Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

31 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

18(ახ.31) დეკემბერი

წმიდა მოწამე სებასტიანე


მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული (+დაახლ. 287; მოდესტოსი _ იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634); ღირსი ფლოროსი_ამიელი ეპისკოპოსი (VII); ღირსი მიქაელ აღმსარებელი (+დაახლ. 845).
  


მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, განათლება კი მედიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიამიანეს (284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძლიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღვწოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად. საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს _ მარკელინესა და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადარის _ ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოვებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.

ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზანა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.


ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდის თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე _ სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა: `გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?~ ტრანკვილინემ მიუგო: `მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან _ შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ~. ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა. ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ _ ტირურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი (შემდგომ, 283-296 წლებში _ რომის პაპი; ხს. 11 აგვისტოს); მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლიკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელითაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ. აგრესტიუსის ძეს, ტიბურტის სურდა, სისხლი დაეთხია ქრისტესთვის და რომში დარჩა, სებსტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქროტინე. წმიდანები იმპერატორის სასახლეში შეიკრიბნენ ერთ-ერთ მდიდარ და ფარულ ქრისტიან კასტულთან და მოწამეობრივი აღსასრულისათვის დაიწყეს მზადება.

წარმართებმა პირველად ზოია შეიპყრეს. საპყრობილეში ჩააგდეს, ექვსი თვის განმავლობაში ტანჯავდნენ, შემდეგ კი თმებით დაკიდეს, მყრალი ბოლით გაგუდეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს. ქრისტეს ტარიგი საღვთო ხილვაში ეჩვენა წმიდა სებასტიანეს და თავისი აღსასრული ამცნო. ნეტარი ზოიას შემდეგ ხუცესი ტრანკვილინე აწამეს: წარმართებმა იგი ქვებით ჩაქოლეს პეტრე მოციქულის საფლავთან, შემდეგ კი მისი წმიდა ცხედარიც ტიბრში მოისროლეს. წმიდა ნიკოსტრატე, კასტორი, კლავდიოსი, ვიქტორინე და სიმფორიანე მდინარის ნაპირას შეიმპყრეს, როცა ისინი მოწამეთა ცხედრებს ეძებდნენ. უფლის რჩეულები ეპარქს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ყველანი, ყელზე ლოდგამობმულნი, ზღვაში დააღრჩო. წმიდა ტიბურტი ერთმა ცრუქრისტიანმა, ტორკვატმა გასცა. მსაჯულმა ვერ მოახერხა, ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა პირმშვენიერი ჭაბუკი, რის შემდეგაც მისი გავარვარებულ მუგუზალზე დაყენება ბრძანა. უფალმა დაიცვა თავისი რჩეული: ტიბურტი ნაკვერცხლებზე ისე დადიოდა, რომ ვერავინ მხურვალებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ჯალათებმა მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა დიაკვნები: მარკილინე და მარკოზი და დიდებული კარისკაცი კასტულიც ტორკვატმა გასცა. წამების შემდეგ კასტული ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს, მარკელინე და მარკოზი კი სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს.

ბოლოს სებასტიანეც გაიყვანეს საწამებლად. იგი პირადად იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაკითხა და, როცა დარწმუნდა მის სიმტკიცეში, ქალაქგარეთ გააყვანინა სიკვდილით დასასჯელად. აქ მარტვილი ხეზე მიაბეს და ისრები დააყარეს. დიდებული კასტულის მეუღლე, ირინე, ღამით სებასტიანეს დასაკრძალად გადავიდა, მაგრამ იგი ცოცხალი დაუხვდა და სახლში გადაიყვანა. წმიდანი მალე სრულიად გამოჯამრთელდა. ქრისტიანებმა სებასტიანეს თხოვეს, რომი დაეტოვებინა, ის კი კვლავ მოშურნედ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს. მოწამეობის სურვილით ანთებულმა ხუცესმა წარმართულ ტაძრისკენ მიმავალი იმპერატორი შენიშნა და საჯაროდ ამხილა მისი უსჯულოება. დიოკლეტიანემ ბრძანა, იპოდრომზე გაეყვანათ ნეტარი და სიკვდილით დაესაჯათ. ჯალათებმა სულის ამოხდომამდე გვემეს იგი, შემდეგ კი ნაგავსაყარშ გადააგდეს. წმიდა მოწამე სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ქრისტიან ქალს, ლუკიანას და უბრძანა, აეღო მისი ცხედარი და კატაკომბებში დაეკრძალა. კეთილმსახურმა დედამ კრძალვით აღასრულა წმიდანის კურთხევა.

წმიდა მოდესტოსი _იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია) დაიბადა, ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდავნე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში. ამ დროს სირიასა და პალესტინას თავს დაესხნენ სპარსელები, ოთხმოცდაათი ათასი ქრისტიანი ამოხოცეს და მართლმადიდებლური ტაძრები დაანგრიეს. მტერმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც დაატყვევა. ამის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.

ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის (ხს. 12 ნოემბერს) დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან... თოთხმეტი წლის შემდეგ პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან გაბრუნდა და თან ცხოველმყოფელი ძელიც ჩამოასვენა. მისი მიცვალების შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში.

წმიდა ფლოროსი, ამიელი ეპისკოპოსი მართლმორწმუნე მშობლების, ფლოროსისა და ეფემიას ძე იყო. წმიდანმა კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაიწყო სამსახური და პატრიციუსის ხარისხს მიაღწია. ფლოროსი დაქორწინდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ მთელი მისი ოჯახი ყვავილმა იმსხვერპლა. ნეტარი განერიდა ამსოფელს და კონსტანტინოპოლის გარეუბანს მიაშურა, სადაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა, მარტოობაში. მოგვიანებით წმიდა ფლოროსი ამიის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აირჩიეს. უფლის რჩეული ბრძნულად განაგებდა საწმყსოს და VII საუკუნის დასაწყისში მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში და სიჭაბუკეშივე ბერული ღვაწლისთვის გადადო თავი. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანის დედამ და დებმა მონასტერს მიაშურეს. ღირსი მიქაელი მღვდლად აკურთხეს. ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა. მაშინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან (ხს. 27 დეკემბერს) და თეოფილესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული ღირსი მამა იმპერატორმა თეოფილემ (829-842) ხატთა თაყვანისცემისათვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა _ წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს `გამომეტყველნი~ ეწოდათ. ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს.

ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო