადმა დაჰფარა და ხალხი წავიდა, უფლის თაყვანისმცემლები მის დედას ჯვრისკენ გაჰყვნენ. მისი თანმხლები დედები გოდებდნენ და მოთქვამდნენ, მაგრამ დედა უფლისა არ ტიროდა: ის მდუმარებდა! მისი მწუხარება ცრემლებზე მაღლა იდგა; ის მდუმარებდა უსასრულო სევდის გამო; ცხოვრების წყარო - ისრაელის ნუგეში მოკლული, შეურაცხყოფილი, ავაზაკთა თანა შერაცხილი იყო! მაცხოვრის სახით მოკვდა მთელი დაცემული კაცობრიობა, რათა ღვთაბრივი სისხლით გამოსყიდული, მარადიული ცხოვრებისათვის კვლავ აღმდგარიყო.

წმინდა ეკლესია მგრძნობიარე საგალობლებში გამოხატავს ჯვარცმასთან მდგარი ღვთისმშობლის ამ ტანჯულ მდგომარეობას: „გხედვიდა ძელსა ზედა დამბადებელსა დამსჭვალულსა და ჰხმობდა მშობელი შენი, სადა არს, ძეო ჩემო, შვენიერება შენი განუცდელი, ვერ თავს ვიდებ უმსჯავროდ, მოკლვასა შენსა, ტკბილო, არამედ სრულ ჰყავ მოწყალებათა შენთა უფსკრული და აღდეგ, რათა ვიხილო შენი სამისა დღისა აღდგომა დიდებული და თაყვანისვსცე“.

მაცხოვარმა ჯვრიდან იხილა, რა მწუხარება აპობდა დედის გულს. მთელ ქვეყანაზე მხოლოდ ის დარჩა, მაგრამ არა როგორც დედა იმ იესოსი, რომელიც მთელი ისრაელის იმედის საგანს წარმოადგენდა, არამედ იესოსი, რომელიც დაგმეს და ბოროტმოქმედად შერაცხეს. მან ადამიანთა მოდგმის გამოსყიდვა აღასრულა და ჯვარზე გაკრული მზად იყო გამომსყიდველი მისია სიკვდილით დაემოწმებინა, ჯვარცმული და აუტანელი ტკივილებით ტანჯული რით დაამშვიდებდა იგი დედას?! მოულოდნელად ძემ ჯვრიდან მიმართა მას - ვინც მისი ტანჯვის თანამონაწილე იყო და საყვარელ მოწაფეზე ანიშნა: „დედაკაცო, აჰა, ძე შენი!“ ის კვდება და სურს, დედას ღვთაებრივი სიყვარულის წინდი დაუტოვოს. ის ამქვეყნად არანაირ საუნჯეს არ ფლობდა, ქვაც კი არ ჰქონდა, რომ მასზედ მოესვენებინა, საფლავიც კი გულმოწყალე მოწაფეებისგან მიიღო, მას არ შეეძლო დედისათვის მიწიერი რაიმე სიკეთე დაეტოვებინა, მაგრამ რა გამოუთქმელ საგანძურს აბარებს მას ამ რამდენიმე სიტყვით, თავისი მოწაფის დედას განაწესებს მას და მიანიშნებს, რომ მოვალეა უყვარდეს იგი - ვითარცა ძე და მისი სახით მთელი გამოსყიდული კაცობრიობის სიყვარულს გადასცემს.

„აჰა, დედა შენი“ - განაგრძობს ქრისტე და მიმართავს მოწაფეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე მიანიშნებს მზერით, რომელიც ძის დედასთან გამოსათხოვარი უკანასკნელი მისალმებაა. „აჰა, დედა შენი“ - თითქოს მოწაფისთვის ეთქვას - მე მივდივარ ამქვეყნიდან და გიტოვებ ჩემს დედას, ღირსეული პატივი მიაგე მას, შეასრულე მისი ნება, მიმართე განსაცდელის, მწუხარებისა და ტკივილის ჟამს, შემწედ მოუხმე უძლურებასა და მშფოთვარებაში, ის მოგიტანს მშვიდობას, მფარველობას და იქნება შუამდგომელი შენი.

მოწაფემ გაიაზრა მაცხოვრის სიკვდილისწინა სიტყვები, მან თავის სახლში მიიღო ღვთისმშობელი, ზრუნავდა მასზედ - როგორც ძე და მის აღსასრულამდე არ დაუტოვებია.

იოანე ღვთისმეტყველი არის მაგალითი იმისა, თუ რაგვარი ღვთისმოსაობით უნდა მივმართავდეთ ღვთისმშობელს, რომელსაც იოანეს სახით გვაშვილა მაცხოვარმა. რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ უნდა განვეშოროთ და ყოველგვარ ვითარებაში მის შუამდგომლობას მივმართოთ.

როდესაც კაცთა მოდგმის გამოსყიდვის საქმე აღასრულა, ძე ღვთისამ სული თვისი მამა ღმერთს შეჰვედრა და განისვენა ხორცით. ყოვლადწმიდა დედამ იზრუნა მის დაკრძალვაზე. ამ მზრუნველობის შესახებ წმინდა ეკლესია ამბობს:

„მყის მიისწრაფა მშობელმან შენმან ფარულად მოწაფისა შენისა იოსებისა და საიდუმლოდ გოდებით ევედრებოდა, რათა უხრწნელი გვამი შენი მოწლედ გამოითხოვოს მსაჯულისა მისგან სიცრუვისა, პილატე - ყოვლადგანვრდომილისა“.

„გხედვიდა რა გლოვად მშობელსა შენსა იოსებ, მეუფეო, და ესმოდა სიტყვანი მისნი სალმობიერად თანა ლმობითა გლოვად აღიძრა და მიისწრაფა, რათა ღირსებით გამოითხოვნეს ხორცნი შენნი ყოვლად უხრწნელნი“.

როდესაც ნებართვა მიიღეს, ქრისტეს საიდუმლო მოწაფეებმა, იოსებმა და ნიკოდიმოსმა ღვთისმოშიშებით გარდამოხსნეს ჯვრიდან მისი წმინდა სხეული. საეკლესიო საგალობლების მიხედვით ამ დროს ღვთისმშობელიც მათთან ერთად იყო.

„შეგიტკბო შენ უბიწომან და ამბორს უყოფდა წყლულებასა უხრწნელთა ხორცთა შენთასა და გეტყოდა შენ, შენთანა მოვკვდები, რამეთუ ვერ ვიტვირთავ ხილვად შვილო ნაკადულსა მაგას ყოვლად უბიწოთ, სისხლთა შენთასა“.

„მოეხვია მუხლთა შენთა მშობელი შენი მეუფეო, გოდებით ამბორის ყოფდა შეიტკბობდა შენგან დამომწთოლარესა სისხლსა და საცხებელ თვისსა ჰყოფდა მიმოდათესვითა გონიერითა“.

„ვერ თავსვიდებ მე უხმობასა შენსა რომელსა გაწოებ ჩვილებრ წიაღთა ტვირთულსა, უკეთუ შთახვალ ჯოჯოხეთს ადამის მიმართ შთამოგყვე მეცა და ევას მიუთხრნე საიდუმლონი“.

„საიდუმლოსა შობისასა მომრთმელსა ქალწულმან ჰრქუა მეუფეო, ჰოი მე გაბრიილ სადა არს გიხაროდენ! სადა ხარება! სადა კურთხეულ არსი! ნათელი საშოსა დამიშრტდა ჯვარსა ზედა“.

დღე იწურებოდა და ამიტომ დაკრძალვას ჩქარობდნენ, მშვენიერმა იოსებმა და ნიკოდიმოსმა იესოს გვამი ნელსაცხებლით განბანილი და სუდარაში წარგრაგნილი ახალ საფლავში დადეს და კართან დიდი ლოდი მიაგორეს. გარდამოხსნის და საფლავად დადების დროს უფლის გვამთან მოთქვამდა ყოვლადწმინდა დედა და მისი გოდება წმინდა ეკლესიამ მგრძნობიარე საგალობელში ასახა.

„ძელსა ზედა დახდა დღეს, რომელმან საშოით ჩემით აღმმოსვლა სათნო იყო ვითარცა უწყის“.

„სახვეველთა წილ სიდონნი გმოსიან ჰოი, ჩეო ჩემო, ბაგისა წილ საფლავსა ბნელსა მიგაწვინეს შენ“.

„წარხუედ, შვილო ჯოჯოხეთად და ღვთაებრ აღადგინე ადამიანთაგანნი იგი -თვით მის ადამისთანა განხრწნად მიცემულნი“.

იუდეველი მოხუცებულნი არ დაკმაყოფილდნენ იმით, რომ მათთვის საძულველი იესო ქრისტე სიკვდილით დასაჯეს, არც საფრთხის შიში განელებიათ, სრული სიმშვიდისათვის საფლავი სინედრიონის ბეჭდით დაბეჭდეს და მის დასაცავად პილატესაგან მხედრები მოითხოვეს, მაგრამ განა რას წარმოადგენს ბოროტის ხრიკები?! ბეჭედმა ვერ დაახშო ღვთიური სიმართლე და მართლის ხორცმა „განსახრწნელი არა იხილა“! მაცხოვარი დიდებით აღსდგა საფლავისაგან.

დადუმდეს ყოველი ხორციელი და შიშით და ძრწოლით სდგეს!.. ალილუია!..


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო